Category: ახალი ამბები

  • თბილისში შურისძიების მიზნით 52 წლის პირი მოკლეს

    თბილისში შურისძიების მიზნით 52 წლის პირი მოკლეს

    თბილისში, პაატა ჯანელიძის ქუჩაზე 1965 წელს დაბადებულმა მამაკაცმა ოჯახის ახლობელს გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა და მამაკაცი დაკავებულია.

    1965 წელს დაბადებული ც.ა. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, პაატა ჯანელიძის ქუჩაზე, ოჯახის ახლობელს – 1968 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, შურისძიების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად, გ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

    სამართალდამცველებმა ც.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი“, – წერია სამინისტროს ინფორმაციაში.

    გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • თბილისის 100-ზე მეტი ქუჩა, რომელსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის 100-ზე მეტი ქუჩა, რომელსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 18 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი ამის მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

    საბურთალოს რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის  მოედანის, პეკინის  გამზირის, ვიქტორ დოლიძის, ზაურ ბოლქვაძის, კოსტავას (ნაწილობრივ), ხაზინის,  სიმონ ჩიქოვანის, გამრეკელის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, მისის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ),  აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), მიხა ხელაშვილის და ექვთიმე ხელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, შალვა ნუცუბიძის, მიხეილ ასათიანის, ზემო დელისის, ზალდასტანიშვილის, დელისის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების და ონიაშვილის  ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი

    10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, რეხის დასახლების, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, გარდაბნის სანერგე მეურნეობის, ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ხუდადოვის, თვალჭრელიძის, მახათას, ხაჩატურიანის, რეხის, მარიამ დადიანი-ანჩაბაძის, თამუნა დოლიძის, დურმიშიძის, ალავერდის, ზაქარია ჯორჯაძის, ვალერიან კანდელაკის, ნიკოლოზ აგიაშვილის, ნატო გაბუნიას, სოლომონ ყუბანეიშვილის, გურამ გაბისკირიას, ჯუმბერ ბეთაშვილის, ივერთუბნის, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, თამარ და აკაკი პაპავების, ბარაკონის, არქიმანდრიტ ილია კარტოზიას, დობროლიუბოვის, კალიუჟინის, კამალოვის, კახიანის,  კიკნაძის, გულრიფშის, ვასილ თამარაშვილის, რევაზ ურიდიას, სართანიას, ცოტნე დადიანის, ქართველიშვილის, ლადო მესხიშვილის, მიქატაძის, ქართლელიშვილის, კობალაძის, მესხიშვილის, სურგულაძის, ალილუევის, კიკნაძის, ეროსი მანჯგალაძის, რევაზ ურიდიას, ოლგა კონსკაიას, ჩხიკვაძის, მიქატაძის და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის, ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის დასახლების, პურის მოედნის, აბოვიანის, გრიგოლ ხანძთელის, ერეკლე მეორის, იერუსალიმის, კოტე აფხაზის, საიათნოვას, ვახტანგ ბერიძის, თუმანიანის, თორეთის და ლევან ღოღობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი

    10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს (ნაწილობრივ), თრიალეთის და რომანოზ ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, ჯავახეთის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი

    11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარალეთის და ლიბანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი

    10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის  I კვარტლის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ჯორჯ ბალანჩინის და ეთერ ბოცვაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

  • გამოძიების დასკვნამდე უფლება არ მაქვს დავადანაშაულო სხვა ქვეყანა – ზურაბიშვილი გაბუნიაზე

    გამოძიების დასკვნამდე უფლება არ მაქვს დავადანაშაულო სხვა ქვეყანა – ზურაბიშვილი გაბუნიაზე

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კადიროვის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. მისივე თქმით, უფლება არ აქვს, გამოძიების დასრულებამდე სხვა ქვეყანა დაადანაშაულოს.

    ,,კადიროვის განცხადებებზე ნამდვილად არ გავაკეთებ კომენტარებს. პირველ რიგში, მადლიერი ვარ იმისთვის რაც გაკეთდა, ჟურნალისტის უსაფრთხოება იქნა დაცული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სტაბილურობა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი სათანადოდ იქნება გამოძიებული. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, არანაირი უფლება არ მაქვს დავადანაშაულო სხვა ქვეყანა, სანამ არ გვეცოდინება გამოძიების დასკვნით რა მოხდა და როგორ მოხდა, აქ რომ ძალიან ბევრი საეჭვო კითხვებია, ამაში ყველა ვთანხმდებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

    ცნობისთვის, რამზან კადიროვმა უარყო, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ორგანიზებას უწევდა და ქართველ ჟურნალისტს კიდევ ერთხელ დაექმურა. მან გაბუნიას მოუწოდა, მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს. 

    15 ივნისს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მისი თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

    გვარამიას თქმით, საქართველოში დაქირავებული მკვლელი კადიროვმა გაბუნიას მიერ პუტინის გინების გამო გამოგზავნა.

     

  • აბსურდულია ბრალდება, რომ ჟურნალისტის მკვლელობის შესაძლო მცდელობის უკან რუსეთი დგას – პესკოვი

    რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი მთავარი არხის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის მცდელობას ეხმიანება და ამბობს, რომ რუსეთი ამ საქმის უკან არ დგას.

    მისი განცხადებით, რუსეთზე ბრალდებები აბსურდულია.

    „ ერთ რამეს გეტყვით. გახსოვთ, დასაწყისშივე ისმოდა ბრალდება, რომ თითქმის რუსეთის ხელისუფლებაა ოფიციალურად ამ დანაშაულთან კავშირში. თავიდანვე ვამბობდით, რომ ნებისმიერი სახის ბრალდება აბსურდულია და სიმართლეს არ შეესაბამება”, – აცხადებს დიმიტრი პესკოვი.

    ბრალდება უარყო რამზან კადიროვმაც და გიორგი გაბუნიას კიდევ ერთხელ დაექმურა. მან ქართველ ჟურნალისტს მოუწოდა, მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს. 

    შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მისი თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

    გვარამიას თქმით, საქართველოში დაქირავებული მკვლელი კადიროვმა გაბუნიას მიერ პუტინის გინების გამო გამოგზავნა.

     

  • რა შემთხვევაში იყენებენ პაციენტებთან დექსამეტაზონს ქართველი ექიმები – ცერცვაძის განმარტება

    რა შემთხვევაში იყენებენ პაციენტებთან დექსამეტაზონს ქართველი ექიმები – ცერცვაძის განმარტება

    ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე პრეპარატ დექსამეტაზონზე გამოქვეყნებულ კვლევებს ეხმიანება და ამბობს, რომ პირველადი შედეგები “დიდებულია”.

    მან IPN-ს უთხრა, რომ ამ პრეპარატს საქართველოშიც იყენებენ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში.

    “რა თქმა უნდა, ჩვენც ვიყენებთ პრეპარატ “დექსამეტაზონს” კოვიდიან პაციენტებში. კოვიდ 19-ით ავადმყოფებში, ვირუსის ზეგავლენით გამოთავისუფლდება მთელი რიგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ე.წ. ციტოკინები და ციტოკინების გამოთავისუფლება დიდი რაოდენობით, თავიდან დაცვის როლს თამაშობს, თუმცა, შემდეგ, როცა ჭარბი რაოდენობით გამოიყოფა, შეიძლება იმუშაოს ორგანიზმის წინააღმდეგ. “დექსამეტაზონი” ამ ციტოკინურ შტორმს ანუ ანთების მედიატორების, ძლიერი ანთებითი რეაქციის გამომწვევი ციტოკინების გამოყოფას ამცირებს. მაგრამ ამისთვის არსებობს გაცილებით ეფექტური მეთოდები სხვა – ტოცილიზუმაბი, არის ასევე, სპეციალური ფილტრები… ეს მეთოდები უპირატესია, უფრო ეფექტურია, ჩვენ მათ ვიყენებთ. მაგალითად, რამდენიმე ავადმყოფი რომლის შემთხვევაც შესაძლოა ლეტალურად დასრულებულიყო, გადავარჩინეთ, ამ მეთოდებით”, – ამბობს ცერცვაძე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ დექსამეტაზონს მაშინ იყენებენ, როცა უფრო ეფექტურ მეთოდებს უკუჩვენებები აქვს და ძვირია. დექსამეტაზონი კი იაფი პრეპარატია.

    “დექსამეტაზონი” გამოიყენება მაშინ, როცა იმ მეთოდებს ვერ ვიყენებთ რაღაცის გამო: 1. აქვს უკუჩვენებები და 2. ძვირია. ამ დროს ვიყენებთ “დექსამეტაზონს”. ეს არის იაფი ალტერნატიული გამოსავალი, რომელიც ისე ეფექტური არ არის, როგორც ისინი, მაგრამ ნაწილობრივ ეფექტურია, ამცირებს ანთების გამომწვევი ციტოკინების რაოდენობას, იოლი გამოსაყენებელია. ისინი რთული გამოსაყენებელია და ძვირია. თუმცა, ამასაც აქვს უარყოფითი შედეგები და დიაბეტით ავადმყოფებში ვერ გამოიყენებ. დიაბეტს აუარებს. თუ პაციენტს დიაბეტი არ აქვს ან მსუბუქი ფორმა აქვს, მაშინ შეიძლება “დექსამეტაზონის” გამოყენება,”- განაცხადა ცერცვაძემ.

    ცნობისთვის,  დექსომეტაზონს კორონავირუსით სერიოზულად დაავადებული პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის უნარი აღმოაჩნდა. ბრიტანელი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სტეროიდების დაბალი დოზებით მკურნალობა კორონავირუსთან ბრძოლაში დიდი გარღვევაა.

    მან მესამედით შეამცირა იმ პაციენტების სიკვდილიანობის რიცხვი, ვინც ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე არიან შეერთებული. მათში  კი, ვისაც ჟანგბადი ხელოვნური გზით მიეწოდებათ სიკვდილიანობა ხუთჯერ შეამცირა.

  • #სირცხვილია უწყებებს მოუწოდებს, ტერიტორიის მოსაწყობად 20 ივნისს გზა 17:00 საათზე გადაკეტონ

    მოძრაობა სირცხვილია შინაგან საქმეთა სამინისტროს და მერიას მოუწოდებს, 20 ივნისის , აქციამდე 2 საათით ადრე, 17:00 საათიდან რუსთაველის გამზირი გადაკეტონ, რათა ტერიტორიის მოწყობა შეძლონ. მათი განცხადებით, ადგილზე უნდა მოეწყოს დისტანცირების ნიშნულები და სხვა ზომები, რისი საშუალებითაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს დაიცავენ.

    “აქციის ჩატარებას ვგეგმავთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, დისტანცირებით.

    იმისთვის, რომ რუსთაველის გამზირი წინასწარ მოვამზადოთ შეკრებისთვის, უზრუნველვყოთ უსაფრთხოების ნორმები და გავაკეთოთ დისტანცირებისთვის საჭირო ნიშნულები, ტერიტორია მოვაწყოთ აუცილებელი ინვენტარით და გავმართოთ ხმის სისტემა, საჭიროა სამანქანო მოძრაობა შეიზღუდოს 17:00 საათიდან.

    გზის გადაკეტვის წინასწარი საჭიროების გამო, ჩვენ უკვე მივმართეთ თბილისის მერიას განცხადებით, გაითვალისწინონ საზოგადოების ინტერესი და ხელი შეუწყონ მოქალაქეების უფლებების – შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციას, ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის პარალელურად.

    მოძრაობა სირცხვილია მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს (თბილისის მერია, შსს) უზრუნველყონ სამანქანო მოძრაობის შეზღუდვა რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს, 17:00 საათიდან, რაც საშუალებას მოგვცემს, დაგეგმილი აქცია ჩავატაროთ ჯანმოს ყველა რეკომენდაციის დაცვით. ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ვთხოვთ, გაუწიოს მეთვალყურეობა აღნიშნულ პროცესს და მოუწოდოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს მოქალაქეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე”, – წერს მოძრაობა.

    #სირცხვილია გავრილოვის ღამიდან 1 წლის თავზე რუსთაველზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. 2019 წლის 20 ივნისს საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ ძალადობრივად დაშალა, დაშავდა ათობით ადამიანი, რამდენიმემ კი თვალი დაკარგა. ხელისუფლების ამ ქმედებას ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი პროტესტი მოჰყვა.

  • სალომე ზურაბიშვილი ქაჯეთის ციხეს ესტუმრა

    სალომე ზურაბიშვილი ქაჯეთის ციხეს ესტუმრა

    საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით მოგზაურობს. ის ამჯერად აჭარაში ჩავიდა და ციხისძირში მდებარე ქაჯეთის ციხე დაათვალიერა.

    ზურაბიშვილმა ქაჯეთის ციხის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მოქალაქეებს მოუწოდა, იმოგზაურონ საქართველოში.

    საქართველოს პრეზიდენტი შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად საქართველოს რეგიონებში 15 ივნისიდან მოგზაურობს.

    https://www.facebook.com/salome.zourabichvili/posts/10158212239767707

  • მაშველებმა მდ. მტკვრიდან 2 ბავშვი ამოიყვანეს, ერთ-ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა

    უბედური შემთდხვევა ფონიჭალასთან, მდინარე მტკვრარიდან 2 ბავშვი ამოიყვანეს რომელთაგან ერთ-ერთის 6 წლის მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბავშვი დედასთან ერთად იმყოფებოდა.  მეორე მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი.

  • მათი გუნდის განცხადებები ქვეყნის შიგნით ოპონენტების წინააღმდეგ თითის გაშვერა იყო, არც ერთ მათგანს პუტინის რეჟიმი არ უხსენებია – ბოკერია ხელისუფლებას

    მათი გუნდის განცხადებები ქვეყნის შიგნით ოპონენტების წინააღმდეგ თითის გაშვერა იყო, არც ერთ მათგანს პუტინის რეჟიმი არ უხსენებია – ბოკერია ხელისუფლებას

    „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაცის თაობაზე მმართველი გუნდის განცხადებები ქვეყნის შიგნით ოპონენტების წინააღმდეგ თითის გაშვერა იყო. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, არც ერთ მათგანს პუტინის რეჟიმი არ უხსენებია და ფაქტი არ დაუგმია, რაც რისკებს ზრდის.

    „ჩვენთვის, მთელი საზოგადოებისთვის რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ტერაქტი იგეგმებოდა. ეს ინფორმაცია დაადასტურა სუს-მა. ჩვენ მედიის საშუალებით გავიგეთ სხვა მონაცემებიც, კერძოდ, პრაქტიკულად დადასტურებულია, ოღონდ მტკიცებულებები არ გვაქვს, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის სპეცსამსახური დაგვეხმარა, დადასტურებულია ადამიანის გვარი და შესაძლო „ლინკი“ მისი პუტინის რეჟიმის წარმომადგენლებთან, კერძოდ, კადიროვთან. ეს არის უმძიმესი რამ. კარგია, რომ ამ ტიპის დაკავება მეგობარი ქვეყნის სპეცსამსახურის საშუალებით მოხდა, მაგრამ ჩვენთვის ყველასთვის საგანგაშოა ის რეაქცია, რაც ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მოვისმინეთ. ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის, პრემიერის, მათი სპიკერების, გუნდის განცხადებები და ყველა ეს განცხადება იყო თითის გაშვერა ქვეყნის შიგნით ოპონენტების წინააღმდეგ. არც ერთ მათგანს არ უხსენებია პუტინის რეჟიმი და რუსეთის ფედერაცია. თუ ისეთი ვითარებაა, რომ ჯერ გამოძიება გრძელდება და ხელისუფლებისთვის შესაფერისი მომენტი არ არის თქვას, რომ ჩართული იყვნენ პუტინის რეჟიმის წარმომადგენლები, კადიროვი ან ვინმე სხვა, მაშინ რატომ აკეთებენ განცხადებებს ოპონენტების წინააღმდეგ? გამოძიება არ დასრულებულა და ის, რაც ზედაპირზე დევს, გაბუნიას ინციდენტის დროს კადროვის მუქარის შემდეგ, რომელიც მან ახლა გაიმეორა, როგორ შეიძლება არსებობდეს საფუძველი ოპონენტების წინააღმდეგ. თუკი იმის უფლებას არ აძლევენ თავს, რომ რაზეც გვაქვს მართლაც ლეგიტიმურ ეჭვი, მინიმუმ რუსეთზე და პუტინის ხელისუფლებაზე, იმაზე არ აკეთებენ განცხადებას, რით შეიძლება აიხსნას ნორმალური ხელისუფლების მხრიდან ასეთი სამარცხვინო ნაბიჯები. ვიმეორებ, აქ ოპოზიციის რეპუტაცია კი არ არის მთავარი პრობლემა, აქ არის რისკები მთელი ქვეყნისთვის და ყველა ჩვენი მოქალაქისთვის“,-განაცხადა ბოკერიამ.

    მისი შეფასებით, ასეთ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება რუსეთზე და პუტინის რეჟიმზე ღიად არ საუბრობს და საერთაშორისო საზოგადოებას არ ატყობინებს, ეს ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის რისკებს ზრდის.

    „ეს მომავალში ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, პოლიტიკოსისთვის, მედიის წარმომადგენლისთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის რისკებს ზრდის, რომ პუტინის რეჟიმი კვლავ წავა ისეთ რისკზე, ტერაქტი ჩაიდიოს ჩვენს ქვეყანაში“,-განაცხადა ბოკერიამ.

    „ევროპული საქართველოს“ ლიდერის თქმით, ყველა ნორმალური ხელისუფლება ასეთ ვითარებაში მტერს პოლიტიკურ და საერთაშორისო საფასურს გადაახდევინებდა.

    „აქ არ არის საუბარი, ვინ არის ხელისუფლებაში და ვინ – ოპოზიციაში. როცა მტრული სახელმწიფო შენს ტერიტორიაზე დიდი ალბათობით, ტერაქტს გეგმავს, როცა ამ სახელმწიფოს ლიდერები პირდაპირ ემუქრებიან შენს მოქალაქეს, ყველა ნორმალური ხელისუფლება ამ დროს ფასს ახდევინებს მტერს- პოლიტიკურსა და საერთაშორისოს. ეს არის ჩვენი შემაკავებელი ფაქტორი. ამის მაგივრად გვესმის გზავნილები, რომელიც ეხმარება საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილ სახელმწიფოსა და ოკუპანტს, რომ შემდგომში ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს“,-განაცხადა ბოკერიამ.

    ცნობისთვის, ტელეკომპანია “მთავარის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

  • “ჩემ სახელს და გვარს ნურსად ნუ დაასახელებენ. მე თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას სად დავდგე და სად არა“–ელისაშვილი მაჟორიტარებთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე

    “ჩემ სახელს და გვარს ნურსად ნუ დაასახელებენ. მე თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას სად დავდგე და სად არა“–ელისაშვილი მაჟორიტარებთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე

    სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი თბილისში ოპოზიციას შორის მაჟორიტარობის კანდიდატების შეთანხმებაზე პირველ კომენტარს აკეთებს. მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ თქვა, რომ თბილისში ორ ოლქში დააყენებს კანდიდატურას, დანარჩენებს კი ოპოზიციას უთმობს, ამ თემაზე ოპოზიციას შორის კონსულტაციები დაიწყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეთანხმებულ კანდიდატებს ოპოზიცია ოც ივნისამდე დაასაელებს. ამ შეთანხმების ნაწილად ელისაშვილის კანდიდატურაც მოიაზრებოდა. ელისაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ ამ შეთანხმებაში მონაწილეობის აუცილებლობას ვერ ხედავს:

    “მოკლედ, მეგობრებო თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით არ ვიცი ვინ რაზე შეთანხმდა. ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის პოზიცია ასეთია:

    1. სანამ პარლამენტს არ დაუმტკიცებია 120/30 პრინციპი, მანამდე თბილისის მაჟორიტარების პრეზენტაცია ძალიან არასერიოზულია. ვინმეს აქვს გარანტია რომ დიმიტრი ხუნდაძე ისევ არ “აჯანყდება” და ისევ ამ ჩააგდებენ ამ საკითხს? ასე რომ ოპოზიცია ძალიან კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამდენად სად ჩქარობს ოპოზიცია ვერ ვხვდებით.

    2. თბილისის მაჟორიტარებზე თუ იქნებოდა შეთანხმება უნდა ყოფილიყო ყველას შეთანხმება და არა ცალკეული პარტიების. ყველა ამ შეთანხმების მონაწილე არაა როგორც ვხედავთ, ასე რომ ჩვენც ვერ ვხედავთ მონაწილეობის აუცილებლობას.

    3. ჩემ სახელს და გვარს ნურსად ნუ დაასახელებენ. მე თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას სად დავდგე და სად არა.“– წერს ელისაშვილი.