Category: ახალი ამბები

  • “ქართულმა ოცნებამ” გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოს – მაიკლ კარპენტერი

    აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი თავდაცვის საკითხებში, მაიკლ კარპენტერი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს გიორგი რურუა. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.

    “ქართულმა ოცნებამ აჩვენა აღმაფრთოვანებელი მზადყოფნა კომპრომისისთვის და ახლა მან უნდა გაათავისუფლოს ოპოზიციის ლიდერი გიორგი რურუა და გაიროს საკონსტიტუციო რეფორმა. ქართული დემოკრატია ძლიერია და სარგებელს მიიღებს ოქტომბრის კონკურენტუნარიანი არჩევნებით”,- წერს კარპენტერი.

    https://twitter.com/mikercarpenter/status/1273277323496894464?s=20


    შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას იმ 3 პოლიტპატიმარს შორის იყო, რომელიც 8 მარტის შეთანხმების შედეგად, ოპოზიციის თქმით, უნდა გათავისუფლებულიყო. თუმცა ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლების მიუხედავად, ის კვლავ ციხეში რჩება.

    რურუა ბრალს არ აღიარებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ოპოზიცია კი ამბობს, რომ სანამ სრულად არ შესრულდება 8 მარტის შეთანხმება, ანუ გათავისუფლდება მე-3 პოლიტპატიმარი, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

     

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და შემთხვევების რაოდენობა 893-მდე გაიზარდა. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    ქვეყანაში კორონავირუსისგან 731 ადამიანია გამოჯანმრთელებული. კარანტინის რეჟიმში რჩება 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267 პირი.

    საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

  • სუს-ის ინფორმაციით მოსკოვის გამზირზე საგამოძიებო ღონისძიებები ვასამბეგ ბოკოვის საქმეს არ უკავშირდებოდა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თბილისში, მოსკოვის გამზირზე საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ეს ვასამბეგ ბოკოვის საქმეს არ უკავშირდებოდა. სუსის ინფორმაციით მათ ადგილზე არავინ დაუკავებიათ.  საგამოძოებო მოქმედებებთან დაკავშირებით დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

    ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გაავრცელა. მათი ინფორმაციით დააკავეს ერთი პირი და ეს სპეცოპერაცია  რამდენიმე დღის წინ ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საქმეს უკავშირდებოდა. მათვე გაავრცელეს პირველად ინფორმაცია შენობაში მიმდინარე ჩხრეკისა და ადგილზე კინოლოგების მუშაობის შესახებ.

  • თბილისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სავარაუდოდ ის გაბუნიას საქმეზე დაკავებულს უკავშირდება

    თბილისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სავარაუდოდ ის გაბუნიას საქმეზე დაკავებულს უკავშირდება

    პირველი არხის ინფორმაციით თბილისში, მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. დაკავებულია  ერთი პირი.

    სპეცოპერაცია რამდენიმე დღის წინ ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საქმეს უკავშირდება. პირველი არხის ინფორმაციით ერთ-ერთ შენობაში ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს. ადგილზე კინოლოგები მუშაობენ.

    განახლება:

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თბილისში, მოსკოვის გამზირზე საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ეს ვასამბეგ ბოკოვის საქმეს არ უკავშირდებოდა. სუსის ინფორმაციით მათ ადგილზე არავინ დაუკავებიათ.  საგამოძოებო მოქმედებებთან დაკავშირებით დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

  • შეშფოთებულები ვართ, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია – დონალდ ტუსკი

    ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მისი პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება სრულად და გაათავისუფლონ გიორგი რურუა.

    “ევროპის სახალხო პარტია მიესალმება საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ რვა მარტის შეთანხმებას, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს პოლარიზაციის შესამცირებლად. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია. ხელისუფლებას რვა მარტის შეთანხმების სრული შესრულებისკენ და რურუას გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ”, – წერს ტუსკი ტვიტერზე.

  • ოპოზიციის ინტერესებში შედიოდა მოვლენების განვითარება, რაც არასტაბილურობას გამოიწვევდა – კობახიძე გაბუნიას საქმეზე

    ოპოზიციის ინტერესებში შედიოდა მოვლენების განვითარება, რაც არასტაბილურობას გამოიწვევდა – კობახიძე გაბუნიას საქმეზე

    უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დესტაბილიზაციის სურვილში რუსეთისა და ოპოზიციის ინტერესები ემთხვევა, ამიტომ ოპოზიციას გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით აწყობდა მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც დესტაბილიზაციას გამოიწვევდა.

    “თქვენ წარმოიდგინეთ თუნდაც წარუმატებელი მცდელობა ასეთი რამის, საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე, ბუნებრივია ეს იქნებოდა წამახალისებელი ფაქტორი არასტაბილურობისთვის. ოპოზიცია ყოველთვის ეძებს წყაროს დესტაბილიზაციისთვის, ეს არის მათი საერთო სულისკვეთება. ამიტომ მათ ინტერესებში შედიოდა ნებისმიერი ისეთი განვითარება მოვლენების, რომელიც არასტაბილურობას გამოიწვევდა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე, გამოძიება რასაც დაადგენს, იმის მიხედვით უნდა გავაკეთოთ ჩვენ განცხადებები”,- თქვა კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

    მისივე თქმით, ხელისუფლება პირდაპირ არავისზე მიანიშნებს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ მყოფ სუბიექტებზე.

    “ჩვენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ყველაფერს გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება და არ გვაქვს უფლება ნებისმიერი განცხადება გავაკეთოთ პასუხისმგებლობის გარეშე. ბუნებრივია, ნებისმიერი პირდაპირი მინიშნება და პირდაპირ ბრალის წაყენება ვინმესთვის არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ნაბიჯი, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ ვერც გარე და ვერც შიდა სუბიექტის მიმართ. მთავარია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და იმედი გვაქვს, რომ კონკრეტულ შედეგზე გავა საქმე“, – განაცხადა კობახიძემ.

    “რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს რამზან კადიროვი არ გააღიზიანოს, რის გამოც ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ოპონენტებზე ხელს იშვერს, რაც უზნეობაა.

    მისივე თქმით, ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნის მოქალაქის სიცოცხლეზე წინ არ უნდა დააყენოს ქვეყნის მტრების შიში და კრძალვა.

  • ხელისუფლება ოკუპანტი ქვეყნის ინტერესის დამცველია – ხაზარაძე

    ხელისუფლება ოკუპანტი ქვეყნის ინტერესის დამცველია – ხაზარაძე

    “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტი ქვეყნის ინტერესის დამცველია.

    მისი თქმით, ხელისუფლება ოკუპანტი ქვეყნის მუქარას ვერ პასუხობს და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

    “ხელისუფლება, რომელიც ვერ იცავს თავის მოქალაქეს, ვერ პასუხობს ქართველებისთვის ღირსების დამამცირებელ პირდაპირ მუქარას ოკუპანტი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლისგან, ოკუპანტი ქვეყნის გეგმების გამტარებელი და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედია. სახელმწიფოს ღირსება, როლი და მნიშვნელობა სწორედ მისი მოქალაქეების ღირსების, უსაფრთხოების და უფლებების დაცვით იზომება!”, – ამბობს ხაზარაძე.

    ცნობისთვის, რამზან კადიროვის მუქარასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ამაზე კომენტარს არ გააკეთებს, რადგან უფლება არ აქვს სხვა ქვეყანა დაადანაშაულოს. 

    პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, დანაშაული აღკვეთილია, თუმცა ყველა შეეცდება, ამ საკითხის თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას.

    შეგახსენებთ, რომ რამზან კადიროვი გიორგი გაბუნიას გუშინ კიდევ ერთხელ დაემუქრა და მოუწოდა, დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს.

  • პუტინი კი არა, კადიროვი არ გავაღიზიანოთო, ამ დონეზეა დაშვებული ხელისუფლება – ზურაბიშვილი

    პუტინი კი არა, კადიროვი არ გავაღიზიანოთო, ამ დონეზეა დაშვებული ხელისუფლება – ზურაბიშვილი

    „რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს რამზან კადიროვი არ გააღიზიანოს, რის გამოც ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ოპონენტებზე ხელს იშვერს, რაც უზნეობაა.

    ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნის მოქალაქის სიცოცხლეზე წინ არ უნდა დააყენოს ქვეყნის მტრების შიში და კრძალვა.

    „ოდნავი თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს ხელისუფლებას, სახელმწიფოებრიობის გაგება, შეუძლებელია ამ ფაქტის თაობაზე რაღაც დონეზე პოლიტიკური პროტესტი რუსეთის მიმართ არ გამოეთქვა. პუტინი კი არა, კადიროვი არ გავაღიზიანოთო, ლამის ამ დონეზეა ხელისუფლება დაშვებული. ასე ლაპარაკობს პრეზიდენტით დაწყებული დეპუტატებით გაგრძელებული. ამის გარდა, კიდევ არის ხელის გაშვერა პოლიტიკურ ოპონენტებზე შიგნით. იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომლის მხარდამჭერადაც მოიაზრება ის ჟურნალისტი, რომელზეც აპირებდნენ თავდასხმასა და მკვლელობას. უბრალოდ აბსურდით არ ჰქვია, სიგიჟეში ვართ.

    ამას ამორალიზმი ჰქვია და უზნეობა, ეს ყველანაირ მორალურ ზღვარს სცდება, როდესაც შენ პუტინის, კადიროვის სხვა ქვეყნის მტრების ინტერესებს, მათ წინაშე რიდს, კრძალვას, შიშს, გნებავთ პოლიტიკურ გათვლას აყენებ უფრო წინ, ვიდრე შენი ქვეყნის მოქალაქეს, თუნდაც შენი პოლიტიკური ოპონენტის სიცოცხლეს. ამაზე უარესი რა უნდა ქნა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

    ცნობისთვის, რამზან კადიროვის მუქარასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ამაზე კომენტარს არ გააკეთებს, რადგან უფლება არ აქვს სხვა ქვეყანა დაადანაშაულოს. 

    პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, დანაშაული აღკვეთილია, თუმცა ყველა შეეცდება, ამ საკითხის თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას.

    შეგახსენებთ, რომ რამზან კადიროვი გიორგი გაბუნიას გუშინ კიდევ ერთხელ დაემუქრა და მოუწოდა, დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს.

  • რამე თუ დამემართა, არ ნიშნავს, რომ ვისგანაც მუქარა მოდის, მაინცდამაინც იმის ბრალია – ჯაღმაიძე

    რამე თუ დამემართა, არ ნიშნავს, რომ ვისგანაც მუქარა მოდის, მაინცდამაინც იმის ბრალია – ჯაღმაიძე

    საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადების მცდელობის საქმის შესახებ ტვ პირველზე ისაუბრა.

    გიორგი გაბუნიას მიმართ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მუქარის შესახებ დასმულ შეკითხვას, „მისი მუქარა არ მიგითითებთ, რომ სწორედ, რუსეთის ფედერაციიდან მოდის ეს საფრთხე?“ დეკანოზი პასუხობს: „რა ჩემი კომპეტენცია არის ასეთი დასკვნების გაკეთება, თუმცა გეტყვით, რომ ჩემ მიმართ ყოფილა ძალიან ბევრი მუქარა, დევს ეს ღია სივრცეში, მაგრამ მე თუ რამე დამემართება, ეს არ ნიშნავს, რომ ვისგანაც მოდიოდა ეს მუქარა, მაინცდამაინც იმის ბრალია“.

    მისივე თქმით, წინასწარი დასკვნის გაკეთებისგან თავს შეიკავებს.

    „როდესაც ამ საქმის დეტალები უცნობია, როგორ უნდა გავაკეთოთ რაიმე დასკვნა წინასწარ. თუ რეალურად ამ საფრთხის შემცველი იყო ეს მოვლენა და ეს აღკვეთილი არის ახლა, ძალიან კარგია და მისალოცია ყველასთვის, რომ არ მოხდა რაღაც უბედურება. სხვა შემთხვევაში, იმისთვის, რომ შეფასება გაკეთდეს, უნდა უტყუარი გამოძიების დასკვნები დაიდოს ალბათ“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

    ამ კომენტარს გამოეხმაურა თეოლოგი ბასილ კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ საპატრიარქომ დაიჩოქა. 

    “კადიროვმა დაიჩოქოს გაბუნიამო და საპატრიარქომ დაიჩოქა. რამე კი არა, უბრალოდ ინსტიქტურად, ეგ მაგათი ბუნებრივი პოზაა უფროსი მართლმადიდებელი ძმების მიმართ”,- წერს კობახიძე.

    შეგახსენებთ, რომ რამზან კადიროვი გიორგი გაბუნიას გუშინ კიდევ ერთხელ დაემუქრა და მოუწოდა, დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს.

    “გიორგი გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს. მან შეურაცხყოფა მიაყენა არა ერთ ადამიანს, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქეს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები ამ ადამიანის აღსაზრდელად. პირადად ამ ადამიანს კი მოვუწოდებ, სწორი დასკვნები გამოიტანოს და გონს მოვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩემი პირადი მტერი გახდება“, – განაცხადა კადიროვმა.

  • ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

    როგორც ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ოდიშარიამ განაცხადა, ვირუსი ასაკოვან მამაკაცს დაუდასტურდა.

    მისივე ცნობით, მამაკაცი საქართველოში ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან შემოვიდა.