Category: ახალი ამბები

  • “ბარათებიდან აჭრიდნენ დიდი ოდენობით თანხებს” – საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა

    საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა, რის შედეგადაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

    მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მოქმედი 6 სასტუმროს ხელმძღვანელობითი და მმართველობითი უფლებამოსილების მქონე პირები, სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ბრალდებულებთან გ.კ. და კ.ა.-სთან და დანაშაულებრივი ჯგუფის საზღვარგარეთ მყოფ სხვა წევრებთან.

    „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ე.კ.-მ, ლ.გ.-მ, გ.გ.-მ, ვ.ნ.-მ, შ.ი.-მ, და ლ.დ.-მ, მათივე მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული კომპანიების სახელზე, რომლებიც სასტუმრო მომსახურებას ეწეოდნენ, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში გახსნეს საბანკო ანგარიშები და პოს ტერმინალისა და „ჯეო ფეის“ საგადახდო სისტემის მომხმარებლებად დარეგისტრირდნენ.

    აღნიშნულით, მათ მიეცათ შესაძლებლობა პოს ტერმინალში და „ჯეო ფეის“ გადახდის სისტემაში, სხვადასხვა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების საბანკო ბარათების მონაცემების შეყვანის გზით, ბარათებიდან ჩამოეჭრათ თანხა და გადაეტანათ მათთვის სასურველ საბანკო ანგარიშებზე.

    ბრალდებულები მათ მფლობელობაში არსებული სასტუმროების ნომრებს არარსებული მომხმარებლების სახელით ჯავშნიდნენ სასტუმროს ნომრების დისტანციურად დაჯავშნის სერვისის მომწოდებელი პოპულარული ვებგვერდების მეშვეობით. დაჯავშნილი ნომრების მათ მიერვე ხელოვნურად გაზრდილი ღირებულების გადახდისას, ბრალდებულებს, პოს ტერმინალში და ,,ჯეო ფეის“ საგადახდო სისტემაში შეჰყავდათ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების უკანონოდ მოპოვებული საბანკო ბარათების მონაცემები და ამ გზით ბარათებიდან აჭრიდნენ დიდი ოდენობით თანხებს.

    საბანკო ანგარიშებიდან განაღდების შემდგომ კი, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხები, წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად, ნაწილდებოდა საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სხვა სახელმწიფოში მყოფ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის.

    ზემოაღნიშნული ქმედებით, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებსა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს 687 321 ლარის და 60 400 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი მიადგათ.

    2020 წლის 16-17 ივნისს ე.კ-ს, ლ.გ-ს, გ.გ-ს, ვ.ნ-ს, შ.ი-ს, ლ.დ-ს, გ.კ-ს, და კ.ა-ს, წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • გერმანიის ფედერალური პროკურატურა საქართველოს მთავრობას პრორუსულს უწოდებს

    გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის, იგივე თორნიკე ქავთარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარუდგინა. პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ ეჭვმიტანილმა ბოროტმოქმედება რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით ჩაიდინა და მას ბრალი ედება მკვლელობასა და იარაღის შესახებ კანონის დარღვევაში.

    განცხადებაში ასევე საუბარია მკვლელობის გარემოებებზე, მათ შორის ხანგოშვილის ურთიერთობებზე რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებასთან. პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებას პრორუსულს უწოდებს.

    „შეკვეთილი მკვლელობის უკან იდგა მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის მთავრობასთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და ასევე საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან,“- ვკითხულობთ დოკუმენტში.

    გარდა ამისა, ტექსტში წერია, რომ ხანგოშვილი რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩენი სეპარატისტების მხარეს, 2008 წელს კი საქართველოში მეომრები შეკრიბა რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად სამხრეთ ოსეთში.

    ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულს  რუსული პასპორტი აღმოაჩნდა.

  • ალეკო ელისაშვილმა, ანა დოლიძემ, ლევან კობერიძემ და ლევან იოსელიანმა ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს

    სამოქალაქო მოძრაობის ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ერთობლივი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს.მემორანდუმს ხელი მათ დღეს, 18 ივნისს მოაწერეს. ისინი საერთო პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავენ.

    როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, ანა დოლიძეს  სამოქალაქო მოძრაობა ხალხისთვის დაფუძნებ მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან შეუთავსებელია. ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით,რომ ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობიდან, მას კანონი უკვე დარღვეული აქვს.

  • ნათელაშვილის ფანჩატურში რომ იკრიბებიან, რა გაუკეთებია ამ ხალხს ქვეყნისთვის? – ოხანაშვილი

    ნათელაშვილის ფანჩატურში რომ იკრიბებიან, რა გაუკეთებია ამ ხალხს ქვეყნისთვის? – ოხანაშვილი

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ლეიბორისტების ოფისში შეკრებილი ოპოზიციის მხრიდან საქართველოს განვითარებაზე ზრუნვა საზოგადოებისთვის ცინიკურია.

    „ნათელაშვილის ფანჩატურში რომ იკრიბებიან ოქრუაშვილი, ვაშაძე, ბიუჯეტის ქურდი, გაურკვეველი ანტიდასავლური ორიენტაციის მქონე პირები, ჩხეიძე, ბესელია და ნათელაშვილი – რა გაუკეთებია ამ ხალხს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის ისეთი, რომ ახლა რამეზე შეთანხმდნენ და მაჭუტაძე-ოქრუაშვილმა-ბურჯანაძე- ბოკერიამ ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებაზე იზრუნონ? ეს ხომ არასერიოზული და ცინიკურია საზოგადოებისთვის. ამიტომ ხშირად უნდა გამოჩნდნენ ეს ადამიანები, რომ ჩვენმა საზოგადოებამ დაინახოს, რა ჯგუფებთან გვაქვს საქმე და ღირსეული არჩევანი გააკეთონ არჩევნებზე,”- განაცხადა ოხანაშვილმა.

    უმრავლესობის წევრი გამოეხმაურა ვანო მერაბიშვილის შესაძლო მაჟორიტარობის კანდიდატობას ახალციხეში და თქვა, რომ ამას მიესალმება.

    „რაც მეტი ვანო მერაბაშვილი იქნება მაჟორიტარად, მით უფრო კარგი, რომ გამოუტანოს განაჩენი მას და მისნაირი კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებს ჩვენმა საზოგადოებამ. ამ ადამიანების მიმართ ბევრჯერ იქნება გამოტანილი პოლიტიკური განაჩენი, რომ დაუშვებელია ამ ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარებაც კი”,- თქვა ოხანაშვილმა.

  • გახარიას სიტყვით გამოსვლის დროს ჯანდაცვის სამინისტროს რობოტი წაიქცა (ვიდეო)

    დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რობოტი “პეპერი” წარადგინა, რომელიც, მინისტრის თქმით, ახლა სწავლობს ქართულს და სამომავლოდ კოვიდის დამარცხებაში დაეხმარებათ.

    გახარიას სიტყვის გამოსვლისას, მოულოდნელად რობოტი სცენიდან დაიძრა და გადავარდა.

    “აი, გადარჩა, რაღაც არ მოეწონა ალბათ იქიდან, რაც მე ვთქვი”,- თქვა გახარიამ რობოტის წაქცევის შემდეგ.

    ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება:

    https://www.facebook.com/seduceyoutwice/videos/10223384981719357/

     

  • ქვეყნის გარე და შიდა მტრებს სპეკულირების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ – გახარია გაბუნიას საქმეზე

    ქვეყნის გარე და შიდა მტრებს სპეკულირების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ – გახარია გაბუნიას საქმეზე

    საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, გიორგი გაბუნიას საქმეზე უწყებამ დროულად უნდა გასცეს პასუხი, რათა ეს ამბავი “ქვეყნის გარეთ და შიგნით არსებულმა მტრებმა” პოლიტიკური ინტერესებისთვის არ გამოიყენონ.

    მისივე თქმით, სამართალდამცავი სისტემის პასუხისმგებლობაა, რომ კონკრეტულ ადამიანს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს.

    “რამდენიმე რამეა მნიშვნელოვანი და მინდა ასე ჩამოვთვალოთ ყველაფერი. პირველი — საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ, კონკრეტულმა უწყებამ აღკვეთა მძიმე დანაშაული, ეს ფაქტია. მეორე — საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტს არაფერი არ დაემუქროს. ეს მათი პასუხისმგებლობაა. ეს ყველაფერთან ერთად არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის და უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელი.

    მესამე — კონკრეტულმა უწყებამ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ უსწრაფეს ვადებში უნდა გამოიძიოს ეს ყველაფერი და საზოგადოებას მისცეს აბსოლუტურად გამჭვირვალე პასუხი. იმითვის, რომ ქვეყნის მტრებმა არც ქვეყნის გარეთ, როგორც თქვენ ბრძანეთ და არც ქვეყნის შიგნით, არ მივცეთ სპეკულირების საშუალება, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე”, — განაცხადა გახარიამ.

    15 ივნისს მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეთნიკურად ინგუში რუსეთის მოქალაქე საქართველოში გიორგი გაბუნიას მოსაკლავად იყო ჩამოსული. გვარამიასვე ცნობით, მკვლელობა ბოკოვს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

  • თუ ტურისტებს PCR ტესტის დოკუმენტი არ ექნებათ, ტესტი აეროპორტში ჩაუტარდებათ – ტიკარაძე

    თუ ტურისტებს PCR ტესტის დოკუმენტი არ ექნებათ, ტესტი აეროპორტში ჩაუტარდებათ – ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თუ ტურისტი არ წარმოადგენს PCR ტესტით დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ კორონავირუსი არ აქვს, ტესტი აეროპორტში ჩაუტარდება.

    “ქვეყნებს შორის სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებები არსებობს. პირველი, რა მოთხოვნაც გვაქვს არის, რომ ტურისტს თან ექნება PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ კოვიდი არ აქვს. იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც დოკუმენტი არ ექნებათ, ჩვენ უზრუნველვყოფთ ტესტის ჩატარებას აეროპორტში და იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ ტურისტების დიდ ნაკადებს, მოლაპარაკებებია სასტუმროებთან, სადაც ტურისტების განთავსება მოხდება და დაელოდებიან ტესტის პასუხებს,“ – თქვა მინისტრმა.

    მანვე აღნიშნა, რომ უკვე შექმნილია პუნქტები, სადაც ტურისტები გაიტესტებიან. გარდა ამისა, მთავრობა ინარჩუნებს საკარანტინო სივრცეებს.

    “გარკვეულ სასტუმროს ვაძლევთ ტურისტების მიღების საშუალებას, თუმცა ყველა სასტუმრო ვალდებულია გაითვალისწინოს უსაფრთხოების ნორმები. გვაქვს ტესტების საკმარისი რაოდენობა, გვაქვს კოორდინაცია და დალაგებული ლოჯისტიკა ყველა ლაბორატორიასთან, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებს”,- განაცხადა ტიკარაძემ.

    საერთაშიროსო ტურისტებისთვის საქართველოს საზღვრები პირველ ივლისს იხსნება.

  • ისრაელთან ავიამიმოსვლა შესაძლოა აგვისტოში განახლდეს – ლაშა ჟვანია

    ისრაელთან ავიამიმოსვლა შესაძლოა აგვისტოში განახლდეს – ლაშა ჟვანია

    ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია წერს, რომ ისრაელთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შესაძლოა აგვისტოდან განახლდეს.

    მისი თქმით, ისრაელის ტურიზმისა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე იმუშავებენ.

    “მქონდა პატივი, დაგვეგეგმა და მონაწილეობა მიმეღო საქართველოს ეკონომიკის და ისრაელის ტურიზმის მინისტრების ვიდეო შეხვედრაში. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის აღდგენაზე. როგორც ჩანს, ეს აგვისტოში იქნება,”-წერს ჟვანია სოციალურ ქსელში. 

    10 ივნისს პრემიერმა გახარიამ თქვა, რომ ისრაელი ერთ-ერთი ქვეყანა უნდა ყოფილიყო, რომელთანაც ტურისტული მიმოსვლა განახლდებოდა, თუმცა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო, გეგმა ჩაიშალა.

    ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიის პერიოდში რთულია კონკრეტულ ვადებზე საუბარი, თუმცა თუ ისრაელში ვითარება სწრაფად გაუმჯობესდება, ტურისტული მიმოსვლა აღდეგება:

    “კოვიდ-ინფექციაზე საუბრისას კონკრეტული ვადის დასახელება რთულია, მაგრამ იმედი გამოვთქვით, რომ ისრაელი სწრაფად გადალახავს ეპიდემიოლოგიური აფეთქების ტალღას და შესაძლებელი იქნება, თუნდაც ივლისის ბოლოს მივუბრუნდეთ საუბარს ტურისტული მიმოსვლის აღდგენაზე და შევძლოთ, ისრაელიდან პირველ სტუმრებს ვუმასპინძლოთ”,- თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

    საერთაშორისო ტურისტებისთვის საქართველოს საზღვრები პირველ ივლისს იხსნება.

     

  • 20 ივნისს ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით, ჩემთვის მეორეხარისხოვანია – გახარია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის ის, თუ ვინ გასცა სროლის ბრძანება, ისროდნენ თუ არა სამართალდამცავები დამიზნებით, ეს ყველაფერი, პრემიერის თქმით, მისთვის მეორეხარისხოვანია.

    “20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება: ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით – ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი”,- ამბობს გახარია.

    ჟურნალისტის კითხვაზე, რანაირად არის მეორეხარისხოვანი, პრემიერი პასუხობს: ,,აი ასე, ჩემთვის პირადად არის მეორეხარისხოვანი. რა არის არის ჩემთვის მთავარი. ჩემთვის მთავარი არის ის რომ 20 ივნისს 1 წელი გავა, 2 წელი გავა თუ ბევრი წელი, ეს იყო ქმედება, რომლითაც შსს-მ და სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა. ეს იყო  ეს იყო პარლამენტზე, სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი, რომელიც შსს-მ და მისმა თითოეულმა თანამშრომელმა არ დაუშვა, ეს იყო მათი მოვალეობა, რაც მათ უნდა გაეკეთებინათ და მათ ეს გააკეთეს”,- აცხადებს გიორგი გახარია.

    20 ივნისს, გავრილოვის ღამეს სამართალმდამცავებმა მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალეს, რის გამო ათობით ადამიანი დაშავდა, რამდენიმემ კი თვალი დაკარგა. პროტესტი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლასა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომას მოჰყვა.

  • გვეგონა, რომ თაკარა მზე ვირუსს მოკლავდა, ასე არ ყოფილა – გამყრელიძე

    გვეგონა, რომ თაკარა მზე ვირუსს მოკლავდა, ასე არ ყოფილა – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ კორონავირუსს მზის სხივები არ კლავს, თუმცა შესაძლებელია ზაფხულში დაავადების გამოწვევის უნარი შემცირდეს.

    “აქამდე ჩვენ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება შევაჩერეთ. ახლა ვართ მართვის სტადიაში. ჩვენ უნდა ვმართოდ ახალი შემთხვევები, მეორე მხრივ, თანდათან იხსნება სრულად ეკონომიკა, რომ მოსახლეობამ იმუშაოს და შემოსავალი ჰქონდეს. ასე რომ, ბალანსი უნდა დავიცვათ. იქნება მეორე ტალღა თუ მესამე, ამაზე მსჯელობენ მეცნიერები. ოდნავ დინამიკა არის იმის, რომ ვირუსის ვირულენტობა თითქოს მცირდება – არა მარტო ჩვენთან, გლობალურადაც. შესაძლებელია, ზაფხულში ვირულენტობის შემცირება გაგრძელდეს. ის, რაც გვეგონა, რომ თაკარა მზე ვირუსს მოკლავდა, ასე არ ყოფილა. ეს არ ხდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

    მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირების ყველა შემთხვევა არის კონტროლირებადი და ემორჩილება მართვას. გამყრელიძის თქმით, თითქმის ყველა წყარო ნაპოვნია, 6-ზე კი ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.