Category: ახალი ამბები

  • თბილისის 40-მდე ქუჩა, რომელსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის 40-მდე ქუჩა, რომელსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 19 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი ამის  მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

    საბურთალოს რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი დიღმის, ნატბეურების დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, ქვემო ვეძისის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, მიხეილ ჭიაურელის, გოთუას და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი

    10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ეკა ბეჟანიშვილის, ქართლის, ღოღობერიძის, ილურიძის, დაისის, კნოლევის და ქსოვრელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III და IIIა მიკრორაიონების  მაცხოვრებლებს.

    13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის  და ფორე მოსულიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი

    გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილის, ლებანიძის, ცაბაძის, ბორჯომის და თევდორე მღვდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, დაბა კიკეთის, სოფელი დიდების, სოფელი ბეთანიის და სოფელი კვესეთის მაცხოვრებლებს.

    11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    12 საათიდან 19 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის ხევის, წყნეთის და თამარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის და სოფელი წავკისის მაცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება” – აცხადებს თელასი.

  • გორში დააკავეს მამაკაცი, რომელიც 10 წლის ბავშვს სექსუალური შინაარსის ფოტო/ვიდეოს გაგზავნას აიძულებდა

    გორში დააკავეს მამაკაცი, რომელიც 10 წლის ბავშვს სექსუალური შინაარსის ფოტო/ვიდეოს გაგზავნას აიძულებდა

    გორში პოლიციამ ერთი პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ.გ დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი, სოციალური ქსელ “ფეისბუკის” დახმარებით, 2010 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს დაუკავშირდა, რომელსაც სექსუალური შინაარსის ფოტოებსა და შეტყობინებებს უგზავნიდა, რაზეც გოგონა პასუხობდა. მოგვიანებით, ბრალდებულმა მ.ბ. მათი მიმოწერის სოციალურ ქსელში გავრცელების მუქარით აიძულა, კვლავ გადაეღო სექსუალური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც დაზარალებულმა მას გაუგზავნა.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139 -ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებასა და გარყვნილ ქმედებასგულისხმობს. დანაშაული ცხრიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • პროკურატურის განცხადებაში საქართველოს მთავრობის შესახებ ფრაზა ხანგოშვილს ეკუთვნის – გერმანიის ელჩი

    გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ კნირში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანიის პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, წინადადება “საქართველოს პრორუსული მთავრობა”, რომელიც განცხადებაში იყო გამოყენებული,  ხანგოშვილს ეკუთვნის და არა პროკურატურას.

    “შეიტყვეთ, რომ პროკურატურამ გამოიყენა ფორმულირება, სიტყვები, რომლებიც ოპტიმალური არაა, უკეთესი უნდა ყოფილიყო. ამ სიტყვების გამოყენებით, პროკურატურას სურდა დაეციტირებინა გარდაცვლილი, მკვლელობის მსხვერპლი, ვინც თქვა, რატომ იყო გერმანიაში და მან თქვა, რომ იმიტომ იყო გერმანიაში, რომ ის დაპირისპირებული იყო ე.წ “საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან”. ეს მისი სიტყვები იყო და არა გერმანიის პროკურატურის.

    ვწუხვარ, რომ დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენს პროკურატურას რაიმენაირად სურდა, საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ორიენტაცია დაეხასიათებინა. ეს მათი განზრახვა არ ყოფილა.” – განაცხადა გერმანიის ელჩმა.

    განცხადებაში, რომელიც გერმანიის პროკურატურამ გაავრცელა, არ არის მითითებული, რომ განცხადების ერთ ნაწილში ზელიმხან ხანგოშვილის ციტატაა გამოყენებული. არ არის ციტატის აღმნიშვნელი პუნქტუაცია და არც სხვა რაიმე ნიშანი, რაც გვაფიქრებინებდა, რომ განცხადების კონკრეტული ნაწილი, რომელშიც საქართველოს მთავრობა პრორუსულად არის მოხსენიებული, პროკურატურას არ ეკუთვნის.

    „შეკვეთილი მკვლელობის უკან იდგა მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის მთავრობასთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკასა და ასევე საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან,“- წერია დოკუმენტში ფაქტის და არა მოსაზრების სახით.

  • “ჩემგან გაიგო სასამრთლოში არსებული პრობლემები” – ნაზი ჯანეზაშვილი ელისაშვილის განცხადებას ამაზრზენს უწოდებს

    “ჩემგან გაიგო სასამრთლოში არსებული პრობლემები, აღნიშნა, თითქოს მე მის ოფისში დავდიოდი. ის არის მატყუარა, როდესაც ამას ამბობს” – ასე აფასებს ტვ „პირველის“ ეთერში იუსტიციის არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, ალეკო ელისაშვილის დღევანდელ განცხადებას. ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა რომ ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებები ანა დოლიძეზე გვრიტიშვილის განცხადებებს ემთხვევა.

    “მე მინდა გამოვეხმაურო ალეკო ელისაშვილს, რომელმაც დღეს ჩემ შესახებ ისაუბრა. ძალიან მიკვირს რომ ელისაშვილი, რომელმაც სასამართლოს თემა არ იცის და ჩემგან გაიგო სასამრთლოში არსებული პრობლემები, მე მახსენებს, რომ თითქოს გვირიტიშვილთან უნისონში ვსაუბრობ. ეს სრულიად ამაზრზენია ჩემთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელიც ინფორმირებული არ არის, რა გავაკეთე მე იუსტიციის საბჭოში და ვინ იყვნენ კლანის წევრები, რომლებმაც სასამართლოს ზიანი მიაყენეს. მან აღნიშნა, თითქოს მე მის ოფისში დავდიოდი. ის არის მატყუარა, როდესაც ამას ამბობს. მე არავის ოფისში არ დავდიოდი. ეს ერთადერთი საჯარო შეხვედრა იყო, სადაც მე და ანა ვხვდებოდით პოლიტიკოსებს იუსტიციის სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის თემაზე”- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

    ცნობისთვის, ნაზი ჯანეზაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ანა დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობით კანონს არღვევს, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ აქვს.

    დღეს ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ერთობლივი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. 

     

  • პოლიტიკურ პლატფორმას დაარქმევს, ჯიხურს თუ ეზოს, ის არის პოლიტიკაში – ჯანეზაშვილი დოლიძეზე

    იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ანა დოლიძე ან უნდა გადაბარგდეს პოლიტიკაში, ან უნდა დარჩეს იუსტიციის საბჭოს წევრად.

    “მას სრული უფლება აქვს გადაბარგდეს პოლიტიკაში, მაგრამ გადაბარგდეს, არა ის რომ დარჩეს აქაც და იქაც. ეს არის მიუღებელი. ეს ხელს უშლის სასამართლოს დამოუკიდებლობას. მითუმეტეს მაშინ, როცა სხვა პოლიტიკოსებთან არის ალიანსში და მათ შეიძლება საერთო პოლიტიკური ინტერესები გამოიყენონ იმისთვის, რომ საბჭოს წევრად დარჩეს ანა და პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვონ. მე თუ ვიცავ სასამართლოს დამოუკიდებლობას, ვიცავ ყველასგან”,- ამბობს ჯანეზაშვილი ტვ პირველის ეთერში.

    მისივე თქმით, ანა დოლიძე აგრძელებს თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკას და ამბობს, რომ დღეს შეიქმნა არა პოლიტიკური პარტია, არამედ პლატფორმა.

    “უკაცრავად, მაგრამ პოლიტკურ პლატფორმას დავარქმევთ, პოლიტიკურ ჯიხურს თუ პოლიტიკურ ეზოს, რა მნიშვნელობა აქვს, არიან პოლიტიკაში, პოლიტიკოსობენ, აქვთ პოლიტიკური გეგმები, დადიან მოლაპარაკებებზე, საუბრობენ არჩევნებზე და რატომ გვატყუებენ, თითქოს არ არიან პოლიტიკოსები”,- ამბობს ჯანეზაშვილი.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ანა დოლიძეს აქვს ორგანიზაციული ინსფრასტრუქტურა, ოფისში, ჰყავს თანამშრომლები, ამიტომ უჩნდება კითხვები, საიდან აქვს მას ამის ფინანსები. მისი თქმით, ორგანიზაციას ხალხის შემოწირულობებით ვერავინ ვერ არჩენს.

    ამ კრიტიკას ანა დოლიძე ბრალდებებით პასუხობს. მისი თქმით, ჯანეზაშვილი სასამართლო კლანთან ერთად მის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის სათავეშია.

    დოლიძე აცხადებს, რომ ჯანეზაშვილის “ჰიპერაქტიულობა” ორკესტრირებული თავდასხმის ნაწილია და იხსენებს, რომ ნაზი ჯანეზაშვილი “ქართული ოცნების” სრული მხარდაჭერით მოხვდა იუსტიციის საბჭოში.

    დღეს ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, ანა დოლიძემ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ერთობლივი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. 

  • ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბაში ძლიერი სეტყვა იყო

    დაახლოებით ერთი საათის წინ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბაში ძლიერი სეტყვა იყო. ადგილობრივების განმარტებით სეტყვა დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა.

    განადგურებულია ვენახები, ნათესები და ხეხილის ხეები.

  • ნაზი ჯანეზაშვილი ჩემს წინააღმდეგ მიმართული კლანის კამპანიის სათავეშია – ანა დოლიძე

    ნაზი ჯანეზაშვილი ჩემს წინააღმდეგ მიმართული კლანის კამპანიის სათავეშია – ანა დოლიძე

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მის მიმართ ნაზი ჯანეზაშვილის მიერ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს. დოლიძის თქმით, ჯანეზაშვილი მიქაუტაძის, გვრიტიშვილის, მეთოფიშვილის მიერ მის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის სათავეშია.

    დოლიძე აცხადებს, რომ ჯანეზაშვილის “ჰიპერაქტიულობა” ორკესტრირებული თავდასხმის ნაწილია და იხსენებს, რომ ნაზი ჯანეზაშვილი “ქართული ოცნების” სრული მხარდაჭერით მოხვდა იუსტიციის საბჭოში.

    “ეს იმდენად ორკესტრირებული შეტევაა არამარტო ჩემზე, ახალ პლატფორმაზეც, რომ მე იძულებული ვარ ამას მოვუპოვო ახსნა. ნაზი ჯანეზაშვილს აქვს მოპოვებული “ქართული ოცნების” სრული მხარდაჭერა, როცა ის დაინიშნა იუსტიციის საბჭოში.

    მე ზედმიწევნით ვასრულებდი და ვასრულებ კანონს, სიტყვა-სიტყვით. ძალიან ვწუხვარ, თუ ნაზი ჯანეზაშვილი იქნება, მიქაუტაძის, გვრიტიშვილის, მეთოფიშვილის მიერ ჩემს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის სათავეში.

    მე გავააქტიურე საქმიანობა, თუმცა სამართლებრივად არაფერი არ შეცვლილა. სამართლებრივი პერსპეტივიდან, პირველივე დღიდან, როცა ვიყავი იუსტიციის საბჭოში, ვაკეთებდი უმკაცრეს განცხადებებს, დავდიოდი საქართველოს პარლამენტში ნაზისთან ერთად პოლიტიკოსებთან, დავდიოდი დემონსტრაციებზე ნაზისთან ერთად, მე ვაკეთებდი იმას, რასაც ითხოვს კანონი. ვიყავი კანონის უზენაესობის და სამართლის სადარაჯოზე”,- ამბობს დოლიძე ტვ პირველის ეთერში.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწევა, შესაბამისად არ არღვევს კანონს, ამიტომ სასამართლომ უნდა განმარტოს, რა არის პოლიტიკური საქმიანობა.

    ცნობისთვის, ნაზი ჯანეზაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ანა დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობით კანონს არღვევს, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ აქვს.

    დღეს ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ერთობლივი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. 

  • სრულწლოვანი ტიპი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა თუ ცოლად არ გაყვებოდა -ვახო ჭუმბურიძე ქალიშვილის დაცვას სამართალდამცველებს სთხოვს

    იუ­რის­ტი და ფი­ნან­სის­ტი ვახო ჭუმ­ბუ­რი­ძე სოციალურ ქსელში  მის 15 წლის ქა­ლიშ­ვილ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ზე­წო­ლა­ზე წერს. მისი თქმით, მის შვილზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა და  სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს მი­მარ­თა. მაგრამ 2 კვირის განმავლობაში არანაირი შედეგი ამან არ გამოიღო ამ დროის განმავლობაში კი მის შვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა კიდევ რამდენჯერმე განმეორდა.

    “გამარჯობა, მე ვარ ვახო -თინის მამა!
    ცოტას მოგიყვებით ჩვენს შესახებ თქვენის ნებართვით

    თინის დაბადებას დავესწარი და ეს პატარა არსება რომ მანახეს, რომელიც არ ტიროდა და უბრალოდ თვალებს აცეცებდა გული, სული შემეკრა და მას მერე სიგიჟემდე მიყვარს. მე პატარა ვიყავი, ისიც პატარა იყო და ერთად გავიზარდეთ. ახლა უკვე 15 წლის ქალიშვილი მყავს და მუდამ ვამაყობ მისით, რომელმაც დამოუკიდებლად გადაწყვიტა სამსახურის დაწყება და თითქმის ერთი წლის განმავლობაში მაკდონალდსში იმუშავა, რომელმაც იცის მეგობრის ფასი, რომელსაც ძალიან დიდი გული აქვს, კატა რომელიც გვყავს- გადაარჩინა სიკვდილს და მოუარა (ახლა უკვე 3 წელია სახლშია და განებივრებულია). უფრო პატარა იყო, როდესაც გეგმავდა სოციალურ პროექტებს და ბავშვებს ეხმარებოდა და რაც მთავარია ერთ-ერთი თავისი დაბადების დღე თავისი სურვილით გადაიხადა ბავშთა სახლში.(რადგან უნდოდა რომ ბავშვები გაეხარებინა, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ მშობლების სითბოს )

    მოსაყოლი ბევრი მაქვს, მაგრამ მირჩევნია ძალიან არ მოგაბეზროთ თავი.

    ახლა მთავარი:
    6 ივნისს გავიგე, რომ ჩემს შვილს აწუხებდა ერთი სრულწლოვანი ტიპი, რომელსაც ჰყავდა ფსიქოლოგიურ წნეხში, რომელიც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით თუ ცოლად არ გაჰყვებოდა 
     და ნუ კიდევ ბევრი რამ რაც არ მინდა საჯაროდ გამოვიტანო. (რადგან არ მინდა კიდევ ერთხელ მივაყენო ზიანი ისევ ჩემს შვილს, რომელსაც ნერვული სისტემა დაუზიანდა)

    რა გავაკეთე მე როდესაც ეს ამბავი გავიგე?

    -დავუკავშირდი მის მშობელს და ვთხოვე შეხვედრა მასთან და მის ნაბიჭვარ შვილთან.
    -დამთამხდა.
    -შემდეგ დამირეკა და მითხრა რომ გაექცა და ვეღარ მოჰყავდა.
    -კი ბატონო, მაშინ ავირჩევ გზას, რომ სამართლებრივად გავარკვიო საკითხები, რადგან მე ნაღდად არ მაქვს ლანჩხუთში ამის დევნის თავი და შესაბამისად მივმართავ პოლიციასთქო.
    -მეორე დღეს ვისაუბრეთ მისმა “ბიძამ” და მე, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. ჩვენი საუბრიდან გამომდინარე ამ ადამიანმა ბევრი ბოდიშები მიხადა და თავის თავზე აიღო ეს საკითხი, რომ არასდროს ესეთი ამბავი აღარ განმეორდებოდა. ცოტა რთული დასაჯერებელი იყო, მაგრამ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე ასე დავიშალეთ.
    ჩვენი საუბრიდან არ იყო გასული 4 საათი, როდესაც ეს მანიაკი საღამოს დახვდა ჩემს შვილს პადიეზდთან ორ თამხლებ პირთან. როგორღაც მოახერხა თინიმ და ამოასწრო სახლში, გულამოვარდნილი, შეშინებული და კრუნჩხვებში.
    -გამასწრო ამ ნაბიჭვარმა
    -რა გავაკეთე?
    -მეგობრების რჩევით, რომლებიც მოგროვდნენ ამ შემთხვევიდან ძალიან მალე გამოვიძახეთ პოლიცია და დავიწყეთ სამართლებრივი მოქმედება.

    აი აქ დაიწყო კინოს მთავარი განვითარება.

    12 დღეა დავდივართ პოლიციის განყოფილებაში, ვაღამებთ, ვათენებთ, გვართმევენ ჩვენებებს, თინის დაუნიშნეს სამხარაულის ფსიქატრიული ექსპერტიზა-ეგეც გავაკეთეთ არის საშინელი ბიუროკრატია. ამ დროს რა ხდება ეს ტიპი დადის გარეთ არხეინად. ხან მე დამიკომენტარებს რამეს-წაშლის ხან სხვას მიახტება. თინის კიდევ მიწერა ამ პერიოდში.
    შედეგი არის -0
    გადავინაცვლეთ პროკურატურაში მე-11 დღეს

    პროკურორმაც დაჭერას სავარაუდოდ ვერ შევძლებთო, მაგრამ აკრძალვას გავუკეთებთო ამ შუამდგომლობით შევალთო.

    ესე გაღიმებული გამოვედით და მეორე დღეს ისევ პოლიციაში დაგვიბარეს, რომ თინი როგორც დაზარალებულად ეცნოთ.

    პოლიციის შესასვლელთან დამხვდა ეს ტიპი მომღიმარი ცინიკური სახით. წამის მეასედი დამაკლდა ალბათ რომ იქვე ჩამედო მიწაში.
    რა თქმა უნდა ისევ გაიწელა აქ საქმე და სადღაც 3 საათი დავყავით განყოფილებაში, ეს ტიპი სხვა ოთახში ყავდათ სანამ ჩვენს საქმეს ასრულებდნენ.
    და რაც მთავარია, როდესაც გარეთ ვიდექით ეს პიროვნება ფანჯრიდან ხან ტაშს გვიკრავდა ხან გვიღიმოდა-მიზანმიმართული პროვოკაციას ასრულებდა.

    ეს ტიპი დღეს დადის ქუჩაში ცინიკური სახით:)

    და მე რა გავაკეთე?

    ისედაც დასტრესილი ბავშვი ვატარე 12 დღე განყოფილებაში ბებიასთან ერთად რადგან მე მოწმის სტატუსი მქონდა და ბებია უნდა ყოფილიყო არასრულწოვანის წარმომადგენელი.

    -კარგი გასაგებია სჭირდება გამოძიებას, ცოტაც გავუძლოთ მამი და ესე ვამშვიდებდი. და ბოლოს რა მოხდა მე-12 დღეს ამ ტიპმა შემაცილა პოლიციის განყოფილებაში ღიმილით და ცინიზმით.

    ჩემს ერთადერთ შვილს, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, რომელიც ჩემი გაზრდილია ამას რომ ერთი ღერი თმა ჩამოუვარდეს ალბათ ყველა მიხვდება მე რისი გამკეთებელი ვარ-

    ამიტომ მე დარწმუნებული არ ვარ ამ ნაბიჭვრის საქციელში შესაბამისად რამე რომ მოხდეს და მერე ვინ დამიცავს? 

    გულის სიღრმეში ნამდვილად არ მქონდა სურვილი და არც არასოდეს არ მექნება ვინმეს დაჭერის ან გამწარების, მაგრამ ეს ყველაფერი გუშინდელმა საქციელმა ჩამიკლა, როდესაც მის ავადმყოფურ გამომეტყველებას და ცინიკურ ღიმილს პირისპირ შევასკდი.

    ამ საქმეს მე ესე ვერ დავტოვებ და არც ვიღაც ლანჩხუთელი მანიაკის შიშით ვერ ვაცხოვრებ ჩემს ოჯახს.

    ან მოხდება ფაქტების სწორად დალაგება ან ნუ მაშინ მოვითხოვ თქვენს დახმარებას ვისაც როგორ შეგიძლიათ და ვისაც კონკრეტულად ესეთი ტიპის საქმეზე გიმუშავიათ.

    (ფსიქოლოგი, ადვოკატი)

    PS: რაც შეეხება პოლიციას და გამომძიებლებს ვერ დავმალავ რამდენად გულთან ახლოს მიიღეს ეს საკითხი და ნამდვილად წუხდნენ გამოძიების მიმდინარეობის დროს-მადლობა ამისთვის.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
    საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia

    თუ თქვენ ვერ დამიცავთ – მომიწევს ჩემით თავის დაცვა და ეს სტატუსიც ბარემ აქ იყოს-წინასწარ საქმის კურსში გაყენებთ”- წერს ვახო ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში.

  • “ყველა ელემენტი უნდა შესრულდეს”- ევროკავშირის ელჩი

    ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ყველა ელემენტი უნდა შესრულდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰერცელმა განაცხადა.

    კითხვაზე, არის თუ არა გიორგი რურუას საკითხი ამ შეთანხმების ნაწილი, ელჩმა უპასუხა, რომ მთავარი არის ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა ელემენტის შესრულება.

    „მსურს ამ საკითხის მიმართ სიფრთხილე გამოვიჩინო. რაც მინდა გითხრათ ის არის, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა ელემენტი უნდა შესრულდეს,“- განაცხადა კარლ ჰერცელმა.

  • გერმანიის პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა

    გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენა.გერმანიის ფედერალური პროკურორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების ფედერალურმა ორგანოებმა ბრალდებულს დავალება მისცეს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდირების თაობაზე“.

    მათივე თქმით, ვადიმ კ-ს., რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ბრალი ედება მკვლელობასა და იარაღის ტარების შესახებ კანონის დარღვევაში.

    გამოძიების ინფორმაციით, მკვლელი მსხვერპლს ზურგიდან მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს და იმ დროიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

    აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს რუსეთის ელჩი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

    ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა. გამოძიებასთან „არასათანადო თანამშრომლობის გამო“, გერმანიამ დეკემბერში ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.