Category: ახალი ამბები

  • დღეს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით უყრის კენჭს

    დღეს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით უყრის კენჭს

    პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭს უყრიან.

    ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც.

    პარლამენტში საკონტიტუციო პროექტს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს პარტია “ევროპული საქართველოც”. თუმცა მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში პარტია მონაწილეობას არ მიიღებს მანამდე, სანამ მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს.

    მათი განმარტებით, კენჭისყრაში მონაწილეობას იმიტომ იღებენ, რომ შეთანხმებას ჰქონდეს პერსპექტივა და ქართული ოცნების მხრიდან მორიგი გადაგდება არ ვიხილოთ. 

    ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა კემჭისყრაში მონაწილეობას ნაციონალური მოძრაობა. პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციამ პირველი მოსმენით მხარი უნდა დაუჭიროს. მისი შეფასებით, ევროპული საქართველოს გადაწყვეტილება სწორია და თავად არც დაფიქრდებოდა, ისე მისცემდა ხმას საარჩევნო ცვლილების შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტს.

  • „გაბუნიას ლიკვიდაციის ბრძანება ძალაში იქნება, სანამ არ შეასრულებენ“ – აჰმედ ზაკაევი საქართველოს მთავრობას მიმართავს

    “გაბუნიას ლიკვიდაციის ბრძანება ძალაში იქნება, სანამ არ შეასრულებენ”- ეს გნაცხადება ტვ “პირველის” ეთერში ჩეჩნეთის რესპუბლიკის დევნილმა  ლიდერმა აჰმედ ზაკაევმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობასთან დაკავშირებით გააკეთა.

    ჩეჩნეთის რესპუბლიკის დევნილი  ლიდერისთვის, აჰმედ ზაკაევისთვის, ფსბ-ეს ეს ხელწერა კარგად არის ცნობილი,  მოკლული ჟურნალისტები ბევრი უნახავს და გიორგი  გაბუნიას საქმე რუსეთის ხელისუფლების მიერ მოკლული სხვა ჟურნალისტების საქმეებს ძალიან ჰგავს.

    “ამ დანაშაულს მხოლოდ კადიროვს არ დავაბრალებდი და პუტინის მიმართ დარტყმას არ შევამსუბუქებდი. არანაირი ეჭვები არ მაქვს რომ ამ დანაშაულის უკან ვლადიმერ პუტინი დგას. დიახ პირადად პუტინი. ბრძანება დანაშაულის ჩადენაზე გაუქმებული არ არის. ის ძალაში რჩება მანამ სანამ სისრულეში არ მოიყვანენ.

    რატომ არიან ჩუმად? იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური სიმხდალე. მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას არ მიჩქმალოთ ეს პრობლემები. თუ გგონიათ რომ ამით პუტინის გულს მოიგებთ ღრმად ცდებით. უნდა შემოკრათ განგაშის ზარები და მსოფლიო საქმის კურსში ჩააყენოთ.”

    ტელეკომპანია “პირველს” რუსული სპეცსამსახურების სრული დოსიე ჩაუარდა ხელში. “ნოდარ მელაძის შაბათის” გამომძიებელმა გაარკვია სად ცხოვრობდა გიორგი გაბუნიას საქმის ფიგურანტი ვასამბეგ ბოკოვი. ამ  ხმაურიან საქმეზე საუბრობს ვასამბეკ ბოკოვის ძმა. მისი თქმით, 37 წლის მამაკაცი რუსმა სპეცსამსახურებმა ოჯახის ცხოვრებიდან ერთი წელია გააქრეს. ვასამბეგ ბოკოვის ძმა, მუხარბეკ ბოკოვი ამბობს, რომ მას დაახლოებით ერთი წელია არ უნახავს  საკუთარი ძმა.

    მისი თქმით  ბოლოს მისმა ძმამ  2 სხვის კუთვნილი ავტომობილი დაამტვრია რის შემდეგაც მუხამბეკ ბოკოვმა ძმა სცემა და სალხიდან გააგდო. სწორედ აქედან ქრება მისი კვალი.

    “გავიგე და ვნახე. დაახლოებით ერთი წლის წინ ვნახე ბოლოს [ჩემი ძმა].მთელი ეს დრო ინგუშეთში იყო. ხან ფაბრიკაში მუშაობდა, ხან ბაზარში ბიჭებთან ერთად ვაჭრობდა. ხანდახან მშენებლობაზეც მუშაობდა. მან ორი მანქანა ითხოვა უცხო ადამიანებისგან და ორივე დაამტვრია. ამის გამო, ვეჩხუბე, ვცემე რის შემდეგაც გაიქცა. ვცდილობდი დაკავშირებას. ის არ მირეკავდა. ადრე დამირეკა სად და როგორ იყო. ეს ნომერი ტელეფონში მაქვს მაგრამ ახლა მიუწვდომელია. ათასჯერ ვნახე ვიდეო, მაგრამ ჩემი ძმა ვერ ამოვიცანი. ის ჩემი ძმა არ არის, არც სიმაღლე ემთხვევა. მე ვარ 1.75 ის ჩემზე დაბალია. მე არც დედა მყავს, არ მამა. არც ფული მაქვს, რომ წავიდე და გავიგო რა მოხდა.” – განაცხადა მუხარბეკ ბოკოვმა.

    როგორც  მუხამბეკ ბოკოვი „ტვ პირველს“ უყვება, რომ ამ საქმეს უკან მისი ძმა  არ არის  და არამედ აჰმედ გუციაევი დგას.

    თბილისში, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად რუსეთის მოქალაქე, ვასამბეგ ბოკოვი, ეროვნებით ინგუში მამაკაცი დააკავა რომელიც როგორც შემდეგ გაირკვა ტელეწამყვანი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

     

     

     

  • “ქართული ოცნება მოკვდა. ახლა მიმდინარეობს გაუთავებელი პანაშვიდები“–ლევან ბერძენიშვილი

    “ქართული ოცნება მოკვდა. ახლა მიმდინარეობს გაუთავებელი პანაშვიდები“–ლევან ბერძენიშვილი

    ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური მოთამაშე, მოკვდა. ბერძენიშვილი დღეს პარლამენტის წინ გამართულ ანტისაოკუპაციო აქციაზე მივიდა, რომელიც 20 ივნისის ერთი წლის თავის აღსანიშნავად გაიმართა.

    „ეს იყო წელიწადი, როცა ოცნება მოკვდა და ამის შესახებ ცნობილი გახდა მსოფლიოსათვის.  ჯერ შიგნით იცოდნენ, რომ კვდებოდა, მერე ჩვენ შევატყვეთ, ახლა აშშ–მ, ევროპელმა პარტნიორებმა, ევროპის საბჭომ, დასავლელმა პარტნიორებმა – ყველამ გაიგო. ქართული ოცნება ფაქტიურად აღარ არსებობს. მიმდინარეობს გაუთავებელი პანაშვიდები. ორგანიზებულად უნდა გავაცილოთ პოლიტიკიდან. მერე მეცნიერებამ უნდა შეისწავლოს, როგორ აღმოჩნდა შესაძლებლობა, რომ  ივანიშვილის გაქანების ადამიანი აღმოჩნდა საქართველოს გაქანების ქვეყნის სათავეში. ბევრი იდიოტი გვყოლია, მაგრამ ასეთი ჯერ არა არა. ეს რაღაც სიახლეა. და ვინაიდან ქვეყანას ეს მოუვიდა, ამას შევისწავლით. ხელისუფლებამ ვერ დაინახა შესაძლებლობა, ბოდიში მოეხადა ხალხისთვის, რომ ქართველი ხალხი დაარბიეს იმისთვის, რომ ქართველ ხალხს უყვარს საქართველო. რუსეთის ინტერესების დასაცავად ხალხი დააბრმავეს,  ბავშვები დააბრმავეს. ახალგაზრდობა თავის ადგილზე დგას, ახალგაზრდობა თავის სიტყვავას იტყვის. საქართველოს აქვს მომავალი და საქართველო ამ მომავალს, რომელსაც იმსაუხრებს მიიღებს.

    ძალიან კარგი იქნება თუ გახარია იქნება სიის პირველი ნომერი – ეს იქნება მათი გულწრფელი პასუხი, რას ფიქრობენ ახალგაზრდებზე, რას ფიქრობენ მომავალზე, რას ფიქრობენ ხალხზე. შემიძლია შევთავაზო კაგებეშნიკი ჯალათები, ვინც ცოცხალია – გამოიყვანონ და ჩაწერონ პირველ ათეულში.  გაზარია არის რუსეთის უნიჭო არტისტი, ვინც თავისი როლი შეასრულა, ამიტომ გინდა პირველ ნომრად ჩაწერონ, გინდა 90–ედ , მნიშვნელობა არ აქვს.”– ამბობს ბერძენიშვილი.

  • COVID-19–ის სიმძიმეს ადამიანში სისხლის ჯგუფი და გენეტიკური ფაქტორები განაპირობებს– ახალი ევროპული კვლევა

    ევროპელი მკვლევარების მონაცემებით, რომლებიც ეძებენ მიზეზებს, რატომ ვითარდება კორონავირუსი რთული ფორმებით ზოგ ადამიანში, ზოგ ორგანიზმში კი მსუბუქად მიმდინარეობს, კორონავირუსის ინფექციის სერიოზულობაზე სისხლის ჯგუფმა და სხვა გენეტიკურმა ფაქტორებმა შეიძლება მოახდინონ გავლენა.

    The New England Journal of Medicine–ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებში ნავარაუდევია, რომ მეორე ჯგუფის სისხლის ადამიანებს კორონავირუსით დაინფიცირების უფრო მაღალი რისკი და ინფექციის მძიმე სიმპტომებით განვითარების საფრთხე აქვთ.

    ეპიდემიის პიკზე ევროპელმა მკვლევარებმა 4000–ზე მეტი ადამიანის გენების ანალიზი ჩაატარეს, რათა მოეძებნათ ის ვარიანტები, კოვიდ19–ის რთული ფორმებით დაავადებულთა შორის იყო საერთო.

    მათ აღმოაჩინეს, რომ გენებში ვარიანტების კლასტერი, რომლებიც იმუნურ პასუხთან არის დაკავშირებული, უფრო გავრცელებული იყო კოვიდ19–ისმძიმე ფორმით დაავადებულ ადამიანებში. ეს გენები ასევე დამოკიდებულია უჯრედის ზედაპირის ცილასთან, რომელსაც ACE2 ეწოდება. სწორედ მას იყენებს კორონავირუსი ორგანიზმის უჯრედში შესაღწევად და მის დასაზიანებლად.

    მკვლევარებმა, რომლებსაც გერმანელი მკვლევარი ანდრე ფრანკე და ნორვეგიელი მეცნიერი ტომ კარლსენი ხელმძღვანელობდნენ, ასევე აღმოაჩინეს კავშირი ახალ კორონავირუსსა და სისხლის ჯგუფს შორის.

    კოვიდ19–ის მძიმე ფორმის განვითარების რისკი 45%–ით მაღალი აღმოჩნდა მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებში, ვიდრე სხვა ტიპის სისხლის მქონეებში. რისკი 35%–ით დაბალი აღმოჩნდა პირველი ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებში.

    “მიღებული მონაცემები კონკრეტულ მინიშნებას გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, რა დაავადებები შეიძლება განვითარდეს კორონავირუსის რთული ფორმების დროს.“ – თქვა კარლსენმა როიტერთან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ საჭიროა დამატებითი კვლევები, სანამ ეს ინფორმაცია რეალურად საჭირო გახდება.

    “ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს და სხვა შედეგები გვაჩვენებს გზას კოვიდ19–ის ბიოლოგიის უფრო ღრმა გაგებისთვის“– დაწერა  თავის ბლოგში აშშ–ს ნაციონალური ჯანდაცვის ინსტიტუტის დირექტორმა, გენეტიკის ექსპერტმა ფრენსის კოლინზმა.

    მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ გენეტიკური ტესტი და სისხლის ჯგუფი შესაძლოა სასარგებლო ინსტრუმენტები გახდეს მათ გამოსავლენად, ვისაც სერიოზული დაავადების უფრო დიდი რისკი აქვს.

     

     

  • ვდგავარ არჩევნის წინაშე – ვიცხოვრო რუსეთის გუბერნიაში, ან ემიგრაციაში – დიღმელაშვილი

    მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქციაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ის თვლის, რომ ადამიანებმა 2019 წლის 20 ივნისის აქციაზე  გაიღეს ყველაზე ძვირფასი  – თვალის ჩინი და ჯანმრთელობა.

    მისი განცხადებით ქვეყნის დასავლური არჩევანთან და კურსთან ქართული ოცნება შეუთავსებელია.

    „კობა ლეთოდიანმა ერთი თვალი დაკარგა აფხაზეთში, მეორე რუსთაველზე. ამბობდა ლეთოდიანი, ვიცოდი რომ იქ, აფხაზეთში მტერს ვებრძოდიო. 20 ივნისს კი ჩემიანი გამოვიდა და დავინახე, რომ ვიღაც მიმიზნებდა, მაგის შემდეგ ნათურები ჩაქრაო.

    გუშინ შემეძინა შვილი და ვდგავარ არჩევნის წინაშე – ვიცხოვრო რუსეთის გუბერნიაში, ან ვიცხოვრო ემიგრაციაში. არ მინდა ამ არჩევანის გაკეთება. ამიტომ ვიდგები აქ, სანამ არ განვამტკიცებ დასავლურ გეზს. ეს არის ღირებულებითი კავშირი, რომელთანაც ოცნება შეუთავსებელია.

    ეს არის გლოვის დღე, იმ სისხლის გამო, რომელიც დაიღვარა. არის ზეიმის დღეც, როცა ადამიანები ერთად გამოვიდნენ. ეს იყო მრავალი ინტერესთა ჯგუფის აქცია. ეს იყო დიდი ეროვნული კონსოლიდაცია რუსეთის წინააღმდეგ;

    ეს არჩევნები არის რეფერენდუმი. არჩევანი არის დასავლეთსა და რუსეთს შორის და, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი პოლიტიკური კლასი დისკრედიტირებულია, ყველას ვთხოვ არჩევანი გააკეთოს დასავლეთის სასარგებლოდ“- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

  • “ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ერს და საერთაშორისო პარტნიორს მისცემს დანაპირებს და მოიტყუება არის საერთაშორისო თაღლითი“–მარგველაშვილი

    პარლამენტის წინ 20 ივნისის ერთი წლისთავის აღსანიშნავ ანტისაოკუპაციო აქციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მივიდა და აქციის მონაწილეებს მიმართა:

    „იცოდეთ, რომ ამ ბრძოლის შედეგად, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ უკეთეს ქვეყანას. ქვეყანას, რომლის მოქალაქეთა სიმტკიცესაც ვერ გატეხავს რუსი ოკუპანტი, იმიტომ, რომ რამდენჯერ ჩვენზე მეტი ტანკი და „ბეტეერიც“ არ უნდა ჰყავდეს, ჩვენზე მეტი ისტორიული სიმტკიცე მათ არ გააჩნიათ.

    ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს ტყვიას ესვრის, არ არის დემოკრატიული. ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს წყლის ჭავლით არბევს, არ არის დემოკრატიული. ხელისუფლება, რომელიც პოლიტპატიმრებს დაუშვებს თავის ქვეყანაში, არის ავტორიტარი. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ერს და საერთაშორისო პარტნიორს მისცემს დანაპირებს და მოიტყუება არის საერთაშორისო თაღლითი. ასეთი ხელისუფლება არ ეკადრება ჩვენს ერს და ჩვენს საზოგადოებას. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ თავისუფლების, ღირსების, ჩვენი სამშობლოს და მათ შორის, სახელმწიფოს მშენებლობა ჩვენთვის უმნშვნელოვანესი მიზანია. შესაბამისად, ასეთ ხელისუფლებას მიღებული აქვს ქართველი ხალხის ვერდიქტი, ასეთ ხელისუფლებას მიღებული აქვს პარტნიორების ვერდიქტი. ასეთი ხელისუფლება მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისინი კაბინეტებში სხედან, უკვე წარსული ხელისუფლებაა საქართველოსთვის. იცოდეთ, რომ ამ ბრძოლას მარტო გამარჯვება უწერია. იცოდეთ, რომ ამ ბრძოლის შედეგად, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ უკეთეს ქვეყანას. ქვეყანას, რომლის მოქალაქეთა სიმტკიცესაც ვერ გატეხავს რუსი ოკუპანტი იმიტომ, რომ რამდენჯერ ჩვენზე მეტი ტანკი და „ბეტეერი“ არ უნდა ჰყავდეს, ჩვენზე მეტი ისტორიული სიმტკიცე მათ არ გააჩნიათ. ამ საზოგადოებამ ძალიან ბევრ იმპერიას გაუძლო და ძალიან ბევრი იმპერია დაამარცხა და ამ იმპერიასაც ჩვენ დავამარცხებთ ჩვენს მიწა-წყალზე და მათი ამ დამარცხების მერე და ჩვენი გამარჯვების შემდეგ ვიქნებით მთლიანი, ძლიერი და ისეთი, როგორიც ყოველთვის ვიყავით“- განაცხადა მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

  • “შეუძლებელია ბიძინამ, გახარიამ, რუსეთმა გაიმარჯვოს. ეს უკვე წარსულია“–მიშა შვილდაძე

    მიშა მშვილდაძემ პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქციაზე შეკრებილებს მიმართა და მოუწოდა საზოგადოებას, მივიდნენ ოქტომბრის არჩევნებზე, რათა პრორუსული მთავრობა შეიცვალოს.

    “ვდგავართ აქ და ვამხნევებთ ერთმანეთს და ეს არის მთავარი დღეს. ჩვენ შევძელით შეგვექმნა ადგილი სადაც განსხვავებების მიუხედავად, ყველა ადამიანი იპოვიდა სივრცეს თავის აზრისთვის, თავისი ინტერესისთვის. ეს ბრძოლა არის წარსულსა და მომავალს შორის. შეუძლებელია ბიძინამ და რუსეთმა გაიმარჯვოს, იმიტომ რომ წარსულია უკვე ეს. თითოეული თქვენი ხმა იქნება მნიშვნელოვანი არჩევნებზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ რუსეთის მონობაში მყოფი ხელისუფლება.

    როგორც ბატონს ყმების მიწაზე, ისე უნდა ეპარპაშა გავრილოვს – ეს რომ გავაპროტესტეთ, მოხდა სამარცხვინო რამ. სპეცრაზმმა ძალადობით დაარბია აქცია. მერე გვახსოვს ცინიზმის ერთი წელი, როგორ გვითვლიდნენ, დაგვისიეს პროპაგანდა. მთავარი, რასაც ვაჩვენებთ და ვაჩვენებდით, ისაა, რომ არ შევეგუებით, რაც უნდა შავი პიარის ტექნოლოგიების სპეციალისტი ჩამოიყვანონ, წყალი გვასხან – სიგიჟეები, რაც უნდა მოხდეს.

    ხომ ყველამ ვიცით, რატომ ვართ აქ და რომელი ბრძოლა გრძელდება. თითქოს სახელმწიფო გადატრიალებას ჰქონდა ადგილი და ეს აღკვეთეს. ვდგავართ დღესაც აქ და ვამხნევებთ ერთმანეთს. შევქმენით ადგილი, სადაც ყველა იპოვიდა თავის სიტყვას, აზრს, იდეას, რისთვისაც ბრძოლა ღირს – ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ეს არის ბრძოლა წარსულსა და მომავალს შორის, შეუძლებელია წარსულმა და ბიძინამ, გახარია, რუსეთმა გაიმარჯვოს – ეს უკვე წარსულია.

    მთავარი ბრძოლა იქნება არჩევნების დღეს – ყველას ვალია, მივიდეთ და აზრი დავაფიქსიროთ, ვეგუებით პრორუსულ ხელისუფლებას? შემდეგ არჩევნებზე დაგვხვდება ოპოზიციურ პარტიათა მრავალფეროვნებათა – შეგვეძლება ავარჩიოთ მარტივ ფუნდამენტზე მდგომი ძალა, რომ ეს ქვეყანა არის დამოუკიდებელი, სხვას ყველაფერს გადავწყვეტთ ხმათა უმრავლესობით.

    ყველას უნდა გვახსოვდეს – ძალა ერთობაშია.

    როცა გაგვახსენდება შარშანდელი დღეები, ვიქნებით ამაყები, რომ ვიდექით ისტორიის სწორ მხარეს. ჩვენ ვიბრძვით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის – ესაა ერთადერთი პირობა, რომ ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო, საიდანაც ხალხი არ გარბის”, – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    22 ივნისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

  • “დაიცავით დისტანცია”- რუსთაველზე აქციის მონაწილეებმა სოციალური დისტანცირებისთვის სტიკერები დააკრეს

    რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა. პარლამენტის წინ, დღეს 2019 წლის 20 ივნისის გასვლიდან 1 წლის თავზე სიმბოლური აქცია 19:00 საათზე გაიმართება.

    ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე  მზადების პროცესი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სცენას სიტყვით გამომსვლელებისთვის ამზადებენ. ტერიტორიაზე სპეციალურ სტიკერებს აკრავენ, იმისათვის, რომ აქციაში მონაწილეებმა სოციალური დისტანცირების წესი დაიცვან. სტიკერებზე გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც სახეზე ნაბიჯები ახატია.

    აქტივისტების განმარტებით, აქციაზე ყოფნისას სავალდებულოა პირბადის გამოყენება. ადგილზე მათ მიტანილი აქვთ სადეზინფექციო საშუალებები. პარლამენტის წინ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

  • რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

    რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა. პარლამენტის წინ, სადაც დღეს 2019 წლის 20 ივნისის გასვლიდან 1 წლის თავზე სიმბოლური აქცია გაიმართება, მზადების პროცესი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სცენას სიტყვით გამომსვლელებისთვის ამზადებენ.

    დღეს, 19:00 საათზე, “ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ” აქცია გაიმართება.