Category: ახალი ამბები

  • „ევროპული საქართველო“ გადაწყვეტილებას ცვლის – საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

    „ევროპული საქართველო“ საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს.  გადაწყვეტილება ლიდერებმა ფრაქციის ფორმატში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაცხადეს, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ “ევროპული საქართველოს” წევრი დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ პროცესში კი მონაწილეობას არ მიიღებენ იქამდე, ვიდრე “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.

    „ხვალინდელი კენჭისყრა იქნება გადამწყვეტი და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება. 8 მარტის შეთანხმებას აქვს 2 მთავარი კომპონენტი-  ეს არის პოლიტიკური პატიმრების გამოშვება და საარჩევნო სისტემის შეცვლა, ამ მომენტის მდგომარეობით არცერთი ეს კომპონენტი არ არის შესრულებული. იმისთვის, რომ ამ შეთანხმებას ჰქონდეს პერსპექტივა, იმისთვის, რომ ხვალ ქართული ოცნების მხრიდან არ ვიხილოთ ისეთივე გადაგდება, რაც ყველამ ვიხილეთ ნოემბერში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპული საქართველო ხვალინდელ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

    ევროპული საქართველო აცხადებს, რომ პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრა მნიშვნელოვანია, რადგან პირველი მოსმენით ჩავარდნის შემთხვევაში პროექტი საბოლოოდ ჩავარდნილად ითვლება. მეორე და მესამე მოსმენით ჩავარდნის შემთხვევაში კი ის პარლამენტში რჩება და ნებისმიერ დროს შეიძლება ხელახლა შემოვიდეს კენჭისყრაზე. შესაბამისად, ევროპული საქართველო პროექტის მხოლოდ პირველი მოსმენის კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას, რითაც მათი განცხადებით ხელისუფლებას დამატებით დროს აძლევენ 8 მარტის შეთანხმების შესასრულებლად.

    ელენე ხოშტარიას განცხადებით, ისინი 8 მარტის შეთანხმებას დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან, ამიტომ ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების საშუალებას არ მისცემენ.

    „ჩვენ განსხვავებით ხელისუფლებისგან დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით 8 მარტის შეთანხმების შესრულებას ორივე ნაწილში. გიორგი რურუა უნდა გამოვიდეს და არ მივცემთ ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების უფლებას. ჩვენ ვაძლევთ დამატებით დროს ქართულ ოცნებას მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება და მესამე მოსმენამდე გამოუშვას გიორგი რურუა. ჩვენ გადავარჩენთ პროპორციულ არჩევნებს და მეორეს მხრივ ვაძლევთ ვადას სრული ნორმალიზებისთვის გიორგი რურუას გამოშვების გზით“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

    შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, „ევროპული საქართველო უარს აცხადებდა საკონტიტიციო ცვლილებების მხარდაჭერაზე, იმ არგუმენტით, რომ ხელისუფლება არ ასრულებს პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ეს შეთანხმება შესრულებულად ვერ ჩაითვლება, სანამ გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.  საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვილებების კენჭისყრა ჩატარდება, ხვალ, 21 ივნისს არის ჩანიშნული.

  • იმედი გვაქვს საქართველოს მთავრობა მოიპოვებს ძალას, საბოლოოდ დაანგრიოს რევანშისტ-გადამტრიალებლების  გეგმები – გავრილოვი 20 ივნისის წლისთავზე

    რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს.

    “დღეს შეიძლება ყველაზე სასიხარულო, საზეიმო და მნიშვნელოვანი თარიღი არ არის ჩვენი ქვეყნების ისტორიაში. მნიშვნელოვანია წარსულის გახსენება. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს უმრავლესობას ჯანსაღი გრძნობა ამოძრავებს, ძმობის და ერთიანობის გრძნობა, ჩვენი ერთობლივი ბედის განცდა, რომელიც საერთო ტრავმებზე, საერთო გამარჯვებებზეა და დიდ მართლმადიდებლურ მემკვიდრეობაზეა დაფუძნებული, მემკვიდრეობაზე, რომელმაც გაამდიდრა ჩვენი კულტურა, ცივილიზაციური კულტურა, შექმნა ჩვენი ყოფითი კულტურა, სტუმართმოყვარეობა, ეთმანეთისადმი პატივისცემა, თანასწორობა”

    „ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას იმისთვის, რომ საბოლოოდ გაანადგუროს რევანშისტი-გადამტრიალებლების გეგმები, რომლებსაც საქართველოში დემოკრატიის განადგურება სურდათ. ჩვენ არ ველოდებით ბოდიშს, მაგრამ ვთვლით, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა. ჩვენი საუკუნოვანი ურთიერთობის დანგრევის მცდელობაში დამნაშავე ბინძურმა პროვოკატორებმა პასუხი აუცილებლად უნდა აგონ,” – აცხადებს გავრილოვი.

    შეგახსენებთ, 2019 წლის 20 ივნისს საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეების დასაშლელად ჩაერთო სპეცრაზმი, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. დაშავდა აქციის ათეულობით მონაწილე, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

  • აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაცია “შეწამლეს”

    მოძრაობა „გაბედეს” წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია სადეზინფექციო ხსნარით „შეწამლეს“.

    აქციის მონაწილეები სპეციალური ეპიკირებით იყვნენ და ტანსაცმელზე „ქართული ოცნების” ლიდერების ფოტოები ჰქონდათ მიკრული, რომელიც წითელი ხაზითაა გადახაზული.

    “სახელმწიფოებრიობისთვის კორონაზე მეტ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელმაც გაიმეტა საკუთარი ქვეყნის ახალგაზრდები, ზუსტად 1 წლის წინ თვალები დაკარგეს ადამიანებმა და ამის გამო ბოდიშიც არავის მოუხდია, ამის გამო არავინ დასჯილა. 1 წლის თავზე ჩვენ ვისწავლეთ და ვიცით, რომ “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე წავა. დღევანდელი ჩვენი პერფორმანსი ემსახურება სამთავრობო სტრუქტურების, იმ ადგილების შეწამვლას, რომელი ადგილებიც ივანიშვილისადმი ერთგულებით გამოირჩევიან და ერთ-ერთი ასეთი შენობაა კანცელარია, სადაც გიორგი გახარია ზის, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. იმის ნაცვლად, რომ წასულიყო საერთოდ პოლიტიკიდან და ჩვენი თვალთახედვიდან გამქრალიყო, ის არის დღეს ჩვენი ქვეყნის პრემიერი. ეს არის სირცხვილი და იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილს ქართველი ხალხის პატივისცემა არ გააჩნია. შესაწამლი აპარატებით აქ იმისთვის მოვედით, რომ მომავალ წელს აქ მოსვლა აღარ მოგვიწიოს და წლევანდელ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა საკადრისი პასუხი გასცეს “ქართულ ოცნებას”, – განაცხადა მოძრაობის წევრმა, ბექა ნათელაშვილმა.

    მოძრაობის წევრები გეგმავენ, დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციები „შეწამლონ“, მათ შორის ისინი უკვე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

  • „ქართული ოცნება” 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    “დღეს, ერთი წელი შესრულდა 20 ივნისის მოვლენებიდან და მნიშვნელოვანია, რომ შედარებით მშვიდ ემოციურ ფონზე, კიდევ ერთხელ შეფასდეს და სახელი დაერქვას გასულ წელს განვითარებულ მოვლენებს.

    საქართველომ ბევრი იბრძოლა თავისუფლებისთვის და დღეს ყველამ ვიცით, რომ თავისუფლება პირველ რიგში დიდი პასუხისმგებლობაა. ასეთ დროს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებრივი კონტროლი ხელისუფლებაზე, თუნდაც ჯანსაღი ფორმით გამოხატული პროტესტი, რომელიც ხელისუფლებას შეცდომაზე მიუთითებს, გამოაფხიზლებს და არც მომავალში მისცემს მოდუნების საშუალებას. დემოკრატიული მმართველობის პირობებში, ეს, ხელისუფლების პრობლემა კი არა, ქვეყნის სიმდიდრეა.

    სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ჯანსაღი, აქტიური პროტესტი ქაოსსა და ძალადობაში იზრდება და ამის მაგალითს, ჩვენ, არამხოლოდ საქართველოში ვხედავთ. რასაკვირველია, ასეთ დროს, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, დაიცვას კანონი, სახელმწიფო და საზოგადოება პროცესების კონსტიტუციური წესრიგიდან გასვლისგან, განუკითხაობისა და ძალადობისგან. ეს გახლავთ სწორედ ზემოთხსენებული „თავისუფლების პასუხისმგებლობით“ ნაკარნახევი ვალდებულება.

    დღეს, როცა 20 ივნისის მოვლენებს ვაფასებთ, მომხდარის გაანალიზება სწორედ ამ რაკურსიდან უნდა ვცადოთ, რათა მომავალში მინიმუმადე დავიყვანოთ უკიდურესად დამაზიანებელი პროცესების რეციდივის შანსი. შარშან, ხელისუფლების მიერ დაშვებულ სამწუხარო შეცდომას, საზოგადოების პროტესტი მოჰყვა; ხელისუფლებამ აღიარა დაშვებული შეცდომა და პოლიტიკური პასუხისმგებლობაც აიღო. სამწუხაროდ, დესტრუქციული ოპოზიცია შეეცადა, ეს პროტესტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა და საპროტესტო ტალღა ძალადობრივ აქციაში გადაზარდა. პარლამენტის შენობასა და საპოლიციო ძალებზე მათ ინტენსიური შტურმი მიიტანეს და ფაქტიურად, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა სცადეს. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის შენობაში ძალადობრივი შეჭრის მცდელობა, პრაქტიკულად, ყველა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ხორციელდებოდა და შტურმის ორგანიზატორთა თუ აქტიურ მინაწილეთა მიმართ უტყუარი მტკიცებულებები შეგროვდა, ოპოზიცია, კარგა ხანი, მისთვის ჩვეული უტიფრობით უარყოფდა ფაქტებს, რომლებიც მთელმა საქართველომ საკუთარი თვალით იხილა. თუმცა, გასული ერთი წლის განმავლობაში, ოპონენტებმა არაერთხელ, პირდაპირ თუ ირიბად, დაადასტურეს, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის პარლამენტის შენობაზე მიტანილ შტურმში გადაზრდა, მათ მიერ სპეციალურად დაგეგმილი ოპერაცია იყო, რომლის მიზანს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების პროვოცირება წარმოადგენდა, რათა ხელოვნურად შექმნილიყო ხელისუფლების დამხობის საბაბი. 2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევების ავტორთა გათვლა ცინიკური და ამორალური იყო – მათ კარგად უწყოდნენ, რომ ქართული საზოგადოება უკიდურესად მტკივნეულად რეაგირებს პოლიციის მიერ თუნდაც ლეგიტიმურად გამოყენებულ ძალაზე. ეჭვგარეშეა, რომ მთავარ სახელმწიფო ინსტიტუტზე მიტანილი იერიშის აღკვეთის დროს, აუცილებელი მოგერიების სამართლებრივ რეჟიმში მყოფი საპოლიციო ძალები მოქმედებდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. სამწუხაროდ, კანონის ფარგლებიდან გასული აქციის შეწყვეტის მიზნით ჩატარებული ლეგიტიმური ოპერაციის დროს მძიმე ფიზიკური დაზიანება მიიღეს როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ასევე პოლიციელებმა; დაზარალდნენ მედიის წარმომადგენლები. მათი ჯანმრთელობის დაზიანება ამ მოვლენების ყველაზე მძიმე შედეგი იყო და სამართლებრივის გარდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც, ამ შედეგებზე, 20 ივნისის დანაშაულებრივი ავანტიურის ორგანიზატორებს ეკისრებათ. ამ მოვლენების შედეგად, ხელისუფლებამ დემოკრატიის ტესტი წარმატებით ჩააბარა და სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დატოვა პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები და იმავდროულად, ყველაფერი გააკეთა დაზარალებულთა ჯანმრთელობის რეაბილიტაციისთვის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შტურმის მონაწილეთა მხრიდან დანაშაულის ჩადენა დაადასტურა სასამართლომ და შტურმში მონაწილე აბსოლუტურმა უმრავლესობამ თავადვე აღიარა ჩადენილი დანაშაული.

    დღეს, ამ მძიმე მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ, როდესაც ემოციები დალექილია და ცივ გონებაზე შეგვიძლია ფაქტების განსჯა, კიდევ უფრო თვალსაჩინოა განსხვავება დემოკრატიული ღირებულებების ერთგულ, ეფექტურ და საკუთარ ხალხზე მზრუნველ ხელისუფლებასა და დესტრუქციაზე ორიენტირებულ და ძალაუფლების დაბრუნებისთვის ყველაფერზე წამსვლელ ძალებს შორის. პანდემიის წინააღმდეგ ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს წარმატებულმა ბრძოლამ ეს განსხვავება კიდევ უფრო მკაფიო გახადა: “ქართული ოცნების” ერთიანი სახელისუფლებო გუნდის ეფექტიანმა ნაბიჯებმა და საზოგადოების კონსოლიდაციამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი ოპოზიციის დესტრუქციულ დღის წესრიგს, რომელიც, ამ პირობებშიც საკუთარი ხალხის, საკუთარი სახელმწიფოსა და მისი ხელისუფლების დაზიანებაზე იყო ორიენტირებული, რაც ცხადია, არ გამოუვიდათ ისევე, როგორც არ გამოუვიდათ და არასდროს გამოუვათ არეულობის ნებისმიერი მცდელობა. ნდობადაკარგული და სრულიად გაკოტრებული ძალები ვეღარასდროს ჩაიგდებენ ხელში ძალაუფლებას და ვეღარ იძალადებენ ხალხზე.

    ჩვენ ვგრძნობთ საზოგადოების მხარდაჭერას, ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და მომავლის წინაშე, ამიტომ, „ქართული ოცნება“, ქართველ ხალხთან ერთად, ყოველ ჯერზე წარმატებით დაძლევს ყველა გამოწვევას, წინ აღუდგება ოპოზიციის დესტრუქციულ დღის წესრიგს და ისევე დამაჯერებლად გაიმარჯვებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, როგორ დამაჯერებლადაც ყველა ერთად დავუპირისპირდით გლობალურ პანდემიას. ჩვენ, ყველა ერთად, ქვეყანას საბოლოოდ გავიყვანთ გამარჯვების გზაზე და ღირსეულ ადგილს დავუმკვიდრებთ თავისუფალ, ევროპულ, დემოკრატიულ ოჯახში!”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ინფიცირებული 3 ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ხოლო 2 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია – ეზუგბაია

    ინფიცირებული 3 ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ხოლო 2 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია – ეზუგბაია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან ერთი პირი სატვირთოს მძღოლია და ეს შემთხვევა სხვა ქვეყნიდან შემოტანილად ითვლება, ხოლო ორი – ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება.

    მისივე განცხადებით, დღეს “კოვიდ19”-სგან 11 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

    “მხოლოდ სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და დღეს 898 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. დაემატა 11 გამოჯანმრთელებული და ახლა გვყავს 752. დღევანდელ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, 132 პაციენტი მკურნალობს კოვიდის ცენტრებში. ახალი სამი შემთხვევიდან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია და ეს შემოტანილ შემთხვევად ითვლება, ხოლო ორი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი – ერთი ბოლნისი და ერთი მარნეული,”- განაცხადა ეზუგბაიამ.

  • შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ თანამდებობა დატოვა

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა. რა გახდა მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

    “15-წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე საჯარო სამსახური. ასე და ამგვარად”, – წერს ჯავახაძე. 

    ნინო ჯავახაძე ამჟამინდელი პრემიერის, გიორგი გახარიას მოადგილე იყო ჯერ ეკონომიკის, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროში.

     

     

     

  • რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილი აქციის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით იზღუდება

    რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი შეკრება-მანიფესტაციის გამო, დღეს, 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ავტომანქანების მძღოლები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებას ალტერნტიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.

    უფრო კონკრეტულად, თბილისის მერიის ინფორმაციით, მელიქიშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავ ავტომობილებს შეეძლებათ, ლესია უკრაინკას, ჟვანიასა და ჩიტაძის ქუჩებზე გადაინაცვლონ, ხოლო უკუმიმართულებისას, ფურცელაძის, თაბუკაშვილისა და ჯორჯაძის ქუჩების გამოყენებით იმოძრაონ.

    რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება და გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგი მარშრუტით:

    N6, N14, N33, N42, N52, N58, N61, N87, N88 და N150 ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, მელიქიშვილის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე მოხვდებიან. უკუმიმართულებისას, აღნიშნული მარშრუტები თავისუფლების მოედანზე დატრიალდებიან და მარჯვენა სანაპიროზე გავლენ, საიდანაც თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) მიმდებარე ტერიტორიას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდებიან, შემდეგ კი, მოძრაობას დადგენილი მარშრუტით გააგრძელებენ.

    ავტობუსების – N31, N37 და N46 მარშრუტები მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით მოძრაობისას, ასევე, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით ისარგებლებენ და მარჯვენა სანაპიროს გავლით, მოძრაობას ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით გააგრძელებენ, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებისას, იმავე მარშრუტით კოსტავას ქუჩას დაუკავშირდებიან, შემდეგ კი გადაადგილებას დადგენილი სქემით შეძლებენ.

    რაც შეეხება N20, N3 და N95 მარშრუტებს, მათ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, სქემა არ ეცვლებათ. უკუმიმართულებისას, ბარათაშვილის ხიდიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გავლენ და კვლავ ბარათაშვილის ხიდის გავლით, მოძრაობას მარჯვენა სანაპიროსკენ გააგრძელებენ, ხოლო შემდგომ ზაარბრიუკენის ხიდის მეშვეობით, დადგენილი სქემით იმოძრავებენ; N124 ავტობუსის ბოლო გაჩერება მეტროსადგურ „რუსთაველის“ ნაცვლად, ბარათაშვილის ქ. N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებს; N80 მარშრუტი კი თავისუფლების მოედანზე დატრიალდება და მოძრაობას ე.წ. კონკასთან დაასრულებს.

    მიკროავტობუსები – N2, N31, N41, N64, N72, N120, N133, N137 და N170 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, მელიქიშვილის ქუჩიდან ასევე, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებისას, ბარათაშვილის ქუჩის დახმარებით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხვდებიან და ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებენ; N10, N140 და N149 მიკროავტობუსები კოტე აფხაზის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. შემდგომ გადავლენ მარცხენა სანაპიროზე და ბარათაშვილის ხიდის გავლით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხვდებიან, ჭანტურიას ქუჩიდან კი შეეძლებათ, დადგენილი სქემით იმოძრაონ.

    N145 მიკროავტობუსი თავისუფლების მოედნისკენ მელიქიშვილის ქუჩის გავლით იმოძრავებს. კერძოდ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის, მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩის გავლის შემდეგ, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხვდება და მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს.

  • საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 11-ით გაიზარდა

    საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 11-ით გაიზარდა

    საქართველოში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 898 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 11-ით გაიზარდა და 752 გახდა.

    კარანტინის რეჟიმშია 2891 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 256 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

    ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • ევროპელები და ამერიკელები ჯანმო–ს რეფორმირებაზე მუშაობენ, რომლის საქმიანობით უკმაყოფილება იზრდება

    ევროპელები და ამერიკელები ჯანმო–ს რეფორმირებაზე მუშაობენ, რომლის საქმიანობით უკმაყოფილება იზრდება

    ევროპის მთავრობები შეერთებულ შტატებთან ერთად მუშაობენ გეგმაზე, რომლის მიზანიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეფორმაა. ამი შესახებ ბრიუსელში ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის წამყვანი ჯანდაცვის ოფიციალური პირი საუბრობს. აღნიშნული მიუთითებს, რომ ევროპელები ვაშინგტონის ორგანიზაციით უკმაყოფილებას იზიარებენ.

    ოფიციალური პირის განცხადებით, რომელმაც საუბარი ანონიმურად ისურვა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეფორმირებას განიხილავენ.

    მიზანი ორგანიზაციის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა. ვაშინგტონი დიდი ხანია ორგანიზაციას ბრალს დებს, რომ მან ჩინეთს ხელი შეუწყო ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვაში.

    რეფორმები ორგანიზაციის დაფინანსების სისტემას უკავშირდება და ამ დაფინანსების უფრო გრძელვადიანად განსაზღვრას. ამ დროისთვის, ორგანიზაცია ორწლიანი ბიუჯეტით მოქმედებს, რამაც შესაძლოა ორგანიზაციას ავნოს, რადგან კრიზისის დროს ფინანსების მოპოვებამ, შესაძლოა, მის დამოუკიდებლობას საფრთხე შეუქმნას, ამბობს წყარო.

    პრეზიდენტი ტრამპი უკვე დიდი ხანია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთთან სიახლოვეში დებს ბრალს. მან უკვე განაცხადა, რომ ის ამ ორგანის დაფინანსებას უწყვეტს. ევროპელები ამ დრომდე ორგანიზაციას ვაშინგტონის კრიტიკისგან იცავდნენ.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “ეს ბოლო ფოტოა სადაც ორივე საკუთარი თვალი მაქვს”- მაკო გომური

    20 ივნისის აქციის დაზარალებული მაკო გომური სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. სტატუსთან ერთად ის საკუთარ ფოტოსაც ურთავს, რომელიც 2019 წლის 20 ივნისსაა გადაღებული. როგორც მაკო გომური წერს ეს მისი ბოლო ფოტოა სადაც ორივე საკუთარი თვალი აქვს. 

    “20 ივნისი
    20 ივნისი
    20 ივნისი

    მთელი ერთი წელია,ამის გარდა არაფერი ტრიალებს გონებაში.
    ბევრ რამეს ვუშვებ,ბევრ რამეზე ვიწყებ ფიქრს,ბევრ რამეს ვაკეთებ,მაგრამ 20 ივნისზე ფიქრით იწყება დღე და მთავრდება.

    ვინ იყო მაკო 20 ივნისამდე?

    ბავშვობაში,მახსოვს,მამაჩემი ხეების ტოტებს დასდევდა,რაც გამოშვერილი იყო,ამტვრევდა-თვალი არ იტკინოვო.
    უფრო ძალიან ადრე, სამსახურში მიდიოდა,მოტრიალდა,თვალებზე მაკოცა,წავიდა,გავეკიდე,თან ხელში ნაფოტი მეჭირა,წავიქეცი და ნაფოტზე თვალის ქვედა მხარე დავარტყი.შრამი ახლაც მაქვს იმ დიდ შრამებთან ერატად.მაშინ გადავრჩი.
    გავიზარდე, გავხდი ჩვეულებრივი გოგო,თავისი ცხოვრებით,უნივერსიტეტითა და სამსახურით და ზოგჯერ ცოტა გართობებით,თუ დრო დარჩებოდა.
    ცოტა არეული გოგო,მაგრამ წყნარი ცხოვრებით.

    ვინ გახდა მაკო 20 ივნისის შემდეგ?

    ,,ეს ის გოგოა,აი რუსთაველზე რომ თვალი ამოსთხარეს”
    გავლისას უკან გამოყოლებული ფრაზა.

    იცით,რა ცუდი მოსასმენია?
    არა არ იცით,მარტო იმათმა ვიცით,ვისაც რუსთა ველზე თვალი ამოგვთხარეს.

    და რის გამო?
    ან ვის გამო?
    ან ვინ?
    ან რატომ?
    რას ვუშავებდი?
    რას ვაშავებდი?

    კითხვები,მხოლოდ კითხვები.
    პასუხების გარეშე.
    კითხვები,რომელიც გჭამს,ტვინს გიჭამს,ქაოსს ქმნის.
    ქაოსს,რომელსაც 1 წელია ვერ დავაღწიე თავი.

    გარეთ ასეთი ვარ-ლაღი,კარგი,მხიარული,ათასი და კიდევ ათიათასი სისულელე.

    სინამდვილეში,ყოველთვის დიდი ქაოსია თავში,გონებაში.
    რადგან უსამართლობაა ყოველ ფეხის ნაბიჯზე.
    რადგან ზოგჯერ შენი არ ესმით და გინდა გააგებინო.
    რადგან გინდა იყვირო,ისე იყვირო,როგორც ტყვიის მოხვედრისას დავიყვირე,როგორც 2 დღის უკან ფეიერვერკის გასროლისას დავიყვირე,შემეშინდა და ძალიან დავიყვირე.

    ხო,20 ივნისის შემდეგ ბევრი შიში გაჩნდა.
    ზოგჯერ პარლამენტთან მექანიკურად სწრაფად ჩავივლი ჰოლმე.

    გასროლის ან შეჯახების ხმის დროს ვიმალები.

    როდესაც ვინმე მაკვირდება,მასაც ვემალები ჰოლმე.

    არ ვიცი,რამდენ ხანს გაგრძელდება ეს.

    შენ ძლიერი ხარ
    სადაც აქამდე მოხვედი,ცოტაც რა
    დაიკიდე რას გეტყვიან

    ხო,აქამდე მოვედი,ზუსტად ვიცი ბოლოშიც გავალ,ისიც ვიცი,ბოლო უჯრედიდან გამოვიღებ ძალას.

    ხალხი?

    მათიც მესმის,დაღლილია,დათრგუნულია,ვეღარ იგებენ ვინ მართალია,რომელია სწორი გზა და ა.შ.

    იმ ქალისაც მესმის,პარლამენტის წინ ბლოგის ჩაწერის დროს ,,ნაციონალისტი” რომ მეძახა.
    შეიძლება,ჩვენი ბრალიცაა.
    საკმარისად ვერ ვაჩვენეთ,ვერ დავანახეთ ხალხს სიმართლე და სწორი გზა,არ ვიცი.

    უბრალოდ გული მწყდება,როდესაც უსამართლოდ ჩემსკენ გამოსროლილ სიტყვებს ვიგებ.
    რადგან ასე არაა.
    და ამის ყვირილიც მინდა ზოგჯერ,რომ არავისტი არ ვარ.
    მე ვარ 19 წლის ბავშვი,რომელსაც უსამართლოდ ესროლეს და ეძებს სამართალს.
    რადაც არ უნდა დამიჯდეს ვიპოვი.

    ისიც ვიცი,ხშირად მომაძახებენ რომ მე ვლაპარაკობ მაინც და იმათმა რა ქნან,ვინც ვეღარასდროს დაილაპარაკებს.

    რომ მე ვითხოვ მაინც და იმათმა რა ქნან,ხმა რომ არ ამოაღებინეს.

    რომ მე ვიბრძვი და მათ ბრძოლის უფლებაც წაართვეს.

    რომ მე მიმკურნალეს მაინც და ისენი ცოცხალ-მკვდრები მიატოვეს.

    და როდემდე?
    ასე უნდა შევეგუოთ მომავალშიც ძალადობას?
    მე არ ვაპირებ.

    თუნდაც ბრძოლის ბოლოს სულ მარტო დავრჩე,ბოლო წამამდე ვიზამ იმდენს,რომ საკუთარი სამართალი ვიპოვო.

    არ ვიცი,როგორი 1,5,10,20,50 წელი იქნება მომავალში.
    სად ვიქნები ან რას გავაკეთებ.
    ერთი ვიცი,ყოველთვის ვეცდები,ვიყო ბოლო ვისაც ამ ქვეყანაში თვალებს ამოსთხრიან.

    ეს ფოტო იცით ალბათ,ბოლო ფოტოა სადაც ორივე საკუთარი თვალი მაქვს.
    ის ხელი ჩემი დისაა.
    რომ ჩამკიდა,აღარ გაუშვია ოცი ივნისის შემდეგ.

    გახარია რამდენიც არ უნდა იძახო,რომ არ გახსოვს რა მოხდა და გავიწყდება,რამდენიც არ უნდა აპრავო რომ ჩვენი თვალებით შტურმი აარიდე მაგ წყეულ შენობას, სიმართლეს ვერ მოკლავ ჩემში,ვერც ხალხში. არასდროს იგივეს არ ვუსურვებ შენს შვილებს. მიახლივებულსაც კი. შენ კი იმას გისურვებ ორი თვალით დაინახო ის,რასაც მე ვხედავ ერთით. იქნებ შეძლო.

    ხვალ მივალ ისევ იქ,ვინც არ უნდა მოვიდეს,რომელმა პოლიტიკოსმაც არ უნდა ილაპარაკოს,მივალ და ჩემს წილ პროტესტს გამოვხატავ და ჩემს სათქმელს იქაც გეტყვით.

    მახსოვს და ერთი თვალითაც გხედავთ,უფრო კარგად,ვიდრე აქამდე.

    ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze 200 ნაცის თავის დათვლა არ დაგავიწყდეს,თუ მეტის თვლა არ იცი,დაგეხმარები და ერთად ვითვალოთ?

    ხვალამდე”- წერს მაკო გომური სოციალურ ქსელში.

    2019 წლის 20 ივნისს მაკო პირველად წავიდა საპროტესტო აქციაზე და თვალში მოხვედრილმა რეზინის ტყვიამ მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. 1 წლის განმავლობაში იყო დაკითხვები პროკურატურაში, ოპერაციები – საქართველოსა და გერმანიაში, ბრძოლა დაზარალებულის სტატუსისთვის, აქციები, სარჩელები და მცდელობები, მიჩვეოდა სხვანაირ ცხოვრებას. ამ შეცვლილ ცხოვრებაში მაკო თვალის პროთეზს ეჩვევა, ხშირად და სხვადასხვა კონტექსტში ესმის საკუთარი სახელი და ცდილობს არ დაკარგოს იმედი, რომ ერთ დღესაც იპოვის მას, ვინც მისი მისამართით ისროლა “გავრილოვის ღამეს”.