Category: ახალი ამბები

  • სერგეი გავრილოვმა ქართულ Facebook ჯგუფში დაპოსტა

    რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა Facebook-ჯგუფ “მილიონ ქართველში” საკუთარი ვიდეო დაპოსტა. მისი საქართველოში ჩამოსვლიდან 1 წლისთავზე, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა, გავრილოვმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ითხოვს, რომ ქართველმა ხალხმა და ხელისუფლებამ პუტინს ბოდიში მოუხადოს.

    საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე აქტიური ჯგუფში მის პოსტს მომხმარებლების გაღიანება მოჰყვა და გინებითა და დაცინვით უპასუხეს.

    ჯგუფის ადმინისტრატორი, ივერი ბალახაშვილის ინფორმაციით, გავრილოვმა ჯგუფში კიდევ ერთი პოსტის გაზიარება სცადა, თუმცა მას ამ პოსტის დადების უფლება არ მისცეს.

    გასული წლის 20 ივნისს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტში ჩატარდა, რა დროსაც კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. ამან ქართული საზოგადოებისა და ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია, რასაც იმავე დღეს მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მოჰყვა.

    ღამით, სამართალდამცავებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია ძალადობრივად დაარბიეს, რა დროსაც ათობით მოქალაქე დაშავდა.

  • ვინ არ დაუჭირა მხარი საარჩევნო ცვლილებებს – დეპუტატების სია

    პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული კენჭისყრის ანგარიშიდან ირკვევა, რომ რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილების კონსტიტუციურ კანონის მხარი დაუჭირა, 5-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

    ესენი არიან:

    • ემზარ კვიციანი
    • ბიძინა გეგიძე
    • დავით ჭიჭინაძე
    •  ალექსანდრე ერქვანია
    • კახა ოქრიაშვილი

    საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია “ნაციონალურ მოძრაობას”. სხდომას ესწრებოდა, თუმცა მონაწილეობა არ მიიღო ნატო ჩხეიძემაც, რომელმაც თქვა, რომ საარჩევნო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა.

     

  • თბილისის 100-მდე ქუჩა, რომელსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის 100-მდე ქუჩა, რომელსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 22 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

    საბურთალოს რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), მისის დასახლება, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, მარიჯანის, მიხა ხელაშვილის და ექვთიმე ხელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას III კვარტლის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, ზემო ვეძისის დასახლების, ბუდაპეშტის, ვახტანგ ჩიქოვანის, მეგრელიძის, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, ლვოვის, ივანე ბერიტაშვილის, ნოშრევან ჯიშკარიანის, დავით ართმელიძის, შალვა ნუცუბიძის, მარგიანის და პაბლო პიკასოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსანდრე დიუმას, ვერცხლის, შოთა ნიშნიანიძის, პუშკინის, კალისტრატე ცინცაძის, ავლევის, კოტე აფხაზის, ოქრომჭედლების, ყავლაშვილის და დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის  გამზირის და იროდიონ ევდოშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი

    10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟანიშვილის,  ილურიძის, დიდი-ჯიხაიშის, ზედაზენის, იმერეთის, ლომთათიძის, ილორის და სვერის  ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი

    10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო  დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი ნადარეიშვილის, ბესიკ გეთიას, პაატა ჯანელიძის, ბოგდან ხმელნიცკის და არსენ იყალთოელის  ქუჩების მაცხოვრებლებს.

    11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, იორის, იუნკერთა და ნავთლუღის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი

    გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ქერჩის, ხევისპირის, წყაროთუბნის, დავით ჯაბიძის, მწვანე, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის, ბარალეთის, ლიბანის და გმირ კურსანტთა (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III, IIIა, IV  მიკრორაიონების, ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-2 IIIა მიკრორაიონის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რაფიელ დვალის, ვიქტორ კუპრაძის, კოტეტიშვილის, ჯავახეთის, თრიალეთის,  სადგერის, რწმენის, აკაკი ჩხენკელის, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის და სესილია თაყაიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

  • ისტორიაში ვერ ვიხსენებ ფაქტს, როცა პარტიამ მხარი არ დაუჭირა იმას, რასაც მხარს უჭერდა – თალაკვაძე ენმ-ზე

    ისტორიაში ვერ ვიხსენებ ფაქტს, როცა პარტიამ მხარი არ დაუჭირა იმას, რასაც მხარს უჭერდა – თალაკვაძე ენმ-ზე

    პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ნაციონალურ მოძრაობაზე ამბობს, რომ  პოლიტიკის ისტორიაში ვერ იხსენებს ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა იმას, რასაც ამბობდა, რომ მხარს უჭერდა.

    “მე ვერ ვიხსნებ პოლიტიკის ისტორიაში ვერცერთ ფაქტს, როდესაც პოლიტიკურმა პარტიამ, ამ შემთხვევაში ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლო, რომ მხარი არ დაეჭირა იმისთვის, რასაც ამბობს, რომ მხარს უჭერს. ისინი ამბობენ რომ მხარს უჭერენ ამ ცვლილებებს, რომ ეს საჭიროა, კარგია მაგრამ ასევე დღეს გამოჩნდა, რომ მათ კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა და მხარი არ დაუჭირეს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    ცნობისთვის, დღეს საარჩევნო სისტემის პირველი მოსმენის კენჭისყრაში ნაციონალურმა მოძრაობამ მონაწილეობა არ მიიღო. პარტიის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერდნენ, თუ 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდებოდა და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებდა, რაც არ მოხდა.

  • “ევროპულმა საქართველომ” დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა – დავით ბაქრაძე

    “ევროპულმა საქართველომ” დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა – დავით ბაქრაძე

    “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მისი პარტიის 20 ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და კენჭისყრაში მონაწილეობით პროპორციული საარჩევნო სისტემა გადაარჩინეს.

    მისი თქმით, კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენით მხარს არ დაუჭერენ, თუ ხელისუფლება გიორგი რურუას არ გაათავისუფლებს და 8 მარტის შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს.

    „დღევანდელი განხილვებიდან და გამოსვლებიდან ჩანდა, რომ არსებობდა ძალიან მაღალი საფრთხე, პროცესები წასულიყო ნოემბრის სცენარით, როდესაც „ოცნების“ ლიდერები გვარწმუნებდნენ, რომ ხმები იყო და სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ პროპორციული სისტემა ჩავარდა. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერას და 20 ხმას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამ დარბაზში სწორი კლიმატის შექმნისა და პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთვის.

    ამავე დროს, ჩვენი პოზიცია არის სრულიად მკაფიო, ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ არ დავუჭერთ მხარს მეორე და მესამე მოსმენით ამ კანონპროექტს, თუ ხელისუფლება საკუთარ ვალდებულებას არ შეასრულებს, არ გაათავისუფლებს გიორგი რურუას და ამით მთლიანად 8 მარტის შეთანხმებას არ შეასრულებს. ამიტომ, ბურთი არის ხელისუფლების მხარეს. ჩვენ დღევანდელი კენჭისყრით უზრუნველვყავით, რომ პროცესი დაიწყო და გაგრძელდა. ახლა არის ხელისუფლების გადასაწყვეტი, თუ ისინი 8 მარტის შეთანხმებას შეასრულებენ, ჩვენ მზად ვიქნებით მხარი დავუჭიროთ მეორე, მესამე მოსმენით, თუ არა შედეგებზე პასუხისმგებელი მთლიანად „ქართული ოცნება“ იქნება“,-აცხადებს ბაქრაძე.

    პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

    რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ 5 დეპუტატი წავიდა.

  • მეორე მოსმენის დროს მეტი რისკები გვექნება – ლევან კობერიძე

    მეორე მოსმენის დროს მეტი რისკები გვექნება – ლევან კობერიძე

    დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებების მეორე მოსმენა მეტ რისკებს შეიცავს.

    „ეს ნიშნავს იმას, რომ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა პირობა შევასრულეთ. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება არის მიღებული დღეს, გარანტია და ნდობა არ გამაჩნია „ქართული ოცნების“, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. მინდა გითხრათ, რომ მეორე მოსმენის დროს მეტი რისკები გვექნება”, – ამბობს ლევან კობერიძე.

    რამდენიმე წუთის წინ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა სისტემის ცვლილებას მხარი დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ 5 დეპუტატი წავიდა.

    ცნობისთვის, ევროპული საქართველო აცხადებს, რომ მეორე მოსმენის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუ მანამდე გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მათ დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა რურუას გათავისუფლების შემთხვევაში, როგორც ამბობენ, მიიღებენ.

  • პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

    პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

    პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

    რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ 5 დეპუტატი წავიდა.

    ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. მაგალითად, თუ პარტია საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს.

    რაც შეეხება ოლქებს, თბილისში 8 სამაჟორიტარო ოლქი იქნება, კახეთში 2 , ქვემო ქართულში 3 , შიდა ქართლში 2 , მცხეთა -მთიანეთში 1 , სამცხე-ჯავახეთში 2 , გურიაში 1 , სამეგრელოში 3, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში 1 , იმერეთში 4, ხოლო აჭარაში 3.

    აღნიშნულ შეთანხმებას ოპოზიციამ და ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 8 მარტს მიაღწიეს.

  • ნატო ჩხეიძე საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარს არ დაუჭერს

    ნატო ჩხეიძე საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარს არ დაუჭერს

    დამოუკიდებელი დეპუტატი და მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისათვის” თავმჯდომარე ნატო ჩხეიძე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ცვლილებებზე პასუხისმგებლობა “ქართულმა ოცნებამ” აიღო, შესაბამისად ეს ვალდებულებაც მანვე უნდა შეასრულოს.

    “ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ახლა იხილება პარლამენტში, არ არის არც იდეალური, არც უკეთესი… ცვლილებები აუცლებელია ქვეყანაში, რადგან ამ ცვლილებების მომლოდინეა საზოგადოება და ეს ცვლილებებია სწორედ ქვეყნის სტაბილურობის გარანტი. მაგრამ ჩემი მხარდაჭერა არ ექნება ამ კანონპროექტს დღეს, რადგან ცვლილბებზე პასუხისმგებლობა და ვალდებულება აღებული იყო ქართული ოცნების მიერ და ეს ვალდებულება საზოგადოების წინაშე უნდა შეასრულოს ოცნებამ”, – თქვა ჩხეიძემ.

    ამ დროისთვის ცნობილია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს დავით ჭიჭინაძე, ემზარ კვიციანი, კახა ოქრიაშვილი, ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანიაც.

  • ჩემი მხარდაჭერა საარჩევნო სისტემის ცვლილებებს არ ექნება – ჭიჭინაძე

    ჩემი მხარდაჭერა საარჩევნო სისტემის ცვლილებებს არ ექნება – ჭიჭინაძე

    ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ არ არსებობს არგუმენტები, როგორ აჯობებს ხალხის მსახურებაში 73 მაჟორიტარს 30, ამიტომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

    “ყველა ცვლილება, ზოგადად, უკეთესობას უნდა ემსახურებოდეს და ხალხის პირობების გაუმჯობესებას. სამწუხაროდ, ძალიან გაუგებარია. ვაჭრობის თემაა ამ შეთანხმებაში. რატომ არცერთი არგუმენტი არ არსებობს 73 მაჟორიტარს როგორ უნდა აჯობოს 30-მა. 20 ივნისს აქ იყო გადაწყვეტილება, რომ პროპორციულზე გადადიოდა ქვეყანა, გასაგები იყო ეს არგუმენტი, მაგრამ როგორ უნდა აჯობოს 30-მა მაჟორიტარმა 73-ს ხალხის მსახურებაში ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია.

    გამოდის, რომ ამდენი ცვლილებები, რომლითაც ამაყობდა ქართული ოცნება, 2017 წელს განხორციელებული ცვლილებები ტყუილად ჩატარებულა. როდის ვიტყუებოდით დღეს, თუ მაშინ? თუ რომელიმე ძალას არ აწყობს სისტემა, ყველას აქვს საშუალება, მოიპოვოს ხალხის მხარდაჭერა, მოვიდეს [ხელისუფლებაში] და ჩაატაროს შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილება. ამიტომ, ჩემი მხარდაჭერა ამ ცვლილებებს არ ექნება”,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

    ამ დროისთვის ცნობილია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს ემზარ კვიციანი, კახა ოქრიაშვილი, ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია და ნატო ჩხეიძეც.

     

  • სიმშვიდე არ დაისადგურებს მანამ, სანამ ტაძრის ნანგრევებზე ისევ ტაძარი არ აშენდება – ერქვანია

    პარლამენტის დეპუტატი ალექსანდრე ერქვანია ამბობს, რომ პოლიტიკოსებისთვის დღეს ევროპარლამენტარების, კონგრესმენების სიტყვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოსახლეობის, ამიტომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

    “სამარცხვინოა, როცა ქვეყნისთვის ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, როგორიც საარჩევნო სისტემაა, ელჩებისა და დიპლომატების სადილებსა და ვახშმებზე წყდება. დღეს ქვეყანა არსებული პრობლემები არავის აინტერესებს, ყველა იბრძვის ძალაუფლებისთვის. ამიტომ ამ პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად მიღებულ შეთანხმებას ჩემი მხარდაჭერა არ იქნება”, – ამბობს ერქვანია.

    მან 20 ივნისს, გავრილოვის ღამეს დაზარალებულ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ სიმშვიდე მანამდე არ დაისადგურებს, “სანამ ტაძრის ნანგრევებზე ისევ ტაძარი არ აშენდება”.

    “სამწუხაროდ, უამრავი ტრაგედიისა და დაღვრილი სისხლის მომსწრეა ეს ადგილი[პარლამენტი] და ეს გაგრძელდება და აქ სიმშვიდე არ დაისადგურებს მანამ, სანამ ტაძრის ნანგრევებზე ისევ ტაძარი არ აშენდება”,- თქვა დეპუტატმა.