Category: ახალი ამბები

  • აშშ–ის საზღვაო ხომალდი “პორტერი” ბათუმის პორტში შევიდა

    აშშ–ის საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის საზღვაო ხომალდი “პორტერი” ბათუმის პორტში შევიდა შევიდა.

    საელჩოს ინფორმაციით, ხომალდის შემოსვლის მიზანი საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებისა და რეგიონული საზღვაო სტაბილურობის გაძლიერებაა.

    “სიხარულით მივესალმებით აშშ-ის საზღვაო ხომალდ “პორტერს” შავ ზღვასა და ბათუმის ულამაზეს პორტში, სადაც უკვე მესამედ შემოდის.

    ვიზიტის მიზანი საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებისა და რეგიონული საზღვაო სტაბილურობის გასაძლიერებლად ჩვენს ნატოს წევრ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ერთობლივი მზაობისა და საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაა”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

  • საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 7

    საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 7

    საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო რაოდენობა 911–მდე გაიზარდა. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7–ით გაიზარდა და 768 გახდა.

    საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 2662 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 255 პირი.

  • მსოფლიოში Covid19-ის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კვირას განაცხადა, რომ 24 საათში გლობალურად ახალი კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. მსოფლიოს გარშემო ინფიციერბის 183,000 შემთხვევაა გამოვლენილი. ორგანიზაციის თქმით, გავრცელების ეპიცენტრი ახლა უკვე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაა ბრაზილიაში 55,000, შეერთებულ შტატებში კი 36,000 ახალი შემთხვევით. ასევე მაღალია მონაცემები ინდოეთში, სადაც 15,000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

    ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ პრობლემა არა თავად ვირუსი, არამედ გლობალური სოლიდარობის არ არსებობაა.

    „ჩვენ დაყოფილ მსოფლიოში ამ ვირუსს ვერ დავამარცხებთ“, – თქვა მან.

    შემთხვევების რაოდენობა იზრდება ამერიკის ათზე მეტ შტატში. ექსპერტები ამბობენ, რომ ზრდა ნაწილობრივ ტესტირების გახშირებას უკავშირდება, თუმცა ეს არაა მთავარი ფაქტორი. ის ასევე ინფიცირების შემთხვევების რეალური რიცხვის მატებას და სიტუაციის სერიოზულობას აჩვენებს.

    პრეზიდენტი ტრამპი უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ ის ფიქრობ რომ შეერთებულ შტატებში შემთხვევების ზრდა ტესტირების გახშირებას უკავშირდება.

    „ჩვენ კორონავირუსზე უფრო მეტ ტესტს ვატარებთ (25 მილიონი) და იმდენად წინ ვართ, რომ ეს ისე ჩანს თითქოს უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, განსაკუთრებით პროპორციულად თუ შევხედავთ, ვიდრე სხვა ქვეყნებს“, – დაწერა პრეზიდენტმა „ტვიტერზე“.

     

  • სადაც კანდიდატს  დავაყენებთ, იქ მოვიგებთ, არც სააკაშვილს ვეკითხებით, არც ბოკერიას– ელისაშვილი

    სადაც კანდიდატს დავაყენებთ, იქ მოვიგებთ, არც სააკაშვილს ვეკითხებით, არც ბოკერიას– ელისაშვილი

    სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სადაც კანდიდატურას დააყენებენ, იქ მოიგებენ, კანდიდატის შეთანხმებას კი არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ აპირებენ.

    “ჩვენ სადაც დავაყენებთ კანდიდატურას, იქ მოვიგებთ აუცილებლად. და ჩვენ სად დავდგებით და სად დავაყენებთ კანდიდატურას, ამას არც სააკაშვილს შევეკითხებით, არც გიგა ბოკერიას, ჩემო ბატონო და ბიშინა ივანიშვილისთვის საერთოდ არაფრის კითხვას ვაპირებთ.

    არავის ოპოზიციაში არ ვართ, ჩვენ ვართ ჯანსაღი ალტერნატივა, ის სუფთა წარსულის ხალხი, რომელიც დგას შუაში”,– ამბობს ელისაშვილი ტვ პირველზე.

    მან თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები გიორგი ვაშაძისა და ნიკა მელიას შანსებიც შეაფასა. ელისაშვილი აზრით, გიორგი ვაშაძეს ისნის ოლქში დავით ჭიჭინაძე აჯობებს.

    “გიორგი ვაშაძე რომ ისანში ვერ მოიგებს, ეს არის დღესავით ნათელი. თუ გინდათ, დავნიძლავდეთ, ვინ მოიგებს ისანში, დავით ჭიჭინაძე ათი თავით აჯობებს და მაშინ რატომ უყენებენ და რატომ აკეთებენ ასეთ რაღაცებს”,–ამობობს სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი.

    მისივე შეფასებით, ნიკა მელია “შუბლით გაანგრევს გლდანს”.

    თუ აყენებ კანდიდატურას, ისეთი მებრძოლი უნდა [დააყენო]. ნიკა მელიაზე ხომ არაფერს ვამბობ, არა? შუბლით გაანგრევს იმ გლდანს …

    მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტან ნაციონალურ მოძრაობას, არის ვაჟკაცი ბიჭი და მხარს ვუჭერ ღიად, იმიტომ რომ არის მებრძოლი ბიჭი. ნიკა მელია რა შედეგს დადებს, აგერ ვნახავთ. ხაბეიშვილიც მაგარი დაქოქილია და მის შედეგსაც ვნახავთ”,– განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

     

  • ანა დოლიძეს ბატონი რიჟა რომ აფინანსებდეს, ჩემთვის თავზარდამცემი ამბავი იქნება – ელისაშვილი

    ანა დოლიძეს ბატონი რიჟა რომ აფინანსებდეს, ჩემთვის თავზარდამცემი ამბავი იქნება – ელისაშვილი

    სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ანა დოლიძემ ის დაარწმუნა, რომ დაფინანსებას ბიზნესმენი გიორგი კაპანაძისგან არ იღებს, ამიტომ, საფუძველი არ აქვს, რომ მას არ ენდოს.

    “ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, ანა დოლიძის ორგანიზაციას ვინ აფინანსებს. ჩვენ, ლევან იოსელიანმა, ლევან კობერიძემ ძაან დაწვრილებით ვკითხეთ ანას, მართალი ხომ არ არის ის მოარული ხმები, რომ დისკრედიტირებული ბიზნესმენი, რიჟა აფინანსებს მას სინამდვილეში.

    ანამ დაგვარწმუნა, რომ 1 თეთრი არ მიუღია დაფინანსება რიჟასგან, მე, რა თქმა უნდა, ანა დოლიძის თვალთვალს ვერ დავიწყებ და ვიდეოკამერას ვერ დავუყენებ, მაგრამ მე მისი მჯერა … სიტყვაზე ვენდობი, არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ არ ვენდო ანას, თუ ეს ასე არ აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან სერიოზული გულდაწყვეტა კი არა, უფრო მეტი იქნება, მაგრამ არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ მას არ ვენდო”. – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

    ელისაშვილი აღნიშნავს, რომ თუ დადასტურდება, რომ გიორგი კაპანაძე ანა დოლიძის აფინანსებს, მისთვის თავზარდამცემი იქნება.

    “რა თქმა უნდა, ღმერთმა დამიფაროს, რომ ეს ასე მოხდეს, ეს იქნება ჩემთვის თავზარდამცემი ამბავი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანამ დაგვარწმუნა, რომ მას ერთი თეთრი არ აუღია ბატონი რიჟასგან”. – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ 18 ივნისს სამოქალაქო მოძრაობის ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, ანა დოლიძემ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ერთობლივი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს.

  • თამარ ჩერგოლეიშვილი “ევროპული საქართველოს” ჩრდილოვანი მმართველია – ანა დოლიძე

    იუსტიციის საბჭოს უკვე ყოფილი წევრი და “მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე ამბობს, რომ მასზე ორკესტრირებული შეტევა პარტიებმა “ქართულმა ოცნებამ” და “ევროპულმა საქართველომ” განახორციელეს. მისივე თქმით, ამ დებატში ჩაერთო გამოცემა “ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც ევროპული საქართველოს ჩრდილოვანი მმართველია.

    “დღეს ოთო კახიძე გამომივარდა, რომელიც იყო ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, ახლა გვასწავლის გემოვნების თემებს სასამართლო სფეროში და აქ არის მთელი კვანძი, ჩემი აზრით, როგორ იკვრება ეს ყველაფერი. ნაზი ჯანეზაშვილი არჩეულია იუსტიციის საბჭოში შემდეგი პაქტით “ევროპული საქართველო”– ქართული ოცნება”. ეს თავდასხმა ჩემზე იყო მორიგი ერთობლივი პროექტი ამ ორი პოლიტიკური ძალის. შეხედეთ, ვინ ერთვება ამ დებატში, ოთარ კახიძე პირველ რიგში, თამარ ჩერგოლეიშვილი – ევროპული საქართველოს ჩრდილოვანი მმართველი. სულ ამის თქმა მინდა. ბიძინა ივანიშვილს რომ აკრიტიკებენ და გასაკრიტიკებელია. თამარ ჩერგოლეიშვილი არის ევროპული საქართველოს ჩრდილოვანი მმართველი”,– აცხადებს დოლიძე ტვ პირველის ეთერში.

    დოლიძე ამბობს, რომ მისი სამოქალაქო ორგანიზაციის ამოცანაა, დღისწესრიგიდან გაწიონ “2 დიდი დინოზავრი.”

    “აი, ის ორკესტრირებული თავდასხმა რაც მოხდა, ასეთი რაღაც არავისზე არ უნდა მოხდეს. მოილაპარაკონ ძალებმა “ევროპულმა საქართველომ” და სალომე ზურაბიშვილმა და გადაწყვიტონ ვიღაცის დევნა, რომ ეს არ მოხდეს”,– თქვა ანა დოლიძემ.

    მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი დღიდან იუსტიციის საბჭო არის “ავგიას თავლა”.

    ცნობისთვის, დღეს ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა. მას გადადგომისკენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მისი კოლეგა, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი მოუწოდებდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ანა დოლიძე პოლიტიკაში ჩაერთო, იუსტიციის საბჭოს წევრს კი პოლიტიკაში მონაწილეობა ეკრძალება. დოლიძე ბრალდებებს უარყოფდა და საპასუხოდ მათ მოუწოდებდა, სასამართლოსთვის მიემართათ.

    18 ივნისს სამოქალაქო მოძრაობის ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, ანა დოლიძემ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ერთობლივი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს.

  • უბედური შემთხვევა თუ განზრახ მკვლელობა- რას შეეწირა 19 წლის გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლე

    უბედური შემთხვევა თუ განზრახ მკვლელობა- რას შეეწირა 19 წლის გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლე

    19 წლის გიორგი შაქარაშვილი 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. მის კვალს მყვინთავებმა მცხეთის დასახლებულ პუნქტთან ახლოს, დაგუბებულ წყალში მიაკვლიეს. ფეხბურთელის ცხედარი სამაშველო ჯგუფებმა, მდინარე არაგვის ხიდიდან, ანუ იმ წერტილიდან, სადაც შაქარაშვილის კვალი გაქრა, დაახლოებით 2-3 კილომეტრში იპოვეს.

    ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც, რომლებმაც ცხედრის პირველადი დათვალიერება ადგილზეც შეძლეს. აღენიშნება, თუ არა გარდაცვლილს დაზიანებები და ძალადობის კვალი, უცნობია – სპეციალისტები დეტალებს ჯერ არ ასაჯაროებენ.

    ახლგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი თბილისში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადმოასვენეს. გარდაცვლილი 19 წლის ბიჭის მეგობრების ნაწილი მკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავს.

    დაღუპული ბიჭის ოჯახის წევრები კი ოქროს მოწმეზე დაყრდნობით ამბობენ, რომ 19 ივნისს ნაქირავებ აგარაკზე დიდი დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტის დროს საქმის გარჩევის მიზნით, თბილისიდან 2 ავტომობილით ახალგაზრდების ჯგუფი ჩავიდა, რომლებიც ნაძალადევის რაიონიდან იყვნენ.

    მონაყოლის მიხედვით, ისინი ფიზიკურად წვეულების სტუმრებს ჯერ აგარაკზე გაუსწორდნენ, შემდეგ კი ცენტრალურ მაგისტრალზე. საქმეში ორი ავტომობილი ფიგურირებს, შავი ფერის, რომლის მარკაც უცნობია და ნაცრისფერი მერსედესი, რომელიც 20 ივნისს პოლიციამ ნივთმტკიცებულების სახით ამოიღო.

    ასევე ცნობილია, რომ ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება საქმის ოქროს მოწმეს გურამ ამირხანაშვილს, თუმცა მისი მონაყოლის მიხედვით, ნაკაწრები მან დამალვის დროს მიიღო.

    სწორედ გურამ ამირხანაშვილია ის პირი, რომელმაც მონათხრობის მიხედვით გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახა.

    “კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება” – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი 19 ივნისის ღამეს მომხდარ ტრაგედიას.

    ნინო ლომჯარიას განცხადებით, აუცილებელია ინფორმაციის მატარებელმა პირებმა გამოძიებასთან ითანამშრომლონ, თავად გამოძიება კი დროული და ობიექტური იყოს.

    მცხეთის პოლიციაში 4 დღის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები არ გაჩერებულა, “კურიერის” ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტის მიზნით მიყვანილი იყო ვახო ახვლედიანი, წვეულების ის წევრი რომლმაც კონფლიქტის დროს ფიზიკური დაზიანება მიიღო.

    ასევე, კიდევ ერთხელ მოხდა ნაქირავები აგარაკის დათვალიერება, სადაც დამატებით ნივთმტკიცებულებები ამოიღეს.

    ამ დღეების განმავლობაში, მტკვარში და არაგვში, ისივე როგორც მის მიმდებარედ, 70 მაშველი მუშაობდა. პროცესში ჩართულები იყვენენ მყვინთავები, მიმდინარეობდა ფსკერის მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგიც.

  • “რუსული სპეცსამსახურების, რურუასა და მისნაირი ბანდების ხელშეწყობით განხორციელდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ორგანიზება და სისრულეში მოყვანა“–გიორგი გამსახურდია დონალდ ტუსკს წერილს უგზავნის

    პრეზიდენტ გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს ტვიტერზე წერილს უგზავნის.

    გიორგი გამსახურდია ამბობს, რომ  გიორგი რურუა შევარდნაძის მმართველობის პერიოდში იყო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების როგორც მონაწილე, ასევე შემოქმედი. მათ შორის, წვლილი მიუძღვის ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში.

    „ბატონო დონალდ, საკმარისია გადახედოთ 90-იანი წლების საქართველოს შესახებ დასკვნებს, რომლებიც შემუშავებულია ისეთი წონიანი ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა UNHRC, USHR და შეგექმნებათ წარმოდგენა, თუ რა მოხდა საქართველოში, რა წვლილი მიუძღვნის „მხედრიონსა“ და სხვა პუტჩისტურ ბანდებს საქართველოსა და მისი მოსახლეობის წინაშე. ზუსტად ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და წონიანი ფიგურა გახლავთ გიორგი (ჟორიკა) რურუა, რომელიც შევარდნაძისა და მისი ხუნტის მმართველობის პერიოდში, გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების როგორც მონაწილე, ასევე შემოქმედი.

    საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების არქივებში, მოწმეთა ჩვენებებში, უხვად მოიპოვება მისი “კარიერის“ შესახებ ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მცირედს მოიცავს მისი ნამოქმედარიდან. ეს მწირი ინფორმაცია სწორედ იმისი დამსახურებაა, რომ ბედის უკუღმართობით, მისი ძმა, ასევე კრიმინალი ნ. რურუა 2003-2012 წლებში სახელმწიფო თანამდებობას იკავებდა. მისი ხელშეწყობით განადგურდა არაერთი მტკიცებულება და ასევე განადგურდნენ ამ ყველაფერზე მომუშავე საკმაოდ მაღალი თანამდებობის მქონე სამართალდამცავები. აქვე მინდა გითხრათ, არსებობს უტყუარი ვარაუდი, რომ რუსული სპეცსამსახურების, რურუასა და მისნაირი ბანდების ხელშეწყობით განხორციელდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ორგანიზება და სისრულეში მოყვანა.

    ბატონო დონალდ, მე, როგორც პოლიციის ატაშემ პოლონეთის რესპუბლიკაში, როგორც პოლონეთის ერთ-ერთმა გულმხურვალე მოყვარულმა და მეგობარმა, ასევე როგორც მამაჩემის შვილმა, რომელმაც ოჯახთან ერთად გადაიტანა ამ ბანდების პარპაში, დევნა და შევიწროება, თავი ვალდებულად ჩავთვალე მომეწოდებინა თქვენთვის ეს მცირე ინფორმაცია, სამწუხაროდ თქვენ მიერ შეცდომით „პოლიტიკურ პატიმრად“ მიჩნეული გიორგი რურუასა და მისი საქმიანობის შესახებ.

    P.S. გიგზავნით მხედრიონის ლიდერის, ჯაბა იოსელიანის წიგნს, რომელსაც ჰქვია სამი განზომილება. დროის უქონლობის გამო ვერ მოვახერხე თარგმნა, მაგრამ იმედია, გ. რურუას დამცველები მოგეხმარებიან მის თარგმნაში: ბევრმა შეიძლება საკუთარი თავიც კი იპოვოს ამ წიგნის ფურცლებზე.  “, – წერს გიორგი გამსახურდია ტვიტერზე.

    შეგახსენებთ, გასულ კვირას ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მისი პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება სრულად და გაათავისუფლონ გიორგი რურუა.

  • იმედია, შემდეგ მოსმენებში ყველა ოპოზიციურ პარტიას შეეძლება მონაწილეობა – კუბილიუსი ცვლილებებზე

    იმედი მაქვს, 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება და ყველა ოპოზიციური პარტია შეძლებს შემდგომ მოსმენებში მონაწილეობას , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დაწერა.

    “მივესალმები საქართველოში საარჩევნო რეფორმის პირველი მოსმენით მიღებას 136 ხმით. იმედი მაქვს, 8 მარტის შეთანხმება სრულიად შესრულდება და ყველა ოპოზიციური პარტია შეძლებს შემდგომ მოსმენებში მონაწილეობას. ესაა გზა დემოკრატიის სიმწიფემდე საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გარეშე!”, – წერს კუბილიუსი.

    ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 21 ივნისს პირველი მოსმენით დაამტკიცა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. 5 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა, ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია, ემზარ კვიციანი, კახაბერ ოქრიაშვილი და დავით ჭიჭინაძეა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ნატო ჩხეიძემ. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ფრაქციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

    პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

  • აღარ დასრულდა ერთმანეთის სასიკვდილოდ გამეტება – პრეზიდენტი გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახს უსამძიმრებს

    აღარ დასრულდა ერთმანეთის სასიკვდილოდ გამეტება – პრეზიდენტი გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახს უსამძიმრებს

    სალომე ზურაბიშვილი ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის ამბავს “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება. პრეზიდენტი გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს და მომხდარს დიდ ტრაგედიას უწოდებს.

    “ვუსამძიმრებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და გამოვთქვამ დიდ მწუხარებას. ამ ქვეყანაში რომ აღარ დასრულდა ახალგაზრდათა შორის ერთმანეთის სასიკვდილოდ გამეტება, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი ტრაგედიაა!”- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, 19 წლის შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.