Category: ახალი ამბები

  • ვაჟა-ფშაველას გამზირზე დისტრიბუციის მანქანა „გლოვოს” კურიერს დაეჯახა

    ვაჟა-ფშაველას გამზირზე დისტრიბუციის მცირე ზომის სატვირთო ავტომობილი „გლოვოს” კურიერს დაეჯახა, რომელიც მოპედით გადაადგილდებოდა. დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

    მომხდარის მიზეზი და კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

  • გიორგი გახარია იმსახურებს, იყოს „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი – თალაკვაძე

    გიორგი გახარია იმსახურებს, იყოს „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი – თალაკვაძე

    პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, გახარია იმსახურებს, რომ იყოს “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი.

    „მე პირადად ვთვლი, რომ გიორგი გახარია იმსახურებს იყოს „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი. ეს გადაწყვეტილება გუნდის მისაღებია. ჯერ სიასთან დაკავშირებით არ არის გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ ივლისის მეორე ნახევარში, აგვისტოში საზოგადოებას უკვე წარვუდგენთ საარჩევნო სიას, ისევე როგორც მაჟორიტარებს. რაც შეეხება პირადად ჩემს ადგილს, რომელი ნომერი ვიქნები სიაში, ჩემთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მეტსაც გეტყვით, მე რომ მკითხონ, ვარჩევდი, რომ სიის სათავეში არ ვიყო და ჩემზე გამოცდილ, ჩემზე დაფასებულ, ღვაწლიან ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მოწინავე ადგილები”,– ამბობს თალაკვაძე პალიტრანიუსის ეთერში.

    მან ასევე აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” მზად არის, მომავალზე აიღოს პასუხისმგებლობა.

    ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის და ჩვენი გუნდი მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა მომავალზე, დარწმუნებული ვარ, ძალიან პროგრესული პროგრამით, განახლებული გუნდით წარვსდგებით და მჯერა ჩვენი მოქალაქეების, რა არჩევანსაც მოქალაქეები გააკეთებენ, ამ არჩევანს ვენდობით. რა თქმა უნდა, არ გვაქვს დაკომპლექტების პრობლემა. გარწმუნებთ, არათუ საპარლამენტო სიის, ჩვენ არცერთ დონეზე მომავალშიც არ გვექნება პრობლემა და კიდევ უფრო ეფექტური გუნდით შევთავაზებთ საზოგადოებას ჩვენს პროგრამას,“ – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

  • ახალშობილის 5000 დოლარის სანაცვლოდ გაყიდვის ფაქტზე დუშეთში 3 პირი დავაკავეთ – სუს-ი

    ახალშობილის 5000 დოლარის სანაცვლოდ გაყიდვის ფაქტზე დუშეთში 3 პირი დავაკავეთ – სუს-ი

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

    გამოძიების ცნობით, წყვილმა ახალშობილი 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაყიდა.

    “გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს, 2020 წლის 18 ივნისს ვაჟი შეეძინათ. დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, მათ განიზრახეს ბავშვის გაყიდვა. მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ, რაზეც მან თანხმობა განუცხადა. რის შემდეგაც, აღნიშნული პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და აიღო დაბადების მოწმობა. შეთანხმებისამებრ, 5000 აშშ დოლარი კი ახალშობილის მშობლებს გადასცა, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება”,– აცხადებს სუს–ი.

    გამოძიება, არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     

  • პროპორციულის დაპირება “ოცნებამ“ საზოგადოებას 2016 წელს მისცა, პირობა შევასრულეთ – თალაკვაძე

    პროპორციულის დაპირება “ოცნებამ“ საზოგადოებას 2016 წელს მისცა, პირობა შევასრულეთ – თალაკვაძე

    პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” პროპორციული არჩევნების დაპირება შეასრულა და ქვეყანა 2024 წლიდან პროპორციულ არჩევნებზე გადავა.

    მისივე განცხადებით, მეორე მოსმენასთან დაკავშირებით მხარდაჭერა 116–მა დეპუტატმა დააფიქსირა.

    “ყველა დეპუტატს აქვს 1 ხმა პარლამენტში და 2 ღილაკი: „დიახ“, ან „არა“, შესაბამისად 100%-იანი გარანტირებული გადაწყვეტილებები პარლამენტში არის ის გადაწყვეტილებები როდესაც თითის დაჭერა დასრულებულია და შედეგი ტაბლოზეა. წინასწარ, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ 96 დეპუტატი უმრავლესობიდან და სხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან, ჯამში 116 ადამიანს აქვს დადასტურებული მხარდაჭერა.

    პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული დაპირება „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას მისცა 2016 წელს და ჩვენ ეს პირობა შევასრულეთ. კონსტიტუციაში დღეს უკვე ჩაწერილია, რომ საქართველო გადადის პროპორციულ არჩევნებზე და ეს მოხდება 2024 წელს. რაც ნოემბერში ჩავარდა, ეს იყო პროპორციული არჩევნების ვადის გადმოწევა, ეს იყო ნეგატიური ჩვენთვის, მაგრამ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს პარლამენტი”,– თქვა თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი”.

  • COVID-19 რომ დაემართოს “ოცნების” დეპუტატებს, ივანიშვილი კოსმონავტის სკაფანდრებით შემოიყვანს – გოცირიძე

    COVID-19 რომ დაემართოს “ოცნების” დეპუტატებს, ივანიშვილი კოსმონავტის სკაფანდრებით შემოიყვანს – გოცირიძე

    ნაციონალური მოძრაობის ლიდერი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების რესურსი არ აქვს, ამიტომ მის დეპუტატებს კორონავირუსი რომ დაემართოთ, ივანიშვილი კოსმონავტის სკაფანდრებით მაინც მიაცემინებს ხმას.

    მისივე თქმით, ენმ კენჭისყრაში მაშინ მიიღებს მონაწილეობას, როცა გიორგი რურუა გათავისუფლდება.

    “აქამდე არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას, ვიდრე შეთანხმება სრულად არ იქნება შესრულებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ უნდა იყოს არცერთი პოლიტიკური პატიმარი. ივანიშვილს მოუწია პოლიტპატიმრების გათავისუფლება ძალიან მძიმე დარტყმების შემდეგ, როდესაც მის პირად ფინანსებს და საგარეო დახმარების შემოსვლას დაემუქრა საფრთხე. დღეს იქნება თუ ხვალ, ივანიშვილი გაათავისუფლებს რურუას, ვინაიდან მას არ აქვს კონსტიტუციის ჩაგდების რესურსი. სულ რომ კორონავირუსი დაემართოს “ქართული ოცნების” დეპუტატებს, ივანიშვილი კოსმონავტის სკაფანდრებს იშოვის, შემოიყვანს მათ და პულტზე ხელს დააჭერინებს.

    ის მიიღებს კონსტიტუციას იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული ზეწოლაა გარედანაც, შიგნითაც და მან ერთხელ უკვე გამოსცადა საკუთარ ტყავზე, რას ნიშნავს ჩათრევა, ნაცვლად იმისა, რომ ჩაყოლოდა. ჩათრევას ჩაყოლა ჯობია და ამას ივანიშვილი გააკეთებს. ჩვენ კენჭისყრაში მაშინ მივიღებთ მონაწილეობას, როცა გიორგი რურუა გათავისუფლდება. კონსტიტუციის მიღება ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე, ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი კვლავ აპირებს პოლიტიკური დევნის გაგრძელებას, მოსყიდვას, ძალადობას, დაშინებას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ა.შ.” – განაცხადა გოცირიძემ.

    დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენა და კენჭყისრა გაიმართება.

  • ცვლილებებს მეორე მოსმენითაც მივიღებთ, თუ ჯანმრთელადაა ყველა, ვინც დაპირებულია ხმის მოცემას – ქანთარია

    ცვლილებებს მეორე მოსმენითაც მივიღებთ, თუ ჯანმრთელადაა ყველა, ვინც დაპირებულია ხმის მოცემას – ქანთარია

    უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარიას თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენითაც მიიღებს, თუ ყველა ის პარლამენტარი ჯანმრთელად არის, ვინც მხარდაჭერას დაპირდათ.

    “მგონი, კანონპროექტი არ დგას საფრთხის წინაშე, ჩვენ პირველი მოსმენითაც, რომ არ ყოფილიყო “ევროპული საქართველო” მივიღებდით, ასე რომ, მგონია, რომ ახლაც მივიღებთ, ერთადერთი ის არის, თუ ჯანმრთელად არის ყველა და მოვიდა პარლამენტში ის ნაწილი, ვინც დაპირებულია, რომ ხმას მოგვცემს. მე მგონია, რომ ყველა ჯანმრთელად არის. ეს მავნებელი ოპოზიცია 2012 წლამდე საოცარი სიძულვილით იყო განწყობილი პროპორციული სისტემის მიმართ, 2012 წლის შემდეგ ოცნებობდა თითქოს ამაზე, ოღონდ ეს მიგვაღებინაო, მაგრამ რამდენჯერმე უგანა. ასე რომ, ახლა რა ჭკუაზეა, რას იზამს – ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ჩვენ მივიღებთ ამას დარწმუნებული ვარ და ჩატარდება ნორმალური, გამჭვირვალე არჩევნები”, – განაცხადა ქანთარიამ.

    შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენა და კენჭისყრა დღეს გაიმართება.

  • რუსეთი საქართველოს ისევ უყურებს, როგორც ვასალ ქვეყანას – მაიკლ კარპენტერი

    აშშ-ს დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მრჩეველის, მაიკლ კარპენტერის თქმით, რუსეთი საქართველოს ისევ უყურებს, როგორც ვასალ ქვეყანას. მისივე თქმით, კრემლს საქართველოს საზოგადოების მიმართ დამცინავი დამოკიდებულება აქვს.

    “რუსეთი საქართველოს ისევ უყურებს, როგორც ვასალ ქვეყანას. კრემლი ფიქრობს, რომ საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. კრემლს საქართველოს საზოგადოების მიმართ დამცინავი დამოკიდებულება აქვს ისეთი, თითქოს საქართველო ვერ ხედავს იმას, რომ რუსეთი აგრძელებს ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაციას. მაგრამ ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვნახეთ როგორ გამოხატავს ქართველი ხალხი საკუთარ აზრს, რას ფიქრობს რუსეთის ოკუპაციაზე და იმაზე, რომ კრემლი მათ როგორც კოლონიას, ისე უყურებს. არ მგონია კრემლს გასული წლიდან გაკვეთილები ესწავლა. რუსეთის მთავრობამ უნდა გააცნობიეროს ის, რომ მათ გარშემო მცხოვრებ ქვეყნებს სურთ იყვნენ დამოუკიდებლები, სუვერენულები და თვითონ მიიღონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. რაც მალე გააცნობიერებს კრემლი ამას, მით უკეთესი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამის იმედი მაქვს”,- განაცხადა კარპენტერმა “ამერიკის ხმასთან ინტერვიუში”.

    მან გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზეც ისაუბრა და თქვა, რომ “სამწუხაროდ, კრემლს საკუთარი ქვეყნის გარეთ ადამიანების მოკვლის მცდელობის დიდი გამოცდილება აქვს”.

    კარპენტერი აღნიშნავს, რომ უნდა ვიზეიმოთ, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გადამჭრელად იმოქმედა და ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეძლო.

    “პირველ რიგში, საქართველოს უშიშროების სამსახურები მინდა შევაქო იმ არაჩვეულებრივი საქმისთვის, რომლითაც მათ ამ მკვლელობის პრევენცია შეძლეს. რამდენადაც მე მესმის, მათ დააკავეს არა მხოლოდ ეს პირი, არამედ მისი ქსელის წევრებიც. მეორე საკითხი სპეკულაციებია, რომ ამ ადამიანს კავშირები აქვს რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პირებთან. ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ სპეკულაციებია და მტკიცებულება ჯერ არ არსებობს.

    სამწუხაროდ, კრემლს საკუთარი ქვეყნის გარეთ ადამიანების მოკვლის მცდელობის დიდი გამოცდილება აქვს. ამ შემთხვევაში უნდა ვიზეიმოთ ის, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გადამჭრელად იმოქმედა და ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეძლო. ჩანს, რომ დაზვერვა კარგად მუშაობს”,– ამბობს კარპენტერი.

    მისივე განმარტებით, მკვლელობა რომ მომხდარიყო, საქართველოსთვის უდიდეს დესტაბილიზაციას გამოიწვევდა.

  • თბილისში ცოფის ვირუსი 1 თვეში მეორე ძაღლს დაუდასტურდა – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

    ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 1 თვის განმავლობაში თბილისში ცოფის ვირუსი მეორე ძაღლს დაუდასტურდა.

    “მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, ცხოველის პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა”, – წერია მათ მიერ გავცელებულ განცხადებაში.

    სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ცოფის ვირუსის მე–4 შემთხვევა დადასტურდა.

    “ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ.

    მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. ანტირაბიული ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, როგორც შინაურ ცხოველებში ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისა და ვირუსის პრევენციისათვის, ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის”,– წერია განცხადებაში.

  • 3 ახალი შემთხვევიდან 1–ის წყაროს მოძიებისთვის კვლევა მიმდინარეობს, 2 შემოტანილია – ეზუგბაია

    3 ახალი შემთხვევიდან 1–ის წყაროს მოძიებისთვის კვლევა მიმდინარეობს, 2 შემოტანილია – ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვივდა 2 იმპორტირებულია, 1–ის შემთხვევაში კი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს წყაროს მოსაძიებლად.

    მისივე განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 129 პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას ცნობით, 24 ინფიცირებული მკურნალობს.

    “2 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან არცერთი არ არის მძიმე. ერთთან გვაქვს მსუბუქი სიმძიმის პნვევმონია, მეორე პნევმონიის გარეშეა”,– თქვა მარინა ეზუგბაიამ.

    ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 911 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 768 გამოჯანმრთელდა, 14 გარდაიცვალა.

  • გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ  43–ე სესიის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია “თანამშრომლობა საქართველოსთან” ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ ვითარებას ასახავს და საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

    “რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ დაფიქსირებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის გამო, მათ შორის ეთნიკური ქართველების სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებზე დაუსჯელობის, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მის მიღმა მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის განგრძობითი პროცესის გამო და ხაზს უსვამს, რომ ორივე რეგიონში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შეღწევის აუცილებლობაზე”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

    უწყების ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა საბჭო მიღებული რეზოლუციით ავალებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, საბჭოს მომდევნო — 44-ე და 45-ე სესიებზე, რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ზეპირი და წერილობითი ანგარიშები.

    სამინისტროსვე განცხადებით, სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები არაერთ ქვეყნის, მათ შორის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, დანიისა და ჩეხეთის დელეგაციების მხრიდან გაკეთდა.