Category: ახალი ამბები

  • “მთავარმა არხმა” დაუშვა მძიმე შეცდომა“–ნიკა გვარამია საზოგადოებას ბოდიშს უხდის

    “მთავარმა არხმა” დაუშვა მძიმე შეცდომა“–ნიკა გვარამია საზოგადოებას ბოდიშს უხდის

    მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით არხზე გასული სიუჟეტის გამო ბოდიშს უხდის:
    “ბავშვთა პორნოგრაფიის სიუჟეტში,
    მიუხედავად ავტორის მიერ ყველა ფორმალური მოთხოვნის დაცვისა (ხაზგასმით, ყველა არსებული ფორმალური მოთხოვნის);

    მიუხედავად აბსოლუტურად და უალტერნატივოდ კეთილშობილური მიზნისა, დაგვეცვა მსხვერპლი ბავშვები და გვეიძულებინა მახინჯი მთავრობა, შეესრულებინა მსხვერპლის დაცვის კონვენციური ვალდებულებები;
    მიუხედავად ამ ყველაფრისა, “მთავარმა არხმა” დაუშვა მძიმე შეცდომა. იმედია, არა გამოუსწორებელი.
    ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. ვწუხვარ, და არ ვაპირებ იმის დაწერას, რომ “შეცდომები მოსულა” და რომ მთავარ არხს აბულინგებენ. მადლობა კრიტიკისთვის ყველას, ვინც მოდარაჯე ძაღლის პრინციპით, ცდილობს, რომ ამგვარი შეცდომები მომავალში აღარ დავუშვათ. ჩვენც ძალიან ვეცდებით.“– დაწერა ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე.

    არხზე გასულ სიუჟეტს კრიტიკა მოჰყვა ბავშვთა უფლებების დამცველების და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან. ქარტიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც არხზე გასული სიუჟეტის ყველა პლატფორმიდან ამოღება მოითხოვა, რადგან არაეთიკურად გაშუქებულმა პრობლემამ ქარტიის აზრით შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვებს:

    “2020 წლის 21 ივნისს, ტელეკომპანია მთავარის პროგრამა PostFactum-ში გავიდა სიუჟეტი ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე.

    სიუჟეტში აჩვენეს კადრები პორნოგრაფიული მასალიდან. მიუხედავად იმისა, რომ შეეცადნენ ბავშვთა სახეების დაფარვას, ვფიქრობთ, გარკვეული პირებისთვის შესაძლებელი გახდა არასრულწლოვანთა იდენტიფიცირება.

    ქარტია მიიჩნევს, რომ ბავშვის დაფარვა უპირობოდ აუცილებელია, თუ მასალა რაიმე ფორმით უკავშირდება სექსუალურ ძალადობას. მედიამ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა გააშუქოს ამგვარი შემთხვევები. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბავშვის სახის დაფარვა არ არის საკმარისი, რადგან ხშირად ვინაობის დადგენა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა დეტალების ამოცნობითაც, რაც ამ შემთხვევაში გამოვლინდა.

    მედიის ვალდებულებაა, თავიდან აიცილოს ბავშვის რეტრავმირება და არ გაახსენოს მას ამბავი, რომელიც ნეგატიურ ემოციებთანაა დაკავშირებული. გამონაკლის შემთხვევად მიიჩნევა რედაქციის დასაბუთება და საჯარო ინტერესი, რასაც მთავარი არხის ეთერში გასული სიუჟეტის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მერვე პრინციპის თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.

    მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანიამ არ გაითვალისწინა ბავშვთა საუკეთესო ინტერესი და გაავრცელა მასალა, რომელიც, ჩვენი აზრით, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მათ.

    ქარტია მოუწოდებს ტელეკომპანია მთავარს, ამოიღოს აღნიშული სიუჟეტი გავრცელების ყველა შესაძლო პლატფორმიდან. ასევე მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, არ გაავრცელონ მსგავსი, ბავშვთა ინტერესების დამაზიანებელი ვიდეოკადრები”. – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

  • მწვერვალისთვის სახელის დარქმევაში ვეტერანთა სამსახურმა 35 ათასი ლარი დახარჯა

    არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, 2019 წელს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების ღვაწლისა და დამსახურების პატივსაცემად ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჭაუხის მასივში არსებული უსახელო მწვერვალისთვის სახელი “ვეტერანის” დარქმევა გადაწყვიტა.

    სამსახურმა ტენდერი 2019 წელს გამოაცხადა, სატენდერო პირობები ითვალისწინებდა 10 პირის 7 დღის განმავლობაში მწვერვალზე აყვანის მომსახურებას. საბოლოოდ მწვერვალზე, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 3,320 მეტრია, პირველი ასვლა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა და ვეტერანებმა წარმატებით განახორციელეს. მწვერვალზე დაიდგა მემორიალური ბანერი, სიტყვებით – “ვეტერანი” – 2019 წლის 17 ოქტომბერი.’’ ეს ყველაფერი კი სახელმწიფო ბიუჯეტს 35,000 ლარი დაუჯდა.

    “სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 2014-2020 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 42,660,100 ლარით დაფინანსდა, რომლის 30% მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაზე (ხელფასები, პრემია-დანამატები) დაიხარჯა.

    2015-18 წლებში ორგანიზაციაში დასაქმებული იყო 106 ადამიანი, ხოლო 2019 წლიდან მათი რაოდენობა 143-მდე გაიზარდა, ხოლო შრომის ანაზღაურებამ წინა წლების მაჩვენელებთან შედარებით საშუალოდ 310,000 ლარით მოიმატა.

    საქართველოში 2019 წლის მონაცემებით, 68,576 ვეტერენია, მათ შორის 54,349 ომის ვეტერანი. შშმ და ხანდაზმული ომის ვეტერანები სარგებლობენ რეაბილიტაციის პროგრამით, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამედიცინო მომსახურებას. 2019 წელს პროგრამით ერთ პირზე გათვალისწინებული ინდივიდუალური კურსის დაფინანსება 250 ლარს შეადგენდა. მწვერვალზე 10 ადამიანის ასვლაზე დახარჯული 35,000 ლარი საკმარისი იქნებოდა 140 ომის ვეტერანის სარეაბილიტაციო კურსი დასაფინანსებლად”,– წერს ფლანგვის დეტექტორი.

  • დედამ ფული დაითვალა და ჩვილი გააყოლა – სუს–ი ახალშობილის გაყიდვის ვიდეოს ავრცელებს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, წყვილმა ახალშობილი 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაყიდა.

    სუს–მა ვიდეოც გამოაქვეყნა, როგორ ითვლის ბავშვის დედა ფულს და მყიდველს ჩვილის წაყვანის უფლებას აძლევს.

    https://www.facebook.com/sssgeo/videos/3086613588092941/

     

    “გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს, 2020 წლის 18 ივნისს ვაჟი შეეძინათ. დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, მათ განიზრახეს ბავშვის გაყიდვა. მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ, რაზეც მან თანხმობა განუცხადა. რის შემდეგაც, აღნიშნული პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და აიღო დაბადების მოწმობა. შეთანხმებისამებრ, 5000 აშშ დოლარი კი ახალშობილის მშობლებს გადასცა, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება”,– აცხადებს სუს–ი.

    გამოძიება, არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ნოდარ მელაძე სუს–ში გამოკითხვაზე დაიბარეს

    ნოდარ მელაძე სუს–ში გამოკითხვაზე დაიბარეს

    ტელეკომპანია პირველის მთავარი პროდიუსერი, ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ინგა გრიგოლიამ გაავრცელა.

    მისი თქმით, მელაძე სუს–ში სავარაუდოდ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს.

    სუს–მა ამ საქმეზე უკვე დაკითხა მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია და ჟურნალისტი გიორგი გაბუნია.

  • მთავრობა ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებლებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს

    საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პრევენციის მიზნით ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებელთათვის რეკომენდაციებს აქვეყნებს.

    მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასეთია:

    • პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილას განთავსება;
    • სტუმრის მიერ გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერის განთავსება, სადაც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პარკი;
    • სტუმრის გასვლის შემდეგ სივრცის დასუფთავება/დეზინფექცია მათ შორის, 4  საათიანი განიავება;
    • დალაგებისას პერსონალური დაცვის საშუალების გამოყენება;
    • ხელების დაბანა საპნითა და წყლით დალაგებამდე და მის შემდეგ;
    • ხშირად შეხებადი ზედაპირების და დაბინძურებადი სივრცეების პერიოდული გაწმენდა დეზინფექცია;
    • რბილი ავეჯის და იარატაკის სპეციალური საწმენდი საშუალებებით წმენდა;
    • გამოყენებული თეთრეულისა და პირსახოცების შეგროვება სპეციალურიად ამისთვის განკუთვნის ტომარაში;
    • თეთრეულისა და პირსახოცების გარეცხვა არანაკლებ 60 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურის წყლითა და სათანადო სარეცხი საშუალებების კომბინაციით;
    • მტვრისა და მიკროორგანიზების ჰაერში ან სუფთა ზედაპირებზე მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, სველი წესით დასუფთავება/დეზინფექცია;
    • სტუმრის მიღება/გასვლის დისტანციური სისტემის დანერგვა.

    რეკომენდაციები საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტორსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადდა.

     

  • საარჩევნო რეფორმა ქართული დემოკრატიის ინტერესებში შედის – კრამონი

    საარჩევნო რეფორმა ქართული დემოკრატიის ინტერესებში შედის – კრამონი

    ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას ეხმაურება და ამბობს, რომ საარჩევნო რეფორმა ქართული დემოკრატიის ინტერესებში შედის.

    მისივე თქმით, ცვლილებების დასამტკიცებლად პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს.

    “კარგი ამბავი, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება მეორე მოსმენით, წინ კიდევ ერთია. საარჩევნო რეფორმა ქართული დემოკრატიის ინტერესებში შედის და ყველა მხარემ უნდა აიღოს პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა ცვლილებებისთვის ხმის მიცემით”, — წერს კრამონი.

    დღეს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო.

  • ალბათ, არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა მექნება – თაკო ჩარკვიანი

    ალბათ, არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა მექნება – თაკო ჩარკვიანი

    პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ არჩევნებზე ალბათ ექნება ენმ–ს მხარდაჭერა.

    ალბათ, ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა [საპარლამენტო არჩევნებზე] მექნება. ენმ-ს არაერთხელ გამოუხატავს ჩემ მიმართ მხარდაჭერა და ეს სოციალურ ქსელშიც ასე ჩანს”,– თქვა ჩარკვიანიმა რუსთავი 2–ის ეთერში.

    ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანი საბურთალოს მაჟორიტარად იყრის კენჭს.

  • რესტორანში მომხდარი ინციდენტის გამო სავარაუდოდ გია სურამელაშვილი დააკავეს

    მთავარი არხის ინფორმაციით, მომღერალ გია სურამელაშვილს გუშინ ღამით პოლიციასთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც სავარაუდოდ ის დააკავეს. არხის ცნობით, ინციდენტი რესტორნის დაჯარიმებას მოჰყვა. 1500 ლარით რესტორანი რეკომენდაციების დაუცველობის გამო დააჯარიმეს.

    სოსო კავკავაშილი ამბობს, რომ 2 ადამიანი ნამდვილად დააკავეს, თუმცა არ აკონკრეტებს, მათგან ერთ–ერთი იყო თუ არა გია სურამელაშვილი. მისი თქმით, მომღერალი პოლიციასთან პოლემიკაში შევიდა, შემდეგ კი რამდენიმე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დააკავეს.

    ერთ–ერთი თვითმხილველის ცნობით, ეს ინციდენტი დილის 6 საათზე მოხდა.

  • იმედია, შეთანხმების სულისკვეთება აღდგება და ცვლილებებს მე–3 მოსმენაზე 142 ხმა ექნება – ჰარცელი

    იმედია, შეთანხმების სულისკვეთება აღდგება და ცვლილებებს მე–3 მოსმენაზე 142 ხმა ექნება – ჰარცელი

    ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას ეხმიანება და ამბობს, რომ ცლილებების მიღებამ ზღვარზე გაიარა, რადგან 115 მხარდამჭერი ჰყავდა.

    ჰარცელი იმედოვნებს, რომ ცვლილებების საბოლოო მოსმენაზე 142 ხმა ექნება.

    “მივესალმები საკნოსტიტუციო ცვლილების მეორე მოსმენით მიღებას. ვწუხვარ ვიწრო ზღვარზე და ვიმედოვნებ, რომ 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება აღდგება, მათ შორის 142 ხმა ექნება საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე საბოლოო მოსმენაზე, 29 ივნისს”, — წერს ჰარცელი ტვიტერზე.

    დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრას 119 დეპუტატი ესწრებოდა, ცვლილებებს მხარი 115-მა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 3, ერთმა კი თავი შეიკავა. დღევანდელ მოსმენას არ ესწრებოდნენ ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები.

  • ელისაშვილი საკუთარ ცხვირზე წინ ვერ იყურება, ორ ადგილს ითხოვდა – გიგი უგულავა

    ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, თბილისში მაჟორიტარებზე შეთანხმებისას სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი 2 ადგილს ითხოვდა.

    უგულავას თქმით, ელისაშვილი ოპოზიციის ლანძღვით “ქართულ ოცნებას” დათვურ სამსახურს უწევს. ევროპული საქართველოს ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ ის ამას შეგნებულად არ აკეთებს.

    “ჩვენ ღია ვიყავით მასთან სათანამშრომლოდ, მათ შორის საბურთალოზე. მეტსაც გეტყვით, ისიც მოწადინებული იყო, უბრალოდ ორ ადგილს ითხოვდა.

    არ მესმის, დღეს რომ პრინციპულ მიუღებლობაზე საუბრობს თუნდაც “ევროპული საქართველოს” მიმართ, ორი ადგილით პრინციპულად მისაღები ვიქნებოდით? ძალიან ვწუხვარ, რომ მისი საუბრის 2/3 ოპოზიციის ლანძღვას ეძღვნება. არ ვურჩევდი ამას.
    ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად არარაციონალურად იქცევა და დათვურ სამსახურს უწევს ოპოზიციას. იმედი მაქვს, ეს შეგნებულად არ კეთდება. ეს მის სინდისზე იყოს, მისი არჩევანი არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი ვაჭრობისგან. ღმერთმა ხელი მოუმართოს. დანარჩენი, მასზე საუბარს არ ვაპირებ, ისევე როგორც არ ვთვლი საჭიროდ ოპოზიციის ერთმანეთში ზედმეტ კინკლაობას. საწყენია, რომ საკუთარ ცხვირზე შორს ვერ იყურება ეს ადამიანი, – აცხადებს გიგი უგულავა მთავარი არხის ეთერში.

    ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა, ანა დოლიძემ და ლევან კობერიძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ თბილისის მაჟორიტარებად იყარონ კენჭი.