Category: ახალი ამბები

  •  Huawei ჩინეთის არმიასთან არის დაკავშირებული–აშშ

    აშშ–ს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 20 წამყვანი ჩინური კომპანია, მათ შორის მსოფლიოში მობილური ტელეფონების და სატელეკომუნიკაციო აპარატურის ერთ–ერთი უმსხვილესი მწარმოებელი Huawei ან ჩინეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნის, ან მის მიერ არის მხარდაჭერილი.

    პენტაგონის მიერ გამოქვეყნებული ჩინური ფირმების სია, რომლებიც არმიას ინფორმაციას გადასცემენ, ამერიკული მედიის ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელში. ამ სიაში მოხვედრილი კომპანიების მიმართ აშშ–მ შესაძლოა ახალი ფინანსური სანქციები შემოიღოს.

    ბოლო თვეებში ვაშინგტონი ზეწოლას ახდენს თავის მოკავშირეებზე, მათ შორის დიდ ბრიტანეთზე, რათა მათ უარი თქვან Huawei–სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული კონტრაქტების გაფორმებაზე, კერძოდ მეხუთე თაობის მობილური კავშირის ქსელების მშენებლობაში მათ მონაწილეობაზე.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა სომხეთში, საქართველოდან 2 კილომეტრში  3.1 მაგნიტუდის ბიძგები 04:06 საათზე დაფიქსირდა.

  • რა სანატრელია ახლა ,,მიშას ციხე”! უსასტიკესად, წამებაში უნდა ამოხდეთ სული ამ ვანდალიზმის ჩამდენებს – მარიამ კუბლაშვილი

    “რა სანატრელია ახლა ,,მიშას ციხე”! უსასტიკესად, წამებაში უნდა ამოხდეთ სული ამ ვანდალიზმის ჩამდენებს “- ამის შესახებ ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    “რა სანატრელია ახლა ,,მიშას ციხე”! უსასტიკესად, წამებაში უნდა ამოხდეთ სული ამ ვანდალიზმის ჩამდენებს. დღევანდელი პირობები კურორტია მსგავსი სასტიკი დამნაშავეებისთვის სასჯელის მოსახდელად! სადისტების გამზრდელმა მშობლებმა სიცოცხლე რა სინდისით უნდა გააგრძელონ, როგორ უნდა გაბედონ და იბრძოლონ მათი თავისუფლებისთვის? ! ყველა ის პირი, ვინც არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან უმკაცრესად უნდა დაისაჯოს! სად არის გოგონას მშობლები, ამ პანდემიური აკრძალვების დროს 50 კაცი დაქირავებულ ვილაში რომ შეკრიბა და დააფინანსა? გასათვალისწინებელია ახალგაზრდების ასაკი, მათი ნაცნობობა ან უცნობობა.., მათი საერთო ინტერესები თუ… ? უფრო მეტად სასტიკია მკვლელი/ ები, რომელიც 4 დღე სამძებრო სამუშაოებს შორიდან უყურებდა! ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც დუმდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. უბედური დედის ლამაზი, კეთილი, მშრომელი, სპორტსმენი შვილის ნაცემ სხეულს 4 დღე მდინარე დაათრევდა! ყველა ვინც დუმდა, პოტენციური მკვლელია, ვინც შეესწრო კონფლიქტს, მანქანების დევნას, მის დენად ხასიათს და არ შეატყობინა პოლიციას – თანამონაწილეა!

    ვეღარ ვიკავებ თავს. ღმერთო, გასკდა გული!!!!!!!!! როგორი შვილი მოუკვდა დედას, საქართველოს…”- წერს მარიამ კუბლაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის კვალი 19 ივნისს, ღამით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს დაიკარგა, მისი ცხედარი 4-დღიანი სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით იძებს. შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ 23 ივნისს განაცხადა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა არავის მიმართ არ დაწყებულა.

  • ფეხებზე მკიდია თქვენი ბოდიში! რატომ გააბედნიერეთ პედოფილები? – ბაია პატარაია ნიკა გვარამიას

    “ფეხებზე მკიდია თქვენი ბოდიში! რატომ გააბედნიერეთ პედოფილები?”- უფლებადამცველი ბაია პატარაია  ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით “მთავარ” არხზე გასული სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.მისი თქმით არხმა პედოფილებს უფასოდ  და უპრობლემოდ მიაწოდა მასალა.

    “გუშინ გვიან ვნახე ბავშვთა პორნოგრაფიაზე მთავარი არხი • Mtavari Arkhiს სიუჟეტი. რაც ვნახე, იმას იმდენად არ მოველოდი, რომ ენა ჩამივარდა. ვერც კი გავბრაზდი, უმწეოდ ვიგრძენი თავი. საქვეყნოდ გვაყურებინეთ ბავშვთა პორნოგრაფიას, მუსიკებიც კი ჩაგვირთეთ შესაბამისი და თავზე დაგვაფარეთ ბავშვების ტრაკები…
    ერთადერთი კითხვა მაქვს – რატომ?
    რა დაგიშავეს იმ ბავშვებმა, რომლებმაც ამოიცნეს საკუთარი თავი და შესაძლოა ერთმანეთიც, და შესაძლოა, მათმა ახლობლემაც ამოიცნეს ისინი?
    რა დაგიშავეთ ჩვენ, რომ მუსიკალური გაფორმებით გვაყურებინეთ ბავშვთა პორნოგრაფიას?
    რატომ გააბედნიერეთ პედოფილები, რომელთაც სასწაული მასალა მიართვით უფასოდ და უპრობლემოდ, ნუ, ოდნავ გაფუჭებული რეზოლუციით, მაგრამ მაგას როგორმე გადაიტანენ.
    რატომ?
    რაააატოოოოომ???????????
    ფეხებზე მკიდია თქვენი გაპრანჭული ბოდიში!
    გამეცით პასუხი კითხვაზე – რატომ?”- წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში. 

    ცნობისთვის, გუშინ “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ გასული სიუჟეტის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა ისიც რომ გასული სიუჟეტი იყო მძიმე შეცდომა და თავის მართლება უადგილო იქნებოდა.

    არხზე გასულ სიუჟეტს კრიტიკა მოჰყვა ბავშვთა უფლებების დამცველების და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან. ქარტიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც არხზე გასული სიუჟეტის ყველა პლატფორმიდან ამოღება მოითხოვა, რადგან არაეთიკურად გაშუქებულმა პრობლემამ ქარტიის აზრით შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვებს:

    “2020 წლის 21 ივნისს, ტელეკომპანია მთავარის პროგრამა PostFactum-ში გავიდა სიუჟეტი ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე.

    სიუჟეტში აჩვენეს კადრები პორნოგრაფიული მასალიდან. მიუხედავად იმისა, რომ შეეცადნენ ბავშვთა სახეების დაფარვას, ვფიქრობთ, გარკვეული პირებისთვის შესაძლებელი გახდა არასრულწლოვანთა იდენტიფიცირება.

    ქარტია მიიჩნევს, რომ ბავშვის დაფარვა უპირობოდ აუცილებელია, თუ მასალა რაიმე ფორმით უკავშირდება სექსუალურ ძალადობას. მედიამ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა გააშუქოს ამგვარი შემთხვევები. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბავშვის სახის დაფარვა არ არის საკმარისი, რადგან ხშირად ვინაობის დადგენა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა დეტალების ამოცნობითაც, რაც ამ შემთხვევაში გამოვლინდა.

    მედიის ვალდებულებაა, თავიდან აიცილოს ბავშვის რეტრავმირება და არ გაახსენოს მას ამბავი, რომელიც ნეგატიურ ემოციებთანაა დაკავშირებული. გამონაკლის შემთხვევად მიიჩნევა რედაქციის დასაბუთება და საჯარო ინტერესი, რასაც მთავარი არხის ეთერში გასული სიუჟეტის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მერვე პრინციპის თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.

    მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანიამ არ გაითვალისწინა ბავშვთა საუკეთესო ინტერესი და გაავრცელა მასალა, რომელიც, ჩვენი აზრით, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მათ.

    ქარტია მოუწოდებს ტელეკომპანია მთავარს, ამოიღოს აღნიშული სიუჟეტი გავრცელების ყველა შესაძლო პლატფორმიდან. ასევე მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, არ გაავრცელონ მსგავსი, ბავშვთა ინტერესების დამაზიანებელი ვიდეოკადრები”. – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

  • “პანდემია კვლავ ძლიერდება”–ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

    “პანდემია კვლავ ძლიერდება”–ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა ქვეყნები ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებენ, ბიზნესებს ხსნიან, კორონავირუსის პანდემია კვლავ ძლიერდება.

    „ბევრ ქვეყანაში, ეპიდემია ახლა პიკს აღწევს, ან პიკისკენ მიემართება“ – აცხადებს ჯანმოს საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელი, ექიმი მაიკლ რაიანი.

    ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის გერმანია, სამხრეთ აფრიკა და ინდოეთი, რომელიც ყოველდღე 15 000-მდე ახალი დადასტურებული შემთხვევის შესახებ იტყობინება, შეზღუდვების კვლავ დაწესების შესაძლებლობას უშვებს და მეორე ტალღის გასამკლავებლად ემზადება.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, მაშინ, როცა მსოფლიოში პირველი მილიონი ადამიანი ახალი კორონავირუსით სამი თვის განმავლობაში დაინფიცირდა, ახლა ინფიცირების მილიონი დადასტურებული შემთხვევის გამოვლენას რვა დღე დასჭირდა.

    „მთავარი საფრთხე, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგას, არა ვირუსი, არამედ გლობალური სოლიდარობისა და ლიდერობის არარსებობაა“ – აცხადებს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.

    ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში ინფიცირების 9 მილიონზე მეტი, გარდაცვალების კი 474 000 შემთხვევა ფიქსირდება.

    ორივე კატეგორიაში, ოფიციალურად დადასტურებული მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში ტესტირებების რაოდენობა კვლავ გაიზრდება. ამის შესახებ ფაუჩიმ კონგრესში გამართულ მოსმენაზე ისაუბრა, იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი ტრამპი ჯანდაცვის ოფიციალურ პირებს, ტესტირების რაოდენობის შემცირებას თხოვს.

    თეთრი სახლი აცხადებდა, რომ პრეზიდენტს „სერიოზულად“ არ უთქვამს, როცა განაცხადა, რომ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების დიდი რაოდენობის მიზეზი, უფრო მეტი ტესტირების ჩატარებაა. თუმცა, პირეზიდენტმა ტრამპმა, სამშაბათს საკუთარი ადმინისტრაციიის განცხადების საწინააღმდეგოდ თქვა, რომ ამ განცხადების გაკეთებისას, ის არ ხუმრობდა.

    კონგრესში გამართულ მოსმენაზე, ექიმმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ოპტიმისტური გათვლის შემთხვევაში, კორონავირუსის ვაქცინა, ყველაზე ადრე, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლოს იყოს ხელმისაწვდომი. თუმცა, ამასთან ერთად, ის იმასაც ხაზს უსვამს, რომ ვაქცინის არსებობა, შესაძლოა არ იყოს გარანტია, რომ აცრა ადამიანს ვირუსისგან ხანგრძლივად დაიცავს.

     

  • RMG Gold, შპს ლილო მოლი– ქართული ოცნების საეჭვო დაფინანსება და პარტისთვის შეწირული 4.7 მილიონი ლარი

    RMG Gold, შპს ლილო მოლი– ქართული ოცნების საეჭვო დაფინანსება და პარტისთვის შეწირული 4.7 მილიონი ლარი

    2020 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელიც, როგორც წესი, შემოწირულებების დიდი რაოდენობით გამოირჩევა.  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა კვლევა გამოაქვეყნა ქართული ოცნების 2020 წლის დაფინანსების შესახებ. როგორც ირკვევა,  2020 წლის 3 ივნისის მდგომარეობით, მმართველ პარტიას უკვე მიღებული აქვს 4,7 მლნ ლარზე მეტი შემოწირულება. გასულ 2019 წელს კი, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ შუალედური არჩევნები ჩატარდა, ქართულმა ოცნებამ 7 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღო.

    საქართველოს კანონმდებლობით, პოლიტიკური პარტიის მიერ ფიზიკური პირისგან ერთი წლის განმავლობაში მიღებული შემოწირულებები არ უნდა აღემატებოდეს 60,000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისგან კი – 120,000 ლარს.  პოლიტიკური შემოწირულებები ხშირად კორუფციის რისკის შემცველია. კომპანიები, რომლებიც მმართველ პარტიას აფინანსებენ, შესაძლოა იგებდნენ დიდი რაოდენობის ტენდერებს და ამ გზით ფაქტობრივად უკან იბრუნებდნენ გაცემულ თანხებს, ან სარგებლობდნენ სხვა სახის შეღავათებითა თუ პრივილეგიებით. ამასთან, კომპანიები ხშირად სხვადასხვა გზებით გვერდს უვლიან კანონით დადგენილ ლიმიტებს და მმართველ პარტიას იმაზე ბევრად მეტით აფინანსებენ, ვიდრე ეს დაშვებულია.

    დასკვნის მიხედვით 2020 წლის შემოწირულობები ასე გამოიყურება:

    ქართული ოცნების სასარგებლოდ 2020 წლის 3 ივნისისათვის ჯამურად 204 შემოწირულებაა განხორციელებული და ყველა შემომწირველი ფიზიკური პირია. თუმცა, საინტერესოა, რომ ხშირად ერთი კომპანიის თანამფლობელები და დირექტორები ერთსა და იმავე პერიოდში სწირავენ თანხებს. ზოგიერთ შემთხვევაში კი, შემომწირველები ერთი კომპანიის ისეთი თანამშრომლები არიან, რომლებიც ორგანიზაციაში მმართველ თანამდებობებს არ იკავებენ, რის გამოც ძალიან რთულდება მათი კომპანიასთან დაკავშირება.  ეს პრაქტიკა შესაძლოა მიუთითებს, რომ შემოწირულება არა ფიზიკური პირის პოლიტიკური პრეფერენციის ან პარტიის დაფინანსების სურვილითაა გამოხატული, არამედ ამაში სწორედ ბიზნესის ინტერესი იკვეთება.

    მაგალითისთვის, 2020 წლის იანვრიდან 3 ივნისის ჩათვლით განხორციელებული შემოწირულებებიდან იკვეთება არაერთი ფიზიკური პირი, რომლებიც სავარაუდოდ კავშირში არიან შპს RMG Gold-თან, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათი კომპანიის თანამშრომლებად იდენტიფიცირება თითქმის შეუძლებელია.

    ქვემოთ ჩამოთვლილი შემომწირველების კავშირების დასადგენად გამოყენებულია RMG Gold-ის ვებგვერდზე განთავსებული მათივე ბეჭდური გამოცემის მასალები,  ონლაინ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია[1], სოციალური ქსელი “Facebook” და საჯაროდ ხელმისაწვდომი სახელმწიფო ონლაინ რესურსები.

    მმართველ პარტიას 60,000 ლარი შესწირეს:

    – RMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ;

    – წარმოების დირექტორმა, კობა მენაბდიშვილმა;

    – კორპორაციულმა დირექტორმა, კახაბერ მჭედლიშვილმა;

    – ვლადიმერ კახეთელიძემ, რომელიც 2018 წლის ინფორმაციით,უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო;

    – ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონდო შუბითიძემ, რომელიც RMG-სთან დაკავშირებული სხვა კომპანიის მფლობელია;

    – ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ბალანჩივაძემ;

    – გარემოს დაცვის საკითხებში დირექტორმა, მიხეილ კვარაცხელიამ;

    – RMG-ის რესურსების გეოლოგმა (2017 წლის ინფორმაცია), მალხაზ ნაცვლიშვილმა;

    60,000-ზე ნაკლები შესწირეს:

    – კახაბერ კეკელიძემ, რომელიც 2014 წლის ინფორმაციით RMG-ის გამამდიდრებელი ფაბრიკის დირექტორი იყო – 55,000 ლარი;

    – ადამიანური რესურსების მიმართულებით დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ – 50,000 ლარი;

    – კორპორაციული დირექტორის მოადგილემ, ამირან ქართველიშვილმა – 40,000 ლარი;

    – ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი შატაკიშვილმა – 15,000 ლარი;

    – ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა, კესო ჩიღუნაძემ – 30,000 ლარი;

    – ზაზა ავალიშვილმა, რომელიც ონლაინ მედიაზე დაყრდნობით, 2014 წელს RMG-ის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი იყო – 45,000 ლარი;

    – RMG-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნატო ნოზაძემ – 7,000 ლარი;

    – იროდი (ირაკლი) ჭეჟიამ, რომელიც “Facebook”-ზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, RMG Copper-ის შესყიდვების მენეჯერია – 7,000 ლარი;

    – სოციალური პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა, დავით მენაბდიშვილმა – 7,000 ლარი;

    – 7,000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას ჟიული ბერიძემაც, რომელიც RMG-ის ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნებული სიახლეების მიხედვით, 2014 წელს გამამდიდრებელი ფაბრიკის სარემონტო სამსახურის ხელმძღვანელი იყო;

    – გია მუშკუდიანმა 10,000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას, რომელიც 2015 წლის ინფორმაციით RMG-ის ადმინისტრაციაში მუშაობდა.

    – 10,000 ლარის შემოწირულება განახორციელა ჯემალ გიორგაძემაც, რომელიც 2015 წლის ინფორმაციით ასევე RMG-ის ადმინისტრაციაში იყო დასაქმებული.

    – მაია ნაცვლიშვილმა მმართველ პარტიას 50,000 ლარი შესწირა. ერთი შეხედვით, მას არაფერი აკავშირებს არც RMG Gold-თან და არც სხვა რომელიმე კომპანიაში აქვს ინტერესი, თუმცა, ნაცვლიშვილის მისამართზეა რეგისტრირებული ალექსანდრე ქუთათელაძე, რომელიც 2010-2012 წლებში კომპანიის ფინანსური დირექტორი იყო. თავად მაია ნაცვლიშვილის სახელზე კი იძებნება უძრავი ქონების რეესტრში შპს “კვარციტის” (RMG-ს ძველი დასახელება) კაზრეთში მდებარე უძრავ ქონებაზე ამონაწერის მოთხოვნა.

    მხოლოდ აქ მოცემული ინფორმაციით, RMG-სთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულმა ფიზიკურმა პირებმა მმართველ პარტიას 2020 წლის 3 ივნისის ჩათვლით 800 ათას ლარზე მეტი შესწირეს. საგულისხმოა, რომ კომპანიის შედარებით მაღალი რანგის თანამშრომლები დიდ თანხებს სწირავენ, ხოლო საშუალო მენეჯმენტში დასაქმებულები, 15, 10 ან 7 ათას ლარს. გარდა ამისა, შემომწირველთა სიაში ფიგურირებს ათობით სხვა ადამიანი, რომლებიც ბოლნისში, დაბა კაზრეთში ან მიმდებარე სოფლებში არიან რეგისტრირებულნი, ძირითად შემთხვევაში არ აქვთ წილები ბიზნესში და ან საერთოდ არ ფლობენ უძრავ ქონებას, ან მხოლოდ იმ სახლს, რომელშიც რეგისტრირებულნი არიან. ამასთან, მათი ნაწილის სახელები და გვარები იძებნება RMG-ის ონლაინ გაზეთის სხვადასხვა წლის გამოცემაში, რაც ბადებს ეჭვს, რომ ისინიც კომპანიის თანამშრომლები არიან, თუმცა რადგან მათი საბოლოო იდენტიფიცირება ვერ ხდება, აღნიშნული ინფორმაცია კვლევაში არაა წარმოდგენილი.

    ის ფაქტი, რომ ერთი კომპანიის ამდენი თანამშრომელი ერთდროულად სწირავს მმართველ პარტიას თანხას, აჩენს ეჭვებს, რომ აღნიშნული თანხები მობილიზებულია კომპანიის მიერ და შესაძლოა კომპანიის ტოპ მენეჯმენტი იყენებდეს საკუთარ თანამშრომლებს შემოწირულების კანონის დარღვევით განსახორციელებლად. “პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ “შემოწირულების სხვა პირის მეშვეობით განხორციელება, გამოიწვევს შემოწირულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, ხოლო სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა”. აღნიშნულის მონიტორინგი და საეჭვო შემთხვევებში შესაბამისი დასაბუთების მოთხოვნა საქართველოს აუდიტის სამსახურს ევალება.

    მსგავსად მოქმედებენ შპს ლილო მოლის დამფუძნებლებიც, რომლებზეც მედია აქამდეც წერდა.  კერძოდ, კომპანიის 15-დან რვა მეწილემ და კომპანიის დირექტორმა 2020 წლის 15 მაისს მმართველ პარტიას ჯამურად 455,000 ათასი ლარი შესწირეს.  აღნიშნულ პირებს 2017 წლიდან დღემდე მართველი პარტია ჯამურად 1,2 მლნ ლარზე მეტით აქვთ დაფინანსებული. თუმცა, ლილო მოლის შემთხვევაში მხოლოდ მეწილეებისა და მმართველ თანამდებობაზე მყოფი პირების იდენტიფიცირება ხდება, რის გამოც ნაკლებად სავარაუდოა შემოწირულების სხვა პირის მეშვეობით განხორციელების ფაქტი. მიუხედავად ამისა, ასეთი შემთხვევები აჩენს ეჭვებს, რომ მსგავსი შემოწირულებები არ არის ფიზიკური პირების პოლიტიკური სიმპათიების გამომხატველი, არამედ ემსახურება ბიზნეს ინტერესებს და გვერდს უვლის კანონით დადგენილ პოლიტიკური პარტიის დაფინანსების ლიმიტს.

  • ელისო კილაძე სუს–ში დაიბარეს

    ჟურნალისტი ელისო კილაძე ხვალ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. კილაძის თქმით, ის გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო მცდელობის საქმესთან დაკავშირებითაა დაბარებული.

    ამ საქმეზე სუს-ში დაბარებულები იყვნენ TV პირველის მთავარი პროდიუსერი, ნოდარ მელაძე და ამავე არხის ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, ასევე ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია.

  • “ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი”- კახა კალაძე ფეიკნიუსთან ბრძოლას იწყებს

    “ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი” – ხვალიდან, 25 ივნისიდან, თბილისის მერი, კახა კალაძე ფეიკნიუსის წინააღმდეგ ვიდეოჩართვებს იწყებს. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო-მიმართვაში ისაუბრა.

    “ვგრძნობთ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი ის სიცრუე და ცილისწამება, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე, სამწუხაროდ, თხზავენ გამარგინალებული პოლიტიკოსები და ავრცელებენ თავიანთი მედიასაშუალებებით. ასე, რომ ვიწყებთ, თითოეულ ფეიკბრალდებაზე, რაც არ უნდა სისულელე იყოს, ყოველთვის გავცემთ არგუმენტირებულ, რაციონალურ პასუხს. ვალდებულები ვართ, ხელი შევუშალოთ სიცრუის პროპაგანდას და მის დანერგვას ჩვენს მედიასივრცეში. ხვალ 22 საათზე გვიყურეთ, რომ გქონდეთ სწორი ინფორმაცია ყველა იმ სიცრუეზე, იმ სიბინძურეზე, რაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის და პირადად ჩემი მისამართით ისმის. ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი”, – განაცხადა კალაძემ.

  • ალბათ ელენე ხოშტარიას კონკურენტს არ დავუყენებთ – მამუკა ხაზარაძე

    ალბათ ელენე ხოშტარიას კონკურენტს არ დავუყენებთ – მამუკა ხაზარაძე

    ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შესაძლოა არჩევნებზე ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატს, ელენე ხოშტარიას კონკურენტი არ დაუყენონ. მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება შესაძლოა რამდენიმე სხვა მაჟორიტართან დაკავშირებითაც მიიღონ.

    “როცა ვამბობთ, რომ ჩვენ 30 კანდიდატს ვაყენებთ, იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გვესიმპატიურება, ადამიანებზეა ლაპარაკი და არა პოლიტიკურ პარტიებზე, შეიძლება გავითვალისწინოთ. მაგალითა, მე პირადად ლაკას[ელენე ხოშტარიას] ძალიან დიდ პატივს ვცემ, თავდადებულ ადამიანს და მართლა სიმპატიით ვარ. ჩვენ, ალბათ, ელენეს, შეიძლება კიდევ რამენიმე შეიძლება იყოს, ჩვენ ასეთ საკითხებს [ არ დავუყენებთ]. თბილისზე არ არის საუბარი. ჯერ ჩამოყალიბდეს ოპოზიცია”, — განაცხადა ხაზარაძემ ტვ პირველთან საუბარში.

  • წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი – როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 ივნისამდე

    გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 28 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    მათივე ინფორმაცით, ზღვაზე ხვალ 2-3 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.

    „25 ივნისს ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ ,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.