Category: ახალი ამბები

  • ეს არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური არჩევნები იქნება – გახარია

    ეს არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური არჩევნები იქნება – გახარია

    როგორც ჩანს, ეს არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური არჩევნები,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ე.წ. ფეიკნიუსებზე საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, აღნიშნული საკითხი საერთაშორისო გამოწვევაა და აქ ჩვენ კომპეტენციის, ტექნოლოგიური პრობლემებიც გვაქვს.

    „ფეიკნიუსებზე იყო კითხვა. ფეიკნიუსების წინააღმდეგ რაც გვაქვს ესაა – მაქსიმალური გახსნილობა, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოქალაქეებს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. რა თქმა უნდა, საარჩევნო პერიოდში და როგორც ჩანს, ეს არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური არჩევნები, მექანიზმი მარტივია, “ფეიკნიუსი”, მერე ამ ფეიკნიუსზე პროპაგანდისტური მანქანა და შემდგომ უკვე რაღაც პოლიტიკური მიზნები. ხშირ შემთხვევაში ამას მოკლევადიანი შედეგი აქვს. ზოგი ცოცხლობს 1 საათი, ზოგი ცოცხლობს – 1 კვირა. რეალურად ის, რაც შეეხება ჰიბრიდულ ძალას, ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურად ვმუშაობთ. უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებშიც ვქმნით სტრატეგიული კომუნიკაციების გარკვეულ ინსტრუმენტებს, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევენ გარედან წამოსულ ჰიბრიდულ რისკებს ვებრძოლოთ. ესაა საერთაშორისო გამოწვევა. აქ ჩვენ კომპეტენციის, ტექნოლოგიური პრობლემებიც გვაქვს და საერთაშორისო პარტნიორების დახმარების იმედიც გვაქვს,“-აღნიშნა გახარიამ.

  • გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის „ვიტ ჯორჯიას” 19 წლის ფეხბურთელი, ირაკლი წაქაძეა

    გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის „ვიტ ჯორჯიას” 19 წლის ფეხბურთელი, ირაკლი წაქაძეა

    ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის „ვიტ ჯორჯიას” 19 წლის ფეხბურთელი, ირაკლი წაქაძეა. არსებული ინფორმაციით, მას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ძალადობას ედავებიან.

    ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ხულიგნობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას. დაკავებულებს შორის არიან: ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე, თენგო ბარბაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, ირაკლი მუმლაძე, ნიკა ჟვანია, ირაკლი წაქაძე.

    19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

  • კოლეგებო, ჩვენი ბრალია ამდენს რომ გვიბედავს კრიმინალი კალაძე – ნინო ჯანგირაშვილი სახელისუფლო მედიის შავი ფულით დაფინანსებაზე

    “შევიდეს ფინანსური პოლიცია პოსტვ–ში, აღწეროს, როგორ ახერხებენ თვეში 57 000–იანი შემოსავლით მინიმუმ ნახევარ მილიონიანი ხარჯების გაწევას, რამდენი თანამშრომელი მუშაობს, რა პირობებით მუშაობენ, თუ ამდენი ხალხი უხელფასოდ მუშაობს, ესეიგი ადგილი აქვს მონური შრომის გამოყენებას და ტრეფიკინგს.”- ამის შესხებ ტელეკომპანია „კავკასიის“   დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    “ამ სიგრძე სტატუსი ცხოვრებაში არ დამიწერია, თუმცა იმედი მაქვს წაიკითხავთ, საინტერესო ციფრებია:

    ძვირფასო კოლეგებო, გინდათ გითხრათ ვისი ბრალია კალაძემ რაც გუშინ გაბედა? ჩვენი. გინდათ გითხრათ ვისი ბრალია, ივანიშვილის უნიტაზი კაცები რომ სხედან ხოლმე სტუდიებში და ბევრს გვეტლიკინებიან, მათ შორის მედიას? ჩვენი, რა თქმა უნდა. ახლავე მოგახსენებთ რატომ:

    დღისით, მზისით, ყველას თვალწინ ქვეყანაში არსებობს ტელევიზიად წოდებული დაწესებულება, რომელიც 99%–ით შავი ფულით ფინანსდება. რამიშვილ–ნაცვლიშვილის პოსტვ დიდი ხანია მოხვდა ჩემი ინტრესის სფეროში, ჯერ კიდევ ონლაინ სივრცეში რომ გამოანათა, მაშინ. მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო ივანიშვილის სურვილების, მესიჯების და განწყობების მთავარი გამტარი, აქ ხდებოდა, როგორც ჩვენი პრეზიდენტი იტყოდა, “მისი აგრესიის კანალიზაცია“, რადგან სხვა პლატფორმებზე ასეთი ვულგარული, მდაბიო და მანიაკალური მისწრაფებების გადმონთხევა უბრალოდ გამორიცხულია, თვით იმედზეც კი.

    თუმცა, ახლა ამ სიბინძურის ფსკერის კონტენტ ანალიზს არ ვაპირებ. მხოლოდ ციფრები:

    2019 წლის ნოემბრიდან პოსტვ უკვე საეთერო მაუწყებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოექცა საქართველოს კანონმდებლობის მოქმედების ქვეშ მაუწყებელთა უკიდურესად მკაცრი ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მაუწყებელი უდეტალურეს ანგარიშს ვაბარებთ კომუნიკაციების კომისიას ჩვენი შემოსავლების შესახებ, ჩაშლილი სახით, ასევე ხარჯების და მიღებული მომსახურებების ნაწილის შესახებ. და ეს ყველაფერი ქვეყნდება საჯაროდ.

    რა თქმა უნდა, დიდი ხანია მქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ პოსტვ ივანიშვილისგან ფინანსდებოდა, თუმცა ფინანსურ ინფორმაციასთან წვდომა მე არ მქონია, და შესაბამისად ვერ გადავამოწმებდი, რამდენად შეესაბამებოდა მათი შემოსავლები მათ მიერ გაწეულ ხარჯებს, რაც აშკარად და თვალხილულად ჩანდა.

    ახლა კი, რაც პოსტვს ფინანსური გამჭვირვალობის ვალდებულება აქვს, ეს უკვე შესაძლებელია. ჰოდა, ერთხელაც, მას შემდეგ, რაც შალვა რამიშვილმა მორალის შესახებ მორიგი ლექცია წაიკითხა საკუთარ გადაცემაში, ივანიშვილის მზე დაიფიცა, ყველა ტელევიზია შეგვაჩვენა და ზოგს დაპირდა, ამოგშანთავთო, გადავწყვიტე გადამემოწმებინა, რამდენს უხდიან ასეთი თავგანწირვისთვის და რა დაჯდა მისი ასეთი ტრანსფორმაცია, როგორც მორალური განწმენდის, ასევე გამბედაობის თვალსაზრისით.

    ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა: პოსტვ–ს მიერ ოფიციალურად დეკლარირებული თანხები შემდეგია:
    2019 წლის ბოლო კვარტალი, ანუ ოქტომბერი, ნოემბერი დეკემბერი – შემოსავალი 32 000 ლარი.

    2020 წლის პირველი კვარტალი(იანვარი, თებერვალი, მარტი): მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობა – 100 000 ლარი. სარეკლამო შემოსავალი –72 000 ლარი.

    ეს იმ ფონზე, როცა ამ ტელევიზიამ გასული წლის ზაფხულიდან დაიწყო თანამშრომლების აყვანა, გაფართოება, ოპერატორების და ტექნიკური პერსონალის გადაბირება სხვა არხებიდან ორჯერ და სამჯერ მაღალი ხელფასების სანაცვლოდ. მაგალითად, ოპერატორის მინიმალური ხელფასი ამ არხზე 2000 ლარია, და ეს ყველამ კარგად იცის სატელევიზიო სივრცეში. საერთოდაც, ყველამ ვიცით, ვინ რითი სუნთქავს. სტუდიაში დანახული კადრით შეგიძლია მიხვდე, რომელი და რამდენი კამერა მუშაობს სტუდიაში, რა დაჯდა დიზაინი, გადაღებაზე გამოსული ჯგუფებით შეგიძლია მიხვდე, რამდენი ადამიანი მუშაობს, რამდენი დახარჯეს ტექნიკაში, ეთერში გასული ფილმებით თუ სერიალებით შეგიძლია დათვალო, მინიმუმ რა დაჯდა კონტენტის შეძენა, მოკლედ, ძალიან მარტივია ჩვენს სფეროში სხვისი ფულის დათვლა, თუ მოინდომე.
    ხოდა, რისი თქმა მინდა: პოსტვ, როგორც თავად შალვა რამიშვილი მეტიჩრობს ხოლმე, ახალ–ახალ გადაცემებს ამატებს, აკეთებს სტუდიებს, ყიდულობს პროდუქციას, ამ ორგანიზაციაში მუშაობს ჩემი ინფორმაციით მინიმუმ 200 ადამიანი. ნაქირავები აქვთ 4000 კვ. მ. ოფისი, რაშიც როგორც კომუნიკაციების კომისიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, თვეში 86000 ლარს იხდიან(კომისიის გვერდზე ხარჯების მხოლოდ მცირე ნაწილია მითითებული, თუმცა ეს ხარჯებიც კი მინიმუმ ორჯერ აღემატება ამ არხის ოფიციალურად დეკლარირებულ შემოსავლებს).

    მოკლედ, პოსტვ–ს ოფიციალური შემოსავალი 2020 წლის პირველ კვარტალში მიღებული შემოსავლები სამ თვეზე რომ გავყოთ, თვეში საშუალოდ 57 000 ლარი გამოდის, არადა, მარტო ოფისის იჯარაში იხდიან 86 000 ლარს თვეში.

    შედარებისთვის: მაგალითად, გასული წლის შემოდგომაზე საქართველოში კიდევ ორი ახალი არხი გაიხსნა: ფორმულა და მთავარი.

    ამ არხებში საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩაიდო, ღიად და გამჭვირვალედ, და ეს კომისიის ვებგვერდზე დეკლარირებულ თანხებში ნათლად ჩანს:

    ფორმულას შემოსავლები 2019 წლის მეორე კვარტლიდან 2020 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე, ანუ გახსნის დღიდან 24 მილიონ ლარს აჭარბებს. აქედან, თითქმის 24 მილიონი ლარი დამფუძნებლის შენატანი და არასამაუწყებლო შემოსავალია. სარეკლამო გაყიდვებით ამ პერიოდში 600 000 ლარზე მეტი შევიდა.

    იგივე პერიოდში მთავარ არხზე დამფუძნებლის შენატანი და არასამაუწყებლო შემოსავლები 7 მილიონ ნახევარი ლარი იყო. რეკლამის გაყიდვით ამ პერიოდში მთავარმა თითქმის 4 მილიონი ლარი მიიღო.

    ყველასთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ არხების დაფინანსების წყაროების შესახებ, მოსწონს თუ არა ვინმეს მათი დამფუძნებლები, ეჭვს და კითხვის ნიშნებს არ აჩენს, რამდენად შეესაბამება მათი შემოსავლები მათ მიერ გაწეულ ხარჯებს, ისევე, როგორც სხვა მაუწყებლების უმრავლესობის შემთხვევაში. მაგალითად, ჩემი არხი ერთ–ერთი ყველაზე დაბალ შემოსავლიანი არხია და აქ არც მსხვილი ინვესტიცია განხორციელებულა არასოდეს, რაც აისახება იმაზე, რომ ვერ ვახერხებთ განვითარებას, ვერ ვქმნით ახალ პროდუქტს, ვერ ვტვირთავთ საეთერო ბადეს. მოკლედ, ჩემი საწყალი შემოსავლები ზედ ეტყობა ჩემს ეთერს და ჩემი ორგანიზაციის ფუნქციონირების მაშტაბებს.

    ხვალ რომ უცებ ახალთახალი სტუდიები გავაკეთო, 200 ახალი მაღალხელფასიანი თანამშრომელი დავიქირავო, 20 ახალი გადაცემა დავამატო, ახალი ტექნიკა გამიჩნდეს, არავინ მოიკითხავთ საიდან მაქვს ეს ფული? და თუ მოიკითხავთ და აღმოჩნდება, რომ ოფიციალურად შემოსავალი არ გამზრდია რას იტყვით? დიახ, სწორად იფიქრეთ, რომ ესეიგი ვიღაც დიდი შავი ფულით მაფინანსებს. რომ გითხრათ რომ ჩემთან 200 თანამშრომელი უხელფასოდ მუშაობს, დაიჯერებთ? რა თქმა უნდა, არა.

    მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ: იმ სამი არხიდან, ვის ლოგოებსაც კალაძემ სისხლი ადინა, სამივეს დამფუძნებელზე პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული:
    ტვ პირველის მფლობელზე ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძესთან ერთად, ფორმულას და მთავარი არხის დამფუძნებლებზე იმის გამო, რომ პროკურატურის აზრით სარეკლამო კონტრაქტი არასწორად გააფორმეს (ეს ცალკე ტრაგიკომედიაა, თუმცა ამაზე აქ არ შევჩერდები), ამ დროს კი ქვეყანაში არსებობს არხი, სადაც ერთი შეხედვით, ზედმეტი გამოძიების და თავის მტვრევის გარეშეც, ინტერნეტში ხუთწუთიანი მოქექვის და ტელევიზორის ყურების შედეგად თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით შეგძილია დაასკვნა, რომ დიდი რაოდენობით შავი ფული ტრიალებს.
    ერთადერთი დათქმა: ყველაფერი, რაც ზემოთ დავწერე, უკან მიმაქვს, თუ გაირკვევა რომ პოსტვ–ში ოფიციალურად ვინმემ შეიტანა მინიმუმ 10 მილიონი ლარი იმ პერიოდში, რომელიც სავალდებულო დეკლარირების პერიოდში ვერ მოხვდა, მაგალითად 2019 წლის მესამე კვარტალში. წინააღმდეგ შემთხვევაში:

    ფინანსთა სამინისტრომ და პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მინიმუმ მოკვლევა, როგორ ფუნქციონირებს ეს ორგანიზაცია, ჩაირთოს ხარჯების მონიტორინგი, შევიდეს ფინანსური პოლიცია პოსტვ–ში, აღწეროს, როგორ ახერხებენ თვეში 57 000–იანი შემოსავლით მინიმუმ ნახევარ მილიონიანი ხარჯების გაწევას, რამდენი თანამშრომელი მუშაობს, რა პირობებით მუშაობენ, თუ ამდენი ხალხი უხელფასოდ მუშაობს, ესეიგი ადგილი აქვს მონური შრომის გამოყენებას და ტრეფიკინგს.

    ჩემს ძვირფას “პირსისხლიან“ კოლეგებს კი კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ ღირსები ვართ, ჩვენი ბრალია ამდენს რომ გვიბედავს კრიმინალი კალაძე.” – წერს ნინო ჯანგირაშვილი.

  • ძალიან მიყვარს ადამიანები, არამც თუ ადამიანები თქვენც კი მიყვარხართ”- წულუკიანი ირმა ნადირაშვილს

    “მე ძალიან მიყვარს ადამიანები, არამც თუ ადამიანები, თქვენც კი მიყვარხართ”- ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ევროპული საქართველოს წევრს, ირმა ნადირაშვილს პარლამენტში პრემიერმინისტრის წლიური ანგარიშის წარდგენისას.

    “ქალბატონო ირმა, სადაც ბრძანდებით, ალბათ, ჩართული გაქვთ ტელევიზორი. მე ძალიან მიყვარს ადამიანები, არამც თუ ადამიანები, თქვენც კი მიყვარხართ” – განაცხადა თეა წულუკიანმა

  • გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კითხვის ნიშნები არ დარჩება, მწარე გამოცდილება გვაქვს – გახარია

    გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კითხვის ნიშნები არ დარჩება, მწარე გამოცდილება გვაქვს – გახარია

    პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განაცხადა, რომ პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება, რადგან მთავრობას “მწარე გამოცდილება აქვს”.

    “ცხელი თემაა, იცით, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა უკვე 17 ეჭვმიტანილი ამ საქმესთან დაკავშირებით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, გამოძიებას აქვს 35 თუ 40 დღე, რომ სწრაფი ინტენსიური გამოძიება აწარმოოს. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი კითხვის ნიშნები აქ არ დარჩება, არ დავტოვებთ, მწარე გამოცდილება გვაქვს და ჩვენ ჩვენს გამოცდილებაზე ვსწავლობთ”. – თქვა გიორგი გახარიამ.

    19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. ამ საქმეზე დღეს 17 პირი დააკავეს.

  • კურდღლები ხართ – გახარია ოპოზიციას

    პრემიერ–მინისტრის პარლამენტში 20 ივნისსზე საუბარს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. გახარიამ საპარლამენტო ოპოზიციას “კურდღლები” უწოდა.

    “ქალბატონი სამადაშვილი მემუქრებოდა, ეხლაო გაიქეცი აქედანო, თორემ ის ხალხი, გარეთ რომ არის, შემოვარდებაო და გაგაგდებენ აქედანო. სიტყვა–სიტყვით, ამის ჩანაწერები არსებობს. სიმართლე ერთია, აქცია, რომელიც სამართლიანად დაიწყეს მოქალაქეებმა გავრილოვის ამ სავარძელსი ჯდომის დროს, სადღაც 9 საათზე, აი , ეს თქვენი ფრთა პარლამენტისთვის საერთოდ უცხო ადამიანებით იყო სავსე.

    კითხვას რატომ არ უსვამთ ერთმანეთს, ეს ხალხი აქ როგორ შემოვიდა?! რა უნდოდა ამ ხალხს, მიზანი რა ჰქონდა. შსს მინისტრი მაშინ მოვედი იმისთვის, რომ თქვენ დეპუტატატები დამეცავით, რომ გარედან ხალხი რომ არ შემოვარდნილიყო, რომელიც თავს ესხმოდა პოლიციას. პოლიციელებს ბრბოში იტაცებდნენ და ურტყამდნენ”,– თქვა გახარიამ დეპუტატების კითხვებზე პასუხად.

    ამ პასუხს ევროპული საქართველოს და ენმ–ს დეპუტატების რეპლიკები მოჰყვა, რომელსაც გახარიამ უპასუხა: “დედა, რა მაგარი ხარ… მაგარი კი არა, კურდღლები ხართ, კურდღლები ხართ რატომ იცით? ამ შეხვედრისთვის რომ ემზადებოდით და იქ რაღაც ჯგუფური “ბრეინშტორმინგები მოაწყვეთ. ბიჭოო…”

  • პირბადე მოვიხსენი, მინდა, ჩემი მწყაზარი სახე გაყურებინოთ – წულუკიანი ოპოზიციას (ვიდეო)

    “პირბადე მოვიხსენი, მინდა, ჩემი მწყაზარი სახე გაყურებინოთ”- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარმენტში პრემიერმინისტრის წლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

    “მე პირბადე მოვიხსენი იმიტომ, რომ ჩემი სახე ახსენეს და მინდა ჩემი მწყაზარი სახე გაყურებინოთ. ძველქართული სიტყვები თქვენზე კარგად მოქმედებს ბატონო გიგა მე ძალიან მიყვარს ადამიანები, არამც თუ ადამიენები, თქვენც კი მიყვარხართ”, –  განაცხადა წულუკიანმა.

  • ხვალიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

    საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას გამოსაცდელები 27 ივნისის 12:00 საათიდან ნებისმიერი ხელმისაწვდომი კომპიუტერიდან შეძლებენ. მას შემდეგ, რაც ისინი შევლენ ცენტრის ვებგვერდის – online.naec.ge – პირად გვერდზე (სადაც ირჩევენ გამოცდებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს), უნდა გამოიყენონ ღილაკი – “დაბეჭდეთ ბარათი”.

    საგამოცდო ბარათი პირადობის მოწმობასთან ერთად იქნება აბიტურიენტების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისა და მაგისტრობის კანდიდატთა საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. ბარათზე მითითებული იქნება: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა გამოსაცდელმა.

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს მონაწილეებს,  ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მოცემულ ინფორმაციას და აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ გამოსაცდელი  რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე არ დაიშვება.

    საგამოცდო ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

  • STOPCOV ფონდში შეგროვილ თანხას მეორე ტალღისთვის ვინახავთ – გახარია

    STOPCOV ფონდში შეგროვილ თანხას მეორე ტალღისთვის ვინახავთ – გახარია

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობა STOPCOV ფონდში შეგროვილ თანხას კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ინახავს. პრემიერის თქმით, ფონდის თანხა დეპუტატების რჩევების გათვალისწინებით დაიხარჯება.

    „ვინახავთ მეორე ტალღისთვის. მოგეხსენებათ ამ კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა არაპროგნოზირებადობაა. ჩვენ მზად ვართ, რომ წლის ბოლომდე ქვეყნის ფინანსური მდგრადობა არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი. ბატონებო, ამ ფონდის ფულს თქვენი რჩევების მიხედვით გამოვიყენებ. ამას გაგახსენებთ, პოლიტიკური სპეკულირება რომ არ დაიწყოთ გეტყვით, როგორც გვირჩიეთ ისე გამოვიყენეთ-მეთქი,“-აღნიშნა გახარიამ.

    ამ დროისთვის STOPCOV ფონდში დაგროვილი თანხა 134 214 386 ლარია.

  • Far ტიპის ულტრაიისფერი-C სინათლე ჰაერში კორონავირუსის 99.9%-ს კლავს

    კოლუმბიის უნივერსიტეტში დასრულდა კვლევა, რომელიც ჰაერში კორონავირუსებზე Far ტიპის ულტრაიისფერი-C (Far-UVC) სინათლის სხივების ზემოქმედებას სწავლობდა. ამ ტიპის სხივებს 10 წელზე მეტია, დასავლეთის ბევრი ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში, საავადმყოფოს პალატების და სამედიცინო აღჭურვილობის სტერილიზაციისთვის იყენებენ.

    მკვლევარები აცხადებენ, რომ Far-UVC-ის კონკრეტული სიგრძის სხივები ჰაერში კორონავირუსისის 99.9 პროცენტს კლავს. ამასთან, საუბარია ისეთ გამოსხივებაზე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის. ასეთია კოლუმბიის უნივერსიტეტის ირვინგის სამედიცინო ცენტრის მეცნიერთა ჯგუფის დასკვნა.

    „ჩვენს შედეგებზე დაყრდნობით, არსებული რეგულაციების ლიმიტების დაცვით, ჰაერის ხანგრძლივ დეზინფექციას Far-UVC სინათლით, შეუძლია დიდი რაოდენობით შეამციროს ვირუსი ჰაერში, ისეთ დახურულ სივრცეში, სადაც ადამიანები იმყოფებიან“ – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი დევიდ ბრენერი. ის კოლუმბიის უნივერსიტეტში რადიაციული ბიოფიზიკის პროფესორი და რადიოლოგიური კვლევების ცენტრის დირექტორია.

    ამ ტიპის სინათლეს გაცილებით მოკლე სხივები აქვს, ვიდრე სხვა ულტრაიისფერ გამოსხივებას. სწორედ ამიტომ არის ის ნაკლებად სახიფათო ადამიანისთვის, თორემ ზოგადად, ულტრაიისფერი გამოსხივება ადამიანისთვის რისკების შემცველია. მათ შეუძლიათ გაზარდონ კანის სიმსივნის რისკი, დაასუსტონ ადამიანის იმუნური სისტემა, დააზიანონ ჩვენი კანი და თვალები.

    სწორედ ამიტომ, კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერიმენტისთვის შეირჩა Far-UVC, რომლის პროტონებს ადამიანის კანში შეღწევის უნარი გაცილებით შეზღუდული აქვთ. მეორეს მხრივ, მათ შეუძლიათ გაცილებით იოლად მოკლან ისეთი ბაქტერიები და ვირუსები, რომელთა სისქე 1μm-ს არ აღემატება.

    2018 წელს ჩატარებული კვლევებით უკვე დადასტურებული იყო, რომ ულტრაიისფერი გამოსხივების ეს ტიპი წარმატებით კლავს გრიპის ვირუსებს. მკვლევარებს ახლა მისი გამოცდა კორონავირუსებზე აინტერესებდათ.

    მეცნიერებმა შეარჩიეს აღნიშნული სინათლის ტალღის არა 254nm სიგრძე, რომელიც ცარიელი საავადმყოფოების, ან მეტროს ვაგონების დეზინფექციისთვის გამოიყენება, არამედ კიდევ უფრო მოკლე სიგრძის ტალღა – 222nm, რაც ადამიანის ჯანმრთელობას რისკს არ უქმნის. ამ ზომის Far-UVC სინათლე ვერც ცრემლის საფარში აღწევს და ადამიანის ორგანიზმის ცოცხალ უჯრედებსაც ვერ აზიანებს.

    უნივერსიტეტში ფიქრობენ, რომ ასეთი განათების დაყენება თავისუფლად შეიძლება მაგალითად, ოთახის ჭერში. ის ეფექტურად მოკლავს კორონავირუსებს ისე, რომ იქ მყოფ ადამიანებს რისკებს არ შეუქმნის. ამგვარი განათება კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემას მნიშვნელოვნად შეამცირებდა, ისევე როგორც სხვა გრიპის ვირუსების გავრცელებას.

    ექსპერიმენტისთვის, მეცნიერებმა აეროზოლის ტიპის დანადგარით, Far-UVC (222nm) ლამპის წინ, ოთახში კორონავირუსის ორი სახე გააფრქვიეს. შემდეგ შეამოწმეს, თუ რა დროში, ვირუსის რა რაოდენობა მოკვდებოდა. მათი ნაშრომის მიხედვით, სინათლემ 8 წუთში ჰაერში ვირუსის დაახლოებით 90% მოკლა, 11 წუთში – 95%, 16 წუთში – 99% და 25 წუთში – 99.9%.

    ჯერ კიდევ მიმდინარეობს ექსპერიმენტი, რომელიც კონკრეტულად ახალ კორონავირუსს, სარს-კოვ-2-ს სწავლობს. ვირუსს, რომელმაც პანდემია კოვიდ-19 გამოიწვია. პირველადი მონაცემები უკვე ადასტურებს, რომ Far-UVC (222nm) სინათლე მასზეც ისეთივე წარმატებით მოქმედებს, როგორც სხვა კორონავირუსებზე.

    „Far-UVC სინათლე სინამდვილეში კორონავირუსის სახეობებს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, ასე რომ ჩვენ მოველით, რომ ის სარს-კოვ-2-საც ისევე მოკლავს“ – ამბობს პროფესორი ბრენერი. მისი თქმით, „ვინაიდან სარს-კოვ-2 უმეტესად აირწვეთოვანი გზით ვრცელდება, ჰაერში დახველების და დაცემინების შედეგად, მნიშვნელოვანია გაგვაჩნდეს საშუალება, რომელიც ჰაერში ვირუსის აქტივობას გაანეიტრალებს, კერძოდ იქ, სადაც ხალხი იმყოფება“.

    კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ფიქრობს, რომ ამ ტიპის განათების დაყენება უსაფრთხო იქნება საავადმყოფოებში, ავტობუსებში, თვითმფრინავებში, მატარებლებში, მეტროს, თუ მატარებლის სადგურებზე. ასევე – ოფისებში, უნივერსიტეტებში, სკოლებში, რესტორნებში, მაღაზიებში, კინოთეატრებში, თუ სპორტულ დარბაზებში. „ნებისმიერ ადგილას, სადაც ხალხი დახურულ სივრცეში იკრიბება, Far-UVC სინათლე სხვა ზომებთან კომბინაციაში, როგორიცაა ნიღბები, ხელის დაბანა, სარს-კოვ-2-ის და სხვა ვირუსების გავრცელებას შეზღუდავდა“ – აღნიშნავს პროფესორი ბრენერი.

    აღნიშნული ნაშრომი 24 ივნისს გამოქვეყნდა. მისი დეტალურად გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალში „ნეიჩერ“. კვლევა დააფინანსა შოსტაკის ფონდმა და შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა. დევიდ ბრენერთან ერთად, კვლევის ავტორები არიან კოლუმბიის უნივერსიტეტის ირვინგის სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლები: მანუელა ბუონანო, დევიდ უელში და იგორ შურიაკი.

    წყარო : ამერიკის ხმა