Category: ახალი ამბები

  • საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 1-ით გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 1-ით გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 921 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა და 781 გახდა.

    კარანტინის რეჟიმშია 2687 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 207 პირი.

    ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

    შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

    ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ,დღეს გააცნობენ. დაკავებულები თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორის გარდა, კიდევ ორი ქალაქის იზოლატორში არიან გადაყვანილი.

    დაკავებულებს შორის არიან მორაგბეები, ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე, კლუბ „ასკანელის“ მწრთვნელი ნიკა ჟვანია, ასევე ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილი. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ასევე 3 არასრულწლოვანი.

    საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის ,,ბ“ და ”გ“ ქვეპუნქტებით დაკავებული არიან: ს.ჩ., ს.გ. და ი.წ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ც., ლ.შ., გ.მ. და გ.ტ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკავებულია ვ.ჩ; სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ.; 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით კი დაკავებული არიან: ვ.მ., ა.ქ., ა.გ., ნ.რ. და ზ.ხ.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 06:39 საათზე, მიწისძვრა დმანისთან მოხდა.

    მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

  • მასობრივი ფრენების კონტროლის ბერკეტი არ გვაქვს. რეგულარული ფრენები გადავდეთ – თურნავა

    მასობრივი ფრენების კონტროლის ბერკეტი არ გვაქვს. რეგულარული ფრენები გადავდეთ – თურნავა

    ხელისუფლების გადაწყვეტილებით საქართველოში რეგულარული ფრენები პირველ აგვისტომდე არ აღდგება. შესრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, მასობრივი ფრენების შემთხვევაში სახელმწიფოს კონტროლის ბერკეტები არ გააჩნია.

    თურნავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ფრენები ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გადაიწია, ჩარტერული ფრენები სულ მცირე სამი მიმართულებით შენარჩუნდა. ესენია ვენა, ამსტერდამი და ისრაელი. ფრენებს  “აირზენა” შეასრულებს.

    თურნავა ამბობს იმასაც, რომ ფრენის პროცესის თვითდინებაზე მიშვება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების დათმობას ნიშნავს. ამას კი, მისი აზრით, საზოგადოებაში არავინ მოიწონებს.

    “ფრენის შესაძლებლობა იქნება, მაგრამ კონკრეტული მიმართულებით, შეთანხმებით, რაც უზრუნველყოფილი იქნება ეპიდემიოლოგიურად, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. ტრანსპორტირების პრობლემა არ იქნება, მაგრამ ეს არ იქნება სტიქიური პროცესი. ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ვყოფილიყავით ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული უსაფრთხო ქვეყნების სიაში. ეს არის სწორედ იმის შედეგი, რომ ჩვენ ეფექტიანად ვმართეთ კოვიდ ინფექცია, ეს გამოწვევა და დღეს უსაფრთხო დანიშნულების ადგილი ვართ, რასაც აქამდეც ვამბობდით,“ – ამბობს თურნავა. 

    შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ინფორმაციით საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენები 1-ელი ივლისიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით ეს თარიღი კიდევ ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გადავადდა.

  • 6 დასახელების რძის პროდუქტში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა

    არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ვებგვერდის, momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, 6 დასახელების რძის პროდუქტში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა. ქვემოთ ჩამოთვლილია ის პროდუქტები, რომლებიც რძის ცხიმის სისუფთავეზე შემოწმდა და აღმოჩნდა რომ მცენარეულ ცხიმებს შეიცავს.

    „პროდუქტი რძის ცხიმის გარდა შეიცავს სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის მცენარეულ ცხიმებს,“ – წერია ლაბორატორიის დასკვნაში.

    პროდუქტის დასახელება:

     ყველი ქართული”

    “არაჟანი სოჩინსკაია ლოო ქობულეთური, 21%”

    “არაჟანი „ქობულეთური“ 25%”

    “რძე „მალკო“, 2,5%”

    კარაქი ნაღების „რანინა“, 82,5%”

    ყველი”

    “თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 40 დასახელების რძის პროდუქტი და ჩავაბარეთ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში რძის ცხიმის სისუფთავეზე შესამოწმებლად. 6 პროდუქტში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა.” – წერია ვებგვერდზე

    საქართველოს კანონმდებლობის თანახმად („რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი), პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი ჩანაცვლებულია მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით, არ წარმოადგენს რძის პროდუქტს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი შეცდომაში შედის და რძის ნაწარმის ნაცვლად, თავისდაუნებურად სხვა პროდუქტს იძენს.

    „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, რძის ნაწარმი კვების რაციონის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთლობისთვის.

  • კოდივ19 და სეზონური გრიპი – სამხრეთ ამერიკის ახალი გამოწვევა

    კოვიდ19-ის პანდემიის პირობებში სამხრეთ ამერიკაში სეზონური გრიპისთვის პრევენციული ზომების მიღება დაიწყეს. ჯანდაცვის ოფიციალური პირების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა ჩაიტარონ, რადგან პანდემიის გამო ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჯანდაცვის სისტემებმა შეძლონ ვითარების კონტროლი.

    გამომდინარე იქიდან, რომ სეზონური გრიპის და კოვიდ19-ისთვის დამახასიათებელ სიმპტომებში არის სხვაობა მაინც შეიძლება მოხდეს მოსახლეობის ნაწილში გაურკვევლობა, ჯანდაცვის სისტემებმა კი მაღალი მიმართვიანობის პერიოდში ვითარების სრული კონტროლი ვერ შეძლონ.

    ახალი თავსატეხის თავიდან ასარიდებლად, არგენტინის, ჩილესა და სხვა ქვეყნების ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვაქცინაციის დაწყებას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ და სისტემას მაქსიმალურად გამართავენ.

    სამხრეთ ამერიკის ქვეყნები ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრში არიან, გადატვირთულია საავადმყოფოები და მნიშვნელოვნად გაზრდილია როგორც დაინფიცირებულთა, ასევე გარდაცვლილთა რაოდენობა.

    ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ თუ მოსახლეობა არ გაითვალისწინებს მითითებებს შესაძლოა ჯანდაცვის სისტემებს ძალიან დიდი პრობლემები შეექმნათ რადგან სეზონურ გრიპთან და პანდემიასთან ბრძოლა ერთმანეთის პარალელურად დიდი გამოწვევაა.

    კოვიდ19 მსოფლიოში ამ დროისთვის 9 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი დაახლოებით ნახევარი მილიონია.

    კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატები- 2,422,312, შემდეგ ბრაზილია – 1,228,114 და რუსეთის ფედერაციაა -619,936.

    ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები ამბობენ, რომ პანდემიის მეორე ტალღა გაცილებით მძიმე იქნება ვიდრე პირველი ტალღა იყო. თუმცა ამ დროისთვის შეუძლებელია ზუსტად ითქვას, რომელ ქვეყანაში და როდის დაიწყება მეორე ტალღა.

     

  • რა კავშირშია ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობარი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან

    მთავარი არხის ინფორმაციით, არსებობს საეჭვო გაარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში გავლენიანი მფარველები გამოძიების მიმართულების შეცვლას ცდილობენ. პოლიციის უმოქმედობა შემთხვევის ადგილზე, გამოძიებისა და ექსპერტიზის მიერ პროცედურების დაგვიანებით ჩატარება. აშკარა შეუსაბამობები გარდაცვლილის დაზიანებებში და სიკვდილის მიზეზის შეცვლის თვალშისაცემი მცდელობა, თვითმხილველის ჩვენება, რომელიც არ ემთხვევა ოფიციალურ ვერსიას და რაც მთავარია, მოძალადეების გავლენიანი მფარველები.

    “მთვარი არხის” ჟურნალისტური გამოძიება გვიჩვენებს, რომ სამართალდამცველების განსაკუთრებული გააქტიურება და “ქართული ოცნების” ხელისუფლების გავლენიანი ლიდერების შეტევა მედიაზე საეჭვოდ ემთხვევა მომენტს, როდესაც გიორგი შაქარიშვილის მკვლელობის შესახებ მთავარმა არხმა  კრიტიკული შეკითხვები დასვა და გაარკვია დეტალები, რომელებიც მთლიანად ცვლის სურათს.

    1. რატომ არ მოხდა დღეების განმავლობაში ამოცნობის ჩატარება და უმძიმეს საქმეზე რატომ არ დაკავებულა არც ერთი ადამიანი, ვიდრე მოკვლევა არ დაიწყო “მთავარმა არხმა” და ცნობილი არ გახდა, რომ მათ მოვახდინეს კონფლიქტში მონაწილე, თბილისიდან ასული სპორტსმენების იდენტიფიცირება.

    მთავარი არხი ამბობს, რომ დღეს დაკავებული მორაგბეები ჯერ კიდევ გიორგის დაკარგვიდან რამდენიმე დღეში უკვე ჰყავდათ დაბარებული მცხეთის პოლიციაში, მორაგბეებს სახე დაფარული ჰქონდათ, იმავე დღეს გამოუშვეს, თუმცა არავინ ასახელებდა კონკრეტულად ფაქტთან კავშირში მათ სახელსა და გვარებს და არც მათი ამოცნობა მომხდარა. თუმცა კადრში ერთ-ერთ მორაგბეს კარგად გამოუჩნდა პოლინეზური ტატუ მარჯვენა ხელსა და კისერზე. მთავარი არხი მთელი დღის მანძილზე ეძებდა უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის მსგავსი ტატუთი მორაგბეს, საბოლოოდ ასეთი ვასო მახარაძე აღმოჩნდა. თუმცა მისი იდენტიფიცირებისა და პროფილის შესწავლისას, სისტემა დაიბლოკა და მხოლოდ ნახევარ საათში აღდგა. მახარაძის პროფილის კვლავ მოძიებისას აღმოჩნდა, რომ ის აღარ იძებნება და წაშლილია. თუმცა,მთვარმა არხმა  მასალის ჩამოტვირთვა და შენახვა მოასწრო.

    მთავარი არხი ამბობს, რომ მეორე დღეს მათ არხზე განხორციელდა სამმხრივი შეტევა ხელისუფლების მხრიდან: პარლამენტში საბავშვო პორნოგრაფიასთან დაკავშირებულ სიუჟეტზე, სუსში, სადაც მარნეულში გადაღებული სიუჟეტის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა საბოტაჟის მუხლით და მოგვიანებით, თბილისის მერის, კალაძის მიერ, რომლის პრესკონფერენცია მხოლოდ მათ არხს მიეძღვნა. მიუხედავად ამისა, არხმა საქმის შესწავლა განაგრძო  და ტელევიზიაში მივიდნენ  ადამიანები, რომლებმაც დამატებითი ინფორმაცი მიაწოდეს ამ საქმეზე, ხოლო ტელევიზიის დირექტორმა დადო შემდეგი სტატუსი:

    სუსს და “ქართულ ოცნებას” ვეტყოდი, რომ ტყუილად წვალობენ საბოტაჟით, ბავშვთა პორნოგრაფიით და კალაძის ლაივებით. რისიც გეშინიათ, #გახსნილია.

    მთვარი არხი ამბობს, რომ ამის შემდეგ დაჩქარებულ ტემპში ხდება დაპატიმრებები. სპეცოპერაცია იწყება გვიან, დასახელებული მოვლენების შემდეგ და აპატიმრებენ ყველა იმ პირს, რომელიც მათთვის იყო, როგორც დანაშაულში თანამონაწილე, თუმცა პასუხს არ სცემენ კითხვას, ვინ იყვნენ დანარჩენები, ვინ დგას ამ მოძალადე ორგანიზებული ჯგუფის უკან და რატომ არ ირეაგირა შემთხვევის ადგილზევე და ცხელ კვალზე პოლიციამ.

    2. შეუსაბამობები გარდაცვლილის დაზიანებაში

    მრთავარი არხის წყაროების ჩვენებით, შაქარაშვილის სხეულზე არის მრავლობითი მოტეხილობები ყველა კიდურის და ასევე ჩამტვრეულია თავის ქალა. ამასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ გაკეთებულა არავითარი განცხადება. ასევე, კვლევის ხუთდღიანი მიმდინარეობის მიუხედავად, არ არის ექსპერტიზის წინასწარი დასკვნაც კი გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით, მაშინ, როცა გარდაცვლილი დაიხრჩო თუ მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა, არ წარმოადგენს განსაკუთრებული სირთულისა და ხანგრძლივობის საექსპერტო კვლევას. საეჭვო გარემოებაა ისიც, რომ გარდაცვლილის ოჯახს კატეგორიულად აუკრძალეს ცხედრის ნახვა და იგი ისე დაკრძალეს, რომ ოჯახის წევრებს მიცვალებული არ უნახავთ.

    3. ფოტოგრაფის ჩვენება

    ჩვენებით იკვეთება, რომ პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა გაუგებარი რჩება, რატომ არ იმოქმედა, რატომ არ მოიკვლია შემთხვევა, რატომ არ გახსნა დანაშული ცხელ კვალზე და რატომ შეასრულა მხოლოდ მოწმის თბილისში ტრანსპორტირების ფუნქცია. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საპატრულო ეკიპაჟი უბრალოდ უკან გაიხმეს, რათა საკუთარი მოვალეობა არ შეესრულებინა. მთავარი არხის ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიციისთვის ამგვარი მითითების მიცემას გავლენიანი ადამიანის ჩარევა სჭირდება, რადგან პატრულმა ყოველგვარი კვლევა-ძიების გარეშე მიატოვა უმძიმესი შემთხვევის ადგილი, მრავალი მძიმედ დაზიანებული, მათ შორის, ერთ-ერთი პრაქტიკულად ყურმოჭრილი ადამიანი და ერთი გარდაცვლილი.

    მთავარი არხის  წყაროების ცნობით, ე.წ. ნახალოვკის სპორტსმენების დაჯგუფებას ხელმძღვანელობს კანონიერი ქურდის, კაკო ბილანიშვილის ვაჟი, ავთო ბილანიშვილი. აღნიშნული პირი აკონტროლებს ნაძალადევის რაიონს და “ქართული ოცნების” მიერ საარჩევნოდ ქუჩის კონტროლი ამ უბანში სწორედ ბილანიშვილის მეშვეობით ხორციელდება. თუმცა, ბილანიშვილის მიერ კონტროლირებადი დანაშულებრივი დაჯგუფების პოლიციის მხრიდან იგნორირებისა და ხელის დაფარების მიზეზი არა მხოლოდ მის “ქართულ ოცნებასთან” კავშირებში უნდა ვეძებოთ.

    ავთო ბილანიშვილი არის ბერა ივანიშვილის ყველაზე ახლო მეგობარი, ბერა მისი ბავშვის ნათლიაა და სოციალურ ქსელში არის მათი ახლო კავშირების დამადასტურებელი არაერთი ფოტო. მთავარი არხისთვის  ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, იმყოფებოდა თუ არა ბილანიშვილი დანაშაულის ადგილზე ან გასცა თუ არა განკარგულება, ამ მისი დაჯგუფების მცხეთაში გაგზავნასთან დაკავშირებით. თუმცა, არხის წყაროების ცნობით, სწორედ ბილანიშვილს და მის გავლენიან მფარველს, ბერა ივანიშვილს უკავშირდება ის გარემოება, რომ აღნიშნულ საქმეზე პოლიციას არავითარი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს, ვიდრე ცნობილი არ გახდა, რომ ინფორმაციამ გაჟონა და იძულებული არ გახდა დაეკავებინა სპროტსმენები, მხოლოდ ამ ეტაპზე შაქარაშვილის მკვლელობის ან სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდების გარეშე, რაც საეჭვოს ხდის, დაკავებული პირები რეალურად მძიმე სასჯელის საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ.

  • ინსპექტორი იძიებს, იძალადა თუ არა პოლიციამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანზე

    სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო ინსპექტორის პრესსამსახურშიც.

    როგორც დაკავებული არასრულწლოვანი მამამ ინტერპრესნიუსთან საუბარში განცხადა, არსრულწლოვანზე პოლიციელმა დაკითხვისას ზეწოლა განხორციელდა. იგი აცხადებს, რომ მის შვილს გამოკითხვისას პოლიციელმა ჯერ კეფაში, შემდეგ კი, ზურგში ჩაარტყა, რათა სასურველი ჩვენება მიეღო.

    გამოძიება სსსკ-ის ორი მუხლით: 333 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 335 მუხლით, რაც ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულებას გულისხმობს.

    გამოკითხვისას პოლიციელმა სასურველი ჩვენების მისაღებას კეფაში, შემდეგ კი, ზურგში ჩაარტყა – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა

  • “თანამშრომლობა გაგრძელდება, თუ საქართველო პირობებს დაიცავს“–აშშ–ს თავდაცვის აქტში ცვლილებები შედის

    ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის აქტში  ცვლილება შედის. ცვლილება სენატის საგარეო კომიტეტის თავმდჯდომარეს, ჯეიმს რიშს ეკუთვნის და ის საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, კერძოდ – გიორგი რურუასა და 8 მარტის შეთანხმებას შეეხება.

    შესწორებაში რიში წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა, თუმცა, 8 მარტის შეთანხმების მიუხედავად გიორგი რურუა კვლავ დაკავებულია და სასამართლოს ელოდება. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის რურუას გათავისუფლება არის იმის წინაპირობა, რომ მათ საარჩევნო კანონმდებლობის შეთანხმებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირონ. შეთანხმებული ცვლილებები კვლავ არასრულია, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები 2020 წლის ოქტომბერშია დანიშნული.

    “სენატი კვლავ გამოხატავს სურვილს გაგრძელდეს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მმართველობის და ეკონომიკის რეფორმებზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართულებით, თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს კეთილი ნების გამოხატვას ამ რეფორმების გატარებაში.

    მოუწოდებს მთავრობას და პოლიტიკურ ლიდერებს უარი თქვან ძალაუფლების ცდუნებაზე და ერთად იმუშაონ თავისუფალი პრესის, კერძო ბიზნესის ასაშენებლად და კიდევ უფრო პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე მმართველობის შესაქმნელად.

    ხაზს უსვამს საარჩევნო რეფორმაზე ეუთოს რეკომენდაციების იმპლემენტაციის მნიშვნელობას, რაზეც საქართველოს პოლიტიკური პარტიები 8 მარტს შეთანხმდნენ.

    მოუწოდებს მთავრობას გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია დამოუკიდებელი სასამართლოს გზით, მათ შორის მოსამართლეების დანიშვნის გამჭვირვალეობის გაზრდით ყველა ინსტანციაში და დაასრულოს იმ მოსამართლეების დანიშვნის პრაქტიკა, რომლებიც მმართველი პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ ან მათდამი ლოიალურები არიან.

    ადასტურებს, რომ ამ საარჩევნო და სასამართლო რეფორმების იმპლემენტაცია არის კრიტიკული მნიშვნელობის იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლოს და აღადგინოს ნდობა მათი მხრიდან დემოკრატიული განვითარების და დასავლეთში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერისადმი.

    ცნობს მომავალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს უზრუნველყონ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, მშვიდობიანი და 8 მარტს შეთანხმებული წესების მიხედვით წარმართული.”

    წყარო: ტაბულა

  • აჭარის ტელევიზიასთან აქცია მიმდინარეობს

    “დააბრუნეთ გაგდებული თანამშრომლები”, “ვითხოვთ ღირსეულ შრომით პირობებს” – ამ მოთხოვნებით აჭარის ტელევიზიის შენობის წინ ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების ორგანიზებული აქცია მიმდინარებს. ტელევიზიასთან შეკრებილები არიან აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომლები, სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები.

    “ჩვენ გვინდოდა მაუწყებლის შენობის წინ შევკრებილიყავით იმ ადამიანებთან ერთად, რომელთათვისაც ეს იდეა, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით არის ისეთივე ღირებული, როგორიც ჩვენთვის, მაუწყებლის თანამშრომლებისთვის და ყოფილი თანამშრომლებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და პირველ რიგში, ამ აქციის მიზანია ფსიქოლოგიურად გავმხნევდეთ, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ”, –  განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

    ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. აჭარის ტელევიზიის წარმომადგენლები აქციის მიმდინარეობას შენობის აივნიდან უყურებენ.

    “მაუწყებელში თანამშრომლების დევნა გრძელდება. დევნის ობიექტები ალტერნატიული პროფკავშირების წევრები ხდებიან. მათი დევნის მიზეზები, ძირითადად, აბსურდულია და, ზოგჯერ – სასაცილოც. მაუწყებლის თანამშრომლებს დევნიან კრიტიკული პოზიციების გამო. მენეჯმენტის მავნებლურ პოლიტიკასთან შეუგუებლობა ხშირ შემთხვევაში სამსახურის დაკარგვის ტოლფასია.

    მაუწყებელში მიმდინარე პროცესმა ასევე ნათლად აჩვენა მრჩეველთა საბჭოს წევრების რეალური სახე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის ნაცვლად, მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება.

    თუ ასე გაგრძელდა და დაოკების, გაჩუმების, კითხვების დასმის აკრძალვისა თუ სხვა მავნებლური მცდელობების წინააღმდეგ არ ვიმოქმედეთ, მაუწყებელში გაჩერება სამარცხვინო იქნება. სამარცხვინო იქნება გაჩერება იქ, სადაც პროფესიულ ღირსებას ფასი არ აქვს და მხოლოდ მლიქვნელობა, მედროვეობა და კონფორმიზმი ფასდება. ჩვენ არ ვართ ასეთები. ღრმად გვწამს, რომ ასეთები უმცირესობაში არიან, როგორც მაუწყებლის შიგნით, ასევე – საზოგადოებაში. მთელი ამ დროის განმავლობაში ვგრძნობდით საზოგადოების მხარდაჭერას და მზაობას – დაეცვათ საკუთარი მაუწყებელი.

    სწორედ ახლაა დრო, შევცვალოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელისუფლების სამსახურში აყენებს. მაუწყებელი ჩვენი საერთო სივრცეა, შესაბამისად, ჩვენი დასაცავია სახელისუფლებო თუ კომერციული გავლენებისგან. ასეთი მაუწყებელი გვჭირდება ჩვენ, როგორც ჟურნალისტებს და თქვენ – საზოგადოების თითოეულ წევრს” – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში