Category: ახალი ამბები

  • უნდა გაემზადოთ ოპოზიციაში გადასვლისთვის – გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას

    უნდა გაემზადოთ ოპოზიციაში გადასვლისთვის – გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას

    მე ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“, ხელი ნუ წაგიცდებათ, ნუ გადახვალთ ისევ ტყუილებზე. უნდა გაემზადოთ ოპოზიციაში გადასვლისთვის, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა ბრიფინგზე, სადაც ის საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.

    „ეს გამარჯვება მოგვიტანა სამმა მნიშნელოვანმა ფაქტორმა. პირველი, ეს არის საზოგადოებრივი აზრის ერთიანობა და წნეხი „ქართულ ოცნებაზე“, მეორე ეს არის ოპოზიციის ერთიანობა, ფრონტი, რომელიც ჩვენ გავხსენით და მესამე, ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ქართული დემოკრატიიისთვის, რომელთაც დაინახეს, რომ 14 ნოემბერს ის დიდი ტყუილი, რომელიც ივანიშვილმა და ქართულმა ხელისუფლებამ აკადრა საქართველოს მოსახლეობას, არ უნდა გასულიყო იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი იყო, საქართველოს დემოკრატიული განვითარება გაეგრძელებინა. ამ შეთანხმებას კიდევ ერთი საკითხი აქვს შესასრულებელი. გიორგი რურუას გათავისუფლება. ბევრს, შესაძლოა, მოგწონთ ან არ მოგწონთ ეს პიროვნება, მაგრამ, მთავარია, რომ საქართველო არჩევნებს უნდა შეხვდეს ყველა პოლიტპატიმრის გარეშე, ამიტომ ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ურყევი და ერთიანი, რათა ეს ყველაფერი მივიყვანოთ ბოლომდე.

    მინდა თითოეულ მოქალაქეს ვუთხრა, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არ ნიშნავს, რომ უნდა მოვეშვათ, ჩვენ 31 ოქტომბერს თქვენთან ერთად ძალიან დიდი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, დავამარცხოთ ის უბედური კლანი, რომელიც აზის საქართველოს, რომელიც გვაღარიბებს თითოეულ ჩვენგანს. ამისთვის აუცილებელია, რომ ოდირის რეკომენდაციით, ყველა საკანონმდებლოო ცვლილება იყოს მიღებული საარჩევნო კოდექსში, რომ აღარ განმეორდეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ კანონდარღვევებით მასობრივი ძალადობით, ფაქტობრივად წაგვართვა არჩევანი.

    მე ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“, ძალიან კარგად იცით საერთაშორისო საზოგადოების განწყობა, კარგად იცით, რომ ოპოზიცია ერთიანია ამაში და იცით საქართველოს მოსახლეობის განწყობა, ხელი ნუ წაგიცდებათ და ნუ გადახვალთ ისევ ტყუილებზე. უნდა გაემზადოთ ოპოზიციაში გადასვლისთვის, იმიტომ, რომ 8 წლის განმავლობაში ერთადერთი რაც გააკეთეთ, წაგვართვით განვითარების პერსპექტივა და ჩვენ ამას ვეღარ შევეგუებით“,- განაცხადა ვაშაძემ.

    ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა.

  • ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს დემოკრატიის მეგობრებმა აიძულეს ივანიშვილს და მის რეჟიმს – ბოკერია

    ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს დემოკრატიის მეგობრებმა აიძულეს ივანიშვილს და მის რეჟიმს – ბოკერია

    კომიკურია, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი თავის გამარჯვებას ზეიმობს დღეს, მაგრამ სერიოზული ნაწილია, რომ საქართველომ მიიღო ის, რაც უკეთესი იყო დღევანდელ რეალობაზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განუცხადა.

    „ეს შედეგი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ მიიღო საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, არის კარგი ცვლილებები. ეს არ არის ის, რასაც ითხოვდა ქართული საზოგადოება, ანუ სრულად პროპორციულს, მაგრამ ეს არის გონივრული კომპრომისი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს დემოკრატიის მეგობრებმა აიძულეს ივანიშვილს და მის რეჟიმს. ამით არ ამოწურულა ამ ფაზაში მდგომი გამოწვევა – 8 მარტის შეთანხმების მთლიანად შესრულება და ეს გულისხმობს დარჩენილი პოლიტპატიმრის გიორგი რურუას გათავისუფლებას. კომიკურია, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი თავის გამარჯვებას ზეიმობს დღეს, მაგრამ სერიოზული ნაწილია ის, რომ საქართველომ მიიღო ის, რაც უკეთესი იყო დღევანდელ რეალობაზე, მაგრამ ეს საკითხი დამთავრებული არ არის. ჩვენ გვჭირდება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლება, მერე გვჭირდება შედარებით ნორმალური კამპანია და მერე უნდა შევაგუოთ ივანიშვილი, რომ ქვეყანისთვის ნაკლები ზიანის მიყენებით და მშვიდობიანი არჩევნების გზით, ის დაკარგავს ძალაუფლებას. ასეთი მავნებლური და სამარცხვინო ხელისუფლების დროსაც კი, გონივრული მოქმედება იძლევა შედეგებს და ეს შედეგია დღეს. ვინმეს რომ ეთქვა ერთი წლის წინ, ივანიშვილის პოლიტიკური „კლოუნები“ იზეიმებდნენ პროპორციული არჩევნების მიღებას და გამოაცხადებდნენ ოპოზიციაზე გამარჯვებადო, შეიძლება ვიღაცას გაეცინა. სიცილს რომ თავი დავანებოთ, წინ გვაქვს სერიოზული ამოცანები. ეს ერთი ამოცანა მიღწეულია და უნდა მივაღწიოთ შემდეგ ამოცანებსაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ყველასთვის, მათ შორის მათთვისაც კარგი იქნებოდა გამოეშვათ რურუა, მაგრამ ივანიშვილს კიდევ ერთხელ უნდოდა გასვლოდა, რომ მე გადავაგდებ საზოგადოგადოებასო და ყველაფერი ნორმალურად არისო, მაგრამ არ არის ყველაფერი ნორმალურად“, – განაცხადა ბოკერიამ.

     

    ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა.

  • ტყუილად ნუ ეცდება „ოცნება“, თავისთავისთვის მიიწეროს ეს დიდი წარმატება  – ბურჯანაძე

    ტყუილად ნუ ეცდება „ოცნება“, თავისთავისთვის მიიწეროს ეს დიდი წარმატება – ბურჯანაძე

    1 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ოდნავ მაინც მოგვყევანა გონს და გამოგვეგლიჯა ხელიდან დაპირებული და მერე ჩაგდებული პროპორციული სისტემა, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

    „მინდა, მივულოცო საქართველოს მოსახლეობას მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, რომელიც ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემის ქონას უზრუნველყოფს. ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობას ეძლევა შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა, ხელისუფლების უზურპაცია, მესიანიზმი და ქვეყანა მართოს პარლამენტმა და მის მიერ არჩეულმა მთავრობამ სწორედ ხალხის მიერ მიცემული ხმების საფუძველზე. ეს არის მართლაც უმნიშვნელოვანი ისტორიული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, ეს არის ჩვენი მოსახლეობის, ოპოზიციის და ჩვენი ელჩების, ფასილიტატორებისა და ყველა ჩვენი მხარდამჭერის საერთაშორისო თანამეგობრებიდან ერთობლივი მონაპოვარი. ტყუილად ნუ ეცდება „ქართული ოცნება“, თავისთავისთვის მიიწეროს ეს ძალიან დიდი წარმატება და პოზიტიური ნაბიჯი. ჩვენ 1 წელი დაგვჭირდა იმისთვის, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, რომ „ქართული ოცნება“ მოგვყევანა ოდნავ მაინც გონს და გამოგვეგლიჯა ხელიდან დაპირებული და მერე ჩაგდებული პროპორციული სისტემა. ის 117 ხმა, რომელიც მიიღო კანონპროექტმა განხილვის დროს, არის არა „ქართული ოცნების“, არამედ ოპოზიციისა და საერთაშორისო თნამეგობრობის წარმომადეგენლების ხმები. რომ არა ოპოზიციური მაგიდის ერთობა და საერთაშიროსო თანამეგობრობის უპრეცედენტო ზეწოლა, კონსტიტიუციური ცვლილებები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გავიდოდა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

    მისივე თქმით, ეს „ქართული ოცნების“ მიღწევა მხოლოდ მაშინ იქნებოდა, თავის დროზე რომ „არ გადაეგდო“ მოსახლეობა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტისთვის მხარი დაეჭირა.

    ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული სისტემით და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება.

  • პოლიციამ დედის მიმართ ძალადობისა და ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

    პოლიციამ დედის მიმართ ძალადობისა და ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული კ.კ. ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, თბილისში, დედას – 1947 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ბრალდებულმა დედის კუთვნილი კატის მიმართ სასტიკი მოპყრობა განახორციელა, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია.

    გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 259-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

  • დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული – რადიკალური, კრიმინალური ოპოზიცია – კობახიძე

    დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული – რადიკალური, კრიმინალური ოპოზიცია – კობახიძე

    დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული – რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია. ამის შესახებ პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია.

    “ამით აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და აქტიური ძალისხმევით გაფორმდა. ეს დღე, პირველ რიგში, არის ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვება და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ეს დღე, ასევე, არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი, 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორი ელჩების გამარჯვება.

    ეს დღე არის „ქართული ოცნების“ გამარჯვებაც. ეს დღე არის იმ მუდმივი და თანმიმდევრული დემოკრატიული წინსვლის ლოგიკური გაგრძელება, რომელიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შემდგარი 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით დაიწყო. დღევანდელი დღე არის გამარჯვება ყველასთვის, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებით არის დაინტერესებული.

    დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული – ეს არის რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია, რომელმაც უხეშად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება, უარი თქვა ელჩების მკაფიო მოწოდებების შესრულებაზე და ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა. საზოგადოება უკვე მიჩვეულია იმას, რომ სადაც მარცხდება „ნაციონალური მოძრაობა“, იმარჯვებს ქართული დემოკრატია.

    შესაბამისად, მათი ეს მარცხიც ქართული დემოკრატიის განვითარების კანონზომიერების ნაწილია. სიმბოლური და ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის მსგავსად, საქართველოს კონსტიტუციას არც ამჯერად შეეხო იმ პოლიტიკური ძალის ხელი, რომელიც წლების მანძილზე საქართველოს კონსტიტუციის უხეში ხელყოფით იყო გამორჩეული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ – გახარია

    საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ – გახარია

    ერთადერთი, ჩვენ რაც გვამოძრავებს, მე რაც მამოძრავებს პირადად, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა არჩევნების დასავლური, უმაღლესი სტანდარტით ჩატარებას უზრუნველყოფს და ამის შემდეგ ამომრჩევლის გადასაწყვეტია, ვის მისცემს ხმას.

    „დღეს, ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა, რომ არჩევნები საქართველოში იყოს დემოკრატიული, სრულად გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს არჩევნების დასავლურ უმაღლეს სტანდარტებს, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, ეს არის პრიორიტეტი ნომერი ერთი. ამის შემდგომ უკვე ვის მისცემს ხმას ამომრჩეველი, როდესაც საარჩევნო ურნასთან აღმოჩნდება, ეს მისი გადასაწყვეტია. ერთადერთი, ჩვენ რაც გვამოძრავებს, მე რაც მამოძრავებს პირადად, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ“, – განაცადა პრემიერმა.

  • 21 სექტემბრამდე მეტრო ისევ 23 საათამდე იმუშავებს

    21 სექტემბრამდე მეტრო ისევ 23 საათამდე იმუშავებს

    მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან 21 სექტემბრამდე, თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს კვლავ შემცირებული სამუშაო გრაფიკით მოემსახურება.

    დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა გლობალური პანდემიის ფარგლებში დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია.

    „შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონტრაქტორმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. მეტროს ძალოვანი კაბელებისა და გამნიავებელი სისტემების დროული შეცვლის მიზნით, თბილისის „მეტროპოლიტენის“ სამუშაო გრაფიკი კვლავ 06:00-დან 23:00 საათამდე შენარჩუნდება.

    მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის პირველ ივლისს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 450 კმ სიგრძის ძალოვანი კაბელი და 32 გამნიავებელი იცვლება

  • რურუას არანაირი კავშირი არ აქვს 8 მარტის შეთანხმებასთან, დღეს აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება – კობახიძე

    რურუას არანაირი კავშირი არ აქვს 8 მარტის შეთანხმებასთან, დღეს აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება – კობახიძე

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით დღეს 8 მარტის შეთანხმება შესრულდა და გიორგი რურუას ამ შეთანხმებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. კობახიძის განმარტებით, რურუას საქმე მორიგი კრიმინალური საქმეა, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტს.

    „რურუას არანაირი კავშირი არ აქვს 8 მარტის შეთანხმებასთან, დღეს აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება. რაც შეეხება რურუას საქმეს, ეს არის ერთ-ერთი მორიგი კრიმინალური საქმე, რასთან დაკავშირებითაც, როგორც სხვა საქმეებთან დაკავშირებით, საქართველოში გადაწყვეტილებას იღებს მართლმსაჯულება, სასამართლო. შესაბამისად, როგორც წყდება სხვა კრიმინალური საკითხები, ასევე გადაწყდება ეს კრიმინალური საქმეც,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ

  • პარტიებმა რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, მოატყუეს ხალხიც და საერთაშორისო პარტნიორებიც – ბოძაშვილი

    ექსპერტ ლევან ბოძაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობა არ მიიღო, საერთაშორისო პარტნიორები მომავალში მათ სიტყვას აღარ დაეყრდნობიან. როგორც ბოძაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, აღნიშნული ფაქტი ერთი მხრივ კარგია, რადგან ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნების შედეგად ამ ორი პარტიის გარეშე უნდა დაბალანსდეს.

    “გამოჩნდა, რომ არაერთგზის საერთაშორისო მოწოდება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები საერთო ეროვნული კონსენსუსით მიღებულიყო “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოსთვის” არაფერს ნიშნავდა. ვფიქრობ, ამ პარტიებს იოტისოდენა უფლებაც კი აღარ აქვს ვინმეს მიტინგზე ან პროტესტზე მისვლისკენ მოუწოდონ. არც აქამდე ჰქონდათ 7 ნოემბრის შემდეგ, მაგრამ ახლა მითუმეტეს აღარ აქვთ. აღარც საერთაშორისო პარტნორებიდან დაეყრდნობა მათ სიტყვას ვინმე სამომავლოდ. ეს ერთი მხრივ, კარგია, რადგან სწორედ მათ გარეშე უნდა დაბალანსდეს ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნების შედეგად”,- განაცხადა ბოძაშვილმა

  • თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგად 1 068 პირიდან 10-ს კორონავირუსზე ანტისხეულები აღმოაჩნდა

    თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში ჩატარებული COVID-19 სეროპრევალენტობის კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, კვლევაში მონაწილე 1068 პირიდან ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული დაუდასტურდა 10 პირს. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, კვლევაში მიღებული სეროპრევალენტობის მაჩვენებელი, შესაძლოა, რეალურზე უფრო მაღალი იყოს.

    „ა.წ. 18-27 მაისს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის მიერ ჩატარდა თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში COVID-19 სეროპრევალენტობის განმსაზღვრელი კვლევა. კვლევაში სულ მონაწილეობა მიიღო 1 068 პირმა, თბილისის ათივე რაიონიდან. მათგან ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული დაუდასტურდა 10 პირს. სეროპრევალენტობის შეუწონავმა მაჩვენებელმა შეადგინა 0.94%. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის რაიონული, სქესობრივი და ასაკობრივი განაწილების მიხედვით, მონაცემების შეწონვის შემდეგ სეროპრევალენტობამ შეადგინა 1.18%.

    კვლევაში გამოყენებული იყო საერთაშორისოდ ვალიდირებული სანდო ტესტ-სისტემა. მიუხედავად ამისა, ჯვარედინი რეაქცია სხვა კორონავირუსულ ინფექციებთან გამორიცხული არ არის. შესაბამისად, კვლევაში მიღებული სეროპრევალენტოის მაჩვენებელი შესაძლოა, რეალურზე უფრო მაღალი იყოს.

    შედეგების ინტეპრეტაციისას ასევე გათვალსწინებელია, რომ კვლევაში გამოყენებულ იქნა რესპონდენტზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდი (respondent driven sampling), რომელიც დამყარებულია „თოვლის გუნდის“ (snowball) პრინციპზე, როდესაც თითოეულ მონაწილეს საშუალება ეძლევა კვლევაში ჩართოს თავისი სოციალური წრის 3 წარმომადგენელი.

    ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი მადლობას უხდის კვლევაში მონაწილე თითოეულ პირს. მადლობას მოვახსენებთ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს თბილისის მოსახლეობის შესახებ მონაცემების ოპერატიული მოწოდებისათვის.

    წარმოგიდგენთ ზოგიერთ სხვა ქვეყანასა და ქალაქში ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგებს:

    ლოს ანჯელესის საგრაფო (აშშ) – გამოკვლეულია 863 პირი, პრევალენტობა – 4,65%; ნიუ იორკის შტატი (აშშ) – გამოკვლეულია 1 500 პირი, პრევალენტობა – 13,9%; ქ. ნიუ იორკი (აშშ) – გამოკვლეულია 1500 პირი, პრევალენტობა – 21,2%; ქ. სტოკჰოლმი (შვედეთი) – გამოკვლეულია 1000 პირი, პრევალენტობა – 10%; ქ. ჟენევა (შვეიცარია) – პრევალენტობა – 10,8%“,- ნათქვამია ინფორმაციაში.