Category: ახალი ამბები

  • ელჩები წარმოადგენენ სახელმწიფოებს, მათზე თავდასხმა ამ სახელმწიფოების შეურაცხყოფაა – საგარეო უწყება

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის ელჩის მიმართ გაკეთებულ საჯარო კომენტარებს გმობს და აცხადებს, რომ ის საკუთარ სახელმწიფოს წარმოადგენს, შესაბამისად, მასზე თავდასხმა გერმანიაზე თავდასხმაა. საგარეო უწყების მტკიცებით, ჰუმბერტ კნირშის მიმართ “შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური კამპანია” ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას ემსახურება.

    “ელჩების საქმიანობა სწორედ იმ დიდი მეგობრობის და პარტნიორობის ანარეკლია, რაც საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში ჩამოუყალიბდა საერთაშორისო თანამეგობრობასთან. მათ შორის გახლავთ გერმანია, რომელთანაც გვაკავშირებს მაღალი დონის პარტნიორობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით განმტკიცდა. გერმანიამ დიდი როლი შეასრულა საქართველოს როგორც დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური განვითარების პროცესში”– აცხადებს სამინისტრო.

    საგარეო უწყება მხარდაჭერას უცხადებს ქვეყანაში მოღვაწე ყველა დიპლომატს, მათ შორის ჰუმბერტ კნირშს.

    “ბატონი ჰუბერტ ქნირში საკუთარი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელია და მაღალპროფესიულად ემსახურება საქართველოსა და გერმანიას შორის პარტნიორობის გაღრმავებას და ჩვენი ქვეყნის დასავლეთთან დაახლოების პროცესს. მიგვაჩნია, რომ ელჩის წინააღმდეგ მსგავსი შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური კამპანია ემსახურება სწორედ ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას. უწყებისთვის მიუღებელია მსგავსი სახის უპასუხისმგებლო ქმედებები, რასაც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების, მედიის თუ საზოგადოების ცალკეული წარმომადგებლების მხრიდან ადგილი აქვს დიპლომატიური კორპუსის მისამართით. ქართველი დიპლომატების სახელით მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე ყველა დიპლომატს მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებაში“, – წეროა განცხადებაში.

    გერმანიის ელჩი პოლიტიკოსების კრიტიკის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ არის. რამდენიმე დღის წინ მან ასევე ისაუბრა 20 ივნისის აქციაზე, რომლის შესახებაც თქვა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ პირდაპირპროპორციული ძალა გამოიყენა. მან 2008 წლის აგვისტოს ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომი რუსეთის ინტერესებში იყო, თუმცა საქართველოს მთავრობის ქმედებებმა მათ საქართველოში შემოჭრის საბაბი მისცა.

  • დავაკავეთ 3 კაცი, რომლებმაც ქალს ქორწინების მიზნით თავისუფლება აღუკვეთეს – შსს

    დავაკავეთ 3 კაცი, რომლებმაც ქალს ქორწინების მიზნით თავისუფლება აღუკვეთეს – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროსთანამშრომლებმა, 1977 წელს დაბადებული ა.ფ., 2000 წელს დაბადებული ი.მ და 2002 წელს დაბადებული ი.ი., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ფ.-მ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ორ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, 1997 წელს დაბადებულ ა.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“, – წერია განცხადებაში.

    დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “უარესი ჯერ კიდევ წინ არის“-ჯანმო–ს ხელმძღვანელი

    “უარესი ჯერ კიდევ წინ არის“-ჯანმო–ს ხელმძღვანელი

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს გებრეიესუსი აცხადებს, რომ პანდემიის დასრულება ჯერ შორს არის.

    „ყველას გვსურს, რომ ეს დასრულდეს, მაგრამ მძიმე რეალობა ისაა, რომ ის დასრულებასთან ახლოსაც კი არ არის,“ -თქვა. ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

    მისი განცხადებით მსოფლიოში კიდევ ბევრი ადამიანი დაინფიცირდება, თუკი ქვეყნების მთავრობები სწორი პოლიტიკის განხორციელებას არ დაიწყებენ.

    მისი აზრით ვირუსთან ბრძოლაში წარმატებას „გლობალური სოლიდარობის“ არარსებობა და „გაყოფილი მსოფლიო“ უშლის ხელს.

    „გლობალური სოლიდარობის არარსებობა და გაყოფილი მსოფლიო ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ძალიან ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასეთ გარემოსა და პირობებში უარესის შიში გვაქვს,“ – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

    მან ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა გერმანიის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის მაგალითებს მიჰყვნენ, რომლებმაც ეპიდემიის შეჩერება სრულყოფილი ტესტირებითა და კონტაქტების კვლევით შეძლეს.

    ამ დროისთვის  მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 10 400 000–ს გადააჭარბა.  დაღუპულია500 000–ზე მეტი .

  • საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი

    საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდგინდა, მთლიანობაში 928–ს.

    გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 794–მდე გაიზარდა.  მონაცემები StopCov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

    ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

    ამ დროისთვის კორონავირუსის 119 აქტიური შემთხვევაა.

  • საქართველო 14 ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებსაც ევროკავშირმა 1 ივლისიდან საზღვრები გაუხსნა. რას იზამს საქართველო

    ევროკავშირმა ის 14 ქვეყანა დაასახელა, რომელთა მოქალაქეებს 1 ივლისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის უფლება ეძლევათ. ამ სიაში არ არის რუსეთი, აშშ, ჩინეთი და ბრაზილია. ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ამ სიაში საქართველოა.

    ევროკავშირის ხელისუფლების გადაწყვეტილებით კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყნებად აღიარეს: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, ჩერნოგორია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. სავარაუდოდ ამ სიაში ცვლილებები შევა. ის ყოველ ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება.

    დიპლომატიური წყაროების ცნობითი ჩინეთი შესაძლოა უსაფრთხო ქვეყნებს შორის მოხვდეს, თუ ჩინეთის ხელისუფლება ევროპელებს ანალოგიურ უფლებას მიცემს.

    ბრიტანეთი ევროკავშირიდან ფორმალურად გასულია, თუმცა ის ევროკავშირთან გარდამავალ პერიოდში საერთო პოლიტიკას ინარჩუნებს, მინიმუმ ამ წლის 31 დეკემბრამდე. ამიტომაც ბრიტანეთის მოქალაქეებს ჯერჯერობით იგივე უფლებები აქვთ, რაც ევროკავშირის მოქალაქეებს.

    ბიბისის ცნობით სამშაბათს ევროკავშირი საბოლოოდ შეათანხმებს ფორმალურ კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვით ესა თუ ის ქვეყანა უსაფრთხოდ ჩაითვლება. თუმცა ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა უკვე შეთანხმებულია ზემოთმოყვანილ სიაზე.

    როგორ პასუხობს ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას საქართველო და რატომ არ იყენებს ამ შესაძლებლობას.

    ხელისუფლების მიერ დაანონსებული თარიღის – 1 ივლისის მიუხედავად, ფრენები კვლავ გადაიდო და საქართველოს ცა ისევ ჩაკეტილია. ბოლო მონაცემებით, რეგულარული ავიარეისები 1 აგვისტოდან უნდა აღდგეს. მანამდე შესრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მისი თქმით, მასობრივი ფრენების შემთხვევაში სახელმწიფოს კონტროლის ბერკეტები არ გააჩნია. ქვეყნის მთავრობამ ავიამიმოსვლის გადადება მსოფლიო პანდემიის საფრთხით ახსნა.

    თურნავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ფრენები ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გადაიწია, ჩარტერული ფრენები სულ მცირე სამი მიმართულებით შენარჩუნდა. ესენია ვენა, ამსტერდამი და ისრაელი. ფრენებს  “აირზენა” შეასრულებს.

    თურნავა ამბობს იმასაც, რომ ფრენის პროცესის თვითდინებაზე მიშვება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების დათმობას ნიშნავს. ამას კი, მისი აზრით, საზოგადოებაში არავინ მოიწონებს.

    “ფრენის შესაძლებლობა იქნება, მაგრამ კონკრეტული მიმართულებით, შეთანხმებით, რაც უზრუნველყოფილი იქნება ეპიდემიოლოგიურად, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. ტრანსპორტირების პრობლემა არ იქნება, მაგრამ ეს არ იქნება სტიქიური პროცესი. ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ვყოფილიყავით ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული უსაფრთხო ქვეყნების სიაში. ეს არის სწორედ იმის შედეგი, რომ ჩვენ ეფექტიანად ვმართეთ კოვიდ ინფექცია, ეს გამოწვევა და დღეს უსაფრთხო დანიშნულების ადგილი ვართ, რასაც აქამდეც ვამბობდით,“ – ამბობს თურნავა. 

    ამ დრომდე უცნობია სახმელეთო საზღვრების გახსნის თარიღი.

  • საკონსტიტუციო ცვლილებებს ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი მიესალმება

    საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფეისბუქზე ეხმაურება. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად, შემდეგი მოწვევის პარლამენტი პოლიტიკურად მრავალფეროვანი და უფრო მაღალი ლეგიტიმაციის იქნება

    “მივესალმები საქართველოს პარლამენტის 29 ივნისის გადაწყვეტილებას, რისი შედეგიც იქნება პოლიტიკური სპექტრის უფრო ფართო წარმომადგენლობა შემდეგი მოწვევის პარლამენტში და, შესაბამისად, უმაღლესი წარმომადგენლობითი ინსტიტუტის უფრო მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხი.

    ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ამ დემოკრატიულ მიღწევას. მადლობა ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც უზრუნველყო ეს წინგადადგმული ნაბიჯი. მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და ფასილიტატორ ელჩებს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესის ხელშეწყობისათვის“ – წერს კვირიკაშვილი ფეისბუქზე.

    შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემას ცვლის. ცვლილებების შედეგად პარლამენტში 120 პროპორციული წესით და 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება.

  • კალიების შემოსევის მეორე ტალღა – მავნებელი მწერი თბილისის სხვადასხვა უბნებში გამოჩნდა

    თბილისში საშიში კალიები გამოჩნდნენ. იტალიური ჯიშის კალია ბოლო 1 კვირაა ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ანადგურებს. მოსახლეობას კალიების ასეთი ჯოგური შემოსევა არ ახსოვს.

    იტალიურმა კალიამ მუხიანში აგარაკებზე მცხოვრებლებს უკვე გაუნადგურა მოსავალი. ბაღ-ბოსტანი სავსეა კალიებით და ახლა მათ არ იციან როგორ უნდა ებრძოლონ მწერს.

    საიდან და როგორ დაიწყეს კალიებმა ჯოგური გამრავლება უცნობია. არსებობს, ვერსია, რომ ისინი აზერბაიჯანიდან შემოვიდნენ, თუმცა ამას ვერავინ ადასტურებს. აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვართან ბევრი დაუმუშავებელი მიწაა და ფაქტობრივად, ნახევარუდაბნოა, იტალიური კალია კი ასეთ პირობებში კარგად მრავლდება. ცნობილია, რომ ამ ჯიშის კალია წელიწადში ერთხელ ბუდობს, მასიური გამრავლებისას კი იტალიური კალია ქმნის ჯოგებს და ასობით ჰექტარს იკავებს. სავარაუდოდ ახლა მათთვის  გამრავლებისთვის ხელსაყრელი დროა და  მოსახლეობას პრობლემას სწორედ ეს უქმნის.

    მუხიანის აგარაკები ერთი კვირის განმავლობაში  დღეს მეორედ შეიწამლა. ადგილობრივების, განცხადებით პირველი შეწამვლის შემდეგ დაიწყო კალიების მეორე ტალღა. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები საძოვრებსა და დასახლებებს გერმანული ხსნარით – “დეცესიით” წამლავენ.

    კალიების შემოსევა მხოლოდ მუხიანის აგარაკებზე არ არის. ისინი ვრცელდებიან თბილისის ზღვის მიმდებარედ და არსებობს რისკი, რომ მალე მთელ ქალაქს მოედებიან.

    მავნებელი დაფრინავს და 1000 კილომეტრზე შეუძლია გადაადგილება. ამიტომ მისი განადგურება სწრაფად უნდა მოხდეს. მიუხედავად ამ მონაცემებისა, ლოკალურ ადგილებში მხოლოდ 1 შესაწამლი მანქანა მუშაობს, საკმარისია თუ არა მოსავლისა შესანარჩუნებლად და ამავდროულად მავნებლის გასანადგურებლად უცნობია. წამალი რომ არ შველის, ეს წინა შეწამვლამ უკვე აჩვენა.

  • გლობალური ბოიკოტი “ფეისბუქის” წინააღმდეგ: მსხვილი კომპანიები ქსელში რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ

    “ფეისბუქის” წინააღმდეგ დაწყებული სარეკლამო ბოიკოტი, რომელსაც უმსხვილესი კომპანიები უერთდებიან, გლობალურ ხასიათს მიიღებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ კამპანიიის ორგნიზატორებმა განუცხადეს.

    “ფეისბუქის” წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის გამოცხადებით, კამპანიის მონაწილეები, სოციალურ მედიაზე ზეწოლის გაზრდას ცდილობენ, რათა პლატფორმამ სიძულვილის ენის წინააღმდეგ რეალური ზომები მიიღოს.

    კამპანია „Stop Hate for Profit”, მსხვილ ევრიოპულ კომპანიებს მოუწოდებს, “ფეისბუქის” წინააღმდეგ წამოწყებულ ბოიკოტს შეუერთდნენ. უმსხვილეს სოციალური მედიის პლატფორმას ბოიკოტს, მიმდინარე თვის დასაწყისის მონაცემებით, უკვე 160-ზე მეტი კომპანია უცახდებს.

    აშშ-ში, რამდენიმე ორგანიზაციამ და მათთან ერთად უფლებადამველმა ჯგუფებმა, ორგანიზაციის წინააღმდეგ კამპანია, სამართალდამცავების მიერ დაკავების დროს, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეთან დაკავშირებული პროცესების შემდეგ დაიწყო. კამპანიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ “ფეისბუქი” სოციალურ ქსელში გავრცელებული სიძულვილის ენის წინააღმდეგ უუნარო აღმოჩნდა.

    დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულია ევროპული უწყებებიც. ივნისში, ევროკომისიამ ტექნიოლოგიური კომპანიებისთვის, მათ შორის, “ფეისბუქისთვის”, ახალი მითითებები გამოსცა. სახელმძღვანელო ნორმები, გულისხმობს ყოველთვიურ ანგარიშს იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდება კონკრეტული კომპანია, კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციებს.

    კამპანიის საპასუხოდ, “ფეისბუქი” აცხადებს, რომ სიძულვილის ენასთან საბრძოლველად მეტი მუშაობა სჭირდება, მათ შორის, უფლებადამცველებთან და ექსპერტებთან. ამასთან, კომპანიის თქმით, ხელოვნურ ინტელექტში ჩადებული ინვესტიცია, მას საშუალებას აძლევს, სიძულვილის შემცველი კონტენტის 90% იქამდე ამოიცნოს, ვიდრე მას მომხმარებლები „დაარეპორტებენ“.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ივანიშვილმა იპოდრომი გაყიდა, თუმცა თვითონვე იყიდა

    ბიძინა ივანიშვილმა საბურთალოზე ყოფილი იპოდრომის ტერიტორია გაყიდა. მას  შპს “ინვესტ კაპიტალი” ფლობდა, რომლის ხელმძღვანელი კახა კობიაშვილია. ის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავია. “ინვესტ კაპიტალის” 100%-იანი წილის მფლობელი პანამაში ბაზირებული სააქციო საზოგადოება “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია”. ტრანზაქცია 19 ივნისს შესრულდა.

    ბიძინა ივანიშვილმა იპოდრომი 60 მილიონ ლარად  გაყიდა და მისივე ფონდ “ქართუს“ მიყიდა.  რა მიზნით განხორციელდა ყიდვა–გაყიდვა, უცნობია. ქალაქის ცენტრში მდებარე 40 ჰექტარი ფართობი 2009 წლიდან ბიძინა ივანიშვილის კერძო საკუთრებაა. თუმცა დღემდე მილიარდერს არაფერი უთქვამს, რას უპირებს ტერიტორიას. ყოფილი იპოდრომის გარშემო აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები, თუმცა მოსახლეობა იპოდრომის ტერიტორიას დღემდე სარეკრიაციო ზონად იყენებს. რამდენიმე წლის წინ გაჩნდა იდეა, იპოდრომის ტერიტორიაზე ქალაქის ცენტრალური პარკი გაშენებულიყო. ამ მოთხოვნით მოსახლეობამ პეტიციაც შექმნა და ივანიშვილს ტერიტორიის გამოსყიდვა შესთავაზა. თუმცა ამ ინიციატივას გაგრძელება აღარ მოყოლია.

    ოპოზიცია ეჭვობს, რომ ეს გარიგება ან ფულის გათეთრების სქემაა, ან ივანიშვილი წინასაარჩევნო ნაბიჯს ამზადებს და შესაძლოა იპოდრომი ქალაქს მართლაც გადასცეს ცენტრალური პარკის გასაშენებლად.

  • აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავს

    საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებას ამერიკის საგარეო უწყების წარმომადგენელი მორგან ორტაგუსი ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლებიც ქვეყანაში უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას შემოიღებს.

    „დამტკიცებული ცვლილებები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის მონაწილეობით მიღებული 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგია, ხელს შეუწყობს მეტ სტაბილურობას და საპარლამენტო პლურალიზმს საქართველოში მომავალი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე,“ ნათქვამია განცხადებაში.

    „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღოს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას ეფექტურად აღასრულოს ეს კანონმდებლობა. საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანს წარმოადგენს. სამართლიანობა წინა-საარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში ისევე მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების დღეს,“ ნათქვამია განცხადებაში.

    „შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მის ძალისხმევაში გააძლიეროს დემოკრატია, საარჩევნო პრაქტიკა და კანონის უზენაესობა, ასევე მხარს უჭერს მის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, რომლებიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ საუკეთესო თავდაცვაა.“

    საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებები უკვე გააკეთეს შეერთებული შტატების საელჩომ და ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში.