Category: ახალი ამბები

  • კაცმა გამოძახებაზე მისული პატრულ-ინსპექტორი დაჭრა, შემდეგ მე–7 სართულიდან გადახტა და დაიღუპა

    თემქის დასახლებაში ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძახებული პატრულ-ინსპექტორი  შეტყობინების ინიციატორის მეუღლემ, სავარაუდოდ ნასვამმა კაცმა ნაჯახით დაჭრა. პოლიციამ მისი განეიტრალება ვერ შეძლო, რის შემდეგაც კაცი კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადახტა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, მალევე გარდაიცვალა.

    შსს-ს ინფორმაციით, პატრულ ინსპექტორის სიცოცხლეს, რომელსაც მამაკაცმა ჭრილობა ხელზე მიაყენა, საფრთხე არ ემუქრება.

    “საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თემქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რა დროსაც შეტყობინების ინიციატორის მეუღლე – 1985 წელს დაბადებული გ.კ. გახდა აგრესიული და ამავე კორპუსის მე-4 სართულზე, სადარბაზოში, ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორს დ.ბ. -ს ცივი იარაღის გამოყენებით, მარცხენა ზედა კიდურის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც ამავე კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადმოხტა. აღნიშნული პიროვნება სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს, დ.ბ. -ს ის მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – წერია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • მოქალაქეები 112–ზე ვერ რეკავენ – 112 განმარტებას ავრცელებს

    რამდენიმე საათია მოქალაქეები 112–ზე ვერ რეკავენ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის განმარტებით, ამის მიზეზი “მცირე ტექნიკური ხარვეზია”.

    112–ის განცხადებით, პრობლემა მალე მოგვადება, მანამდე კი მოქალაქეებს მოუწოდებენ, ალტერნატიულ ნომრებზე მიმართონ.

    “მოგახსენებთ, რომ მცირე ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში შეფერხებით შემოდის ზარები.

    თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე:

    032 2 411011- სახანძრო სამაშველო

    032 2 418505- საპატრულო (თბილისი)

    032 2 418502- საპატრულო (რეგიონი)

    595073527, 595073838,595073876, 595073805, 595073723- სასწრაფო (რეგიონი)

    599842197, 599842195 – სასწრაფო (თბილისი)

    სპეციალისტები მუშაობენ და უმოკლეს დროში აღმოიფხვრება ტექნიკური პრობლემა.

    ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის”,– აცხადებს 112.

     

  • აღკვეთის ღონისძიების საკითხს სტრასბურგის სასამართლოში გავასაჩივრებთ – კობაიძე

    ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილი მახარაზის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს.

    მისი თქმით, ქვეყანაში ისევ შერჩევითი სამართალია.

    „მოსამართლეს ხმა უკანკალებდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მასზე შესაძლოა განხორციელდა ფსიქოლოგიური ან სხვაგვარი ზემოქმედება. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლავ შერჩევითი სამართალია და ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან მოქმედი სპორტსმენები, უდანაშაულო ადამიანები უწევთ იმის მტკიცება,რომ მათ ამ ტრაგედიაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ”,– ამბობს კობაიძე.

    ადვოკატი დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო სხვანაირად იმსჯელებს.

    “რა თქმა უნდა, ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ მათ შორის ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გავასაჩივროთ სტრასბურგის სასამართლოში და დარწმუნებული ვართ, რომ სტრასბურგის სასამართლო სხვაგვარად იმსჯელებს. მე არ მაქვს იმედი, რომ თბილისის სააპელაციო კოლეგია იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ამ გადაწყვეტილებას შეცვლის. საზოგადოებისა და პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული სასამართლო და სამარცხვინოა ასეთ მოსამართლეებს,რომ ვხედავთ“, -განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

    შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუეფარდა.

  • სოციალური ქსელების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამოჩნდა

    სოციალური ქსელების შემდეგ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქუთაისში, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამოჩნდა. მთავარი არხის ინფორმაციით, ივანიშვილი ახალ აშენებულ კორპუსს ათვალიერებს.

    ადგილობრივები ამბობენ, რომ ივანიშვილი ამ დროისთვის უნივერსიტეტის K კორპუსს ნახულობს, რომელითაც კმაყოფილი დარჩა.

    ივანიშვილი ტერიტორიაზე ისე შევიდა, რომ მედიის კითხვებს არ უპასუხა. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციისა და დაცვის პოლიციის ჯგუფები.

    შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემის პირობებში მმართველი გუნდის ლიდერი საზოგადოების წინაშე ერთხელ ტიკ-ტოკის ვიდეოში, მეორედ კი კახი კავსაძის დაბადების დღეზე, “ფეისბუქზე” მისალოცი ტექსტით გამოჩნდა.

  • თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 29 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს.

    ნაძალადევის რაიონი

    01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების IV, X, Xა, Xბ კვარტლებისზღვისუბნის დასახახლების  III მიკრორაიონის IV კვარტლის, თემქის დასახლების IV, X, Xა, Xბ მიკრორაიონების,   გურამიშვილის, ხევძმარის, თემქის, ზღვისუბნის, ლევან რჩეულიშვილის, სანზონას, ალექსანდრე ბარამიძის, ვასილ კაკაბაძის, პეტრე ამირანაშვილის, ველისციხის, გამყრელიძის, სადმელისსამოცდამეცამეტესამოცდამეშვიდე, ჩარგლის, ქეთევან მაღალაშვილის, გარიყულის, სიხარულიძის, თიანეთის, სამუელ ბუაჩიძის და შატილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების III, IX, X კვარტლებისზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ავთანდილ ღოღობერიძის, დაისის, ზესტაფონის, ღრმაღელესკნოლევის, თამაზ ტოროშელიძის, ცოტნე დადიანის, მექანიზაციის, თმოგვის, ქართლის, ქსოვრელის, შატილის, ანაპის 414-ე დივიზიის,  ჩარგლის და ურეკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის და ნინოშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, სამტრედიის, ცაბაძის და სანაპიროს (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასხლების (ნაწილობრივ), ბიჭვინთის, ზაჰესის, სკოლის და ალექსანდრე მანაგაძის  ქუჩების მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი

    11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, შალვა ნუცუბიძის, კანდელაკის, ლვოვის და ონიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი

    01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის  დასახახლების და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, IIა მიკრორაიონების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და აჩაბეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III, IV მიკრორაიონების, ზემო ფონიჭალის დასახლების, სოფელი თელეთის, თელეთის, გორგასალის, მანანა მელქაძის, შოთა ნიშნიანიძის და ვირსალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”. – აცხადებს თელასი

  • სასამართლომ შაქარაშვილის საქმის 17-ვე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

    მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

    მოსამართლემ ამით პროკურატურის მხარის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა, რომელიც ყველა ბრალდებულის მიმართ საპატიმრო ღონისძიებას ითხოვდა დატოვა.

    პროცესის დაწყებამდე ადვოკატები აცხადებდნენ, რომ საქმეში არსებული გარემოებებით მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობა არ დასტურდებოდა. შესაბამისად, ისინი ითხოვდნენ, სასამართლოს დაკავებულების მიმართ გირაო ან აღკვეთის ღონისძიების არცერთი ფორმა არ გამოეყენებინა, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

    19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 17 ადამიანი დააკავა.

  • ნათელაშვილის ფანჩატურაში შეკრებილმა კრიმინალურმა ერთობამ რურუა ლიდერად აღიარა – მათიკაშვილი

    ნათელაშვილის ფანჩატურაში შეკრებილმა კრიმინალურმა ერთობამ რურუა ლიდერად აღიარა – მათიკაშვილი

    ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ “ნათელაშვილის ფანჩატურაში შეკრებილი ე.წ სამეგობრო, საახლობლო, გადაიქცა და კრიმინალურ ერთობად ჩამოყალიბდა“. მისივე თქმით, ამ ერთობამ გიორგი რურუა პოლიტიკურ ლიდერად აღიარა.

    “რადიკალურმა ოპოზიციამ დაკარგა სახე. ის დეგრადირდა და ჩამოყალიბდა კრიმინალურ ძალად სწორედ იქ, სადაც ეს ერთობა გიორგი რურუას თავის პოლიტიკურ ლიდერად აღიარებს”.– აცხადებს მათიკაშვილი.

    ოცნების დეპუტატი აღნიშნავს, რომ ხვალ “ქართული ოცნება” დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით დაამტკიცებს და ამით 8 მარტის შეთანხმებას შეასრულებს.

    პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენა და კენჭისყრა ხვალ გაიმართება. ენმ და ევროპული საქართველო მასში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან მათი თქმით, არ შესრულებულა 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა ხვალ საპატიმროშია.

  • თემქაზე ავტომობილი სკვერში შევარდა – მძღოლმა მიმალვა სცადა

    თემქაზე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სკვერში შევარდა და მისი ჯებირები დააზიანა.

    ამ დროს მძღოლი ავტომობილიდან გადმოხტა და მიმალვა სცადა, თუმცა საპატრულო პოლიციამ ის შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დააკვა.

    იყო ავტომობილის აალების საშიშროება, რის გამოც ადგილზე სახანძრო გამოიძახეს.

    შსს–ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლს კი ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა.

  • საკონსტიტუციო ცვლილებების ხვალინდელ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ – გოცირიძე

    “ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ენმ ხვალინდელ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

    მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გათავისუფლდეს, რაც ნაკლებად კონფრონტაციული არჩევნების ჩატარების ფაქტორი შეიძლება გახდეს.

    „ხვალ 11:00 საათზე არის გიორგი რურუას წინააღმდეგ შეთითხნილი საქმის განხილვა სასამართლოში, იქნებ გონება გაუნათდეს ქვეყნის არაფორმალურ მმართველს და როგორც წინა შემთხვევებშიც, ახლაც უკარნახოს მოსამართლეს როგორ უნდა მოიქცეს, მაინც მოუწევს ხვალ თუ არა მომდევნო პერიოდში. საკონსტიტუციო ცვლილებების ხვალინდელ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ. უნდა შესრულდეს შეთანხმება სრულად, როგორც ამისკენ მოუწოდებენ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები და როგორც ეს სურს საქართველოში არსებულ ფაქტობრივად ყველა ოპოზიციურ პარტიას.

    საერთო კონსესუსით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები შეიძლება გახდეს ქვეყანაში ნაკლებად კონფრონტაციული არჩევნების ჩატარების ფაქტორი. თუ ხელისუფლება აპირებს საარჩევნო პროცესში პოლიტპატიმრის ყოლით შესვლას, ეს იმას ნიშნავს, რომ სავსებით შესაძლებელია, კვლავ განახლდეს პილიტიკური დევნა, კვლავ გამოყენებული იქნას მოსყიდვის, დაშინების, ძალადობის მეთოდები. ასეთ პირობებში ჩატარებულ არჩევნებს არავინ აღიარებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად არც შინ და არც გარეთ”, – ამბობს გოცირიძე.

    შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის. პარტია ევროპული საქართველოს და ენმ–ს პოზიციაა, რომ სანამ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

  • თუ ამ ინტენსივობით განვითარდა ინფექცია ქვეყანაში, დიდი საშიშროება არ გველის – გამყრელიძე

    თუ ამ ინტენსივობით განვითარდა ინფექცია ქვეყანაში, დიდი საშიშროება არ გველის – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის გავრცელება ამ არსებული ინტენსივობით გაგრძლედება, საშიშროება არ გველის.

    მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 85%–ს შეადგენს.

    ​,,საერთო მდგომარეობა კონტროლირებადია, დღეს კიდევ 3 ახალი შემთხვევაა, ყველას წყარო ვიცით. ორი დაკავშირებულია ტრაილერის მძღოლებთან და ერთი კარანტინში იყო იდენტიფიცირებული. ასეთი ერთეული შემთხვევები ჯანდაცვის სისტემისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, გამოჯანმრთელების პროცენტი არის 85%. გრძელდება ინტენსიური ტესტირება დღესაც ჩატარებულია დაახლოებით 1500 ტესტი. თუ ყველა რეკომენდაციას დავიცავთ, რასაც მოვუწოდებთ მოსახლეობას და ამ ინტენსივობით განვითარდა ინფექცია ქვეყანაში ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდი საშიშროება არ გველის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ პალიტრანიუსთან საუბარში.

    ​ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსს 924 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 785 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა. მე–15 პაციენტი, რომელიც 82 წლის მამაკაცი იყო, დღეს დაიღუპა.