Category: ახალი ამბები

  • 2020 წლის პირველ კვარტალში პარლამენტის წევრებმა რესტორნებში, სასტუმროებსა და მივლინებებში თითქმის 600 ათასი ლარი დახარჯეს.

    ფლანგის დეტექტორმა პარლამენტის მიერ 2020 წელს სარესტორნო მომსახურებასა და მივლინებებში დახარჯული თანხები დათვალა. 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა სასტუმრო, სარესტორნო მომსახურებასა და ქვეყნის გარეთ მივლინებებში უკვე 593,304 ლარი დახარჯა.

    2020 წელს პირველი სამი თვის განმავლობაში პარლამენტმა 12-ჯერ განახორციელა სარესტორნო მომსახურების შესყიდვა, დადებული ხელშეკრულებების ღირებულებამ 189,201 ლარი შეადგინა, სარესტორნო მომსახურების გარდა პარლამენტმა სასტუმრო მომსახურების შესყიდვის მიზნით 6 ხელშეკრულება გააფორმა, რაც ჯამში 85,000 ლარი დაუჯდა. ყველაზე დიდი თანხები კი ქვეყნის გარეთ პარლამენტის წევრთა მივლინებებში დაიხარჯა – ჯამში 319,103 ლარი.

    პარლამენტში 2020 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში 91 მივლინება განხორციელდა. ყველაზე ძვირადღირებული მივლინებების სიაში მოხვდნენ: არჩილ თალაკვაძე,მივლინება აშშ-ში – 14,991 ლარი, სოფიო კილაძე მივლინება აშშ-ში – 13,664 ლარი, ბერაიას მივლინება აშშ-ში – 10,420 ლარი. 2020 წლის მივლინებების სიაში მოხვდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი მდუმარე დეპუტატებიც, რომლებსაც 2018 წელს ერთხელაც კი არ ჩაურთავთ მიკროფონი და არ უსარგებლიათ ხმის უფლებით. მათ მივლინებებზე ბიუჯეტიდან 11,417 ლარი დაიხარჯა.

    რაც შეეხება სარესტორნო მომსახურებას ამ მხრივ ძირითად შემთხვევაში პარლამენტარების არჩევანი ცნობილ და ძვირადღირებულ რესტორნებზე კეთდება, მაგალითად 32,701 ლარიანი ხელშეკრულება იქნა გაფორმებული რესტორან შპს ჯი ემ თი მთაწმინდასთან, შპს წისქვილის ჯგუფი – 20,000 ლარი, შპს კოპალა – 30,000 ლარი, შპს ქეთო და კოტე – 5000 ლარი. სასტუმროს მომსახურებაში კი ყველაზე დიდი თანხა შპს ჯი ემ თი და შპს დაბი გრუპ ჯორჯიას გადაუხადეს, თითოეულს 25,000 ლარი.

    2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის 19.5% ანუ თითქმის ყოველი მე-5 ადამიანი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ არის. აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს, თუ რამდენ ადამიანს არ მიუწვდებოდა ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე. მხოლოდ 3 თვის განმავლობაში სარესტორნო მომსახურებაში დახარჯული თანხა საკმარისი იქნებოდა 262 ადამიანის ყოველთვიური საარსებო შემწეობის ურუნველსაყოფად.

    ფლანგვის დეტექტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების 3 თვის მივლინებებში, სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებაში უფრო მეტი დაიხარჯა ვიდრე მთელი წლის მანძილზე ცენტრალური ბიუჯეტიდან იხარჯება უმაღლესი განათლების ხელშეწყობაზე, მეცნიერების პოპულარიზაციაზე, ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის ღონისძიებებსა თუ ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის ღონისძიებებზე.

    წყარო:

    2020 შესყიდვები – https://bit.ly/2ABtd0K
    2020 მივლინებები – https://bit.ly/3fuF8vY
    TI ანგარიში – https://bit.ly/3d52wOV
    სიღარიბის მაჩვენებელი – https://bit.ly/3frq8im
    ბიუჯეტი – https://mof.ge/5261

  • ჯერჯერობით, ქვეყანაში შემოსული ადამიანიებისთვის ორკვირიანი კარანტინის რეჟიმი ძალაშია – გამყრელიძე

    ჯერჯერობით, ქვეყანაში შემოსული ადამიანიებისთვის ორკვირიანი კარანტინის რეჟიმი ძალაშია – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში ჩამოსული ადამიანები კვლავ კარანტინის რეჟიმს გაივლიან.

    „ჯერჯერობით, ორკვირიანი კარანტინის რეჟიმი ქვეყანაში შემოსული ყველა ადამიანისთვის ძალაში რჩება. შესაძლებელია, იყოს გარკვეული გამონაკლისი, ე.წ. თვითიზოლაცის, როდესაც არის ოჯახი“,-ამბობს გამყრელიძე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო შესაძლოა იმ ქვეყნების სიაში აღმოჩნდეს, რომელსაც ევროკავშირი საზღვრებს გაუხსნის, რასაც ევროკავშირის მხრიდან გარკვეული რეგულაციების დაწესება მოყვება.

    „ყველა ველოდებით ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას. იცით, რომ წინასწარი მონაცემებით, საქართველო არის იმ 14 ქვეყნის სიაში, რომელსაც ევროპა საზღვარს უხსნის. ალბათ, ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას ექნება დანართი, თუ რას მოსთხოვს ევროკავშირი იმ ქვეყნებს, რომელთა რიცხვში ჩვენც შევდივართ. ალბათ, ექვივალენტური იქნება. რასაც ევროკავშირი დააწესებს, ეს მოითხოვს, რომ ქვეყანაში შესაბამისი რეგულაცია დაწესდეს“,-აცხადებს გამყრელიძე.

    ცნობისთვის, BBC–მ გამოაქვეყნა 14 ქვეყანის სია, რომელთანაც ევროკავშირი 1 ივლისიდან ოფიციალურად გახსნის საზღვრებს. მათ შორის არის საქართველოც. როგორ მოიქცევა ამ შემთხვევაში სახელმწიფო, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პირველი ივლისიდან რეგულარული ფრენები რომ დაეშვათ, ეპიდემიოლოგიური კატასტროფა მოხდებოდა.

    სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მოქალაქეებს მოუწოდეს, ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.

  • სასიამოვნო ხომ არ იქნება, რომ ათასობით მოქალაქე იქნება ჰოსპიტალიზირებული, დავიცვათ წესები – იმნაძე

    სასიამოვნო ხომ არ იქნება, რომ ათასობით მოქალაქე იქნება ჰოსპიტალიზირებული, დავიცვათ წესები – იმნაძე

    დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ თუ ელემენტარულ წესებს არ დავიცავთ, სამწუხაროდ, ვირუსი კვლავ გავრცელდება.

    იმნაძის განმარტებით, ძველებურად მკაცრი შეზღუდვები არ იმოქმედებს, თუმცა არ იქნება სასიამოვნო საქართველოს ათასობით მოქალაქე რომ ჰოსპიტალიზებული იქნება.

    „როდესაც საერთოდ არაფერი არ ვიცოდით ამ ვირუსზე, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენი უპირველესი რჩევა, რეკომენდაცია იყო, რომ მაქსიმალურად შეგვეზღუდა მობილობა ადამიანების, რათა დაავადებისთვის არ მიგვეცა გავრცელების შანსი. მე მგონი, მოვახერხეთ, რომ არ გავრცელდა დაავადება ქვეყანაში. ახლა დადგა ის ეტაპი, როდესაც მეტ-ნაკლებად ამ ვირუსს ვიცნობთ. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი მასში ამოუცნობია, მაგრამ უკვე ვიცით, როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა.

    ამიტომ, დღეს რჩება ერთი – ნაკლები სახელმწიფო შეზღუდვები, მეტი ჩვენი თვითშეგნება. არ გვინდა, რომ ვირუსი იყოს ფართოდ გავრცელებული ? დავიცვათ ელემენტარული წესები. თუ არ დავიცავთ, სამწუხაროდ, ვირუსი ისევ გავრცელდება. შეზღუდვები ამას, ალბათ, ნაკლები მოჰყვება, რა თქმა უნდა, ისეთი აღარ იქნება, მაგრამ სასიამოვნო ხომ არ იქნება, რომ ათასობით ჩვენი მოქალაქე იქნება ჰოსპიტალიზირებული“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

  • რა შეზღუდვები მოიხსნება 6 ივლისიდან – თურნავას განმარტება

    რა შეზღუდვები მოიხსნება 6 ივლისიდან – თურნავას განმარტება

    ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო განაცხადა, რომ 6 ივლისიდან, ორშაბათიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, კერძოდ, ორშაბათიდან შესაძლებელი იქნება კონფერენციების, გამოფენებისა და ტრენინგების ჩატარება.

    თურნავას თქმით, ორშაბათამდე ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს გამოაქვეყნებს, რომლითაც უნდა ისარგებლონ სასტუმროებმა და საგამოფენო ცენტრებმა.

    „დღეს ვიმსჯელეთ გეგმაზომიერად. კიდევ არის ბიზნესსაქმიანობები, რომლებზეც შეზღუდვები ვრცელდება, გარკვეული რაოდენობა ბიზნესსაქმიანობის დიდი ალბათობით, ორშაბათიდან დაშვებული იქნება. ეს არის გამოფენები, ეს არის ტრენინგები, კონფერენციები სასტუმროებში – დიდი მოთხოვნაა. საერთაშორისო ვიზიტორები მოგვაკლდა, მაგრამ სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან მოთხოვნა იყო ტრენინგების, საქმიანი შეხვედრების ჩატარების. ეს მოთხოვნა არის საკმაოდ რაციონალური და სამართლიანი. ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს პროტოკოლი და ორშაბათამდე გამოქვეყნდება. დავეხმარებით სასტუმროებს, რომ არ დაკარგონ მსგავსი ღონისძიებები“, – განაცხადა თურნავამ.

    მინისტრმა აუზებსა და ფიტნეს-ცენტრებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მომატებული რისკის გამო, ამ ეტაპზე, მათთვის რეგულაციების მოხსნა არ იგეგმება, თუმცა მთავრობა შემდეგ ეტაპზე განიხილავს ამ საქმიანობებისთვის შეზღუდვის მოხსნას.

  • ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გამოჩნდება, საით უნდა წავიდეს გამოძიება – გომელაური შაქარაშვილის საქმეზე

    ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გამოჩნდება, საით უნდა წავიდეს გამოძიება – გომელაური შაქარაშვილის საქმეზე

    შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქმეზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და ჯერჯერობით ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

    შს მინისტრი აცხადებს, რომ გამოძიებაში ჩართულია როგორც ბრალდების, ისე დაზარალებული მხარე და თუ რომელიმე მხარეს გამოძიებასთან რაიმე ბრალდება აქვს, შეუძლიათ პირდაპირ თქვან.

    „გამოძიებაზე მე ბევრს ვერ ვისაუბრებ, იქიდან გამომდინარე რომ ჯერ ექსპერტიზის დასკვნაც არ არის მოსული. ჩართულები ვართ შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ყველა საგამოძიებო უწყება და ველოდებით დასკვნას. დასკვნის შემდეგ გამოჩნდება, თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება. დღეს ფაქტები რის საშუალებასაც გვაძლევს ამ მიმართულებით წავედით და ისე, როგორც დაკავებულების ადვოკატები და დაზარალებული ოჯახის ადვოკატი, ველოდებით სამხარაულის ექპერტიზის დასკვნას. მაქსიმალურად გახსნილები ვართ ყველა მიმართულებით, ჩართულები არიან ოჯახის ადვოკატები ორივე მხრიდან, თუ რამე ბრალდება აქვს სხვას შეუძლიათ გვითხრან პირდაპირ“,-აცხადებს ვახტანგ გომელაური.

    19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

  • ჩვენ რომ დაგვეშვა რეგულარული ფრენები, ეს იქნებოდა ეპიდემიოლოგიური კატასტროფა – თურნავა

    ჩვენ რომ დაგვეშვა რეგულარული ფრენები, ეს იქნებოდა ეპიდემიოლოგიური კატასტროფა – თურნავა

    ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აგრძელებს, რათა იმ ქვეყნების სიაში მოვხვდეთ, ვისაც ევროკავშირი საზღვრებს გაუხსნის.

    თურნავას განმარტებით, რეგულარული ფრენების დაშვება ეპიდემიოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევდა.

    “ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რეგულარული ფრენების დროებით აკრძალვის გახანგრძლივების, თუმცა ძალიან ინტენსიური ჩარტერული ფრენები გვაქვს შენარჩუნებული. რას ნიშნავს რეგულარული ფრენების დაშვება – შარშან ჩვენ ამ დროს კვირაში გვქონდა 600 რეგულარული ფრენა 80–ზე მეტი მიმართულებით. ჩვენ რომ დაგვეშვა ახლა რეგულარული ფრენები, თუნდაც იმ ვარაუდით, რომ მთლიანად არა და 1/3 ფრენები მაინც გვქონოდა რეგულარული, 200 ფრენა წარმოიდგინეთ კვირაში, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა ეპიდემიოლოგიური კატასტროფა და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რასაც ვერ დავუშვებდით”,– ამბობს თურნავა.

    მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროპასთან ჩარტერული რეისებით აქვს კომუნიკაცია.

    ცნობისთვის, BBC–მ გამოაქვეყნა 14 ქვეყანა, რომელთანაც ევროკავშირი 1 ივლისიდან ოფიციალურად გახსნის საზღვრებს. მათ შორის არის საქართველოც.

    თურნავამ 25 ივნისს განაცხადა, რომ “ალბათ, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდება”. მან აღნიშნა, რომ “არ იქნებოდა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, ახლა რომ სრული მასშტაბით გაგავეხსნა ფრენები”.

    სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მოქალაქეებს მოუწოდეს, ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.

  • 1 ივლისიდან EU საქართველოს საზღვრებს უხსნის, მთავრობა შეზღუდვას 1 აგვისტომდე ახანგრძლივებს

    1 ივლისიდან EU საქართველოს საზღვრებს უხსნის, მთავრობა შეზღუდვას 1 აგვისტომდე ახანგრძლივებს

    ევროკავშირი საქართველოს პირველი ივლისიდან საზღვრებს გაუხსნის, თუმცა საქართველოს მთავრობამ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა. ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად დაასახელა 14 ქვეყანა, რომლებისთვისაც პირველი ივლისიდან საზღვრებს ხსნის:

    ეს ქვეყნებია:

    • ალჟირი;
    • ავსტრალია;
    • კანადა;
    • საქართველო;
    • იაპონია;
    • მონტენეგრო;
    • მაროკო;
    • ახალი ზელანდია;
    • რუანდა;
    • სერბეთი;
    • სამხრეთ კორეა;
    • ტუნისი;
    • ურუგვაი;

    ევროკავშირი საზღვრებს იმ ქვეყნებს უხსნის, სადაც კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

    საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 25 ივნისს განაცხადა, რომ “ალბათ, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდება”. მან აღნიშნა, რომ “არ იქნებოდა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, ახლა რომ სრული მასშტაბით გაგავეხსნა ფრენები”.

    სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მოქალაქეებს მოუწოდეს, ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.

  • საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკვანძო მოვლენა – ევროპარლამენტარები

    ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე, მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი, სვენ მიკსერი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. ევროპარლამენტარების თქმით, ეს დემოკრატიის განვითარების საკვანძო მოვლენაა.

    „ცვლილებებს მესამე და ბოლო მოსმენაზე 150-დან 117 დეპუტატმა მისცა ხმა. ეს საქართველოს დემოკრატიული ცხოვრების განვითარების საკვანძო მოვლენაა. იმედი გვაქვს, რომ ეს პოზიტიური იმპულსი შენარჩუნდება და გაგრძელდება 1 და 2 ივლისს საარჩევნო რეფორმის კენჭისყრის დროსაც, რომელიც ეუთო/ოდირი-ს რეკომენდაციებს მოიცავს,“- წერია განცხადებაში.

    ევრპარლამენტარები პოლიტიკურ პარტიების საარჩევნო რეფორმის კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

    “ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მთავარ პოლიტიკურ პარტიას, მიიღოს მონაწილება კენჭისყრაში 8 მარტს შეთანხმების სულისკვეთებით და ხელი შეუწყოს საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციას”, – აცხადებენ ევროპარლამენტარები.

    საქართველოს პარლამენტმა გუშინ, 29 ივნისს მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვით 2020 წლის არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება.

  • შსს–მ დააკავა პირი, რომელმაც ახალგაზრდას ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა

    შსს–მ დააკავა პირი, რომელმაც ახალგაზრდას ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1996 წელს დაბადებული შ.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს”,– აცხადებს სამინისტრო.

    განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა

    მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა

    საქსტატის ინფორმაციით, მაისში მშპ 13.5%-ით შემცირდა, წლის პირველი 5 თვის საშუალო მაჩვენებელი –5.4%-ია.

    “2020 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში,”- წერია საქსტატის ანგარიშში.

    საქართველოს მთავრობა 2020 წელს 4%-იან ეკონომიკურ ვარდნას ელოდება.