Category: ახალი ამბები

  • მივესალმებით, ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა – მინისტრი EU-ს სიაზე

    მივესალმებით, ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა – მინისტრი EU-ს სიაზე

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის გადაწყვეტილებას ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველოს “მწვანე ქვეყნებში” შეყვანა მთავრობის წარმატებით მუშაობას ადასტურებს.

    “მივესალმებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველო შეყვანილი იქნა იმ ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში, ვისთვისაც ევროკავშირი პირველ ეტაპზე გახსნის საზღვრებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს და ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით იმუშავა პარტნიორ ქვეყნებთან, ეფექტურად მართა COVID 19-ის პანდემიის ფართოდ გავრცელება. საქართველოს მთავრობის ნაბიჯები პანდემიასთან ბრძოლის კუთხით იყო სწორი, თანმიმდევრული და პასუხისმგებლიანი. რაც ასევე დადასტურდა ასევე ჩვენი პარტნიორების შეფასებებით”,– თქვა ზალკალიანმა.

    მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, შეინარჩუნოს ქვეყანაში პანდემიის გავრცელების არსებული სურათი, რათა პირველ რიგში დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა და შეინარჩუნოს პოზიტიური იმიჯი.

    “ეს, რა თქმა უნდა მოითხოვს, ფრთხილ, თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რომელიც დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან აქტიურ კოორდინაციაზე და მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სურათზე. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან უკვე დავიწყეთ კოორდინაცია და კომუნიკაცია კონკრეტული კრიტერიუმებზე და პირობებზე იმისთვის, რომ ფრთხილად მოხდეს მოქალაქეების გადასვლა, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

    ცნობისთვის, საქართველო იმ 15 ქვეყანას შორის მოხვდა, რომელთანაც ევროკავშირი 1 ივლისიდან საზღვრების გახსნას დაიწყებს.

  • ევროკავშირი საქართველოს საზღვრებს უხსნის – EU-მ ქვეყნების სია დაამტკიცა

    ევროკავშირი საქართველოს საზღვრებს უხსნის – EU-მ ქვეყნების სია დაამტკიცა

    ევროკავშირის საბჭო მესამე ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომლებთანაც წევრმა სახელმწიფოებმა პირველი ივლისიდან სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნა უნდა დაიწყოს. სია ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე ყოველ ორ კვირაში განახლდება.

    აღნიშნულ ქვეყნებს შორის მოხვდნენ : საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (თუ ის ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს).

    საბჭოს განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის თვალსაზრისით, მესამე ქვეყნები შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:

    • კორონავირუსის ახალი შემთხვევები 14 დღის განმავლობაში 100 000 ადამიანზე ევროპის საშუალო მონაცემებთან ახლოს ან ქვემოთ (2020 წლის 15 ივნისის მდგომარეობით);
    • ახალი შემთხვევების სტაბილური ან კლებადი ტენდენცია აღნიშნულ პერიოდში, წინა 14 დღესთან შედარებით;
    • ზოგადი პასუხი COVID-19-თან, სადაც მხედველობაში მიიღება ტესტირება, დაკვირვება, კონტაქტების მოძიება, მკურნალობა და ინფორმაციის სანდოობა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულირების საშუალო ქულა.
  • 50 000 ხმის მიღებისას თითო ხმა 15 ლარი, ყოველი შემდეგი ხმა 5 ლარი– პარტიების დაფინანსების ახალი წესი

    50 000 ხმის მიღებისას თითო ხმა 15 ლარი, ყოველი შემდეგი ხმა 5 ლარი– პარტიების დაფინანსების ახალი წესი

    მმართველი გუნდის ერთ–ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასაარჩევნოდ სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების წესი იცვლება. მისი განმარტებით, ახალი დაფინანსების მოდელის მიხედვით, პირველი 50 000 ხმის მიღებისას პარტია თითო ხმაზე 15 ლარის დაფინანსებას მიიღებს, 50 000-ზე ზევით, ყოველ შემდეგ ხმაზე – 5 ლარს.

    “იმისათვის, რომ საბაზისო კომპონენტი შევინარჩუნოთ და მცირე პარტიებს ეს წაახალისებს, გვაქვს 50 000-იანი დათქმა – პირველი 50 000 ხმისთვის პოლიტიკური პარტია იღებს 15 ლარს (თითო ხმაზე), შესაბამისად თუ პარტია მიიღებს ზუსტას 50 000 ლარს, მას ექნება გარანტირებული 750 000 – ლარიანი წლიური დაფინანსება. ამის ზევით უკვე თითოეული ხმისთვის განკუთვნილია 5 ლარი,”- განაცხადა კობახიძემ.

    მისივე თქმით, დაფინანსებას შეიძლება დაემატოს გენდერული კვოტის დაცვისთვის დანამატი, რაც არის 30%, შესაბამისად ერთი მილიონი შეიძლება მიიღოს პოლიტიკურმა პარტიამ ხმათა 3%-ის მიღების შემთხვევაში.

    კობახიძემ აღნიშნა, რომ მკაცრდება ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებული რეგულაციებიც.

    „პროექტით გათვალისწინებულია სისხლის სამართლის სანქცია 100 ლარზე ქვევითაც, დღეს სანქცია მოქმედებს 100 ლარზე ზევით მოსყიდვაზე. სიძულვილის ენას რაც შეეხება, აქ გვინდოდა უფრო მკაფიო რეგულაციების ჩაწერა, თუმცა, ამის წინააღმდეგ წავიდნენ ოპოზიციური პარტიები და უარი ითქვა აქ რაიმეს დაზუსტებაზე. ეს პროექტი მთლიანად შესაბისობაშია ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან, ეს პაკეტი უზრუნველყოფს იმას, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში,”- აცხადებს კობახიძე.

    დღეს, 30 ივნისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსიც განიხილეს, რომელიც გენდერულ კვოტირებას, უფასო და ფასიანი სარეკლამო დროის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და აგიტაციის საკითხების კონტროლს ითვალისწინებს.

  • “ხელოვნურად წარმოქმნილი აჟიოტაჟი“–ფონდი ქართუ იპოდრომის ყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    ივანიშვილის ფონდი ქართუ თბილისის იპოდრომის შეძენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმიანება. ის თვლის, რომ მედიამ ამ საკითხზე ხელოვნური აჟიოტაჟი შექმნა.

    გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საბურთალოზე ყოფილი იპოდრომის ტერიტორია გაყიდა. მას  შპს “ინვესტ კაპიტალი” ფლობდა, რომლის ხელმძღვანელი კახა კობიაშვილია. ის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავია. “ინვესტ კაპიტალის” 100%-იანი წილის მფლობელი პანამაში ბაზირებული სააქციო საზოგადოება “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია”. ტრანზაქცია 19 ივნისს შესრულდა.

    ბიძინა ივანიშვილმა იპოდრომი 60 მილიონ ლარად  გაყიდა და მისივე ფონდ “ქართუს“ მიყიდა.

    ქართუს დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია:

    “საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ეხმაურება რამდენიმე მედიასაშუალების მხრიდან ხელოვნურად წარმოქმნილ აჟიოტაჟს თბილისის ყოფილ იპოდრომთან დაკავშირებით, რომლის მიზანი, ჩვენი აზრით, ფონდის და მისი დამფუძნებლის მიმართ არაჯანსაღი საზოგადოებრივი განწყობების შექმნაა.

    მოგეხსენებათ, ფონდი „ქართუ“, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და შემომწირველი ბიძინა ივანიშვილის ოჯახია, 20 წელზე მეტია საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ფუნქციონირებს.

    ამ დროის მანძილზე, ფონდის ხელშეწყობით ასეულობით საქველმოქმედო პროექტი განხორციელდა და პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფების გარდა, მის საქმიანობასთან დაკავშირებით შეკითხვები არავის გასჩენია.

    სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ფონდის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ეს ფაქტი, მსოფლიო ბანკის მიერ „დიდ ოთხეულად“ რანჟირებული, უმაღლესი საერთაშორისო სანდოობის აუდიტორული კომპანიების ყოველწლიური ანგარიშებით არის დადასტურებული.

    მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე აჟიოტაჟის ინიციატორი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები თავადვე აცხადებენ, რომ მათ მიერ ინიცირებულ, უსაფუძვლო კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულება ფონდს არ გააჩნია, თუკი ვინმეს დარჩა დამატებითი კითხვები ფონდში აკუმულირებული თანხების წარმომავლობასა და განკარგვასთან დაკავშირებით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს.

    დასასრულ, ხასგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ ვერანირი აჟიოტაჟი და პოლიტიკური სპეკულაციები ვერ შეუშლლის ხელს ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მხარდასაჭერად ფონდის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ და მიმდინარე საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას.“– წერია განცხადებაში.

  • არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიებს 25 000-ის ნაცვლად 5 000 ხელმოწერა დასჭირდებათ – ცესკო

    არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიებს 25 000-ის ნაცვლად 5 000 ხელმოწერა დასჭირდებათ – ცესკო

    ცესკოს ინფორმაციით, არაკვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არა 25 000, არამედ 5 000 ხელმოწერის შეგროვება დასჭირდებათ.

    ცვლილებები პარლამენტმა 29 ივნისს, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად მიიღო.

    ცვლილებების მიხედვით, მხარდამჭერთა სიის ცესკოში წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან:

    • ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია;
    • ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკვა ერთერთ არჩევნებში პროპორციული სისტემით 15 000 ხმა მაინც მიიღო;
    • აგრეთვე, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15 000 ხმა მაინც მიიღო.

    ცესკო პარტიებს მოუწოდებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა და მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მისაღებად, პარტიების ხელმძღვანელებმა ცესკოს 15 ივლისამდე უნდა მიმართონ.

    ამ დროისთვის მხარდამჭერთა ხელმოწერებს ექვსი პოლიტიკური გაერთიანება აგროვებს. ცესკომ ექვსივე პარტიას აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

  • ამ ქვეყანაში ცვლილებები ოპოზიციის შეცვლით უნდა დაიწყოს – ვატო შაქარაშვილი

    თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი და “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი ვატო შაქარაშვილი არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ ძველ და ახალ ოპოზიციას შორის განსხვავებები გამოჩნდა. შაქარიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ცვლილებები ოპოზიციის შეცვლით უნდა დაიწყოს.

    „ახალი ოპოზიცია – კარგია, რომ ხელისუფლების წარმომადგენელმა დღეს ეს ფრაზა გააჟღერა, იმედია გააზრებულად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებები ოპოზიციის შეცვლით უნდა დაიწყოს. ქვეყანამ ჯერ 2012 წელს გადადგა წინ უდიდესი ნაბიჯი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ გაისტუმრა ხელისუფლებიდან და კიდევ უფრო წარმატება იქნება 2020 წელს თუ ოპოზიციიდანაც გაისტუმრებს მათ!”,–ამბობს შაქარიშვილი.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” სურვილი “ენმ”–სგან გათავისუფლება არ არის, თუმცა ეს ხალხის არჩევანია.

    “მართალია ეს „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის, რადგან სიზმარშიც ვერ იოცნებებს რომელიმე მმართველი ძალა ისეთ ოპონენტზე, როგორიც დღეს ჩვენს ხელისუფლებას ჰყავს. ამასთან, გაირკვა, რომ არც მორალური შეუთავსებლობა აქვთ. გასაგებია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გათავისუფლება მათი სურვილი რომ არ არის, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ხალხის არჩევანი და ამას გააკეთებს ისევ და ისევ მისი აღმატებულება, ქართული საზოგადოება”,– განაცხადა შაქარიშვილმა.

  • ჩემი მეგობარი ჰუბერტ კნირში ამ ქვეყნის პატრიოტია, კამათისას პროტოკოლი უნდა დავიცვათ –  ვაშაძე

    ჩემი მეგობარი ჰუბერტ კნირში ამ ქვეყნის პატრიოტია, კამათისას პროტოკოლი უნდა დავიცვათ – ვაშაძე

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე გერმანიის ელჩს, ჰუმბერტ კნირშს მეგობარს უწოდებს და ამბობს, რომ როდესაც ადამიანს ეკამათები, მისი აზრი მოთმინებით უნდა მოისმინო.

    “როდესაც მეგობარს არბიტრად იწვევ დავაში, მზად უნდა იყო იმისათვის, რომ შენს მეგობარს და უკვე არბიტრს საკუთარი აზრი ექნება ყველა საკითხზე და მოთმენითა და ტაქტით უნდა მოისმინო მისი აზრი. თუ რამეს არ ეთანხმები, მე ჩემს მეგობართ ჰუმბერტთან ძალიან ხშირად მიკამათია ბევრ საკითხზე, მათ შორის, მაგალითად 2008 წლის რუსეთის დამანგრეველი სამხედრო აგრესიის გენეზისზე, დასაწყისზე, მიმდინარეობაზე, ა.შ”,– ამბობს ვაშაძე ტვ პირველის ეთერში.

    მისივე განცხადებით, გერმანიის ელჩი საკუთარ სახელმწიფოს წარმოადგენს, ამიტომ მასთან კამათი დასაშვებია ტაქტის და პროტოკოლის დაცვით.

    “ის წარმოადგენს იმ სახელმწიფოს, რომელმაც ერთ-ერთი უზარმაზარი როლი ითამაშა დღევანდელი საერთაშორისო სამართლებრივი მდგომარეობის შენარჩუნებაში, რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს, ასოცირების შეთანხმებასა და ვიზალიბერალიზაციაში. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის ელჩზე, იმ სახელმწიფოს წარმომადგენელზე და არა პიროვნებაზე, იმიტომ, რომ ეს ადამიანი სახელმწიფოს წარმოადგენს.

    უნდა გვახსოვდეს, როდესაც ადამიანი საკუთარ აზრს გამოთქვამს, კამათი დასაშვები არის, მაგრამ არის ტაქტის, პროტოკოლის ზღვარი, რომელიც ყოველთვის უნდა დავიცვათ. ჰუბერტ კნირში ამ ქვეყნის პატრიოტი არის და ჩვენი მეგობარი”,– აღნიშნა ვაშაძემ.

    გერმანიის ელჩი პარტია ევროპული საქართველოს კრიტიკის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ არის. რამდენიმე დღის წინ მან ასევე ისაუბრა 20 ივნისის აქციაზე, რომლის შესახებაც თქვა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ პირდაპირპროპორციული ძალა გამოიყენა. მან 2008 წლის აგვისტოს ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომი რუსეთის ინტერესებში იყო, თუმცა საქართველოს მთავრობის ქმედებებმა მათ საქართველოში შემოჭრის საბაბი მისცა.

  • ქალს, რომელსაც კაცმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი მოუკიდა, სხეულის 37% დაეწვა – ქაშიბაძე

    ქალს, რომელსაც კაცმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი მოუკიდა, სხეულის 37% დაეწვა – ქაშიბაძე

    დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის თქმით, ახალგაზრდა ქალს, რომელსაც კაცმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი მოუკიდა, ორივე ქვედა კიდური აქვს დამწვარი, მთლიანობაში სხეულის 37%.

    მისივე თქმით, გოგოს მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერჯერობით იმყოფება რეანიმაციაში და არ გამოსულა დამწვრობის შოკიდან.

    “მისი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აქვს, ქვემო კიდურები აქვს დამწვარი, სხეულის 37%-იანი დამწვრობა აქვს”, – თქვა ქაშიბაძემ ფორმულასთან.

    დღეს თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1996 წელს დაბადებული შ.გ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა.

  • 120-კაციან პროპორციულ სიაში მინიმუმ 40 უნდა იყოს ქალი – ბესელია

    120-კაციან პროპორციულ სიაში მინიმუმ 40 უნდა იყოს ქალი – ბესელია

    საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, დღეს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს. ცვლილებებით კოდექსში ეუთო/ოდირის რეკომენდაციების ასახვა უნდა მოხდეს, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, გენდერულ კვოტირებასა და სხვა საკითხებს მოიცავს.

    დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას თქმით, კვოტირების პრინციპით პროპორციული სიით შეყვანილი 120 დეპუტატიდან მინიმუმ 40 უნდა იყოს ქალი.

    „ჩემი ვერსიაა რომ მინიმუმ სამში ერთი იყოს განსხვავებული სქესის, რაც თანასწორობის იდეასთან უფრო მეტად არის ახლოს. რა თქმა უნდა, ესეც არ არის იდეალური, მაგრამ უფრო ახლოს არის იმიტომ, რომ 120 კაციან პროპორციულ სიაში გარანტიას შექმნის, რომ 40 ქალი მაინც იქნეს მომავალ პარლამენტში და თუ მაჟორიტარებიდან ვინმე დაემატება, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“,- აცხადებს ეკა ბესელია.

    “თავისუფლების ინსტიტუტის” ინფორმაციით, პარლამენტი უახლოეს პერიოდში დაჩქარებული წესით გენდერული კვოტების კანონპროექტის მიღებას გეგმავს.

    ორგანიზაცია ეწინააღმდეგება გენდერული კვოტების შემოღებას და იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს მიიღებს, მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

  • 6 ივლისიდან ბოლნისის სოფელი მუშევანი გაიხსნება

    6 ივლისიდან ბოლნისის სოფელი მუშევანი გაიხსნება

    ორშაბათიდან, 6 ივლისიდან ბოლნისის სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება.

    ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

    სოფელი მუშევანი, კორონავირუსის გავრცელების გამო, 2020 წლის 25 აპრილიდან ჩაკეტილია.