Category: ახალი ამბები

  • თქვენ ხართ სახელმწიფოს საყრდენი – ქართული ჯარი იდგა და დგას სამშობლოსადმი ერთგულებაზე – ზურაბიშვილი ჯარისკაცებს

    თქვენ ხართ სახელმწიფოს საყრდენი – ქართული ჯარი იდგა და დგას სამშობლოსადმი ერთგულებაზე – ზურაბიშვილი ჯარისკაცებს

    თქვენ ხართ სახელმწიფოს საყრდენი. ქართული ჯარი იდგა და დგას სამშობლოსადმი ერთგულებაზე, თავდადებასა და ღირსებაზე, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალზე ჯარისკაცებს.

    მისივე თქმით, ქართული ჯარი იყო, არის და იქნება ეროვნული ღირებულებების მატარებელი, ჩვენი პარტნიორებისთვის საიმედო ძალა.

    „დღეს ქართული ჯარისთვის მნიშვნელოვანი დღეა. დღეს თავდაცვის ძალების უფლებამოსილების გადაბარების დღეა. ეს იმას ნიშნავს, რომ თავდაცვის ძალებისთვის გაძლიერების და განვითარების ახალი ეტაპი იწყება. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან მას ევალება ჩვენი თავდაცვის ძალების ოპერატიული მართვა, დაგეგმვა, მზადყოფნა და მთლიანად განვითარება. მეთაურს აბარია უდიდესი პასუხისმგებლობა, მაშინ როცა ქვეყანა უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, როცა დარღვეულია ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როცა მართვაში სამაგალითო მიზანდასაზულობა და თანმიმდევრულობა მოგვეთხოვება. ურთულეს გამოწვევებთან გამკლავებისთვის აუცილებელია მომავალზე ორიენტირება, შეუფერხებელი განვითარება და რა თქმა უნდა, მტკიცე ნება საამისოდ. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია მაგალითი მივცეთ სხვებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალებს აქვს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა.

    „მჯერა, რომ ამ თანამშრომლობის საბოლოო შედეგი იქნება ისეთი, როგორიც საქართველოს სჭირდება და საქართველო მოიპოვებს თავის ადგილს ევროპულ ოჯახში. მინდა განსაკუთრებულო მადლობა ვუთხრა გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას. დღეიდან კი უაღრესად საპასუხისმგებლო მისიას გენერალი გიორგი მათიაშვილი გადაიბარებს. მე სრულ ნდობას ვუცხადებ მას ამ თანამდებობაზე და მჯერა, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში თავდაცვის ძალები კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება. მინდა ქართულ ჯარს მივმართო და მადლობა მოვახსენო პროფესიონალიზმისთვის, ერთგულებისთვის და თავდადებისთვის. თქვენ ხართ სახელმწიფოს საყრდენი.ქართული ჯარი იდგა და დგას სამშობლოსადმი ერთგულებაზე, თავდადებასა და ღირსებაზე. ქართული ჯარი იყო, არის და იქნება ეროვნული ღირებულებების მატარებელი. ქართული ჯარი არის და იქნება ჩვენი პარტნიორებისთვის საიმედო ძალა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

  • გორში პოლიციელის მკვლელობის ფაქტზე უცხოეთის მოქალაქე დააკავეს

    გორში პოლიციელის მკვლელობის ფაქტზე უცხოეთის მოქალაქე დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში პოლიციელის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, – ამის შესახებ  შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს.

    „შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის – დ.ს.-ს დაღუპვასთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის ფაქტზე, უცხოეთის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ჰ.დ. გორში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ბინას ქირაობდა 1978 წელს დაბადებული დ.ს.-სგან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა დ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში

  • საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

    საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 931 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი კვლავ 794 არის.

    კარანტინის რეჟიმშია 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 229 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

    ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • გორში პოლიციის თანამშრომელი მოკლეს

    გორში პოლიციის თანამშრომელი მოკლეს

    გვიან ღამით , გორში 44 წლის მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილი შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გარდაცვლილი დ.ს.-ს სამსახურებრივ მოვალეობას არ უკავშირდება. პირი, რომელმაც მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, საქართველოს მოქალაქე არ არის და გარდაცვლილის ოჯახში მდგმურად ცხოვრობდა.

    „გორმედის“ ექიმის, ლექსო ხეთაგურის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია.

  • დღეს საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს განიხილავს

    დღეს საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს განიხილავს

    დღეს პარლამენტი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს. კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, რათა საარჩევნო კოდექსი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე სისტემით ჩატარდეს.

    საარჩევნო კოდექსის პროექტის თანახმად, კენჭისყრის დღეს, სააგიტაციო მასალის განთავსება, საარჩენო უბნის გარდა, შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსშიც აკრძალული ხდება. გარდა ამისა, აკრძალული ხდება კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხებაც.

    რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციისთვის გატარებულ ცვლილებებს, ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთაც წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და მასში მონაწილეობა ეკრძალებათ. პროექტის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ საჯარო სკოლების პედაგოებს, სამსახურებივი ფუნქციების შესრულებისას, ასევე სსიპ-ებისა და სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწამეო იურიდიული პირების თანამშრომლებს. ამასთან, საარჩევნო კოდექსს ემატება ჩანაწერი, რომელიც არჩევნებამდე 2 თვით ადრე სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შეუზღუდავს განხორციელებული პროექტების შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლების განთავსებას.

    საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, არჩევნების მეორე ტური გაიმართება არჩევნებიდან მე-3 შაბათს და მას განკარგულებით ნიშნავს ცესკო. თუ მეორე ტურში მონაწილე ერთ-ერთმა საარჩევნო სუბიექტმა დაკარგა პასიური საარჩევნო უფლება, ასეთ შემთხვევაში მეორე ტური არ გაიმართება და ცესკოს მიერ გამარჯვებულად ცხადდება მეორე საარჩევნო სუბიექტი.

    კანონპროექტით, ზუსტდება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურები. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიებში არაპარტიული ნიშნით წევრთა არჩევა მოხდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის არაპარტიული ნიშნით არჩეულ წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით. ამასთან, საუბნო კომისიებთან მიმართებით ფართოვდება ჩანაწერი ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვაზე. უფრო კონკრეტულად, თუკი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის ოჯახის წევრია, მას არჩევის პროცედურაში მონაწილეობის უფლება ეკრძალება. კანონპროექტის თანახმად, ოჯახის წევრად მიჩნეულია: მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი. ასევე, დაუშვებელი ხდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად იმ პირის არჩევა, რომელიც ბოლო საერთო არჩევნებში ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული იყო პოლიტიკური პარტიის მიერ.

    კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მედია-კამპანიისა და პოლიტიკური სუბიექტებისთვის დათმობილი საეთერო დროის მიმართულებით მთელ რიგ ცვლილებებს. პროექტის თანახმად, ტელე-ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს. მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის გადახდილ საფასურზე მეტი დროის დათმობა შესაბამისი (რეკლამის დამკვეთი) სუბიექტისათვის, ან უფასო რეკლამის განთავსებისას საარჩევნო სუბიექტისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ დროზე მეტის დათმობა, ჩაითვლება უკანონო შემოწირულობად. აკრძალულ შემოწირულობად იქნება მიჩნეული დაუსაბუთებელი შემოსავლით გაკეთებული შემოწირულობაც.

    ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდებიან ცესკოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით გადასცენ საეთერო დროის ტარიფები. ტარიფები ძალაში შედის კენჭისყრამდე 50-ე დღიდან. ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მესამე მხარისაგან რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ რეკლამის/ანტირეკლამის განთავსება ჩაითვლება შემოწირულობად, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას გაცხადებული საარჩევნო მიზანი. დაუშვებელი იქნება ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება.

    გარდა ზემოაღნიშნულისა, მედია საშუალებას საარჩევნო უბანში ნაცვლად 3 – ისა, 2 წარმომადგენლის ყოლის უფლება ექნება.

    ტელე და რადიო მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი აზრის გმოკითხვის შედეგების კანონით დადგენილ ვადაზე ადრე გამოქვეყნებაზე ჯარიმა იზრდება. კერძოდ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგემის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა გამოიწვევს მაუწყებლის დაჯარიმებას 5 000 ლარით. სხვა მედიიის საშუალებებისთვის ჯარიმის ოდენობა კვლავ 1 500 ლარი იქნება.

    საარჩევნო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა მონაწილეობის დროებითი წესის განსაზღვრა. აღნიშნულის თანახმად, საარჩევნო უბნების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მოხდება შშმ პირთათვის უბნების ადაპტირება – თითოეულ ოლქში არანაკლებ 4-4 უბანი ეტლით მოსარგებლეთათვის.

    ზემოაღნიშნული ცვლილებების გარდა, საარჩევნო კოდექსი შესაბამისობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. კერძოდ, კოდექსში მოხდება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ასახვა, რაც გულისხმობს: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარებას; ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმს; გაუნაწილებელი მანდატების განაწილებას უდიდესი ნაშთს მქონე პოლიტიკურ პარტიებსა და და საარჩევნო ბლოკებზე.

  • ჯერ ბენზინი მოასხა ეზოში, მოლოტოვის კოქტეილი ისროლა”- რას ყვება გოგონას მეზობელი რომელსაც კაცმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი მოუკიდა

    ჯერ ბენზინი მოასხა ეზოში, მოლოტოვის კოქტეილი ისროლა”- რას ყვება გოგონას მეზობელი რომელსაც კაცმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი მოუკიდა

    “ტიპმა” ჯერ ბენზინი მოასხა ეზოში, შემდეგ დაუკაკუნა კარებზე და ე. წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.-  გოგონას მეზობელი, რომელსაც კაცმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი მოუკიდა, ყვება რომ მამაკაცი გვიან ღამით მოვიდა ეზოში და ბენზინი მოასხა, შემდეგ კი კარზე დაუკაკუნა დაზარალებულს და ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილი” ისროლა.

    “ღამით, ასე პირველი საათისკენ ვიღაც იდიოტმა განზრახ მკვლელობის მიზნით ჩემს მეზობელ გოგოს ცეცხლი წაუკიდა. “ტიპმა” ჯერ ბენზინი მოასხა ეზოში, შემდეგ დაუკაკუნა კარებზე და ე. წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. იყო საშინელი აფეთქების ხმა, შავი კვამლი და სრული უკუნითი. დაზარალებულს სხეულის 40% აქვს დამწვარი, მძიმე მდგომარეობაშია. მადლობა ღმერთს თავის დროზე მოვახდინეთ რეაგირება და სახანძროს მოსვლამდე ცეცხლი ჩავაქრეთ. დამნაშავე დღეს გამთენიისას უკვე აყვანილი იყო. დამნაშავემ ისე გააკეთა, რომ ეზოში ვერავინ შევიდოდა, ჭიშკარსაც კი ვერ მივუახლოვდით თავიდან.. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უცნობ ბიჭებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ ცეცხლის ლოკალიზებაში, რომ არა ისინი არ ვიცი მარტო ჩვენი ძალებით როგორ გადავრჩებოდით. კარგი ადამიანები ხართ, ისეთი პანიკა იყო მადლობაც ვერ გითხარით. შოკში ვიყავით, ვერც ვაცნობიერებდით რას და რატომ ვაკეთებდით, წამის მეასედითაც რომ დაგვეგვიანა არ ვიცი რა მოყვებოდა ამ ყველაფერს. და მადლობა პოლიციას სწრაფი მოქმედებისთვის. არამარტო ეკიპაჟებს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებმაც ადამიანურობა გამოიჩინეს, მიატოვეს სამუშაო ადგილი და დასახმარებლად მოვიდნენ..”- წერს დაზარალებულის მეზობელი, სოფო ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

    დღეს თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1996 წელს დაბადებული შ.გ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა.

  • კრიტიკის მიღმა არ დგას არც გერმანიის ელჩი, არც ევროკავშირი, არც პატრიარქი, არც მიშა, არც ბიძინა – თამარ ჩერგოლეიშვილი

    კრიტიკის მიღმა არ დგას არც გერმანიის ელჩი, არც ევროკავშირი, არც პატრიარქი, არც მიშა, არც ბიძინა – თამარ ჩერგოლეიშვილი

    გამოცემა “ტაბულას” რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კრინშის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

    ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ მისი მედიასაშუალების მხრიდან ელჩის კრიტიკა და მის მიმართ არსებული კითხვები ლეგიტიმური იყო. ჩერგოლეიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებას გერმანიის ელჩზე თავდასხმასთან დაკავშირებით, საკუთარ თავზე არ იღებს.

    “ზუსტად იცით, რომ ეს აღიქვა, დაგიდასტურათ ჰარცელმა, რომ “ტაბულას” ეხებოდა მისი წერილი? იმიტომ, რომ ჩემთვის არ გამოუგზავნია ეს წერილი. მე ევროკავშირის განცხადებას საკუთარ თავზე არ ვიღებ, იმიტომ, რომ არ მჯერა რომ ჩემი ლეგიტიმური კითხვები..[ამას გამოიწვევდა]. რომელ მედიას გულისხმობდა, აზრზე არა ვარ. ამიტომ, ევროკავშირის განცხადება მიმაჩნია ნაჩქარევ, ერთგვარ ვალის მოსახდელ განცხადებად, რადგან როდესაც დისკუსია მიდის, ცხარე დებატია ლეგიტიმურ საკითხებზე, და თქვენ დამეთანხმებით, რომ კრიტიკის მიღმა არ დგას არავინ, არც გერმანიის ელჩი, არც ევროკავშირი, არც პატრიარქი, არც მიშა, არც ბიძინა – ამაზე ხომ ვთანხმდებით, რომ კრიტიკის მიღმა არავინ დგას. საუბარია კრიტიკის ფორმებზე. თუ ადამიანის კრიტიკას ცდები და ცილს სწამებ, ეს პრობლემაა და მე ამას არ ვიზიარებ, ცილისწამებას არ ვიზიარებ არავის მიმართ, არაერთი ცილისწამების მსხვერპლი გავმხდარვარ და სხვასაც არ უნდა უსურვო ის, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებ. მაგრამ, ყველა კითხვა, რაც მე დავსვი, ლეგიტიმურია, ყველა შეფასება, რაც მე გავაკეთე, არის ლეგიტიმური. ამიტომ, ჩემს თავზე ევროკავშირის განცხადებას ნამდვილად არ ვიღებ. თუ თქვენ ინფორმაცია გაქვთ, რომ მე მომმართავდა ბატონი ჰარცელი, რასაკვირველია, თუმცა გერმანიის ელჩის წერილი მე დავაგზავნე ყველგან, ევროკავშირის ელჩთან, ისინი გაეცნობიან, ჩემი კითხვები მათთვისაც გასაგები იქნება, ინტერესი უზარმაზარია. მე თვითონ გამიკვირდა, იმდენი გაზიარება ჰქონდა ჩემს სტატიას. ჩემი აზრით, სასარგებლო რაღაც მოხდა, რადგან რა დისკუსიაც მიდის ახლა, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, საზოგადოების გაჯანსაღებას დაეხმარება,”-განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ:

    “ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის, წინააღმდეგ. ყველა აქტორმა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, რომელიც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში”.

    იქამდე, ონლაინ გამოცემა “ტაბულამ” გამოაქვეყნა სტატია სათაურით:”კნირში 20 ივნისზე: პოლიციამ ხალხის საქციელის პირდაპირპროპორციულად იმოქმედა”. სათაური შეიცვალა, ვინაიდან საქართველოში გერმანიის საელჩომ “ტაბულას” რედაქციას წერილით მიმართა. სადაო გახდა ის, ფრაზა “პოლიციის რეაქცია საჭიროების შემთხვევაში გადაჭარბებული არ არის”, ნიშნავს, თუ არა იმას, რომ გამოყენებული ძალა პროპორციული იყო.

  • ენმ-მ და “ევროპულმა საქართველომ” ემზარ კვიციანი და ადა მარშანია კენჭისყრას ჩამოაშორეს – ირაკლი კობახიძე

    ენმ-მ და “ევროპულმა საქართველომ” ემზარ კვიციანი და ადა მარშანია კენჭისყრას ჩამოაშორეს – ირაკლი კობახიძე

    “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას ცდილობდა და ამ მიზნით მუშაობა მიმდინარეობდა ემზარ კვიციანსა და ადა მარშანიასთან. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა.

    “”ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” უარი თქვენს კენჭისყრაში მონაწილეობაზე. მანამდე ორი დამოუკიდებელი დეპუტატი ჩამოაშორეს კენჭისყრას, უშუალოდ პირველი მოსმენის წინ კი ემზარ კვიციანი, მეორე მოსმენამდე ადა მარშანია. ორივე პარტია მუშაობდა. მეტ დეტალებში აღარ შევალ, სხვებზეც მუშაობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ჩვენ გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. მეორე მოსმენის წინ გვითხრეს, რომ ადა მარშანია რაჭაში იმყოფებოდა და წნევის გამო ვერ ჩამოდიოდა, გადავამოწმეთ და იყო ქობულეთში,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ემზარ კვიციანს ენმ-სთან თანამშრომლობის, ამის შესახებ დასმულ კითხვას ირაკლი კობახიძემ არ უპასუხა, თუმცა განაცხადა, რომ ის პასუხისმგებელია საკუთარ ნათქვამზე:

    “ეს ინტერესი შეიძლება ყოფილიყო სხვადასხვა, საზოგადოებას აინტერესებს რის საფუძველზე შეთანხმდნენ? არ აინტერესებს. მე პასუხს ვაგებ იმ სიტყვებზე, რომელიც წარმოვთქვი. დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

  • კვოტები, პარტიათა დაფინანსების წესის ცვლილება ემსახურება პოლიტიკური სივრცის გაფარჩაკებას – ჯაფარიძე

    კვოტები, პარტიათა დაფინანსების წესის ცვლილება ემსახურება პოლიტიკური სივრცის გაფარჩაკებას – ჯაფარიძე

    გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების საკითხს ეხმიანება. ჯაფარიძის თქმით, დაგეგმილი პარტიათა დაფინანსების წესის ცვლილება და კვოტების შემოღება პოლიტიკური სივრცის კიდევ უფრო გაფარჩაკებასა და ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას ემსახურება.

    “ივანიშვილის ერთერთი მონა-მოსამსახურის მიერ დაანონსებული საარჩევნო კანონმდებლობის ყველა ცვლილება, ე.წ. გენდერული კვოტების შემოღებისა და პარტიათა დაფინანსების წესის ცვლილების ჩათვლით, ემსახურება ერთადერთ მიზანს – ქვეყანაში არსებული ფარჩაკი პოლიტიკური სივრცის კიდევ უფრო გაფარჩაკებას და ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ხანგძლივად ჩაბეტონებას. ეს ასეა, მიუხედავად იმისა როგორ გაპრავდება ეს ცვლილებები ოცნების ან სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მხრიდან, და რამდენი ‘სასარგებლო იდიოტი’ დაუჭერს ამ ცვლილებების რომელიმე ნაწილს საჯაროდ მხარს”,– აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

    ცვლილებების მიხედვით, ნებისმიერ საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად უნდა იყოს მითითებული განსხვავებული სქესის ადამიანი. ეს რეგულაცია მოქმედებს 2020-ის, 2024-ის და ამ წლებს შორის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის.

    2028 წლიდან ამოქმედდება ყოველი მესამე სავალდებულო კვოტა, თვითმმართველობის არჩევნებზე კი სიაში ყოველი მეორე ადამიანი უნდა იყოს განსხვავებული სქესის.

    პარტიების ახალი დაფინანსების მოდელით, პირველი 50 000 ხმის მიღებისას პარტია თითო ხმაზე 15 ლარის დაფინანსებას მიიღებს, 50 000-ზე ზევით, ყოველ შემდეგ ხმაზე – 5 ლარს. უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დაფინანსებას შეიძლება დაემატოს გენდერული კვოტის დაცვისთვის დანამატი, რაც არის 30%, შესაბამისად ერთი მილიონი შეიძლება მიიღოს პოლიტიკურმა პარტიამ ხმათა 3%-ის მიღების შემთხვევაში.

    საარჩევნო კოდექსი 30 ივნისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, რომელიც გენდერულ კვოტირებას, უფასო და ფასიანი სარეკლამო დროის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და აგიტაციის საკითხების კონტროლს ითვალისწინებს.

  • მსოფლიო “უარესის” მოლოდინში – ჯანმო ჩინეთში საგამოძიებო ჯგუფს გზავნის

    მას შემდეგ, რაც კოვიდ19-ის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში პირველი შეტყობინება დაფიქსირდა, 6 თვე გავიდა. დღეს ორგანიზაციაში ზუსტად იციან რა ვირუსთან აქვთ საქმე და რა შედეგების გამოიწვია ახალმა კორონავირუსმა. 6 თვის წინ მათ ამ ვირუსის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ გააჩნდათ.

    მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პანდემიის პირობებში თვეებია ცხოვრობს და ზოგიერთმა ქვეყანამ შეზღუდვების შემსუბუქება უკვე დაიწყო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ჯერ “უარესი წინ არის.”

    განცხადება ამის შესახებ ჟენევაში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გააკეთა და აღნიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს სოციალური დისტანცირებით ცხოვრება და სპეციალისტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ წინ პანდემიის მეორე ტალღაა, რომელიც გაცილებით მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება იყოს, ვიდრე პირველი ტალღა.

    ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 10 მილიონს უკვე გაააჭარბა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა ნახევარ მილიონზე მეტია.

    მომდევნო კვირიდან ჩინეთში ჩასვლას და მუშაობის დაწყებას გეგმავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლები, რომლებიც გამოძიებას ჩაატარებენ იმის შესახებ, თუ სად დაფიქსირდა ვირუსის გავრცელება პირველად და როგორ მოხდა პანდემიის დაწყება.

    სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ პირველწყარო, რათა მათი მუშაობა გამარტივდეს. “ჩვენ უკეთ შევძლებთ ვებრძოლოთ ვირუსს თუ გვეცოდინება უფრო მეტი დეტალი, მათ შორის, მთავარია გავარკვიოთ როგორ და სად დაიწყო ის,” – ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

    მსოფლიომ ამ დროისთვის იცის მხოლოდ ის, რომ ვირუსი ჩინეთში, ვუჰანის პროვინციაში გაჩნდა პირველად და იქიდან გავრცელდა. თუმცა კონკრეტუად სად მოხდა ეს და როგორ, არავინ იცის.

    საუბარია ორ ძირითად წყაროზე – ერთი ლაბორატორია არი, რომელიც ამავე პროვინციაში მდებარეობს და მეორე ე.წ. სველი ბაზარი, სადაც სხვადასხვა ველური ცხოველის ხორცით ვაჭრობენ.

    იმის დადასუტრებით თქმა, თუ სად და რომელი ცხოველისა და ადამიანის კონტაქტის შემდეგ გადახტა ვირუსი ადამიანზე, ამ ეტაპზე უცნობია.

    ჩინეთთან რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირველი ჯგუფი იქნება, რომელიც დამოუკიდებელ გამოძიებას ჩაატარებს ჩინეთის ტერიტორიაზე.

    6 თვის თავზე კი კოვიდ19-ის შტამით ცნობილმა ახალმა კორონავირუსმა მუტაცია დაიწყო. ამის შესახებ გავლენიანი მედიასაშუალებები და მეცნიერები უკვე საუბრობენ. გაძლიერებულ ვირუსთან საბრძოლველად ჯერ არ არსებობს არც კონკრეტული წამალი და ვაქცინა.

    ამასთან ბრიტანული “ბი-ბი-სი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩინეთში ახალი ღორის გრიპი დააფიქსირეს – შტამით G4 EA H1N1. გამოცემა სპეციალისტებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ვირუსს აქვს პოტენციალი იმის, რომ ახალი პანდემია გამოიწვიოს.

    როგორც “ბიბისის” მიერ გავრცელბულ ინფორმაციაშია საუბარი ვირუსი მარტივად გადადის ცხოველიდან ადამიანზე და მისი შემადგენლობის გათვალისწინებით, მარტივად შეიძლება ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს. თუმცა გამოცემა ამბობს, რომ ამ დროისთვის ვითარება საგანგაშო არ არის.

    წყარო: ამერიკის ხმა