Category: ახალი ამბები

  • პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

    პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

    „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით მიიღეს.  კანონპროექტს მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა.

    პირველი მოსმენის შემდეგ პროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა. მათ შრის, დაკონკრეტდა, რომ საარჩევნო უბნიდან 25-მეტრის რადიუსში ამომრჩეველთან მიახლოება და მისი შეფერხება დასჯადი ქმედება არ იქნება მედიისა და ეგზიტპოლების ჩამტარებელი ორგანიზაციებისთვის.

    „ასევე, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით გიგა ბუკიას ინიციტივა იყო, რომ არადისკრიმინაციული მიდგომა განხორციელებულიყო როგორც კვალიფიციურ, ასევე, არაკვალიფიციურ სუბიექტებზე და ამასთან დაკავშირებითაც გვექნება დაზუსტება. რედაქციას წარმოგიდგენთ უშუალოდ მესამე მოსმენის დროს,“- განაცხადა კობახიძემ.

    ასევე აღსანიშნავია, რომ კოდექსში აღარ იქნება ასახული ნორმა, რომლის თანხმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ენიჭება ფართო დისკრეციული უფლებამოსილება მედიის ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის კუთხით. შესაბამისად, პროექტში აღარც სანქციაა გათვალისწინებული.

    შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 29 ივნისს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. საპარალმენტო არჩევნები 120/30 პროპორციით ჩატარდება – 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესის, 1%-იანი ბარიერით აირჩევს, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

  • ივანიშვილი რუსული სკოლის ოლიგარქი და პუტინის მოკავშირეა – კონგრესმენი მალინი

    ივანიშვილი რუსული სკოლის ოლიგარქი და პუტინის მოკავშირეა – კონგრესმენი მალინი

    აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარკუეინ მალინმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ის საუბრობს აშშ–ს მიერ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დახარებაზე.

    “ვლადიმერ პუტინი და მისი გავლენა დემოკრატიის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მთელ მსოფლიოში. დააკვირდით საქართველოში არსებულ ვითარებას, რომ ნახოთ, ეს გავლენა მათზე, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვიან”,– წერს მალინი.

    კონგრესმენი აცხადებს, რომ საქართველოს “რუსული სკოლის ოლიგარქი”, პუტინის მოკავშირე ბიძინა ივანიშვილი მართავს, რომელმაც ფული საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთში იშოვა.

    მალინის თქმით, ივანიშვილმა ძალაუფლება 2012 წელს მოიპოვა “იმ სახელმძღვანელოს მსგავსად, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებდნენ რუსეთსა და უკრაინაში ეკონომიკური და დემოკრატიული პროგრესის შესაფერხებლად”. კონგრესმენი აღნიშნავს, რომ “მან თანამდებობა 2013 დატოვა, თუმცა გადადგომის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის დე-ფაქტო ლიდერად დარჩა, ხოლო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობას ოფიციალურად 2018 წლის მაისში დაუბრუნდა.

    კონგრესმენი წერს, რომ ივანიშვილს მხოლოდ ხელისუფლების კონტროლი არ სურს, არამედ „პუტინის მოკავშირე ენერგიულად მუშაობს იმაზეც, რომ ქვეყანაში ლეგალურად მოქმედი ამერიკული ბიზნესი საქართველოდან განდევნოს.“

    კონგრესმენი ასახლებს რამდენიმე ამერიკული კომპანიის: Frontera-ს, Iconia Capital-ის, Georgia Manganese-ის მაგალითებს და ამბობს, რომ ყველა ამ შემთხვევას აერთიანებდა “ძვირად ღირებული ამერიკული კერძო ინვესტიციების სახელმწიფოს მიერ მიტაცების მცდელობა მთავრობის რუსი, ჩინელი და ირანელი მოკავშირეების სანაცვლოდ ღია თუ შეფარული ბიზნესგარიგებებით”.

    შემდეგ მარკუეინ მალინი საუბრობს თავისივე ინიცირებულ კანონპროექტს სანქციების შესახებ და აცხადებს, რომ “თუ პრეზიდენტი დაადგენს, რომ საქართველომ ჩაიდინა ასეთი რამ, მაშინ მან საქართველოს მთავრობას უნდა დაუწესოს ფინანსური და სავაჭრო სანქციები, ისევე, როგორც სავიზო და ქონების სანქციები ამოცნობილ პიროვნებებს”.

    კონგრესმენი ყურადღებას ამახვილებს რესპუბლიკელი კონგრესმენების სამუშაო ჯგუფის 10 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშსაც, რომელშიც ივანიშვილი პუტინის მოკავშირედ არის დასახელებული. მალინის თქმით, გამოსავალზე ორიენტირებული გეგმა გულისხმობს “უმკაცრეს სანქციებს პუტინის მოკავშირეების, მათ შორის, ივანიშვილის წინააღმდეგ”.

    კონგრესმენი ეხება რვა მარტის შეთანხმებასაც და ამბობს, რომ შეთანხმება “კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგანაც კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი”.

  • რეალური შანსია რევანშის.. კვოტებით გინდათ გადალახოთ ეს პროცესი?- გოგიჩაიშვილი უმრავლესობას მიმართავს

    რეალური შანსია რევანშის.. კვოტებით გინდათ გადალახოთ ეს პროცესი?- გოგიჩაიშვილი უმრავლესობას მიმართავს

    რეალური შანსია რევანშის.. კვოტებით გინდათ გადალახოთ ეს პროცესი? – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა რიგგარეშე პლენარულ სესიაზე, სადაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.

    „მე არ ვიცი, თქვენ რისი გამკეთებლები ხართ. ვანო მერაბიშვილს ბორჯომში 130-კაციანი სუფრა არ გაუკეთებია ბოლო 10 წლის განმავლობაში, იქიდან 7 ციხეში იჯდა, მაგრამ მანამდეც ვერ ბედავდა ბორჯომში ჩასვლას. როგორ უშვებთ იმას, რომ ეს ადამიანი, ეს ნაგავი დადის, აგროვებს თავის ყოფილ ჯალათებს, ხვედელიანს, რომელიც სექსუალურ ძალადობაში იყო დამნაშავე და არ მიეცით პასუხისგებაში, კრებს ამ თავის ზონდერებს სხვადასხვა რეგიონში და ამ დროს რას აკეთებს „ქართული ოცნება“, რომ ვანო მერაბიშვილს აძლევს კარტბლანშს, ჩაატაროს არჩევნები ძალიან მაგრად? რას აკეთებთ იმისთვის, რომ ესენი ქართულ პოლიტიკაში არ იყვნენ? ხვედელიანს, რომელმაც სექსუალურად იძალადა, ხელს ადებდნენ და ეს ადამიანი ახლა ემზადება არჩევნებისთვის და ჩვენ აქ კვოტებზე ვსაუბრობთ. რეალური შანსია რევანშის და რას აკეთებთ თქვენ ამისთვის?- კვოტებით გინდათ გადალახოთ ეს პროცესი? გინდათ, რომ ვანო ჩხარტიშვილმა მოიგოს? – ვერ მოიგებს ვანო ჩხარტიშვილი არჩევნებს, არავის უყვარს ვანო ჩხარტიშვილი, 30 წელია ფულს იპარავს, ღრღნის ამ ქვეყანას ვანო ჩხარტიშვილი და ერთი მთავრობა არ გამოდგა ბორკილები დაადოს და გააგზავნოს იქ, სადაც საჭიროა, იმიტომ, რომ კორუფცია ყვავის საქართველოში, ყველა მერი კორუმპირებულია, ტენდერებზე მიდის ფულის შოვნა,“ – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

  • პატიმრის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ციხის ყოფილ დირექტორს ბრალი წაუყენეს

    პატიმრის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ციხის ყოფილ დირექტორს ბრალი წაუყენეს

    საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, 2012 წლამდე პერიოდში პატიმრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი ა.მ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

    უწყების ცნობით, 2019 წლის 31 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე – „ალექსანდრე მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს წამების აკრძალვას. საქმე შეეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

    „შედეგად სახელმწიფომ აიღო ვალდებულება საქმეზე ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე და შესაბამისად გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ახორციელებდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი.

    ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 18 იანვარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, სამედიცინო მომსახურების მიზნით მყოფ მსჯავრდებულს, ალექსანდრე მანუკიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა დაწესებულების ექიმთან, რომელმაც მისი აზრით არასათანადო მკურნალობა გაუწია. მსჯავრდებულის მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების გამო, ამავე დაწესებულების თანამშრომლებმა ალექსანდრე მანუკიანი იძულებით შეიყვანეს რენტგენის გადასაღებ ოთახში, სადაც ამ უკანასკნელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ კვლავ დააბრუნეს სამკურნალო დაწესებულების მისაღებში.

    მომხდარი ინციდენტის თაობაზე, ცნობილი გახდა დაწესებულების დირექტორისთვის, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ მიეღო კანონით გათვალისწინებული ზომები, ალექსანდრე მანუკიანის დასჯის და დაშინების, მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებს უბრძანა, მისთვის დაედოთ ხელბორკილი და იზოლირებულად მოეთავსებინათ ოთახში, სადაც დირექტორის უშუალო მონაწილეობით, დაწესებულების თანამშრომლები ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მეთოდებით, უმწეო მდგომარეობაში მყოფ პატიმარს ჯგუფურად გაუსწორდნენ ფიზიკურად, მათ შორის სხვადასხვა საგნების გამოყენებით, შედეგად ალექსანდრე მანუკიანს მიადგა ძლიერი ფიზიკური და მორალური ტანჯვა.

    მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „ბ“ „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის დამცირებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებს.

    აღსანიშნავია, რომ ბრალდებული ა.მ. საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, გარდა ამისა იგი ბრალდებულია არაერთ მძიმე დანაშაულებრივ ეპიზოდში და მოცემული ეტაპისთვის მის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.

    ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას და იმყოფება ძებნაში, ბრალდების შესახებ დადგენილება გაეცნო მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს.

    დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა მხილების მიზნით, მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, გრძელდება გამოძიება.

    მოცემული ეტაპისთვის საქართველოს პროკურატურაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე გამოძიება მიმდინარეობს 29 სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებაზე და შესაბამისად გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი. საგამოძიებო უწყების მხრიდან დამატებით მიღწეული შედეგების შესახებ, საზოგადოებას მიეწოდება ამომწურავი ინფორმაცია“, – აღნიშნავენ საგამოძიებო უწყებაში.

  • როგორ და რა წესებით ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

    როგორ და რა წესებით ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

    ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საგნის გამოცდის ჩატარების წესები დაზუსტდა.

    ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოში შემავალი სამინისტროების კოორდინირებული მუშაობით, დაზუსტდა ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის უსაფრთხოდ ჩატარების წესები.

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი.

    ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე გამოცდის ჩატარების წესებში ახალი დაზუსტება შევიდა: მაგიდებზე არსებული დამცავი ფარების, თერმოსკრინინგის, შესაბამისი დისტანციის დაცვისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება იძლევა საშუალებას, გამოსაცდელებს საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ, პირბადის გარეშე მიეცეთ გამოცდის დაწერის შესაძლებლობა.

    ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) რეკომენდაციებით დაზუსტდა, რომ ბუნებრივი განიავების (ღია ფანჯარა) დროს ნებადართულია კონდიციონერების ჩართვა.

    ჩართული კონდიციონერის პირობებში სავალდებულოა პირბადის გაკეთება. კონდიციონერების ჩართვა ნებადართულია ქვემოთ ჩამოთვლილი წესების დაცვით.

    კონდიციონერის მოხმარებისას აუცილებელია, რომ შენარჩუნებული იყოს:

    • ფიზიკური დისტანცია;
    • დაცული უნდა იყოს ხელების ჰიგიენა;
    • რესპირატორული ეტიკეტი;
    • ნიღბების სავალდებულოდ ტარების წესი;
    • კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ადამიანებზე
    • აუცილებელია მუდმივად ღია ფანჯარა, რაც კონდიციონერის გარეშეც სავალდებულოა, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ინფექციის გადაცემის რისკი მაღალია;
    • დაუშვებელია ერთი და იგივე ჰაერის რე-ცირკულაცია;

    აქვე აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ის წესი, რომელიც აპლიკანტებმა უნდა დაიცვან საგამოცდო სივრცეებში.

    შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით:

    საგამოცდო ცენტრში უნდა ეკეთოთ (გარდა 37.0 C- ზე მეტი ტემპერატურისა და რესპირატორული რომელიმე სხვა სიმპტომის მქონე გამოსაცდელისა) ნიღაბი :

    • სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე;
    • საგამოცდო სექტორის დატოვების დროს;
    • სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს;
    • კონდიციონერის მუშაობისას.

    იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელს აღენიშნება ტემპერატურა 37.0 С – ზე მეტი ან რესპირატორული სხვა რომელიმე სიმპტომი, იგი ვალდებულია საგამოცდო ცენტრში მუდმივად ატაროს ნიღაბი.

    2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ელი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

  • არ გამოვა ჩვენი შეშინება, არც შაქარაშვილის საქმის გადაფარვა, გმადლობთ, ნა*უი – გვარამია სუს-ს

    მთავარი არხის გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ მათ აზერბაიჯანელი თანამოქალაქეები “აკაჩავეს” და ის ათქმევინეს, რაც თავად უნდოდათ.

    გვარამიას თქმით, სუს–ი ამ საქმით გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ვერ გადაფარავს და ვერც მთავარ არხს შეაშინებს.

    “უსასრულოდ შეიშალენ.

    ჩვენი პასუხი: თარგმანი სწორია. ის, რომ აზერბაიჯანელი ჩვენი თანამოქალაქეები “აკაჩავეთ” და რაც გინდოდათ, ის ათქმევინეთ, თქვენს დანაშულზე და ამ საქმის, ერთის მხრივ, ჩაფარცხვის და, მეორეს მხრივ, მთავარი არხის დისკრედიტაციის მიმართულებით მოქმედებაზე მეტყველებს მხოლოდ;

    გაუგებარია, მოსახლეობაში პანიკას რითი ვთესავდით, რომ დაბალია სინამდვილეში სტატისტიკა და ხელისუფლებას, პირიქით, ხელოვნურად აწევა უნდათ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის? ეს პანიკის საფუძველია თუ პირიქით?

    გასაგებია რაც გეწვით, მაგრამ არ გამოვა არც ჩვენი შეშინება, არც ამ თემით შაქარაშვილის საქმის გადაფარვა. დაივიწყეთ, რიგითი სიუჟეტი იქნება, როგორი ავადმყოფი დებილები ხართ და რა მეთოდებით ებრძვით მედიას.

    გმადლობთ. ნა*უი.”,– წერს გვარამია სუს–ის საპასუხოდ.

    რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარი არხისგან კორონავირუსის გაყალბებული დიაგნოზებს შესახებ სიუჟეტების დაუმონტაჟებელ მასალას ითხოვს. უწყების მტკიცებით, მთავარი არხზე გამოგონილი და დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი გავიდა.

  • სუს–ი საბოტაჟის საქმეზე მთავარი არხისგან სიუჟეტების დაუმონტაჟებელ მასალას ითხოვს

    სუს–ი საბოტაჟის საქმეზე მთავარი არხისგან სიუჟეტების დაუმონტაჟებელ მასალას ითხოვს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავარი არხისგან კორონავირუსის გაყალბებული დიაგნოზებს შესახებ სიუჟეტების დაუმონტაჟებელ მასალას ითხოვს. უწყების მტკიცებით, მთავარი არხზე გამოგონილი და დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი გავიდა.

    ამის შესახებ სუს–ი ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

    “ამ საქმეზე გამოძიება 2020 წლის 16 მარტს დაიწყო, უწყებაში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, ცალკეული პირები და პირთა ჯგუფები, მასობრივი კომუნიკაციის სხვადასხვა (მათ შორის, ელექტრონული) საშუალების გამოყენებით, აქტიურად ცდილობდნენ ყალბი ამბების გავრცელების გზით მოსახლეობის დეზინფორმირებას ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების და მასთან ბრძოლის ეფექტურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რათა უარყოფითი ზემოქმედება მოეხდინათ მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, გამოეწვიათ მათში უნდობლობა, პანიკა და ქაოსი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებების და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას და პანდემიასთან ეფექტურ ბრძოლას.

    განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, ევროკავშირის მიერ შექმნილი სპეციალური სამსახურის, East StratCom Task Force-ის მიერ, პანდემიასთან დაკავშირებული ყალბი ამბების გავრცელება იდენტიფიცირებულ იქნა როგორც ანტიდასავლური, რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი იარაღი, რომლის მიზანი, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებებისა და სახელმწიფოების მიმართ მოსახლეობის უნდობლობის გამოწვევა და მათში დაუცველობის განცდის დათესვა წარმოადგენდა.

    საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი:

    2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია მთავარი არხის გადაცემა შაბათის მთავარში გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, რომელიც მასობრივ მაყურებელს აუწყებდა წინასწარ შეცნობით ყალბ ამბავს, რომ თითქოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის პერიოდში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონა ვირუსის დასახელების სანაცვლოდ სთავაზობდნენ გარკვეულ ფულად თანხებს, 3000-დან 10000 ლარამდე ოდენობით.

    აღნიშნულ სიუჟეტში გადმოცემული ყალბი ამბების ფართოდ გავრცელების მიზნით, სიუჟეტს, სოციალური ქსელების და სატელევიზიო კომენტარების საშუალებით, ორგანიზებულად გამოეხმაურნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები და შეეცადნენ, ცრუ ინფორმაციისთვის დამაჯერებლობის მიცემას.

    გამოძიების მიმდინარეობის დროს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით და კვალიფიციური თარჯიმნების მონაწილეობით, გამოკითხული იქნა 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია მთავარი არხის შაბათის მთავარში გასული რეპორტაჟის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი. გამოსაკითხ პირთა ის ნაწილი, ვინც გამოთქვა სურვილი, ჩვენება მაგისტრი მოსამართლის წინაშე მიეცა, დაიკითხა სასამართლოში.

    დაკითხვების შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ რესპოდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ იყო დამახინჯებული სიუჟეტის ავტორთა მიერ უსწორო თარგმანის მეშვეობით და დადგინდა, რომ ამ პირებისთვის არათუ თანხა არ შეუთავაზებია არავის მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების არარეალური მიზეზის დასახელების სანაცვლოდ, არამედ მათ, აღნიშნული ფაქტის შესახებ ზოგადი ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ.

    ამ გარემოებას დამატებით ადასტურებს, 2020 წლის 26 ივნისს, ტელეკომპანია მთავარი არხის 9-საათიანი საინფორმაციო გამოშვების დროს, მოქალაქე ა.გ.-ს (არკინაზ გულიევა) ტიტრებით გასული დაუმონტაჟებელი ინტერვიუ, რომლის შინაარსი დიამეტრალურად განსხვავდება 2020 წლის 21 ივნისს შაბათის მთავარში გასული თარგმანისგან.

    გარდა ამისა, გამოძიებამ გამოკითხა ის პირებიც, ვინც სოციალურ ქსელებში აქტიურობდნენ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და უაპელაციოდ ამტკიცებდნენ, რომ ფლობდნენ ინფორმაციას, კონკრეტული ოჯახების შესახებ, ვისაც ფული შესთავაზეს მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონა ვირუსის დასახელების სანაცვლოდ. ნიშანდობლივია, რომ გამოკითხულ პირთაგან ვერცერთმა ვერ დაასახელა ვერც აღნიშნულის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი და ვერც წყარო, თუ საიდან ფლობდნენ არასწორ ინფორმაციას.

    როგორც საყოველთაოდ ცნობილია, საქართველო ეფექტურად უმკლავდება პანდემიას, როგორც მისი გავრცელების პრევენციის, აგრეთვე ინფიცირებულთა მიმართ ქმედითი სამედიცინო დამხარების აღმოჩენის კუთხით, რასაც ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ევროკავშირმა, საქართველო, სხვა 14 ევროპულ ქვეყანასთან ერთად, დაასახელა კორონა ვირუსთან მებრძოლ წარმატებულ და უსაფრთხო ქვეყნად და წევრ ქვეყნებს ჩვენი მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნის რეკომენდაცია მისცა.

    იმავდროულად, გამოძიებით აშკარად იკვეთება, რომ ქვეყანაში მოქმედი გარკვეული ძალები და პირთა ჯგუფები, მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებში ცრუ ინფორმაციის კამპანიურად გავრცელების გზით, მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოს მოქალაქეებში დიამეტრალურად განსხვავებული განწყობების შექმნას, რაც იწვევს დასაბუთებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ ამ დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები, მოსახლეობაში დაუცველობის განცდის, სახელმწიფოსადმი უნდობლობის, პანიკისა და ქაოსის დათესვის გზით მიზნად ისახავენ სახელმწიფო დაწესებულების, ორგანიზაციების და სამსახურების ნორმალური სამსახურების ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას.

    საქმეზე სრული, ყოველმხრივი და ობიქტური გამოძიების შემდგომი წარმართვის მიზნით, რათა ყოველ კონკრეტულ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირების საკითხი გადაწყდეს უტყუარი და უერთიერთშეჯერებული მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანოს ინიციატივისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა განჩინება 2020 წლის 20 ივნისს, გადაცემა შაბათის მთავარში გასული რეპორტაჟის – ნაყიდი COVID 19 და ასევე, 2020 წლის 25 ივნისს, 21:03 – 21:13 საათის პერიოდში გასული სიუჟეტის, სრული და უწყვეტი, დაუმონტაჟებელი მასალის გამოთხოვის თაობაზე, რომელიც დღეს ოფიციალურად ჩაბარდება აღსასრულებლად სამაუწყებლო კომპანია მთავარი არხის“ ხელმძღვანელობას.

    გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე”.- წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

    ამ საქმეზე მთავარი არხის რესპიდენტებთან ერთად, გამოკითხეს რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხათუნა სამნიძე და ჟურნალისტი ნინო ჭელიძე.

    ნიკა გვარამიას თქმით, სუს-ის დაწყებული გამოძიება მოსახლეობის დაშინებასა და მთავარი არხის დისკრედიტაციას ემსახურება.

  • ველოდები 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებას – ჯიმ რიში

    ველოდები 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებას – ჯიმ რიში

    ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს “ტვიტერზე” ეხმაურება. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები ხელისუფლების მიმართ ნდობას გაზრდის და დემოკრატიულ პროცესებს გააღრმავებს.

    მიხარია, რომ საქართველოს პარლამენტმა 8 მარტის შეთანხმებით დაკისრებული საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. ეს გაზრდის საქართველოს მოქალაქეების მთავრობისადმი ნდობას და წაახალისებს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობას. ველოდები შეთანხმების ბოლომდე შესრულებას და საქართველოში დემოკრატიის გაღრმავებას, – წერს რიში.

  • გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება – ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

    გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება – ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

    ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით 19 ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

    “პოლიტიკური პარტიების, საქართველოს მოქალაქეების, აქტივისტებისა ძალისხმევით და საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა თავად მიეღო იმგვარი ცვლილებები, რაც არსებითად პროპორციული არჩევნების ჩატარებას შესაძლებელს ხდის. მადლობა ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს, აქტივისტთა ჯგუფს, სამოქალაქო მოძრაობებსა და მოლაპარაკებათა ფასილიტატორებს, საქართველოს ყველა მეგობარს რომლებიც მხარს უჭერენ ამ ცვლილებებს.

    მიუხედავად იმისა რომ ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა მისთვის ხელის შესაშლელად, გავრილოვის ღამის შემდეგ დაწყებული დემოკრატიზაციის პროცესმ შედეგი გამოიღო. ეს შედეგი გარანტიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ მოსული ხელისუფლება უკონტროლოდ არ დარჩეს. ბიძინა ივანიშვილმა კომიკურ მდგომარეობაში კიდევ ერთხელ ჩაიგდო თავი როცა არსებითად პროპორციულ საარჩევნო მოდელზე გადასვლას, ოპოზიციაზე გამარჯვებად აცხადებს, საერთაშორისო მეგობრების დახმარებითა და ქართველი ხალხის მტკიცე ნებით მიღწეულ შედეგს კი თავის სურვილს არქმევს.

    8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება, უნდა შეწყდეს.

    გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა, მნიშვნელოვანი საკითხია.

    აქტიურ სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად, არსებითად პროპორციული არჩევნების მიღწევაში, დიდი როლი ითამაშა დემოკრატიული ოპოზიციის ერთიანობამ და მტკიცე პოზიციებმა. ის თუ როგორ მივაღწიეთ არსებითად პროპორციულ არჩევნებს, მაგალითია მომავალი თანამშრომლობისა და კონსოლიდაციისთვის, რაც აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსაყვანად. მიუხედავად ჩვენს შორის არსებული არსებითი განსხვავევებისა, სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვაპირებთ მივუდგეთ მომავალ პოლიტიკურ პროცესს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

    განცხადებას ხელს აწერენ:

    ევროპული საქართველო

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

    რესპუბლიკური პარტია

    ახალი საქართველო

    ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი

    ევროპული დემოკრატები

    ქრისტიან კონსერვატიული პარტია

    ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა

    მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის

    ემსახურე საქართველოს

    ლეიბორისტული პარტია

    გამარჯვებული საქართველო

    მოძრაობა ლელო საქართველოსთვის

    თავისუფალი დემოკრატები

    საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება

    სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის

    სამართლიანობისთვის

    კანონი და სამართალი

    ეროვნულ დემოკრატიული პარტია

  • ფინანსთა მინისტრი ვერ პასუხობს კითხვას, გაიხსნება თუ არა საჰაერო მიმოსვლა აგვისტოში

    ფინანსთა მინისტრი ვერ პასუხობს კითხვას, გაიხსნება თუ არა საჰაერო მიმოსვლა აგვისტოში

    ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ჟურნალისტების კითხვაზე, გაიხსნება თუ არა აგვისტოდან საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამის თქმა რთულია.

    შესაბამისად, ქვეყანაში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღი მთავრობას ჯერ არ გადაუწყვეტია.

    “დღეს ვერც ამაზე [აგვისტოში ფრენების დაწყებაზე] ვერ გეტყვით, დღეს ზუსტად საბოლოოდ ვერ გეტყვით. მე გეუბნებით იმას, თუ აქამდე რატომ არ გაიხსნა ფრენები და ამის უკან რა ანალიზი დგას. საბოლოო ჯამში სელექტიურად შეიძლება გაიხსნას ისევ, ან/და კონტროლის სხვადასხვა პირობებით,”- განაცხადა მაჭავარიანმა.

    მისივე თქმით, წლის ბოლომდე 50 ათასი ტურისტიც რომ შემოვიდეს, ეს ეკონომიკისთვის ზღვაში წვეთია, თუმცა შეიძლება კორონავირუსის გავრცელება გამოიწვიოს.

    “მაგალითად, ჩვენ სავარაუდოდ 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით, წლის ბოლომდე, რომ 50 ათასი ტურისტი შემოვიდეს ეს არის წვეთი ზღვაში ეკონომიკისთვის. ტურისტების 1%-იც, რომ იყოს დაინფიცირებული ამან შესაძლოა საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს. რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგეჩვენოთ ამ შემთხვევაში სიკეთე და რისკი ვერ ბალანსდება”,– ამბობს ფინანსთა მინისტრი.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს საზღვრები საერთაშორისო მიმოსვლისთვის 1 ივლისს უნდა გაეხსნა, თუმცა, თარიღმა გადაიწია. საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა ევროკავშირმა, საპასუხოდ გახსნის თუ არა საზღვრებს მთავრობა, ჯერჯერობით უცნობია.