Category: ახალი ამბები

  • ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს

    ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს.

    უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაუკავშირდა თბილისში განთავსებული ერთ-ერთი კაფე-ბარის მფლობელს, რომელსაც დაპირდა სამსახურებრივ მფარველობას, რაც გულისხმობდა იმას, რომ სააგენტო არ განახორციელებდა ობიექტის შემოწმებას, ხოლო, შემოწმების დაგეგმვის შემთხვევაში იგი წინასწარ მოახდენდა მეწარმის ინფორმირებას.

    “აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა, კაფე-ბარის მფლობელს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს ხსნის

    საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს ხსნის

    საფრანგეთი ევროკავშირის  მიერ რეკომენდებული მესამე ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის  საზღვრებს ხსნის. ამის შესახებ საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა, ჟან-ბაპტისტ ლემოიენმა განაცხადა.  გადაწყვეტილება საფრანგეთმა პირველ ივლისს მიიღო, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭომ მესამე ქვეყნების სია გამოაქვეყნა,  რომლებთანაც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა პირველი ივლისიდან სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნა დაიწყეს.

    ქვეყნებს შორის მოხვდნენ : საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (თუ ის ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს).

    სია ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე ყოველ ორ კვირაში განახლდება.

    საბჭოს განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის თვალსაზრისით, მესამე ქვეყნები შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:

    • კორონავირუსის ახალი შემთხვევები 14 დღის განმავლობაში 100 000 ადამიანზე ევროპის საშუალო მონაცემებთან ახლოს ან ქვემოთ (2020 წლის 15 ივნისის მდგომარეობით);
    • ახალი შემთხვევების სტაბილური ან კლებადი ტენდენცია აღნიშნულ პერიოდში, წინა 14 დღესთან შედარებით;
    • ზოგადი პასუხი COVID-19-თან, სადაც მხედველობაში მიიღება ტესტირება, დაკვირვება, კონტაქტების მოძიება, მკურნალობა და ინფორმაციის სანდოობა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულირების საშუალო ქულა.

    ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილების შემდეგ უშუალოდ ქვეყნებს შორის უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები მიმოსვლის აღდგენის დეტალებზე. თუმცა, როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლება მინიმუმ 1 აგვისტომდე რეგულარული ფრენების აღდგენას არ აპირებს, შესაბამისად, საქართველომ შესაძლოა არ ისარგებლოს იმ პრივილეგიით, რომელიც მას ევროკავშირმა მიანიჭა.

     

  • ფრენების შეზღუდვის გამო მძიმედ დაავადებულ ბავშვებთან ქირურგი ჩამოსვლას ვერ ახერხებს.მშობლები დახმარებას ითხოვენ

    ფრენების შეზღუდვის გამო მძიმედ დაავადებულ ბავშვებთან ქირურგი ჩამოსვლას ვერ ახერხებს.მშობლები დახმარებას ითხოვენ

    მშობლები რომელთა შვილებიც გულის მძიმე დაავადებებს ებრძვიან, იმ ერთადერთი ქირურგის ჩამოსვლას და ქვეყანაში შეფერხების გარეშე შემოსვლას ითხოვენ, რომელსაც მათი შვილებისთვის საჭირო ურთულესი ოპერაციების ჩატარება შეუძლია. შვეიცარიაში მცხოვრები ქირურგი თორნიკე სოლოღაშვილი იშვიათ ოპერაციებს აკეთებს, რომელზეც პასუხისმგებლობას კარდიოქირურგების უმეტესობა ვერ იღებს. ამიტომ პაციენტებისთვის ექიმის ქვეყანაში ჩამოსვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბავშვების მშობელთა ნაწილი კლინიკა „ღია გულთან” შეიკრიბა. ისინი შესაბამის უწყებებს თორნიკე სოლოღაშვილის ქვეყანაში შეუფერხებლად შემოსვლის უზრუნველყოფას თხოვენ.

    პატარა პაციენტების უმეტესობას მძიმე დიაგნოზი აქვს. მათთვის ყოველი წუთი და  დღე შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამიტომ ქირურგის ჩამოსვლა მისი კარანტინში მოთავსების შემთხვევაში აზრს კარგავს. ქართველი კარდიოქირურგი თორნიკე სოლოღაშვილი უკვე მრავალი წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს და პროფესიით მუშაობს. ახლა შვეიცარიაში ცხოვრობს და ჟენევის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის ბავშვთა კარდიოქირურგიულ განყოფილებას ხელმძღვანელობს. აქვე 2018 წელს მედიცინის დოქტორის ხარისხიც მიიღო.36 წლის ასაკში არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, და ასეულობით ბავშვის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი.

    როდის მოიხსნება ფრენებთან დაკავშირებული შეზღუდვები  ამას ზუსტად ვერავინ ამბობს. ვიდრე  ქირურგი ქვეყანაში ჩამოსვლას  შეძლებს, მისი პაციენტები მშობლებთან ერთად დღეებს ითვლიან და უმძიმეს დაავადებას ებრძვიან. მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილების სიცოცხლე ქირურგის საქართველოში ჩამოსვლაზეა დამოკიდებული.

  • “ვულოცავთ პარლამენტს.თუმცა კანონში ზოგიერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი ისევ რჩება“–აშშ–ს საელჩო საქართველოში საარჩევნო ცვლილებათა პაკეტის შესახებ

    “ვულოცავთ პარლამენტს.თუმცა კანონში ზოგიერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი ისევ რჩება“–აშშ–ს საელჩო საქართველოში საარჩევნო ცვლილებათა პაკეტის შესახებ

    ამერიკის საელჩო საქართველოში პარლამენტის მიერ მიღებულ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტს განცხადებით ეხმაურება. საელჩო ცვლილებებს დადებით შეფასებას აძლევს, თუმცა აცხადებს, რომ არსებობს ხარვეზები, რომლებიც ჯერ კიდევ გამოსწორებას საჭიროებს:

    “განცხადება ეუთო/ოდირის რეკომენდაციაზე დაფუძნებული საარჩევნო რეფორმების მიღების შესახებ | Statement on the Passage of OSCE/ODIHR-Based Election Reforms

    ვულოცავთ პარლამენტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას. მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და სამთავრობო უწყებები კონსტრუქციულად მუშაობდნენ კანონპროექტის შემუშავებაზე, რომელიც მიმართულია საქართველოს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე. ამერიკის საელჩომ სიამოვნებით დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ინკლუზიურ საარჩევნო რეფორმებზე მომუშავე ჯგუფის დისკუსიებს, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების კონსულტაციების დაფინანსებას, რომლებმაც ეუთო/ოდირის და სხვა დამკვირვებლების ანგარიშებში აღნიშნული ძირითადი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად პრაქტიკული რეკომენდაციები მოამზადეს.

    მიღებული კანონი შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას. მათ შორისაა, საჯარო სამართლის პირებისთვის სამუშაო საათებში საარჩევნო კამპანიის აკრძალვა, კამპანიის დაფინანსების განახლებული რეგულაციები, ზომები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად და უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის, მესამე მხარის დაფინანსების წესების განმტკიცება.

    თუმცა, კანონში ზოგიერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი ისევ რჩება. ჩვენი აზრით, დამატებითი ზომების შემოღება ამომრჩევლის შესაძლო დაშინების წინააღმდეგ, საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დავის გადაჭრის პროცესის განმტკიცება და COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ალტერნატიული კამპანიის მეთოდების შესაძლებლობის უზრუნველყოფა ხელს შეუწყობდა საზოგადოებრივი ნდობის გაზრდას საარჩევნო პროცესებისადმი ამ შემოდგომაზე.

    დღეს მიღებული კანონი უნდა განხორციელდეს ეფექტურად, რათა მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე, რაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას. როგორც ყოველთვის, ამერიკის საელჩო ყურადღებით დააკვირდება არჩევნებს და მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას.“–ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

  • მძღოლმა 110 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი უმართავი დატოვა – ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება

    მძღოლმა 110 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი უმართავი დატოვა – ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება

    მძღოლმა 110 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი უმართავი დატოვა. ამის ამსახველ ვიდეო-მასალად ფეისბუქ გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.

    ცნობისთვის, ყოველწლიურად საქართველოში 2 000 მდე ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ხოლო 15 000 – ზე მეტი კი ზიანდება.

     

  • გორში პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

    გორში პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

    შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე ჰ.დ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. საქმე ეხება გორში პოლიციელის მკვლელობის ფაქტს.

    უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 1 ივლისს, ღამის საათებში, ბრალდებულმა ჰ.დ.-მ ქ. გორში, პოლიციის თანამშრომლის დ.ს-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი მდგმურად იმყოფებოდა, სოცოცხლის მოსპობის მიზნით, დანის გამოყენებით, კისრის არეში ჭრილობა მიაყენა მძინარე დ.ს-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

    პროკურატურამ ჰ.დ-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს მკვლელობას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ. ჰ.დ.-სთვის წარდგენილი ბრალდება 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

    პროკურატურამ ბრალდებულ ჰ.დ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე გორის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

  • მედიის თავისუფლებაში უხეში ჩარევის სახიფათო პრეცედენტია –  ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

    მედიის თავისუფლებაში უხეში ჩარევის სახიფათო პრეცედენტია – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

    “მედიის თავისუფლებაში უხეში ჩარევის სახიფათო პრეცედენტია” – ასე აფასებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ე.წ. “საბოტაჟის საქმეს”.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში გასულ ერთ-ერთ სიუჟეტზე და ამავდროულად,  თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მას უფლება მიეცა, რომ “მთავარი არხიდან” რეპორტაჟის სრული, ვიდეომასალა ამოიღოს.

    “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის დაუშვებელია, რომ საგამოძიებო და სასამართლო ორგანოები ერეოდნენ მედიის საქმიანობაში და აფასებდნენ მომზადებული მასალის შინაარსს.

    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს, რომ ჩვენი კანონმდებლობით მედიის მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაციის შინაარსზე მსჯელობა არის თვითრეგულირების მექანიზმის პრეროგატივა და დაუშვებელია, რომ ეს ფუნქცია შეასრულოს ხელისუფლების რომელიმე შტომ.

    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება  ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში გასულ ერთ-ერთ სიუჟეტზე, რომელსაც სუს-ი საკუთარ განცხადებაში დეზინფორმაციულს უწოდებს. გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის ფაქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი თავისი განჩინებით ტელეკომპანიისგან გამოითხოვა როგორც ეთერში გასული სიუჟეტები, ასევე სრული და დაუმონტაჟებელი მასალა. ყველა ეს ქმედება არის მედიის თავისუფლებაში უხეში ჩარევის სახიფათო პრეცედენტი.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიება და საქალაქო სასამართლოს განჩინება წარმოადგენს როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი კონკრეტული მედიასაშუალების, ასევე მთლიანად მედიაგარემოს გაკონტროლების მცდელობას, რაც სახიფათო და დამაზიანებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.  “- ნათქვამია განცხადებაში.

  • “ქართულმა მარშმა” პოლიტიკური პარტია დააარსა

    “ქართულმა მარშმა” პოლიტიკური პარტია დააარსა

    ულტრარადიკალური დაჯგუფება “ქართული მარში” პარტიის დამფუძნებელი ყრილობას ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში ამ წუთებში მართავს. მუზეუმის დირექტორი მთავარ არხთან საუბრისას ამბობს, რომ ეზოს 2 საათით დაქირავება მარშს 3 000 ლარი დაუჯდა.

    მუზეუმის დირექტორი აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რა პოლიტიკური იდეოლოგიის მიმდევრები შეიკრიბებიან ილიას სახლ-მუზეუმის ეზოში და მზად არის, ეს ადგილი რუსული ფულით დაფინანსებულ ნეო ფაშიტურ მოძრაობას დაუთმოს.

    “იცით მე არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში რა იდეოლოგიას ემსახურება და არც ვიცი. არ გამიგია როგორი, რა გამოხატეს მათ ილია ჭავჭავაძის იდეების წინააღმდეგ და როგორ უყურებდნენ ილიას. ახლა ესენი იხდიან საათში 1500 ლარს, ორი საათი აქვთ ნაქირავები,” – ამბობს მუზეუმის დირექტორი ანდრო ბედუკაძე.

    “ქართული მარშის”  ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, მისთვის სიმბოლურია, რომ პარტიას ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში აფუძნებს, რადგან როგორც თავად ამბობს ჭავჭავაძის იდეებთან სრულ თანხვედრაშია.

    რაც შეეხება ორგანიზაციის დაფინანსებას, ბრეგაძის თქმით, ისინი მხოლოდ შიდა რესურსით სულდგმულობენ და ღონისძიების ჩატარებისთვის საჭირო თანხაც თვითონ შეაგროვეს. სანდრო ბრეგაძე ასევე ამბობს, რომ ის აუცილებლად იქნება წარმოდგენილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში და არ გამორიცხავს, რომ თემატურად, მათ შორის “ქართულ ოქნებასთან” ითანამშრომლოს.

    ჩვენ, ფუძემდებლურად ვართ ილია ჭავჭავაძის პრინციპების გამგრძელებლები, თორემ “ნაციონალური მოძრაობა”, ბოკერიას პარტია, ეს ურჯულოების კლასტერია ნამდვილად. მე საერთოდ ასეთ წესსაც დავაწესებდი, რომ ავუკრძალავდი მათ, არამარტო ილია ჭავჭავაზის სახლ-მუზეუმში შემოსვლას, არამედ ყველა ისეთ ძირითად, ჩვენს ფუძემდებლურ, სახემწიფოებრივ ადგილას ყოფნას, რომელსაც ისინი წაბილწავენ. რაც შეეხება თემატურ თანამშრმლობას, თუკი არჩევნები წარიმართა ისეთ რეჟიმში, რომელიც იქნება მიუღებელი ქართული საზოგადოებისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ამ შემთხვევაში თემატურ თანამშრომლობას ჩვენ აბსოლუტურად, არავისთან არ გამოვრიცხავთ”, – ამბობს სანდრო ბრეგაძე.

    პარტიის დაფუძნების ღონისძებას “ქართული ოცნების” საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილიც ესწება. რომელიც “ქართული მარშის” იდეოლოგიას სრულად იზიარებს და სავარაუდოდ ისინი ერთ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებიან.

     

  • თუ ბოკერია ვაკეში იყრის კენჭს, იქ დავაყენებ ჩემს კანდიდატურას და დავანახებ, რომ შანსი არ აქვს – ყაველაშვილი

    თუ ბოკერია ვაკეში იყრის კენჭს, იქ დავაყენებ ჩემს კანდიდატურას და დავანახებ, რომ შანსი არ აქვს – ყაველაშვილი

    “თუ ბოკერია ვაკეში იყრის კენჭს, იქ დავაყენებ ჩემს კანდიდატურას და დავანახებ, რომ შანსი არ აქვს “- ეს განცხადება  პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილიმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით გიგა ბოკერიას მასთან უპირატესობა არ აქვს.

     

    “თუ უპირატესობაზეა, ელენე ხოშტარიას მეტი უპირატესობა აქვს, ბოკერია – არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოგვევლინა ოპოზიციის გამაერთიანებლად, ჩემთვის წარმოუდგენელია ბოკერიას კანდიდატად დაყენება. ყოფილი სპორტსმენი ვარ და პირდაპირ ვიტყვი, დიდ ფორას მივცემდი ბოკერიას, რომ კანდიდატად სადაც დადგება 20%-ზე მეტს ვერ აიღებს. პირდაპირ ვამბობ, თუ ბოკერია ვაკეში დააყენებს კანდიდატურას, აუცილებლად მექნება კონსულტაცია გუნდთან, რომ მეც დავდგე ვაკეში და იქ დავანახებ, რომ შანსი არ აქვს. ხოშტარიას შეიძლება უპირატესობა ჰქონდეს ბოკერიასთან, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში – არ აქვს”, — განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა

  • მეორე ტალღაზე საუბარი ჯერ ადრეა – პაატა იმნაძე

    მეორე ტალღაზე საუბარი ჯერ ადრეა – პაატა იმნაძე

    მეორე ტალღაზე საუბარი ჯერ ადრეა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

    „მეორე ტალღაზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან პრაქტიკულად, სიტუაცია, რაც არის გვიჩვენებს, რომ შემთხვევები არ არის საგანგაშო. თუმცა, ვირუსი ცირკულირებს, აქედან გამომდინარე, სიფრთხილე გვმართებს. შესაბამისად, თუ ჩვენ კორონავირუსთან ვისწავლით თანაცხოვრებას, დავიცავთ ელემენტარულ წესებს-ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა, ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება, კორონავირუსი იქნება, მაგრამ ძალიან არ შეგვაწუხებს. თუ არ დავიცავთ, მოგვივა ის, რაც მოუვიდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებს“, – განახადა იმნაძემ.