Category: ახალი ამბები

  • შაქარაშვილის საქმეში მოწმე “ფოტოგრაფი” ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნის ოჯახის წევრია – კუპრავა

    შაქარაშვილის საქმეში მოწმე “ფოტოგრაფი” ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნის ოჯახის წევრია – კუპრავა

    რეფორმატორთა ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმე ე.წ. ფოტოგრაფი ერთ–ერთი ძალოვანი უწყების მოქმედი და ცნობილი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრია.

    კუპრავა წერს, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს ფოტოგრაფს სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა ამ მაღალჩინოსანთან.

    “მეგობრებო, ჩემი ინფორმაციით შაქარაშვილის საქმეში, მთავარი მოწმე ე.წ. ,,ფოტოგრაფი” არის ერთ-ერთი ძალოვანი უწყების მოქმედი და ცნობილი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი. მომხდარიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ,,ფოტოგრაფი” პირადად იყო ამ მაღალჩინოსანთან სატელეფონო კავშირზე და ახლა უკვე გასაგებია თუ რატომ იქნა მისი ფოტო აპარატიდან “წაშლილი” იმ დღის მასალა და ასევე რატომ არის მისი ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი.

    აქვე ვიტყვი, რომ სანამ მე გავასაჯაროვებ ამ მაღალჩინოსნის სახელს და გვარს, მოკლე დროის განმავლობაში დაველოდები, ეყოფათ თუ არა გამბედაობა ილაპარაკონ სიმართლე.

    პ.ს. ასევე, გამოძიების მიერ, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ამოღებული და გასაჯაროებული იმ საბედისწერო ღამეს ფოტოგრაფის და მასთან კონტაქტზე მყოფი პირების სატელეფინო დეტალური ამონაწერი.. თუ ვისთან იყო ფოტოგრაფი სატელეფონო კავშირზე მთელი ღამისა და დღეების განმავლობაში”,– წერს ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, საქმის მთავარმა მოწმე “ფოტოგრაფმა” ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. გამომძიებელი  ფოტოგრაფის შესახებ პატაკში წერს, რომ ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მოვლენათა ნაწილის შესახებ, რომელთა უშუალო შემსწრეც გახდა, ინფორმაციას არ აწვდის გამოძიებას.

    “აქედან გამომდინარე, არსებობს იმის ვარაუდი, რომ მან მომხდარი ფაქტების ამსახველი ფოტოებიც გადაიღო, რომელიც შესაძლებელია გაანადგურა, წაშალა, რისი აღდგენაც შესაძლებელია მხოლოდ ექსპერტიზის ჩატარების გზით. არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ შესაძლებელია, აღნიშნული კამერით დაფიქსირებულიყო საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ შორის, მომხდარი კონფლიქტი, კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები, კონფლიქტში მონაწილე პირთა გადაადგილება და ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია საქმის სწორი წარმართვისთვის”,– წერია შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ მცხეთის რაიონული სამმართველოსთვის გაგზავნილ განცხადებაში.

  • ამერიკამ პირველ რიგში თვალი ღმერთს მიაპყრო – პატრიარქის წერილი რობერტ რედფილდს

    ამერიკამ პირველ რიგში თვალი ღმერთს მიაპყრო – პატრიარქის წერილი რობერტ რედფილდს

    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ მეორემ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორს, რობერტ რედფილდსა და აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს წერილები მისწერა.

    წერილებში, რომელსაც საპატრიარქო აქვეყნებს, პატრიარქი მადლიერებას გამოხატავს, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ინიციატივით, საქართველოში გაიხსნება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეგიონალური ოფისი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში 10 ქვეყანას მოემსახურება.

    პატრიარქი რედფილდს წერს, რომ რომ აშშ-მა პანდემიისას “თვალი ღმერთს მიაპყრო” და მსოფლიოს მაგალითი უჩვენა.

    „ბატონო რედფილდ, გულითადად მოგესალმებით და მოგმართავთ ქრისტესმიერი სიყვარულით. მე კარგად მახსოვს თქვენთან შეხვედრა და არც არასდროს დამავიწყდება ის განწყობა, რაც თქვენ დაგვიტოვეთ. სიმართლე გითხრათ, არც მეგონა, რომ მსოფლიო მასშტაბის არსებული რთულის ვითარების პირობებში წლის ბოლოსთვის შესაძლებელი გახდებოდა საქართველოში გახსნილიყო დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეგიონალური ოფისი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში 10 ქვეყანას მოემსახურება.

    მიიღეთ ჩვენი მადლიერება თქვენდამი და თქვენი ქვეყნისადმი.

    მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ამერიკამ, რომელსაც უძლიერესი სამედიცინო სისტემა და ეკონომიკა აქვს, პანდემიის ურთულესი პერიოდი გაიარა არა მარტო ადამიანური შესაძლებლობების იმედად, არამედ, პირველ რიგში, თვალი ღმერთს მიაპყრო და ამით მაგალითი უჩვენა მსოფლიოს.

    შევთხოვ უფალს მოგმადლოთ ჯანმრთელობა, ხოლო თქვენს ქვეყანას არ მოაკლოს მშვიდობა და ღვთის მფარველობა“, – წერია პატრიარქის მიერ რობერტ რედფილდსადმი გაგზავნილ წერილში.

    პატრიარქმა სამადლობელო წერილი გაუგზავნა კელი დეგნანსაც. კელი დეგნანი საპასუხო წერილში წერს, რომ მადლობელია საპატრიარქოს მხარდაჭერით და აშშ ელის “პატრიარქთან და ქართული საზოგადოების სხვა ლიდერებთან ურთიერთობის შემდგომ შესაძლებლობებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხარდასაჭერად”.

    ამ დროისთვის ამერიკაში კორონავირუსით 2 მილიონ 837 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 131 485 ადამიანი გარდაიცვალა.

  • მკვლელობა ფოთში – მოკლულს მუხლები დაუცხრილეს

    მკვლელობა ფოთში – მოკლულს მუხლები დაუცხრილეს

    44 წლის ვაჟა ტყებუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ე.წ. კანონიერი ქურდები გაუსწორდნენ. მამაკაცს ჯერ ხელკეტებით სცემეს, შემდგ კი ესროლეს. ცეცხლნასროლ ჭრილობებს ადასტურებს კლინიკის ექიმიც. მიუხედავად იმისა, რომ ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, გამოძიებას დაკავებული ჯერ არ ჰყავს. ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.

    პირველი თავდასხმა ტყებუჩავაზე პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საღამოს 7 საათისთვის მოხდა, ამის შემდეგ კი ტყებუჩავა ხუთმა პიროვნებამ მანქანაში ჩაისვა და სხვა ადგილას წაიყვანა. ტყებუჩავას სასტიკად 5 ადამიანი გაუსწორდა. ის ხელკეტებით სცემეს და ქუჩაში დატოვეს.

    “ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თვალ-ბუდის დაზიანება, გულ-მკერდის დაზიანება, ასევე შემავალი ჭრილობა მუხლებისა და წინამხრის არეში, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული” – ამბობს ექიმი. 

    44 წლის ახალგაზრდა ფოთში გუშინ მოკლეს. ადგილობრივები გაზრდილ კრიმინალზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ქალაქში დანაშაული ყოველდღიურად ხდება, თუმცა გამოუძიებელი რჩება.მამაკაცის ცხედარი ამჟამად ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

  • ველოდებით, როდის გამოაცხადებს ოპოზიცია ჭაკუას პოლიტპატიმრად – კობახიძე

    ველოდებით, როდის გამოაცხადებს ოპოზიცია ჭაკუას პოლიტპატიმრად – კობახიძე

    უმრავლესობის ერთერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე დავით ჭაკუას ექსტრადაციას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს ფაქტი ყველას შეახსენებს, რომ დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.

    კობახიძე ელოდება, რომ ოპოზიცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსს ოპოზიცია პოლიტპატიმრად გამოაცხადებს.

    “ის იყო რეჟიმის ერთ- ერთი მძიმე წარმომადგენელი, რომელიც ჩადიოდა უმძიმეს დანაშაულებს, ისინი ხელყოფდნენ ადამიანების ღირსებას. სამწუხაროა, რომ გვიან აღსრულდა სამართალი, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაინც აღსრულდა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ამაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით, გამომდინარე იქიდან, რომ მათ განახორციელეს ამ მძიმე დამნაშავის ექსტრადიცია. ეს ფაქტი შეახსენებს ყველას, რომ არც ერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, თუ რა რეჟიმთან გვქონდა ჩვენ საქმე 2012 წლამდე. ახლა ველოდებით, როდის გამოაცხადებს ოპოზიცია ჭაკუას პოლიტპატიმრად,”- განაცხადა კობახიძემ.

    ცნობისათვის, გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას ექსტრადირება განხორციელდება.

  • ბიძინა ივანიშვილი ლეგიტიმურადაა ჩართული პოლიტიკურ პროცესში როგორც პარტიის თავმჯდომარე – თალაკვაძე

    ბიძინა ივანიშვილი ლეგიტიმურადაა ჩართული პოლიტიკურ პროცესში როგორც პარტიის თავმჯდომარე – თალაკვაძე

    ბიძინა ივანიშვილი ლეგიტიმურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, ოპოზიცია ცდილობს მუდმივ სპეკულირებას – წარსულში ამბობდნენ, რატომ მონაწილეობს, დღეს ამბობენ, რატომ არ მონაწილეობს, ეს არის პოლიტიკური თვალთმაქცობა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კონგრესმენ მარკუენ მალინის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

    „ბოლო რამდენიმე თვემ კიდევ ერთხელ დაანახა ჩვენს საზოგადოებას და პარტნიორებს, რომ საქართველოს აქვს დემოკრატიული მმართველობის სისტემა. ქვეყანას მართავენ ინსტიტუტები და ის საჯარო პოლიტიკური პირები, ვინც თანამდებობებზე სახელმწიფო სამსახურში იმყოფებიან. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ბიძინა ივანიშვილი ლეგიტიმურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში როგორც პარტიის თავმჯდომარე, ისევე როგორც ევროპაში სხვა მმართველი პოლიტიკური პარტიების თავმჯდომარეები. ასე რომ, აქ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ოპოზიცია და განსაკუთრებით ძველი ოპოზიცია, ცდილობს მუდმივ სპეკულირებას, წარსულში ამბობდნენ რომ რატომ მონაწილეობს, დღეს ამბობენ, რატომ არ მონაწილეობს, ეს არის პოლიტიკური თვალთმაქცობა და ამას ჩვენ ვპასუხობთ საქმით”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძე

    გამოცემა The Hill -ში გამოქვეყნებულ კონგრესმენ მარკუენ მალინის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი და ვლადიმერ პუტინის მოკავშირეა.

  • საზოგადოების დიდი ნაწილი გაბრაზებულია, რომ ძველი ოპოზიცია  საჯაროდ ატყუებდა – თალაკვაძე

    საზოგადოების დიდი ნაწილი გაბრაზებულია, რომ ძველი ოპოზიცია საჯაროდ ატყუებდა – თალაკვაძე

    თუ ვინმე რამეზე უნდა იყოს გაბრაზებული, მათ შორის რომან გოცირიძეც, პირველ რიგში უნდა იყოს საკუთარ თავზე და პარტიაზე, რომ მათ ვერაფრით მოახერხეს დაპირებული გადაწყვეტილებებისთვის მხარი დაეჭირათ,- ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ფრაქცია “ნაციონალური მორაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის დღევანდელ განცხადებას. მისი თქმით, საზოგადოება ოპოზიციაზე გაბრაზებულია.

    “ვფიქრობ, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი არის გაბრაზებული, რომ ეს ორი პარტია, ძველი ოპოზიცია – “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა” საჯაროდ ატყუებდა საზოგადოებას, ისინი ყოველ დღე საჯარო განცხადებებით ეუბნეოდნენ, რომ მხარს უჭერდნენ საარჩევნო სისტემის შეცვლას და საღამოს ეუბნეოდნენ, რომ დიახ, ჩვენ ხმა არ მივეცით საარჩევნო სისტემის ცვლილებას. გუშინ კარგად დაინახეთ, რომ ძველი ოპოზიცია საერთოდ არ ესწრებოდა განხილვებს, შესაბამისად, ეს ღიად არის განაცხადი, რომ ისინი მეორეჯერაც სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ თამაშგარე მდგომარებაში. ამ პროცესმა გააკეთა სრული ლუსტრაცია, ვინ არიან ის პოლიტიკური ჯგუფები, ვისაც შეუძლია მომავლის პოლიტიკაში მონაწილეობა და საკუთარ დაპირებებზე პასუხიგებლობის აღება. თუ ვინმე რამეზე უნდა იყოს გაბრაზებული, მათ შორის, ბატონი გოცირიძეც, პირველ რიგში უნდა იყოს საკუთარ თავზე და პარტიაზე გაბრაზებული, რომ მათ ვერაფრით მოახერხეს დაპირებული გადაწყვეტილებებისთვის მხარი დაეჭირათ,”- განაცხადა თალაკვაძემ.

    ცნობისათვის, რომან გოცირიძემ დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერები ოპოზიციის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებაში დაადანაშაულა და არ გამორიცხა, რომ ამ საკითხზე სასამართლოს მიმართონ.

  • წამებისთვის ძებნილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა გერმანიამ საქართველოს გადმოსცა

    წამებისთვის ძებნილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა გერმანიამ საქართველოს გადმოსცა

    სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა გერმანიამ ქართულ მართლმსაჯულებას გადმოსცა. ჭაკუას ექსტრადირება ბერლინიდან თბილისში დღეს განხორციელდება.

    დავით ჭაკუა არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურანტი და მსჯავრდებულია. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებულ ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად მსჯავრდებულია 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირებაში, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. ამასთან, დავით ჭაკუა მსჯავრდებულია იუსტიციის ყოფილ მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან ერთად, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში; სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციასა და მოწმეზე ძალადობაში.

    დავით ჭაკუას ბაჩო ახალაიასთან ერთად ასევე ბრალი ედებოდა ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ცემაში.

    დავით ჭაკუა ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა.

    პროკურატურა ჯერ კიდევ 2013 წელს აცხადებდა, რომ ჭაკუას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტებს ამზადებდა. მაშინ ყოფილი მაღალჩინოსანი ავსტრიაში დააკავეს, თუმცა მალევე 5000 ევროიანი გირაო შეუფარდეს და გაათავისუფლეს. ჭაკუას აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.

  • საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

    საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

    საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ედუარ ფილიპი, თანამდებობიდან გადადგა, – ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ედუარ ფილიპის განცხადება გადადგომის თაობაზე დაამტკიცა.

    საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრთა ახალი კაბინეტის დასახელებამდე ედუარ ფილიპი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.

  • 10 პროდუქტი, რომელიც ივნისში ყველაზე მეტად გაძვირდა

    10 პროდუქტი, რომელიც ივნისში ყველაზე მეტად გაძვირდა

    2020 წლის ივნისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 6.1 % შეადგინა – ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.

    გთავაზობთ ტოპ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2020 წლის ივნისში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით):

    1. წიწიბურა – ფასი გაიზარდა 122,8%-ით
    2. ვაშლი – 95,6%-ით
    3. საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი – 68,3%-ით
    4. ლიმონი – 49,8%-ით
    5. მწვანე ლობიო – 48,9
    6. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი – 48,1%-ით
    7. ნიორი – 47,4%-ით
    8. ფორთოხალი – 44,4%-ით
    9. ყურძენი – 40,6%-ით
    10. კივი – 40,0%-ით

    ასევე გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2020 წლის ივნისში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით):

    1. თვითმფრინავით მგზავრობა – ფასი შემცირდა 55,4%-ით
    2. ხახვი – (-29,4)%
    3. ბენზინი – (-25,6)%
    4. დიზელის საწვავი – (-25,1)%
    5. ტურისტული მოგზაურობა ქვეყნის გარეთ – (-15,2)%
    6. სასტუმროს მომსახურების ღირებულება – (-12,1)%
    7.კარტოფილი – (-11,1)%
    8. გაზის საწვავი – (-9,6)%
    9. სტაფილო – (-8,6)%
    10. კომბოსტო – (-6,8)%

    წყარო: BM.Ge

  • “არიან ქვეყნები, რომლებიც გვთავაზობდნენ ტესტირების და კარანტინის გარეშე საზღვრების გახსნას” –  ცქიტიშვილი

    “არიან ქვეყნები, რომლებიც გვთავაზობდნენ ტესტირების და კარანტინის გარეშე საზღვრების გახსნას” – ცქიტიშვილი

    არიან ქვეყნები, რომლებიც გვთავაზობდნენ ყოველგვარი ტესტირების და კარანტინის გარეშე საზღვრების გახსნას, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

    „მიმდინარეობს საუბარი უშუალოდ თითოეულ ქვეყანასთან, რადგან ყველა მათგანს აქვს თავისი რეჟიმი საზღვრის გახსნის. ზოგიერთმა არჩია, რომ რეკომენდაციებს სრულად არ მიყვეს და მაგალითად, ავსტრიამ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის გარდა სხვა ქვეყნებთან საზღვარი არ გაეხსნა, იტალიამ გადაწყვიტა, რომ გაეხსნა საზღვარი, მაგრამ 14-დღიანი კარატინით და ა.შ. ასევე შვედეთი მზად არის საზღვრის გახსნისთვის, მაგრამ ტესტის გავლის შემდეგ. არიან ქვეყნები, რომლებიც გვთავაზობდნენ ტესტისა და კარანტინის გარეშე საზღვრის გახსნას – ეს არის ის მიმდინარე სამუშაოები, რომელიც ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან მიმდინარეობს იმისთვის, რომ განვსაზღვროთ რომელ ქვეყანასთან რა რეჟიმში გავხსნათ საზღვარი“, -აცხადებს ცქიტიშვილი.