Category: ახალი ამბები

  • “გამგეობის უფლებამოსილებაში არ შედის ლიფტების მონიტორინგი” – გლდანის გამგებელი 6 წლის ბავშვის შემთხვევაზე

    “გამგეობის უფლებამოსილებაში არ შედის ლიფტების მონიტორინგი” – გლდანის გამგებელი 6 წლის ბავშვის შემთხვევაზე

    6 წლის ბავშვი ლიფტის შახტში მაშინ ჩავარდა, როდესაც ის ეზოდან სახლში ადიოდა.შემთხვევა გლდანის მესამე ა მიკრორაიონში საღამოს საათებში მოხდა. ამ დროისათვის შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული და ექსპერტებსა და ლიფტის ხელოსანს ელოდებიან.

    გლდანში, შემთხვევის ადგილზე დღეს გამგებელიც მივიდა, რომელიც ამბობს, რომ ლიფტების პრობლემა ამხანაგობის პრეროგატივაა და გამგეობას არ ეხება:

    ​გლდანის რაიონის გამგეობის უფლებამოსილებაში არ შედის ლიფტების მონიტორინგი, ჩვენ ვპასუხობთ ამხანაგობის მიერ შემოსულ შეტყობინებებს – ამბობს ბექა მიქაუტაძე.

    ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა, თუმცა არც მის ოჯახის წევრებს და არც მედიკოსებს მედიასთან საუბარი არ სურთ.

  • „ოცნების“ ლიდერებისგან ოპოზიციის მიმართ შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის, შესაძლოა, ამ საკითხზე სასამართლოს მივმართოთ – გოცირიძე

    მივმართავთ ყველა ზომას, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორ სახელმწიფოებს, ასევე, გამოვიყენებთ სამართლებრივ ბერკეტებს რათა აღიკვეთოს უმსგავსო და აღვირახსნილი საქციელი “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან,- ამის შესახებ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

    “ბოლო ხანებში “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით, საპარლამენტო ლიდერების მხრიდან გაისმის ოპოზიციის მისამართით შეურაცხმყოფელი სიძულვილის ენით გამოთქმული ეპითეტები და არაერთხელ მოიხსენიებენ “ნაციონალურ მოძრაობას” და ოპოზიციას როგორც კრიმინალურ პარტიას. ეს არის მილიონამდე საქართველოს მოქალაქის , ჩვენი ამომრჩევლების შეურაცხყოფა. ეს ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი სახელმწიფოები მოგვიწოდებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყოს უფრო მეტად სანდოობის აღმძრავი და ჩატარდეს იგი სტაბილურ ვითარებაში. “ქართული ოცნება” შეგნებულად ხელს უწყობს ვითარების დაძაბვას. ჩვენ მივმართავთ ყველა ზომას, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორ სახელმწიფოებს, ასევე, გამოვიყენებთ სამართლებრივ ბერკეტებს რათა აღიკვეთოს ეს უმსგავსო და აღვირახსნილი საქციელი „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან. კრიმინალურ ოპოზიციად მოხსენიება ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიებისა, ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნება” კვლავ აპირებს არჩევნებში გამოიყენოს ის მეთოდები, რომლისთვისაც არაერთხელ მიუმართავს- დაშინება, ფიზიკური ზემოქმედება საკუთარი ზონდერ ჯგუფებით, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სუს- ისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ ამომრჩეველზე ზემოქმედება და მათ შორის, ასეთი ფსიქოლოგიური ზემოქმედება და სიძულვილის ატმოსფეროს დანერგვა წინასაარჩევნო პერიოდში. პასუხს მოვთხოვთ ყველას , როგორც პოლიტიკურად არჩევნებზე, ასევე სამართლებრივი გზით. ჩვენ გავივლით კონსულტაციებს იურისტებთან და შეიძლება, ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მივმართოთ,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

  • ორშაბათიდან დაინიშნება შეღავათიანი რეისები რომლის ბილეთში ემიგრანტებს 200 ევროზე მეტი არ ექნებათ გადასახდელი – გახარია

    ორშაბათიდან დაინიშნება შეღავათიანი რეისები რომლის ბილეთში ემიგრანტებს 200 ევროზე მეტი არ ექნებათ გადასახდელი – გახარია

    მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყნებთან აღდგება პირდაპირი ფრენები, საზღვრის გახსნაზე არ ვსაუბრობთ, საზღვრებს გავხსნით, მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპიდან ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ორგანიზებულად გამოყვანის პროგრამა 6 ივლისიდან გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

    მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საზღვრების გახსნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან და ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც არსებობს შესაძლებლობა, სწრაფად აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა.

    „ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ევროპიდან ორგანიზებულად გამოყვანის პროგრამით რეისების მიმართულება ბევრად უფრო ფართო იქნება. ორშაბათს გვექნება კონკრეტული სია, რომელი დედაქალაქიდან, რომელი ქვეყნიდან რა სიხშირით და რა რიცხვში დაინიშნება შეღავათიანი რეისები, რომელზეც ჩვენს მოქალაქეებს, ემიგრანტებს ბილეთში გადასახდელი ექნებათ არა ის კატასტროფული ციფრები, რომელსაც დღეს ასახელებენ, არამედ არ დასჭირდებათ 200 ევროზე მეტი“, – აღნიშნა პრემიერმა

  • მიხეილ კალანდია სააპელაციო სასამართლოში მის პროცესზე დასწრებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში უვადო შიმშილობას დაიწყებს

    მიხეილ კალანდია სააპელაციო სასამართლოში მის პროცესზე დასწრებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში უვადო შიმშილობას დაიწყებს

    დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდია უვადო შიმშილობის დაწყებას აპირებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

    როგორც ადვოკატი განმარტავს, მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე მის პროცესზე დასწრებას ითხოვს. თოდუას თქმითვე, იმ შემთხვევაში, თუკი, დღევანდელ სასამართლო პროცესზეც არ მოხდება კალანდიას ბადრაგირება, ის შიმშილობას დაიწყებს.

    „სპეციალური პენიტენციალური სამსახურის მიერ იგნორირებულია მიხეილ კალანდიას მოთხოვნები სააპელაციო სხდომაზე ბარდაგირების თაობაზე.კერძოდ, ის ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა სრულყოფილად განახორციელოს სამართლიანი სასამართლო უფლება სააპელაციო საჩივარში მისი უშუალო მონაწილეობით. ის, პროტესტის ნიშნად უკვე მე-4 სხდომაა არ მონაწილეობს შეთავაზებულ ონლაინ პროცესში. დღეს, მსჯავრდებულის სააპელაციო სხდომაზე ბარდაგირების განხორციელებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ანუ მისი კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხევაში, ის აცხადებს უვადო შიმშილობას“, – აცხადებს თოდუა.

    ცნობისთვის, 2020 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეეფარდა. აღნიშნული საქმის განხილვა უკვე სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს.

  • საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი და საქართველოს მთავრობა –  გახარიას პასუხი კონგრესმენ მალენს

    საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი და საქართველოს მთავრობა – გახარიას პასუხი კონგრესმენ მალენს

    “საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი და საქართველოს მთავრობა “- ასე პასუხობს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია აშშ-ს კონგრესმენ მარკვეი მალენს. მისი თქმით საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი და მთავრობა აკონტროლებს. კონგრესმენ მალენის თქმით, საქართველოს რუსეთში განათლებამიღებული ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს.

    “საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები. ეს არის სიმართლე, რომელიც არის შეფასებული, დაფასებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ დღესაც, გუშინაც, ამ ბოლო პერიოდშიც, დემოკრატიის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯებს, განსაკუთრებით ბოლო 2 კვირის განმავლობაში”, – განაცხადა გახარიამ.

    ცნობისთვის, ამერიკელი კონგრესმენმა, მარკვეინ მალინმა ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერილი გამოაქვეყნა, სადაც მას “პუტინის მოკავშირეს” უწოდებს.

  • უწყებებმა უახლოეს საათებს და დღეებში უნდა გასცენ კითხვებს პასუხი –  გახარია შაქარაშვილის საქმეზე

    უწყებებმა უახლოეს საათებს და დღეებში უნდა გასცენ კითხვებს პასუხი – გახარია შაქარაშვილის საქმეზე

    სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ხშირ შემთხვევაში ზოგიერთები ცდილობენ, ადამიანის ტრაგედიები პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

    მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს რომ არ მოხდეს, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება საზოგადოების წინაშე, რომ არ დატოვონ არც ერთი კითხვის ნიშანი.

    „სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ხშირ შემთხვევაში ზოგიერთები ცდილობენ, ადამიანის ტრაგედიები პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ. ეს თემა დავხურეთ. ეს რომ არ მოხდეს, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ უმოკლეს ვადებში არ დატოვონ არც ერთი კითხვის ნიშანი. ბოლო კითხვა, რაც შეიძლება იყოს, შეიძლება დაუსაბუთებელი, მაგრამ ბოლო მოქალაქესაც რომ ჰქონდეს კითხვა, ამ კითხვაზე სასწრაფოდ უნდა იყოს გაცემული პასუხი.

    მე პირადად და ჩვენ ამის ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს და ჩვენ ჩვენი გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. შესაბამისად, უახლოეს საათებში და დღეებში საზოგადოების მხრიდან დასმულ ყველა კითხვას შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ. ეს არის მათი ვალდებულება და მოვალეობა და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.

  • პოლიციამ სვანეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

    პოლიციამ სვანეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული გ.ს. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

    დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის სისტემის „აკ-74”-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი, 72 საბრძოლო ვაზნა და სანადირო თოფი.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას გულისხმობს.

  • “სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელება” – კარლ ჰარცელი საარჩევნო კანონმდებლობაზე

    “სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელება” – კარლ ჰარცელი საარჩევნო კანონმდებლობაზე

    მივესალმები ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღებულ სასიკეთო ცვლილებებს კანონმდებლობაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ახალი საარჩევნო კანონმდებლობის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, წუხს, რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობის უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული.

    „გუშინ, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რაც ერთ წელზე მეტი ხნის წინ დაწყებული პროცესის შედეგი იყო და რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა აქტიურად უჭერს მხარს. მივესალმები ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღებულ სასიკეთო ცვლილებებს კანონმდებლობაში, მათ შორის საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა მიერ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლებების რეგულირებას, მეორე ტურებისთვის მკაფიოდ განსაზღვრულ რეგულაციებს, ქალთა წარმომადგენლობის მხარდაჭერას, საარჩევნო კომისიების წევრებთან მიმართებაში ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვასთან დაკავშირებული წესების დახვეწასა და პარტიების დაფინანსების რეგრესული მოდელის დანერგვას. სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელება ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) მიერ რეკომენდებულ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა -ამომრჩეველზე ზეწოლა, დავების განხილვა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება; ვწუხვარ, რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობის უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული. მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მომენტი იქნება საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების – დაიცვას დემოკრატიული პროცესები და კანონის უზენაესობა – შესრულების შესაფასებლად. ველი, რომ პროცესი ახალი წესების დაცვით ჩატარდება და არჩევნებისთვის შემდგომი მზადება განხორციელდება; ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს საქართველოსთვის დახმარების გაწევა მისი მიზნის მიღწევაში, რაც შემოდგომაზე არჩევნების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას გულისხმობს“, – განაცხადა ელჩმა.

    ცნობისთვის, პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა.

  • თბილისში ლიფტის შახტაში 6 წლის ბავშვი ჩავარდა

    თბილისში ლიფტის შახტაში 6 წლის ბავშვი ჩავარდა

    თბილისში, გლდანში, ლიფტის შახტაში 6 წლის ბავშვი ჩავარდა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

    როგორც “ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

  • საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 943 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც 4-ით გაიზარდა და 821 გახდა.

    კარანტინის რეჟიმშია 3080 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 242 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

    ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.