Category: ახალი ამბები

  • დიღომში კორპუსის მე-6 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

    დიღომში კორპუსის მე-6 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

    დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.

    გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ჯერჯერობით უცნობია, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

  • თურქეთში ფოიერვერკების ქარხანა აფეთქდა – არის მსხვერპლი

    თურქეთში ფოიერვერკების ქარხანა აფეთქდა – არის მსხვერპლი

    თურქეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ჰენდეკის რაიონში, ფოიერვერკების ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, აფეთქების დროს ქარხნის შენობაში 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა. აფეთქების ხმა 50 კილომეტრის რადიუსში ისმოდა.

  • საარჩევნო კოდექსში შესული შესწორებები ქვეყნის წინასაარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს – კრისტიან ურსე

    საარჩევნო კოდექსში შესული შესწორებები ქვეყნის წინასაარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს – კრისტიან ურსე

    მიმდინარე კვირა გამორჩეული იყო კონსტიტუციური ცვლილებების მიღებით, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. მინდა ამ პროცესში ჩართულ ადამიანებს მივულოცო. ეს საქართველოსთვის მუდმივი ცვლილებაა და გვჯერა, რომ შემდეგ პარლამენტში უფრო მეტი პლურალიზმი იქნება ვიდრე დღესაა. ეს საქართველოსთვის ძალიან კარგია , – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    „გუშინ დამტკიცდა შესწორებები საარჩევნო კოდექსში. ეს გააუმჯობესებს ქვეყნის წინასაარჩევნო გარემოს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გვქონდა ვიდეოკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ვენეციის კომისიის ექსპერტები. ჩვენ განვიხილეთ კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოს მთავრობა კარგად გაუმკლავდა ვითარებას. მიღებული გამოცდილებისა და სხვა ქვეყნებთან ინფორმაციის გაცვლის ფონზე, საქართველოს შეძლებს, მიიღოს სათანადო ზომები, რათა 31 ოქტომბრის არჩევნები მშვიდად ჩაატაროს“, – განაცხადა ურსემ.

  • ვისი ნათესავია შაქარაშვილის საქმის მოწმე – მაღალჩინოსანი ნათესაურ კავშირს ადასტურებს

    ვისი ნათესავია შაქარაშვილის საქმის მოწმე – მაღალჩინოსანი ნათესაურ კავშირს ადასტურებს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო გიორგობიანი ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მისი ნათესავია.

    გიორგობიანი წერს, რომ ბრეგვაძე ამ საქმეში დაზარალებულია და ერთადერთია, ვინც პოლიცია გამოიძახა. შსს–ს მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ შაქარაშვილის საქმესთან იაკობ ბრეგვაძის შემხებლობის შესახებ 22 ივნისს გაიგო.

    „პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ 18 ივნისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებ ოჯახს.

    ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი, უფრო ზუსტად მამაჩემის დის შვილიშვილი. დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე, უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას.

    იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია, რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, როგორ ხდება მის მიმართ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და როგორც ჩანს, ახლა ახალი კამპანიის აგორება არის გადაწყვეტილი.

    ამასთან ერთად, მოსალოდნელი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ განვაცხადო, რომ იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, მე მხოლოდ 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე, რისი გადამოწმებაც, უმარტივესად არის შესაძლებელი.

    არ გამოგივათ! იაკობ ბრეგვაძე დაზარალებულია!

    დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს“, – წერს გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, რეფორმატორთა ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფოტოგრაფი შსს–ს მაღალჩინოსნის ნათესავია.  კუპარავა ამბობს, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს ფოტოგრაფს სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა ამ მაღალჩინოსანთან.

  • მაჩხაანში ბალახის დაწვის დროს ხანშიშესული ქალი დაიწვა

    მაჩხაანში ბალახის დაწვის დროს ხანშიშესული ქალი დაიწვა

    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანში ხანშიშესული ქალი იმ დროს დაიწვა, როცა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ბალახს წვავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა და ცეცხლი ხმელ ბალახს დასუფთავების მიზნით წაუკიდა.

    მათივე ინფორმაციით, ცეცხლი იმდენად სწრაფად აალდა, რომ ქალმა თავის დაღწევა დროულად ვერ შეძლო და მიღებული დამწვრობის გამო შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

    მომხდარზე გამოძიება დედოფლისწყაროს პოლიციამ 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

  • ბიზნესვიზიტორებისთვის საკარანტინო სივრცე ფასიანი იქნება – თურნავა

    ბიზნესვიზიტორებისთვის საკარანტინო სივრცე ფასიანი იქნება – თურნავა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსული ბიზნესვიზიტორებისთვის საკარანტინო სივრცე ფასიანი იქნება, თუმცა ეს არ იქნება “გადაულახავი საფასური”.

    მინისტრის თქმით, ბიზნეს ვიზიტორებს ასევე შეეძლებათ აირჩიონ ტესტირების რეჟიმი. ამ შემთხვევაში მათ ტესტი თავად უნდა შეიძინონ და 14 დღის განმავლობაში ყოველ მესამე დღეს ტესტირება ჩაიტარონ.

    „ეს არ ეხება მხოლოდ ევროკავშირიდან ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს. ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულს. მათ მიეცემათ საშუალება, სავალდებულო კარანტინი ჩაანაცვლონ სავალდებულო, პერიოდული ტესტირებით. ეს არაა რაღაც გადაულახავი საფასური. ეს მან უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავადაც იყოს უსაფრთხოდ და ჩვენც ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ვართ უსაფრთხოდ და ამავდროულად, არ შეფერხდეს ინვესტოორებთან კომუნიკაცია. ჩვენ ძალიან აქტიურ საინვესტიციო პოლიტიკას ვაწარმოებთ. პარალელურად, გვინდა, გამოვიყენოთ ის ახალი შესაძლებლობები, რაც ბაზარზე გაჩნდა. ბიზნესვიზიტორებს აქვთ არჩევანი, თუ დიდი ხნით არიან ჩამოსულები, შეიძლება, არჩიონ ფასიანი კარანტინი და ამით ჩვენს სასტუმროებსაც დაეხმარებიან, ან, იგივე გააკეთონ ტესტირების მეშვეობით”,– განაცხადა ნათია თურნავამ იმედის ეთერში.

  • ეს არ არის უბრალოდ ღილაკზე თითის დაჭერა, ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს – კარლ ჰარცელი საზღვრების გახსნაზე

    ეს არ არის უბრალოდ ღილაკზე თითის დაჭერა, ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს – კარლ ჰარცელი საზღვრების გახსნაზე

    როგორ გაიხსნება საზღვრები მოგზაურებისთვის, ორივე მიმართულებით, ჩემმა კოლეგამ და მე ვიცით, რომ ეს არ არის უბრალოდ ღილაკზე თითის დაჭერა, ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა „ფეისბუქის“ პირდაპირი ეთერით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის მონაწილეობით გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

    „ახლა ეს ყველაფერი როგორ განხორციელდება და როგორ გაიხსნება საზღვრები მოგზაურებისთვის, ორივე მიმართულებით, ჩემმა კოლეგამ და მე ვიცით, რომ ეს არ არის უბრალოდ თითქოს ღილაკს დააწვები და ეს ყველაფერი შესრულდება, ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს ევროკავშირის დონეზე ინდივიდიულურ წევრებთან, ევროკავშირის კომერციულ საჰაერო გადამზიდავებთან. ეს არის კომბინაცია სხვადასხვა მოთამაშეების, რომელთანაც საჭიროა მუშაობა, მაგრამ ამ უსაფრთხო სიაში დაწყების პუნქტი არის საუკეთესო დაწყების წერტილი, რომელიც საქართველოს შეიძლება გააჩნდეს. მე გილოცავთ, რომ მოხვდით ამ სიაში და ველით დაძაბულ მუშაობას კოლეგებთან და სხვებთან, რათა ჩვენ აქტიურად ვიაროთ წინ,“ – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

  • ბაჩანა შენგელიას, სასამართლო განჩინების მიუხედავად, სანოტარო საქმიანობა არ აღუდგა

    ბაჩანა შენგელიას, სასამართლო განჩინების მიუხედავად, სანოტარო საქმიანობა არ აღუდგა

    ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ მიუხედავად სასამართლო განჩინებისა, რომლის მიხედვით, მას სანოტარო საქმიანობა უნდა აღდგენოდა, იუსტიციის სამინისტრო კვლავ არ აძლევს სანოტარო რეესტრზე წვდომას. შენგელიას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, აღსრულების ბიუროს მიმართა.

    “მე უკვე მესამე დღეა წარვადგინე აღნიშნული გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში, რომლითაც დადგენილია, რომ ჩემთვის შესაბამის პროგრამების ჩართვა უნდა მოხდეს და მე უნდა მომეცეს წვდომა სანოტარო რეესტრში და დავიწყო მუშაობა. თუმცა იუსტიციის სამინისტრო ნებაყოფლობით არ ასრულებს ამ გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, მე იძულებული გავხდი, რომ მე იძულებით სააღმსრულებლო პროცედურებს მივმართო”, — განუცხადა ჟურნალისტებს შენგელიამ.

    მისი თქმით, თუ უახლოეს დღეებში სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულდება, მაშინ ის პროკურატურას მიმართავს.

    შეგახსენებთ, რომ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობის უფლება 18 ივნისს შეუჩერდა. შენგელიამ 24 ივნისს განაცხადა, რომ Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო, მის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. 29 ივნისს ნოტარიუსმა დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ შენგელიას ფეისბუქს ერთი თვის განმავლობაში ამოწმებდნენ, რის შემდეგაც დაადგინეს, რომ ის “ახორციელებდა მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებდა პოლიტიკურ შეფასებებს”.

  • ამ ფუქსავატობას რომ ეწევით ბატონო გახარია, ხომ არ უნდა შეეწიროს ქართველი ადამიანი და მშიერი ამოვწყდეთ ამ ქვეყანაში?- ვაშაძე

    ამ ფუქსავატობას რომ ეწევით ბატონო გახარია, ხომ არ უნდა შეეწიროს ქართველი ადამიანი და მშიერი ამოვწყდეთ ამ ქვეყანაში?- ვაშაძე

    „ჩვენ ახლა ფაქტობრივად გაკოტრებულები ვართ. ერთადერთი იმედი, რაც ხალხს ჰქონდა, იყო 1-ელ ივლისს საზღვრების გახსნა და ტურისტების შემოსვლა და ეს იმედიც გახარიამ და მთავრობამ მათ ბოლომდე გაუცრუა“, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

    „მივმართავ გახარიას, მაისის დასაწყისში წარმოგიდგინეთ გეგმა, დეტალურად გაწერილი ალგორითმი ეპიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გაგეხსნათ საზღვარი, მაგრამ თქვენ კიდევ ერთხელ მოგვატყუეთ. გაგვაგებინეთ რა გინდათ? ამ ფუქსავატობას, რომელსაც თქვენ ეწევით ბატონო გახარია, ხომ არ უნდა შეეწიროს ქართველი ადამიანი და მშიერი ამოვწყდეთ ამ ქვეყანაში? აღარაფერი არ მუშაობს, წარმოუდგენელი ვითარებაა. ერთი, რომ საზღვრები დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის და მეორე- ბანკები, რომლებიც ახრჩობენ ადამიანებს და გაზრდილ პროცენტებს სთავაზობენ გადავადების სანაცვლოდ. რისთვის გვჭრდება ხელისუფლება და მთავრობა? შენ, ფუქსავატო გახარია, რისთვის გვჭირდები თუ ადამიანებს არ ეხმარები და არანაირ ნორმალურ გადაწყვეტილებას არ იღებ? ევროკავშირმა შეგვიყვანა „მწვანე ქვეყნების“ სიაში. დღეს ჩვენ შეგვეძლო, რომ მიგვეღო ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტურისტები ქვეყანაში და ევროპისთვის გაგვეხსნა საზღვრები, მაგრამ ამის სანაცვლოდ ჩაგკვეტეთ და გინდათ, რომ პირდაპირ ამოგვახრჩოთ შიმშილში. მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არ შეგრჩებათ! უკვე მინიმუმ 2 მილიარდი ლარი დაგვიჯდა თქვენი არასწორი გადაწყვეტილებები. ფუქსავატო გახარია, გადადი საქმის კეთებაზე, დაანებე თავი ამ პრანჭვას ტელევიზიით და გაუგებარი, ერთი და იგივე სიტყვების რახარუხს!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

  • „ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, იმ ქვეყნებთან, სადაც კარგი ეპიდსიტუაციაა, ფრენები დაუყოვნებლივ აღადგინოს

    „ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, იმ ქვეყნებთან, სადაც კარგი ეპიდსიტუაციაა, ფრენები დაუყოვნებლივ აღადგინოს

    „ევროპული საქართველო“ მთავრობას კარგი ეპიდსიტუაციის ქვეყნებთან ფრენების დაუყოვნებლივ აღდგენისკენ მოუწოდებს.

    „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის დაპირების მიუხედავად რეგულარული ფრენების პირველი ივლისიდან არგანახლების გამო ჩვენი ქვეყნის ტურიზმისთვის უმნიშვნელოვანესმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისში საკუთარი ბაზა დახურა და ფრენები გაურკვეველი ვადით გააუქმა. დღეს, „ვიზეარმა“ ახალი ბაზა გახსნა უკრაინის ქალაქ ლვოვში. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას, რომ რეგულარული ფრენები ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთანაც კი, სადაც კარგი ეპიდსიტუაციაა, არ აღდგეს არც აგვისტოში და არც სექტემბერში. იმ შემთხვევაში თუ მთავრობა მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას და რეგულარული ფრენები არ აღდგება დაუყოვნებლივ, სრულიად შესაძლებელია, რომ სამი მილიარდი დოლარი, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში ტურიზმიდან შემოდის და რომელზეც ათეულ ათასობით სამუშაო ადგილია, სრულიად დაიკარგოს.

    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მგზავთა რაოდენობით ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოში პირველ ადგილზეა. ქუთაისის აეროპორტმა კი – მიუხედავად იმისა, რომ გეგმური ორი მილიონი მგზავრიდან ჯერ კიდევ შორსაა – 800 ათასზე მეტი მგზავრი გაატარა. ამ ზიანის შესამცირებლად კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ აღადგინოს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთან სადაც ეპიდსიტუაცია შეფასებულია როგორც კარგი – მაგალითად ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან, დანიასთან და ა.შ“, – აღნიშნავენ პარტიაში.