Category: ახალი ამბები

  • ვგულშემატკივრობთ აბიტურიენტებს, მიდის ხოლმე მთელი ოჯახი, ნუ შევიკრიბებით – გამყრელიძე

    ვგულშემატკივრობთ აბიტურიენტებს, მიდის ხოლმე მთელი ოჯახი, ნუ შევიკრიბებით – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აბიტურიენტების ოჯახის წევრებსა და გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ საგამოცდო ცენტრების გარე პერიმეტრზე არ შეიკრიბონ.

    “მიღებულია ჩვენთან საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, ნათესავები, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი.

    მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება, ამიტომ ჯგუფურად ამ დროს ნუ შევიკრიბებით”, – თქვა გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

    ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტი პირბადით უნდა მივიდეს, თუმცა, თავის მაგიდასთან მის მოხსნას შეძლებს. გამოცდის მიმდინარეობის დროს ფანჯრები ღია იქნება, მაგრამ, თუ ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს, კონდიციონერს ჩართავენ.

    მთავრობის გადაწყვეტილებით, აბიტურიენტს პირბადე უნდა ეკეთოს – საგამოცდო ბილეთის აღების დროს, კომისიის წევრებსა და ზედამხედველებთან კონტაქტისას, თუ საკითხის გასარკვევად ზედამხედველს დაუძახებენ, ტუალეტში გასვლის დროს, ნაშრომის დასრულების შემდეგ მისი ჩაბარების დროს, კონდიციონერის ჩართვის შემთხვევაში, თუმცა მისი მოხსნა შეეძლებათ უშუალოდ მერხთან.

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე, საგამოცდო სივრცეებში კი 10-ზე მეტი გამოსაცდელი არ დაიშვება. ასევე, ყოველი სამუშაო მაგიდა აღჭურვილი იქნება დამცავი ბარიერით, მაგიდებს შორის დაშორება სიგანეში 2 მეტრი იქნება, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის კი 1 მეტრი.

  • საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და მათი საერთო რაოდენობა 946–მდე გაიზარდა.

    გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი, სულ 825. ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    ქვეყანაში კორონავირუსით 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

    საქართველოში COVID-19-ის 106 აქტიური შემთხვევაა.

  • კასპში გარდაცვლილი ჩვილი იპოვეს

    კასპში გარდაცვლილი ჩვილი იპოვეს

    კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს.

    ქალმა სავარაუდოდ, სახლში იმშობიარა და ჩვილი საპირფარეშოში დატოვა.

    შსს–ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • ფაქტის კონსტანტაციაა, რომ კრიმინალები არიან, სასამართლოს როგორ უნდა მიმართონ – კობახიძე ენმ-ზე

    ფაქტის კონსტანტაციაა, რომ კრიმინალები არიან, სასამართლოს როგორ უნდა მიმართონ – კობახიძე ენმ-ზე

    უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ როდესაც ნაციონალურ მოძრაობას და “მათ კლასტერს” კრიმინალებს უწოდებს, ეს ფაქტის კონსტანტაციაა და არა შეურაცხყოფა, ამიტომ, მისი აზრით, ისინი სასამართლოში ვერ იჩივლებენ.

    მისი თქმით, ენმ-ს დეპუტატი რომან გოცირიძე, რომელმაც შესაძლო სამართლებრივ რეაგირებაზე ისაუბრა არც იურისტია და “არც კომპეტენტური”.

    “კრიმინალური ოპოზიცია? სასამართლოს როგორ უნდა მიმართონ ამასთან დაკავშირებით? რომან გოცირიძე არც იურისტია და არც კომპეტენტური კაცია ზოგადად. კუპონით არის ცნობლი მთელი თავისი ბიოგრაფიის მანძილზე და იურისტი მითუმეტეს არ არის. შესაბამისად, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური განცხადება.

    შეფასებითიც კი არ არის, როდესაც კრიმინალურ ოპოზიციას ვუწოდებთ ნაცმოძრაობას თავისი კლასტერებით, ეს ფაქტის კონსტანტაციაა. ეს არის ჭაკუების პოლიტიკური პარტია, რურუების პოლიტიკური პარტია, უგულავების პოლიტიკური პატია. ესენი არიან ცნობილი კრიმინალები, სასამართლოს მიერ მსჯავრდებული კრიმინალები: სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი და ა.შ.”– თქვა კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

    მან ევროპული საქართველოს ლიდერზე, გიგა ბოკერიაზეც იგივე გაიმეორა და თქვა, რომ მას რომ “გოიმს” უწოდებს, ესაც ფაქტის კონსტანტაციაა.

    “შეურაცხყოფა არის, როდესაც ბოკერია ამბობს კლოუნებს – ეს არც შეფასებაა, არც ფაქტის კონტსტატაცია, ეს არის უბრალოდ შეურაცხყოფა, ეს არის უზრდელური სიტყვა. იუზრდელა ბოკერიამ გერმანიის ელჩის მიმართაც. პირველად მოხდა ეს მას შემდეგ, რაც კომუნისტები რეიგანზე უზრდელობდნენ. 80-იანი წლებისა და 70-იანი წლების ბოლშევიკებისა და კომუნისტების დონეზეა ჩარჩენილი ბოკერია.

    გოიმს როცა ვეძახით ბოკერიას, ეს შეფასება და ფაქტის კონსტანტაციაა, იმიტომ, რომ გოიმობაა, როდესაც ქვეყანას ყავს ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც არ იცის, როგორ შეიძლება ილაპარაკოს გერმანიის ელჩზე და არ თქვას, რომ შარშია გერმანიის ელჩი და დაკარგული თარგმანში”,– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    ცნობისთვის, შესაძლოა ნაციონალურმა მოძრაობამ სიძულვილის ენის გამოყენების გამო ქართული ოცნების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს. პარტიაში ამბობენ, რომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არაა, თუმცა მმართველი პარტიის მხრიდან გამოყენებული სიძულვილის ენის გამო საერთაშორისო პარტრნიორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიმართავსაც გეგმავენ.

  • შეჟღურტულებულები არიან ბიძინა ივანიშვილთან, ბოკერიამ სარკეში ჩაიხედოს – ელისაშვილი

    შეჟღურტულებულები არიან ბიძინა ივანიშვილთან, ბოკერიამ სარკეში ჩაიხედოს – ელისაშვილი

    სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ევროპული საქართველო ბიძინა ივანიშვილთან “მშვენივრად ჭუკჭუკებს”.

    მისი თქმით, ივანიშვილი მათთან შეხვედრებს აუცილებლად ფირზე აღბეჭდავდა და ადრე თუ გვიან, მას ვიხილავთ.

    “ვინც ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე წყალს ასხამს და ვინც ჩუმად–ჩუმად ხვდება, რაღაც გარიგებებებში მონაწილეობს, გიგა ბოკერიამ თავის პარტიაში მიიხედ-მოიხედოს და თვითონაც სარკეში ჩაიხედოს. შეჟღურტულებულები არიან ქართულ ოცნებასთან. დრო გამოავლენს, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადება არის, მშვენივრად ჭუკჭუკებენ და შეზღურტულებულები არიან და ეს დადასტურდება კიდეც.

    თავის სამართლებელი არ მაქვს. ბიძინა ივანიშვილი ისეთი კაცი არის, რომ მსგავს შეხვედრებს აუცილებლად ფირზე აღბეჭდავს ხოლმე – ეს ფირები ადრე თუ გვიან გამოვა და ამას ყველაფერს ვიხილავთ. ამაში ვარ დარწმუნებული, რომ ასეთ შეხვედრებს ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად ჩაწერს”,– ამბობს ელისაშვილი პალიტრანიუსის ეთერში.

  • კაკო ბობოხიძესა და დავით ჭაკუას შორის განსხვავება არ არის – კობახიძე

    კაკო ბობოხიძესა და დავით ჭაკუას შორის განსხვავება არ არის – კობახიძე

    “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი კობახიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას ექსტრადირების საკითხთან ეხმიანება და ამბობს, რომ ჭაკუა ენმ–ს წევრი აკაკი ბობოხიძისგან არაფრით განსხვავდება.

    მისივე თქმით, სააკაშვილმა, ბოკერიამ და ბობოხიძე იყვნენ “იმ უბედურების” დამკვეთები, რასაც ჭაკუა აკეთებდა.

    „ჭაკუა არის მათი სახე. აი, კაკო ბობოხიძესა და ჭაკუას შორის განსხვავება არ არის, ეს არის “ნაცმოძრაობის” სახე – წამება, ადამიანის ღირსების ხელყოფა, “ფეიკნიუსიც” ამის გაგრძელებაა. უსირცხვილო კაცია[ბობოხიძე], თვითონ იყო პასუხისმგებელი, კაკო ბობოხიძე, გიგა ბოკერია, მიხეილ სააკაშვილი, თვითონ იყვნენ პასუხისმგებელი და დამკვეთები იმ უბედურების, რასაც აკეთებდა ჭაკუა. ჭაკუა იყო ამ ყველაფრის შემსრულებელი. დამკვეთი იყო კაკო ბობოხიძე, სააკაშვილი, ბოკერია და ა.შ..

    სირცხვილია, კაკო ბობობიძე რომ გამოდის და კრავივით ლაპარაკობს იმაზე, რომ თითქოს რაღაც პრობლემა იყო… მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება იმაზე, რომ ის პოლიტიკური რეჟიმი შექმნეს და ეს რეჟიმი შექმნეს ზუსტად სააკაშვილმა, ბოკერიამ, ბობოხიძემ, გიგლა ბერბიჭაშვილებმა. დამკვეთები გაქცეულები არიან, ახალაია ზის, ადეიშვილი გაქცეულია. ადეიშვილს შეფარდებული აქვს სსკ-ს დანაშაული და ის არის ძებნილი”, – განაცხადა კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

    შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა გერმანიამ ქართულ მართლმსაჯულებას გადმოსცა. ის ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა.

  • პოლიციამ დმანისში მკვლელობის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა

    პოლიციამ დმანისში მკვლელობის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 1992 წელს დაბადებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დმანისის მუნიციპალიტეტში, ნაცნობს -2000 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

    სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, დმანისის მუნიციპალიტეტში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს დანაშაულს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    დანაშაული 7-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • აშშ-ის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ

    აშშ-ის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ

    აშშ-ის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად მთაწმინდის პარკიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ. აშშ–ის დროშის ფერებში განათდება ანძაც. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

    „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფოიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ, 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად, 22:00 საათზე, მთაწმინდის პარკიდან ფოიერვერკებს გავუშვებთ.

    გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • გერმანიიდან ექსტრადირებული დავით ჭაკუა საქართველოშია

    გერმანიიდან ექსტრადირებული დავით ჭაკუა საქართველოშია

    სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა საქართველოში ჩამოიყვანეს. თვითმფრინავი, რომელშიც გერმანიიდან ექსტრადირებული დავით ჭაკუა იმყოფება, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფრინდა.

    ჭაკუა 180-მგზავრთან ერთად ჩამოიყვანეს. მას სასჯელაღსრულების სპეციალურ დაწესებულებაში გადაჰყავთ.

    შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა გერმანიამ ქართულ მართლმსაჯულებას გადმოსცა. ის ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა.

  • სენაკში, მდინარე ტეხურაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

    სენაკში, მდინარე ტეხურაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

    სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურში, ახალგაზრდა ბიჭი დაიხრჩო. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა დახრჩობის მიზეზი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.