Category: ახალი ამბები

  • გიორგობიანმა მიუთითა საგამოძიებო ორგანოს, რომ მისი ნათესავი დაზარალებული იყოს – კუპრავა

    გიორგობიანმა მიუთითა საგამოძიებო ორგანოს, რომ მისი ნათესავი დაზარალებული იყოს – კუპრავა

    „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის, ნინო გიორგობიანის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. ამის მიზეზად ის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულად ცნობილ პირთან, ფოტოგრაფთან მის ნათესაურ კავშირს ასახელებს.

    კუპრავა აცხადებს, რომ ნინო გიორგობიანმა საგამოძიებო ორგანოს პირდაპირ მიუთითა, რომ იაკობ ბრეგვაძეს საქმეში დაზარალებულის სტატუსი ჰქონდეს.

    „პირდაპირ მიუთითა საგამოძიებო ორგანოს, რომ მისი ახლო ნათესავი არის მისი ინტერესის სფერო და მისი დაზარალებული სტატუსი არ შეიცვლება. პირდაპირ მითითება მისცა საგამოძიებო ორგანოს, რომ უნდა იყოს დაზარალებული. ამ საქმეში დაზარალებული ერთი პირია და ეს არის გიორგი შაქარაშვილი. ნინო გიორგობიანის განცხადება იყო გავლენის მოხდენის მცდელობა, ამიტომ მისი უფლებამოსილების შეჩერებას ვითხოვთ“, – თქვა ზვიად კუპრავამ.

    გუშინ შსს–ს მაღალჩინოსანმა, გიორგობიანმა დაადასტურა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მისი ნათესავია. მისი თქმით, ბრეგვაძე ამ საქმეში დაზარალებულია და “ამ რეალობას ვერავინ შეცვლის”.

    კუპრავას ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს ფოტოგრაფს სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა ამ მაღალჩინოსანთან.

    გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობიას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით. ჯერჯერობით უცნობია ექსპერტიზის შედეგები, ის ალბათ მომდევნო კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

  • ხობში მოზარდს ავტომობილი დაეჯახა და გარდაიცვალა

    ხობში მოზარდს ავტომობილი დაეჯახა და გარდაიცვალა

    ხობში მოზარდს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ის მალევე დაიღუპა.

    გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი გზის გასწვრივ გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

    15 წლის მოზარდი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

    შსს–მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე- 6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • შაქარაშვილის საქმეზე საზოგადოების უნდობლობას გამყალბებელი პროკურატურა იწვევს – კახიძე

    შაქარაშვილის საქმეზე საზოგადოების უნდობლობას გამყალბებელი პროკურატურა იწვევს – კახიძე

    ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი ოთარ კახიძე გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმიანება. მისი თქმით, “საზოგადოების სამართლიან უნდობლობას სამართალდამცველი სისტემის მიმართ იწვევს ის ფაქტი, რომ შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებას ხელმძღვანელობს საქმეების გამყალბებელი პროკურატურა”.

    კახიძეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გაყალბებული საქმის მაგალითად მოჰყავს აცხადებს, რომ არცერი გამომძიებელი და პროკურატორი, ვინც მაშინ მტკიცებულებებს აყალბებდა, დღემდე არ არის გამოვლენილი და დასჯილი.

    ამიტომ, ევროპული საქართველოს წევრი მიიჩნევს, რომ “ლეგიტიმურია ყველა ის კითხვა, რომელიც აქვს ჩვენს საზოგადოებას და უნდობლობა, რომელსაც ვხედავთ მედიასივრცეში”.

    კახიძე ასევე აღნიშნავს, რომ “ქურდული გაგების” წინ წამოწევის კლიმატი ივანიშვილის ხელისუფლებამ შექმნა.

    “[ესაა] ივანიშვილის ხელისუფლების შექმნილი კლიმატი ქვეყანაში, რომ კრიმინალს გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ქურდული გარჩევების დაბრუნება და პოპულარიზაცია და აგრეთვე, ქურდული “გაგების” წინ წამოწევა, რაც ართულებს გამოძიებასთან თანამშრომლობას”. – ამბობს ოთარ კახიძე.

    ის იმედოვნებს, რომ სამართალდამცველი ორგანოები არ გაიმეორებენ იმას, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს გააკეთეს.

    გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობიას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით. ჯერჯერობით უცნობია ექსპერტიზის შედეგები, ის ალბათ მომდევნო კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

  • გახსენით თურქეთთან საზღვარი, სანამ დასავლეთ საქართველოში შიმშილი დაწყებულა  – უგულავა მთავრობას

    გახსენით თურქეთთან საზღვარი, სანამ დასავლეთ საქართველოში შიმშილი დაწყებულა – უგულავა მთავრობას

    ევროპული საქართველო მთავრობას მოუწოდებს, თურქეთთან საზღვარი გახსნას. გიგი უგულავა აცხადებს, დასავლეთ საქართველოში ათი ათასობით ადამიანი, რომელიც სეზონურად მუშაობს თურქეთში მუშაობას, შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. მისი თქმით ზაფხულის განმავლობაში თხილისა და ჩაის სეზონზე დასავლეთ საქართველოში ერთი ადამიანი 8-10 ათას ლარამდე აგროვებს.

    „მე გუშინ დავბრუნდი აჭარიდან და გურიიდან, სადაც ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად ერთი და მთავარი პრობლემა დგას დღეს. უკვე წლებია ჩვენი მოქალაქეები იმის გამო, რომ აქ ვერ შოულობენ სამუშაოს დადიან თურქეთში სეზონურ სამუშაოზე. მე ვსაუბრობ 10 ათასობით ადამიანზე, რომელსაც საკუთარი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილით და მიდიან მეზობელ ქვეყანაში თხილზე და ჩაის საკრეფად. ჩაის სეზონი უკვე თითქმის გასულია და აგვისტოში იწყება თხილის სეზონი. ეს არის ამ ადამიანებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო და ამ სამი თვის განმავლობაში, ერთი ჩვენი თანამოქალაქე 8-10 ათას ლარამდე აგროვებს, რითაც ოჯახს ინახავს მთელი წლის განმავლობაში”,– ამბობს უგულავა.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობამ თურქეთში მანამდე უნდა გახსნას, სანამ დასავლეთ საქართველოში შიმშილი დაიწყება.

    “ჩვენ კარგად გვესმის ეპიდვითარება და ვხედავთ რა ხდება მსოფლიოში. ამავე დროს უნდა დავუჯეროთ ექიმებს და ეპიდემიოლოგებს და არა ხელისუფლებას რომელიც უკვე აშკარად კორონავირუსს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. გახსენით თურქეთთან საზღვარი მანამ სანამ დასავლეთ საქართველოში შიმშილი არ დაწყებულა. ჩვენ ერთად უნდა შევიმუშაოთ მექანიზმები, თუ როგორ უნდა მოიქცეს ჩვენი თანამოქალაქე და თანაცხოვრება კოვიდთან სწორედ ამას ნიშნავს“,-განაცხადა გიგი უგულავამ.

    საქართველოს მთავრობა რეგულარული საერთაშორისო ფრენების აღდგენას ჯერჯერობით არ გეგმავს. ჩაკეტილია საზღვარი თურქეთთან, რის გამოც თურქეთში მოვაჭრეები რამდენიმე დღეა აქციას მართავენ.

     

  • ჩვენი პარტნიორობა ბრძოლაშია გამოცდილი – მამუკა ბახტაძე აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

    ჩვენი პარტნიორობა ბრძოლაშია გამოცდილი – მამუკა ბახტაძე აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

    საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

    „ვულოცავ 4 ივლისს ჩვენს ამერიკელ მეგობრებს! ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ბრძოლაშია გამოცდილი და ორმხრივია. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“, – წერს მამუკა ბახტაძე Twitter-ზე.

    შეგახსენებთ, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავს აღნიშნავს.

  • თბილისში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

    თბილისში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

    “მოქალაქეს, ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა როგორც ლენტური, ისე ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი. იქვე განთავსებული იყო 3,5 მ3 წიწვოვანი სახეობის ფიცარი.

    დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა  დანადგარები დალუქეს.

    ვინაიდან, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა”. – წერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

     

  • საქართველოს აშშ-სთან თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები აერთიანებს – პრეზიდენტი

    საქართველოს აშშ-სთან თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები აერთიანებს – პრეზიდენტი

    საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები აერთიანებს.

    „244 წლის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერა  დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე. ეს დღე ნებისმიერი ერის ისტორიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, არა მხოლოდ სიმბოლიკით, არამედ მატარებელია იმ ღირებულებების, რომლის ირგვლივაც ერი ერთიანდება.

    ეს ღირებულებები მთელმა მსოფლიომ იცის, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია – ეს არის ის ღირებულებები, რომლებიც ასევე გვაერთიანებს ამერიკასთან და რომელსაც ვიზიარებთ სრულიად. ეს ღირებულებები, რომლებიც ჩვენ ჩავწერეთ ყველა ჩვენს კონსტიტუციაში დამოუკიდებლობის შემდგომ, რომლითაც მივდივართ ჩვენი განვითარების გზაზე. თითქმის 30 წლის გზაზე ამერიკა საქართველოს გვერდში დგას და მხარს უჭერს ჩვენს  ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ჩვენი სამხედროების განვითარებას, მათ როლს თუნდაც უცხო მისიებში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად. ეს არის ის ერთობლივი სოლიდარული გზა, რაც გავიარეთ აშშ-სთან ერთად“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

    სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ ვიდეოში ასევე აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიო უხილავი მტრის წინაშე იბრძვის, ამიტომ გლობალური სოლიდარობა აუცილებელია. პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა იმ ქართველებსაც, ვინც ამერიკას მეორე სამშობლოდ მიიჩნევს.

    შეგახსენებთ, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავს აღნიშნავს.

  • კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა შემოტანილია, სატვირთოს მძღოლები არიან – ეზუგბაია

    კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა შემოტანილია, სატვირთოს მძღოლები არიან – ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გაანცხადა, რომ კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან ყველა შემოტანილია და ისინი სატვირთო მანქანის მძღოლები არიან.

    მისივე თქმით, ინფექციური საავადმყოფოს პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძმისაა.

    „მათგან ერთი ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდა. მისი მდგომარეობა არაა მძიმე. ჩატარებული კვლელევით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება. აქამდე გვყავდა 23 პაციენტი და გაგვიხდა 24 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ ჩვენთან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ის, ალბათ, დღეს დატოვებს ჩვენს ცენტრს. ჩვენთან მყოფი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა უცვლელია: ძირითადად, საშუალო სიმძიმისა და მათზე მსუბუქი პაციენტები გვყავს“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

    მისივე ინფორმაციით, დღეისთვის კოვიდცენტრებში 106 ინფიცირებული მკურნალობს.

    საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 946 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 825 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

  • მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, მას ოპერაცია უტარდება

    მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, მას ოპერაცია უტარდება

    მე-6 სართულიდან გადმოვარდნილ 3 წლის ბავშვის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, ბავშვს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

    დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე 3 წლის ბავშვი გუშინ საღამოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმოვარდა.

    შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობ

  • ქართველი ხალხის, მთავრობის და ჩემი სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს – გახარია აშშ-ს

    ქართველი ხალხის, მთავრობის და ჩემი სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს – გახარია აშშ-ს

    პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აშშ–ს დამოუკიდებლობის 244–ე წლისთავს ულოცავს.

    “ჩემთვის დიდი პატივია, დამოუკიდებლობის დღე მივულოცო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარს, ამერიკის შეერთებულ შტატებს; ეს დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, როგორც დღე, როდესაც შეიქმნა სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის და თავისუფლების სიმბოლოა ყველასთვის, ვინც ამ ღირებულებებს იზიარებს”,– ამბობს გახარია.

    პრემიერი აცხადებს, რომ მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, აშშ–ს კი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

    გახარია აზრით, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა, მთავრობა კი ყველაფერს გააკეთებს ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად.

    „ჩვენ მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიეთ საკვანძო სფეროებში და უმაღლეს დონეზე ავიყვანეთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის კუთხით. ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები დღითიდღე ძლიერდება. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ კიდევ უფრო დიდ პოტენციალს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოიზიდოს მეტი ამერიკული ინვესტიცია და კომპანია საქართველოში. უხილავ მტერთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოში გვაქვს გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვასთან, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასთან, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვასა და ეკონომიკის აღორძინებასთან. ამიტომაც ვიცით, რომ არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, ჩვენ უნდა შევძლოთ ამ საფრთხეებთან გამკლავება“, – თქვა პრემიერმა.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მხარდაჭერისა და გაწეული ძალისხმევისთვის მადლობას უხდის აშშ-ის ახალ ელჩ კელი დეგნანს და საელჩოს მთელს გუნდს.

    „წელს საქართველოში ამერიკის ახალი ელჩი გვყავს. მადლობას ვუხდი გაწეული ძალისხმევისთვის ქალბატონ კელი დეგნანს, ასევე ამერიკის საელჩოს მთელს გუნდს. საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთმანეთის სანდო და საიმედო სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან. დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევებით სავსე დროს ჩვენს ერებს შორის კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება. ქართველი ხალხის, საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – აცხადებს გიორგი გახარია.