Category: ახალი ამბები

  • გუშინ ღამით გაქურდეს ბინა, რომელშიც დედაჩემი ცხოვრობს – ანა დოლიძე

    გუშინ ღამით გაქურდეს ბინა, რომელშიც დედაჩემი ცხოვრობს – ანა დოლიძე

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ გაქურდეს, ბინა რომელშიც დედამისი ცხოვრობს. დოლიძის ინფორმაციით, ბინა მის სახელზეა გაფორმებული.

    “ბინა სადაც დედაჩემი ცხოვრობს გაქურდეს გუშინ ღამე. ზუსტად რას ეძებდნენ პენსიონერი ქალის ერთოთახიან ბინაში გაუგებარია. ბინა რეესტრშიც და დეკლარაციაშიც ჩემ სახელზეა [გაფორმებული]”,– წერს დოლიძე და სოციალურ ქსელში ბინის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

    ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება.

  • ავსტრიაში ჩეჩენი ბლოგერი მოკლეს, რომელიც კადიროვს აკრიტიკებდა

    ავსტრიაში ჩეჩენი ბლოგერი მოკლეს, რომელიც კადიროვს აკრიტიკებდა

    ავსტრიაში ჩეჩენი ბლოგერი, მამიხან უმაროვი მოკლეს. Кавказ.Реалии-ს ინფორმაციით, მკვლელობა ვენიასთან ახლოს მდებარე ქალაქში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მოხდა.

    უმაროვი “იუთუბზე” რამზან კადიროვს აკრიტიკებდა. საზოგადოებისთვის ასევე ცნობილი იყო სახელით”ანზორი ვენიდან”. ბლოგერი რუსულ სპეცსამსახურებს ამხელდა და აცხადებდა, რომ ევროპაში პოლიტიკურად დევნილებსა და ჩეჩენ სეპარატისტებზე თავდასხმების უკან რუსული დგას. მან ავსტრიას პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა. ის ავსტრიაში პოლიტიკურ თავშეფასარს ითხოვდა.

    მისი სავარაუდო მკვლელი ვერცხლისფერი მანქანით გადაადგილდებოდა. ევროპაში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლის თქმით, თავდამსხმელი ჩეჩნეთიდან იყო.

    ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ჩეჩნეთის ან რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ, ქვეყნიდან გაქცეულ პირებს თავს ესხმიან. მიმდინარე წლის 26 თებერვალს შვედეთში ჩეჩენი ბლოგერის, ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობა სცადეს. ბლოგერმა თავდამსხმელი მოიგერია და პოლიციას გადასცა. აბდურახმანოვმა ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც თავმდამსხველიც ჩანს. მას სისხლი სდის, აბდურახმანოვს კი ჩაქუჩი უჭირავს, რომლითაც, როგორც თავად ამბობს უცნობი კაცი მოკვლას უპირებდა.

    2019 წლის აგვისტოში გერმანიაში მოკლეს საქართველოს მოქალაქე, პანკისში მცხოვრები ზელიმხან ხანგოშვილი. გერმანიის პროკურატურის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა.

    გარდა ამისა, საქართველოში დააკავეს ინგუში წარმომავლობის პირი, რომელსაც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობას ედავებიან. როგორც მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

     

  • ენგურში 4 ქალს ეძებენ, რომლებიც აფხაზეთიდან გადმოსვლას მდინარის გადმოლახვით ცდილობდნენ

    ენგურში 4 ქალს ეძებენ, რომლებიც აფხაზეთიდან გადმოსვლას მდინარის გადმოლახვით ცდილობდნენ

    მდინარე ენგურში 4 ქალი დაიკარგა, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოვლას მდინარე ენგურის გადმოლახვით ცდილობდნენ.

    გავრცელებული ინფორმაციით, გაუჩინარებული ქალბატონებიდან, ორის ცხედარი ნაპოვნია, 2–ს კი ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო ღონისძიებები ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

    ადგილობრივები “მთავარ არხთან” საუბრისას ამბობენ, რომ ქალბატონები სიგარეტის გამოსატანად გალის რაიონში იმყოფებოდნენ. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილების ცხედრები ოკუპირებულ სოფელშია დასვენებული.

    მომხდართან დაკავშირებით ქართული მხარე ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს და ფაქტსაც არ ადასტურებს.

  • სუს-ი ადასტურებს, რომ ოკუპანტებმა სამეგრელოდან 21 წლის ბიჭი გაიტაცეს

    სუს-ი ადასტურებს, რომ ოკუპანტებმა სამეგრელოდან 21 წლის ბიჭი გაიტაცეს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ სამეგრელოში, სოფელ რიყედან 21 წლის ახალგაზრდა კაცი გაიტაცეს.

    სუს-ში ამბობენ, რომ ცხელი ხაზი ამოქმედებულია და აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

    21 წლის ბიჭის გატაცების შესახებ ინფორმაცია 4 ივლისს გავრცელდა.

  • რა წესები უნდა დავიცვათ ზღვის სანაპიროზე – ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

    რა წესები უნდა დავიცვათ ზღვის სანაპიროზე – ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

    ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ზღვის სანაპირო ზოლისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ისინი ეხება როგორც დამსვენებლებს, ისე ადგილზე დასაქმებულ ადამიანებს და სავაჭრო ობიექტებს.

    1. პლაჟის ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
    2. მიზანშეწონილია, განისაზღვროს სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები. ასევე განიხილეთ პლაჟების ზონებად დაყოფის შესაძლებლობა.
    3.  უზრუნველყავით სანაპირო ზოლის დასუფთავება ნარჩენებისგან პერიოდულად, ერთჯერად პარკებში, საიდანაც დახურული სახით მოხვდება ნაგავსაყრელ ყუთებში.
    ვალდებულებები საპლაჟო ინფრასტრუქტურისთვის (საზღვაო ტრანსპორტი, შეზლონგი/ქოლგა, სკუტერი, ველოსიპედი და სხვ)
    • უზრუნველყავით დასაქმებულ პირთა თერმოსკრინინგი, რათა სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების შემთვევაში აღრიცხეთ და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;
    • უზრუნველყავით დასაქმებულები სულ მცირე 60%-70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებებით;
    • უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარისსწორებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენეთ ხელთამანები;
    • დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე);
    • აკრძალეთ შეზლონგებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება;
    • წყლის ტრანსპორტის – სკუტერის, ველოსიპედის, ნავის, ასევე შეზლონგის, ქოლგის და სხვა ატრიბუტის გამოყენების შემდგომ, უზრუნველყავით მათი დეზინფექცია სათანადო წესით;
    • დახურული სივრცის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
    მოთხოვნები ღია სივრცეში განთავსებული საშხაპეებისა და საპირფარეშოებისათვის
    • ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით სანიტარიული კვანძების და საშხაპეების დალაგება/დასუფთავება/დეზინფიცირება ხდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 2-საათიანი ინტერვალებით;
    • სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეგისტრირებული საშუალებები;
    • სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმიისა და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი ობიექტის ვიზიტორებისა და იმ პერსონალისთვის, რომელთა საქმიანობა არ უკავშირდება მათ გამოყენებას.

    დამლაგებლის ეკიპირებისა ასეთი უნდა იყოს: ნიღაბი, ერთჯერადი ხალათი, სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი), თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი).

    დასაქმებულთა ვალდებულებები:
    • დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
    • სამუშაოს შესრულებისას სრულად გამოიყენეთ ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც დამსაქმებელმა მოგაწოდათ;
    • სამუშაოს დასრულების შემდეგ სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ ის ადგილები და ხელსაწყოები, რომლებსაც იყენებთ მუშაობისას;
    • ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ ხშირად;
    • გამოიყენეთ სულ მცირე 60-70%-იანი სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გამშრალებას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
    • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება.
    მოთხოვნები ვიზიტორთა მიმართ:
    • დაიცავით ამ რეკომედაციით განსაზღვრული და ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული წესები.
    • დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი.
    • გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში.
  • ოზურგეთში გატაცებასა და ცემაში ერთ-ერთი ბრალდებული ჭიდაობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონია

    ოზურგეთში გატაცებასა და ცემაში ერთ-ერთი ბრალდებული ჭიდაობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონია

    ოზურგეთში დაკავებული 5 ადამიანიდან, რომლებსაც ბრალად ედებათ გატაცება და ფიზიკური ძალადობა, ერთერთი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ვიცეჩემპიონი იური ლომაძეა.

    ბრალდებულია მისი ძმაც, ფეხბურთელი ლუკა ლომაძე და კიდევ სამი პირი. მათ მოქალაქე იძულებით გაიტაცეს ოზურგეთის რაიონის, სოფელ ბოხვაურში და მიტოვებულ სახლში ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული სპორტსმენების ახლობლის შეყვარებულია, ძალადობის მიზანი კი შურისძიება იყო.

    ნაცემი და ნაწამები ახალგაზრდა ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა.

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • არჩევნების მოგების შანსი მაღალი გვაქვს, რადგან მაღალია ხალხის ნდობა ჩვენს მიმართ – სუბარი

    არჩევნების მოგების შანსი მაღალი გვაქვს, რადგან მაღალია ხალხის ნდობა ჩვენს მიმართ – სუბარი

    პრემიერი გიორგი გახარიას მრჩეველი სოზარ სუბარი ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი მაღალი აქვს, რადგან პარტიას ხალხის მაღალი ნდობა აქვს.

    “არჩევნების მოგების შანსი ჩვენ გვაქვს მაღალი იმის გამო, რომ მაღალია ხალხის ნდობა ჩვენს მიმართ და ეს ყველა გამოკითხვით დასტურდება”,– ამბობს სოზარ სუბარი და აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ პროპორციული სისტემის მესამე კენჭისყრაში არმონაწილებით დაკარგა შანსი, რომ თუნდაც “სერიოზული წარმომადგენლობით იყვნენ პარლამენტში.”

    სუბარის თქმით, “ორი ნაციონალური მოძრაობა” ის დესტრუქციული ძალაა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ცვლილებები ჩავარდნილიყო.

    მისივე განცხადებით, საზოგადოებამ შეიძლება ახალი ძალის ძებნა დაიწყოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღირსეული ოპოზიციის გამოჩენა.

    “თუ ეს გამოიწვევს იმასაც, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ჩვენ არ გვენდობა და ეძებენ რაღაც ძალებს, საბოლოოდ დაინახავენ, რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“ და დაიწყებენ სხვა პოლიტიკური ძალების ძებნას, ესეც შეიძლება, კარგი პროცესი იყოს, რადგან, იქნებ დადგეს დღე, როცა გამოიკვეთება მართლაც ღირსეული ოპოზიციაც, რომელიც ქვეყნის მართვაშიც მიიღებს მონაწილეობას და მუდმივად ქვეყნის წაქცევაზე არ იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა სოზარ სუბარმა იმედის ეთერში.

  • თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდებათ

    თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდებათ

    ხვალ, 6 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

    მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), კომკავშირის ხეივნის, ბოტანიკურის, ასათიანის, გუდიაშვილის, პუშკინის, ვაჩნაძის, მანჯგალაძის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, თაბუკაშვილის, სანაპიროს, ორთაჭალის და წინანაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, ბადაგის, წითლანაძის, საბატონოს და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი

    11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურჯაანის, მარტყოფის, ნასაკირალის, აბულაძის, ირბახის და წურწუმიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მაიკოვსკის და ყიფიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ატენის, ნინო ჟვანიას, შატბერაშვილის და რამიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიორგი ბრწყინვალეს და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი

    11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

  • დავაკავეთ 5 პირი, რომლებმაც ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცეს და სცემეს – შსს

    დავაკავეთ 5 პირი, რომლებმაც ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცეს და სცემეს – შსს

    სამართალდამცველებმა თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ოზურგეთში ხუთი პირი დააკავეს. 1996 წელს დაბადებული ი.ლ., 2001 წელს დაბადებული ლ.ლ., 1996 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული მ.ბ და 1992 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ”,- წერია შსს–ს განცხადებაში.

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • 6 ივლისს საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

    6 ივლისს საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

    საქართველოს 2020 წლის 6 ივლისს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ვიზიტით ეწვევა.

    ის პირველი ოფიციალური პირია, ვინც პანდემიის დაწყების შემდეგ ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვა.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტისას უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლების მინისტრებთან.

    დავით ზალკალიანი უნგრელ კოლეგას საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს. მინისტრები განიხილავენ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, შეხვედრის დასრულების შემდგომ გაკეთდება მინისტრების ერთობლივი განცხადება.

    უწყების ინფორმაციით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესაც ესტუმრება.