Category: ახალი ამბები

  • შესაძლოა, საზღვრის გახსნის შემთხვევაში, შემოსავალი არ გაგეზარდოთ და შეგიმცირდეთ – მაჭავარიანი მეწარმეებს

    შესაძლოა, საზღვრის გახსნის შემთხვევაში, შემოსავალი არ გაგეზარდოთ და შეგიმცირდეთ – მაჭავარიანი მეწარმეებს

    “შესაძლოა, საზღვრის გახსნის შემთხვევაში, შემოსავალი არ გაგეზარდოთ და შეგიმცირდეთ”- ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა “იმედის” ეთერში გააკეთა და მეწარმეები ეკონომიკის მოსალოდნელ კლებაზე გააფრთხილა.

    “მინდა ყველა ქართველ მეწარმეს ვუთხრა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ გახსნის შემთხვევაში მას მოემატება შემოსავლები, ცდებიან იმიტომ, რომ გახსნის შემთხვევაში, იქნება ძალიან მცირედი ნაკადი ტურისტების. ეს საკმარისი იქნება კოვიდის გასავრცელებლად, მაგრამ არასაკმარისი ეკონომიკისთვის, რამე მატერიალური სიკეთე რომ მოიტანოს.  ჩვენ დღეს გვაქვს სერიოზული პრობლემა ეკონომიკაში და ჩვენი ეკონომიკა მინუსდება, როგორც მთელ მსოფლიოში. სავარაუდოდ, -6%-ზე ავა, მაგრამ უკონტროლო გახსნის შემთხვევაში -7%, -8% იქნება, ჩვენ დათვლილი გვაქვს.

    შეიძლება ეს არ იყოს დიდი გავრცელება და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით კატასტროფა, შეიძლება ჩვენმა ჯანდაცვამაც გაუძლოს და სიკვდილიანობაც დაბალი იყოს, მაგრამ ის, რომ თითო-ოროლა შემთხვევა იქნება აჭარაში, კახეთში ან სხვაგან, ქართული შიდა ტურიზმის სენტიმენტებსაც ისე დააქვეითებს, როგორც ეს არის მსოფლიოში დაქვეითებული.

    ეს ნიშნავს სინამდვილეში რას შიდა მეწარმისთვის, ვისაც აქვს რესტორანი, კაფე, პატარა საასტუმრო რეგიონში და ა.შ.? ეს ნიშნავს იმას, დღეს რა შემოსავალიც აქვთ, რამდენი კლიენტიც და სტუმარიც შედის, შეიძლება, იმაზედ ნაკლები მიიღონ. უყურეთ რა პარადოქსია. შეიძლება ვინმე შეგვედავოს, რომ კონტრინტუიტიურია ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ ასეა.”- განაცხადა მაჭავარიანმა.

  • ბავშვებს როგორც საგანს ისე უყურებთ – კარანტინში იძულებით  მოთავსებული ბავშვის  დედა სასამართლოს მიმართავს

    ბავშვებს როგორც საგანს ისე უყურებთ – კარანტინში იძულებით მოთავსებული ბავშვის დედა სასამართლოს მიმართავს

    უფლებადამცველი ანა არგანაშვილი 11 წლის შვილთან ერთად თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში კარანტინში იმყოფება. როგორც 11 წლის მოზარდის დედა აცხადებს კარანტინში ბავშვისთვის შესაბამისი პირობები არ არის რის გამოც თვითიზოლაციაში გადაყვანის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

    დედამ თვითიზოლაციაზე შესაბამისი მოთხოვნა მანამდე დაწერა სანამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნდებოდა, თუმცა საზღვრიდან დედა-შვილი პირდაპირ კარანტინში გადაიყვანეს, სადაც ბავშვისთვის არც შესაბამისი კვება და არც შესაბამისი სივრცეა. ანა ასევე აცხადებს იმასაც რომ ის ერთადერთი არ არის ასეთი პრობლემით და მსგავს მდგომარეობაში არიან სხვა მშობლებიც. არგანაშვილის თქმით, საკარანტინო სივრცეში ბავშვის უფლებები დარღვეულია, რის გამოც მან  სასამართლოს უკვე მიმართა.

    “ოთახში არ მაქვს რაიმეს გაკეთების საშუალება. ფაფა რომ მოვუხარშო, მაგის საშუალებაც არ მაქვს. ხომ არ შეიძლება, ბავშვმა 14 დღე ჭამოს ძეხვი და სოსისი, დავუშვათ ხო? ბავშვს უნდა ფაფა. და კიდევ უარესი – სარეცხს ვერ ვრეცხავ. ხელსაბანში ვერ გავრეცხავ სარეცხს, პატარაა. ელემენტარულად, ხო შეუძლიათ შეიმუშავონ სტანდარტი, რომ, როდესაც არის ბავშვი, ამ ასაკამდე სჭირდებათ სივრცე. მე ასეთი არჩევანი დამიყენეს, რომ სამ ადამიანზე ან ორი საწოლი, ან სამი. ეს არ არის არჩევანი. ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ბავშვები არ აინტერესებთ”, – განაცხადა ანა არგანაშვილმა.

    ” სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩემი შუამდგომლობები უზრუნველყოფაზე და სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, დატოვა ბავშვი კანონის დარღვევით იზოლაციაში. ხარვეზის შევსებას ითხოვს და ამასობაში გავიდა კარანტინის ვადა.

    მიზეზი: წარმოდგენილი უნდა იქნას
    გასაჩივრებული აქტი და მიეთითოს აქტის რეკვიზიტები.

    ალბათ, ვერ მიხვდა სასამართლო, რომ ერთ ოთახში ვარ გამოკეტილი, არანაირი აქტი არ ჩამბარებია, არავინ მეკონტაქტება, ტელეფონზე არ მპასუხობენ, უამრავ იმეილს ვაგზავნი და არავინ მპასუხობს ჯანდაცვის სამინისტროდან. აქტი კი არა, ბავშვისთვის ადეკვატური საკვების მოპოვებას ვცდილობ.

    გასაგებია, რომ არავის გამოგიცდიათ რა არის თავისუფლების შეზღუდვა და აქედან რამის გასაჩივრების მცდელობა. წარმოდგენა ხომ მაინც შეიძლება: გამოკეტილი ვარ, დისტანციურად აქტს არ მაძლევენ და ზუსტდ მაგას ვასაჩივრებ. ხომ ვერ გავალ ძალით და მივალ სამინისტროში აქტის მოსათხოვად.

    ბავშვმა მითხრა: შენ ჩემი უფლებები ვერ დაგიცავს, სხვა ბავშვებს როგორ დაიცავ.

    რა აქტი, რა აქტი…”- წერს ანა სოციალურ ქსელში.

    ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა ქალთა მოძრაობამაც.

    ” კარანტინში არ არის გათვალისწინებული ბავშვისთვის შესაფერისი პირობები: ბავშვებს არ აქვთ სამოძრაო სივრცე, მთელი დღის განმავლობაში იძულებულები არიან იყვნენ უმოძრაოდ. ბევრ ბავშვს დახურულ და პატარა სივრცეში ეწყება ფსიქოლოგიური პრობლემები, რომელიც გამოხატულია დეპრესიული ფონით, შფოთვები, გაღიზიანებადობით; ეს თავის მხრივ ამძიმებს მშობლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც. კარანტინში განთავსებამდე, არ ხდება ბავშვებთან ან მათ მშობლებთან გასაუბრება და მათი საჭიროებების შეფასება, შესაბამისად, არ ხდება ბავშვზე ორიენტურებული გადაწყვეტილების მიღება.ამასთან არ არის გათვალისწინებული ბავშვთა კვება; მშობლებს ხელი არ მიუწვდებათ ბავშვის მოვლის და ჰიგიენის ძირითად საშუალებებზე. დამატებით, დაფიქსირდა შემთხვევები დედებზე ზეწოლისა, რათა მათ საჯაროდ არ ისაუბრონ კარანტინში შექმნილი პრობლემების შესახებ.

    აქვე ვეხმიანებით უფლებადამცველი ანა არგანაშვილის შემთხვევას, რომელიც არასრულწლოვან შვილთან ერთად ამჟამად კარანტინში იმყოფება და მეექვსე დღეა უშედეგოდ ცდილობს გაასაჩივროს თვითიზოლაციაში გადასვლაზე უარი. როდესაც კვალიფიციური იურისტი და უფლებადამცველი ქალი ვერ ახერხებს საკუთარი შვილის უფლებების ეფექტურ დაცვას და მასაც კი თხოვენ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების წაშლას, წარმოგვიდგენია, რა მდგომარეობაში არიან სხვა დედები, რომლებსაც არ აქვთ სპეციალური ცოდნა. ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა კოვიდის დროს განსაკუთრებით მოუწოდება ქვეყნებს იზრუნონ ბავშვთა ფსიქო-ემოციურ უსაფრთხოებაზს და მაქსიმალურად გამოიყენონ ღონისძიებები მათთვის ზიანის შესამცირებლად. ქალთა მოძრაობა მოითხოვს აღნიშნული რეკომენდაციის შესრულებას და ანა არგანაშვილის და სხვა მშობლების მოთხოვნის დაუყოვნებლივ შესწავლას თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ და მთავრობას მოუწოდებს ბავშვთა ფუნდამენტური უფლებების დაცვისკენ მათი ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით. “- ნათქვამია განცხადებაში.

    არასრულწლოვნების კარანტინში მოთავსებას ბრიფინგის დროს გამოეხმაურა პრემიერმინისტრის სპიკერი, ირაკლი ჩიქოვანი. როგორც მან განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან მიღებულია ზომები, რომ ოჯახები ადეკვატურ ფართებში განთავსდნენ.

    ჩიქოვანის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ ოპერაციულ შტაბს დაევალა, რომ არასრულწლოვნების კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებით დამატებითი რეკომენდაციები შემუშავდეს. დეტალებზე მას არ უსაუბრია

    ირაკლი ჩიქოვანის განცხადებას, კი ანა არგანაშვილი სოციალურ ქსელში პასუხობს :

    “დღეს მთავრობის პრესსპიკერს ირაკლი ჩიქოვანს უთქვამს პრესკონფერენციაზე რომ არასრულწლოვნის განთავსება იძულებით კარანტინში ხდება ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით. ეს არის მცდარი ინფორმაცია:

    -ბავშვს არ ელაპარაკებით განთავსებამდე.
    -მშობელს არ ეკითხებით ბავშვის საჭიროებების შესახებ.
    – არაფერს ამოწმებთ. არც კი ნახულობთ ბავშვს, ისე იღებთ გადაწყეტილებას.
    -კარანტინში ერთხელაც არ მოიკითხავთ ბავშვს.
    – ერთხელაც არ ამოწმებთ იქნებ, რა მდგომარეობაში ჰყავს მშობელს? იქნებ ბავშვი ძალადობის მახვერპლია და უნდა ვინმეს დაუკავშირდეს, იქნებ ბავშვს აღარ შეუძლია გაძლება და უნდა პირობები შეუცვალოთ.

    ბავშვებს როგორც საგანს ისე უყურებთ და ზუსტად ამას ვასაჩივრებ სასამართლოში.ძალიან სამწუხაროა ასეთი მიდგომა ბატონო ირაკლი, თქვენგან მეტის მოლოდინი მქონდა.”- წერს ანა არგანაშვილი.

  • სასულიერო პირი ეროვნულ გამოცდებს აბარებს

    სასულიერო პირი ეროვნულ გამოცდებს აბარებს

    2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებიდღეს, დილის 9 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. აბიტურიენტებს შორის იყო სასულიერო პირიც რომელიც გამოცდის ჩასაბარებლად მივიდა. მისი თქმით სტუდენტობის დროს შექმნილი პრობლემების გამო სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ახლა აბარებს გამოცდებს. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

    „ადრე, სადაც ვსწავლობდი, გარკვეული პრობლემების გამო, სწავლის გაგრძელება ვეღარ შევძელი და ეროვნული გამოცდები ჩავაბარე ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რათა ძველ ფაკულტეტზე აღმადგინონ. აღდგენის შემდეგ, სასულიერო სემინარიაში გადავიტან საბუთებს და სწავლის გაგრძელებას შევძლებ. ძალიან კომფორტული და თბილი გარემო იყო, გამოცდა იდეალურად ჩატარდა.“ – განაცხადა მამა ილიამ “პრაიმტაიმთან” საუბრისას

     

     

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    ლარი კვლავ გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0532 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0532 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0465 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0067 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4477 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4221 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0256 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • აბიტურიენტთა ნაშრომები გასწორებამდე კარანტინს გაივლის

    აბიტურიენტთა ნაშრომები გასწორებამდე კარანტინს გაივლის

    აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორებამდე პასუხების ფურცელი რამდენიმე დღით კარანტინში მოთავსდება. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, ნაშრომების გასწორება გამოცდის დასრულებიდან 3-4 დღის შემდეგ დაიწყება.

    ერთიანი ეროვნული გამოცდები დრეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და ის 25 ივლისს დასრულდება.

  • დედის მიერ 9 წლის შვილის ცემის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

    დედის მიერ 9 წლის შვილის ცემის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

    ფაქტის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ 9 წლის მოზარდზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდებოდა,-ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელმა ცისანა ჩიკვაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    მისი ინფორმაციით, 9 წლის მოზარდს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დაზიანებები აღენიშნებოდა, იგი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ოჯახში კიდევ ორი ბავშვი ცხოვრობს, რომელთა მდგომარეობას სოციალური მომსახურების სააგენტო სწავლობს.

    “ბათუმის პოლიციის ერთ-ერთმა განყოფილებამ მოგვმართა არასრულწლოვანის მიმართ განხორცილებულ ძალადობასთან დაკავშირებით, სოცმუშაკის მიერ დაფიქსირდა ფიზიკური და ფსიქოლოგიურ ძალადობა ბავშვზე, ჩვენმა სოცმუშაკმა ითანამშრომლა პოლიციის თანამშრომლებთან, ბავშვს ჩაუტარდა ექსპერტიზა, იგი უსაფრთხო ადგილზეა. ოჯახში კიდევ ორი არასრულწლოვანი იმყოფება და საჭიროა ამ ბავშვების მდგომარეობის შესწავლა და შემთხვევის მართვა, შემდეგ დაიგეგმება კიდევ ორი არასრულწლოვანის ბედი. ჩვენ მეტად ჩართული ვიქნებით. სამედიცინო ჩარევა ბავშვს არა დაზიანების, არამედ ემოციურ ფონზე დასჭირდა. სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჰქონდა ტრავმები. პოლიციას დედის ახლობელმა მიმართა”,- აცხადებს ცისანა ჩიკვაიძე.

    მომხდარ ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს. ბავშვის დედა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ქალი დაკავებული არ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

  • რა დაზიანებები ჰქონდა გორგი შაქარაშვილს ცხედარს – ახალი დეტალები

    რა დაზიანებები ჰქონდა გორგი შაქარაშვილს ცხედარს – ახალი დეტალები

    მარჯვენა ხელის მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობები – ტუჩზე, შუბლის მარჯვენა მხარეს და წელზე – ეს დაზიანებები გიორგი შაქარაშვილის ცხედარს აღენიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.ცხედარი მდინარე არაგვში ფეხშიშველ მდგომარეობაშია ნაპოვნი.

    დამოუკიდებელი ექსპერტის ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, სიცოცხლის დროინდელია თუ არა დაზიანებები მხოლოდ ფოტომასალით რთული სათქმელია.

    “ნაპოვნის ადგილზე გარეგანი დათვალიერებისას შედგა პროტოკოლი. პროტოკოლის მიხედვით, აღენიშნება დაზიანებები. შესაბამისად, იმის გათვალისიწინებით, რომ ტანსაცმელი მოსვრილია ქვიშით, ცალსახად მსჯელობა თუ რა დაზიანებებია და სიცოცხლის დროინდელია თუ არა, მარტო ამ ფოტომასალით ძნელი სათქმელი იქნება. უფრო ღირებული ინფორმაცია გვქონდა მაშინ, როდესაც სხეული გადაიტანეს პროზექტურაში, მაშინ მოხდა სხეულის გასუფთავება და დაზიანებები უფრო ნათლად გამოჩნდებოდა”,- განაცხადა ექსპერტმა “ტვ პირველთან”

  • მამაკაცმა მეუღლე მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა – სურამში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

    მამაკაცმა მეუღლე მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა – სურამში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

    სურამში ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე ქორწინებიდან 14 წლისთავზე, სამი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოკლა.ბრალდებული ილია ქურდაძე დანაშაულს აღიარებს.

    მამაკაცი უკვე დაკავებულია და ამ დროისთვის, გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ითვალისწინებს.

    მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ მოკლული 31 თაკო რუსიას ნათესავებსაც, რომელთა თქმით, მეუღლეები ერთად 14 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და კონფლიქტრები არ ჰქონდათ. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ილია ქურდაძე ბოლო პერიოდში ხშირად სვამდა და სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის მომენტშიც ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო.

    ინციდენტი გუშინ, დაახლოებით ღამის 4 საათზე მოხდა. ილია ქურდაძემ მის სახელზე რესგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი რამდენჯერმე ესროლა მეუღლეს. ფაქტს, სავარაუდოდ, მათი შვილებიც შეესწრნენ, რადგან ისინი ამ მომენტში სახლში იმყოფებოდნენ.

    სახლში, სადაც მკვლელობა მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტები შვიდ საათზე მეტხანს მუშაობდნენ. დაკავებულ ბრალს სავარაუდოდ დღის განმავლობაში წაუყენებენ და შემდეგ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გორის რაიონული სასამართლო იმსჯელებს. ილია ქურდაძეს გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლს ედავება.

  • ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და მათ სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს

    ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და მათ სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს

    ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და მათ სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს.

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს.

    საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ან აღნიშნულ გამოცდებზე დარეგისტრირების მიუხედავად ვერ მოიპოვებენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას, შესაძლებლობა აქვთ, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით ჩაირიცხონ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღონ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა.

    ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

    აღნიშნული პირობებით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების მსურველთა რეგისტრაციას უზრუნველყოფენ ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

  • მარტივად გაიყიდნენ – როგორც კი უბნებთან 25-მეტრიანი რადიუსის დაწესებაზე მემორანდუმი შევთავაზეთ, მოთხოვნაზე უარი თქვეს – კობახიძე ოპოზიციაზე

    მარტივად გაიყიდნენ – როგორც კი უბნებთან 25-მეტრიანი რადიუსის დაწესებაზე მემორანდუმი შევთავაზეთ, მოთხოვნაზე უარი თქვეს – კობახიძე ოპოზიციაზე

    მარტივად გაიყიდნენ – როგორც კი უბნებთან 25-მეტრიანი რადიუსის დაწესებაზე მემორანდუმი შევთავაზეთ, მოთხოვნაზე უარი თქვეს – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბნებთან 25-მეტრიანი რადიუსის დაწესებასთან და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციისთვის მემორანდუმის შეთავაზებასთან დაკავშირებით განაცხადა.

    “ძალიან მარტივია ის, თუ რატომ გასცეს ასეთი პასუხი “ნაცმოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა ჩვენს შეთავაზებას. ისინი პირველები იყვნენ ყოველთვის, ვინც იკავებენ რადიუსს საარჩევნო უბანთან. შესაბამისად, მათ ინტერესში რომ არ შედიოდა რადიუსი, ეს თავიდანვე ჩანდა. ჩვენ გავაკეთეთ საჯარო შეთავაზება, თუმცა ამაზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი. ლოგიკურია ის, რომ მათ ინტერესშია ის ვითარება, რომელიც არის საარჩევნო უბნების გარშემო. ბუნებრივია, ამ ინფორმაციას მივაწვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც იმიტომ, რომ ჩვენ მანამდე ვეუბნებოდით მათ, რომ სწორედ “ნაცმოძრაობა” უშლიდა ხელს 25-მეტრიანი წესის დაცვას და ეს ძალიან მარტივად გამოაშკარავდა იმ პასუხებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ.

    ძალიან მარტივად გაიყიდნენ. მათი მოთხოვნა იყო თითქოს 25-მეტრიანი რადიუსის დაწესება და ამ რადიუსის შიგნით ადამიანების დგომის აკრძალვა, მაგრამ როგორც კი შევთავაზეთ მემორანდუმის გაკეთება ამასთან დაკავშირებით, მაშინვე თქვეს უარი. ხშირად ისინი აყენებენ ისეთ მოთხოვნებს, რომლებსაც თვითონაც ეწინააღმდეგებიან და ძალიან მარტივი “ტრიუკით” ეს მათი ჩანაფიქრი გამოვავლინეთ. მზად ვართ, რომ დავიცვათ 25-მეტრიანი რადიუსის წესი და ვურჩიოთ ჩვენს აქტივისტებს და მივცეთ მითითება, რომ არ დადგნენ 25-მეტრიან რადიუსში, თუმცა გამოამჟღავნეს უკვე “ნაცმოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა, რომ სწორედ ისინი ეწინააღმდეგებიან ასეთი წესის დადგენას”, – განაცხადა კობახიძემ.