Category: ახალი ამბები

  • შაქარაშვილის საქმეს, შესაძლოა, კვალიფიკაცია შეეცვალოს და ბრალდება დამძიმდეს -შსს

    შაქარაშვილის საქმეს, შესაძლოა, კვალიფიკაცია შეეცვალოს და ბრალდება დამძიმდეს -შსს

    გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შესაძლოა, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბოცვაძემ განაცხადა.

    მისი თქმით, საქმის მოცულობისა და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების ინტენსივობის გათვალისწინებით, საქმეზე გაფართოვდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად გამოძიებას განაგრძობს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

    “გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ყველა შესაძლო ვერსიაზე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება”, – განაცხადა ბოცვაძემ.

     

  • “მალე მოდით რა”-  შსს ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს აქვეყნებს

    “მალე მოდით რა”- შსს ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს აქვეყნებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს აქვეყნებს.

    ამასთან, უწყება ასაჯაროებს 112-ის ოპერატორის მიერ ბრეგაძესთან განხორციელებული ზარის ჩანაწერსაც, სადაც ოპერატორი ცდილობს ბრეგვაძის ადგილსამყოფელი დააზუსტოს.

  • აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი არის გზავნილი, რომელიც ძვირად დაუჯდება ივანიშვილს, თუ გონს არ მოვა – ბურჯანაძე

    აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი არის გზავნილი, რომელიც ძვირად დაუჯდება ივანიშვილს, თუ გონს არ მოვა – ბურჯანაძე

    “ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოაქვეყნებული კანონპროექტი, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი, სერიოზული გზავნილია, რომლითაც ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გზავნილი ძალიან ძვირად დაუჯდება ბიძინა ივანიშვილს, თუ არჩევნებს ნორმალურად არ ჩაატარებს.

    „პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში საუბარია არა დახმარების გაზრდასა და წახალისებაზე, არამედ დახმარების შეჩერებაზე, ეს მესიჯი ხელისუფლებისთვის კატასტროფული უნდა იყოს, თუ ოდნავ გონიერების ნატამალი აქვთ. ვფიქრობ, რომ ივანიშვილი ამ მესიჯს ძალიან კარგად გააცნობიერებს, რადგან ეს მესიჯი ფულს ეხება და მისთვის ნათელია, რომ თუ საუბარია ქვეყნისთვის დახმარების შემცირებაზე, ასევე, შეიძლება ძალიან მოკლე ხანში სანქციები დააწესოს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ პირველ რიგში, ხელისუფლება გონს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოეგოს. არ მაქვს იმის ილუზია, რომ ხელისუფლება ჩემზე, თქვენზე, ქვეყანასა და ხალხზე იფიქრებს და გული აუჩუყდება, მაგრამ საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე უნდა მიხვდნენ, რას ნიშნავს აშშ-ს მხრიდან 15%-ით დახმარების შემცირებაზე სიტყვით და მესიჯის გამოგზავნაც კი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დიახ, ჩვენი პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ მათ არაეფექტურობაზე, ფეოდალურ მმართველობაზე, არადემოკარტიულობაზე, არჩევნებისთვის საფრთხის შექმნაზე, კორუფციასა და ასე შემდეგ, ყველა ეს პრეტენზია ხელისუფლების მისამართით აბსოლუტურად სამართლიანია. მაგრამ, თუ ხელისუფლებას შეეძლო, მეტ-ნაკლებად ოპოზიციის და საკუთარი მოსახლეობის იგნორირება, ახლა ძალიან გაუჭირდება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მესიჯის უგულვებელყოფა. ეს არის გზავნილი, რომელიც ძალიან ძვირად დაუჯდება ბიძინა ივანიშვილს თუ გონს არ მოვა, არჩევნებს ნორმალურად არ ჩაატარებს და არ უზრუნველყოფს ერთპიროვნული მმართველობის ნორმალური, სამართლიანი, მრავალპარტიული მმართველობით შეცვლას“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

    შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.

  • ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მზად არის კორონავირუსის გავრცელების ნებისმიერი ოდენობისა და ტალღისთვის – ტიკარაძე

    ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მზად არის კორონავირუსის გავრცელების ნებისმიერი ოდენობისა და ტალღისთვის – ტიკარაძე

    ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და საქართველოს მთავრობა არის მზად კორონავირუსის გავრცელების ნებისმიერი ოდენობისა და ტალღისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა.

    „არასტაბილური სტატისტიკა არის ჩვეულებრივი მოვლენა კორონავირუსის გავრცელების პერიოდში, ვინაიდან ვირუსს არ ახასიათებს წინასწარი შეთანხმებები. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და საქართველოს მთავრობა არის მზად ვირუსის გავრცელების ნებისმიერი ოდენობისთვის და ტალღისთვის. თქვენ იცით, რომ ძირითადი ინფიცირებულები ჩვენ დღესაც, ისევე, როგორც წინა პერიოდში გვყავს საკარანტინო სივრცეებიდან. აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ ეს სტატისტიკა მოსახლეობისთვის ღელვის საგანს არ უნდა წარმოადგენდეს. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს საკმაოდ გაფართოებული სამიზნე ჯგუფები და დღესდღეობით ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გაფართოებას არ ვგეგმავთ. 14 ივნისის შემდეგ ჩვენ აღარ გვქონია შიდა გადაცემის ფაქტები, აქედან გამომდინარე არის სწორედ ის გადაწყვეტილებები მიღებული, რის შედეგადაც ჩვენ ვხსნით აუზებს და ფიტნესდარბაზებს, ასევე ვაწესებთ სხვა შეღავათებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

    „დღეიდან უკვე დავიწყეთ ფიტნესკლუბების და აუზების შემოწმება. როდესაც დაიდება გარკვეული პროტოკოლები, რომელიც შემუშავებულია და მოვა შესაბამისობაში არსებულ მდგომარეობასთან, რომელიც დღესდღეობით აქვს ჩვენს აუზებს და ფიტნესკლუბებს, დაიწყება მათი ეტაპობრივი გახსნა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

  • ქვეყანას ელოდება საერთაშორისო იზოლაცია – ეს არის გზავნილი, რომელიც დღეს მივიღეთ ვაშინგტონიდან – სამადაშვილი

    ქვეყანას ელოდება საერთაშორისო იზოლაცია – ეს არის გზავნილი, რომელიც დღეს მივიღეთ ვაშინგტონიდან – სამადაშვილი

    ქვეყანას ელოდება საერთაშორისო იზოლაცია – ეს არის გზავნილი, რომელიც დღეს მივიღეთ ვაშინგტონიდან –  ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რითაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებული კანონპროექტი შეაფასა, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი.

    „ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ქვეყანაში გვაქვს უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და მსოფლიოში არის ასევე უმძიმესი კრიზისი, ამ ფონზე ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობა ფაქტობრივად, საფრთხეს უქმნის იმას, რაზეც ჩვენ დღეს ბევრად უფრო მეტად ვართ დამოკიდებული, ვიდრე ოდესმე. მე მინდა ვთქვა, რომ 30-წლიანი ურთიერთობების ისტორიის მანძილზე საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოსა და აშშ-ს შორის მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირად მოგვისმენია კრიტიკა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მეგობრებისგან და სტრატეგიული მოკავშირეებისგან. ეს ხდება იმიტომ, რომ იმ სრულიად უპრეცედენტო კორუფციის მასშტაბმა, რომელიც ქვეყანაში ივანიშვილმა დაამყარა, შეუძლებელი გახადა დახმარების მიტანა ადამიანებამდე. კორუფცია ჭამს ჩვენს ქვეყანაში ჩვენს მომავალს და ასევე, ჭამს იმ დახმარებას, რომელსაც ჩვენი მეგობრები ჩვენი ქვეყნისთვის გამოყოფენ. ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულება და მისი გასტუმრება მშვიდობიანი არჩევნების გზით არის სიკვდილ-სიცოცხლისთვის ბრძოლის საქმე. ჩვენ ან დავამარცხებთ ოქტომბერში ივანიშვილის კორუმპირებულ ავტოკრატიულ რეჟიმს, ან საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ელოდება უკიდურესი სიღარიბე, გაჭირვება და ქვეყანას ელოდება საერთაშორისო იზოლაცია. ეს არის გზავნილი, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ ვაშინგტონიდან“, – განაცხადა სამადაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი.

    დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით.

    კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.

  • ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინ სწავლის რეჟიმში – ტიკარაძე

    ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინ სწავლის რეჟიმში – ტიკარაძე

    ეპიდსიტუაცია თუ გართულდა ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინ სწავლის რეჟიმში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა.

    „ეპიდსიტუაცია თუ გართულდა ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინსწავლის რეჟიმში, რისი პრაქტიკაც საქართველოს უკვე აქვს. ჩვენ ვმუშაობთ კიდევ დამატებით განათლების სამინისტროსთან ერთად იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტად დავხვეწოთ ეს ღონისძიებები. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია იქნა შენარჩუნებული ისეთი, როგორც დღეს არის, აღვადგენთ სასწავლო პროცესს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

    ამასთან, მინისტრის თქმით, კვირაში 3 დღით სწავლის აღდგენაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

    „ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, აქედან გამომდინარე ჩვენ ჯერჯერობით დაველოდებით სექტემბერში აქტიურ ეპიდსიტუაციას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

  • ამერიკის კონგრესმა პირველი სანქციები დაადო საქართველოს, ეს საშინელი განაჩენია – ვაშაძე

    ამერიკის კონგრესმა პირველი სანქციები დაადო საქართველოს, ეს საშინელი განაჩენია – ვაშაძე

    „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ მმართველობით ხსნის ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ სანქციების გატარებასთან დაკავშირებული კანონპროექტის მომზადებას.

    „დღეს გამთენიისას, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი სანქციები დაადო საქართველოს. ჩვენ „ქართული ოცნების“ მავნებლური რეჟიმის მავნებლური ქმედებებიდან გამომდინარე, 15%-ით შეგვიმცირდება აშშ-დან დახმარება. ეს აღარ არის უკვე საგანგებო განცხადება, ეს არ არის გაფრთხილება, ეს არის კონკრეტული სანქციები, რომელიც დაედო საქართველოს. სამი მთავარი მიზეზი, რის გამოც დაედო ეს სანქციები: ეს არის დემოკრატიის ხელყოფა, კანონის უზენაესობა. სასამართლო არჩევნები და ა. შ. მეორე არის საქართველოში გამეფებული ტოტალური კორუფცია, განსაკუთრებით ზედა ეშელონებში და მესამე – ეს არის ინვესტიციებისა და ბიზნესის ხელის შეშლა ქვეყანაში.

    „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი – ეს არის რეჟიმი, რომელმაც ფაქტობრივად, განადგურების ზღვარზე მიიყვანა სახელმწიფო ინტერესები. ამერიკის მხარდაჭერის დაკარგვა საქართველოსთვის ნიშნავს მუდმივ ჩახრჩობას სიღარიბის ჭაობში, დემოკრატიის განვითარების ხელყოფას და ისეთივე ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას საქართველოში, როგორიცაა რუსეთის ფედერაციაში. ერთადერთი გზა, რაც ჩვენ გვაქვს არის ის, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ ამის წინააღმდეგ. მე ვაპირებ, რომ ბოლომდე შევებრძოლო რეჟიმს, რომელიც დაამყარა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში“, – განაცხადა ვაშაძემ.

    შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი.

    დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით.

    კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.

  • ინფორმაცია, თითქოს “ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რაიმე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, არის ტყუილი-  კომუნიკაციების კომისია

    ინფორმაცია, თითქოს “ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რაიმე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, არის ტყუილი- კომუნიკაციების კომისია

    ინფორმაცია, თითქოს “ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რაიმე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, არის ტყუილი, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისია აცხადებს.

    კომისია ხაზს უსვამს, რომ ეს ცვლილებები არ ეხება “მაუწყებლობის შესახებ” კანონს და შესაბამისად, კავშირი არ აქვს მედიასთან და ტელევიზიებთან.

    „კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, ცვლილებები შედის “ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონში.

    აღსრულების ეფექტური მექანიზმის შესახებ ცვლილებები კანონპროექტის მიხედვით, ეხება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს და არანაირი კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიც არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, საოპერაციო ტექნიკურ რესურსები, მთლიანად ელექტრინული კომუნიკაციებისთვის საჭირო რესურსები, რომელიც უზრუნველყოფს ფიქსირებულ ინტერნეტ და მობილურ მომსახურებებს.

    რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას, აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის თანმდევ დაზუსტებას. აღნიშნული განპირობებულია საქართველოს და ევროკავშირს შორის , ასოცირების შესახებ შეთანხმების 105-ე მუხლის მე-6 პუნქტით.

    ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტები არანაირ შემხებლობაში არ არის მაუწყებლებთან.

    ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიის პრესამსახურის განმარტება,“- აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

  • საქართველომ ჯამში COVID-19-ის 400 ათასამდე ტესტი და ხელოვნური სუნთქვის 50 აპარატი შეიძინა

    საქართველომ ჯამში COVID-19-ის 400 ათასამდე ტესტი და ხელოვნური სუნთქვის 50 აპარატი შეიძინა

    მსოფლიო ბანკის ინფორმაცით, მათი დახმარებით საქართველომ ჯამში COVID-19-ის 400 ათასამდე ტესტი და ხელოვნური სუნთქვის 50 აპარატი შეიძინა.

    „მსოფლიო ბანკის COVID-19 -ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 80 მლნ. აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ შეიძინა 250 000 PCR ტესტი და ასევე, ანტისხეულზე და ანტიგენზე დამყარებული 147 000 სწრაფი ტესტი. შეძენილი ტესტების რაოდენობა ივლისის შუა რიცხვებიდან საქართველოში COVID-19-ის გამოსავლენად, ტესტების ჩატარების გასსამმაგების საშალებას იძლევა. ამასთან ერთად, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და მედიატორობით ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებისთვის შეძენილ იქნა ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი, ისევე როგორც გადაუდებელი დახმარების ხელოვნური სუნთქვის 20 მობილური აპარატი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებისთვის. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაეცემა In Vitro სამედიცინო სადიაგნოსტიკო აღჭურვილობა.

    მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოს COVID-19-თან გამკლავებისთვის მხარდაჭერა აღმოუჩინა და ის ლიდერ პარტნიორად მიიჩნევა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით. მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის COVID-19 -ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების 80 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის პროექტი 2020 წლის 1-ლ მაისს დაამტკიცა, პროექტი პანდემიაზე მსოფლიო ბანკის სწრაფი რეაგირების პაკეტის ნაწილია (FTCF), რომელიც მთავრობას დახმარებას უწევს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით საპასუხო ღონისძიებების განხორციელებაში, ასევე, ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობისა და იმ პირთა დასახმარებლად, რომლებმაც სამუშაო პანდემიის გამო დაკარგეს“, – აღნიშნავენ მსოფლიო ბანკში.

    „ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში მსოფლიო ბანკი საქართველოს გვერდით დგას როგორც ძლიერი პარტნიორი და სწრაფი დახმარების მექანიზმის საშუალებით ქვეყანას ეხმარება ადამიანებთა სიცოცხლის გადარჩენასა და საარსებო სახსრების დაცვაში. COVID-19 -ზე რეაგირების ღონისძიებებისთვის საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსების პაკეტი 200 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბებს, რითაც მთავრობას დაეხმარება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით პანდემიის შედეგებზე რეაგირებაში; ასევე, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების დაცვასა და კრიზისით გამოწვეული ზემოქმედების ქვეშ მყოფი საწარმოების დახმარებაში, ისევე, როგორც, რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს პროგრესის შენარჩუნებაში“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა.

    მათი ცნობით, ფინანსური მხარდაჭერის გარდა, მსოფლიო ბანკი აქტიურად განაგრძობს საქართველოს მთავრობისთვის დროული საკონსულტაციო დახმარების გაწევას ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ეკონომიკური მიმართულებით საუკეთესო გლობალური პრაქტიკის გაზიარების საშუალებით, ისევე როგორც, არსებული კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში. მსოფლიო ბანკი ასევე ასრულებს შესყიდვის აგენტის როლს (კლიენტი ქვეყნების სახელით), რაც გულისხმობს გლობალურ მომწოდებლებთან პირდაპირი ოპერაციების წარმოებას სამედიცინო ტექნიკისა და მარაგების შესაძენად

  • ესტონეთი საქართველოსთან საზღვრებს ხსნის

    ესტონეთი საქართველოსთან საზღვრებს ხსნის

    6 ივლისიდან ესტონეთი საქართველოსთან საზღვრებს ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საელჩო ესტონეთში ავრცელებს. მათივე განმარტებით, საქართველოდან ესტონეთში გამომგზავრებისას პირი შენგენის ზონაში ლეგალურად შემოსვლის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

    “ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკომისიის მიერ საზღვრების ეტაპობრივი გახსნის რეკომენდაციის საფუძველზე, 6 ივლისიდან ქვეყანაში შემოსვლის უფლება ექნებათ ევროკავშირის არა-წევრი 14 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან მომავალ მგზავრებს”, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

    ესტონეთის საზღვრის გადმოკვეთისათვის აუცილებელი წინაპირობაა:

    • საზღვრის გადაკვეთისას პირს არ უნდა აღენიშნებოდეს კორონავირუსის (COVID-19) სიმპტომები;
    • პირი იმ ქვეყანაში, საიდანაც მოემგზავრება ესტონეთში, იმყოფებოდა ბოლო 14 დღის განმავლობაში (COVID-19-ის ინკუბაციისათვის საჭირო პერიოდი).
    • იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში, საიდანაც პირი შემოდის ესტონეთში, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე 16 დაინფიცირებულზე მეტია, მგზავრი დაექვემდებარება ორკვირიან სავალდებულო თვითიზოლაციას.