Category: ახალი ამბები

  • ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვას 6 წელი მიუსაჯეს, მან ბენეფიციარის გაუპატიურება სცადა

    ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვას 6 წელი მიუსაჯეს, მან ბენეფიციარის გაუპატიურება სცადა

    პროკურატურის ინფორმაციით, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელს, რომელმაც ბენეფიციარის გაუპატიურება სცადა.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 14 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელმა ვ.დ.-მ, ძალადობის გამოყენებით ბენეფიციარის გაუპატიურება სცადა”,– წერია პროკურატურის განცხადებაში.

    სამართალდამცველებმა ვ.დ. 2019 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    პროკურატურის ინფორმაციით, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ვ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

  • იმედია, ოქტომბრის არჩევნები წერტილს დაუსვამს ოლიგარქიას – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

    იმედია, ოქტომბრის არჩევნები წერტილს დაუსვამს ოლიგარქიას – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

    საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთის ეპარქიის მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი ილია ჭიღლაზე სოციალურ ქსელში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმიანება.

    “გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ეროვნული ტრაგედიაა და ამ ტრაგედიას აორკეცებს ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების უსუსურობა-არაპროფესიონალიზმი, ან სულაც დანაშაულებრივი თანამონაწილეობა საქმეში, რაც ყოველდღიურად საცნაური ხდება ახალახალი ფაქტების გახმაურებით. სახეზეა სახელმწიფო სტრუქტურების უდიდესი ხრწნა, კრიმინალური სამყაროს გაძლიერება და საქართველოს სახელმწიფოს მიზანმიმართული ნგრევა პირადი ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილების ხარჯზე.

    იმედია, ოქტომბრის არჩევნები წერტილს დაუსვამს ოლიგარქიას, კრიმინალის აღზევებას და სახელმწიფოს ნგრევას, სხვა შემთხვევაში საქართველოს განუზომლად მეტი “შაქარაშვილები” და “სალარიძეები” ეყოლება, ისედაც უკვე რამის ყოველდღე სადისტური მკვლელობები ხდება ამ პატარა ქვეყანაში, გუშინ ციხიდან 10 დღის გამოსულმა მკვლელობისთვის ნასამართლევმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა მცხეთაში.

    ამ ყველაფერს ხელს უწყობს სისხლის სამართლის კოდექსის ზედმეტი სირბილე მკვლელობის უმძიმეს და გამოუსწორებელ დანაშაულზე, სანქცირებული 7-15 წლიანი პატიმრობა განზრახ მკვლელობაზე ნამდვილად ჩალის ფასს ადებს ადამიანის სიცოცხლეს.

    ღმერთმა ინებოს სიმართლის და კანონიერების დამყარება ამ ჩვენს გაძაღლებულ სამშობლოში, ამის დიდი იმედი მაქვს. უსამართლობის და დაუცველობის განცდა ყველაზე დიდი სტრესია ადამიანისთვის. ქართველი ხალხის უდიდესი პრობლემა არის ის, რომ კანონმორჩილ საზოგადოებად ვერ ჩამოვყალიბდით, სხვადასხვა ტიპის “ავტორიტეტები” უფრო მაღლა დგანან, ვიდრე კანონი, სამართალი, სიმართლე, პატიოსნება და სხვა ჭეშმარიტი ღვთაებრივი ღირებულებები.

    ამიტომ ჩვენი დღევანდელი ყოფა უფრო პირველყოფილ ჯოგს ემსგავსება, ვიდრე ცივილიზებულ საზოგადოებას. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეროვნულ-სოციალურ ასპექტებში ყველაზე დიდი ფასეულობა სამართლებრივი ქართული სახელმწიფოა, სხვანაირად ძლიერი საქართველო ვერ იარსებებს, სამშობლო კი ჯოჯოხეთად ქცეული ტერიტორია იქნება დედამიწაზე”, – წერს დეკანოზი ჭიღლაძე სოციალურ ქსელში.

  • 11 ქვეყანა, რომელიც საქართველოს საზღვარს არ უხსნის

    11 ქვეყანა, რომელიც საქართველოს საზღვარს არ უხსნის

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველო საზღვარს ამ ეტაპზე  გაუხსნის 5 ქვეყანას: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი.

    ამასთან, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ის ქვეყნებიც დაასახელა,რომლებიც საქართველოსთვის საზღვარს არ გაუხსნიან.

    ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები:

    • ავსტრია
    • ბელგია
    • ბულგარეთი
    • დანია
    • ნორვეგია
    • მალტა
    • ფინეთი
    • შვეიცარია
    • ჩეხეთი
    • სლოვაკეთი
    • უნგრეთი

    “ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14- დღიანი სავალდებულო კარანტინი“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

  • კოვიდ პასპორტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს – თამარ გაბუნია

    კოვიდ პასპორტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს – თამარ გაბუნია

    კოვიდ პასპორტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მონისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რითაც 5 ქვეყანასთან საზღვრის უპირობო გახსნის თაობაზე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ შეფასებებს გამოეხმაურა.

    გაბუნიას განცხადებით, კოვიდ ტესტის პასუხი 72 საათის განმავლობაშია ვალიდური და უფრო ადრე ჩატარებულ ტესტს დაცვის არანაირი გარანტია არ გააჩნია. გაბუნია ამბობს, რომ უკეთესი დაცვა სიმპტომების მქონე პირების ტესტირება იქნება, რადგან ყველა მოგზაურს ტესტირებას ვერ ჩაუტარებენ.

    “რა თქმა უნდა, უპირობო საზღვრის გახსნა გარკვეულწილად რისკის მატარებელია, თუ ეს არ ემყარება ქვეყნების ეპიდსიტუაციის საფუძვლიან ანალიზს, რომელთანაც საზღვრის გახსნაზე იქნება საუბარი. რაც შეეხება კოვიდ პასპორტს, მას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ კოვიდთან დაკავშირებული სტატუსი და ტესტირების შედეგი ვალიდურია ძალიან მოკლე ხნის განმავლობაში, კერძოდ, 72 საათის მანძილზე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ უკვე ამას არანაირი გარანტიის და დაცვის საფუძველი აღარ აქვს. ამიტომ უკეთესი და მეტად მეცნიერულად დასაბუთებული დაცვა არის ტესტირება ნებისმიერი სიმპტომის მქონე პირის. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმის გააქტიურებაზე, არის ერთი ტაქტიკა, რომ საზღვარზე ხდებოდეს სკრინინგი და თერმოსკრონინგიც რჩება, ასევე იყოს მარტივად პისიარ ტესტირების შესაძლებლობა მაღალი რისკის მოგზაურებისთვის. რა თქმა უნდა, ყველასთვის პისიარ ტესტირების შეთავაზებას ვერც ერთი ქვეყანა ვერ ახერხებს. ეს არის ძალიან რესურსტევადი და ამის ეფექტურობა ზოგადად დაბალია,”- განაცხადა გაბუნიამ.

    კითხვაზე, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თერმოსკრინინგზე ეფექტური კოვიდ პასპორტი ხომ არ იქნება, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კოვიდ პასპორტი და სიცხის გაზომვა ერთმანეთს არ ცვლის. რაც შეეხება თერმოსკრინინგს, გაბუნიას თქმით, ყველაფერს შედარებითი მეტ- ნაკლები ეფექტურობა აქვს.

    “ყველაფერს შედარებით მეტ- ნაკლები ეფექტურობა აქვს და არანაირ ინტევენციასთან შედარებით თერნოსკრინინგი ეფექტურია. გახსოვთ, ბევრი შემთხვევა სწორედ ამის შედეგად გამოვლინდა. მაღალი რისკის ჯგუფებშია ტესტირება ეფექტური, რადგან ზოგადად, პოპულაციაში, ხედავთ, რომ შიგნით არ გაქვს. ამიტომ გამოიყოფა ის მოგზაურები, რომლებიც არიან მეტად მაღალი რისკის მატარებლები. გარკვეული ალგორითმი მომზადდება ამისთვის, იქ იქნება მოგზაურობის ისტორია, გადატანილი სტატუსიც და იდენტიფიცირდებიან ისინი, ვისაც შევთავაზებთ ტესტირებას. ეს არის მოდელი, რომელსაც განვიხილავთ, რასაც დამუშავება სჭირდება და დაიხვეწება მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში,”- განაცხადა გაბუნიამ.

    შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ საზღვრის გახსნა უსაფრთხოების ზომების დაცვით უნდა მოხდეს და საქართველომ მოგზაურებს ე.წ. კოვიდ პასპორტი უნდა მოსთხოვოს

  • მერია ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას გეგმავს

    მერია ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას გეგმავს

    მერია ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და მოადგილეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მუშაობის დაწყება დაავალა.

    “დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ თბილისში საპარკე კულტურა შემოდის. ძალიან ბევრი ადამიანი რეკრეაციული სივრცეებით სარგებლობს. ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მსგავსი სივრცე გავაჩინოთ, სადაც ყველა თაობის ადამიანს ექნება შესაძლებლობა, დაისვენოს. ასევე, ვაკის პარკის რეაბილიტაციას ვაპირებთ და წლის ბოლოს, უშუალოდ სამუშაოები დაიწყება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

  • დიდი ალბათობით, რეგიონებში “ნაცმოძრაობა” ყველგან დააყენებს კანდიდატებს – გოცირიძე

    “დიდი ალბათობით, რეგიონებში “ნაცმოძრაობა” ყველგან დააყენებს კანდიდატებს “- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

    „იყო ისეთი შეთავაზებაც კი, რომ ყოფილიყო საერთო სიებიც კი ყოფილიყო, რასაც პარტიები არ გამოეხმაურნენ. ჩვენი მიზანია უფრო მეტი პარტიის გაერთიანება, ვიდრე “ძალა ერთობაშია”, მათ შორის ცალკეული ცნობილი და ავტორიტეტული პირების შემოერთება ამ დიდ კოალიციაში. გაერთიანების მომხრე ვიყავით ყოველთვის, ეს დავამტკიცეთ მაშინაც, როცა თბილისში 8 ოლქიდან 6 დავუთმეთ ოპოზიციას და ბოლომდე ეს პროცესი არ არის მისული, ველოდებით და სამწუხაროდ, დრო იკარგება, როცა ორი ოლქი დღესაც არ არის შეთანხმებული. ამიტომ ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის და დიდი ალბათობით , რეგიონებში თუკი იშვიათი გამონაკლისი არ იქნა, “ნაციონალური მოძრაობა” დააყენებს ყველგან კანდიდატებს,”- განაცხადა გოცირიძემ.

  • რომელი ქვეყნის მოქალაქეს, რა პირობით შეეძლება საქართველოში ჩამოსვლა

    რომელი ქვეყნის მოქალაქეს, რა პირობით შეეძლება საქართველოში ჩამოსვლა

    მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომელი ქვეყნის მოქალაქეს, რა პირობით შეეძლება საქართველოში ჩამოსვლა.

    უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულ პროცედურებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაცია დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

    „მოგეხსენებათ, 30 ივნისს ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, მთავრობა საზღვრების გახსნის თაობაზე, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან.

    საგულისხმოა, რომ მსოფლიოსა და თავად ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ამ ეტაპზე, საერთოდ არ გახსნეს საზღვრები უცხო ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც. რიგ ქვეყნებში ჩასვლისას კი, სავალდებულოა 14 დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით.

    საქართველოც აკვირდება არსებულ გლობალურ სურათს და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისთვის, სიფრთხილით დგამს შესაბამის ნაბიჯებს.

    დღეისათვის, იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო საზღვრებს ასევე უპირობოდ გახსნის შემდეგ 5 ქვეყანასთან:

    1. გერმანია
    2. საფრანგეთი
    3. ლატვია
    4. ლიეტუვა
    5. ესტონეთი

    ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ რამდენიმე ქვეყანამ, საზღვრები გაუხსნა მათ შორის, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული უსაფრთხო ქვეყნების სიაში არმყოფ სახელმწიფოებს.

    ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა.

    საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.

    მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.

    ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.

    საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან, მთელი აქ ყოფნის პერიოდში, პროაქტიურ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი.

    რაც შეეხება ევროკავშირის წევრ დანარჩენ სახელმწიფოებს – ქვეყნებთან მიმართებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი. ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.

    ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის გარდა, ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის, გრძელდება შემდგომი მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით.

    ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ უნგრეთთან ამოქმედდა ერთობლივი შესაბამისი კომისია, რომელიც მუშაობს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე.

    ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი.

    ამასთან აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. ეს რა თქმა უნდა, არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

    შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ როგორც ევროკავშირის ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე, ნებისმიერი საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელ პირებს, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge.

    რაც შეეხებათ საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14 დღიან კარანტინს. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა ასევე გაითვალისწინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით.

    ამასთან, ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. მათ შორის, ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში 2 რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ AirBaltic-სა და AirFrance-თან.

    აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები – Wizzair-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ შემდეგ ავიარეისებს:

    13 ივლისი – ვარშავა,

    15 ივლისი – ბარსელონა,

    17 ივლისი – რომი,

    22 ივლისი – პარიზი,

    28 ივლისი – ათენი.

    აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.

    ასევე, როგორც მოგეხსენებათ, კომერციულ ჩარტერულ რეისებს ახორციელებს ქართული ავიახაზები (აირზენა) შემდეგ დედაქალაქებში: ვენაში, ამსტერდამსა და თელავივში.

    აქვე, გაცნობებთ, რომ უახლოეს დღეებში, ერთჯერად შესრულდება კატარის ავიახაზების კომერციული ჩარტერული რეისი, დედაქალაქ დოჰადან, საიდანაც სამშობლოში საქართველოს 105 მოქალაქე დაბრუნდება.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე შენარჩუნდება დღეს მოქმედი რეგულაციები.

    საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე ჩვენი მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.

    ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, შესაბამისად, თითოეული გადაწყვეტილება სწორედ აქედან გამომდინარე მიიღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოში როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე ჩვენი ქვეყნის სტუმრების, ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • რა პროცედურები უნდა გაიაროს მოგზაურმა საქართველოში შემოსვლამდე

    რა პროცედურები უნდა გაიაროს მოგზაურმა საქართველოში შემოსვლამდე

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის, ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

    მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში, მხოლოდ პირდაპირი საჰაერო მიმსვლის გზით, ხოლო პროცედურა შემდეგნაირი იქნება:

    • საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტა, რომლშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა პროცედურა, ასევე გაწერილი იქნება ის ინფორმაცია, რომ თითოეულმა მგზავრმა უნდა წამროადგინოს საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია;
    • ანკეტაში იქნება ინფორმაცია, სად აპირებს დროის გატარებას მოგზაური საქართველოში ყოფნის დროს, მათ შორის, მისი საკონტაქტო ინფორმაცია;
    • თერმოსკრინინგის დროს თუ დაფიქსირდა 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა, აეროპორტში ჩაუტარდებათ PCR ტესტი;
    • სავალდებულო კარანტის გაივლიან ის პირები, რომელთაც ბოლო 14 დღის განმავლობაშ აქვთ არაწვერ მაღალის აფრთხის მქონდე ქვეყნებშ მოგზაურობის ისტორია.

     

  • საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს საზღვარს უხსნის

    საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს საზღვარს უხსნის

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

    „დღეისათვის იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოც ასევე უპირობოდ ხსნის საზღვარს 5 სახელმწიფოსთვის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

  • ჯანდაცვის სამინისტრომ სპორტული დარბაზებისა და ფიტნეს კლუბების მუშაობის ახალი პროტოკოლი დაამტკიცა

    ჯანდაცვის სამინისტრომ სპორტული დარბაზებისა და ფიტნეს კლუბების მუშაობის ახალი პროტოკოლი დაამტკიცა

    ჯანდაცვის სამინისტრომ სპორტული დარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა.

    პროტოკოლის თანახმად, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში შესვლამდე პერსონალი და მომხმარებელი თერმოსკრინინგს გაივლის. ამასთან, ტრენაჟორებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო და დაუშვებელია საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება, თუ საშხაპე კაბინები ერთმანეთისგან იზოლირებული არაა.

    ამას გარდა, საერთო სარგებლობის სივრცეებში, გარდა სავარჯიშო სივრცეებისა, ნიღბების ტარება სავალდებულოა. რეკომენდებულია დახურული სივრცეების ბუნებრივი ვენტილაცია. თითოეული ვიზიტორისთვის უნდა იყოს განკუთვნილი კარადა, ერთის გამოტოვებით. იკრძალება ბართან საკვებისა და სასმელის მიღება.

    რაც შეეხება ჯგუფურ ვარჯიშს, როგორიცაა იოგა, პილატესი და ა.შ, დარბაზში აუცილებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა და ვარჯიშზე ერთდროულად 10 ადამიანზე მეტი არ დაიშვება. ხოლო, ტრენაჟორების დარბაზში ყოველ 6 მ2 ფართობზე ერთი ადამიანის დაშვებაა ნებადართული.

    ამასთან, რეკომენდაციებში დეტალურადაა გაწერილი აღნიშნული ობიექტების პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვის წესი, ობიექტების დალაგების წესი და ა.შ.

    რეკომენდაციები ვრცლად იხილეთ ბმულზე.