Category: ახალი ამბები

  • დებულება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს აძლევს უფლებას, შეაჩეროს საქართველოსთვის დაფინანსების 15%-ის გადაცემა, გაფრთხილებაა ქვეყნის მთავრობისთვის – მეთიუ ბრაიზა

    დებულება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს აძლევს უფლებას, შეაჩეროს საქართველოსთვის დაფინანსების 15%-ის გადაცემა, გაფრთხილებაა ქვეყნის მთავრობისთვის – მეთიუ ბრაიზა

    „ვფიქრობ, დებულება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს აძლევს უფლებას, შეაჩეროს საქართველოსთვის დაფინანსების 15%-ის გადაცემა, გაფრთხილებაა ქვეყნის მთავრობისთვის “, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

    მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 დოლარს მიიღებს, თუმცა ამ დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს.

    მისი თქმით, საქართველო ვაშინგტონში ისევ საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ საუბარი ქვეყანაზეა და არა – ცალკეულ პირებზე.

    „არაა ისე, თითქოს აშშ-ს მთავრობაში ხალხს საქართველოს ოპოზიცია მოსწონს, ან „ქართული ოცნება“ არ მოსწონს. თავად საქართველოა პოპულარული და აღიქმება, როგორც აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერის ღირსი. ეს პირველ რიგში, დემოკრატიზაციის განვითარებაში საქართველოს მიღწევების გამოა (თუმცა, რამდენიმე სერიოზული ნაკლოვანებით), და ასევე, ნატო-ს გეოსტრატეგიული მიზეზებიდან გამომდინარე. არის საქართველოს მხარდაჭერის აქტიც, რომელიც სხვათა შორის, ცირკულირებს კონგრესში, თუმცა რაც შეეხება ამ კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში, ეს საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის გადაცემას ითვალისწინებს, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ როგორი პოპულარული რჩება საქართველო ვაშინგტონში“, – აღნიშნა ბრაიზამ.

    „დიახ, არის დებულება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შეეძლოს, ამ თანხის 15%-მდე გადაცემა შეაჩეროს, სანამ სახელმწიფო მდივანი, პომპეო არ დაადგენს ან წარადგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველო მართლაც აძლიერებს თავის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე, ნამდვილად ებრძვის კორუფციას, და, ეს მესამე ნაწილია, რომ საქართველო უზრუნველყოფს საერთაშორისო და შიდა კომპანიების ოპერირებას ქვეყანაში, გამჭვირვალედ და უსაფრთხოდ. ვფიქრობ, ეს დიდწილად, ანაკლიის პორტთან დაკავშირებული გამოცდილების შედეგადაა მოტივირებული – ამ პროექტის გაუქმებას ვაშინგტონი და კონგრესის ორივე პალატა – წარმომადგენელთა პალატა და სენატი უდიდესი ყურადღებით აკვირდებოდა. ასევე, ჩემი აზრით, ეს დებულება კიდევ იმიტომაა ჩადებული, რომ კონგრესის მთავარი წევრები გრძნობენ, რომ როდესაც მათ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ უარყოფითი მოქმედებების შესახებ გააკეთეს ერთგვარი მუქარა, როდესაც სანქციებზე დაიწყეს საუბარი, მერე, მთავრობამ საარჩევნო რეფორმის კანონი ძალიან სწრაფად დაამტკიცა, რაც დიდ წინგადადგმულ ნაბიჯადაა აღქმული. ასე რომ, ახლა საქართველო სწორედ საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობისა და იმის გამო, თუ როგორ გაუმკლავდა კოვიდს, ვაშინგტონის მხრიდან ძალიან პოზიტიურ შუქზეა დანახული. თუმცა, არსებობს შეშფოთება ანაკლიის პორტის პროექტის გაუქმებასთან დაკავშირებით, და ალბათ ისიც, თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს რუსეთის ზეგავლენის კონტექსტში; ასევე არის სხვა საქმეები, რამაც ვაშინგტონში „წარბების აწევა“ გამოიწვია. მოკლედ რომ ვთქვათ, ვფიქრობ, დებულება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს აძლევს უფლებას, შეაჩეროს საქართველოსთვის დაფინანსების 15%-ის გადაცემა, გაფრთხილებაა ქვეყნის მთავრობისთვის, მაგრამ ესეც საქართველოს მიერ წარმატების მიღწევის კონტექსტში, როგორც აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორისა და ნატო-ს მომავალი წევრის“, – აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსთან“.

    შეგახსენებთ, 7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გამოაქვეყნა კანონპროექტი, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა დახმარების 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით.

  • სახელმწიფო მიწის მოიჯარეებს ამ მიწის კომერციულ ფასად შესყიდვა შეეძლებათ

    სახელმწიფო მიწის მოიჯარეებს ამ მიწის კომერციულ ფასად შესყიდვა შეეძლებათ

    პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, იმ ადამიანებს, რომლებმაც წლების წინ ელექტრონული აუქციონით სახელმწიფოსგან იჯარით მიიღეს მიწები და ამუშავებდნენ, შეეძლებათ ეს მიწები კომერციულ ფასად იყიდონ. როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს ადამიანები წლების განმავლობაში პირნათლად ასრულებდნენ პირობებს.

    “ბევრი მოთხოვნა მოდიოდა რეგიონში ვიზიტების დროს და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ადამიანები, რომლებიც პირნათლად, წლების განმავლობაში ასრულებდნენ საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე, კომერციულ ფასად, მაგრამ პირდაპირი მიყიდვის წესით, იმ მიწას, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებდნენ და რომლებზეც ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანი კულტურები მოჰყავთ, სახელმწიფოსგან მიიღებენ საკუთრებაში. ეს იქნება პირდაპირი მიყიდის ფორმით, რა თქმა უნდა საბაზრო ფასით, მაგრამ იმ ღვაწლის დაფასებით, რომლითაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ამ მიწაზე შრომით უფიქსირებდნენ და ახორციელებდნენ”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადას მთავრობა პირველ აგვისტომდე ახანგრძლივებს

    კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადას მთავრობა პირველ აგვისტომდე ახანგრძლივებს

    მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადას 1-ელ აგვისტომდე ახანგრძლივებს. როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციის ვადა კიდევ გაგრძელდება.

    „ მოგეხსენებათ, რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 1-ელ აგვისტომდე ეს ვადა გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ამ ადამიანებისთვის ვადა გაგრძელდება და თუ საჭირო იქნება შემდგომშიც გავაგრძლელებთ რეგისტრაციის ვადას. დღეს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, გარდა ეპიდემიასთან ბრძლისა ჩვენს იმ მოქალაქეებს მივეხმაროთ, ვისაც კრიზისის გამო შეუმცირდა შემოსავალი ან შემოსავალი დაკარგა,“-აღნიშნა პრემიერმა.

    პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 121 719-მა თვითდასაქმებულმა და 129 000-ზე მეტმა დასაქმებულმა მიიღო კომპენსაცია სახელმწიფოსგან.

    „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რიცხვები გაიზარდოს და სწორედ ამას ემსახურება ვადის გადავადება. ამასთან, ფართოვდება თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობა და დღეს დაუვუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული ადამიანების დახმარებას, მათგანაც დავიწყებთ განაცხადების მიღებას,“-აღნიშნა პრემიერმა.

  • 13 ივლისიდან, ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება

    13 ივლისიდან, ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება

    13 ივლისიდან, ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვის აკრძალვა მოიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთვრობის სხდომაზე განაცხადა.

    გახარიას თქმით, ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ ღია ცის ქვეშ ტარდება, ნებადართული იქნება.

    „13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვის აკრძალვა მოიხსნება და მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ, იქნება ნებადართული. მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენების ჩასატარებლად და რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობა ნორმალურად ჩაატარონ ეს გამოფენები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 968 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 844 გახდა.

    კარანტინის რეჟიმშია 4425 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 222 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

    ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • სოფელ ხაიშთან გაჩენილი ხანძრის ოთხი კერიდან სამი ლიკვიდირებულია

    სოფელ ხაიშთან გაჩენილი ხანძრის ოთხი კერიდან სამი ლიკვიდირებულია

    სვანეთში, სოფელ ხაიშთან გავრცელებული ტყის ხანძარი ოთხდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მოხერხდა სამი კერის ლიკვიდაცია, ხოლო მეოთხე კერაზე სრული ლოკალიზებაა. დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა. ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველების ჯგუფები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მიმდინარეობს მონიტორინგი.

    სვანეთში მუშაობდა ცოცხალი ძალა თბილისიდან, ასევე, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, აჭარის და იმერეთის რეგიონებიდან. სოფელ ხაიშთან 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იყო მობილიზებული. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომელთა საშუალებითაც მიმდინარეობდა ხანძრის ქრობა რელიეფურად ყველაზე რთულად მისადგომი ადგილებში. ტერიტორიის მონიტორინგი ხდებოდა დრონის საშუალებით.

    სვანეთში შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი პირადად ხელმძღვანელობდნენ. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

  • შსს სოფელ მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

    შსს სოფელ მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

    შსს სოფელ მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

    მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული , წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, გ.ო. 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მუხრანში დააკავეს.

    დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ივლისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამას – 1968 წელს დაბადებულ ა.ო.-ს და ბაბუას – 1945 წელს დაბადებულ გ.ო.-ს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ორივე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ო. 9 ივლისს, მუხრანში დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • შაქარაშვილის გაუჩინარების  შემდეგ ქეიფი თბილისში გაგრძელდა. მას  “დაზარალებული“ფოტოგრაფიც ესწრებოდა. ახალი დეტალები საქმეში

    შაქარაშვილის გაუჩინარების შემდეგ ქეიფი თბილისში გაგრძელდა. მას “დაზარალებული“ფოტოგრაფიც ესწრებოდა. ახალი დეტალები საქმეში

    ჟურნალისტი ვახო სანაია შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალების შესახებ ფეისბუქზე წერს. როგორც ირკვევა, მცხეთაში ანა გაბეჩავას დაბადების დღის აღნიშვნის შეწყვეტის შემდეგ იუბილარი და წვეულების მონაწილეთა ნაწილი თბილისში შეიკრიბა. ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მათთან ერთად იმყოფებოდა ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, რომელიც თბილისში საპატრულო პოლიციამ ჩამოიყვანა. ვახო სანაია ფოტოებსაც აქვეყნებს, რომლებიც იმ ღამეს გადაიღეს.

    “1. დაბადების დღიდან სხვადასხვა მანქანით წამოსული იუბილარი ანა გაბეჩავა და მარიამ ხატისკაცი თბილისში ხვდებიან ერთმანეთს.

    2. ანა გაბეჩავა გადმოჯდა იმ მანქანაში, სადაც ზის მარიამ ხატისკაცი სხვა ახალგაზრდებთან ერთად, მათ შორისაა იუბილარის ნათესავი ვაჟა, ასევე გიორგი ფოცხვერაშვილი და კიდევ ერთი, მარიამ ხატისკაცისთვის უცნობი ბიჭი.

    3. ყველანი მიდიან თემქაზე, იუბილარ ანა გაბეჩავას ნათესავის ბინაში.

    ყველაზე საინტერესო ახლა იწყება. შეგახსენებთ, ეს ის ღამეა, როცა გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა. როცა მცხეთაში ხიდთან ახალგაზრდებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

    ახლა გავაგრძელოთ. როგორც გითხარით, ახალგაზრდები ადიან თემქაზე. უკვე იმ ბინაში ჩანს ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, რომელიც ფოტოებს უღებს იქ მყოფ გოგოებსა და ბიჭებს. ფოტოების გამოკვლევით, დავადგინეთ, რომ იაკობს უკვე გადახდა ის ისტორია მცხეთაში ხიდთან, შემდეგ იაკობი პოლიციამ წამოიყვანა თბილისში. საბოლოოდ ის აღმოჩნდა თემქაზე. წარმოგიდგენთ ფოტომასალას იაკობ ბრეგვაძის აპარატიდან.

    რატომ არაფერს უფრო მეტს არ ამბობს ამ დეტალებზე გამოძიება ? რატომ არსად ჩანს ზოგიერთის ჩვენებაში, რომ იაკობ ბრეგვაძე დილამდე იმყოფება თემქაზე ? სად ჩამოსვა პოლიციამ ბრეგვაძე – თვითონ ამბობს, დიღომშიო. გამოვემშვიდობე და მერე სახლში წავედიო. მოუყვა თუ არა ბრეგვაძე სხვა თანატოლებს ყველაფერს, რამდენი ბიჭი დარჩა მცხეთაში და სად გაქრნენ ? ზუსტად რა გადახდათ თავს მას და სხვებს სამრეცხაოსთან, როცა თავს დაესხა ჯერ მერსედესის, შემდეგ კი ტოიოტას შემადგენლობა ? როდის გაიგეს თემქაზე დილამდე მყოფმა ახალგაზრდებმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ?

    ასევე დავდე ერთ-ერთის – თემქის ბინის მასპინძლის ჩვენება, რაც ადასტურებს, რომ თემქაზე ყოფნის დროს მათ იციან იაკობისგან მერსედესისა და ტოიოტას ჩხუბის ეპიზოდების შესახებ, მაგრამ რამდენად კარგად იციან პრობლემის სიმძიმე ? შეგახსენებთ, იაკობი დილამდე თემქაზე რჩება და ამას მასპინძელი ადასტურებს და ის ფოტოებიც, რაც ავტვირთე.

    ახალგაზრდები (ნაწილი მაინც ) დილამდე რჩებიან თემქაზე. ჯერ გვიანი ღამეა, მერე კი გამთენიაც ჩანს – ფოტოებშია. მათ იციან იაკობისგან, რომ თავდასხმა მოხდა მცხეთაში, ხიდთან, მაგრამ სად გაქრნენ იაკობთან ერთად მყოფი ახალგაზრდები ? რა ბედი ეწიათ მათ ? ამაზე აქვთ იმ დროს პასუხი ?

    თემქის ბინაში იმყოფებიან:

    იუბილარი ანა გაბეჩავა
    მარი და ვაჟა ადეიშვილები – მასპინძლები
    ლიზი ნადირაძე
    მარიამ კვაჭაძე
    გიორგი ფოცხვერაშვილი და იაკობ ბრეგვაძე

    დღეს, როცა ჩვენი პროდიუსერები თემქაზე, იმ კორპუსთან მივიდნენ, მალევე ადგილზე გაჩნდნენ პოლიციის თანამშრომლები. ისინი ავიდნენ ერთ-ერთი ბინაში.მოკლედ, სულ უფრო და უფრო უცნაურია ეს საქმე.“– წერს ვახო სანაია.

  • შსს-მ თელავის საკრებულოს დეპუტატი მიხეილ გრემლიშვილი დააკავა

    შსს-მ თელავის საკრებულოს დეპუტატი მიხეილ გრემლიშვილი დააკავა

    შსს–მ ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თელავის საკრებულოს დეპუტატი მიხეილ გრემელაშვილი დააკავა.

    |გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე. სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს”,– წერია შსს–ს განცხადებაში.

    გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

    დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.

  • თეთრპერანგიანი კაცის ვინაობა დადგენილია, ის ავთანდილ ბილანიშვილი არ არის – ადვოკატი

    თეთრპერანგიანი კაცის ვინაობა დადგენილია, ის ავთანდილ ბილანიშვილი არ არის – ადვოკატი

    ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე კაწროს ადვოკატი, თამარ აბესაძე აცხადებს, რომ გამოძიებამ დაადგინა თეთრპერანგიანი მამაკაცის ვინაობა და ის ბილანიშვილი არ არის. მისი თქმით, ის შაქარაშვილის საქმეში მონაწილე პირებს არ იცნობს და მათთან შეხება არ ჰქონია.

    “ავთანდილ ბილანიშვილის ამ საქმეში რაღაცა ფორმით მიკვრა არის პოლიტიკური ამბიციების ფონი. ხომ გესმით, რატომაც?! არ იცნობს არავის. ბილანიშვილმა მისცა ამომწურავი ჩვენება იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მის და მისი ოჯახის წინააღმდეგ მოქმედებს ეს დღეები და ეს არ შეიძლება. ავთანდილ ბილანიშვილი ვისი მეგობარია, ეს არ უნდა იყოს ვინმესთვის შემაწუხებელი”,– ამბობს ადვოკატი.

    აბესაძისვე თქმით, ამ საქმეს პოლიტიკური ელფერი დაკრავს.

    კადრების გავრცელების შემდეგ, რომელშიც ჩანს, რომ თეთრპერანგიანი მამაკაცი დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოდის და გურამ ამირხანაშვილს ხვდება, დღეს გამოძიებამ ავთანდილ ბილანიშვილი დაკითხა. მთავარი არხი ვარაუდობს, რომ კადრებში ბილანიშვილია აღბეჭდილი, თუმცა ეს ინფორმაცია შსს–ს არ დაუდასტურებია.

    გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის თქმით, თეთრპერანგიანი მამაკაცი “კაწრო” არ არის და ამაზე გამოძიებას მსჯელობა უკვე ჰქონდა.