Category: ახალი ამბები

  • ცოლმა ცინარიძის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა, რის შემდეგაც გირაო შეუფარდეს – პროკურატურა

    ცოლმა ცინარიძის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა, რის შემდეგაც გირაო შეუფარდეს – პროკურატურა

    საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის საქმეზე მისმა მეუღლემ ჩვენება არ მისცა, რის შემდეგაც სასამართლომ გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.

    “მოცემულ საქმეზე, 2020 წლის 26 ივნისს არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდების მხარის მიერ მოწმის სახით დაბარებულ იქნა დაზარალებული მ.ბ, რომელმაც გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება. დაზარალებულის პოზიციის დაფიქსირების შემდგომ, დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა ბრალდებულ დ.ც.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გაუქმების შესახებ და უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება – გირაოს გამოყენების თაობაზე, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ დ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 30000 ლარის ოდენობით”,– აცხადებს პროკურატურა.

    „პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე დ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით 2020 წლის 29 აპრილს წარუდგინა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ.ც.-მ მეუღლეს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. სამართალდამცველებმა დ.ც. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

    თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ცინარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2020 წლის 30 აპრილს შეუფარდა.

     

  • პარლამენტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

    პარლამენტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

    პარლამენტმა პირველი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. მას 81–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

    კანონპროექტს აკრიტიკებენ ოპოზიციისა, მესამე სექტორისა და თავად ელექტროკომუნიკაციის სექტორის წარმომადგენლები, რადგან ის მარეგულირებლებს უფლებას ანიჭებს, კომპანიებში 2 წლით სპეცმმართველები დანიშნონ. მათი აზრით, კანონპროექტი არაკონსტიტუციურია.

    კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას. ამავე კანონპროექტით, კომისიას მმართველის დანიშვნა 2-წლიანი ვადით შეუძლია და ის ანგარიშვალდებული მხოლოდ კომისიის წინაშეა.

    სპეცმმართველს შეეძლება კომპანიაში:

    • დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის დირექტორ(ებ)ი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით სადავო გახადოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მათი ბათილობა, თუ აღნიშნული ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი მიადგა/ზიანი ადგება ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს;
    • ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა;
    • ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მმართველობითი ორგანოს სხვა ფუნქციები (გარდა ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის/აქციების განკარგვისა);

  • SU-30SM-ები სომხეთის საზღვარს დაიცავენ – ფაშინიანი გამანადგურებლების ვიდეოს აქვეყნებს

    SU-30SM-ები სომხეთის საზღვარს დაიცავენ – ფაშინიანი გამანადგურებლების ვიდეოს აქვეყნებს

    სომხეთის პრემიერ–მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე აქვეყნებს გამანადგურებელი თვითმფრინავების ვიდეოს. მისი თქმით, SU–30SM–ები სომხეთის საზღვარს დაიცავენ.

    “სუ-30SM-ები სამხედრო ვალდებულებას ასრულებენ, რათა უზრუნველყონ სომხეთის საჰაერო საზღვრის უსაფრთხოების დაცვა”,– წერს ფაშინიანი.

    https://www.facebook.com/nikol.pashinyan/videos/296495651548430/

    ცნობისთვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება კვირას, 12 ივლისს ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან დაიწყო. ქვეყნები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

    შეტაკებები მეოთხე დღეა გრძელდება. გუშინ 7 აზერბაიჯანელი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა. სომხეთის მხარეს – ორი სომეხი სამხედრო.

    აზერბაიჯანის მხარეს დაღუპულებს შორის ერთი გენერალ-მაიორი, ერთი კი პოლკოვნიკია. ორი დღეა აზერბაიჯანში სომხეთთან ომის დაწყებას ითხოვენ. დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, ასევე, დააზიანის პოლიციის მანქანები.

    სამართლდამცველებმა მოსახლეობის წინააღმდეგ წყლის ჭავლი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. დაკავებულია აქციის ათობით მონაწილე. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას თოუზის რეგიონში სომხეთის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმაზე შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ.

  • მაჟორიტარად ჩემს კანდიდატურას განვიხილავ, ვიქნები თბილისში ან გურიაში – ანა დოლიძე

    მაჟორიტარად ჩემს კანდიდატურას განვიხილავ, ვიქნები თბილისში ან გურიაში – ანა დოლიძე

    “მოძრაობა ხალხისთვის” ერთერთი ლიდერი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ მაჟორიტარად კენჭისყრას განიხილავს.

    მისი თქმით, ის კენჭყისრას თბილისის რომელიმე ოლქში ან გურიაში ფიქრობს.

    „მაჟორიტარად ჩემს კანდიდატურას განვიხილავ და კონსულტაციებსაც ვაწარმოებ. არა მარტო თბილისზე, გურიაზეც ვფიქრობ. ვიქნები ან თბილისში ან გურიაში. თბილისში ოლქი შერჩეული არ მაქვს, ჯერჯერობით ვფიქრობ. ამიტომაც ვმუშაობ მოსახლეობასთან. ისე არ ვარ, რომ დედამიწაზე მე ვიცი ყველაფერი და ხალხი არ მჭირდება. ჩვენს მანიფესტშიც ეს წერია, ხალხისგან უნდა იყოს დაკვეთა. მაჟორიტარობას სჭირდება ძალიან დიდი რესურსი. ახლა ეს არის უსერიოზულესი ბრძოლა დღეს იმიტომ, რომ უზარმაზარი ოლქებია. ამას სჭირდება სერიოზული დაფიქრება და დაგეგმვა. ამაზე ვმუშაობ“, – განაცხადა დოლიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

  • თელავში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდგინდა

    თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა.

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზაშვილის ინფორმაციით, ჩვილი თელავის ბავშვთა კლინიკაში მკურნალობდა, სადაც კორონავირუსისთვის დამახასიათებული სიმპტომები დაუფიქსირდა, რის გამოც ექიმებმა მისთვის ვირუსზე ტესტის აღება გადაწყვიტეს.

    მისივე თქმით, მცირეწლოვანი თბილისშია გადაყვანილი და იქ უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

    ამ ეტაპზე სოფელში  ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების მოძიება.

    11 ადამიანის ანალიზი უკვე აუღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა, რაზეც პასუხიც ხვალ დილით გახდება ცნობილი.

  • იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა აღუდგინა

    იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა აღუდგინა

    ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა აღუდგინა და ხვალიდან მუშაობას შეძლებს.

    მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ცენზურის დაკანონებას არ დაუშვებს და დავის გაგრძელებას საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს.

    “როგორც იქნა პროგრამა ჩაირთო და ხვალიდან უკვე ოფისი შეძლებს მუშაობას. თუმცა, ცხადია არ გვაქვს ილუზია, რომ ამით საბოლოოდ რამე დასრულდა. ასე თვითნებურად პროგრამის გამორთვას, სრულიად უკანონოდ საქმიანობის შეჩერებას, მერე სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას აუცილებლად უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხები. რა თქმა უნდა დავა გაგრძელდება საკანონსტიტუციო სასამართლოში.

    რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, არ დავუშვებ არც ცენზურის დაკანონებას, არც ვინმეს ახირებაზე და აშკარა უკანონობაზე გაჩუმებას.

    ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში მიდგას ეს დღეები. დიდი მადლობა მედიას, რომელიც აქტიურად აშუქებს საქმის დეტალებს. თქვენს გარეშე ეს შედეგია რ დადგებოდა ყველაფერი წინ არის, ბრძოლა აუცილებლად ბოლომდე”,– წერს სოციალურ ქსელში შენგელია.

  • ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია, კობახიძე კარგად გაფორმებაში დაგვეხმარება – მდინარაძე

    ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია, კობახიძე კარგად გაფორმებაში დაგვეხმარება – მდინარაძე

    საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძის კანდიდატურა უალტერნატივო იყო.

    მისი თქმით, რეიტინგები მოწმობს, რომ საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვება გარდაუვალია, გამარჯვების კარგად გაფორმებაში კი გუნდის ირაკლი კობახიძე დაეხმარება.

    “მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც შეეძლო შტაბის ხელმძღვანელობა ჩაებარებინა, ირაკლი ამ მსჯელობის დროს უალტერნატივო აღმოჩნდა, იქიდან გამომდინარე რომ როგორც გამოცდილება, მისი სპეციფიური ცოდნა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და მისი კარგი უნარი სწორი მენეჯმენტის, ჩვენ ირაკლი ამ სფეროში ძალიან კარგად გვყავს გამოცდილება, ჩვენ ყველას დაგვემხმარება, რომ ჩვენი გამარჯვება, რომელიც გარდაუვალია, ამაზე ყველა რეიტინგი მოწმობს და მეტყველებს, კარგად, სწორად გავაფორმოთ”,– განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

    ცნობისთვის,”ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა.

  • არანაირი ძალადობა ვაჟკაცობა არ არის, ვერ დავეთანხმები – წილოსანი ზურაბიშვილის განცხადებაზე

    არანაირი ძალადობა ვაჟკაცობა არ არის, ვერ დავეთანხმები – წილოსანი ზურაბიშვილის განცხადებაზე

    უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მას არ ეთანხმება. წილოსანი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს და არანაირი ძალადობა ვაჟკაცობა არ არის.

    “არანაირი ძალადობა არ შეიძლება იყოს ვაჟკაცობად განხილული. რა თქმა უნდა, მსგავს ინტერპრეტაციას ვერ დავეთანხმები არც ერთ, არც ჯგუფურ ვაჟკაცობას არ შეეფერება ძალადობა და რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობის ნებისმიერ ფორმას და მასთან დაკავშირებულ ყველა განცხადებას. რადგან შესაძლებელია, რომ არასწორად გაგებული ან ინტერპრეტირებული იყოს საზოგადოების მხრიდან. ამიტომ, არანაირ ძალადობა არ არის ვაჟკაცობა”, – თქვა ნინო წილოსანმა.

    დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე განაცხადა, რომ “ვაჟკაცობა ერთი ერთზე იცის”, ჯგუფური ძალადობა კი “არაქართულია”.

  • „ბიჭებს გოგოების წინაშე თავიანთი დომინანტობის წარმოჩენა სურდათ“ – რას ყვება წვეულების შესახებ შაქარაშვილის მეგობარი ჩვენებაში

    „ბიჭებს გოგოების წინაშე თავიანთი დომინანტობის წარმოჩენა სურდათ“ – რას ყვება წვეულების შესახებ შაქარაშვილის მეგობარი ჩვენებაში

    ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული მეგობრის, ლუკა გოგავას ჩვენების მიხედვით, გიორგი შაქარაშვილს მცხეთაში, დაბადების დღეზე მყოფი ერთ-ერთი გოგო, მარიამ ხატისკაცი მოსწონდა.

    როგორც გოგავა ჩვენებაში ყვება, შაქარაშვილი დაბადების დღეზე წასასვლელად რამდენიმე დღე სწორედ იმის გამო ემზადებოდა, რომ იქ ხატისკაცის ნახვას შეძლებდა. გოგავას თქმით, შაქარაშვილს ხატისკაცთან გარკვეული პრობლემა ჰქონდა, ვინაიდან გოგოს ის აღარ მოსწონდა.

    გარდა ამისა, როგორც გოგავა ჩვენებაში აღნიშნავს, გური ამირხანაშვილისგან გაიგო, რომ დაბადების დღეზე სიტუაცია დაძაბული იყო, რადგან „ბიჭებს სურდათ თავიანთი დომინანტობის წარმოჩენა გოგოების წინაშე“. მისივე თქმით, ამირხანაშვილი ასევე საუბრობდა დაბადების დღეზე მყოფი დიჯეის მიმართ აგდებულ დამოკიდებულებასა და მიმართვებზე.

    „ჩემი უახლოესი მეგობრები არიან გურამ ამირხანაშვილი, ოლეგ ბობოხიძე და აწ განსვენებული გიორგი შაქარაშვილი. ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, სკოლის პერიოდიდან… ბევრ დროს ვატარებდით ერთად და ერთმანეთის ბევრი საიდუმლო ვიცოდით. მე, გურამ ამირხანაშვილი, ოლეგ ბობოხიძე და აწ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი გარდა ახლო მეგობრობისა, ასევე ერთი უბნელებიც ვიყავით. ჩვენს უბანში, ვაზისუბნის დასახლებაში ცხოვრობენ მარიამ ხატისკაცი, ლიზი ნადირაძე და ლიზი ქსოვრელი, რომლებიც რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მოცეკვავეები არიან და ცეკვავენ „ქვინ დენს სტუდიოში“. გიორგი შაქარაშვილი 2018 წლის შემდეგ მეგობრობდა მარიამ ხატისკაცთან, ისინი ხშირად დადიოდნენ ხოლმე ერთად. 2020 წლის მაისის დასაწყისში, ზუსტი დრო არ მახსოვს, გიორგი შაქარაშვილმა მე და ოლეგ ბობოხიძეს გვითხრა, რომ მოსწონდა მარიამ ხატისკაცი და მასთან აყალიბებდა სასიყვარულო ურთიერთობას. ასევე გვითხრა, რომ მოწონება ორმხრივი იყო და მარიამ ხატისკაცსაც მოსწონდა იგი. მოკლედ, ორმხრივი ურთიერთობა ჰქონდათ. მარიამ ხატისკაცისა და გიორგი შაქარაშვილის ურთიერთობის შესახებ გურამ ამირხანაშვილმა მოგვიანებით გაიგო, რამდენადაც მე ვიცი, ვინაიდან იგი ჩვენთან ერთად არ იყო იმ დროს, როდესაც გიორგიმ მე და ოლეგს გვითხრა ამის შესახებ. 2020 წლის მაისის ბოლოსკენ, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, მე ვიყავი სახლში, რა დროსაც ჩემთან მოვიდნენ გიორგი შაქარაშვილი და ოლეგ ბობოხიძე. ჩვენ ეზოში ვმოძრაობდით და თან ვსაუბრობდით, როგორც ყოველთვის. გიორგიმ დაიწყო საუბარი და მითხრა, „ვერ დაიჯერებ რა მოხდა“, რის შემდეგაც მე დავინტერესდი, თუ რა მოხდა და დავუსვი მას კითხვა, რაზედაც გიორგიმ მიპასუხა „მარიამ ხატისკაცმა მომწერა, აღარ მომწონხარო“, თან ოლეგ ბობოხიძის ტელეფონში გახსნა თავისი „ფეისბუქი“ და მაჩვენა მარიამ ხატისკაცისგან გამოგზავნილი შეტყობინება. რამდენადაც მახსოვს, შეტყობინებაში ეწერა: „მგონი აღარ მომწონხარ“, გიორგის პასუხის ფორმულირება აღნიშნულ შეტყობინებაზე მე ზუსტად არ მახსოვს, თუმცა, შინაარსობრივად იგი გაოცებას გამოხატავდა მარიამის შეტყობინებაზე და შემდეგში მისი ნახვა უნდოდა სიტუაციაში გასარკვევად. მე, ოლეგ ბობოხიძემ და გიორგი შაქარაშვილმა ის დღე ერთად გავატარეთ, ვსაუბრობდით, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ მარიამ ხატისკაცი გიორგის დაშორდა. 2020 წლის ივნისის შუა რიცხვები იქნებოდა, როდესაც მე გიორგისგან გავიგე, რომ იგი და გურამ ამირხანაშვილი დაპატიჟებულები იყვნენ ვინმე ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე, რომელიც რამდენადაც გავიგე, ასევე „ქვინ დენს სტუდიოს“ მოცეკვავე იყო და მარიამ ხატისკაცის, ლიზი ნადირაძის და ლიზი ქსოვრელის სამეგობრო წრიდან იყო, ოღონდ ეს დეტალი ზუსტად არ ვიცი. ზოგადად, გიორგის საუბრიდან შემექნა ასეთი წარმოდგენა. გიორგი დაბადების დღემდე რამდენიმეჯერ ვნახე, იგი გახარებული იყო და ემზადებოდა დაბადების დღეზე წასასვლელად. ზოგადად, გიორგი ასეთ საკითხებთან მიმართებაში ძალიან პედანტური იყო, ამ დაბადების დღეზე წასასვლელადაც რამდენიმე ხნით ადრე დაიწყო მზადება, რაც გამოიხატებოდა წინასწარ ტანსაცმლის შერჩევაში, ტრანსპორტის ხარჯების შეგროვებაში და ა.შ. 18 ივნისს, შუადღის საათებში, გიორგიმ დამირეკა ოლეგის მამის ტელეფონის ნომრიდან და მთხოვა, მისთვის მეთხოვებინა ჩემი ჩანთა. მე საკუთრებაში მქონდა მცირე ზომის, მუქი ლურჯი ფერის, წელზე შემოსახვევი ჩანთა, ე.წ. „ბარსეტკა“, რომელიც მთხოვა გიორგიმ, რომ მისთვის მეთხოვებინა…

    2020 წლის 19 ივნისს, დილის საათებში, ზუსტი დრო არ მახსოვს, ალბათ, 11-12 საათი იქნებოდა, რა დროსაც მე „ფეისბუქზე“ მომივიდა შეტყობინება ჩემი მეგობარი ოლეგ ბობოხიძისგან, რომელშიც ეწერა „ბიჭო, შაქარა დაიკარგა, გუშინ ღამის მერე არ გამოჩენილა“. შეტყობინების წაკითხვის შემდეგ მე დავურეკე ოლეგს და ვესაუბრე დეტალებში გასარკვევად. საუბრის დროს ოლეგიმ მითხრა, რომ დაბადების დღეზე ჩხუბი მოხდა, რომელშიც გიორგის მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. მისი განმარტებით, იგი გიორგის ნათესავებთან ერთად მცხეთაში იმყოფებოდა, რაზედაც მე დავუკავშირდი გიორგის ნათესავს, მიხეილ ონაშვილს, ლავრენტი ჯალაღონიას და ჩემს მეგობარს ალეკო ნავროზაშვილს. ჩვენ შევიკრიბეთ და წავედით მცხეთაში. ადგილზე იყვნენ გიორგის ოჯახის წევრები და ნათესავები, ასევე ჩვენი მეგობარი ოლეგ ბობოხიძე. გურამ ამირხანაშვილი ამ დროისთვის პოლიციის შენობაში იყო. მე ოლეგ ბობოხიძისგან გავიგე, რომ ღამით, დაახლოებით, 2 საათისკენ, გურამ ამირხანაშვილმა მიწერა მას, რომ დაბადების დღეზე ჩხუბი მოხდა, ის და გიორგი შაქარაშვილი არაფერ შუაში იყვნენ, გვიან ლისზე მიდიოდნენ, რა დროსაც მანქანა მოვიდა, უმიზეზოდ დაუწყეს ჩხუბი, რის შემდეგაც აღნიშნული ავტომობილის მგზავრებმა გურამი ჩაისვეს ავტომობილში, გიორგი შაქარაშვილი კი გაიქცა…

    გიორგის ძებნის პროცესში მე კომუნიკაცია მქონდა გურამ ამირხანაშვილთან. ვეკითხებოდი დაბადების დღეზე მომხდარი ფაქტების შესახებ, რაზედაც იგი მიყვებოდა შემდეგ ისტორიას: დაბადების დღეზე გიორგი შაქარაშვილი და გურამ ამირხანაშვილი მივიდნენ დაგვიანებით, დაახლოებით 10 საათის შემდეგ. ადგილზე მისულებს იქ მყოფები უკვე ნასვამ მდგომარეობაში დახვდათ. მისივე გადმოცემით, სიტუაცია დაბადების დღეზე მყოფ ხალხს შორის დაძაბული იყო, რის მიზეზადაც გურამი ასახელებდა ადგილზე მყოფ გოგოებს. რამდენადაც მე გავიგე, ბიჭებს სურდათ თავიანთი დომინანტობის წარმოჩენა გოგოების წინაშე, მეორე მიზეზად კი ასახელებდა, დაბადების დღეზე მყოფი დიჯეის მიმართ აგდებულ დამოკიდებულებასა და მიმართვებს.

    დაძაბულობა მალე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რომელშიც საბურთალოელებმა დაჩაგრეს ნახალოვკელები, რის შემდეგაც დაჩაგრული ნახალოვკელები ადგილიდან წავიდნენ. ადგილზე დარჩენილებმა კი გადაწყვიტეს ლისზე წასვლა და დაბადების დღის აღნიშვნის იქ გაგრძელება. ავტომობილებით მყოფებმა ჩაისვეს გოგოები და წაიყვანეს ლისზე, დარჩენილებმა კი გზაზე გასვლა და სხვა ტრანსპორტით ჩამოსვლა გადაწყვიტეს თბილისში. გურამის გადმოცემით, 5-6 ადამიანი მოძრაობდა გზაზე ფეხით. გადმოკვეთეს არაგვზე არსებული ხიდი, რა დროსაც მათ წამოეწიათ ავტომობილი, რომლიდანაც გადმოვიდა რამდენიმე პიროვნება და დაუწყეს მათ ცემა, რაზეც გურამი და გიორგი შაქარაშვილი სხვებთან ერთად გაიქცნენ ადგილიდან, შემდეგ კი მობრუნდნენ უკან, მივიდნენ იქ მყოფ პირთან, რომელიც მანამდე მათთან ერთად მოძრაობდა და ნაცემი იყო. ამ დროს, მეორე ავტომობილი მოვიდა, შეჩერდა მათ წინ, იქიდანაც რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა და გაემართნენ მათკენ, რა დროსაც გურამი, გიორგი შაქარაშვილი და მათი თანმხლები პირები ისევ გაიქცნენ ხიდის მიმართულებით. გურამის გადმოცემით, ის ხიდის მეორე მხარეს გადავიდა სირბილის დროს, იგი კი უკან მიყვებოდა გიორგი შაქარაშვილს. ხიდის ბოლოში გზასთან არსებული მცირე ზომის შენობა დაინახა და იმის უკან გადაწყვიტა დამალულიყო. შაქარაშვილი კი, ბოლო მომენტში, როდესაც დაინახა, ხიდის ქვეშ ჩამავალ ვიწრო გზაზე ჩარბოდა. გურამი მდევრებმა მალევე იპოვეს, ჰკითხეს, თუ სად წავიდნენ დანარჩენები, რაზეც გურამმა უპასუხა, რომ არ იცოდა, შემდეგ კი, ჩასვეს ავტომობილში და წამოიყვანეს მისი ნების საწინააღმდეგოდ. მისივე გადმოცემით, იმ ეპიზოდში შეეშინდა, რომ არ ეცემათ და ამიტომ ჩაჯდა ავტომობილში. 22 ივნისს, პოლიციამ გიორგის გვამი აღმოაჩინა მდინარე არაგვში, რაც მე საეჭვოდ მეჩვენა, ვინაიდან გიორგიმ ცურვა არ იცოდა და ზოგადად, ერიდებოდა წყალს, მდინარეს. მე დარწმუნებული ვარ, იგი მდინარეში არ ჩავიდოდა. მთელი ბავშვობა მასთან ერთად მაქვს გატარებული და კარგად ვიცნობ.

    კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე წარმოდგენა არ მაქვს, რის გამო დაშორდა მარიამ ხატისკაცი გიორგი შაქრაშვილს, არ ვიცი სხვა ვინმესთან აქვს თუ არა ურთიერთობა, ასევე არ ვიცი, სხვა პირს უყვარს თუ არა მარიამ ხატისკაცი და ასეთის არსებობის შემთხვევაში, იმყოფებოდა თუ არა იგი 2020 წლის 18-19 ივნისის ღამეს მცხეთაში.

    კითხვაზე გიპასუხებთ,რომ მე არ ვიცი, ვინ დაპატიჟა გიორგი შაქარაშვილი. მგონია, რომ მარიამ ხატისკაცი, ლიზი ნადირაძე და ლიზი ქსოვრელიდან ერთ-ერთმა, უფრო ლიზი ნადირაძე მგონია. მგონი ასე მოვისმინე ვიღაცისგან, ოღონდ, სად და როდის, არ ვიცი. გიორგისგან მე მხოლოდ ვიცოდი, რომ ანი გაბეჩავა იყო მარიამ ხატისკაცის, ლიზი ნადირაძის და ლიზი ქსოვრელის დაქალი და მათი მხრიდან მიდიოდა დაბადების დღეზე.

    კითხვაზე გიპასუხებთ, რომ გიორგი შაქრაშვილს არ ჰქონდა მობილური ტელეფონი, მან 2020 წლის გაზაფხულზე გაყიდა მისი კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის „გალაქსი ეს 8“, ვინაიდან მისი გადმოცემით ტელეფონს დიდ დროს უთმობდა და მის გარეშე უფრო კომფორტულად იგრძნობდა თავს“, – აცხადებს შაქარაშვილის მეგობარი, ლუკა გოგავა ჩვენებაში.

  • ირაკლი კობახიძისგან პოლიტიკოსი ვერასდროდ დადგება – ეკა ბესელია

    ირაკლი კობახიძისგან პოლიტიკოსი ვერასდროდ დადგება – ეკა ბესელია

    პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, ირაკლი კობახიძისგან პოლიტიკოსი ვერასდროდ დადგება. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძის “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნის თაობაზე განაცხადა.

    “არ ღირს ძალიან ბევრი დროის ხარჯვა და ფიქრი, კობახიძეზე რატომ შეიძლებოდა გაკეთებულიყო არჩევანი. თქვენ ხედავთ, როგორი საკადრო შიმშილი აქვთ, მართლაც მძიმე სურათი აქვს მმართველ პარტიას. არავინ დარჩა ისეთი, ვისაც შეიძლება ცოტა გამოცდილება მაინც ჰქონდეს პოლიტიკურ პროცესებში. კობახიძემ საერთოდ ვერ ისწავლა პოლიტიკური პროცესი და მისგან პოლიტიკოსი არ დადგება არასოდეს, მაგრამ ის ამ პოზიციაზე შეირჩა იმ ნიშნით, რომ საარჩევნო კამპანიების დროს იყო ჩართული როგორც ტექნიკური, საორგანიზაციო შემსრულებელი პირი და უბრალოდ, “ოცნების” რიგებს რომ გადახედოთ, იმდენად რთულია იპოვოთ პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც აქვს საარჩევნო გამოცდილება, მიხვდებით – არარაობას ეს სჯობიაო – აი, ეს არის შერჩევის პრინციპი. მისი მათემატიკა და მისი პროგნოზები ცნობილია. ეს არის ერთ- ერთი ყველაზე ტრაგი-კომიკური თემა “ქართულ ოცნებაში”, თუ როგორ ითვლის ის საარჩევნო სტატისტიკას და როგორ აკეთებს პროგნოზებს. როცა ივანიშვილმა ერთხელ უკვე იწვნია საკუთარ თავზე ისეთი კრახი, როცა მეორე ტური იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატს მიულოცა და მიულოცა სწორედ იმიტომ, რომ კობახიძე არწმუნებდა, რომ აღარ იქნებოდა მეორე ტური საჭირო. ახლა მისი არჩევანია, რომ ისევ იძულებულია მასზე შეაჩეროს არჩევანი,”- განაცხადა ბესელიამ.

    შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად გუშინ დაინიშნა.