Category: ახალი ამბები

  • მდინარე ჯუმში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

    მდინარე ჯუმში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

    ზუგდიდში, სოფელ დარჩელში ორდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე ჯუმში დაკარგული მოზარდი იპოვეს. ამის შესახებ,  სოფლის რწმუნებულმა მამუკა ჯოლოგუამ განაცხადა. მისივე თქმით, 15 წლის მოზარდის ცხედარი ქვიშაში იყო ჩაფლული.

    “მდინარის დონემ რომ დაიკლო, სადაც დაიკარგა იქიდან ერთ კილომეტრში იპოვეს”, – განაცხდა ჯოლოგუამ.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და აჭარის რეგიონებიდან. ოპერაციაში, ასევე, მონაწილეობდა განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან.

    “მობილიზებული იყო დრონი და სამი ერთეული მცურავი საშუალება. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა ექოლოტის საშუალებით. ადგილზე შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, საიდანაც ხორციელდებოდა ოპერაციის მონიტორინგი”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    დაკარგული არასრულწლოვნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შეტყობინება 13 ივლისს შევიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მდინარე ჯუმში აქტიური საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო.

  • დავით ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    დავით ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

    როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ცინარიძის ადვოკატმა, კახა ხვისტანმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურა არ დაეთანხმა.

    „რა არგუმენტაციაც სასამართლოში აქამდე გვქონდა, იგივე პოზიცია დავაფიქსირეთ. მაშინაც და ახლაც ვამბობთ, რომ დავით ცინარიძეს არ შეიძლებოდა ამ ბრალდებით შერჩეოდა საერთოდ აღკვეთი ღონისძიება. აღკვეთი ღონისძიება ადამიანის დასჯის მიზნით არ გამოიყენება, ის სასჯელი არ არის. აღკვეთის ღონისძიება კონკრეტული მიზნით გამოიყენება, რომ პირი არ მიიმალოს, ხელი არ შეუშალოს გამოძიებას და მტკიცებულებები არ გაანადგუროს. არცერთი საფრთხე დავით ცინარიძის მხრიდან არ არსებობს.

    პროკურატურა ჩვენს შუამდგომლობას არ დაეთანხმა, იგივე პოზიცია დაიჭირა, ბრძანა, რომ არ არსებობდა ახალი გარემოება, რის გამოც მის მიმართ აღკვეთის ღონსიძიება უნდა შეცვლილიყო. მართალია, ძალიან მძიმედ, ძალიან რთულად მივდივართ იმ გზამდე, რასაც დავით ცინარიძის სრული გამართლება ჰქვია წარდგენილ ბრალდებაში, მაგრამ საზოგადოებამ დაიცადოს ცოტა ხანი და როგორც ახლა გათავისუფლდა, ისე გამოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი. ამის თქმის საფუძველს საქმეში არსებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გვაძლევს, რომელიც ვერანაირად ვერ შეკრავს იმ სტანდარტს, რაც პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად არის საკმარისი“, – განაცხადა ხვისტანმა.

    ცნობისთვის, დავით ცინარიძე სამართალდამცავებმა 28 აპრილს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. ცინარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.

  • საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1003-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 873-ს შეადგენს.

    უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

    კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 244.

  • სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაქცეულ პატიმარს ისევ ეძებენ

    სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაქცეულ პატიმარს ისევ ეძებენ

    საქალაქო სასამართლოდან გაქცეულ პატიმარს ოჯახი ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს. ისინი ამტკიცებენ, რომ 20 წლის ზაალ ძაგანიშვილი მანქანიდან მაშინ გაიპარა, როდესაც სამართალდამცველები სიგარეტის მოსაწევად იყვნენ გადასული.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

    შეგახსენებთ, რომ ქურდობის ფაქტზე ბრალდებული ზაალ ძაგანიშვილი გუშინ, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაექცა პოლიციელებს.

  • “ცდილობდა მარიანა ბავშვი მდგომარეობიდან გამოეყვანა, მოახერხა კიდევაც, ბავშვი ჭკუაზე აღარ იყო“–ლუკა სირაძის დედა

    “ცდილობდა მარიანა ბავშვი მდგომარეობიდან გამოეყვანა, მოახერხა კიდევაც, ბავშვი ჭკუაზე აღარ იყო“–ლუკა სირაძის დედა

    ტრაგიკულად გარდაცვლილი მოზარდის ლუკა სირაძის დედამ, ელიკო ჩხიტუნიძემ გადაცემა „პოლიტმეტრს“ პირველი ინტერვიუ მისცა. დედის მიერ აღდგენილი სურათით დგინდება, რომ მარიანა ჩოლოიანის გარდა, ლუკა სირაძეზე კიდევ რამდენიმე პოლიციელმა იძალადა.

    დედის თქმით, ლუკა სირაძეს პოლიციის განყოფილებაში აშანტაჟებდნენ და სავარაუდოდ ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, კერძოდ ხელი დაარტყეს.

    „ლუკა იყო ძალიან თბილი, ძალიან მიზანდასახული, კარგი მოსწავლე, არავისთან პრობლემა არ ჰქონდა, ეს ასაკი ცოტა სიზარმაცის პერიოდია, ამის გამო გადავიყვანე მწვანე სკოლაში, არ მინდოდა გაეცდინა გაკვეთილები და გადავიყვანე რადგან იქ იყო დაცვა, მეგონა რომ მეტი ყურადღება იქნებოდა, თორე მარტო მაგათთვის არ მიმინდვია ლუკას აღზრდა და გამოვიდა ისე, რომ იმ სკოლამ გაიმეტა ჩემი ლუკა, იმიტომ რომ კედლები დაფხაჭნა, მე არ მოუწონებდი ამ საქციელს, მაგრამ ლუკას ჩემი სასჯელი ეყოფოდა . . .

    30-ში ხუთის ნახევარი იქნებოდა, პოლიციის პირველი განყოფილებიდან დამირეკეს, მოიყვანეთ თქვენი შვილი და მოდით განმყოფილებაში, ჯერ რომ მე მოვიდე და მერე ბავშვი – მეთქი, შენ რაში მჭირდები, იკითხე განყოფილებაში მარიანა ჩოლოიანი და მოდი ჩემთანო. 5 საათი სრულდებოდა, რომ შევედით განყოფილებაში.

    იცით რაზე ხართ დაბარებული, არც შენ არ იცი ვაჟბატონოო, არც მე არ ვიციო ლუკამ. აი ჩვენ კი ვიცით და მიგვითითა მწვანე სკოლის წარმომადგენელზე, გოჩაზე.

    შენ არ იცი კედლები ვინ მოხატა, ჟურნალი ვინ გააფუჭა? მე ვიდეო მასალა მაქვს, სკოლის წარმომადგენელი ამბობს, რომ შენ გააფუჭე, მოსწავლეებმაც შენ დაგასახელს – არ გამიფუჭებია, მე არავის დაუნახივარ და როგორ იტყვიანო. მე მყავს მოწმებიო, აღიარეო ახლა, რომ გეუბნები, ლუკამ შენ გინდა რომ ეს საქმე მე დამაბრალოო. ისეთ ნაირად ელაპარაკებოდა ჩოლოიანი – კისერს მოგიგრეხ, შენისთანებისთვის მომიგრეხია კისერი, იწვევდა ძალიან, გაბრაზდა ლუკა.

    მე ჩემი შვილის გაბრაზება ვერ მოვითმინე და ვეხვეწებოდი დაწყნარდი დედა, თუ შენი დაწერილია, დაწერე აღიარებითი ჩვენება. ცდილობდა მარიანა რომ ეს ბავშვი გაეღიზიანებინა, მდგომარეობიდან გამოეყვანა, მოახერხა კიდევაც ბავშვი ჭკუაზე აღარ იყო. შენი საქციელით, შენი გადახოტრილი თავითკაპიშონით, ზუსტად შენ ხარ გამკეთებელი. შენ იცი სად გიკრავ თავს, სადაც საჭიროა და იქ მოგხედავენო.

    მე ძალიან შევშინდი და ტირილი დავიწყე და ვითხოვე დავრეკავ ჩემს შვილთან ბექასთან-მეთქი, დაურეკე და ვუთხარი, რომ მჭირდებოდა. წამოდი თუ გცალია მეთქი – ვერ გაუშვეს ბექა, ქალაქში არ იყო. ვუთხარი ძმასთან დავალაპარაკებ, არ დაუშლიათ, მათ აწყობდათ დალაპარაკებოდა ოღონდაც ეღიარებინა – აღიარეო რომ შენი გაკეთებულია თორემ ახლა შენ ძმას იცი რას უზამენო (გორში სწავლობს ბექა, სამხედრო აკადემიაში) გამოაგდებენ, საქმეს გაუფუჭებენ, ვერსად ვეღარ იმუშავებს. ამაზე ბავშვი სულ გაგიჟდა ადგილს ვეღარ პოულობდა”,- აცხადებს ლუკა სირაძის დედა.

    დედის თქმით, მარიანა ჩოლოიანი მოზარდს აშანტაჟებდა, რათა მისგან აღიარებითი ჩვენება მოეპოვებინა.

    ” შენი ტელეფონით მიმოწერა მაქვს, რომ მეგობარს წერ – „არ გაამხილო მე რომ გავაფუჭე თორე თავს მოგაჭრიო“. ლუკამ უარყო. შანტაჟი იყო, არა მარტო მარიანასგან არამედ, იქ მყოფი 4 – 5 პიროვნებისგან. ვინც გაივლიდა – გამოივლიდა ყველა ეუბნებოდა ჩაალაგოს შენმა ძმამ ჩემოდანი, უკვე დროა, იქიდან გამოაგდებენ. საქმე გაუფუჭდება, ვერსად ვერ იმუშავებს. ვაი შე საცოდაო, რა იცი რა მოელის შენ გამო შენს ძმას.

    დიდი ხანი მიდის პროცესი, ხან გავა მარიანა მითითებას აიღებს – მოწმეები მყავსო და მოვიდნენ მწვანე სკოლის მეგობრები, ამ შანტაჟის მერე, ჩვენთან ერთად დააჯინა დედა-შვილი და ეუბნება ამ ბავშვს, შენ ხომ თქვი, რომ ლუკამ დაწერა ეს ყველაფერი, არ დამინახავს როგორ ვიტყოდიო – აღიარე ახლა რომ შენ თქვი, არა სრულწლოვანს ეუბნება. ეს ბავშვი გახდა ისე ცუდად, სულ კანკალებდა, ადგა დედამისი გაბრაზებული როგორ ელაპარაკებიო, ამას რომ რამე დაემართოს მერე რა უნდა ვქნაო – ქალბატონო დაბრძანდი, თორემ შენ გარეთ გაგაბრძანებენ, სოციალური სამსახურიდან ვინმეს მოვიყვანთ მაინც დაიკითხება ეს ბავშვიო.

    მესმის ასე რომ არ უნდა ხდებოდეს მაგრამ, იქნებ რამე შეიცვალა და რამე სასწაული ხდება ჩვენს თავს-მეთქი. ამ გოგოს ეუბნება მე შენი და ლუკას მიმოწერა მაქვს, გინდა ვაჩვენო დედაშენს რა წერია – დღესაც არ ვიცი რა ეწერა იმ ტელეფონში, არაფერი არ წერია ისეთი რა უნდა აჩვენოო უპასუხა მეგობარმა, ასე საათ ნახევარი იყო ჭიდილი.

    ცოტა ხნის შემდეგ შემოვიდნენ სხვა მეგობარი და მისი მშობელი, უკვე ბიჭი, ჩვენ გვითხრეს გადავსულიყავით შემოსასვლელში და ეს ახლად მოსული ბიჭი ამ გოგოსთან დასვა – დააპირისპირა ერთმანეთს, იმათი საუბარი მე არ მესმოდა.

    უკვე 4 საათია და დაუწყო ისევ თავიდან შანტაჟი ჩოლოიანმა, ამათმა შენ დაგადეს ხელი, შენ გონია არ თქვეს, რომ შენ იყავიო. ვერ იტყოდენ, არ დაუნახივარო. ამასობაში ლუკამაც რომ ცოტა ხმამაღლა თქვა, მილიციის ერთ-ერთი თანამშრომელი წამოვიდა უკანა მხრიდან და დაგვიწყო გინება – „ვიღაცამ ჩვენო ძაღლებათ მოგვიხსენია და იმის დედაც . . . “, ყველა მხრიდან გინება, შანტაჟი “, – ახადებს ელიკო ჩხიტუნიძე.

    ელიკო ჩხიტუნიძეს თქმით, ხმაურზე პოლიციის უფროსის მოადგილე რევაზ მამასახლისი შემოვიდა, რომელმაც ლუკა სირაძე ცალკე ოთახში გაიყვანა.

    “ხმაურზე გამოვიდა პოლიციის უფროსის მოადგილე, რევაზ მამასახლისი და შეიყვანა ლუკა კაბინეტში, მე ვერ მივხვდი უნდა გავყოლოდი თუ არა, დაახლოებით 7 წუთი იყო იმ ოთახში, გამოვიდა და სახე ჰქონდა ალეწილი, თვალები წყლიანი, ტიროდა. დედი დაგარტყა-მეთქი, არ მომეწონა სახე, ნამდვილად ვიტყვი, რომ ბავშვს გარტყმული ჰქონდა სახეში, მაგრამ ბავშვმა არ თქვა, დაჯდა ტირილით – კაპეზეთი დამემუქრაო. ერთად ორგანიზებულმა ამ ყველაფერმა ქნა ის რომ მიაღწიეს ბავშვი წაშლილიყო ყველანაირად.

    ლუკამ სასწრაფო შეიძლება გამოვიძახოთო – შევხედე მარიანას, სასწრაფოს მე თვითონ გამოვიძახებ თუ შეგატყობ ცუდად ხარ. იმდენიც ვერ ვიძალე სასწრაფო გამოეძახებინა. სოციალური სამსახური რომ გამოვიძახო, ესეც აუკრძალა, დედაშენი გყავს აგერო. დედა რა ვქნა, დაწერე შვილო ხომ არ მოკლავენ – მეთქი, დამთანხმდა, უკვე 5 საათ ნახევარია გასული, ვწერთ და ვერ მოვასწარით, წადით და ხვალ მოდით 11 საათზეო.

    მივედით დილით და ისევ ტელეფონამდე მივიდა საქმე, ლუკამ ისევ თქვა არ არის ეს ჩემი ტელეფონიდან გაგზავნილი, მერე გავიბრაზდა, ადექით წაბრძანდით და მე მივხედავ ამ საქმესო ანუ არ შედგა აღიარებითი ჩვენება, ვერ დაწერა. დღესაც არ ვიცი რა მესიჯზე ეუბნებოდა, გამოგვყარა გარეთ, მარტო სკოლაში წარწერების დაწერა მისთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო, უფრო მეტს ითხოვდა“,- განაცხადა ელიკო ჩხიტუნიძემ.

    შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძემ პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა და ის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლუკა სირაძეს იაშვილის კლინიკაში გული გაუჩერდა. არასრულწლოვანი რეანიმაციულ განყოფილებაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც პოლიციის ზეწოლის გამო თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ლუკა სირაძემ „მწვანე სკოლის” შენობაში და შენობის კედლებზე წარწერები გააკეთა. ერთ-ერთი იყო „ამ ცოხვრების დედაც”, რის შემდეგაც ის გამომძიებლებმა მშობლის გარეშე დაკითხეს.

    საქმის შესწავლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო და გამოავლინა დაკითხვის დროს არსებული ხარვეზები, რის შემდეგაც გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

    ბრალდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი კი, ჩვენების იძულების ბრალდებით დააკავეს.

  • ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი საკუთარი ჩვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

    ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი საკუთარი ჩვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

    35 წლის ქალი ჩვილის მკვლელობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. შემთხვევა ზუგდიდში ორი დღის წინ მოხდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ქალი რომელიც რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, ორსულობას მალავდა.

    ახალგაზრდა ქალი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. როცა შეუძლოდ გახდა, კლინიკაში გადაიყვანეს. მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვა, რომ ქალი ახალნამშობიარები იყო, ჩვილი კი გამქრალი.

    პოლიციამ გამოძიება დაიწყო. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ჩვენებაში ქალი ამბობს, რომ ჩვილი დაბადების პროცესში გაეგუდა, ან გაგუდული დაიბადა. მისივე ჩვენებით, ჩვილის გაჩენის შესახებ ბავშვის მამას შეატყობინა, რომელმაც ძველ ტანსაცმელში გახვეული ჩვილის ცხედარი სოფლის ტყეში, ე.წ. კომპლექსის ნანგრევებში ჩამარხა. ოჯახი ჩვილის მკვლელობაში თანამონაწილედ მამასაც მიიჩნევს და მის დაკავებას ითხოვს.

    ჩვილის მამა ამ დრომდე დაკავებული არ არის. მან გამოკითხვისას პოლიციას ჩვილის ცხედრის ადგილსამყოფელი მიუთითა. სამართალდამცველებმა ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მამას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით აქვს წარდგენილი. მისი ოჯახი მომხდარზე არ საუბრობს.

    გამოძიება 112- ე მუხლით მიმდინარეობს. ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების ინფორმაციით, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა გახდა ჩვილის გარდაცვალების მიზეზი, სწორედ ექსპერტიზის დასკვნა გადაწყვეტს, დააკავებენ თუ არა ჩვილის მკვლელობის ბრალდებით ბავშვის ბიოლოგიურ მამას, რომელსაც ამ დროისთვის ყველა დოკუმენტი ჩამორთმეული აქვს, ბრალი წარდგენილი აქვს და ქვეყნიდან გასვლა გამოძიების დასრულებამდე ეკრძალება.

  • “ეს არ არის ხალხის საქმე” – მირიან ნიკოლაძე შაქარაშვილის საქმის ახალ ვერსიებზე

    “ეს არ არის ხალხის საქმე” – მირიან ნიკოლაძე შაქარაშვილის საქმის ახალ ვერსიებზე

    გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ადასტურებს, რომ საქმეში ახალი ვერსიები იკვეთება.

    მოკლული ახალგაზრდის ბიძა ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოვიდა. მირიან ნიკოლაძე კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს, მაგრამ ცნობილია, რომ საქმის ახალი მასალები უკვე გადაეცათ ადვოკატებს და დეტალები სავარაუდოდ მალე გახმაურდება.

    “რაც იყო, ეს ვერსიები არის სამუშაო ვერსიები და არ არის საზოგადო. ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე და ყველასთან დაკავშირებით, მაგრამ ვთვლი, რომ ეს არის სამუშაო ვერსია. ეს არ არის ხალხის საქმე და საზოგადოების გასარჩევი“, – თქვა ნიკოლაძემ.

    პოლიციის პარალელურად, საკუთარ მოკვლევებს ატარებენ სახელმწიფო ინსპექტორი და სახალხო დამცველი. სავარაუდოდ, საუბარია ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობაზე.

    ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე კი ამბობს, რომ გური ამირხანაშვილი მეხუთედ არ დაუკითხავთ. როგორც მას სამართალდამცველებმა განუმარტეს, აზრი აღარ ჰქონდა მის გამოკითხვას.

    სახალხო დამცველი უკვე იკვლევს ბრალდებულებზე ზეწოლის ფაქტებს. თუმცა, ნინო ლომჯარია დამატებით დეტალებს კონფიდენციალურობის დაცვის მიზეზით არ ახმაურებს.

  • “ლუფთანზას” მიუნხენის მიმართულებით ფრენის აღდგენა ნებისმიერ დროს შეუძლია“ – თურნავა

    “ლუფთანზას” მიუნხენის მიმართულებით ფრენის აღდგენა ნებისმიერ დროს შეუძლია“ – თურნავა

    ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ავიაკომპანია “ლუფთანზას” შეუძლია საქართველოდან მიუნხენის მიმართულებით ფრენები ნებისმიერ დროს აღადგინოს. მისი თქმით, მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტთან შეზღუდვა მოხსნილია.

    გერმანიის მიმართულება არის ყველაზე პირველი, სადაც ჩვენ აღვადგენთ რეგულარულ ფრენებს. თქვენ უკვე იცით, რომ “ლუფთანზასთან” არის მიღწეული შეთანხმება და ყველაზე გვიან 2 აგვისტოდან აღადგენს ფენებს, თუმცა, პრაქტიკულად წინა კვირას ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტზე მოიხსნა შეზღუდვა და შეუძლია ნებისმიერ დროს აღადგინოს და ჩვენ შევეხმიანებით, თუკი არის შესაძლებლობა, რომ უკვე ივლისში დაიწყოს ფრენები, – თქვა ნათია თურნავამ.

    მინისტრმა აღნიშნა, რომ არ გამოირცხავენ ჩარტერული რეისის დამატებასაც, რომლითაც თუნდაც სტუდენტები შეძლებენ ჩასვლას.

  • “ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძე დანიშნა

    “ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძე დანიშნა

    მმართველი პარტიის,”ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა.

    პარტიის ინფორმაციით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილმაც მიიღო.

    „სხდომაზე, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა. ირაკლი კობახიძემ საარჩევნო შტაბის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საკუთარი ხედვა წარუდგინა. სხდომაზე არჩევნებთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს“,- წერია “ქართული ოცნების” განცხადებაში.

  • საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი – მეთიუ ბრაიზა

    საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი – მეთიუ ბრაიზა

    ამერიკელმა დიპლომატისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეთიუ ბრაიზას განცხადებით, საქართველოს 2008 წელს “მაპი” უნდა მიეღო, მის მინიჭებაზე უარის თქმა კი ალიანსის სტრატეგიული შეცდომა იყო, რამაც კრემლს აგრესიისთვის გზა გაუხსნა.

    “საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი, ასე ვფიქრობ ბუქარესტის სამიტის შემდეგ. მაშინ საქართველო სულ არ იყო მზად ნატოს წევრობისთვის, მაგრამ დანამდვილებით უნდა მიენიჭებინათ მისთვის  სამოქმედო გეგმა – MAP-ი. მაშინ სრულიად პათეტიკური ფორმულირებით ითქვა შემდეგი –  რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრი ქვეყნები, მაგრამ არა ახლა. ეს პუტინისთვის გადაგდებული ხორცის ნაჭერი იყო… ფანჯარა თავდასხმისთვის, რომ აი, სივრცე, საიდანაც შეგიძლია თავს დაესხა. დატოვე საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში და არ დააყოვნო…ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს ალიანსის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იყო, როცა ძალიან მკაფიოდ არ ითქვა, რომ საქართველო გახდება წევრი ქვეყანა, – თქვა ბრაიზამ მთავარ არხთან ინტერვიუში.

    მანვე აღნიშნა, რომ გერმანიას ეშინია რუსეთის სამხედრო აგრესიის ევროპაში, საქართველო კი არის ევროპაში. ბრაიზას თქმით, ყირიმის ანექსიაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი გერმანიის გამოსაფხიზლებლად.

    დიპლომატმა ისაუბრა ქართული ოცნების” მხრიდან ოპოზიციის კრიტიკაზე, რის თანახმადაც აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები ხელისუფლების ოპონენტების ლობისტური საქმიანობის შედეგია. ბრაიზას თქმით, ლობისტები ჰყავს ქართულ ოცნებასაც, ასევე აქვს პირდაპირი კონტაქტი აღმასრულებელ შტოსთან, ამიტომ წესით მათ არ უნდა იჭირდეთ ვაშინგტონის დარწმუნება, რომ რუსეთთან არ აქვთ კავშირი.

    “ვაშინგტონი ლობისტების ადგილია. ამერიკაში ეს სისტემა მუშაობს და როდესაც თქვენი ხელისუფლება ოპოზიციას აკრიტიკებს ლობისტების წარმატებით გამოყენებაში, მთავრობა თავის მხრივ უნდა ეცადოს, რომ იგივე გააკეთოს. როგორც ვიცი, მათაც ჰყავთ თავისი ლობისტები დაქირავებული. გარდა ამისა, ხელისუფლებას, ოპოზიციისგან განსხვავებით, პირდაპირი კონტაქტები აქვს აღმასრულებელ შტოსთან და კონგრესთან. ეს მთავრობის უპირატესობაა. წესით, მათ არ უნდა გაუჭირდეთ ვაშინგტონის დარწმუნება, რომ რუსეთთან არ აქვთ კავშირი”,– განაცხადა ბრაიზამ.