Category: ახალი ამბები

  • სომხეთთან ომის მოთხოვნით ბაქოში აქცია მიმდინარეობს – მოქალაქეები პარლამენტში შეიჭრნენ

    სომხეთთან ომის მოთხოვნით ბაქოში აქცია მიმდინარეობს – მოქალაქეები პარლამენტში შეიჭრნენ

    აზერბაიჯანში სომეხი ჯარისკაცების მიერ მოკლული გენერლისა და სამხედროების სოლიდარობის აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირების მიზეზი მომიტინგეთა გარკვეული ნაწილის მიერ პარლამენტის შენობაში შეჭრა და პოლიციის მანქანების დაზიანება გახდა.

    სამართლდამცველებმა მოსახლეობის წინააღმდეგ წყლის ჭავლი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. დაკავებულია აქციის ათობით მონაწილე. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას თოუზის რეგიონში სომხეთის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმაზე შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ.

    შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების დროს მხარეებმა ცეცხლის გახსნაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მიმართულებით ცეცხლი 120მმ-იანი ნაღმტყორცნების გამოყენებით გახსნეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ კი ბრალდებები უარყო და აზერბაიჯანული მხარე ცეცხლის გახსნაში პირიქით დაადანაშაულა.

  • მისი გადასაწყვეტია იქნება თუ არა სიის პირველი ნომერი – კობახიძე ივანიშვილზე

    მისი გადასაწყვეტია იქნება თუ არა სიის პირველი ნომერი – კობახიძე ივანიშვილზე

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თავად ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა საარჩევნო სიის პირველი ნომერი.

    კობახიძის თქმით, სიის ნუმერაციაზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა.

    “სიის პირველი ნომრის საკითხი ჯერ არ ყოფილა განხილული. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრობას, ეს არის მისი გადასაწყვეტი. ის არის პირველი ნომერი პარტიაში, არის პარტიის თავმჯდომარე. შესაბამისად, თუ ის გადაწყვეტს ასეთ რამეს, ბუნებრივია, ის იქნება სიის პირველი ნომერი. ეს მისი გადასაწყვეტია”,- განაცხადა კობახიძემ.

  • არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება – ომბუდსმენი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

    არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება – ომბუდსმენი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

    “არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება “- ასე პასუხობს, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარია სალომე ზურაბიშვილის განცხადება.

    „ერთი- ერთზე იქნება თუ ჯგუფურად, ძალადობა არის ძალადობა და ეს არის კრიმინალი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო პირების განცხადებებს და შეფასებებს. არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება. ძალიან მნიშვნელოვანია, რა გზავნილებს გაავრცელებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ამ საკითხებთან დაკავშირებით“,-განაცხადა ლომჯარიამ.

    ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, რომ პრეზიდენტის განცხადება აღიქმებოდეს, როგორც ძალადობის წახალისება, ლომჯარიამ განაცხადა, რომ ეს მესიჯი ასე აღიქმება.

    „ვფიქრობ, ეს მესიჯი ასე აღიქმება, რომ ერთი ერთზე ფიზიკური დაპირისპირება უფრო მისაღებია, ან ჯდება ქართულ ტრადიციებში, ეს მსოფლომხედველობა შესაცვლელია. ჩვენს საზოგადოებაში შესაცვლელია წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალადობა ერთი- ერთზე იქნება თუ ჯგუფური, ეს არის კრიმინალი და მიუღებელია. ვაჟკაცობა გამოიხატება არა ძალადობაში, ან თუნდაც ფიზიკურ დაპირისპირებაში, არამედ სხვა ღირებულებებში: სამშობლოს სიყვარულში, დაჩაგრულის დაცვაში და ასე შემდეგ“,-განაცხადა ლომჯარიამ.

    ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ჯგუფური ძალადობა მიუღებელი, არაქართულია და ჩვენ ჩვენს ტრადიციებს უნდა დავუბრუნდეთ“.

  • ბიძინა ივანიშვილი „ოცნების“ პირველი ნომერი და განუყოფელი ნაწილია – სოფო კილაძე

    ბიძინა ივანიშვილი „ოცნების“ პირველი ნომერი და განუყოფელი ნაწილია – სოფო კილაძე

    ბიძინა ივანიშვილი „ოცნების“ პირველი ნომერი და განუყოფელი ნაწილია  – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გუშინდელი შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ ჩანს საჯაროდ ბიძინა ივანიშვილი. კილაძე ამბობს, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ გუშინდელ სხდომაში ივანიშვილმა მონაწილეობა ვირტუალურად მიიღო.

    „ის, როგორც პარტიის თავმჯდომარე ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში არის ჩართული და თქვენ რატომ გიკვირთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა? რა მნიშვნელობა აქვს, დღეს მთელი მსოფლიო ვირტუალურად უკავშირდება ერთმანეთს. მე პირადად არაერთ ვირტუალურ კონფერენციაში მიმიღია მონაწილეობა, შიდა გუნდურ შეკრებებსაც ვირტუალურად ვაკეთებთ, ამაში, დღეს, 21-ე საუკუნეში, კოვიდ 19-ის პირობებში რა არის გასაკვირი, რომ ბიძინა ივანიშვილი ვირტუალურად ჩაერთო პოლიტსაბჭოს სხდომაზე?“-განაცხადა სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან.

  • როცა მსოფლიოში პანდემიაა, არ არის დრო, ბრალდებულები ვეძებოთ – ტიკარაძე

    როცა მსოფლიოში პანდემიაა, არ არის დრო, ბრალდებულები ვეძებოთ – ტიკარაძე

    დღეს, როდესაც მსოფლიოში არის პანდემია, ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ვეძებოთ ბრალდებულები, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეცდომები დაუშვა.

    „საქართველო მიყვება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლს და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. თუ რამდენად მოახდინა თითოეულმა ქვეყანამ დროული რეაგირება ჯანმოს რეკომენდაციებზე, ეს არის უკვე ქვეყნის გადაწყვეტილება, რამდენად სერიოზულად აღიქვეს მათ ის საფრთხეები, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აანონსებდა. მაგრამ დღეს, როდესაც მსოფლიოში არის პანდემია, ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ვეძებოთ ბრალდებულები, დღეს არის მხოლოდ რაციონალური ნაბიჯების დრო და ერთობლივად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ შევძლოთ და დავძლიოთ პანდემია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

  • ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე, ჯგუფური ძალადობა არაქართულია -ზურაბიშვილი შაქარაშვილის საქმეზე

    ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე, ჯგუფური ძალადობა არაქართულია -ზურაბიშვილი შაქარაშვილის საქმეზე

    “ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე, ჯგუფური ძალადობა არაქართულია “- ასე ეხმაურება, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეს.

    “ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი, მე ეს ჯგუფური, აგრესიული, ძალადობა ადამიანებზე ძალიან მიუღებელია, ძალიან არაქართული. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. კიდევ უფრო ვაჟკაცობა ვიცი მე, ესაა აღიარება. კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობაა მონანიება. ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ახალგაზრდები, არა ტყუილით, არა დამალვით და არა ჯგუფური ძალადობით”. – განაცხადა ზურაბიშვილმა.

  • გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ მთავრობა Wizz Air-ს ფრენების უფლებას არ აძლევს

    გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ მთავრობა Wizz Air-ს ფრენების უფლებას არ აძლევს

    ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება  Wizz Air-ს ფრენების უფლებას არ აძლევს. როგორც მან  განაცხადა, ამის შესახებ  ეკონომიკის სამინისტრომ ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს არაოფიციალურად განუცხადა, რომ ავიაკომპანია გერმანიასა და საფრანგეთში არჩევნებამდე ვერ იფრენს.

    “მთავრობის სურვილია, რომ ჩვენი ტურიზმისა და ეკონომიკისთვის ესოდენ მნიშვნელოვანმა გადამზიდავმა, როგორიც Wizz Air-ია, არჩევნებამდე რეგულარული რეისები საერთოდ არ შეასრულოს. მთავრობა გვიმტკიცებს, რომ გადაწყვეტილებებს ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე იღებენ. სინამდვილეში, მათი გადაწყვეტილებები მთლიანად პოლიტიკურია, რაც შიმშილისთვის წირავს ათიათასობით ჩვენს მოქალაქეს”, –  განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

  • არც ერთი არ არის პოლიტპატიმარი, არიან დამნაშავეები და ძალიან სასტიკი დამნაშავეები – ზურაბიშვილი პოლიტპატიმრებზე

    არც ერთი არ არის პოლიტპატიმარი, არიან დამნაშავეები და ძალიან სასტიკი დამნაშავეები – ზურაბიშვილი პოლიტპატიმრებზე

    “არიან დამნაშავეები და ძალიან სასტიკი დამნაშავეები”, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პოლიტპატიმრებს შეეხებოდა. როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, ისინი პოლიტპატიმრები კი არა სასტიკი დამნაშავეები არიან.

    „არაერთხელ ვთქვი და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ – არც ერთი არ არის პოლიტპატიმარი, არიან დამნაშავეები და ძალიან სასტიკი დამნაშავეები,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • სექტემბრიდან ზონალურ–საათობრივი ფასიანი პარკირება საბურთალოზეც ამოქმედდება

    სექტემბრიდან ზონალურ–საათობრივი ფასიანი პარკირება საბურთალოზეც ამოქმედდება

    სექტემბრიდან ზონალურ–საათობრივი პარკირება საბურთალოზე ამოქმედდება– პირველი ეტაპისთვის პეკინის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე.

    ამის შესახებ თბილისის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

    კალაძე ამბობს, რომ ზონალურ– საათობრივი პარკირება, რომელიც პირველ ეტაპზე  ძველ თბილისში – კოტე აფხაზის ქუჩაზე და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაინერგა, წარმატებული აღმოჩნდა და ის თანდათანობით მთელ თბილისზე გავრცელდება.

    შემდეგი ეტაპი კი საბურთალოა. ათი აგვისტოდან პეკინის გამზირზე სპეციალური საინფორმაციო ჯიხურები დაიდგმება, სადაც მოსახლეობას ინფორმაციას მიაწვდიან. ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება უფასო იქნება, სხვა რაიონებიდან მოსულებისთვის კი 1 საათიანი პარკინგის ღირებულება 1 ლარი. შშმ პირებისთვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის პარკირება უფასო იქნება.

    პეკინის გამზირზე საათობრივ–ზონალური ფასიანი პარკირება 10 სექტემბრიდან ოფიციალურად ამოქმედდება.

     

  • ივანიშვილისთვის „ოცნების“ ყველა წევრი ვირუსმატარებელია – გოცირიძე

    ფრაქცია ” ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ საარჩევნო შტაბის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის არყოფნის მიზეზს პანდემიას უკავშირებს. როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ივანიშვილს როგორც ჩანს ჯერ “ვირუსგაუვალი” სკაფანდრი არ აქვს.

    “ბიძინა ივანიშვილი მსგავს შეხვედრებს რომ დაესწროს, საჭიროა სამი რამ: ან უნდა გამოიგონონ ვაქცინა ,ან ვირუსგაუვალი სკაფანდრი იყიდოს და ისე მივიდეს და როგორც ჩანს, მას ჯერ ეს სკაფანდრი არ აქვს ან მესამე – უნდა დაძლიოს შიში. უახლოეს პერიოდში არ არსებობს თეორიული შანსი ამ სამიდან რომელიმეს შესრულების. ასე რომ, ჩვენ კვლავ ვიხილავთ ბუნკერიდან საუბრებს “ქართული ოცნების” ოფისთან. ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტსაბჭოს ყველა წევრი არის პოტენციურად ვირუსმატარებელი,”- განაცხადა გოცირიძემ.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ ესწრებოდა.