Category: ახალი ამბები

  • „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, შესაძლოა, „კავკასუს ონლაინი“ ჰყავდეს მიზანში ამოღებული – მეთიუ ბრაიზა

    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, შესაძლოა, „კავკასუს ონლაინი“ ჰყავდეს მიზანში ამოღებული – მეთიუ ბრაიზა

    „ვშიშობ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს შესაძლოა, „კავკასუს ონლაინი“ ჰყავდეს მიზანში ამოღებული“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.

    მეთიუ ბრაიზამ „კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში თანამდებობის პირები და კომუნიკაციის კომისიის ხელმძღვანელობა ინფორმირებული იყვნენ იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანული კომპანია „ნექსოლი“ „კავკასუს ონლაინს“ ყიდულობდა, თუმცა კომუნიკაციების კომისიამ შემდეგ გარიგების შეჩერება გადაწყვიტა, გარკვეული პერიოდის განხილვების შემდეგ კი, 2019 წელს, „ნექსოლმა“გადაწყვიტა საქმე სტოქჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში შეეტანა.

    ბრაიზამ უპასუხა კახა ბექაურის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „კავკასუს ონლაინს“ წილის გასხვისების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიემართა კომისიისთვის, მაგრამ ეს ვალდებულება არ შეასრულა.

    „შეიძლება, კომისია ამბობს: „იცით, თქვენ ჩვენი ინფორმირება სიტყვიერად მოახდინეთ, მაგრამ ეს წერილობით უნდა გააკეთოთ“. მაგრამ სხვათა შორის, ასეთი დავები სხვა ტრანზაქციების შესახებაც იყო, მათ შორის, აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით და ყველა შემთხვევაში კომუნიკაციების კომისია ამბობდა: „კარგი, კარგი, გვესმის. კარგი იქნებოდა, რომ ეს ჩვენთვის წერილობით ან რაიმე სხვა ფორმით შეგეტყობინებინათ, თქვენ ამბობთ, რომ სიტყვიერად შეგვატყობინეთ, თუმცა ამაზე არ იდარდოთ, შეთანხმებას დავუშვებთ“. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც კომისიამ თქვა, რომ არა, ამ გარიგებას გავაუქმებთო“, – აღნიშნა ბრაიზამ.

    კითხვაზე, ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი გარკვეულწილად „კავკასუს ონლაინთანაა“ დაკავშირებული, ბრაიზამ უპასუხა, რომ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით პროცესში გარკვეული უცნაურობა შეინიშნება.

    „რაღაც ძალიან უცნაურია იმაში, თუ როგორ მიიწევს წინ ეს პროექტი. მოსმენები გვიან ღამით, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, დიდი აჩქარებით. ასეთი სიჩქარე რა საჭიროა? რატომ არ უნდა იყოს ნორმალური განხილვები, რა არის ფარული დღის წესრიგი, რომელიც ამ კანონპროექტის ასე სწრაფად წინ წაწევას იწვევს? ეს შეშფოთების საგანია, მეორეა – შინაარსობრივი. გვიან ღამით განხილვებში ვგულისხმობ, თუ არ ვცდები, შაბათ დღეს მოსმენებს პარლამენტის ეკონომიკის კომიტეტში. ამ დღეს ზოგმა ქართულმა ტელეკომუნიკაციის კომპანიამ პროტესტი გამოხატა, თქვეს, რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება სხვა ქართულ კანონებს, თქვეს ისიც, რომ შეიძლება, საერთოდ, არაკონსტიტუციურიც კი იყოს. სხვათა შორის, საპროტესტო წერილში მათ დაწერეს და თქვეს, რომ ეს კანონპროექტი არ უნდა გავიდეს და ვფიქრობ, მათ შორის დიდი შეშფოთება უკავშირდება იმას, რომ კანონი შეიძლება გამოყენებული იქნას ინტერნეტ თავისუფლების შესაზღუდად და ყველა ამ კომპანიის ბიზნესების დასაზიანებლად. უნდა ვთქვა, რომ როგორც ამ კომპანიების წარმომადგენლებმა პირად საუბრებში თქვეს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს კანონი რატომღაც, კონკრეტულად „კავკასუს ონლაინზე“ ფოკუსირდება. როგორც ვთქვი, ტელეკომუნიკაციების კომპანიასთან დაკავშირებით იყო 9 სხვა „ქეისი“, როდესაც კომუნიკაციების კომისიას შეთანხმების შესახებ დავა ჰქონდა, რადგან ამის შესახებ კომისიის ინფორმირება არ მომხდარა სათანადოდ, თუმცა ყველა შემთხვევაში კომპანიებს საშუალება მიეცათ, გარიგება შემდგარიყო. ეს, „კავკასუს ონლაინის“ შემთხვევა ერთადერთია, როდესაც კომისიამ ამის საშუალება შეზღუდა. ახლა, მას შემდეგ, რაც ნექსოლმა“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში წასვლა გადაწყვიტა, უეცრად, ჩნდება ახალი კანონი. ასე რომ, ეს ყველაფერი საეჭვო გარემოებებია. იურისტი არ ვარ, რა თქმა უნდა, არც საქართველოს კონსტიტუციის სპეციალისტი, მაგრამ შემიძლია, შევეხო სხვა ტელეკომუნიკაციის კომპანიების საპროტესტო წერილს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ მოდის. ისინი ასევე ამბობენ, რომ გამყიდველისა და მყიდველი „ნექსოლის“ მიერ დარღვეული ვალდებულების გამო ზომა არაპროპორციულია. ანუ, გაყიდვის გაუქმება, „კავკასუს ონლაინის“ აქციების ნაციონალიზაცია ან კონფისკაცია, უკიდურესი ზომაა. მართლაც, უაზროა, როდესაც ასეთ ექსტრემალურ ზომას იღებ, თუ მხოლოდ იმას ამბობდი, რომ „იცით, თქვენ კომუნიკაციების კომისიას სათანადო პროცედურების შესაბამისად არ აცნობეთ“, – აღნიშნა ბრაიზამ „ინტერპერსნიუსთან“.

    წყარო : ინტერპრესნიუსი

  • თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 17 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

    დიდუბის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სტანისლავსკის და აგლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, ვეფხისტყაოსნის, მეფე მირიანის, ტარიელის, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

    12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და არაყიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი

    10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III მიკრორაიონების, ნავთლუღის, იუნკერთა, ჰოლბრუკის და სადგერის ქუჩების მცხოვრებლებს.

    11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, შუამთის და გოკიელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიშაშვილის, გორგასლის, ფირდოუსის და დიდი ხეივნის ქუჩების მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი

    11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თარხნიშვილის, ტატიშვილის, ბარნოვის, ყაზბეგის, ერისთავი-ხოშტარიას, ზანდუკელის, მაჭავარიანის, მილორავას, შანიძის, ჯანაშიას, გუდაურის, ბელინსკის, გოგებაშვილის, ჭოველიძის და გუნიას ქუჩების მცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

  • სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ალიევმა საგარეო საქმეთა მინისტრი გაათავისუფლა

    სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ალიევმა საგარეო საქმეთა მინისტრი გაათავისუფლა

    აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელმარ მამედიაროვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

    მათივე ცნობით, მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ალიევმა მამედიაროვი გააკრიტიკა, რადგან მისი თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ , 12 ივლისს მინისტრი სამუშაო ადგილას არ იმყოფებოდა.

    მათივე ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა მამედიაროვის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას დღეს მოაწერა ხელი და მის შემცვლელად ჯეიხუნ ბაირამოვი დანიშნა.

    ელმარ მამედიაროვი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2004 წლიდან იკავებდა.

    აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე დაპირისპირებები 12 ივლისს დაიწყო და უკვე მე–5 დღეა გრძელდება.

  • 2018 წელს შსს-მ რეკლამაში 2017-თან შედარებით 21-ჯერ მეტი დახარჯა

    2018 წელს შსს-მ რეკლამაში 2017-თან შედარებით 21-ჯერ მეტი დახარჯა

    ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2018 წელს სარეკლამო ხარჯებში 394 207 ლარი დახარჯა, რაც 21-ჯერ აღემატება 2017-ის მონაცემებს.

    2016-2020 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 747,522 ლარი დახარჯა სარეკლამო მომსახურებაში. ყველაზე დიდი რაოდენობის თანხები შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018-2019 წლებში დახარჯა. 2018 წელს – 394,207 ლარი, ხოლო 2019 წელს 234,404 ლარი. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს სამინისტროს სარეკლამო ხარჯები წინა წელთან შედარებით 21-ჯერ გაიზარდა.  უცნობია, რით არის განპირობებული თანხების ამგვარი მკვეთრი ზრდა.

    • 2020 წელი (I კვარტალი)- 1,066 ლარი;
    •  2019 წელი – 234,404 ლარი;
    •  2018 წელი- 394,207 ლარი;
    • 2017წელი – 18,710 ლარი;
    • 2016 წელი- 99,133 ლარი.

    შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე გიორგი გახარია იკავებდა. 2019 წლის სექტემბერში ის პოსტზე ვახტანგ გომელაურმა შეცვალა.

     

  • რატომ არ გაიარა ბელგიიდან დაბრუნებულმა ზალკალიანმა კარანტინი – სამინისტროს განმარტება

    რატომ არ გაიარა ბელგიიდან დაბრუნებულმა ზალკალიანმა კარანტინი – სამინისტროს განმარტება

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ბრიუსელში ვიზიტით 13-14 ივლისს იმყოფებოდა. ის ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ სავალდებულო კარანტინში არ გადაუყვანიათ.  ის დღეს მთავრობის სხდომას დაესწრო.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების შემდეგ, ვალდებულები არიან, 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა. ამის შესახებ მთავრობის 332-ე დადგენილებაში წერია.

    უწყების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულმა პოლიტიკოსებმა დადგენილების შინაარსი იციან, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. “იმ შემთხვევაში, თუ არ ეცნობიან შესაბამის საკანონმდებლო აქტებს, ეს კიდევ უფრო მეტად მიუთითებს კანონმდებლობის მიმართ მათ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე”, – აცხადებს საგარეო უწყება.

    სამინისტროსვე ინფორმაციით, მინისტრსა და დელეგაციის სრულ შემადგენლობას ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნებისთანავე ჩაუტარდა PCR კვლევა და კვლევის შედეგები უარყოფითია.

    დღეს ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა მთავრობას მიმართა, გაივლის თუ არა ზალკალიანი ბელგიიდან დაბრუნების შემდეგ სავალდებულო კარანტინს. კანდელაკის თქმით, ბელგია საქართველოს მთავრობას ე.წ მწვანე ქვეყნების სიაში არ შეუყვანია, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ე.წ მწვანე ქვეყნებიდან ჩამოდიან, 2-კვირიანი კარანტინის გავლა სავალდებულოა.

  • თუ აზერბაიჯანი ცეცხლს შეწყვეტს, დაჭრილებისა და გარდაცვლილების გაყვანის უფლებას მივცემთ – სომხეთი

    თუ აზერბაიჯანი ცეცხლს შეწყვეტს, დაჭრილებისა და გარდაცვლილების გაყვანის უფლებას მივცემთ – სომხეთი

    სომხეთის თავდაცვის მინისტრის, შუშან სტეპანიანის განცხადებით, თუ აზერბაიჯანი ცეცხლს შეწყვეტს, მისცემენ უფლებას, რომ დაჭრილები და დაშავებულები საომარი მოქმედებების ზონიდან გაიყვანონ. ამის შესახებ მან ფეისბუქგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.

    სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება კვირას, 12 ივლისს ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან დაიწყო. ქვეყნები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

    შეტაკებები მეხუთე დღეა გრძელდება. გუშინ 7 აზერბაიჯანელი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა. სომხეთის მხარეს – ორი სომეხი სამხედრო.

    აზერბაიჯანის მხარეს დაღუპულებს შორის ერთი გენერალ-მაიორი, ერთი კი პოლკოვნიკია. აზერბაიჯანში სომხეთთან ომის დაწყებას ითხოვენ. გუშინ დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, ასევე, დააზიანის პოლიციის მანქანები.

    სამართლდამცველებმა მოსახლეობის წინააღმდეგ წყლის ჭავლი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. დაკავებულია აქციის ათობით მონაწილე. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას თოუზის რეგიონში სომხეთის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმაზე შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ.

  • წვიმა, სეტყვა, ქარი – როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 ივლისამდე

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 16 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში და 17 ივლისიდან 18 ივლისის დილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    “მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მშრალ ხევებსა და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. ზღვაზე შესაძლებელია აღინიშნოს 2-3 ბალიანი ღელვა”,– აცხადებს სააგენტო.

  • დღეს ოცნების მთავარი მოკავშირეა “სიკვდილის შიში” – გია ხუხაშვილი

    დღეს ოცნების მთავარი მოკავშირეა “სიკვდილის შიში” – გია ხუხაშვილი

    პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ დღეს “ქართული ოცნების” მთავარი მოკაშირე “სიკვდილის შიშია”, ოპოზიციის კი – “შიმშილის შიში”.

    “2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით “იმედის” (იმედგაცრუების) ეპოქაში. ცვლილებების და უკეთესი მომავლის იმედი იყო პოლიტიკური პროცესის მამოძრავებელი ძალა.
    2012-ის შემდეგ ვცხოვრობთ “შიშის” ეპოქაში, როდესაც პროცესს განსაზღრავს არა მომავლის იმედი, არამედ უარესის შიში.

    დღეს ოცნების მთავარი მოკავშირეა “სიკვდილის შიში” პანდემიის ფონზე, ოპოზიციის კი “შიმშილის შიში” ეკონომიკური პრობლემების ფონზე.
    გვაშინებენ, გვაშინებენ, გვაშინებენ…

    #არგვეშინია “,– წერს გია ხუხუაშვილი სოციალურ ქსელში.

  • ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრს, ოთარ სირაძესა და მის ძმას ბრალი წარუდგინეს

    ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრს, ოთარ სირაძესა და მის ძმას ბრალი წარუდგინეს

    საქართველოს პროკურატურამ „ნაცმოძრაობის“  ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევს, ოთარ სირაძეს და მის ძმას ამბროლაურში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 4 ივლისს, ამბროლაურში, ო.ს.-მ და დ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის დაზიანებები მიიღო.

    2020 წლის 16 ივლისს პროკურატურამ ო.ს.-ს და დ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – წერია შსს–ს განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ 4 ივლისს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ოთარ სირაძე ახალგაზრდა მწვანეების წარმომადგენელს, ნიკოლოზ ბაქრაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

     

  • მოსახლეობა ყველაზე მეტად უკრაინასა და აშშ-ს ენდობა, ყველაზე ნაკლებად – რუსეთს – Edison Research

    მოსახლეობა ყველაზე მეტად უკრაინასა და აშშ-ს ენდობა, ყველაზე ნაკლებად – რუსეთს – Edison Research

    Edison Research-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტად უკრაინას, აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს ენდობა, ყველაზე ნაკლებად კი – რუსეთს.

    კერძოდ, მოსახლეობის 93% ამბობს, რომ ენდობა უკრაინას; აშშ-ს 92% ენდობა, დიდ ბრიტანეთს – 90%, ისრაელს – 85%, თურქეთს – 74%, აზერბაიჯანს – 73%; სომხეთს – 68%, ირანს – 56%.

    მხოლოდ 28% ამბობს, რომ ენდობა რუსეთს, 72% კი არ ენდობა.

    Edison research-ის კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით მოამზადა.  კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. კვლევის ცდომილება +– 2.1%-ია.