Category: ახალი ამბები

  • კვლევა შეუკვეთა „ევროპულმა საქართველომ“ და ამ კვლევაშიც კი 5%-ზე მეტი ვერ დაუწერეს – მდინარაძე

    კვლევა შეუკვეთა „ევროპულმა საქართველომ“ და ამ კვლევაშიც კი 5%-ზე მეტი ვერ დაუწერეს – მდინარაძე

    უმრავლესობის დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, Edison Research–ის კვლევა პარტია “ევროპულმა საქართველოს” მედიასაშუალებამ ჩაატარა, მიუხედავად ამისა, მათ კვლევაში 5%–ზე მეტი ვერ დაუწერეს.

    მისივე თქმით, ამავე კვლევით, ქართული ოცნების რეიტინგი 49%–ზე მეტია.

    “გუშინ გამოქვეყნდა Edison Research-ის კვლევა.  გასაგებია, რომ კვლევა შეუკვეთა „ევროპულმა საქართველომ“ და მისმა მედიასაშუალებამ. ამ კვლევაშიც კი მათ 5%-ზე მეტი ვერ დაუწერეს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, ხოლმე, რომ მათ 3% რეიტინგი აქვთ, გვიბრაზდებიან ხოლმე და თავის ჩატარებულ კვლევაში 5%-ზე მეტი ვერ დაუწერეს. იგივე კვლევას თუ გავყვებით, როდესაც ალოკაცია არ არის გაკეთებული და 20% გადაუწყვეტელი წერია, ეს იმას ნიშნავს, რომ ვისაც 39%-იანი მხარდაჭერა დაუფიქსირდა, ამ კვლევითაც კი ყველაზე მარტივი ალოკაციით, ეს არის 49%-ზე მეტი და ნუ გაგვიბრაზდებით ხოლმე, როდესაც ვიტყვით, რომ 60%-მდეა ჩვენი რეიტინგი,“ – განაცხადა მდინარაძემ.

    ცნობისთვის, ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია: “ქართული ოცნება” — 39%; მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” — 16%; “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” — 5%.

  • გედავან ფოფხაძემ იურიდიული კომიტეტი დატოვა

    გედავან ფოფხაძემ იურიდიული კომიტეტი დატოვა

    ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა, გედევან ფოფხაძემ იურიდიული კომიტეტი დატოვა. შესაბამისი განცხადებით ბიუროს ფრაქცია “დამოუკიდებელმა დეპუტატებმა” მიმართა.

    როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ბიუროს სხდომაზე განაცხადა, დეპუტატის კომიტეტიდან გაყვანის სურვილი ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ გამოთქვა.

    ბიურომ ფოფხაძის მიერ იურიდიული კომიტეტის დატოვების შესახებ მიმართვა ცნობად მიიღო.

  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება

    მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება

    სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება.

    უწყების ცნობით, რეისს გერმანული ავიაკომპანია Lufthansa შეასრულებს.

    “გერმანული ავიაკომპანია Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებს. აღნიშნულის თაობაზე, უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიას შორის.

    ავიარეისები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

    • მიუნხენი – თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
    • თბილისი – მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს”, – წერია ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • შედეგი, რომელიც ექნება გაერთიანებულ ოპოზიციას 2020 წელს, დიდი ხანია არ უჩვენებია – ვაშაძე

    შედეგი, რომელიც ექნება გაერთიანებულ ოპოზიციას 2020 წელს, დიდი ხანია არ უჩვენებია – ვაშაძე

    “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიცია იშლება და ის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს.

    ვაშაძის თქმით, ის არსად წასვლას არ აპირებს და გაერთიანებული შედეგი 2020 წლის არჩევნებზე ისეთ შედეგს აჩვენებს, არც დიდი ხანია არ უჩვენებია.

    “მე ვიცი, ეს ჭორები, რომელიც ცირკულირებს პრესაში და პოლიტიკასთან ახლო წრეებში, თითქოს ხან მე მივდივარ თავმჯდომარის პოსტიდან, ხან გაერთიანებული ოპოზიცია იშლება, ხან კვლევების მიხედვით “ნაციონალურ მოძრაობას” და მის მოკავშირეებს არავითარი შანსები აქვთ არჩევნებზე. პირველი – მე არსად არ მივდივარ, არ იშლება გაერთიანებული ოპოზიცია და პირიქით, მას ახალი სუბიექტები შემოემატებიან ძალიან მალე და მესამე, ასეთი შედეგი გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც გვექნება 2020 წელს, დიდი ხანია არ უჩვენებია”- აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

    ცნობისთვის, ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ენმ – გაერთიანებული ოპოზიციას მოსახლეობს 29% პოზიტიური აფასებს, 71% ნეგატიურად.

    გარდა ამისა, პასუხები კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, შემდეგნაირად ნაწილდება:

    ქართული ოცნება – 39%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 16% ; ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები – 5% ; მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.

  • გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ცოლის წამებისთვის კაცს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

    გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ცოლის წამებისთვის კაცს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

    საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ცოლის წამებისთვის ბრალდებულ კაცს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

    შემთხვევა 2020 წლის 13 იანვარს, ფოთში მოხდა.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 13 იანვარს ქ. ფოთში, ზ.შ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მეუღლის მიმართ წამება განახორციელა, რა დროსაც დანით მიაყენა ჭრილობები და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”, – აცხადებს პროკურატურა.

    ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ცოლის წამების ფაქტზე ბრალდებული ზ.შ. დამნაშავედ ცნო.

  • ზალკალიანი გვეუბნება, „მე ტესტებით „ვიგულავებ“ და თქვენ ჩაგაყუდებთ კარანტინში“ – კანდელაკი

    ზალკალიანი გვეუბნება, „მე ტესტებით „ვიგულავებ“ და თქვენ ჩაგაყუდებთ კარანტინში“ – კანდელაკი

    ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ამბობს, რომ ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ კარანტინს არ გაივლის და PCR ტესტირება ჩაუტარდება.

    კანდელაკის თქმით, ზალკალიანს ხალხი, ვინც დისკრიმინაციული კარანტინის გამო, „გამწვანებული“ ქვეყნებიდან ვერ ბრუნდება, სულელი ჰგონია და “გვეუბნება, “მე ტესტებით „ვიგულავებ“ და თქვენ ჩაგაყუდებთ კარანტინში“.

    ,,ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ მინისტრი კარანტინში უნდა იჯდეს, მაგრამ თუკი მინისტრს აქვს პრივილეგია, „გაუმწვანებელი“ ქვეყნიდან შემოვიდეს ტესტით, რა დააშავა ძალიან ბევრმა ჩვეულებრივმა ადამიანმა, რომელიც „გამწვანებული“ ქვეყნიდან ვერ შემოდის, მაშინ როცა ამ „გამწვანებული“ ქვეყნების მოქალაქეებს არაფერს არ ვთხოვთ? ამდენმა ხალხმა რა დააშავა და რატომ არის გამონაკლისი დავით ზალკალიანისთვის, ვინ არის საერთოდ დავით ზალკალიანი?“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

    “მინდა, დაგამშვიდოთ, არ ინერვიულოთ და გაეცნოთ”,– გამოეხმაურა ზალკალიანი კანდელაკის კრიტიკას. ზალკალიანის განმარტებით, მთავრობას 332–ე დადგინელება აქვს მიღებული, რომელშიც წერია, რომ  სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების შემდეგ, ვალდებულები არიან, 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა.

  • დავიღალე ბულინგით, თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემა არის – ზურაბიშვილი

    დავიღალე ბულინგით, თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემა არის – ზურაბიშვილი

    სალომე ზურაბიშვილმა შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებული განცხადება განმარტა და ჟურნალისტები დაადანაშაულა, რომ ქართული არ ესმით.

    მისი თქმით, რამდენიმე ტელევიზია ცდილობს, “პრო მოძალადედ” წარმოაჩინოს, რაც ძალიან სასაცილოა.

    “დავიღალე თქვენი, უფრო სწორად, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით ჩემ მიმართ. თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა. თუ თქვენ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემაა. თქვენი მცდელობა, რომ მე გამასაღოთ, როგორც პრო მოძალადე, ძალიან სასაცილოა. მე რაც ვიგულისხმე, ერთი ერთზე ვთქვი. არ მითქვამს, რომ ერთი ერთზე ძალადობა კარგია, არ მითქვამს არც ჩხუბი. ვთქვი ერთო ერთზე ვაჟკაცობა და ერთი ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი, საუბარი, სიყვარული, თქვენ ალბათ არ იცით. არ მითქვამს არც ჩხუბი, არც გარჩევა. ვთქვი ის, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, არ არის ჯგუფურ ძალადობაში. ვაჟკაცობა არის აღიარებაში, ამაზე უნდა გეფიქრათ. ვაჟკაცობა არის მონანიებაში”. – თქვა ზურაბიშვილმა.

    15 ივლისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე განაცხადა, რომ “ვაჟკაცობა ერთი ერთზე იცის”, ჯგუფური ძალადობა კი “არაქართულია”.

  • “ოცნებას” 39% დაუდგინეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ – 3-ის ნაცვლად 5 უნდა ყოფილიყო – კალაძე

    “ოცნებას” 39% დაუდგინეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ – 3-ის ნაცვლად 5 უნდა ყოფილიყო – კალაძე

    დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფიქრობს, Edison Research–ს კვლევაში “ქართული ოცნების” რეიტინგი შეეშალა და ის არა 39%, არამედ 59% უნდა ყოფილიყო.

    “იცით კვლევებისადმი ჩემი დამოკიდებულება. ამ კონკრეტულ კვლევებში, სადაც “ქართულ ოცნებას” 39% დაუდგინეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ, 3-იანის მაგივრად 5-იანი უნდა ყოფილიყო. დღეს პარტია “ქართული ოცნება” არის ერთადერთი ძალა ქვეყანაში, ვისაც რეალურად აქვს იმის შანსი, რომ შეიძლება საკონსტიტუციო არა, მაგარამ ძალიან დიდი უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში ყოველგვარი კოალიციების გარეშე”,– ამბობს კალაძე.

    მისივე თქმით, კვლევითი ორგანიზაციები 2011 წლიდან მოყოლებული საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებდნენ

    “2011 წლიდან მოყოლებული შეგიძლიათ ამოიღოთ კვლევების სტატისტიკა და ნახოთ, თუ როგორ მანიპულირებდნენ კონკრეტული კვლევითი ორგანიზაციები საზოგადოებრივ აზრზე, რა შედეგებს დებდნენ, ვის სასარგებლოდ დებდნენ და რა შედეგი იდებოდა არჩევნებში. ქვეყანაში ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს ხალხის, საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა, არის პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”,– თქვა კალაძემ.

    მანვე აღნიშნა, რომ , გამომდინარე იქიდან, რომ “ქართულ ოცნებას” ამომრჩევლის დიდი მხრდაჭერა აქვს, დღევანდელი მონაცემებით, კოალიციას არავისთან შექმნის.

    ცნობისთვის, ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია: “ქართული ოცნება” — 39%; მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” — 16%; “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” — 5%.

  • რაიონების მიხედვით პარკირების საფასური იქნება განსხვავებული – კალაძე

    რაიონების მიხედვით პარკირების საფასური იქნება განსხვავებული – კალაძე

    თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ზონალურ საათობრივი პარკირების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს, 10 სექტემბრიდან კი საბურთალოს რაიონსაც მოიცავს.

    მისი თქმით, პარკირების ფასები რაიონების მიხედვით განსხვავებული იქნება.

    „პირველი ეტაპი იქნება პეკინის გამზირი და მიმდებარე ქუჩები. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქალაქში შემოვიღოთ ერთიანი სისტემა. რა თქმა უნდა, რაიონების მიხედვით პარკირების საფასური იქნება განსხვავებული, თუმცა ცენტრალურ რაიონებში იქნება ერთი და იმავე მიდგომა,“ – განაცხადა კალაძემ.

    მისივე თქმით, ტაქსების რეფორმა ჯერ დასრულებული არ არის და მომდევნო წლებში შემდგომი ეტაპები ექნება.

    „ტაქსის რეფორმის შედეგი სახეზეა, თუმცა ის ჯერ დასრულებული არ არის და მომდევნო წლების განმავლობაში გვექნება შემდგომი ეტაპები, იმისათვის, რომ ტაქსის სერვისიც იყოს მოწესრიგებული და კომფორტული, როგორც ტაქსის მძღოლებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ”,– თქვა კალაძემ.

    მანვე აღნიშნა, რომ თბილისის მეტროს ახალი, ევროპული ტიპის შემადგენლობები დაემატება.

    “მეტროს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოძრავი შემადგენლობის განახლების მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, დაწყებული გვაქვს არსებული მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია და გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ახალი შემადგენლობების შესყიდვასთან დაკავშირებით. ძალიან მალე გვეცოდინება, თუ ვინ არის გამარჯვებული კომპანია და მეტროს დაემატება ახალი, ევროპული ტიპის შემადგენლობები,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

  • ხაშურთან სატვირთო დაიწვა – დაშავებულია მძღოლი

    ხაშურთან სატვირთო დაიწვა – დაშავებულია მძღოლი

    თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, ხაშურთან სატვირთო მისაბმელიანი მანქანა დაიწვა. შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 6 საათზე მოხდა.

    არსებული ინფორმაციით, მისაბმელიანი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რა დროსაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.