Category: ახალი ამბები

  • ბათუმში სასმელი წყლით 50-მდე ადამიანი მოიწამლა

    ბათუმში სასმელი წყლით 50-მდე ადამიანი მოიწამლა

    მასობრივი ინტოქსიკაცია აჭარაში. ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე, 50- ზე მეტი ადამიანი სავარაუდოდ სასმელი წყლით მოიწამლა.მოწამლულებს შორის არიან ორსულები და ბავშვები.

    მოსახლეობის განმარტებით ორი დღის განმავლობაში მათ სასმელი წყალი, სარემონტო სამუშაოების გამო არ მიეწოდებოდათ, დღეს დილით მიწოდება აღდგა, თუმცა სწორედ წყლის გამოყენების შემდეგ გამოუვლინდათ მათ მოწამვლის ნიშნები.

    რამდენიმე მოწამლული ბათუმის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები

  • კატეგორიულად აუცილებელია, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია – ეუთოში აშშ-ის მისია

    კატეგორიულად აუცილებელია, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია – ეუთოში აშშ-ის მისია

    ეუთოში აშშ-ის მუდმივმოქმედი მისია რუსული საოკუპაციო ძალების მიერ  ცხინვალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტს გმობს. ამის შესახებ მისიის პოლიტიკურმა მრჩეველმა ლეინ ბალმა განაცხადა.

    “ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და შემდგომ დაკავებას და მოვითხოვთ მის დაუყოვნებელ განთავისუფლებას”, – ნათქვამია მისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

    განცხადების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს “ცეცხლის შეწყვეტის შესახებ” 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე დააბრუნოს თავისი საჯარისო ნაწილები, ასევე უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი გაწევა.

    “კატეგორიულად აუცილებელია, რომ რუსეთმა შეწყვიტოს თავისი მადესტაბილიზებელი ქმედებები, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმება და დაასრულოს საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპაცია”, – ვკითხულობთ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

    11 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე დაჭრეს და გაიტაცეს. ზაზა გახელაძე კვლავ საოკუპაციო ძალების ტყვეობაში რჩება.

  • სახალხო დამცველი არასდროს რეაგირებს ქალი პრეზიდენტის შეურაცხყოფაზე – ადმინისტრაცია

    სახალხო დამცველი არასდროს რეაგირებს ქალი პრეზიდენტის შეურაცხყოფაზე – ადმინისტრაცია

    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის არასდროს რეაგირებს პრეზიდენტის შეურაცყოფაზე.

    ადმინისტრაციის შეფასებით, ზურაბიშვილის 16 ივლისის განცხადება არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე შეფასა.

    “სახალხო დამცველი არასოდეს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, მაშინ როცა ის სხვა პოლიტიკოსი ქალებისა და აგრეთვე მის მიმართ განხორციელებულ შეტევებს პასუხობს.

    მეტად სამწუხაროა, ამ პირობებიდან გამომდინარე, რომ ომბუდსმენმა ჩათვალა საჭიროდ პრეზიდენტის 16 ივლისის განცხადების შეფასება მისი არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე.

    არა მხოლოდ ზემოხსენებული განცხადება, არამედ საქართველოს პრეზიდენტის ყველა გამოსვლა გმობს ძალადობას და პოლარიზაციას და მიმართულია შერიგებისა და ერთიანობისკენ. მოცემული განცხადება ახალგაზრდებს მოუწოდებს არა ძალადობისკენ, არამედ აღიარებასა და მონანიებისკენ.

    საქართველოს პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციის და შესაბამისად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტი, იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველის ჩართულობა და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გამოძიების პროცესზე ზედამხედველობა ხელს შეუწყობს ამ საქმის სრულყოფილ გამოძიებას, დაიცავს ოჯახს ბულინგისგან და საზოგადოებას დაძაბულობისგან და რაც მთავარია, უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვას” – აცხადებს ადმინისტრაცია.

    ცნობისთვის, ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე თქვა, რომ მან “ვაჟკაცობა ერთი ერთზე იცის”, ხოლო, ჯგუფური აგრესია “ძალიან არაქართულია”.

    მან ეს კომენტარი დღეს განმარტა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათი ბულინგით დაიღალა.

    “დავიღალე თქვენი, უფრო სწორად, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით ჩემ მიმართ. თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა. თუ თქვენ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემაა. თქვენი მცდელობა, რომ მე გამასაღოთ, როგორც პრო მოძალადე, ძალიან სასაცილოა. მე რაც ვიგულისხმე, ერთი ერთზე ვთქვი. არ მითქვამს, რომ ერთი ერთზე ძალადობა კარგია, არ მითქვამს არც ჩხუბი. ვთქვი ერთო ერთზე ვაჟკაცობა და ერთი ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი, საუბარი, სიყვარული, თქვენ ალბათ არ იცით. არ მითქვამს არც ჩხუბი, არც გარჩევა. ვთქვი ის, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, არ არის ჯგუფურ ძალადობაში. ვაჟკაცობა არის აღიარებაში, ამაზე უნდა გეფიქრათ. ვაჟკაცობა არის მონანიებაში”. – თქვა ზურაბიშვილმა.

  • ისე არ გავაკეთოთ, რომ ეს ბავშვი მივიყვანოთ თვითმკვლელობამდე – იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი

    ისე არ გავაკეთოთ, რომ ეს ბავშვი მივიყვანოთ თვითმკვლელობამდე – იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი

    დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე გამოიკითხა.

    ბრეგვაძემ შსს–ს  დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ “გამოძიებას არაფერს უმალავს”.

    იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართავს. მისი თქმით, ბრეგვაძეს არაფერი გადაუღია და არ იცის სისხლიანი დაპირისპირება იყო თუ არა.

    ჭკადუა აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მესიჯებს სწერენ და აბულინგებენ.

    „ის ყველა კითხვას უპასუხებს, მანამდე კი ჩვენ მივმართავთ სახალხო დამცველს. უნდა შევხვდეთ და ეს ისტერია მოწმეების ირგვლივ უნდა დასრულდეს. ასე არ შეიძლება, რადგან არავის მოუნდება მივიდეს და ითანამშრომლოს პოლიციასთან. ამონაწერში ძალიან კარგად ჩანს და თქვენ ეს იცით, რომ მან დარეკა უწყებაში. მას არაფერი გადაუღია, ამოღებულია კამერა, ჩაუტარდება ექსპერტიზა. ჩვენ ვაპირებთ შემთხვევის ადგილზე ჩასვლას, გადავიღებთ ყველაფერს, სად იმალებოდა, როგორ იმალებოდა იმისთვის, რომ შეწყდეს სპეკულაციები და ისე არ გავაკეთოთ, რომ ეს ბავშვი მივიყვანოთ თვითმკვლელობამდე. მან არ იცის სისხლიანი დაპირისპირება იყო თუ არა. რაც ხდებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია მისცა გამოძიებას, ამის იქით არაფერი იცის”, – განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

    გარდა ბრეგვაძისა, შაქარაშვილის საქმეზე 2 მოწმეც გამოიკითხა – არასრულწლოვანი ლ.ქ. და ლუკა ბეჟანიშვილი. ბეჟანიშვილის განცხადებით, გამოძიებას მასთან კითხვები არ ჰქონია და მხოლოდ სოციალური ქსელები შეუმოწმეს. არასრულწლოვან ლ.ქ-ს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

  • 88 მომხრე, 0 წინააღმდეგი – პარლამენტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

    88 მომხრე, 0 წინააღმდეგი – პარლამენტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

    88 მომხრე, 0 წინააღმდეგი – პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ლიცენზიის მფლობელ კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს. კენჭისყრას ოპოზიცია არ დასწრებია.

    კანონპროექტს აკრიტიკებენ ოპოზიციის, მესამე სექტორისა და თავად ელექტროკომუნიკაციის სექტორის წარმომადგენლები, რადგან ის მარეგულირებლებს უფლებას ანიჭებს, კომპანიებში 2 წლით სპეცმმართველები დანიშნონ. მათი აზრით, კანონპროექტი არაკონსტიტუციურია. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა ის დაჩქარებული წესით მიიღო.

    კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას. ამავე კანონპროექტით, კომისიას მმართველის დანიშვნა 2-წლიანი ვადით შეუძლია და ის ანგარიშვალდებული მხოლოდ კომისიის წინაშეა.

    სპეცმმართველს შეეძლება კომპანიაში:

    • დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის დირექტორ(ებ)ი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით სადავო გახადოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მათი ბათილობა, თუ აღნიშნული ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი მიადგა/ზიანი ადგება ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს;
    • ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა;
    • ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მმართველობითი ორგანოს სხვა ფუნქციები (გარდა ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის/აქციების განკარგვისა);
  • ბათუმში, ზღვაში მოზარდის ცხედარი იპოვეს

    ბათუმში, ზღვაში მოზარდის ცხედარი იპოვეს

    ორდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ბათუმში გაუჩინარებული 15 წლის მოზარდის ცხედარი ზღვაში იპოვეს.

    “საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი. ადგილზე მუშაობდა 2 სკუტერი და 2 ნავი. მობილიზებული იყო დრონი. ამასთან, ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა წყლის ფსკერის დათვალიერება”,– აცხადებს უწყება.

     

  • ბურთი არის ოპოზიციის მხარეს – გია ნოდია Edison Research-ის კვლევაზე

    ბურთი არის ოპოზიციის მხარეს – გია ნოდია Edison Research-ის კვლევაზე

    პოლიტოლოგია გია ნოდია “ფორმულას” დაკვეთით Edison Research-ის მიერ მომზადებულ კვლევას ეხმაურება და ამბობს, პარადოქსულია, რომ “ქართულ ოცნებას” უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ოპოზიციას.

    მისივე თქმით, “ბურთი ოპოზიციის მხარეს არის”.

    “ტენდენცია არის ის, რომ ხალხი ცხოვრებით უკმაყოფილოა და ხალხს უნდა ცვლილება, მაგრამ ამავე დროს, პარადოქსულია ის განწყობა, რომ შედარებით უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს მმართველ პარტიას, ვიდრე ოპოზიციას. მაგრამ ეს აჩვენებს იმასაც, რომ ბურთი არის ოპოზიციის მხარეს, იმ თვალსაზრისით, რომ ოპოზიციას აქვს სერიოზული რეზერვი, რომ გააუმჯობესოს თავის მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია, რისგან გამომდინარე იმსჯელებს რიგითი ამომრჩეველი”, – განაცხადა გია ნოდიამ ფორმულასთან საუბრისას.

    ცნობისთვის, ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია: “ქართული ოცნება” — 39%; მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” — 16%; “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” — 5%.

    რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს – ლეიბორისტული პარტია – 3%; ლელო – 3%; ახალი საქართველოსთვის (გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი) – 3%; პატრიოტთა ალიანსი – 3%; გირჩი – 2%; მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) – 2%; დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე) – 1%; გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) – 1%; სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) – 1%; თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) – 1%.

  • სასამართლომ გამოცდების ცენტრს დაავალა, ქრისტიან–ადვენტისტ 2 აბიტურინტს გამოცდა გადაუტანოს

    სასამართლომ გამოცდების ცენტრს დაავალა, ქრისტიან–ადვენტისტ 2 აბიტურინტს გამოცდა გადაუტანოს

    ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, 16 ივლისის დროებითი განჩინებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაავალა, რომ ორ აბიტურიენტს, რომლებიც საკუთარი რელიგიური მრწამსის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებენ შაბათ დღეს (18 ივლისს) დანიშნულ ინგლისური ენის გამოცდაში, გამოცდა გადაუტანოს 17 ან 19 ივლისს.

    ორმა აბიტურიენტმა, რომლებიც არიან მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრები, გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2020 წლის 30 ივნისს მიმართეს 18 ივლისს დანიშნული გამოცდის გადატანის თხოვნით, რადგან რელიგიური მრწამსის გამო, მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გამოცდაში შაბათ დღეს. TDI-ის განცხადებით, ცენტრმა მათ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებელი უარი უთხრა, რითაც დაირღვა განმცხადებლების რელიგიის თავისუფლება, განათლებისა და თანასწორობის უფლება.

    “სასამართლომ აღნიშნა, რომ შაბათ დღეს დანიშნულ სესიაში აბიტურიენტების განაწილება, შესაძლოა განპირობებული იყოს ლეგიტიმური მიზნით, ვინაიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგის დადგენა ხდება კანონის შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრული წესით. თუმცა მიიჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან განმცხადებელთა რწმენის, აღმსარებლობისა და განათლების უფლებებში ჩარევა, ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც, არ არის გამართლებული, რადგან ჩარევა უნდა იყოს შეზღუდვის პროპორციული და აუცილებელი. შესაბამისად, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შერჩეული ღონისძიება ზღუდავს განმცხადებელთა რწმენის, აღმსარებლობისა და განათლების უფლებებს”,

    ინგლისური ენის გამოცდის სესიები, გარდა შაბათისა, დანიშნულია ასევე პარასკევს და კვირას (17 და 19 ივლისს). ამიტომ, სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელთა გამოცდის სხვა სესიაზე გადანაწილება შესაძლებელია, რომ ეს არ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ხარჯების გაღებას და არ უნდა მოხდეს აბიტურიენტების რწმენის, აღმსარებლობის და განათლების უფლებებში ჩარევა.

    TDI-მ, რომელიც იცავს ორი აბიტურიენტის ინტერესებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით 15 ივლისს მიმართა. განცხადებით მოთხოვნილი იყო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დავალებოდა დაგეგმილი ერთიანი ეროვნული გამოცდის გადატანა 17 ან 19 ივლისს, ან ნებისმიერ სხვა დღეს, გარდა შაბათისა.

  • ნუ ჰგონიათ, რომ სააკაშვილი სულ უკრაინაში იქნება, დაბრუნდება საქართველოში – გოცირიძე

    ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, მმართველ პარტტიას ტყუილად ჰგონია, რომ სააკაშვილი სულ უკრაინაში და უკრაინულ პოლიტიკაში იქნება.

    მისი განცხადები, ის საქართველოში დაბრუნდება, როცა ამის დრო დადგება.

    “მათ განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საჯარო მოხელე, არის უკრაინის მოქალაქე და პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ნებისმიერი განცხადების უფლება და ნუ დაათრევთ ელჩს საგარეო უწყებაში, შეიგნეთ, განცხადების გაკეთების უფლება ნებისმიერ პოლიტიკოსს აქვსო, თუნდაც, უკრაინის მოქალაქე იყოსო. აბა, ამერიკელები, ლიტველები, ევროპარლამენტარები რომ მიუთითებენ საქართველოს, რომ დემოკრატია იყოს დანერგილი და არჩევნები ჩატარდეს, თუ ლიტველს შეუძლია, „უკრაინელ“ სააკაშვილს რატომ არ შეუძლია? “უკრაინელი” ბრჭყალებში, რადგან სულით ხორცამდე ქართველია. ნუ ჰგონიათ, რომ სააკაშვილი სულ უკრაინაში და უკრაინულ პოლიტიკაში იქნება, დაბრუნდება საქართველოში და მისი ადგილი ექნება. როდის? – როცა ამის დრო დადგება,”- განაცხადა გოცირიძემ.

    მისივე თქმით, როცა პრეზიდენტი “შეთითხნილი ბრალდებებით ქვეყნიდან არის გაძევებული, ის მოთაფლული ენით ვერ ისაუბრებს.

    “როცა უსამართლოდ, შეთითხნილი ბრალდებებით ქვეყნიდან გაძევებული პრეზიდენტი, მერამდენე წელია იმყოფება თავისი სამშობლოს მიღმა, გნებავთ, დავარცხნილი სიტყვებით, ტკბილი და მოთაფლული ენით ისაუბროს? რასაც ამბობს, პირდაპირ და სწორად ამბობს. შეუძლია, კიდევ უფრო მკაცრად თქვას. საქართველოში უნდა დასრულდეს რვაწლიანი დანაშაულებრივი, წარუმატებელი, პრორურუსული ხელისუფლება. მის დასამთავრებლად ყველაფერი უნდა იღონოს ოპოზიციამ. ის ამბობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს და კანონიერი გზით ხელისუფლებას შევცვლით,”- განაცხადა გოცირიძემ.

  • ოპოზიციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უკვე ჭირი მოგვჭამა, წავიდა, აღარ არსებობს – ვოლსკი

    ოპოზიციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უკვე ჭირი მოგვჭამა, წავიდა, აღარ არსებობს – ვოლსკი

    ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი ორგანიზაცია Edison Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევას ოპოზიციის მიერ ჩატარებულს უწოდებს და ამბობს, რომ მან უკვე “ჭირი მოგვჭამა”.

    “მაგარი კვლევები ჩაატარა კეზერაშვილმა და ისეთი შედეგი გამოიყვანეს, რომ ყველა შემთხვევაში ოპოზიცია იმარჯვებს. ამ პანდემიის პირობებში, საინტერესოა, როგორ ჩაატარეს ან აქამდე როგორ ატარებდნენ კვლევებს საერთოდ. ამ ოპოზიციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უკვე ჭირი მოგვჭამა, წავიდა, აღარ არსებობს. მთავრობა ხმამაღლა საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს და გაცილებით უფრო კარგი კვლევაც აქვს ჩატარებული”. – განაცხადა ვოლსკიმ.

    მისივე თქმით, ბევრი პროგრამა, რომელიც მეტ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებდა, პანდემიის გამო ვერ სრულდება, თუმცა, იმედი აქვს, რომ სიტუაცია დასტაბილურდება და ქვეყანა განვითარების იმ ტემპებს დაუბრუნდება, რომელიც დაგეგმილი იყო”.

    ვოლსკი აღნიშნავს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვაში წინა ხელისუფლების დროს ჩართულობა 0–ის ტოლი იყო, თუმცა რეიტინგებში მაინც პირველ ადგილზე იყვნენ.

    “საზოგადოებაში სულ სხვა განწყობაა, ხოლო კეზერაშვილის ტელევიზიებით თუ სხვა რესურსებით წარმოჩენილი განწყობა სხვაა. ასე რომ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ კიდევ მეტს შევძლებთ, გაცილებით უკეთესად გავაკეთებთ ყველაფერს და არც ადამიანების სისხლსა და ბედზე გადაივლის ჩვენი მომავალი ისტორია,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

    ცნობისთვის, ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია: “ქართული ოცნება” — 39%; მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” — 16%; “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” — 5%.