Category: ახალი ამბები

  • შეიძლება არ არის სასიამოვნო კრიტიკა, მაგრამ ეს საჯარო პირის თმენის ვალდებულების შემადგენელი ნაწილია- ომბუდსმენი პრეზიდენტზე

    შეიძლება არ არის სასიამოვნო კრიტიკა, მაგრამ ეს საჯარო პირის თმენის ვალდებულების შემადგენელი ნაწილია- ომბუდსმენი პრეზიდენტზე

    საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილის მიმართ განხორციელდება დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით, ამაზე სახალხო დამცველის აპარატს აუცილებლად ექნება რეაგირება. აღნიშნულით ლომჯარია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხდებას გამოეხმაურა.

    ლომჯარიას თქმით, საზოგადოების მხრიდან კრიტიკა თანამდებობის პირისთვის თმენის ვალდებულების შემადგენელი ნაწილია.

    „თუკი სალომე ზურაბიშვილი როგორც პრეზიდენტი, ან უმაღლესი მთავარსარდალი, დაექვემდებარება დისკრიმინაციას გენდერული ნიშნით ან მის მიმართ გაკეთდება ისეთი განცხადებები, რაც შეიცავს დისკრიმინაციის წახალისებას გენდერული თუ სხვა ნიშნით, ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს აუცილებლად ექნება რეაგირება, ისევე როგორც ვახდენთ და მოგვიხდენია რეაგირება მათ შორის მოქმედი თანამდებობის პირების მიმართ გაკეთებულ განცხადებებზე. რაც შეეხება იმას, რომ ზოგადად თანამდებობის პირები, ხშირ შემთხვევაში, ამ ქვეყანაში ვექვემდებარებით ძალიან მკაცრ კრიტიკას, აგრესიულ განცხადებებს და ა.შ. – ეს არის ჩვენი ვალდებულების შემადგენელი ნაწილი. ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ შეიძლება მისთვის არ არის სასიამოვნო ესა თუ ის შეფასებები და კრიტიკა, მაგრამ ეს არის საჯარო პირის თმენის ვალდებულების შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა ლომჯარიამ.

    კითხვაზე, შეინიშნება თუ არა საზოგადოების მხრიდან პრეზიდენტის მიმართ ბულინგის ნიშნები, ლომჯარია აცხადებს, რომ ამის შეფასება სახალხო დამცველის მანდატი არ არის.

    „ჩემი მანდატი არ არის შევაფასო რომელიმე თანამდებობის პირს საზოგადოება აბულინგებს თუ არა. ეს აბსოლუტურად არ ჯდება სახალხო დამცველის მანდატის ქვეშ. ხშირ შემთხვევაში, არასწორი განცხადებები კეთდება თანამდებობის პირების მხრიდან, როდესაც სახალხო დამცველს სთხოვენ, დაიცვას ისინი საზოგადოების ბულინგისგან. ეს არ არის სახალხო დამცველის მანდატი და ვთხოვ ყველას, რომ კარგად გაეცნოს და ნახონ რა შემთხვევაში ვერთვებით ჩვენ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

    ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი არასოდეს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, მაშინ როცა ის სხვა პოლიტიკოსი ქალებისა და აგრეთვე მის მიმართ განხორციელებულ შეტევებს პასუხობს.

  • შეიარაღებული დაპირისპირება გორში – დაჭრილია ორი მამაკაცი

    შეიარაღებული დაპირისპირება გორში – დაჭრილია ორი მამაკაცი

    გორში მომხდარი დაპირისპირების შედეგად სავარაუდოდ, ორი პირი დაიჭრა. დაშავებულები ცეცხლნასროლი დაზიანებებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

    შემთხვევა გორში, სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, სროლა და დაჭრის ფაქტი ერთ-ერთი დაშავებულის მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოხდა.

    ერთ-ერთი დაჭრილის, ლ.რ.-ს მეუღლის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა რამდენჯერმე მოხდა.

    შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

  • ვნახეთ ოპოზიციის შეშფოთებული კომენტარები რეიტინგებთან დაკავშირებით, ენდობიან კვლევას და ალბათ, შეშფოთებულებიც ამიტომ არიან – თალაკვაძე

    ვნახეთ ოპოზიციის შეშფოთებული კომენტარები რეიტინგებთან დაკავშირებით, ენდობიან კვლევას და ალბათ, შეშფოთებულებიც ამიტომ არიან – თალაკვაძე

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, Edison Research-ის კვლევაში “ქართულ ოცნებას” რეიტინგი ხელოვნურად აქვს დაკლებული.

    როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის მიერ ჩატარებულ კვლევაშიც ჩანს მათ მიმართ საზოგადოების დაბალი სანდოობა.

    “ამ კვლევის შედეგები არის იმდენად სანდო, რამდენად სანდოც არის მისი დამკვეთი, კეზერაშვილი. ჩვენ დემოკრატიული განვითარებისთვის გვჭირდება ობიექტური კვლევები. ამ კვლევაში “ქართულ ოცნებას”, როგორც ჩანს, ხელოვნურად აქვს ჩამოკლებული, რეიტინგი. თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის წარმომადგენლების შეშფოთებული კომენტარები მათ რეიტინგებთან დაკავშირებით. ისინი ენდობიან ამ კვლევას და ალბათ, შეშფოთებულებიც ამიტომ არიან.

    ყოველთვის ვეუბნებოდით “ძველ ოპოზიციას”, ნუ ხართ ვირუსის მხარეს მაშინ, როდესაც ქვეყანა ებრძვის პანდემიას. ვეუბნებოდით, რომ მიიღეთ მონაწილეობა საკონსტიტუციო პროცესში და მხარი დაუჭირეთ ცვლილებებს, რომელიც დემოკრატიის ინტერესებშია. ვეუბნებოდით, ნუ ესხმით თავს ინსტიტუტებს, ნუ ესხმით თავს ეკლესია. ვეუბნებოდით, ნუ გიხარიათ, როდესაც კრიტიკული შენიშვნები ისმის ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს მისამართით. მათ ეს რჩევები არ გაითვალისწინეს. საბოლოო ჯამში, როგორც ხედავთ, მიიღეს ძალიან დაბალი საზოგადოებრივი ნდობა, რომელიც მათივე ჩატარებულ კვლევებში ჩანს. სინამდვილეში, თუ რამდენი ჩამოაკლეს ამ კვლევით “ქართულ ოცნებას”, ამას ჩვენ ვაჩვენებთ ოპოზიციას ოქტომბრის არჩევნებში”, – განაცხადა თალაკვაძემ.

    ცნობისთვის, ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია: “ქართული ოცნება” — 39%; მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” — 16%; “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” — 5%.

  • “რატომ არ გვაცდით ჩვენი ანგელოზი შვილის დატირებას! “-  შაქარაშვილის დედა საზოგადოებას მიმართავს

    “რატომ არ გვაცდით ჩვენი ანგელოზი შვილის დატირებას! “- შაქარაშვილის დედა საზოგადოებას მიმართავს

    ტრაგიკულად გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დედა, თამუნა შალვაშვილი სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს.

    “ყველამ იცით, რომ ჩვენი ოჯახი დღემდე მაქსიმალურად იკავებს თავს, როგორც მასმედიის საშუალებებთან ურთიერთობაზე, ასევე რაიმე სახის პოზიციების დაფიქსირებაზე სოციალური ქსელებით, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესიამ ჩვენი ოჯახის მიმართ უკვე ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ შვილის დამკარგავი მშობელი იძულებული ვხდები დავწერო ის, რასაც განვიცდი.
    მივმართავ იმ ხალხს, ვინც დაუნდობლად გვლანძღავს და გვაძაგებს მხოლოდ იმის, გამო, რომ არ ვიქცევით ისე, როგორც მათ სურთ.
    რას გვთხოვთ, რას გვაიძულებთ, რომ საკუთარი შვილის მკვლელობის საქმე გამოვაძიებინოთ იმ ხალხს, რომლებიც მიმტკიცებენ, რომ ჯერ კიდევ გიორგის აღმოჩენამდე, კინოლოგებისთვის ჩემივე ხელით მიტანილი ბავშვის ბოტასები მირიანმა“ ჩუმად წამოიღო“ გამოძიებიდან და დამნაშავეების კვალი დაფარა? ამის მთქმელს შეიძლება რომ ნორმალურმა ადამიანმა ხელში ჩაუგდო საკუთარი შვილის მკვლელობის საქმე?! ვისთან მთხოვთ თანამშრომლობას, ხალხთან რომლებიც ყოველდღურად პირდაპირ ეთერში ულოცავენ დამნაშავეებს, რომ გამართლდებიან და დანაშაული არ დაუდასტურდებათ?! რომელ “საზოგადოებრივ გამომძიბლებს” მირჩევთ თავისი უგუნური ვერსიები რომ გაემართლებინათ ჩვენი ოჯახი, რომ ლამის სოციალურად დაუცველად გამოაცხადეს და ისიც არ უკითხავთ ბავშვი როგორ სრულფასოვან გარემოში გაიზარდა?!” ვის მივანდო ჩემი შვილის საქმე, ვინც მიმტკიცებს, რომ მოკლული შვილის ცხედარს თურმე ოთხი დღე მანქანაში მალავდნენ თუ იმ ხალხს დამნაშავეების სასარგებლოდ რომ მთელ ქვეყანას არწმუნებენ, თურმე მკვლელების მანქანა 6 წუთზე მეტ ხანს არ ყოფილა იმ ადგილას, რის გამოც მკვლელობა გამორიცხულია?
    რომელიერთი ჩამოვთვალო უკვე აღარც კი ვიცი… და რატომ უნდა ვენდო ასეთ ადამიანებს, შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ? მაგრამ რა უნდა ამიხსნათ თქვენ ?ვითომ მირიან ნიკოლაძეზე დიდი გულშემატკივრები რომ ხართ ჩვენი ოჯახის, ვის ედრებით. ადამიანს, რომელიც ჩემი მეუღლის ოჯახშია გაზრდილი და რომლის ხელშიც გიორგი გაიზარდა?! რომელთან ურთიერთობაც გიორგისთვის ყველაზე საამაყო და სათუთი იყო, იმ კაცს ედრებით?! რა სიბინძურე არ დააბრალეთ, რა ცილისწამება აღარ შეთხზეთ, რა აღარ აკადრეთ, მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენი ბინძური პოლიტიკური ინტერესების საჯიჯგნი არ გამიხადა მოკლული შვილი. რატომ ვერ ინელებთ, რომ ამ ერთმა კაცმა მოუღო ბოლო თქვენს არადამიანურ ინტერესებს?! რას გვერჩით, რას გვემართლებით, რატომ არ გვაცდით ჩვენი ანგელოზი შვილის დატირებას! რატომ უნდა ვხდებოდე იძულებული, რომ საზოგადოებას ვთხოვო თქვენგან თავის დაცვა?!
    იმ ასიათასობით ადამიანს, ვინც ჩვენი ტრაგედია გულთან მიიტანა და დღემდე გვამხნევებს, გვერდში გვიდგას და ჩვენსავით განიცდის, მინდა ვუთხრა, რომ თქვენ გვაძლებინებთ, თქვენი სიკეთე და მხარდაჭერა გვაძლებინებს, ყველას მადლობას გიხდით. თუ ჩვენ ვერ შევძელით, ღმერთი გადაგიხდით სიკეთით, ის ღმერთი, რომელთანაც ჩემი ანგელოზი შვილის სული მივიდა.”- წერს თამუნა შალვაშვილი სოციალურ ქსელში

  • უმძიმესი კადრები, მოარიდეთ ბავშვები ეკრანებს – პიტბულის ჯიშის ძაღლმა 67 წლის ქალი დაგლიჯა, მდგომარეობა კრიტიკულია

    უმძიმესი კადრები, მოარიდეთ ბავშვები ეკრანებს – პიტბულის ჯიშის ძაღლმა 67 წლის ქალი დაგლიჯა, მდგომარეობა კრიტიკულია

    უმძიმესი კადრები, რომელიც კურიერმა მოიპოვა. ვიდეომასლაში ჩანს, როგორ ესხმის თავს ძაღლი ქალს. შემთხვევა თბილისში გუშინ, საღამოს დაახლოებით 9 საათისთვის, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოხდა. რა დროსაც შუახნის ქალს მნიშვნელოვანი დაზიანებები მიადგა. ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეო მასალას “კურიერი” ავრცელებს.

    კადრებიდან ირკვევა, რომ შემთხვევისას ირგვლივ მყოფი ადამიანები რამდენიმე წუთი განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ, 67 წლის ქალის დახმარებას. ამის შემდეგ ერთ-ერთმა თვითმხილველმა პირმა, რომელიც შეიარაღებული იყო და ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა, თუმცა მას შემდეგ, რაც გასროლის ხმაზე ძაღლს რეაქცია არ მოჰყვა, მამაკაცმა ძაღლს ესროლა.

    ადგილობრივების ნაწილის განცხადებით, ძაღლი აგრესიით მხოლოდ ცხოველების მიმართ გამოირჩეოდა. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ქალი იხსენებს, თუ როგორ დაგლიჯა აღნიშნულმა ძაღლმა ერთ-ერთი მეზობლის ჰასკი.

    ძაღლის მეპატრონის ოჯახის მეგობარი კი აცხადებს, რომ 3 წლის პიტბულს არასდროს არავისთვის არ უკბენია. მისივე თქმით, შემთხვევის შემდეგ ძაღლი დააძინეს.

    რაც შეეხება მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქალს, პაციენტს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 67 წლის ქალს ძაღლის კბენის შედეგად მიყენებული ჭრილობები თავისა და სახის მიდამოზე აქვს, ასევე ქვედა კიდურებსა და მუცლის არეში.

    “ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება მძიმედ, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ჰემოდინამიკა არის არასტაბილური, უტარდება ყველა ის ღონისძიება რაც საჭიროა.ყველაზე დიდი ჭრილობა, რომელიც ქალბატონს მიყენებული აქვს კბენის შედეგად ეს არის თავი და სახის მიდამო, სადაც ჩატარდა ყბა-სახის ქირურგების მიერ ოპერაცია. ასევე არის მუცლის ჭრილობაც, მაგრამ მუცლის ღრუ ამ დაზიანების გარეშეა. ორივე ქვემო კიდურზე არის მიღებული ჭრილობა. ერთადერთი ყველაზე მძიმე კატეგორიად ფასდება, როდესაც არის თავ-კისრის არეში მიყენებული ჭრილობა. ჩატარდა ოპერაცია, აღდგენილ იქნა ქსოვილი, ვნახოთ როგორ წავა მდგომარეობა,” – აღნიშნა თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა.

    დაშავებულის შვილი ამბობს, რომ ის პოლიციაში სარჩელის შეტანას და ძაღლის მეპატრონეების დასჯას მოითხოვს. მისი თქმით, ძაღლის მეპატრონეებმა სიფრთხილე არ გამოიჩინეს და ძაღლი, რომელიც ე.წ. მებრძოლი ძაღლების კატეგორიას მიეკუთვნება უყურადღებოდ დატოვეს.

    “ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია და გადარჩება თუ არა ესეც არ ვიცით. ყველა მეზობელს აქვს მაგაზე პრეტენზია მე როგორც გუშინ გავიგე, დაუგლეჯია ძაღლი, უკბენია პატრონის მეგობრებისთვის არა ერთხელ. მე პოლიციაში დღეს ვარ დაბარებული და პასუხისმგებლობა უნდა აგოს,” – განაცხადა დაშავებული 67 წლის ქალის შვილმა.

     

  • ოთარ სირაძესა და მის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-5000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

    ოთარ სირაძესა და მის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-5000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

    „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრს ოთარ სირაძესა და მის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-5000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. სასამართლო პროცესი ამბროლაურის სასამართლოში დისტანციურად მიმდინარეობდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა.

    “ახალგაზრდა მწვანეების” წევრთან დაპირისპირების ფაქტზე რაჭის ყოფილ გუბერნატორსა და მის ძმას ბრალი 126-ე მუხლით აქვთ წარდგინილი, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. მომდევნო სასამართლო პროცესი 2020 წლის 4 სექტემბერს გაიმართება.

    შეგახსენებთ, რომ 4 ივლისს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ოთარ სირაძე და მისი ახალგაზრდა მწვანეების წარმომადგენელს, ნიკოლოზ ბაქრაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

  • კელი დეგნანი ღამურებთან დაკავშირებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის განცხადებას საზოგადოების დაბნევის მცდელობად აფასებს

    კელი დეგნანი ღამურებთან დაკავშირებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის განცხადებას საზოგადოების დაბნევის მცდელობად აფასებს

    აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კელი დეგნანი საზოგადოების დაბნევის მცდელობად აფასებს ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზეზად ღამურების მოძებნას და შემდგომ ლუგარის ლაბორატორიისთვის 5000 აშშ დოლარად რეალიზაციას ასახელებს.

    “ეს არის კიდევ ერთი მცდელობა საზოგადოება შეიყვანონ დაბნეულობაში, ძირი გამოუთხარონ საზოგადოების ნდობას ამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრის მიმართ. მე დღეს გახლდით იქ და მივიღე მონაწილეობა სტაჟირების დასრულების ცერემონიაში, სადაც ორმა არაჩვეულებრივმა ქართველმა მეცნიერმა გაიარა სტაჟირება. გვქონდა შესაძლებლობა ლუგარის ცენტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დამეთვალიერებინა. მართლაც, ის სამუშაო, რასაც ისინი ასრულებენ, არაჩვეულებრივი და შთამაგონებელია. ვფიქრობ, ქართველებმა უნდა იამაყონ ამ ცენტებით და მათი საქმიანობით. არაჩვეულებრივმა გუნდმა, რომელსაც ხელმძღვანელობენ ამირან განყრელიძე და პაატა იმნაძე, შეძლეს ძალიან კარგად გამკლავებოდნენ უპრეცედენტო კრიზისს COVID-19-თან დაკავშირებით. ლუგარის ცენტრმა უდიდესი როლი შეასრულა”, -აცხადებს კელი დეგნანი.

    ცნობისთვის, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ ინფორმაციით, 3 ივლისს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზეზად ღამურების მოძებნას და შემდგომ ლუგარის ლაბორატორიისთვის 5000 აშშ დოლარად რეალიზაციას ასახელებს.

  • აშშ გააგრძელებს ხმამაღალ საუბარს, სიმართლის თქმას და მხარს დაუჭერს საქართველოს – კელი დეგნანი

    აშშ გააგრძელებს ხმამაღალ საუბარს, სიმართლის თქმას და მხარს დაუჭერს საქართველოს – კელი დეგნანი

    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, სადაც ოფიციალური მოსკოვი საქართველოს პროვოკაციულ მოქმედებებში ადანაშაულებს, ირონიულს უწოდებს.

    “ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ხმამაღალ საუბარს, სიმართლის თქმას და მხარს დაუჭერს საქართველოს, რომ საქართველომ დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, მოქალაქეები. ირონიულია, რომ რუსეთის მხრიდან ისმის ასეთი შეფასებები, როდესაც საუბარია ინციდენტების პრევენციის მექანიზმზე. საქართველოს მხარე ყველანაირად ცდილობს, რომ ეს ფორმატი აღდგეს ბოლო პერიოდის განმავლობაში, თუმცა დაბრკოლება მოდის სწორედ რუსეთისგან.საქართველოს ცდილობს, ყველა საშუალებას მიმართოს, რათა დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და უპასუხოს არსებულ ინციდენტებსა და გამოწვევებს”, – განაცხადა დეგნანმა.

    ცნობისთვის, ოფიციალური მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური სპექტაკლის მოწყობაში ადანაშაულებს და დიალოგისკენ მოუწოდებს. “შეშფოთებულები ვართ საქართველოს მხრიდან რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირების გამო და საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული განცხადებებისა და ქმედებების შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ”,- წერია განცხადებაში.

    გარდა ამისა, ოფიციალური მოსკოვი „პროვოკაციული კომენტარებისთვის“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საქართველოში აშშ-ის საელჩოსაც ადანაშაულებს. „ყველაფერი ეს ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების მიუკერძოებელი მონაწილის პოზიციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • “ქართული ოცნება” 20 ივლისს მაჟორიტარობის კანდიდატებს დაასახელებს

    “ქართული ოცნება” 20 ივლისს მაჟორიტარობის კანდიდატებს დაასახელებს

    20 ივლისს მმართველი პარტია “ქართული ოცნება” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას გახსნის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

    მათი ცნობით, საარჩევო კამპანიის გახსნა პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

    გავრცელებული ინფორმაციით, მაჟორიტარობის კანდიდატებად ყოფილი მინისტრები, დავით სერგეენტო და სოზარ სუბარი განიხილებიან.

    შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.  წლევანდელი არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება – 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

  • ლარი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა

    ლარი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0652 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0652 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0651 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4925 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5049 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0124 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.