Category: ახალი ამბები

  • მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია – გიორგი გახარია

    მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია – გიორგი გახარია

    პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქართული ოცნების საარჩევნო სიას საზოგადეობა ცოტა ხნით კიდევ უნდა დაელოდოს. ამ თემაზე კომენტარი მან მედიასთან გააკეთა. კითხვას, იქნება თუ არა სიაში როგორც ზუგდიდის მაჟორიტატი გახარიამ უპასუხა, რომ ამ საკითხზე არ უფიქრია.

    „მესმის, რომ გარკვეული ინტერესია, რაღაც ინტრიგაა. კიდევ ცოტა ხანს დაველოდოთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, სიის ნომრით რომელი ვიქნები. მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია,“ – განაცხადა გახარიამ.

  • ის საკითხია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რომ პროცესს ხელი არ შევუშალოთ – გახარია გახელაძეზე

    ის საკითხია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რომ პროცესს ხელი არ შევუშალოთ – გახარია გახელაძეზე

    ზაზა გახელაძის საქმეზე დღეს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის ამოქმედებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 33 წლის საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძეზე საუბრისას განაცხადა, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს.

    ,,სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა ასეთი შემთხვევა, ესეც ის საკითხია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რომ პროცესს ხელი არ შევუშალოთ. ჩვენი მოქალაქე დღეს ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, მისი მშვიდობიანად სახლში დაბრუნება. ამიტომ დღეს, ყველა ინსტრუმენტი არის ამოქმედებული,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

    ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, ზაზა გახელაძის უკანონო გატაცების ფაქტთან დაკავშირებით ცხელი ხაზი კვლავ გააქტიურდა. 33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს.

    არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გახელაძისა და მისი მეგობრის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგად ზაზა გახელაძე დაიჭრა, მესაზღვრეებმა ის დააკავეს და ჯერ ახალგორის მიმართულებით წაიყვანეს, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს.

  • მედია თუ რამეს წინ უსწრებს, ეს ძალიან ცუდია –  გახარია შაქარაშვილის საქმის გამოძიებაზე

    მედია თუ რამეს წინ უსწრებს, ეს ძალიან ცუდია – გახარია შაქარაშვილის საქმის გამოძიებაზე

    “მედია საერთოდ თუ რაღაცას წინ უსწრებს, ეს ძალიან ცუდია, ეს არის უაღრესად ცუდი”– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

    მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით მედია ავრცელებს ვერსიებს, რისი უფლებაც მას აქვს.

    „მედია საერთოდ თუ რაღაცას წინ უსწრებს, ეს ძალიან ცუდია, ეს არის უაღრესად ცუდი, რადგან მედია ავრცელებს ვერსიებს, რისი უფლებაც მას აქვს, მაგრამ ეს არის ვერსიები. ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ უნდა გავუფრთხილდეთ პირველ რიგში ოჯახის მორალურ მდგომარეობას და ჩვენი საზოგადოების მორალურ მდგომარეობასაც.

    მე ვიქნები ამაში პირადად დაინტერესებული, თუკი იქ რაღაც არასწორად იყო გაკეთებული. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გამოვიძიოთ საქმე და ვნახოთ დამნაშავე, ვინ იყო დამნაშავე. ამის შემდგომ, თუ იქ რაღაც არასწორად იყო გაკეთებული, ეს ცალკე გამოძიების საგანია, რომელიც აუცილებლად ჩატარდება და ყველა ის ადამიანი, რომელმაც არაკეთილსინდისიერად შეასრულა თავისი მოვალეობა, იქნება დასჯილი.

    შიდა საქმეებში, შიდა გამოძიებაში მე, როგორც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას ვერ მივიღებ, თუმცა რა თქმა უნდა, საკითხი კონტროლზე მაქვს“, – განაცხადა გახარიამ.

    მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის პოლიტიზება ხდება.

    “ამ საკითხზე საუბრის ამოწურვა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად დიდი ტრაგედია. ეს არ არის ცალკე აღებული, კონკრეტული ოჯახის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედიაა. სამართალდამცავ სისტემას აქვს სრული პასუხისმგებლობა, რომ უმოკლეს ვადაში ეს ყველაფერი იყოს გამოძიებული და კითხვები არ დარჩეს პირველ რიგში ოჯახს და რა თქმა უნდა, საზოგადოებას. ეს არის სამართალდამცავი სისტემის პასუხისმგებლობა და მერწმუნეთ, რომ ამ სისტემას ეს პასუხისმგებლობა სრულად აქვს გააზრებული. ჩვენ არ უნდა დავტოვოთ არანაირი სივრცე საკითხის პოლიტიზებისთვის. სამართალდამცავმა სისტემამ და გამოძიებამ ეს სივრცე არ უნდა დატოვოს. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესში ვიმყოფებით, სამწუხაროდ, ხდება ამ საკითხის პოლიტიზება. ეს არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედია და ჩვენ, მოქალაქეებმა, ჩვენი ზრუნვა ოჯახზე პირველ რიგში უნდა გამოვხატოთ იმით, რომ ცოტა უნდა გავუფრთხილდეთ ამ ადამიანების მორალურ მდგომარეობას“, – განაცხადა პრემიერმა.

  • მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს შეხვდა

    მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს შეხვდა

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ფოტოსურათი მიხეილ სააკაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

    ფოტოზე მერაბიშვილთან ერთად ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის ყოფილი ვიცე-მერი გიორგი ცხაკაია, ყოფილ დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი, თბილისის ყოფილი პროკურორი დავით საყვარელიძე, უკრაინაში ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პირველ მოადგილე გიზო უგულავა, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელები ლიზა იასკო, ასევე დიმიტრი გორდონი და ალესია ბაცმანი არიან.

  • “მინდორში ვეძებეთ, ბიჭო…ხო არ დაბრიდესმეთქი” – ჩხუბის მონაწილეების მიმოწერა და ახალი ჩვენებები შაქარაშვილის საქმეში

    “მინდორში ვეძებეთ, ბიჭო…ხო არ დაბრიდესმეთქი” – ჩხუბის მონაწილეების მიმოწერა და ახალი ჩვენებები შაქარაშვილის საქმეში

    გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი მტკიცებულებები ჩნდება. მასალებში უკვე დევს ჩხუბის მონაწილეების მიმოწერა, საიდანაც ირკვევა, რომ შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ მისმა მეგობრებმა იმავე ღამეს იცოდნენ. კერძოდ, გიორგი ქათამაძე იმ ღამეს მეგობარს წერს, რომ გიორგი შაქარაშვილს ვერსად პოულობენ და რომ შესაძლოა ის თავდამსხმელებმა მოკლეს.

    ფეისბუქ გზავნილები ადასტურებს იმასაც, რომ თბილისიდან ჩასული სადამსჯელო რაზმი ახალგაზრდებს სასტიკად გაუსწორდა.

    საკუთარ დაზიანებებს ქათამაძეც აღწერს, რომელსაც ჭრილობები თავისა და სახის არეში ჰქონდა მიყენებული და სამედიცინო ჩარევაც დასჭირდა, თუმცა ექიმებს უთხრა, რომ ველოსიპედიდან გადავარდა.

    “- ტანზე არაფერი მჭირს, ცხვირი გამიტყდა, ერთი ნაკერი წარბზე ნაკერები, ყურს უკან ნაკერები.. თვალი როგორ გადარჩა მეგონა დამბრიდავდნენ

    – ის შენი ახლობელი სად არის ამდენ ხანს რომ არ გამოჩნდა

    -მინდორში ვეძებეთ ბიჭო ხო არ დაბრიდეს მეთქი ის მაგარი ნაცემია მაგრამ სახეზე არა, ფეხზე ოდნავ დაჭრილია.გასმული აქ, ჯინსი შემოეხა პირდაპირ ბიტებს გვირტყამდნენ თან ბიჭო ორი ვინც ჩვენი ძმაკაცი არაა პროსტა ჩვენთან აღმოჩნდა, გაიქცნენ. გაგდებული ჰყავდათ კოკო და შევვარდი წავიდნენ დაბრუნდნენ და გავექეცით.რო დავეჭირეთ მე ორი დარტყმა მინდოდა და ვსიო.”

    შსს-ში ამჟამად ანი გაბეჩავას კითხავენ. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში გაბეჩავა უწყებაში დღეს ისევ დაიბარეს, თუმცა მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. მისი ადვოკატი კი ამბობს, რომ მისთვის უცნობია რა კითხვები ექნება გაბეჩავასთან გამოძიებას ამ ეტაპზე

    შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდები ნარეკვავის აგარაკზე სწორედ ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე იყვნენ შეკრებილები და მათ შორის დაპირისირებაც იქიდან დაიწყო.

    მიმდინარე გამოძიების ფარგლებში  შსს-მ ნარეკვავის აგარკზე მყოფი ახალგაზრდების გამოკითხვები განაახლა. გუშინ უწყებაში იმყოფებოდა საქმის ერთ ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, რომელიც მედიასთან ამ დრომდე დუმს და კომენტარს არ აკეთებს.

  • ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 22 ივლისს გაიმართება

    ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 22 ივლისს გაიმართება

    ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 22 ივლისს გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ პრესსამსახურში განუცხადეს, პროცესი ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ჩაინიშნა.

    ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. მათ ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

  • ბატონო გახარია, პრემიერ-მინისტრობა კაბინეტში ჯდომა და იქიდან საუბარი არ არის! – გიორგი ვაშაძე

    ბატონო გახარია, პრემიერ-მინისტრობა კაბინეტში ჯდომა და იქიდან საუბარი არ არის! – გიორგი ვაშაძე

    „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებას იმ ქვეყნებთან საზღვრის გახსნაზე მუშაობისკენ მოუწოდა, რომლებზეც დამოკიდებულია საქართველოში ავტომანქანების რეექსპორტი. ვაშაძის თქმით, ბიზნესი, რომელშიც ბრუნვა 700 მილიონ დოლარს შეადგენდა და საიდანაც 10 ათასობით ოჯახს კონკრეტული შემოსავალი ჰქონდა, სრულად გაჩერებულია.

    „მე მინდა მივმართო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გახარიას, ბატონო გახარია, პრემიერ-მინისტრობა კაბინეტში ჯდომა და იქიდან საუბარი კი არ არის. მოდით და ამ ადამიანებს დაეხმარეთ! თქვენ პოლიტიკური მიზნებისთვის, საარჩევნო მიზნებისთვის არ ხსნით საზღვრებს, ამოგვკეტეთ ქვეყანაში და ფაქტობრივად შიმშილისთვის გაწირეთ მთელი საქართველო. გაბანკროტებულია დღეს ავტომანქანების რეექსპორტიორები. 2 მაისს მე პირადად გამოგიზავნეთ დოკუმენტი ეპიდუსაფრთხოების სტანდარტების, კოვიდპასპორტის, რომლითაც თქვენ შეგეძლოთ საზღვრის გახსნა, მაგრამ თქვენმა კონსულტანტებმა გითხრეს, რომ საზღვრები არ გახსნათო და კოვიდის პრობლემა იყოს ისევ მთავარი თემა. ჯანმრთელობას აპირისპირებთ ეკონომიკასთან, რაც დანაშაულია. აქედან გამომდინარე, დღეს არის სამი კონკრეტული მოთხოვნა, რომელზეც ხელმოწერები გროვდება და ყველა ავტოექსპორტიორი აწერს ხელს. პირველი – 31 დეკემბრამდე გადავადდეს ავტომობილების გამბაჟების ვადა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ პირველი მაისის შემდგომ შემოსულ ავტომანქანებზე გავრცელდეს გამბაჟების გადავადება და მესამე, დაუყოვნებლივ დაიწყეთ იმ ქვეყნებთან საზღვრის გახსნაზე მუშაობა, რომლებზეც დამოკიდებულია ავტომანქანების რეექსპორტი,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

  • შაქარაშვილის საქმე -შსს-ში ანა გაბეჩავას და ერთ-ერთი არასრულწლოვანის გამოკითხვა მიმდინარეობს

    შაქარაშვილის საქმე -შსს-ში ანა გაბეჩავას და ერთ-ერთი არასრულწლოვანის გამოკითხვა მიმდინარეობს

    ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმეთა გამოკითხვამიმდინარეობს. ამ დროისთვის გამოკითხვაზე იმყოფებიან გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, წვეულების ორგანიზატორი ანა გაბეჩავა და ერთ-ერთი არასრულწლოვანი, მათ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

    როგორც უწყებაში შესვლამდე ანა გაბეჩავას ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ განაცხადა, ისინი გამოძიებას ახალ ინფორმაციას ვერ მიაწვდიან, ვინაიდან მათ ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციაზე უკვე ისაუბრეს.

    ,,გამოძიებიდან გამომდინარე დაბარებული ვართ დამატებით გამოკითხვაზე, თუ რა კითხვები ექნებათ, რომ შევალთ გავიგებთ. გამოძიებას ახალი ინფორმაციას ვერ მივაწვდით, თუმცა რა კითხვები აქვთ ჩვენთვის უცნობია.

    ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

  • მამაკაცი, რომელსაც  ტრაილერი დაეჯახა, კლინიკაში გარდაიცვალა

    მამაკაცი, რომელსაც ტრაილერი დაეჯახა, კლინიკაში გარდაიცვალა

    ხაშურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, გარდაიცვალა.

    ავარია წუხელ მოხდა, ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული 77 წლის მამაკაცი ,,გორმედის” ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც მკურნალობა უტარდებოდა, თუმცა, ექიმების განცხადებით, დაზიანებების ხარისხი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო.

  • ხელისუფლებამ გადაწყვიტა ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“  – ოპოზიციური პარტიები

    ხელისუფლებამ გადაწყვიტა ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“ – ოპოზიციური პარტიები

    ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“.

    მათივე ინფორმაციით, ივანიშვილი ცდილობს ყველას დაანახოს, რომ მის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური პოზიციის დაკავება სახიფათოა.

    განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    „2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიან ვითარებაში ჩატარება საერთო ეროვნული ამოცანაა. სწორედ ამ მიზნითაა მოტივირებული დემოკრატიული ოპოზიცია და ეს იყო 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებაც. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებითა და ბესიკ თამლიანის, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის საპატიმროებიდან გამოშვებით, სიტუაცია ნაწილობრივ განიმუხტა, თუმცა გიორგი რურუა კვლავ ციხეში რჩება. რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა, მნიშვნელოვანი საკითხია. ახლა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ირაკი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“. ივანიშვილი ცდილობს ყველას დაანახოს, რომ მის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური პოზიციის დაკავება სახიფათოა. ამ ტიპის საქმეები აქტუალობას მაშინ იძენს როცა ეს ივანიშვილს რომელიმე ოპონენტის გასაჩუმებლად, საზოგადოების დასაშინებლად და თავისი ხელქვეითების გასამხნევებლად სჭირდება. 8 მარტის შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ამ ტიპის საქმეების შეჩერებასაც ითვალისწინებს. საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად, სწორედ ამის გამო ანიჭებენ საკვანძო მნიშვნელობას 8 მარტის შეთანხმების შესრულებას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები. ამიტომაა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ რამდენიმე დღის წინ, განხილულ დოკუმენტში მკაფიო მოწოდება რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს, რაც გიორგი რურუას გათავისუფლებას გულისხმობს ხოლო საგანგებოდ ხაზგასმულია, რომ ოქრუაშვილისა და უგულავას საპატიმროდან გამოშვება, 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ივანიშვილის ხელისუფლება უნდა შეეშვას ოპონენტების დევნასა და დაშინებას. ეს მეთოდები მას ძალაუფლებას ვერ შეუნარჩუნებს, მაგრამ ქვეყანას რისკებს უზრდის და ზიანს აყენებს. დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანა კი 2020 წლის არჩევნების დასრულებისა და ივანიშვილის ძალაუფლებიდან მშვიდობიანი გზით ჩამოშორების შემდეგ, ამგვარი პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დასრულება.

    განცხადებას ხელს აწერენ: „ევროპული საქართველო“, ლეიბორისტული პარტია, საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება, „ გამარჯვებული საქართველო“, „ევროპული დემოკრატები, „ახალი საქართველოსთვის“, „ემსახურე საქართველოს“, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“, „საქართველო ლიდერებს შორის“, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“, რესპუბლიკური პარტია „კანონი და სამართალი“, „ახალი საქართველო ქრისტიან კონსერვატიული პარტია“, ედპ, ენმ, „ლელო“, „ თავისუფალი დემოკრატები“.