Category: ახალი ამბები

  • გახელაძემ უგულებელყო მესაზღვრეების კანონიერი მოთხოვნები და გაქცევა სცადა, მან ხუთჯერ გაისროლა – ცხინვალის ე.წ. სამხედრო პროკურორი

    გახელაძემ უგულებელყო მესაზღვრეების კანონიერი მოთხოვნები და გაქცევა სცადა, მან ხუთჯერ გაისროლა – ცხინვალის ე.წ. სამხედრო პროკურორი

    ზაზა გახელაძემ უგულებელყო მესაზღვრეების კანონიერი მოთხოვნები და გაქცევა სცადა, მან ერთ-ერთიმესაზღვრის მისამართით სულ მცირე ხუთჯერ გაისროლა, – სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამხედრო პროკურორმა ტიგრან კაბულოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ზაზა გახელაძემ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარი უკანონონ გადაკვეთა.

    „გახელაძემ უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი და თან ჰქონდა თოფი. მესაზღვრეებმა ის შენიშნეს და შეჩერება უბრძანეს, გახელაძემ კი მიმალვა სცადა. მესაზღვრეებმა მას „შეჩერება” უბრძანეს, თუმცა გახელაძემ უგულებელყო მესაზღვრეების კანონიერი მოთხოვნები და გაქცევა სცადა, მან ასევე გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი და ერთ-ერთი მესაზღვრის მიმართულებით სულ მცირე ხუთჯერ გაისროლა,” – განაცხადა კაბულოვმა.

    მისივე თქმით, „მესაზღვრეებმა“ ზაზა გახელაძეს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც ის ტერფში დაიჭრა.

    „იგი დააკავეს და იმყოფება კარანტინში, ეს ზომა მიღებულია, რათა დადასტურდეს, რომ ის კორონავირუსით დაინფიცირებული არ არის,”- აღნიშნა ე.წ. „პროკურორმა“.

    მისივე თქმით, გახელაძის წინააღმდეგ საქმე სამხედროს სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისა და „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით“ აღიძრა.

    ცნობისათვის, ზაზა გახელაძის დაკავების ფაქტს გუშინ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „უშიშროების კომიტეტიც“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიტუაციის გარშემო მაქსიმალური აჟიოტაჟის ასატეხად „ქართული მხარე“ „ფარისევლურად იყენებს“ გახელაძის ოჯახის წევრებს და მათ კომენტარებს.

    „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის უარყოფის პოლიტიკით ქართული მხარე საკუთარ თავს კონფლიქტური სიტუაციების ცივილურად გადაჭრის ყველა შესაძლებლობას ართმევს და შემდეგ აქტიურად წარმოაჩენს თავის აბსურდულ პრეტენზიებს,“- აღნიშნულია ე.წ. „უშიშროების კომიტეტის“ განცხადებაში.

    შეგახსენებთ, ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დააკავეს.

  • პროკურატურამ შაქარაშვილის საქმის გამოძიებაში დახმარებისთვის აშშ–ს მიმართა

    პროკურატურამ შაქარაშვილის საქმის გამოძიებაში დახმარებისთვის აშშ–ს მიმართა

    საქართველოს მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ 16 ივლისს ნამდვილად მიმართა ამერიკულ მხარეს შაქარაშვილის საქმის გამოძიებაში დახმარებისთვის, კერძოდ Facebook-დან და Instagram-იდან შაქარაშვილის საქმის ბრალდებულებისა და მოწმეების მიმოწერის ამოღებაში დახმარებისთვის. ინფორმაცია ამის შესახებ პირველად ტვ პირველმა გაავრცელა. გამოძიების მიზანი იმ მიმოწერის ამოღებაა, რომელიც უკვე წაშლილია. სავარაუდოდ სწორედ ეს მიმოწერა ინახავს რეალურ ინფორმაციას შაქარაშვილის მკვლელობის ღამეს მომხდარ მოვლენებზე, რასაც ბრალდებულები და ეჭვმიტანილები გამოძიებას უმალავენ და რაზეც ჩვენებებში არ საუბრობენ.

    როგორც ცნობილია, კომპანია ფეისბუქი პირადი ჩატებიდან წაშლილ მიმოწერას ხანგრძლივი დროით ინახავს და მისი აღდგენა შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ გამოძიების მოთხოვნით.

  • შაქარაშვილის საქმის ერთ–ერთი მთავარი ბრალდებულის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. რას ეძებდა პოლიცია

    შაქარაშვილის საქმის ერთ–ერთი მთავარი ბრალდებულის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. რას ეძებდა პოლიცია

    თბილისში, ილურიძის ქუჩის 44–ში, შაქარაშვილის საქმეში ერთ ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის სახლში სასამართლოს განჩინებით კრიმინალური პოლიცია შევიდა და განმეორებითი ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკის მიზანი  საქმეში ახალი მტკიცებულებების ამოღება იყო, კონკრეტულად კი მაჯის ელექტრონული საათის და  მობილურ ტელეფონთან დაკავშირებულ ნივთების.

    ეს მაჯის საათი შესაძლოა საქმეში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება აღმოჩნდეს, რადგან მას ვიდეოს გადაღების ფუნქციაც აქვს და შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იყოს.  სამართალდამცველებს აქვთ ეჭვი, რომ შაქარაშვილის მკვლელობის ღამეს ერთ–ერთი ინციდენტი შესაძლოა სწორედ ამ საათზე იყოს ჩაწერილი,კონკრეტულად კი ერთ ერთ დაზარალებულზე ზემოქმედების ვიდეომასალაა აღბეჭდილი.

    პატაკში კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი წერს, რომ მისი ინფორმაციით ამ საათზე არსებობს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და არსებობს მისი განადგურების საფრთხე. თუმცა ჩხრეკის შედეგად საათი სახლში არ აღმოჩნდა. სავარაუდოდ ის უკვე განადგურებულია. სამაგიეროდ პოლიციამ ვახტანგ ჩიქოვანის სახლში პოლიციამ გადამალული ტყვიები იპოვა.

    ჩიქოვანი სავარაუდოდ ერთ–ერთი პირველი გახდება, ვისაც გამოძიება შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალს წაუყენებენ. სწორედ მან წაიყვანა წვეულებაზე ჩხუბის შემდეგ თბილისიდან ე.წ. ნახალოვკელების ჯგუფი, რომლებიც შაქარაშვილს და მის მეგობრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ ერთი ბრალდებულის ჩვენებით კი სწორედ ჩიქოვანი ჩაჰყვა ხევში შაქარაშვილს, რის შემდეგაც ის ცოცხალი აღარავის უნახავს.

     

  • ქობულეთში ზღვაში არასრულწლოვანს ეძებენ

    ქობულეთში ზღვაში არასრულწლოვანს ეძებენ

    ქობულეთში, მდინარე კინტრიშისა და ზღვის შესართავთან არასრულწლოვანს ეძებენ.

    გავრცელებული ცნობით, ზვაში სამი არასრულწლოვანი ბანაობდა, ორი მათგანი გამოყვანილია, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ.

    სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან ქობულეთისა და ბათუმის მყვინთავები.

  • პარიზში ქართველმა გოგომ ღომით ფეხი დაიწვა

    პარიზში ქართველმა გოგომ ღომით ფეხი დაიწვა

  • პირდაპირ თქვით, რომ ჩოლოიანი გყავთ ციხიდან გამოსაყვანი, რა საჭიროა ახლა ეს რიჟა ბაზარი – ვახო სანაია მეუფე ნიკოლოზის განცხადებაზე

    პირდაპირ თქვით, რომ ჩოლოიანი გყავთ ციხიდან გამოსაყვანი, რა საჭიროა ახლა ეს რიჟა ბაზარი – ვახო სანაია მეუფე ნიკოლოზის განცხადებაზე

    “რა საჭიროა ახლა ეს რიჟა ბაზარი. პირდაპირ თქვით, რომ მარიანა ჩოლოიანი გყავთ ციხიდან გამოსაყვანი და სხვები გადასარჩენი”- ასე გამოეხმაურა ტელეწამყვანი ვახო სანაია ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებას.  მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ თავის დროზე ეკლესია დარწმუნდა, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო შემთხვევითობა, ამიტომ 15 წლის ლუკა სირაძეს წესი აუგო.

    “რა საჭიროა ახლა ეს რიჟა ბაზარი. პირდაპირ თქვით, რომ მარიანა ჩოლოიანი გყავთ ციხიდან გამოსაყვანი და სხვები გადასარჩენი, ვისაც შეიძლება, პასუხისმგებლობა დაეკისროს ლუკა სირაძის გამო.

    მოკლედ, თუ გინდათ, ბავშვი იქ ცხონდეს, თქვით, რომ ლუკა სირაძის სიკვდილი შემთხვევითობაა და დაკავებული გამოუშვითო.

    თუ იტყვით, რომ თვითმკვლელობა იყო და ამის გამო ვიღაცები აქ დაისჯებიან, მაშინ ის ბავშვი იქ ვერ ცხონდება, რადგან ჩვენ ლოცვას შევწყვეტთო.

    ესაა შინაარსი.”- წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.

    წესი ავუგეთ, მაგრამ თუ ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, მაშინ სხვანაირად უნდა მოვიქცეთ- მეუფე ნიკოლოზი ლუკა სირაძის საქმეზე

    ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

     

  • წესი ავუგეთ, მაგრამ თუ ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, მაშინ სხვანაირად უნდა მოვიქცეთ- მეუფე ნიკოლოზი ლუკა სირაძის საქმეზე

    წესი ავუგეთ, მაგრამ თუ ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, მაშინ სხვანაირად უნდა მოვიქცეთ- მეუფე ნიკოლოზი ლუკა სირაძის საქმეზე

    “ლუკა სირაძეს წესი ავუგეთ, მაგრამ თუ ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, მაშინ დღეიდან სხვანაირად უნდა მოვიქცეთ”- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ისუბრა.

    მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ბოლო პერიოდში 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განახლდა მსჯელობა, სადაც დარწმუნებით არის საუბარი, რომ შემთხვევა თვითმკვლელობას უკავშირდებოდა. მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, თავის დროზე ეკლესია დარწმუნდა, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო შემთხვევითობა, ამიტომ 15 წლის ლუკა სირაძეს წესი აუგო.

    „ოჯახის წევრებმა ეკლესიას მომართეს. რა თქმა უნდა, იყო მსჯელობა, განხილვა ამ საკითხის, შეიძლებოდა თუ არა ლუკა სირაძისთვის წესის აგება. თუ ეს ნამდვილად მტკიცდება, რომ თვითმკვლელობაა, მაშინ წესის აგება არ შეიძლება. ეს არის საეკლესიო წესი. არ შეიძლება იმიტომ, რომ თვითონ ლუკასთვის ეს იქნებოდა ცუდი. ჩვენ დავრწმუნდით მაშინ, ოჯახის წევრებმა დიდი როლი შეასრულეს, მაგრამ გარდა ოჯახის წევრებისა, ჩვენ კარგად გავერკვიეთ სიტუაციაში და დავრწმუნდით, რომ ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ ეს იყო შემთხვევითობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, რომ ვილოცოთ მისთვის, შეგვიძლია, რომ წესი ავუგოთ, გავაგრძელოთ ლოცვა. ამ განცხადების გაკეთება გახდა საჭირო იმიტომ, რომ ახლა განახლდა საუბარი და ამ განახლებულ საუბარში აბსოლუტურად დარწმუნებით არის საუბარი, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. თუ ამ 7 თვის განმავლობაში გამოჩნდა რაიმე ახალი გარემოებები, რაც ჩვენ არ ვიცით, თუ აღმოჩნდა, რომ ნამდვილად თვითმკვლელობაა, მაშინ თხოვნა მაქვს ყველასთვის, რომ გაგვაგებინეთ, ჩვენც უნდა ვიცოდეთ. პირველ რიგში, რაც მე მალაპარაკებს და მამოძრავებს ეს ლუკა სირაძის სულის ბედია, ასევე იმ ადამიანების, ვინც ამ საქმეში არიან ჩართულები. ჩვენ გარკვეული „ინსტრუქციების“ მიხედვით ვმოქმედებთ, გვაქვს გაწერილი ეს ყველაფერი და ვიცით, რა შემთხვევაში, როგორ უნდა მოვიქცეთ. ჩვენ მოვიქეცით ასე და წესი ავუგეთ, მაგრამ თუ დღეს ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ეს ნამდვილად იყო თვითმკვლელობა, მაშინ დღეიდან ჩვენ სხვანაირად უნდა მოვიქცეთ. ჩვენ არ გვაქვს მისთვის ლოცვის უფლება. თვითმკვლელისთვის არ შეიძლება არანაირი ლოცვა. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ასე არ არის“-, განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

    ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

  • გამოძიებას კითხვები არ ჰქონია – ანა გაბეჩავა

    გამოძიებას კითხვები არ ჰქონია – ანა გაბეჩავა

    გამოძიებას კითხვები არ ჰქონია, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ ანა გაბეჩავამ ჟურნალისტებს შსს-დან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, გამომძიებლებმა მხოლოდ მისი სოციალური ქსელები შეამოწმეს.

    „კითხვები არ დასმულა. უბრალოდ ჩემი სოციალური ქსელები შეამოწმეს…ინსტაგრამი”, – განაცხადა ანა გაბეჩავამ.

    ცნობისთვის, ანა გაბეჩავა შსს-ში დაახლოებით 6 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ასევე დღეს, შსს-ში იმყოფებოდა 18 ივნისის წვეულების მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვანი პირი ნ.ხ. ადვოკატის მტკიცებით, კითხვები არ დასმულა ნ.ხ-სთან მიმართებითაც და საგამოძიებო მოქმედებები არასრულწლოვნის კუთვნილ ტელეფონში არსებული მიმოწერის მიზნით ჩატარდა.

  • ელექტროსადგურზე თავდასხმის განხორციელება კაცობრიობის წინააღმდეგ ტერორიზმის ჩადენის საფრთხეა – ფაშინიანი

    ელექტროსადგურზე თავდასხმის განხორციელება კაცობრიობის წინააღმდეგ ტერორიზმის ჩადენის საფრთხეა – ფაშინიანი

    აზერბაიჯანის მხარემ აღნიშნა, რომ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის განხორციელება შეუძლია, რაც კაცობრიობის წინააღმდეგ ტერორიზმის ჩადენის საფრთხეა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

    „ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი საზღვრების, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოების დაცვა და ხელი შევუწყოთ გლობალურ უსაფრთხოებას. ბოლო დღეებში ცხადი გახდა, რომ აზერბაიჯანი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სომხეთს, არამედ გლობალურ უსაფრთხოებას. აზერბაიჯანელმა ოფიციალურმა პირმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ მათ ქვეყანას მეწამორის ატომური ელექტროსადგურზე სარაკეტო თავდასხმის განხორციელება შეუძლია. სომხეთს შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოების, მათ შორის, მეწამორის ატომური ელექტროსადგურის დაცვა, მაგრამ ეს არის განცხადება, რომელიც ცალსახად უნდა ჩაითვალოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, რადგან ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ ტერორიზმის ჩადენის საფრთხე, საჭიროა შესაბამისი საერთაშორისო რეაგირება და გამოძიების ჩატარება,“- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

    მისივე თქმით, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფორმატში გამართული მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და აზერბაიჯანმა კონსტრუქციული პოზიცია უნდა მიიღოს.

    შეგახსენებთ, ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს გამწვავდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

  • შაქარაშვილის საქმეზე ექსპერიმენტის ჩატარება იგეგმება, მონაწილეობას ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძეც მიიღებს

    შაქარაშვილის საქმეზე ექსპერიმენტის ჩატარება იგეგმება, მონაწილეობას ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძეც მიიღებს

    ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ექსპერიმენტის ჩატარება იგეგმება, რომელშიც მონაწილეობას მისი დაცვის ქვეშ მყოფიც მიიღებს. როგორც ირმა ჭკადუამ განაცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია, როდის ჩატარდება აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტი, თუმცა ამისთვის წვიმიანი ამინდია საჭირო.

    „ჩვენ საქმის კურსში არ ვართ ექსპერიმენტში მონაწილეობას ვინ მიიღებს. ალბათ, ყველა ფიგურანტს ცალ-ცალკე გაიყვანენ, კოლექტიურად ეგ არ ხდება. არ ვიცი, ზუსტად როდის ჩატარდება ექსპერიმენტი. ეს რომ ჩატარდეს უნდა წვიმდეს, რადგან მაშინ წვიმიანი ამინდი იყო“, – განაცხადა ჭკადუამ.

    ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ