Category: ახალი ამბები

  • ეკლესიის წინამძღოლობით გამოცდა ჩავაბარეთ, თორემ უფრო ძლიერი ექიმები არ ჰყავთ საზღვარგარეთ? – მეუფე იაკობი

    ეკლესიის წინამძღოლობით გამოცდა ჩავაბარეთ, თორემ უფრო ძლიერი ექიმები არ ჰყავთ საზღვარგარეთ? – მეუფე იაკობი

    ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, კორონავირუსის საქართველო ღვთის მადლით გადაურჩა, თუმცა კარგი იქნებოდა მსოფლიოც გადარჩენილიყო.

    “სავსე იყო ჩვენი ეკლესიები, ყველგან მოიმატა, ჰო? ჩემთან, დიდ ტაძარში ვწირავ ხოლმე, ათასზე მეტი ადამიანი ეზიარებით ყოველ წირვაზე, ხო? სად იყო ძველად ასე. იმდენი იძახეს კლესიაზე ძვირი მთელ მსოფლიოში, ხედავთ, რა მოხდა, ღვთის მადლით საქართველო გადარჩა, კარგი იქნებოდა, მსოფლიოც გადარჩენილიყო მაგ იმას, მაგრამ ვინც როგორ იქცევა, ისე იღებს”,– თქვა მეუფემ.

    მანვე აღნიშნა, რომ რომ არა ღმერთის მფარველობა, კორონავირუსს საქართველო ვერ გადაურჩებოდა, ჩვენს ექიმებზე ძლიერი ექიმები კი საზღვარგარეთ ჰყავთ.

    “ბედნიერი ერი ვართ, რომ მთლიანად სახელმწიფონ, ყველა ადამიანმა, რა თქმა უნდა, დედა ეკლესიის წინამძღოლობით ეს გამოცდა ღირსეულად ჩავაბარეთ და მსოფლიოში საჩვენებელი ადამიანები გავხდით, თორემ ჩვენს ექიმებზე ბევრად ძლიერი ექიმები არ არიან საზღვარგარეთ? რას აკეთებენ, ჰო? თუ არა ღმერთი, ვერავინ ვერ დაგიფარავს”,– თქვა მეუფე იაკობმა.

    მან პირბადეების სავალდებულო ტარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქალაქეები ამით თავს კორონავირუსისგან დაიცავენ, თუმცა მათ შესაძლოა, ჯანმრთელობის სხვა პრობლემები შეექმნათ, თანაც “სიკვდილს ადამიანი ვერსად გაექცევა”.

    “გახვალ გარეთ და ადამიანი ადამიანს აღარ ჰგავს. ამ სიცხეში, რომ პირბადეს გაიკეთებ, ვინ გაძლევს გარანტიას, რომ მომავალ წელს ვისაც სასუნთქი გზების პრობლემა ვისაც აქვს, ის კარგად გააგრძელებს ყველაფერს. მარტო ერთ დაავადებას გაექცე და სხვას არაფერს უყურო, სიკვდილს ადამიანი ვერსად გაექცევა, ვერც სახლში ჩაკეტვით”,– განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა ჯუგაანის ძელიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას.

     

  • როგორი იქნება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტაციის შემდეგ – ფოტო

    როგორი იქნება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტაციის შემდეგ – ფოტო

    თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მისი თქმით, განახლდა ქვის ფილები, შადრევნები და მიწისქვეშა კომუნიკაცია. მან ფეისბუქ ლაივში მაყურებელს მიმდებარე ტერიტორიის დარენდერებული ფოტოც აჩვენა, თუ როგორი იქნება პროექტი დასრულების შემდეგ.

    ადგილზე სამუშაოების დასათვალიერებლად კალაძესთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეც მივიდა. მან თქვა, რომ გარდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისა, განახლდა პარლამენტში მოქალაქეთა მისაღები სივრცეც.

    “მე–10 მოწვევის პარლამენტი მოქალაქეებისთვის იქნება უფრო მეტად მეგობრული, პოზიტიური. რასაკვირველია, მთავარი შემფასებელი მაინც საზოგადოება იქნება, როდესაც დასრულდება პროექტი, ყველა ერთად ვნახავთ ამას”,– თქვა თალაკვაძემ.

    https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/301760207611388/

    შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 2020 წლის იანვარში დაიწყო.

  • წმ. ბარბარეს ტაძარში ისტორიული საფლავები და წარწერები გაანადგურეს – ტიგინაშვილი

    წმ. ბარბარეს ტაძარში ისტორიული საფლავები და წარწერები გაანადგურეს – ტიგინაშვილი

    თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, რომელშიც ჩანს, რომ ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო ეკლესიაში ისტორიული საფლავები განადგურდა. ტიგინაშვილის ინფორმაციით, განადგურებულია თავად სუმბათაშვილების მე-19 საუკუნის საფლავები და მათზე აღბეჭდილი წარწერებიც.

    მისი თქმით, ეს ყველაფერი ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ ისე არხოზიშვილის ხელმძღვანელობით უკანასკნელ წლებში მოხდა.

    “1) აღნიშნული კადნიერებისა და მავნებლობის შედეგად განადგურდა თავადი სუმბათაშვილების მე-19 საუკუნის საფლავები და მათი წარწერები, რაც დიდი ისტორიული დანაკლისია, მით უფრო, რომ ეს ეპიგრაფიკული ძეგლები მეცნიერულად შესწავლილი და ფოტოფიქსირებული არ იყო;

    2) მე-18 საუკუნის ნატეხი და რიყის ქვით ნაშენი დარბაზული ეკლესიის ფასადების კედლები მთლიანად დაფარულ იქნა ახალი ქვის (ნიჩბისის ნატეხი ქვა) პერანგით, რითაც სრულად დაიფარა ტაძრის უნიკალური, ისტორიული იერსახე და არქიტექტურა, რაც ასევე უნდა შეფასდეს, როგორც ძეგლის განადგურება და უმძიმესი დაზიანება”,– წერს თეოლოგი.

    https://www.facebook.com/giorgi.tiginashvili.71/posts/3204454712926421

    ჯერჯერობით კომენტარი არ გაუვრცელებია არც საპატრიარქოს და არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს.

  • ქალი შველას ითხოვდა, მეზობლებმა 112–ში მისი გაჩუმების შემდეგ დარეკეს – ქუთაისში მომხდარი მკვლელობის დეტალები

    ქალი შველას ითხოვდა, მეზობლებმა 112–ში მისი გაჩუმების შემდეგ დარეკეს – ქუთაისში მომხდარი მკვლელობის დეტალები

    ქუთაისში გუშინ ღამით 30 წლამდე ქალი მეზობლებმა საკუთარ ბინაში მოკლული იპოვნეს. ადგილობრივები იხსენებენ, ქალი რამდენიმე წუთის განმავლობაში შველას ითხოვდა, თუმცა სამაშველო სამსახურში მას შემდეგ დარეკეს, რაც ხმაური შეწყდა.

    მათივე თქმით, მაშველებმა დაახლოებით ნახევარი საათით დააგვიანეს, თუმცა მისვლის შემდეგ კარგი არ ჩაამტვრიეს. მაშველებმა განაცხადეს, რომ პოლიციის მისვლამდე შემტვრების უფლება არ ჰქონდათ.

    სახლის კარი მხოლოდ სამართალდამცავების მოსვლის შემდეგ გააღეს. ახალგაზრდა ქალი ბინაში გარდაცვლილი დახვდათ. მოკლული, მცირეწლოვან შვილთან ერთად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავე ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

  • ისანში ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი სავარაუდოდ კახა კახიშვილი იქნება

    ისანში ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი სავარაუდოდ კახა კახიშვილი იქნება

    ისნის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად სავარაუდოდ ქართული ოცნება საჯელაღსრულების ყოფილი მინისტრს, კახა კახიშვილს დაასახელებს.  ამ ოლქში ქართული ოცნება ირაკლი აბუსერიძის კანდიდატურას განიხილავდა, თუმცა გადაწყვეტილება სავარაუდოდ შეიცვლება. ისანში ამ ეტაპზე ოპოზიციის ორი კანდიდატის ვინაობაა ცნობილი: ოპოზიციის საერთო კანდიდატი გიორგი ვაშაძეა. გარდა ამისა, ისანში კენჭს იყრის პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნას ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

    კახა კახიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი 2015 წლის 1 აგვისტოდან – 2018 წლის 15 ივლისამდე იყო. ამის შემდეგ ის ერთი წლის მანძილზე, მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა. 2019 წლის ოქტომბერში კი, მას შემდეგ რაც პრემიერ მინისტრად გიორგი გახარია დაინიშნა ადმინისტრაციის უფროსის პოსტი ნათია მეზვრიშვილმა დაიკავა. კახა კახიშვილი კი პრემიერ მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.

  • სეტყვა, ქარი, წვიმა – როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 ივლისამდე

    სეტყვა, ქარი, წვიმა – როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 ივლისამდე

    გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 21 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 35, 40, ქვეყნის მთიან რაიონებში კი 33, 38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

    “21-22 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება, დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

    მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”,– წერია სააგენტოს განცხადებაში.

  • არჩევნებში მონაწილეობაზე ცესკოს უარს “რესპუბლიკური პარტია” სასამართლოში ასაჩივრებს

    არჩევნებში მონაწილეობაზე ცესკოს უარს “რესპუბლიკური პარტია” სასამართლოში ასაჩივრებს

    რესპუბლიკური პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მათ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ, საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს.

    პარტიის ერთ–ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას თქმით, ცესკოში რეგისტრაციის ბოლო ვადა 15 ივლისია, თუმცა პარტიამ მიმართვა 14 ივლისს ფოსტით გაგზავნა.

    “საარჩევნო რეგისტრაციისთვის პატიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უნდა მიმართოს 15 ივლისამდე. შესაბამისად, მიმართვის ფორმა, არ წერია როგორ უნდა მივმარეთოთ, ჩვენ გავუგზავნეთ ფოსტით. 14-ში ჩაბარებული გვაქვს ფოსტა, ანუ 15 ივლისამდე ჩვენ შევასრულეთ საკუთარი ვადლებულება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ ფოსტაში ჩაბარების თარიღი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია მას როდის ჩაბარდა” – თქვა თამარ კორძაიამ.

    კორძაია აცხადებს, რომ სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართეს და შედეგი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განმარტავს სასამართლო კანონის ამ ნორმას.

    საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 17 ივლისის განკარგულებით რესპუბლიკურ პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

    ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 197-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე უნდა მიმართოს.

    რაც შეეხება „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“-ს მან საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მიზნით, განცხადებით  საქართველოს ცენტრალურ კომისიას ვადაგადაცილებით, 2020 წლის 15 ივლისს მიმართა.

    აქედან გამომდინარე, რესპუბლიკურ პარტიას  რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

  • შაქარაშვილის საქმის მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე საგამოძიებო ექსპერიმენტს ითხოვს

    შაქარაშვილის საქმის მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე საგამოძიებო ექსპერიმენტს ითხოვს

    გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მთავარი მოოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე საგამოძიებო ექსპერიმენტს ითხოვს. მისი ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, თავდაპირველად ჩატარებული ექსპერიმენტი რეალობას არ ასახავდა.

    ამ წუთებში იაკობ ბრეგვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფება. ჭკადუას გამოძიებისგან აინტერესებს, რატომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე წვდომა, იმის გათვალისწინებით, რომ ბრეგვაძე დაზარალებულია.

    „იაკობი ამ საქმეზე ცნობილია დაზარალებულად. ყველამ იცის საქმის მასალები, ჩვენ გარდა. გვაქვს კითხვები გამოძიებასთან. მოვედით, რომ ეს კითხვები გავიაროთ. კითხვები ეხება იაკობის მიერ მიღებულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას. გვაქვს კითხვები ექსპერიმენტთანაც. ესაა დროის შეთანხმების საკითხი – იგივე დროს მოხდეს აღნიშნული, რა დროსაც მოვლენები განვითარდა. გვინდა საზოგადოებამ ნახოს, შეძლო თუ არა გადამხტარიყო იაკობ ბრეგვაძე და რისი დანახვა შეეძლო იმ ადგილიდან”, – ამბობს ირმა ჭკადუა.

    იაკობ ბრეგვაძე შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ოქროს მოწმეა. ის იმ ექვსი ადამიანიდან ერთერთია, ვინც შაქარაშვილთან ბოლოს იმყოფებოდა.

    ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. გარდა ამისა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ შაქარაშვილს სიცოცხლის პერიოდში სხეულზე მკვრივი- ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

    დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე დარწმუნებულია, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები ერთი ადამიანის მიერ არ იქნება მიყენებული.

    ამ საქმეზე შსს–მ 17 პირი დააკვა, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება. პირველი სასამართლო პროცესი 30 ივლისს გაიმართება. მანამდე პროკურატურამ მტკიცებულები უნდა შეაგროვოს.

  • ქალი, რომელიც პიტბულმა დაგლიჯა, მართვით სუნთქვაზე რჩება – რატიანი

    ქალი, რომელიც პიტბულმა დაგლიჯა, მართვით სუნთქვაზე რჩება – რატიანი

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, 67 წლის ქალი, რომელსაც თბილისში პიტბულის ჯიშის ძაღლი დაესხა თავს, მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.

    “შემოყვანისას აღენიშნებოდა მრავლობითი ნაკბენ-ნაფლეთოვანი ჭრილობა, გადავიდა მართვით სუნთქვაზე. ჩატარდა რეკონსტრუქციული ოპერაციები. ამ ეტაპზე პაციენტი აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში, მდგომარეობა რჩება მძიმე”. – თქვა ლევან რატიანმა რუსთავი 2–თან საუბრისას.

    შემთხვევა 16 ივლისს, საღამოს 21:00 საათზე წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ შემთხვევისას ირგვლივ მყოფი ადამიანები რამდენიმე წუთი განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ, 67 წლის ქალის დახმარებას. ამის შემდეგ ერთ-ერთმა თვითმხილველმა პირმა, რომელიც შეიარაღებული იყო და ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა, თუმცა მას შემდეგ, რაც გასროლის ხმაზე ძაღლს რეაქცია არ მოჰყვა, მამაკაცმა ძაღლს ესროლა.

    ადგილობრივების ნაწილის განცხადებით, ძაღლი აგრესიით მხოლოდ ცხოველების მიმართ გამოირჩეოდა. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ქალი იხსენებს, თუ როგორ დაგლიჯა აღნიშნულმა ძაღლმა ერთ-ერთი მეზობლის ჰასკი.

    ძაღლის მეპატრონის ოჯახის მეგობარი კი აცხადებს, რომ 3 წლის პიტბულს არასდროს არავისთვის  უკბენია. მისივე თქმით, შემთხვევის შემდეგ ძაღლი დააძინეს.

    რატიანის განმარტებით, ყველაზე დიდი ჭრილობა 67 წლის ქალს თავისა და სახის მიდამოში აქვს, სადაც ყბა-სახის ქირურგებმა ოპერაცია ჩაუტარეს. ქალს აქვს ჭრილობა მუცელზეც, მაგრამ მუცლის ღრუ დაზიანების გარეშეა. ჭრილობები აქვს მიყენებული ორივე ქვემო კიდურზე და თავ-კისრის არეში.

    დაზარალებულის ოჯახი ძაღლის მეპარტრონისთვის ჩივილს აპირებს, რადგან მათ ძაღლი უყურადღებოდ დატოვეს.

  • მესტიაში 13 წლის მოზარდს ეძებენ

    მესტიაში 13 წლის მოზარდს ეძებენ

    მესტიაში 13 წლის მოზარდს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში  20 მეხანძრე-მაშველი და დრონებია ჩართული.

    ოჯახის ინფორმაციით, 13 წლის მოზარდი გუშინ 18 ივლისს, 11 საათზე სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. მათი თქმით, ბიჭი ველოსპედით იყო, ეხურა კეპი და ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი. ის ბოლოს სოფელ ლენჯერში ნახეს.

    https://www.facebook.com/photo.php?fbid=2447614125528566&set=a.1431161097173879&type=3&eid=ARALbwWW0693ntePFDzk1Qcu93GYituly0Qq1HhuHtTWG503hMYPLwwnnM2Fp2yWW_VMjijlcAwAPp1t

    შსს–ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.