Category: ახალი ამბები

  • მთავრობამ Air France-ს თბილისსა და პარიზს შორის კვირაში ორჯერ ავიამიმოსვლის უფლება მისცა

    მთავრობამ Air France-ს თბილისსა და პარიზს შორის კვირაში ორჯერ ავიამიმოსვლის უფლება მისცა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, Lufthansa-ს შემდეგ საქართველოს მთავრობამ Air France-ს აგვისტოდან თბილისსა და პარიზს შორის ავიამიმოსვლის უფლება მისცა.

    როგორც თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ავიაკომპანია რეისს კვირაში ორჯერ შეასრულებს.

    “იცით, რომ გერმანიასთან Lufthansa–ს მეშვეობით მოლაპარაკება შედგა და მან გამაოქვეყნა ფრენების განრიგი და გაყიდვა. დღეს ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება და დავუდასტურებთ Air France-ს, რომ აგვისტოს დასაწყისიდან, ზუსტ თარიღს თვითონ კომპანია განსაზღვრავს, მათ შეეძლებათ კვირაში ორი სიხშირით დაიწყონ შარლ დე გოლის პარიზის აეროპორტსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შორის პირდაპირი რეგულარული მიმოსვლა”, – განაცხადა თურნავამ.

    მანვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს Air Baltic-თანაც თბილისსა და რიგას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე.

  • შევიქმენით ილუზია, რომ კოვიდი დავამარცხეთ, არ დაგვიმარცხებია! – გამყრელიძე

    შევიქმენით ილუზია, რომ კოვიდი დავამარცხეთ, არ დაგვიმარცხებია! – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებამ შეიქმნა ილუზია, რომ კორონავირუსი დაამარცხა, თუმცა ეს ასე არ არის.

    “ქაღალდზე ბევრი რეგულაციაა. მთავარია, რომ ჩვენ მოვუწოდოთ მოსახლეობას, ნუ მოვეშვებით, ის რაც დადგენილია რეგულაცია, რომ ტაქსიში არ უნდა იჯდეს წინ ადამიანი, უნდა შეასრულოს ყველამ, რომ უნდა ჰქონდეთ ტაქსიში, მეტროში, ავტობუსში პირბადე. ჩვენ შევიქმენით ილუზია, რომ დავამარცხეთ უკვე კოვიდი, არ დაგვიმარცხებია და ხედავთ ახლა ტალღა ისევ ზემოთ იწევს, ამიტომ დროულად ეს ტალღა უნდა შევაჩეროთ, ისევ და ისევ იმ წესების დაცვით, რასაც სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო ეუბნება მოსახლეობას”,– განაცხადა გამყრელიძემ.

    მანვე აღნიშნა, რომ გლობალურად ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება.

    “კორონავირუსის დამარცხებამდე ჯერ კიდევ შორს არის. ერთი ქვეყანა ამას ვერ გააკეთებს. ეს უნდა მოხდეს გლობალურად. გლობალურად და ჩვენ ირგვლივ ვითარება უარესდება. საქართველოში ვართ შედარებით უკეთესად და ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ, რომ შედარებით უკეთესი ეპიდსიიტუაცია შევინარჩუნოთ”,– თქვა ამირან გამყრელიძემ.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1049 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 903 გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.

  • ქვეითს ქუჩაზე გადასვლისას წალენჯიხის პოლიციის უფროსი დაეჯახა

    ქვეითს ქუჩაზე გადასვლისას წალენჯიხის პოლიციის უფროსი დაეჯახა

    ჩხოროწუ-ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე ფეხით მოსიარულე სავარაუდოდ 85 წლის ქალს პოლიციის მანქანა გზაზე გადასვლისას დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანას  წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს უფროსი მართავდა.შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია მან გამოიძახა.

    დაშავებული ქალი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ქალა-ფუძის მოტეხილობა აღენიშნება. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

    პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისმობს.

  • კახა ოქრიაშვილი დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება – იონათამიშვილი

    კახა ოქრიაშვილი დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება – იონათამიშვილი

    “ქართული ოცნების” წევრის, რატი იონათამიშვილის ინფორმაციით, კახა ოქრიაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატად იმიტომ არ წარადგინეს, რომ მას დამოუკიდებელი დეპუტატობა სურს.

    “კახას თვითონ სურდა, ყოფილიყო დამოუკიდებელი კანდიდატი. ეს მისი სურვილი იყო. ეს ნორმალურია, ვფიქრობ. ეს ორმხრივი გადაწყვეტილება იყო და ამაში უცნაური და გასაკვირი არაფერია,”- თქვა იონათამიშვილმა.

    ცნობისთვის, ოქრიაშვილი ამჟამად “ქართული ოცნების” წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატია. ის პარტიიდან ერთადერთი დეპუტატი იყო, ვინც თითქმის პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირა. გუშინ მმართველმა პარტიამ ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარი-წალკის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად გოგი მეშველიანი დაასახელა.

     

  • შსს-მ დააკავა 4 პირი, რომლებმაც მოქალაქე გაიტაცეს და მარნეულში ცენტრალურ მოედანზე სცემეს

    შსს-მ დააკავა 4 პირი, რომლებმაც მოქალაქე გაიტაცეს და მარნეულში ცენტრალურ მოედანზე სცემეს

    შსს–მ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში მცხოვრები 4 პირი: 1991 წელს დაბადებული ნ.მ., 1997 წელს დაბადებული ი.გ., 1988 წელს დაბადებული ფ.ნ. და 1999 წელს დაბადებული ა.ხ. დააკავეს. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მცხოვრებ, 1996 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, შურისძიების მოტივით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. კერძოდ, იგი იძულებით ჩასვეს ავტომობილში, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა ი.მ. სოფლის ცენტრალურ მოედანზე გამოიყვანეს და იქაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”,- აცხადებს შსს.

    გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • არჩევნები მოდის და არავის სჭირდება ზედმეტი ხმაური, მოსალოდნელიც იყო – კალანდიას ძმა

    არჩევნები მოდის და არავის სჭირდება ზედმეტი ხმაური, მოსალოდნელიც იყო – კალანდიას ძმა

    დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის, მიხეილ კალანდიას ძმა ლუკა კალანდია აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ლევან კალანდიას პატიმრობაში დატოვება მოსალოდნელი იყო, რადგან წინასაარჩევნოდ ხმაური არავის სჭირდება.

    მისივე თქმით, ოჯახი ბრძოლას გააგრძელებს, რადგან, “უდანაშაულო ადამიანის ადგილი ციხეში არ არის”.

    „შემდგომი ინსტანცია გველოდება წინ. ველოდები განაჩენის გადმოცემის პროცესს. მაინტერესებს, რითი დაასაბუთებენ ეს მოსამართლეები, რომელთაც პრეტენზია აქვთ, რომ არ არიან მიკერძოებულები, როდესაც საქმეში არ დევს არაფერი მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ. როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებების შემდეგ მოსამართლე გამოდის და უტიფრად იძახის, რომ თურმე 20 წლის ბიჭი 11 წლითა და 3 თვით ციხეში უნდა გაუშვა, სარკაზმულია მათი მხრიდან. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, დანებებას არ ვაპირებთ. უდანაშაულო ადამიანების ადგილი ციხეში არ არის. არჩევნები მოდის და არავის სჭირდება ზედმეტი ხმაური. მოსალოდნელიც იყო“ – განაცხადა ლუკა კალანდიამ.

    11 წელი და 3 თვე – დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

    ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს სასტიკად დაჭრეს. მათგან ერთი,  ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, დაიღუპა.

  • 11 წელი და 3 თვე – სააპელაციო სასამართლომ მიხეილ კალანდიას განაჩენი ძალაში დატოვა

    11 წელი და 3 თვე – სააპელაციო სასამართლომ მიხეილ კალანდიას განაჩენი ძალაში დატოვა

    11 წელი და 3 თვე – დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

    შეგახსენებთ, რომ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას სასამართლომ 15 წელი მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

    ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს სასტიკად დაჭრეს. მათგან ერთი,  ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, დაიღუპა.
  • ჩემი კონკურენტი არის ეს სისტემა და არა ნოდარ ტურძელაძის “ვაკელობა” – ელენე ხოშტარია

    ჩემი კონკურენტი არის ეს სისტემა და არა ნოდარ ტურძელაძის “ვაკელობა” – ელენე ხოშტარია

    “ევროპული საქართველოს” ერთ–ერთი ლიდერი და ოპოზიციის ვაკის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მის კონკურენტთან “ქართული ოცნებიდან”, ნოდარ ტურძელაძესთან ღირსეული ურთიერთობა ჰქონდა.

    ხოშტარიას თქმით, ივანიშვილი  საკუთარი გუნდის წევრებს პატივს არ სცემს, ამიტომ დღეს ეს მთავრობა და ივანიშვილი უნდა შეიცვალოს.

    “ნოდარ ტურძელაძე წინა არჩევნების შემდეგ გავიცანი. გამგებელი იყო მაშინაც. დავურეკე, შეხვედრა ვთხოვე და ვუთხარი, რომ ბევრი პრობლემა და საკითხია ვაკეში, რაზეც თანამაშრომლობა მერჩივნა, ვიდრე უბრალოდ ყვირილი. ძალიან ღირსეული და კარგი ურთიერთობა გვქონდა. ვერაფერს ცუდს მასზე ადამიანურად ვერ ვიტყვი და არც მინდა.

    პრობლემა სულ სხვა რამეშია. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავის გუნდის წევრებსაც კი პატივს არ სცემს, თავის ინსტრუმენტებად აღიქვამს. და დღეს ეს მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი უნდა შევცვალოთ. ის უკვე იქცა ადამიანური ტრაგედიების წყაროდ, ტყუილად დაპატიმრებული ხალხი და მათი ოჯახები, თავგასული პოლიციის მსხვერპლები, კორუფციის მსხვერპლები, კრიმინალის მხვერპლები. საფრთხეშია ქვეყნის გეზი, წარმოუდგენელია, რომ ბევრი, ბევრი მსხვერპლის და წვალების შემდეგ რუსეთისკენ ტრიალდება ქვეყანა. ამ პირობებში, ამ მთავრობის მსახურება ძალიან დიდი შეცდომაა, რომელსაც არ ვიცი თავად ტურძელაძე იაზრებს თუ არა (როგორც ჩანს არა)”,– წერს ხოშტარია.

    მისივე თქმით, მისი კონკურენტი ეს სისტემაა და არა ტურძელაძის “ვაკელობა”.

    “ამიტომ ჩემი კონკურენტი არის ეს სისტემა და არა ნოდარ ტურძელაძის ‘ვაკელობა’, ცნობადობა ან ადამიანური თვისებები. უბრალოდ, სამწუხაროდ, დღეს მან ამ სისტემის მსახურება გადაწყვიტა.

    მიუხედავად ბევრი სიმწვავისა, მე და ქართული ოცნების მოწინააღმდეგეები, ჩემი აზრით, უნდა ვეცადოთ და ღირსეულად გავიაროთ ეს კამპანია. პოლიტიკურად დამარცხება ადამიანურ განადგურებას არ უნდა ნიშნავდეს. მათ შორის მაგიტომ მინდა მოგება, რომ ამის მაგალითები შევქმნათ”,– წერს ფეისბუქზე ხოშტარია.

    “ქართულმა ოცნებამ” 20 ივლისს მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. ვაკეში ელენე ხოშტარიას კონკურენტი ვაკის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძე იქნება.

  • ახალგაზრდა კაცი მარცხისთვის გაწირეს – მელია ლევან კობიაშვილზე

    ახალგაზრდა კაცი მარცხისთვის გაწირეს – მელია ლევან კობიაშვილზე

    ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ მისი კონკურენტი ქართული ოცნებიდან, ლევან კობიაშვილი პარტიამ მარცხისთვის გაწირა.

    მელია აღნიშნავს, რომ კობიაშვილს არც პოლიტიკა აინტერესებს და არც გლდანის მაჟორიტარობა.

    “პოლიტიკურ სასაკლაოზე გამოუშვეს და ამჯობინეს, რომ სპორტსმენს წაეგო. მას საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მაჟორიტარობა არ უნდოდა, ასეთი ადამიანი ჩემთვის უფრო მძიმე საყურებელია, ვიდრე პრინციპულად ისტორიის არასწორ მხარეს დგას. გამოუშვეს და ახალგაზრდა კაცი მარცხისთვის გაწირეს. ლევან კობიაშვილს ან სოციალური ან მუნიციპალური საკითხები შეიძლება, აწუხებდეს?” — განაცხადა მელიამ ფორმულას ეთერში.

    მისივე თქმით, კობიაშვილს ამ ოლქში გამარჯვების შანსი არ აქვს.

    “შანსი ვერ ექნება ბიძინა ივანიშვილის და კახა კალაძის მეგობარს [ლევან კობიაშვილი] ამ რაიონში. იმიტომ კი არა, რომ ძლიერი კონკურენტია აქ ნიკა მელიას სახით, იმიტომ, რომ მოსახლეობა არის გამოფხიზლებული, იმიტომ, რომ მოსახლეობამ უკანასკნელ წლებში უკუსვლა განიცადა გლდანის რაიონშიც”,– განაცხადა მელიამ.

    “ქართულმა ოცნებამ” 20 ივლისს მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. გლდანის რაიონში კენჭს ლევან კობიაშვილი იყრის.

  • თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

    თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

    დღეს, 21 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

    ჩუღურეთის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჩიტაიას, მარჯანიშვილის და ახალციხის ქუჩების მცხოვრებლებს.

    11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის VI კვარტლის და  დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნოდარ ბოხუას, ლუბლიანას და მიხეილ ჭიაურელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი

    10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თორნიკე ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებს.

    11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თორნიკე ერისთავის (ნაწილობრივ), რაფიელ ერისთავის და ჭყონდიდელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ასკანის, გომის, ბეთლემის და ჰოვანეს თუმანიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

    11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნადიკვარის, გრიგოლ ვოლსკის, ორთაჭალის, აკოფიანის, იეთიმ გურჯის და ვერცხლის ქუჩების მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი

    11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რჩეულიშვილის და ჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ოქროყანის დასახლების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლილოს დასახლების, სადგური ლილოს, ჭირნახულის, მეკოკიშვილის და იუმაშევის ქუჩების მცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”. – აცხადებს თელასი.