Category: ახალი ამბები

  • აწამეს და მოკლეს ბავშვი, ასპროცენტიანია! – თამარ ბაჩალიაშვილის მამა

    აწამეს და მოკლეს ბავშვი, ასპროცენტიანია! – თამარ ბაჩალიაშვილის მამა

    აწამეს და მოკლეს ბავშვი, ასპროცენტიანია, აქედან მოტყუებით გაიყვანეს, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

    ის შვილის გარდაცვალების საქმეს თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურსაც უკავშირებს.

    „ხუთი დღეა ვეხვეწები, ბავშვი დავკარგე ხალხო, ვითომ ეძებენ, გაძღებიან, სვამენ და ვიყავითო მეუბნებიან. ერთ ადგილას ვიყავითო გვითხრეს, მივედი იმ ადგილას, სოფელში და აქ პოლიცია არ ყოფილა დღესო. არ ვიცით, ბავშვს აქვს თუ არა დაზიანებები. აწამეს და მოკლეს ბავშვი, ასპროცენტიანია. აქედან მოტყუებით გაიყვანეს. სამსახურში ზეწოლის ქვეშ იყო. ან მეორე ვერსიაა, სხვა ვარიანტი, ვინმე ბიჭმა მოიტაცა. სამსახურზე ვფიქრობ უფრო, იქიდან რომ მოდიოდა სულ აგრესიული იყო, ორჯერ -სამჯერ ტიროდა კიდეც“ , – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ.

    ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

  • 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

    23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

    ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

    შსს-ში ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ, “მთავარი არხი” კი დეტალების გარკვევას ცდილობს.

    შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, 21 ივლისს, გოგოს ახლობლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბაჩალიაშვილის გაუჩინარებას მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირებდნენ.

     

     

  • განგაშისა და პანიკის საფუძველს არ იძლევა, მაგრამ საყურადღებოა – გამყრელიძე 24 ინფიცირებულზე

    განგაშისა და პანიკის საფუძველს არ იძლევა, მაგრამ საყურადღებოა – გამყრელიძე 24 ინფიცირებულზე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა 24 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობის წყარო ცნობილია. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ინფიცირებულთა ეს რაოდენობა განგაშისა და პანიკის საფუძველს არ იძლევა, რადგან ამ ეტაპზე სიტუაცია მართვადია.

    მან მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან და გაითვალისწინონ ის აუცილებელი რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები გასცემენ.

    “წყაროების უმრავლესობა ცნობილია – 10 შემთხვევა არის გარდაბნის მუნიციპალიტეტის „გაჩიანის კლასტერიდან“, ხუთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ასევე ცნობილია ყველას წყარო. 7 არის იმპორტირებული შემთხვევა, აქედან 5 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ორ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. შესაბამისად, 24 შემთხვევიდან 22-ის წყარო ცნობილია“,- აცხადებს გამყრელიძე.

    მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა განგაშისა და პანიკის საფუძველს არ იძლევა. როგორც გამყრელიძე განმარტავს, მთავარია, რომ ვირუსი ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს და სიტუაცია იმართებოდეს.

    „განგაშისა და პანიკის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა, რადგან 24 ახალი შემთხვევა არ არის იმდენი, რომ ვერ იმართებოდეს, მაგრამ საყურადღებოა. სამწუხაროდ, ქვეყანაში მოდუნდა მოსახლეობის ყურადღება და იმ რეკომენდაციების დაცვა, რომელსაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა. ამიტომ ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ინფექცია არ გამქრალა, ჩვენთან ერთად არის. ვირუსს ვმართვთ, მაგრამ ყველა წესის დაცვაა საჭირო: პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება, პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა. ეს ყველაფერი აუცილებელია და დიდხანს საჭირო იქნება. 15, 20, 30 შემთხვევა არ გახლავთ ის რაოდენობა, რომელიც არ იმართება. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან რეგულაციების შემსუბუქება როდესაც იწყება, ყველა ქვეყანაში იგივე მოხდა, გარკვეულწილად ახალ ინფიცირებულთა ზრდა შეინიშნება. მთავარია, ინფიცირებულთა ზრდა კონტროლს ემორჩილებოდეს. აუცილებელია, თითოეულ ადამიანს ადრეულ ეტაპზე ვავლენდეთ, ვუზრუნველყოფდეთ მათ მკურნალობას, რათა ინფექციის შემდგომი გავრცელება არ მოხდეს. მთავარია, სიტუაციას ვმართავდეთ. ეს რიცხვები საგანგაშო და სახიფათო არ არის, მაგრამ საყურადღებოა“,-აცხადებს გამყრელიძე.

    მისი განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გარდაბნის მუნიციპალიტეტში ზომები უკვე გამკაცრდა და გააქტიურდა მოსახლეობის თერმოსკრინინგი.

    „გარდაბნის მუნიციპალიტეტში ზომები გუშინ გამკარცდა. სამ სოფელში მიმდინარეობს ინტენსიური თერმოსკრინინგი. ასევე, გუშინ უკვე დაახლოებით 350-მდე მოსახლე გამოიკვლიეს დამატებით. დღეს, ხვალ და ზეგ გაფართოებული კვლევები მიმდინარეობს, რომ გაჩიანის დასახლების მცხოვრებნი გამოვიკვლიოთ. კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ მათ, რომ აუცილებელია გამოკლევა. კვლევებზე მათი დაყოლიება რთულია. აუცილებელია, ექიმების მოწოდებას დაემორჩილონ და გამოვიკვლიოთ. გამოკვლევის ეტაპზე 10 ინფიცირებული უკვე გამოვლინდა. სწრაფად მოხდა მათი იზოლირება და სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. რაც სწრაფად გამოვავლენთ, უფრო მალე ჩავახშობთ ამ ეპიდ აფეთქებას, რაც გაჩიანის დასახლებაში გვაქვს“,-აცხადებს გამყრელიძე.

  • თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

    თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

    ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაადგინა, რომ ბრალდებულმა სატყეო უბანში მიწის ნაყოფიერი ფენის მოპოვების სანაცვლოდ, ერთ-ერთ პირს ქრთამის სახით 750 ლარი მოსთხოვა.

    რეინჯერი თანხის აღების დროს დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

  • საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1073-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 907-ს შეადგენს.

    უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

    კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში 5692 მოქალაქე იმყოფება.

  • “მიუღებელია” ევროკავშირი ჰომოსექსუალთა ქორწინებას გვაძალებდეს – პოლონეთის იუსტიციის მინისტრი

    “მიუღებელია” ევროკავშირი ჰომოსექსუალთა ქორწინებას გვაძალებდეს – პოლონეთის იუსტიციის მინისტრი

    პოლონეთის იუსტიციის მინისტრი ზბიგნევ ზიობრო აცხადებს, რომ ის მიუღებლად თვლის კონსერვატიული ქვეყნისთვის ევროკავშირის მხრიდან ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინების დაშვების თავს მოხვევას. ზიობროს თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლონეთმა შეიძლება ბლოკისგან ფინანსური დახმარება ვეღარ მიიღოს. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

    “არსებობს რეალური რისკი, რომ აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, როცა ევროკავშირის კომისია ეფექტურად გვაიძულებს შემოვიღოთ ე.წ. ჰომოსექსუალთა ქორწინება, ბავშვების აყვანის უფლებით” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. ზიობრომ ასევე დასძინა: “ჩვენ ამას ვერცერთ შემთხვევაში ვერ დავთანხმდებით”.

    ბრიუსელში მიმდინარე მოლაპარაკებაზე ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი ითხოვდა, რომ წევრ ქვეყნებს გაეზიარებინათ საერთო დემოკრატიული ფასეულობები. წინააღმდეგ შემთხვევაში მასტიმულირებელი პაკეტით გათვალისწინებული დახმარება დაიბლოკებოდა.

    პოლონეთის მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის (კანონის და სამართლის პარტია) ლიდერი – ანჯეი დუდა – გასულ კვირაში ქვეყნის პრეზიდენტად ხელმეორედ აირჩიეს. ამომრჩევლებისთვის მიცემული მისი ერთ-ერთი პოლიტიკური დაპირება იყო, არ დაეშვა ჰომოსექსუალი წყვილებისთვის შვილის აყვანის უფლება და სკოლებში აეკრძალა ჰომოსექსუალთა სამოქალაქო უფლებების შესახებ გაკვეთილების ჩატარება. პოლონეთის პრეზიდენტი ჰომოსექსუალთა უფლებების კომუნიზმზე უარეს “იდეოლოგიად” თვლის.

    ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველი აქტივისტი ალისია სენკევიჩი ამბობს, რომ ანჯეი დუდა ლგბტ საზოგადოებას ისე ექცევა, როგორც სახელმწიფოს მტრებს. “ეს წარმოუდგენელია… კანონის უზენაესობის ერთგულება ნიშნავს ფუნდამენტური ადამიანის უფლებების ერთგულებას და მათ პატივისცემას” – აღნიშნავს სენკევიჩი.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • გამოძიება დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლს ვერ ადგენს

    გამოძიება დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლს ვერ ადგენს

    პოლიცია ფონიჭალაში დაკარგულ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლს ვერ ადგენს და დახმარებას ისევ ოჯახს სთხოვს.თამარ ბაჩალიაშვილის დედასთან, აქციის მიმდინარეობისას ცოტა ხნის წინ გამომძიებელი მივიდა და უთხრა, რომ  “ყველაფერს აკეთებენ,” თუმცა კონკრეტულად რა სახის სამუშოები მიმდინარეობს დაკარგული გოგონას მოსაძებნად, ამაზე გამომძიებელს აღარაფერი უთქვამს.

    მან არც მედიის კითხვებს უპასუხა, შესაბამისად უცნობი დარჩა რა ეტაპზეა სამძებრო სამუშაოები, რა მიმართულებით ეძებენ ახალგაზრდას და ვერსიებს ამუშავებენ სამართალდამცველები.

    რაც შეეხება აქციას. ფონიჭალაში ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა, მეზობლებმა და ახლობლებმა გზა გადაკეტეს. მოგვიანებით, გზის გახსნის მცდელობისას პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც არსებული ინფორმაციით, ერთი ახალგაზრდა დააკავეს.

    თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და საქმის მასალებზე წვდომას ითხოვს.

  • რეგულარული საერთაშორისო ავიარეისები 1 სექტემბრამდე არ აღდგება. ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალა

    რეგულარული საერთაშორისო ავიარეისები 1 სექტემბრამდე არ აღდგება. ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალა

    საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი ნოტამი უკვე გამოსცა. საქართველოში რეგულარული ფრენები პირველი ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით ფრენების აღდგენა პირველ აგვისტომდე გადაიდო. ახლა კი ირკვევა, რომ ფრენები 1 სექტემბრამდე არ აღდგება.

    “კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ნოტამით გათვალისწინებული შეზღუდვა გაგრძელდა 21.07.20-დან და მოქმედებს 31.08.20-ის ჩათვლით”. – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

    შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამ მიმართულებაზე, რომელიც აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზში, მიუნჰენსა  და რიგაში შესრულდება.

    საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა, საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს შემოუშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა, იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

    ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ დაბალბიუჯეტიანი კომპანიებისთვის, მათ შორის Ryanair-ისთვის რეგულარული ავიარეისების აღდგენის უფლება აგვისტოშიც არ მიეცა, ავიაკომპანიას გაყიდული ბილეთების გაუქმება აიძულა.

    ამასთან, Ryanair-ი მიუთითებს, რომ მათ ევროპაში რეისების უმეტესობა პირველი ივლისიდან გაანახლეს.პირველი ივლისიდან მოყოლებული ავიაკომპანია დღეში 1000 რეისს ახორციელებს.

    ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, აგვისტოში პარიზის, მიუნხენისა და რიგას გარდა, საქართველოდან რეგულარული ფრენები არ შესრულდება. შესაბამისად, აგვისტოში საქართველოში არ იფრენენ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები – Ryanair-ი და Wizz Air-ი. მინისტრი ადასტურებს, რომ ეს ავიაკომპანიები საქართველოში ფრენების მაღალ სიხშირეებს ითხოვდნენ, რაზეც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მთავრობიდან უარი მიიღეს.

    „რაინეართან“ და „ვიზეართან“ მოლაპარაკებები უფრო მეტ დროს საჭიროებს, ვიდრე, მაგალითად, “ლუფთჰანზასთან” ან თუნდაც „ეარფრანსთან“ დაგვჭირდა. “ვიზეარი” და “რაინეარი” ორივე არის ე.წ. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ რომ შეინარჩუნონ დაბალი ფასები, ფრენების გარკვეული რაოდენობა უნდა შეასრულონ. ისინი ვერ იფრენენ კვირაში 2-ჯერ, ვერ იფრენენ კვირაში ერთხელ, იმიტომ რომ ეს წამგებიანი ფრენა იქნება მათთვის, ამიტომ მათთან მოლაპარაკება მიმდინაროებს. ამ ეტაპზე, მათ ბოლოს ოფიციალურად შემოთავაზებული ჰქონდათ 10-ზე მეტი მიმართულება, ეს კი ნიშნავს კვირაში 20-ზე მეტ ფრენას და რასაკვირველია, ადამიანების ძალიან დიდ ნაკადს. ჩვენ როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები, როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც კომპანია ფრენებს განახორციელებს, დავუშვებთ ამ ფრენებს, რადგან „ვიზეარი“ საქართველოს ბაზარზე ჩვენი დიდი მხარდაჭერით არის შემოყვანილი. ყველაზე დიდი სურვილი გვაქვს, რომ კვლავ მასშტაბურად აღდგეს მათი ფრენები, მაგრამ მთავარია, ძირითადი მონაპოვარი – ჯანმრთელობა დავიცვათ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

    ამ დროისთვის უცნობია, თუ რა სახით მოიხსნება რეგულარულ საავიაციო სამგზავრო გადაყვანაზე დაწესებული შეზღუდვები სექტემბრიდან.

  • რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ პარლამენტის წინ გინდ აქცია ჩაატარონ, გინდ ცეკვა-თამაში – კახა კალაძე

    რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ პარლამენტის წინ გინდ აქცია ჩაატარონ, გინდ ცეკვა-თამაში – კახა კალაძე

    თბილისის მერმა კახა კალაძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის წინ 9 აპრილის მემორიალი უცვლელად შენარჩუნდება. კალაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ყველას შეუძლია იმ ტერიტორიაზე “გინდ აქცია ჩაატაროს, გინდ ცეკვა- თამაში.”

    “9 აპრილის მემორიალს არავინ არ შეხებია, თვითონ სიუჟეტი და ვიდეო ლაივი, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა გაკეთებული, იქაც ჩანს ძალიან კარგად, თუმცა რენდერები, რომელიც იქნა წარმოდგენილი ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ თარგები, ის გამწვანებული სივრცეები, რომელიც ახალი პროექტით დაემატა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას. რაც შეეხება სამუშაოებს, გახსოვთ, რამდენი არასწორი განცხადებები და სპეკულაციები მოყვა ამ თემას, თითქოს ჩვენ მიზანმიმართულად დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება, რომ ადამიანები არ შეიკრიბოს პარლამენტის წინ, თითქოს შეკრების ადგილები არ იყოს თბილისში და ადგილების ნაკლებობა გვქონდეს. ცდილობენ, რომ ყველაფერს გაედონ, გამოედონ და გამოიყენონ ეს ყველაფერი პოლიტიკისთვის. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, სადაც უნდათ იქ ჩაატარონ აქცია, როდის იყო, რომ პარტია “ქართულ ოცნებას,” რაც ჩვენ 2012 წლის შემდეგ ვართ ხელისუფლებაში, ვინმესთვის შეგვეზღუდოს სიტყვის და თავისუფლების გამოხატვა, არც ერთი ფაქტი არ არსებობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ვისაც სურვილი აქვს, გინდ აქცია ჩაატაროს, გინდ ცეკვა- თამაში,”-განაცხადა კახა კალაძემ.

    შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინა ტერიტორია იანვრის დასაწყისიდან შემოღობილია და იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

  • გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ფონიჭალაში გზა გადაკეტა.ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

    გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ფონიჭალაში გზა გადაკეტა.ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

    დაკარგული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ფონიჭალის დასახლებაში  გზა გადაკეტა. ისინი საგამოძიებო ორგანოებს არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებენ და  ახალგაზრდა ქალის სამძებრო სამუშაოებში ჯარის ჩართვას ითხოვენ.

    აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაცაა მისული, შეუძლოდ გახდა დაკარგული ახალგაზრდა ქალის დედა.

    აქციაზე დააკავეს ერთი პირიც, თუმცა მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

    შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ოჯახი უკვე მეოთხე დღეა ეძებს. მისი ტელეფონი გათიშულია. დაკარგულია ავტომობილიც.

    ბოლოს დედამ შვილი სახლში მძინარე – შაბათს დილის 8 საათზე ნახა, მოგვიანებით, სამსახურიდან დაუკავშირდა, თუმცა მას ტელეფონი უკვე გათიშული ჰქონდა. ოჯახი გამორიცხავს ფაქტს, რომ დაკარგულს ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა ან სახლიდან წასვლის რაიმე სხვა პირადი მიზეზი ყოფილიყო. ერთადერთი ვერსია, რაც ახლა ოჯახს აქვს, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაა.

    გაუჩინარების დღეს თამარ ბაჩალიაშვილი საცხოვრებელი კორპუსიდან შეუმჩნევლად არ გასულა, მეზობლებმა ის შაბათს დილით დაინახეს. ირკვევა რომ, გოგონამ კუთვნილი “ჰიუნდაის” ავტომობილით, სახლი დაახლოებით 9-დან 10-ის ნახევრამდე დატოვა.

    გოგონა საჭესთან მარტო იჯდა, ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ უცნაური არაფერი შეუნიშნავთ. ძებნაში სამართალდამცველები მას შემდეგ ჩაერთვნენ, როდესაც ბაჩალიაშვილის ტელეფონიც გაითიშა და ოჯახმა მალევე ძებნა დაუწყო.

    ბოლო ლოკაცია, სადაც ჰიუნდაის მარკის ავტომობილი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი ხაიშია. თვითმხილველების ინფორმაციით ირკვევა, რომ იქ თეონა ბაჩალიაშვილი დაახლოებით დილის 11-ის ნახევარზე მივიდა. რატომ მაინცდამაინც თეთრიწყარო – დედას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. ამბობს, რომ მის შვილს იქ, არც მეგობრები და არც ნათესავები არ ჰყავს.

    ასევე ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელი ხაიშიდან თეონა ბაჩალიაშვილმა გოლთეთში გადაუხვია. მას არც იქ ჩაუვლია შეუმჩნევლად. მოსახლეობაში ამბობენ, რომ დაახლოებით დილის 11 საათზე მათ ჰიუნდაის მარკის ავტომობილი სოფლის ცენტრში დააფიქსირეს, საჭეს გოგო მართავდა, რომელიც მათი თქმით, ჩიხისკენ მიდიოდა, მეზობლები ეცადნენ მისთვის აეხსნათ, რომ იქით გზა აღარ გრძელდებოდა, თუმცა ავტომობილის მძღოლს ადგილობრივებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ჩიხთან მისულმა კი მანქანა მოატრიალა და საპირისპირო მიმართულებით წამოვიდა. მას შემდეგ იქ ის აღარავის უნახავს. სწორედ აქ ქრება მისი კვალიც.

    ადგილობრივი პოლიცია დღეს მთელი დღის განმავლობაში სოფელ გოლთეთში მოსახლეობას კარდაკარ კითხავდა, თუმცა უშედეგოდ. ამ დრომდე, ვერც გოგოს და ვერც მანქანის პოვნა ვერ ხერხდება.

    გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.