Category: ახალი ამბები

  • იმედი მაქვს, რომ საქართველო არ დაუშვებს სერიოზული მეორე ტალღის გაჩენას – ცერცვაძე

    იმედი მაქვს, რომ საქართველო არ დაუშვებს სერიოზული მეორე ტალღის გაჩენას – ცერცვაძე

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო კორონავირუსით ინფიცირებულთა მატებებს დაძლევს და არ დაუშვებს სერიოზული მეორე ტალღის გაჩენას.

    მისივე განმარტებით, ინფიცირების შემთხვევათა მატება გარდაუვალი იყო.

    „ეს გარდაუვალი იყო. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ ისეთი ქვეყნების გარემოცვაში, სადაც ინფექციების პიკია და ყოველ დღე ფიქსირდება 500-600 შემთხვევა და საქართველომ, რაც არ უნდა ზომები მიიღოს, მთლიანად იზოლირებული ვერ არის. ძირითადად ტრაილერის მძღოლებს შემოაქვთ, რომლებიც არ შეიძლება, რომ არ შემოუშვა იმიტომ, რომ სატვირთო გადაზიდვები არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან, მაინც მათგან ვრცელდება.

    ახლა გარდაბანია ისეთი,საიდანაც დღეს 10 ავადმყოფი იყო. მთავრობამ, როგორც მას ჩვევია, მყისიერ ზომებს იღებს. დაიწყო გარდაბანში მასობრივი გამოკვლევა იმ სოფლების მთელი მოსახლეობის, სადაც ეს 10 შემთხვევა იყო და მე იმედი მაქვს, ასეთ პატარა მატებებს საქართველოდ დაძლევს ისე, რომ არ დაუშვებს სერიოზული მეორე ტალღის გაჩენას”,- აცხადებს ცერცვაძე.

    ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

  • ბევრი პატარა წერილია, არ არის ანდერძივით დატოვებული – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

    ბევრი პატარა წერილია, არ არის ანდერძივით დატოვებული – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

    თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩილაიშვილის მანქანაში ბევრი წერილი აღმოჩნდა, რომელიც პატარა ფურცლებზე იყო დაწერილი და ანდერძივით დატოვებულის შთაბეჭდილებას არ ტოვებს.

    “ძალიან ბევრი პატარა წერილია, პატარა ფურცლებია, არ არის დატოვებული ანდერძივით, თითქოს თავის მოკვლას აპირებდა. პატარა ფურცლებზეა ჩანიშნული, გამოიყენეთ ანაბარზე თანხა, ესეცაა დაწერილი. ვის მიმართაა დაწერილი, გასარკვევია. ყოველდღიურად რომ წერ, ეგეთი წერილებია. მაგის კალიგრაფიაც გასარკვევია“, – აცხადებს რამიშვილი ფორმულასთან ინტერვიუში.

    მისი თქმით, გარდაცვლილს ჩანთაში  წამლის ორი ცარიელი ფირფიტა ჰქონდა.

    „ორი ფირფიტა გახსნილია და ცარიელია და ჩანთაში დევს, სადაც რაღაცები იდება. პატარა ფირფიტებია. ზურგჩანთის მსგავსი იყო, შიგნით იყო კოსმეტიკური ჩანთა და იქ იდო ფირფიტები. როცა ადამიანი თვითმკვლელობას აპირებს, წამლის ფირფიტებს ყრის. რომელი წამლის ფირფიტები იყო, ვერ გეტყვით, ყველაფერი ილუქება ახლა და ექსპერტიზაზე იგზავნება“, – განაცხადა რამიშვილმა.

    მისივე ინფორმაციით, წამლები ფსიქოტროპული არ იყო.

    შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

  • ადიგენის საჯარო რეესტრის უფროსი სახლის ეზოში იარაღით დაჭრილი იპოვეს

    ადიგენის საჯარო რეესტრის უფროსი სახლის ეზოში იარაღით დაჭრილი იპოვეს

    ადიგენის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი, ბექა გოგრიჭიანი სოფელ მლაშეში, საკუთარი სახლის ეზოში თავის არეში იარაღით დაჭრილი იპოვეს. გონდაკარგული გოგრიჭიანი რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

    ჯერჯერობით უცნობია, ვინ და რა მოტივით მიაყენა ჭრილობა ბექა გოგრიჭიანს.

    საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი მუხლით დაიწყო. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 236-ე მუხლებით (იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა).

  • მანქანაში ნაპოვნი მედიკამენტები ფსიქოტროპული არ არის! – ოჯახის ადვოკატი

    მანქანაში ნაპოვნი მედიკამენტები ფსიქოტროპული არ არის! – ოჯახის ადვოკატი

    23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მედიკამენტები, რომელიც გარდაცვლილის ავტომანქანიდან ამოიღეს, ფსიქოტროპული პრეპარატი არ არის.

    როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით ბევრი ვერსია და კითხვის ნიშანი აქვს.

    „ძნელია იმის აღწერა, რაც მე ვნახე. დეტალურად ჩემი თანდასწრებით ხდება ყველა ნივთის ადგილმდებარეობის, ყველა იმ კვალის ამოღება და დალუქვა, წამლების, რაც იქნა ამოღებული, რაც მის ჩანთაში იქნა ნაპოვნი. ვერსიები მეც გამაჩნია, ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს. არანაირი ფსიქოტროპული პრეპარატი არ არის. თვითონ ცხედრის მდგომარეობა და ადგილმდებარეობა, სახლიდან მოშორებით ყოფნა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. დაზიანებებს ასე ვერ დავინახავ, დროს აქვს მნიშვნელობა, როდის არის ადამიანი გარდაცვლილი, ვადების შემდეგ იცვლება ფერი. ჩემი თხოვნით მანქანის გადაადგილების კვალიც აიღეს. მტკიცებულებების განადგურება მერე რომ არ მომხდარიყო“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

    ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

  • “სად დატოვეთ, ნორმალურები ხართ?” – რას წერდა ანა გაბეჩავა 19 ივნისის დილით ორ ბრალდებულს

    “სად დატოვეთ, ნორმალურები ხართ?” – რას წერდა ანა გაბეჩავა 19 ივნისის დილით ორ ბრალდებულს

    გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ახალი ტომიდან ირკვევა, რომ იუბილარი ანა გაბეჩავა, 19 ივნისის დილით ორ ბრალდებულს წერდა– თენგო ბარბაქაძესა და არასრულწლოვან ლ.შ.-ს.

    ორივე მათგანი არაგვის ხიდთან პირველ დაპირისპირებაში ფიგურირებს  „მერსედესის“ ეპიზოდში. არასრულწლოვანი ლ.შ. წვეულებიდან ფეხით წამოვიდა, ხოლო თენგო ბარბაქაძე ავტომობილით.

    ანა გაბეჩავა ბარბაქაძისგან მოითხოვს, უთხრას ის ადგილი, სადაც ნაცემი შაქარაშვილი დატოვეს. გაბეჩავა წერს, რომ ფეხბურთელს მშობლები ეძებენ.

    ანი გაბეჩავა: მომწერე რა უქენით ბავშვებს, ბიჭო, ნუ გამაგიჟეთ, ყველა ეძებს ბავშვს, სად დატოვეთ, თქვენ ნორმალურები ხართ? ეგ ბავშვი ცოცხალი იპოვონ და თქვენ თუ რომელიმეს ხმა გაგცეთ ცხოვრებაში, ნახავთ. დაურეკე სასწრაფოდ ბიჭებს და მითხრან სად სცემეთ, სად დატოვეთ?

    თენგო ბარბაქაძე: არ ვიცი, აზრზე არ ვარ.

    ანი გაბეჩავა: გაიგე, თენგო.

    თენგო ბარბაქაძე: ჩვენ თბილისსში წავედით.

    ანი გაბეჩავა: ნერვებს ნუ მიშლი, ვიცი, რომ გიგას მანქანით იყავით და ცემეთ ის ბავშვები, იმ სახლიდან თავი რომ არ გამოუყვიათ”

    ანა გაბეჩავა არასრულწლოვან ლ.შ.-საც იგივე მოთხოვნით უკავშირდება:

    ანა გაბეჩავა: ბავშვი არის დაკარგული

    ლ.შ. : ოთხ კაცს თავი გვაქვს გატეხილი.

    ანა გაბეჩავა: ვერ პოულობენ. მისმინე, თუ ვერ იპოვიან, მშობლები პოლიციაში აპირებენ მისვლას. მითხარი, სად დატოვეთ, რომ მოვძებნოთ. გიგას მანქანით შენც იყავი?

    ლ.შ. : ჩვენ რა ვიცით?

    ანა გაბეჩავა: ბავშვები რომ სცემეთ რკინის ჯოხებით, იმ მანქანაში იყავი?

    ლ.შ. : მანდ რა მინდოდა, გოგო. თბილისამდე 15 კაცი მომსდევდა

    ​ანა გაბეჩავა: მისმინე. არ მომატყუო, შენც იჯექი მანქანაში? ხუთი ბავშვი დაიჭირეს, ორი გამოიქცა, ერთი საავადმყოფოში წევს, ძაან უცემიათ. გიგას მანქანით იყვნენ და ერთი ვაბშე უდანაშაულო, გარეთაც არ გამოსულა, ეგ დაიკარგა. ვერ ვპოულობთ. მშობლებმაც გაიგეს და თუ ვერ იპოვიან, ახლა საგურამოში მიდიან. პოლიცია ჩაერევა, არ გეცოდებით საერთოდ?

    ლ.შ. : აზრზე არ ვარ საერთოდ ვინაა დაკარგული, ვინაა, რატომ დაიკარგა

    ანა გაბეჩავა: ის ბიჭები ვინ მოიყვანა? ჩქარეული და ეგენი?

    ლ.შ. : რეებს მეკითხები, აზრზე არ ვარ

    ანა გაბეჩავა: გზა ვინ უთხრა, ვინ მოათრია იქ. ეგენი მოვიდნენ და მერე დაიწყეს ჩხუბი”.

    შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილთან და მის თანმხლებ პირებთან „მერსედესის“ შემდეგ „ტოიოტა ქემრი“ მივიდა – სწორედ ამ ავტომობილის მგზავრებს გაურბოდნენ გიორგი შაქარაშვილი, გური ამირხანაშვილი, გიორგი ქათამაძე და ვახო ახვლედიანი.

    გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა – მის ცხედარს 22 ივნისს მიაკვლიეს მდინარე არაგვში.

    ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. არცერთ მათგანს განზრახ მკვლელობის მუხლს გამოძიება არ ედავება. გამოძიება საქმის განხილვის 1 თვით გადადებას ითხოვს.

  • ავტომანქანაში ნაპოვნია თამარ ბაჩალიაშვილის წერილი

    ავტომანქანაში ნაპოვნია თამარ ბაჩალიაშვილის წერილი

    პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ ავტომანქანაში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, სამართალდამცველებმა ამოიღეს მის მიერ ოჯახისთვის დატოვებული წერილი.

    „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, – წერია ოჯახის მიმართ დატოვებულ წერილში.

    შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა დღეს თეთრიწყაროში მწყემსმა იპოვა.

  • “ზეგ”-ის დირექტორი აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება მის სამსახურს არ უკავშირდება

    “ზეგ”-ის დირექტორი აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება მის სამსახურს არ უკავშირდება

    “არანაირად არ შეიძლება უკავშირდებოდეს, იმიტომ რომ არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, ძალიან მორიდებული, ძალიან კარგი გოგო იყო, რომელიც არანაირ პრობლემაში და კონფლიქტში არავისთან არ იყო”,– ასე პასუხობს კომპანია “ზეგ” ის დირექტორი, თამარ კობერიძე კითხვას, შეიძლება თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდებოდეს.

    მისი თქმით, სიურპირზი არ ყოფილა, რომ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წავიდა.

    “ვიცოდი, რომ შეიძლება წასულიყო, რადგან ბევრჯერ გაჟღერებულა, რომ ბევრ სამსახურში ვმუშაობ, თან ვსწვალობ და თან ბევრი დრო აღარ მაქვს. ვიცი, რომ ეს ლაპარაკი ჰქონია. ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა, როცა გავიგე, სამსახურიდან მიდიოდა”.

    მისი თქმით, ბოლო პერიოდში თამარ ბაჩალიაშვილი კომპანიაში ონლაინ რეჟიმში მუშაობდა.

    “პროგრამისტი იყო. მაგალითად, ბოლოს ონლაინ რეჟიმში მუშაობდა. ჩვენი განცხადება, რეესტრი ყველაფერი გასაჯაროებულია, რატომ ვერ გვპოულობს ვიღაც, ვერ გავიგეთ. დასამალი არაფერი გვაქვს. პირადად ოჯახს ვუთხარი, რომ ახალ ამბებში დაერეკა, რათა იქნებ პროცესი დაჩქარებულიყო. მე მივწერე ნომერი, სად უნდა დაერეკათ. პანდემიის მერე ოფისში არ დავდივართ. მე მოვდივარ ხოლმე, რომ შევამოწმო და ერთ-ორი ადამიანი შემოდის“, – აცხადებს თამარ კობერიძე.

    ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

  • ქვეყანაში კრიმინალის გაცოცხლებას ხელი ხელისუფლებამ შეუწყო – რომან გოცირიძე

    დღე არ გავა, რომ რაღაც საშინელება არ გავიგოთ. ყოველდღე ხდება მკვლელობები, ძალადობა. ეს არის იმ ატმოსფეროს შედეგი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს გამოეხმურა.

    “როცა ჯინს გამოუშვებ იმ იმედით, რომ რაღაცაში დაგეხმარება და ეს რაღაცა არის საკუთარი პოლიტიკური მიზნები და მთელი ამ 8 წლის განმავლობაში კრიმინალი გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ” საარჩევნოდ და სხვა პოლიტიკური მიზნებისთვის, მაშინ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი იქმნება. თავს გამოყოფს დამნაშავეთა სამყარო, როლმის მოთოკვა უკვე შეუძლებელია მსგავსი ხელისუფლების მიერ. დამნაშავე არის ხელისუფლება. სტატისტიკა ვნახოთ, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ყველაფერი გაუარესებულია. მძიმე დანაშაული, მსუბუქი დანაშაულიც, სხეულის დაზიანება, მკვლელობა, ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ძარცვა – შევარდნაძის დრო დაგვიბრუნდა. ერთადერთი გამოსავალია ხელისუფლების შეცვლა, კრიმინალის მოთოკვა და საკუთარი ადგილის მიჩენა. საკუთარი ადგილი არის ციხე ან, როგორც მაშინ ქურდები გარბოდნენ საქართველოდან, ან აქ ციხეში ან წავიდეს და რუსეთს შეაფაროს თავი. ნდობა ნულია. როცა უკვე ხელისუფლება არავინ ენდობა და ნებისმიერი გახმაურებული საკითხი რჩება გამოუძიებელი, კითხვის ნიშნების ქვეშ ექცევა ეს საკითხები, ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, რაღაც ფორმით არის თანამონაწილე ამ პროცესში. ის ზომავს არა სამართლიანობისა და კანონიერების კუთხით ამა თუ იმ დანაშაულს, არამედ იმით, თუ რამდენად წაადგება მას პოლიტიკურად, ან რამდენად შეეხება მისი პოლიტიკური გუნდის ამა თუ იმ ნაწილს. მთავარია პოლიტიკა და ინტერესები და არა სამართლიანი გამოძიება და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. არავინ ენდობა. ახლა რომ აგური ჩამოვარდეს და მიკროფონს დაეცეს, ამაზეც ვიტყვით, რომ ზემოთ პარლამენტის წევრი იჯდა და ქვებს ის აგდებდა, იმდენად ურევია ყველაფერში ხელისუფლების ხელი. კრიმინალი გააღვიძეს, ამას გაცოცხლებას ხელი ხელისუფლებამ შეუწყო”, – განაცხადა გოცირიძემ.

  • მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

    მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

    ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბიკე კასიმოვას ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

    მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით. დაკავებულმა ბიკე კასიმოვამ სასამართლოს წინაშე არ ისაუბრა.

    ადვოკატის თქმით, დაკავებული არ აღიარებს წარდგენილ ბრალს, თუმცა ამ ეტაპზე პატიმრობას ეთანხმებიან.

    რა შუამდგომლობას დააყენებენ მომდევნო პროცესზე, ეს ჯერჯერობით უცნობია. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა მძიმეა, არაა გამორიცხული ფსიქიატრიული ექსპერტიის ჩატარება მოითხოვონ.

  • გაუპატიურების ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

    გაუპატიურების ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ფაქტს  შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

    როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

    „სხვა დეტალებს ვერ გეტყვით, ფაქტს ვადასტურებთ,“ – განაცხადეს უწყებაში.