Category: ახალი ამბები

  • ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

    ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

    გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს, ზაზა ალავერდაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას გამოძიება 35 წლის ქალის გაუპატიურებას ედავება

    სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. დაცვის მხარემ ალავერდაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 5 000 ლარის ოდენობის გირაო შესთავაზა. სასამართლომ ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

    საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პირს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

  • პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვს

    პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვს

    დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ შექმნილი პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვს.

    დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ შს მინისტრი ნაცვლად საქმეების სწრაფი გამოძიებისა, საარჩევნო პროცესშია ჩართული.

    “ნაცვლიშვილი პოლიტიკური გაკოტრების წინაშე მდგარი „ქართული ოცნება“ აგრძელებს „ნაცმოძრაობის“ მავნე პრაქტიკას, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს იყენებს ვიწრო პარტიული საარჩევნო ინტერესებისთვის. იმის ნაცვლად, რომ შსს და მინისტრი დაკავებული იყოს სწრაფი გამოძიებით, დაკავებულია საარჩევნო პროცესში შსს- ის ჩართვით. ამას მოწმობს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად კონცელიძის დასახელება. აჭარაში უკვე იწყება შსს- ს თანამშრომლების კონცენტრაცია არჩევნებისთვის. ამიტომ მოვითხოვთ შს მინისტრი ვახტანგ გომალაურის გადადგომას, რადგან ვერ ართმევს თავს დანაშაულის პრევეცენციას და სწრაფ გახსნას და ახდენს პოლიციის პოლიტიზირებას, რაც დამანგრეველია სახელმწიფოსთვის და დემოკრატიული პროცესისთვის,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

    ლევან  გოგიჩაიშვილის განმარტებით, შსს-მ შეიძინა ფუნქცია, რომელიც ქვეყანას ანგრევს და სამართალდამცავების მიმართ საზოგადოებას ნდობას აკარგვინებს. მისივე თქმით, ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ ისინი დაცულები არ არიან.

    “იმ დროს, როცა შსს უნდა ცდილობდეს საზოგადოების ნდობა დაიბრუნოს, ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს, დაქირავებულ ტროლებს სოციალურ ქსელში, კონტროლირებად სახელისუფლებო მედიებს, უფრო მეტიც, შსს-ის ხელმძღვანელობის მთელი გონება მოქცეულია იქითკენ, როგორ გაიყვანონ “ქართული ოცნების” მაჟორიტარები და როგორ გახდნენ ისინი პარლამენტის წევრები. თუ შსს არ შეწყვეტს ღიად, არჩევნებში ჩარევას, დავდგებით ძალიან მძიმე შედეგების წინაშე, ამის გატარებას არავინ აპირებს,”- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

  • პრეზიდენტის მიერ იუსტიციის საბჭოს წევრად თამარ ღვამიჩავას დანიშვნას დასაბუთება სჭირდება – ნაზი ჯანეზაშვილი

    პრეზიდენტის მიერ იუსტიციის საბჭოს წევრად თამარ ღვამიჩავას დანიშვნას დასაბუთება სჭირდება – ნაზი ჯანეზაშვილი

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრის პოზიციაზე თამარ ღვამიჩავას დანიშვნის შესახებ მეტი დასაბუთება სჭირდება.

    როგორც  ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, საერთოდ უცნობია იმ კანდიდატების ვინაობა, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე დანიშვნის სურვილი გამოთქვეს. აქედან გამომდინარე, როგორც ჯანეზაშვილმა აღნიშნა, გაუგებარია, თუ რა პრინციპით გააკეთა ზურაბიშვილმა არჩევანი ღვამიჩავაზე.

    „პრეზიდენტის ვებ-გვერდიდან ირკვევა, რომ 22 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის დანიშვნის შესახებ, კერძოდ მან ამ თანამდებობაზე თამარ ღვამიჩავაზე გააკეთა არჩევანი. ამ ადამიანის შესახებ პირადად მე ინფორმაციას არ ვფლობ. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ის სამოქალაქო საზოგადოებაში აქტიური პირი არ ყოფილა. ასევე ვწუხვარ, რომ პრეზიდენტის მიერ ჩატარებული კონკურსი ვერ აკმაყოფილებდა გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი. დღემდე არ ვიცით, ვინ იყვნენ კანდიდატები და რატომ გააკეთა არჩევანი კონკრეტულად ღვამიჩავაზე საქართველოს პრეზიდენტმა, თუნდაც რა დამსახურებისა, თუ გამოცდილების გამო ამჯობინა ის სხვებს – ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნებოდა. ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას სჭირდება მეტი დასაბუთება“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

    იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა დაინიშნა. მისი დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება უკვე გამოსცა. კანონმდებლობის თანახმად, თამარ ღვამიჩავა არამოსამართლე წევრის პოზიციაზე 4 წლის ვადით იმუშავებს.

  • თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი სახლში გადაასვენეს

    თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი სახლში გადაასვენეს

    თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი  ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. დაღუპულის ოჯახის წევრებს ცხედრის ნახვის უფლებას ექსპერტიზა არ აძლევს. სამხარაულის ბიუროში მათ უთხრეს, რომ ცხედარი სასწრაფოდ უნდა დაიკრძალოს.

    23 წლის პროგრამისტის ახლობლებს კონკრეტულ დეტალებზე საუბარი უჭირთ და გამოძიების შედეგებს ელოდებიან, თუმცა თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.

    მეზობლების თქმით, ცხედრის პოვნის შემდეგ, დაღუპულის დედა ცოტა ხნის წინ პირველად მოვიდა გონს. იგი კატეგორიულად მოითხოვს საკუთარი შვილის ცხედრის ნახვას, რათა დარწმუნდეს, რომ მას არ აქვს გარეგანი დაზიანებები.

    თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სახლიდან შაბათს გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

  • ყველა ვინც “ქართული ოცნების” სიაში აღმოჩნდება, აბაზოვია – ნაცვლიშვილი

    ყველა ვინც “ქართული ოცნების” სიაში აღმოჩნდება, აბაზოვია – ნაცვლიშვილი

    ლელოს ერთერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს რესურსი საზოგადოებას სიახლე შესთავაზოს, ამიტომ მმართველი გუნდი ყველაზე ოდიოზურ ფიგურებზე დებს ფსონს.

    ის თემურ აბაზოვის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც მან თქვა, რომ “ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში იქნება. ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ აბაზოვმა მოსახლეობას თავი გააცნო, როგორც უღირსი საქციელის მკადრებელმა ადამიანმა.

    “მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა რომ აბაზოვს “ქართული ოცნება” სიაში იწვევს, ეს აღარ არის აბაზოვის საკითხი. ეს ნიშნავს, რომ ყველა ვინც “ქართული ოცნების” სიაში აღმოჩნდება, აბაზოვია. როდესაც არ გაწუხებს რომ შენი თანაპარტიელი ასეთი ქმედების ჩამდენია და მზად ხარ მასთან ერთად იყო გუნდში, ნიშნავს, რომ შენც იმავე ღირებულებების გამზიარებელი ხარ. ეს სერიოზული განაცხადია “ქართული ოცნების” მხრიდან. მმართველობის 8 წლის შემდეგ, “ქართულ ოცნებას” სხვა რესურსი არ აქვს, დგას აბაზოვებზე და ადამიანების დამცირებაზე. გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ მიიღო, არის სამარცხვინო. აბაზოვს კანონის წინაშე პასუხი უნდა ეგო”,– ამბობს ლელოს ლიდერი.

    ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ თემურ აბაზოვი თავის თავში აერთიანებს ყველა იმ სისტემურ პრობლემას, რომელიც “ქართული ოცნების” პრობლემაა. “ეს არის დაუსჯელობა და უტიფრობა”.

    ცნობისთვის, მმართველი პარტია უარყოფს მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის განცხადებას, რომ ის ქართული ოცნების პროპორციულ სიაში იქნება.

    “არ განიხილებოდა და არც განიხილება”,- აცხადებენ “ოცნებაში” აბაზოვზე.

    იყო შემოთავაზება ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან და მიღებულია. დავთანხმდი, საინტერესო სამუშაო იქნება, უარი არ მითქვამს“, – უთხრა თემურ აბაზოვმა ინტერპრესნიუსს .

    მანვე აღნიშნა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რომელ ნომრად იქნება მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში.

    შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მარნეულის იმჟამინდელმა მერმა, თემურ აბაზოვმა მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს, ელჩინ ალახვერდიევს ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულა. ის შემდგომ რუსთავის სასამართლომ გაამართლა.

  • პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძეს თამარ ღვამიჩავა შეცვლის

    პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძეს თამარ ღვამიჩავა შეცვლის

    საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ანა დოლიძის ნაცვლად თამარ ღვამიჩავა წარადგინა. პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება გამოსცა.

    ღვამიჩავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე 2020 წლის 22 ივლისიდან, 4 წლის ვადით იქნება.

    ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვადის გასვლამდე, 22 ივნისს დატოვა.

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკვე ყოფილმა წევრმა, ანა დოლიძემ პოლიტიკური პლატფორმა პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძესთან, ალეკო ელისაშვილთან და მის თანაგუნდელ ლევან იოსელიანთან ერთად შექმნა.

  • აბაზოვის კანდიდატურა არ განიხილებულა და არც განიხილება – “ქართული ოცნება”

    აბაზოვის კანდიდატურა არ განიხილებულა და არც განიხილება – “ქართული ოცნება”

    მმართველი პარტია უარყოფს მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის განცხადებას, რომ ის ქართული ოცნების პროპორციულ სიაში იქნება.

    “არ განიხილებოდა და არც განიხილება”,- აცხადებენ “ოცნებაში” აბაზოვზე.

    “იყო შემოთავაზება ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან და მიღებულია. დავთანხმდი, საინტერესო სამუშაო იქნება, უარი არ მითქვამს“, – უთხრა თემურ აბაზოვმა ინტერპრესნიუსს .

    მანვე აღნიშნა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რომელ ნომრად იქნება მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში.

    შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მარნეულის იმჟამინდელმა მერმა, თემურ აბაზოვმა მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს, ელჩინ ალახვერდიევს ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულა.

    აბაზოვი ჯგუფურად დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით დააკავეს. რამდენიმე თვის შემდეგ, 2018 წლის 13 დეკემბერს მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ის შემდგომ რუსთავის სასამართლომ გაამართლა.

    ის სასამართლო პროცესების პარალელურად “ათლეტიზმის” ფედერაციის პრეზიდენტად დანიშნეს.

     

  • შეიძლება, შაქარაშვილი თავისივე მეგობრებმა სცემეს – ბრალდებული ზ.ხ-ს მამა

    შეიძლება, შაქარაშვილი თავისივე მეგობრებმა სცემეს – ბრალდებული ზ.ხ-ს მამა

    გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ზ.ხ-ის მამა ამბობს, რომ შესაძლოა გიორგი შაქარაშვილი თავისმა მეგობრებმა სცემეს, რადგან მათ ჩხუბში არ დაეხმარა.

    “შეიძლება თავისივე მეგობრებმა სცემეს, იმიტომ, რომ მათ ჩხუბში არ მიეხმარა, აშველებდა და შემდეგ გაიქცა. ამირხანაშვილი ჩემი შვილის მანქანაში იყო, როდესაც ჩამოიყვანეს, გური ამოიცნობს, რა თქმა უნდა.

    შეიძლება თავისივე მეგობრებმა სცემეს, იმიტომ, რომ მათ ჩხუბში არ მიეხმარა, აშველებდა და შემდეგ გაიქცა. ჩემი შვილი ყვება, რომ აგარაკზე მისვლის შემდეგ მანქანიდან გადავიდა, სხვა ბიჭები გაიქცნენ და სად გაიქცნენ, ვერ დაინახა. გური ამირხანაშვილი უკანა გზაზე ნახეს. უყვებოდა, ის ბიჭი საერთოდ არაფერ შუაში არ იყოო და ნერვიულობდა. თუ ოჯახს აწყობს, რომ უდანაშაულო ხალხი დაისაჯოს, კი ბატონო, მაგრამ ოჯახმა უნდა იპოვოს ის, ვინც მართლა დააშავა”. – განაცხადა არასრულწლოვნის მამამ.

    დღეს დაზარალებულმა გური ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს “ტოიოტას” მარკის ავტომობილში მყოფი არასრულოწვანი ზ.ხ. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საგამოძიებო უწყებაში უკვე გადაიყვანეს და ამ ეტაპზე ამოცნობის პროცედურა მიმდინარეობს.

    გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა – მის ცხედარს 22 ივნისს მიაკვლიეს მდინარე არაგვში.

    ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. არცერთ მათგანს განზრახ მკვლელობის მუხლს გამოძიება არ ედავება. გამოძიება საქმის განხილვის 1 თვით გადადებას ითხოვს.

  • კორუმპირებულები და მოძალადეები ჰყავთ სიაში, არ მიკვირს – ვაშაძე აბაზოვის “ოცნების” სიაში ჩასმაზე

    კორუმპირებულები და მოძალადეები ჰყავთ სიაში, არ მიკვირს – ვაშაძე აბაზოვის “ოცნების” სიაში ჩასმაზე

    ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მოხვედრა არ უკვირს, რადგან მმართველი პარტია სიაში კორუმპირებულ და მოძალადე ადამიანებს სვამს.

    გარდა ამისა, ვაშაძის თქმით, მმართველი გუნდი საარჩევნო სიაში ისეთი ადამიანები სვამს, ვის მიმართაც კომპრომატები აქვს.

    „დამსხვრეული ოცნებების პარტია ერთადერთ რამეზე ფიქრობს, რომ სიაში ისეთი ადამიანები ჩასვას, ვის მიმართაც აქვს კომპრომატები, რომელიც გამოჭერილი, დაჭერილი ჰყავს ხელით და თუ რაღაც თავისუფალ ნაბიჯს გადადგამენ, მათი კონტროლის მექანიზმი აქვთ. ამიტომ, მათ ჰყავთ კორუმპირებული ადამიანები და მოძალადეები სიაში. მათ ჰყავთ უმაქნისი, არაფრისმქნელი მძარცველები სიაში. ეს არის დამსხვრეული ოცნებების გუნდი, რომელიც მათ წარმოგვიდგინეს. ამიტომ, არ მიკვირს. თემურ აბაზოვი კი არა, კიდევ ვის ამოთხრიან, ვის მოიყვანენ და ჩასვამენ სიაში, კაცმა არ იცის. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია იმ დამსხვრეული ოცნებების პარტიისთვის, რომელიც ჩვენ წინაშეა“,- განაცხადა ვაშაძემ.

    ცნობისთვის, მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება. ეს ინფორმაცია მან დაადასტურა.

    შეგასენებთ, რომ 2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მარნეულის იმჟამინდელმა მერმა, თემურ აბაზოვმა მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს, ელჩინ ალახვერდიევს ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულა.

    აბაზოვი ჯგუფურად დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით დააკავეს. რამდენიმე თვის შემდეგ, 2018 წლის 13 დეკემბერს მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ის შემდგომ რუსთავის სასამართლომ გაამართლა.

    ის სასამართლო პროცესების პარალელურად “ათლეტიზმის” ფედერაციის პრეზიდენტად დანიშნეს.

  • ეკონომიკის სამინისტრო “ფრონტერას” კონტარაქტს აღარ გაუწყვეტს

    ეკონომიკის სამინისტრო “ფრონტერას” კონტარაქტს აღარ გაუწყვეტს

    მთავრობა ნავთობისა და გაზის მომპოვებელ ამერიკულ კომპანია „ფრონტერას” კონტრაქტს აღარ გაუწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

    უწყების ცნობით, კომპანიას სახელმწიფო საძიებო ტერიტორიების მხოლოდ 1%-ზე მუშაობის უფლებას დაუტოვებენ, რადგან დარჩენილი 99% საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით სახელმწიფოს დაუბრუნდა.

    „საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს ‘ფრონტერა’-სთან კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა”, – აცხადებს სამინისტრო.

    მათი მტკიცებით, გადაწყვეტილება ქვეყნისთვის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით იქნა მიღებული, რათა “რეპუტაციისა და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის უაღრესად დადებითი აღქმის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა”

    „ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად არასასურველია ამერიკის უაღრესად მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში ვინმეს გაუჩნდეს საბაბი და ეს აბსოლუტურად რუტინული კომერციული დავა გამოიყენოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების საზიანოდ”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

    უწყება აღნიშნავს, რომ ეს მისცემს ფრონტერას საშუალებას “აღარ დახარჯოს ძალისხმევა ლობისტების მობილიზებაზე” და ამის ნაცვლად, “სასურველია კონცენტრირება მოახდინოს” ვალდებულებების შესრულებაზე.

    ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფოსა და ამერიკულ კომპანია ფრონტერას შორის დავა წლებია გრძელდება. ამან კონგრესმენების კრიტიკა გამოიწვია, რის გამოც 16 მაისს 6-მა სენატორმა და კონგრესმენმა, სენატორ ტედ კრუზის მონაწილეობით, ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და სახაზინო დეპარტამენტის მდივანს მიწერეს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამერიკული ბიზნესების შევიწროებაზე იყო საუბარი. ისინი მაგალითად, ფრონტერას ასახელებდნენ.

    მთავრობა კონგრესმენების კრიტიკას მათ ბიზნესინტერესებსა და ლობისტების მუშაობას უკავშირებს.

    საწვავის მომპოვებელი ამერიკული კომპანია „ფრონტერა” საქართველოში 1997 წელს შემოვიდა.