Category: ახალი ამბები

  • ლარი გაუფასურებას განაგრძობს

    ლარი გაუფასურებას განაგრძობს

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0653 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0653 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0592 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0061 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5518 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5404 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0114 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • თამარ ბაჩალიაშვილს ფსიქოლოგი ჰყავდა, გარკვეული კონსულტაციები ჰქონდა – შსს

    თამარ ბაჩალიაშვილს ფსიქოლოგი ჰყავდა, გარკვეული კონსულტაციები ჰქონდა – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გარდაცვლილ 23 წლის გოგოს ფსიქოლოგი ჰყავდა, რომელთანაც კონსულტაციას გადიოდა.

    ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის განმარტებით, დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუ რას ეუბნებოდა ფსიქოლოგს გარდაცვლილი, რადგან მისი ოჯახი მძიმე მორალურ მდგომარეობაშია.

    “ბავშვს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიების მიერ დაკითხულია. რა თქმა უნდა, დეტალებზე, თუ რაზე ისაუბრა ფსიქოლოგმა, დღეს ოჯახი მძიმე მორალურ მდგომარეობაშია და ამაზე საუბარი არ იქნება სწორი. არ დავუმძიმოთ მდგომარეობა. გიდასტურებთ იმას, რომ მას ჰყავდა ფსიქოლოგი, ჰქონდა გარკვეული კონსულტაციები”,– თქვა ჭელიძემ.

  • რატომ ვერ მიაგნო პოლიციამ დროულად თამარ ბაჩალიაშვილს – შსს-ს განმარტება

    რატომ ვერ მიაგნო პოლიციამ დროულად თამარ ბაჩალიაშვილს – შსს-ს განმარტება

    ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის განმარტებით, 112–ში ზარის შესვლიდან შსს–მ თამარ ბაჩალიაშვილის ძებნა დაიწყო, თუმცა რადგანაც მისი მანქანა და ცხედარი კამერის მიერ დაფიქსირებული ტერიტორიიდან 15 კილომეტრში აღმოჩნდა, მას პოლიციამ ვერ მიაკვლია.

    “დაგროვდა ბოლო დღეებში საზოგადოებაში კითხვაში მანქანის დროულად პოვნასათან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ სამძებრო სამუშოები განხორციელდა და დაიწყო პირველივე შეტყობინებისთანავე, რომელიც შევიდა პოლიციაში. ბოლო ლოკაცია, სადაც მისი ავტომანქანა დაფიქსირდა, არის სოფელი ხაიში. ამ კუთხით მთელი რესურსი, დეტალური შესწავლით მიზნით[…], ამ ტერიტორიაზე მოხდა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვა, ისე შესაძლო გადაადგილების მარშრუტის შესწავლა. სამწუხაროდ, ამ ლოკაციაზე ვერ იქნა მოძიებული მისი ავტომანქანა, იქიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით 15კმ–ს დაშორებით უკვე სხვა სოფელში, დაუსახლებელ ადგილში აღმოჩნდა გარდაცვლილის ავტომანქანა”,– თქვა ჭელიძემ ბრიფინგზე.

    მანვე აღნიშნა, რომ მანქანა შენიშნა შემთხვევით გამვლელმა არასრულწლოვანმა მწყემსმა, რომელიც გამოიკითხა.

    23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

  • 17 ივლისს ბაჩალიაშვილმა წამლები იყიდა, ვარკვევთ არის თუ არა იგივე, რაც მანქანაში იყო – შსს

    17 ივლისს ბაჩალიაშვილმა წამლები იყიდა, ვარკვევთ არის თუ არა იგივე, რაც მანქანაში იყო – შსს

    “17 ივლისს ბაჩალიაშვილმა წამლები იყიდა, ვარკვევთ არის თუ არა იგივე, რაც მანქანაში იყო “- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. ჩანთა ბაჩალიაშვილს მანქანაში ჰქონდა, რომელშიც გარდაცვლილი იპოვეს.

    გუშინ, 22 ივლისს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ წამლები, სავარაუდოდ, ფსიქოტროპული არ არის.

    უწყებაში განაცხადეს, რომ გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე და პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აქვს.

  • თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს პირველადი დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აქვს – შსს

    თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს პირველადი დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აქვს – შსს

    ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძეის თქმით, თამარ ბაჩალეიშვილის ცხედარს “პირველადი ძალადობის კვალი არ აქვს.

    მან ბრიფინგზე აღნიშნა, რომ “გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე”.

    მისივე თქმით, დანარჩენი ექსპერტიზამ უნდა გააკეთოს, თუმცა “ძალადობის კვალი არ აღენიშნება” ნიშნავს, რომ მას არ აქვს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები.

    23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

  • გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულმა ყოფილმა პოლიციელმა დანაშაული სამსახურეობრივ მანქანაში ჩაიდინა – პროკურორი

    გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულმა ყოფილმა პოლიციელმა დანაშაული სამსახურეობრივ მანქანაში ჩაიდინა – პროკურორი

    გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულმა ყოფილმა პოლიციელმა დანაშაულებრივი ქმედება სამსახურეობრივ მანქანაში ჩაიდინა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა კონსტანტინე ცაცუამ განაცხადა.ცაცუა განმარტავს, რომ საქმეში სასამართლო სამედიცინო ექპერტიზის დასკვნა არსებობს, რითაც დაზარალებულისთვის სხეულზე მიყენებული დაზიანებები დასტურდება.

    „საქმეში არსებობს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე ავტომანქანიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და ასევე, გარკვეული სახის მტკიცებულებებს ბრალდების მხარე ელოდება.ექსპერტიზით მსხვერპლის სხეულზე არსებული დაზიანებები დასტურდება, რაც მას როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბრალდებულის მხრიდან აქვს მიყენებული“, – აღნიშნა საქმის პროკურორმა.

    გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს, ზაზა ალავერდაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას გამოძიება 35 წლის ქალის გაუპატიურებას ედავება

    სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. დაცვის მხარემ ალავერდაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 5 000 ლარის ოდენობის გირაო შესთავაზა. სასამართლომ ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

    საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პირს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

  • საქართველომ სასწაულს მიაღწია – თენგიზ ცერცვაძე

    საქართველომ სასწაულს მიაღწია – თენგიზ ცერცვაძე

    ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვიდრე ვაქცინა არ შეიქმნება, მანამდე კორონავირუსის ერთეული და ათეული შემთხვევები იქნება.

    „მთელ მსოფლიოში იზრდება „კოვიდ 19“-ის შემთხვევების რაოდენობა. იქ იზრდება ასეულობით, ათასეულობით და ათიათასეულობით. აშშ ყოველდღე ამყარებს რეკორდს. სომხეთში და აზერბაიჯანში 500-600 შემთხვევაა, რუსეთში 7000-8000, თურქეთში 1500 შემთხვევა. ამ ფონზე საქართველომ ისედაც სასწაულს მიაღწია შესაბამისი სტრუქტურების გამორჩეული და ძალიან კარგი საქმიანობით და მთლად იმდენს ვერ აღწევს საქართველო, რომ არც ერთი შემთხვევა არ იყოს, 1,2, 5, 10, 20 შემთხვევა სულ იქნება. ელემენტარულად ტრაილერის მძღოლები შემოდიან რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რამდენიმე ათეული ტრაილერი შემოდის დღეში“, – განაცხადა ცერცვაძემ.

    ამასთან, მისივე თქმით, საზოგადოება მეტ-ნაკლებად მოდუნდა.

    „ალბათ ადამიანის ფსიქოლოგია ისეა მოაწყობილი, რომ რაც არ უნდა არწმუნო, როცა დაინახეს, რომ რეალურად საფრთხე არ ჩანს, ისინი გამოვიდნენ, დაიწყეს შეკრებები, ნორმალური, ადამიანური ცხოვრება, ჩქარა დაუბრუნდნენ ამას. დადიან კურორტებზე, ისვენებენ სასტუმროებში და არც ერთი მათგანი არ ხდება ავად, ბუნებრივია მოდუნდა ხალხი. ცალკეული შემთხვევები შეიძლება მათ გამოსაფხიზლებლად სასარგებლოც კი იყოს. კოვიდი არსად წასულა. ის რჩება გაძლიერებული ფორმით და მხოლოდ საქართველოა გამონაკლისი. სამწუხაროდ, სანამ ვაქცინა ან მედიკამენტი არ შეიქმნება, მანამდე კოვიდთან თანაცხოვრება მოგვიწევს. ერთეული და ათეული შემთხვევა იქნება და მას უნდა დახვდეს ძლიერი კლინიკური სექტორი, რათა ეს ათეული შემთხვევა მთლიანად საქართველოსთვის არ იქნეს დიკსომფორტის შექმნელი და ქართველმა ხალხმა მიუხედავად კოვიდის არსებობისა, თავი იგრძნოს დაცულად“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

  • ბათუმის “რედისონის” სტუმარს კოვიდ 19 დაუდასტურდა

    ბათუმის “რედისონის” სტუმარს კოვიდ 19 დაუდასტურდა

    “რედისონ ბლუ ბათუმის” ერთერთ სტუმარს კოვიდ 19 ოფიციალურად დაუდასტურდა. სასტუმროს ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მას გამოხატული სიმპტომები არ ჰქონია. ტესტირება ასევე ორჯერ ჩაუტარდა მის თანმხლებ და მასთან შეხებაში მყოფ ყველა პირს, მათი ტესტების პასუხები უარყოფითია. ყველა მათგანი გადაყვანილია კარანტინში, დაკვირვების ქვეშ.

    “რედისონის” გენერალური მენეჯერის ფიქრეთ იუქსელის თქმით, სტუმარმა საზღვარი წესების სრული დაცვით გადმოკვეთა, მას PCR ტესტი საკუთარ ქვეყანაშიც და საქართველოშიც ჰქონდა ჩატარებული. ვირუსი კი, მას მე-3 ტესტირების დროს დაუდგინდა. მისი თქმით, სასტუმროს პროტოკოლის შესაბამისად, ყველა სტუმარს PCR ტესტი უტარდება.

    სასტუმროს ადმინისტრაცია თანახმად, “რედისონი” ამ დროისთვის კვლავ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და ემსახურება ტურისტებს.

     

  • ამირხანაშვილმა ბრალდებული ზ.ხ. ამოიცნო – ადვოკატი

    ამირხანაშვილმა ბრალდებული ზ.ხ. ამოიცნო – ადვოკატი

    ზ.ხ–ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის მოწმემ, გურამ ამირხანაშვილმა არასრულწლოვანი ზ.ხ ამოიცნო.

    მისი თქმით, ამირხანაშვილმა მოწმე ნახა 19 ივნისის ღამეს მანქანაში და შემდეგ პოლიციის განყოფილებაში.

    “ამირხანაშვილმა ამოიცნო ზ.ხ. და მან, ასევე, განმარტა, რომ ეს პირი მას ნანახი ჰყავს პოლიციაში, როდესაც ის გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რომ ზ.ხ-მ მას გადასცა ნამცხვარი, ვინაიდან იგი იყო მშიერი. ასევე, ეს დეტალიც განაცხადა ამირხანაშვილმა, რომელიც დაფიქსირებულია ოქმში და ხელმოწერილია. მანქანაში ნახა ზ.ხ. ამირხანაშვილმა. მას არ უთქვამს, რომ მან რამე სახის ძალადობა ან შეურაცხყოფა მიაყენა”,– განაცხადა გელხაურმა.

    შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან ექვსი არასრულწლოვანია.

  • არც შეთავაზება ყოფილა, არც განხილული თემურ აბაზოვის საკითხი – ვოლსკი

    არც შეთავაზება ყოფილა, არც განხილული თემურ აბაზოვის საკითხი – ვოლსკი

    ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, თემურ აბაზოვისთვის საარჩევნო სიაში ჩასმასთან დაკავშირებით შეთავაზება არ ყოფილა და ეს საკითხი არც მომავალში განიხილება.

    “არც შეთავაზება ყოფილა, არც განხილული ბატონი აბაზოვის საკითხი საპარლამენტო სიაში შეყვანასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

    მისივე თქმით, მსგავს გადაწყვეტილებებს არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ პოლიტსაბჭო იღებს.

    “არანაირი ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, ბიძინა ივანიშვილზე იკითხეთ – არ არსებობს და ვერც იარსებებს. კანდიდატი მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისთვის და რესურსი უნდა ჰქონდეს, საქმე აკეთოს ქვეყნისთვის,”- თქვა გია ვოლსკიმ.

    ცნობისთვის, მმართველი პარტია უარყოფს მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის განცხადებას, რომ ის ქართული ოცნების პროპორციულ სიაში იქნება.

    “არ განიხილებოდა და არც განიხილება”,- აცხადებენ “ოცნებაში” აბაზოვზე.

    იყო შემოთავაზება ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან და მიღებულია. დავთანხმდი, საინტერესო სამუშაო იქნება, უარი არ მითქვამს“, – უთხრა თემურ აბაზოვმა გუშინ.

    მანვე აღნიშნა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რომელ ნომრად იქნება მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში.