Category: ახალი ამბები

  • სახელმწიფომ ოცნების დეპუტატ ბექა ოდიშარიას ქვისლისგან 13 მილიონის მანქანები უტენდეროდ იყიდა

    სახელმწიფომ ოცნების დეპუტატ ბექა ოდიშარიას ქვისლისგან 13 მილიონის მანქანები უტენდეროდ იყიდა

    ქართული ოცნების დეპუტატის, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ბექა ოდიშარიას ქვისლის მიერ მართულმა კომპანიამ 666 ათას ლარიანი ტენდერი კვლავ უკონკურენტოდ მოიგო. კომპანიას უტენდეროდ ჯამში 12 მილიონი გადაუხადეს.

    ფლანგვის დეტექტორი ოდიშარიას ქვისლის მიერ სახელმწიფო ფიუჯეტიდან მიღებულ თანხებზე დეტალურად წერს:

    2011-2020 წლებში, ჯი-თი მოტორსმა 56 მილიონ ლარზე მეტი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აქედან 13 მილიონზე მეტი – პირდაპირი შესყიდვების გზით;

    ჯი-თი მოტორსი ჯი-თი გრუპის შვილობილი კომპანიაა, რომლის გენერალური დირექტორი ლევან გოგსაძე “ოცნების” დეპუტატი ბექა ოდიშარიას ქვისლია;

    ლევან გოგსაძემ და ჯი-თი მოტორსის დამფუძნებლებმა ჯამში 200,000 ლარზე მეტი შესწირეს მმართველ პარტიას.

    2020 წლის 3 ივნისს გამართული ტენდერის საფუძველზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი (666, 110.40 ლ.) ღირებულების კონტრაქტი დადო ჯი-თი მოტორსთან. სახელმწიფო კომპანიამ 10 სრულიად ახალი მოდელის ავტომანქანა შეიძინა. სახელმწიფო კომპანიას იმდენად დეტალურად ჰქონდა წარმოდგენილი ავტომანქანის ყველა ის ტექნიკური პარამეტრები, რომელიც ტენდერის მონაწილე კომპანიას უნდა დაეკმაყოფილებინა, გაჩნდა ეჭვი, რომ პირობები ზუსტად იყო მორგებული კონკრეტულ კომპანიაზე. აღნიშნულ ეჭვს ამყარებს ასევე ის ფაქტი, რომ ტენდერში ვერცერთმა სხვა მსგავსი ტიპის კომპანიამ არ (ვერ) მიიღო მონაწილეობა.

    კომპანია ჯი-თი მოტორსი 2011 წლიდან აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში და უმეტეს შემთხვევაში იმარჯვებს. 2011-2020 წლებში, სახელმწიფომ ჯი-თი მოტორსს 56,271,783 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. აქედან, 13,668,669 ლარი კომპანიამ გამარტივებული შესყიდვების გზით მიიღო.

    მხოლოდ, 2020 წლის იანვრიდან-დღემდე კომპანიამ 115 ხელშეკრულება გააფორმა გამარტივებული შესყიდვით და ამ პერიოდის განმავლობაში 662,305 ლარის შემოსავალი მიიღო სახელმწიფოსგან.

    რაც შეეხება ელექტრონულ ტენდერებს, ტენდერების მონიტორინგის მიხედვით, 255 გამართული ტენდერიდან 70% -ში ჯი-თი მოტორსმა გაიმარჯვა. 2011-წლიდან დღემდე კომპანიამ დაახლოებით 42, 603,114 ღირებულების კონტრაქტი გააფორმა.

    ძვირად ღირებულ ხელშეკრულებებს ემატებაა ასევე ის, რომ შპს ჯი-თი მოტორსი ხშირად უკონკურენტოდ იგებს ტენდერებს.

    სახელმწიფო ტენდრებში ჯი-თი მოტორსის უკონკონკურენტო მონაწილეობისა და გამარჯვების მრავალი მაგალითია. 2018 წელს, ქ.თბილისის მერიის გამოცხადებულ ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო. ქ. თბილისის მერიამ კომპანიას 720,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა და 15 მსუბუქი ავტომანქანა შეისყიდა. ტენდერის მოგებამდე ერთი თვით ადრე ჯი-თი მოტორსმა მსხვილი ფულადი შემოწირულობა (60,000 ლარი) გააკეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

    შპს ჯი-თი მოტორსმა იზრუნა ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ავტოპარკზეც და 1,007,665 ლარის ღერებულების ტენდერი მოიგო, 2017 წელს. კომპანიამ 20 მსუბუქი ავტომანქანა 728,832 ლარად მიაწოდა ტელეკომპანიას.

    ასევე აღსანიშნავია კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენენებს კომპანიის კეთილსინდისიერ მონაწილეობას სახელმწიფო ტენდერებში. გარდა იმისა, რომ კომპანია დაბალი კონკურენციით იმარჯვებს, ხშირად ხდება მომსახურების შესრულებამდე ავანსის გაცემა ან კონკურენტის მიერ შეთავაზებულ ფასთან შედარებით მინიმალური სხვაობით დაბალი ფასის შეთავაზება. მაგალითად, 2019 წელს სს აჭარის წყლის ალიანსის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ჯი-თი მოტორსის მიერ შეთავაზებული ფასი მხოლოდ ერთი ლარით უფრო დაბალი იყო კონკურეტის მიერ შეთავაზებულ ფასთან.

     

    შპს ჯი-თი მოტორსის 100%-იანი წილის მფლობელი შპს ჯი-თი გრუპია. შპს ჯი-თი გრუპის ყოფილი გენერალური დირექტორი და წარმომადგენელი, ლევან გოგსაძე, დეპუტატ ბექა ოდიშარიას ქვისლია. ლევან გოგსაძემ 2016 წელს პარტია ქართულ ოცნებას 37,950 ლარი შეწირა. ლევან გოგსაძე 2020 წლის პირველი ივლისიდან აღარ არის ჯი-თი გრუპის გენერალური დირექტორი.

    მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან კომპანიების, ჯი-თი მოტორსისა და ჯი-თი გრუპის, დამფუძნებლებიც. მათ ქართულ ოცნებას ჯამში 180,000 ლარი შესწირეს. კომპანიების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თემურ უსიტაშვილმა 60,000 ლარი შეწირა პარტია ქართულ ოცნებას 2016 წელს; 120, 000 ლარის შემოწირულობა გააკეთა დამფუძნებელმა გიორგი გველესიანმა 2016 და 2018 წლებში. შპს ჯი-თი მოტორსის სახელით კი 1,000 ლარი იქნა შეწირული 2016 წელს.

    წყარო:

    ტენდერის კოდი 2020 წ.- GEO200000224;
    ტენდერის კოდი 2018წ. თბილისის მერია- NAT180016829;
    ტენდერის კოდის 2017წ. საზ.მაუწყებელი- SPA170010032:
    ტენდერის კოდი 2019წ. სს აჭარის წყლის ალიანსი- SPA190005564:
    შპს ჯი-თი მოტორსმა (ს/კ:206276340); შპს ჯი-თი გრუპი (ს/კ:200119923);
    ტენდერების მონიტორინგი-შპს ჯი-თი მოტორსი:
    https://www.tendermonitor.ge/ge/organization/35795…
    ქართული ოცნების შემომწირველები:
    თემურ უსიტაშვილი (პ/ნ:61001007309): https://transparency.ge/politicaldonations/ge/tenders/5767#
    გიორგი გველესიანი (პ/ნ:61001004135): https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/5752
    ლევან გოგსაძე (პ/ნ:01024009478): https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/5584
    შპს ჯი-თი მოტორსი (ს/კ:206276340): https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/6203
    ტენდერის მოთხოვნები (გვ.4): შპს საქ. გაზის ტრანსპორტირების კომპანია: https://www.scribd.com/document/
    შედარებისთვის – იგივე კომპანიის, შპს საქ. გაზის ტრანსპორტირების მოთხოვნები სხვა ტენდერის დროს: https://www.scribd.com/document/
    გამარტივებული შესყიდვის ცხრილი: https://www.scribd.com/document
    შესყიდული მანქანის მოდელი 2020წ.: Ford Ranger პიკაპი, 2019 წლის გამოშვება.
    სტატია -საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ავტომობილების შესყიდვის შესახებ:https://on.ge/story/
    ინფორმაცია- შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაზე: http://ggtc.ge/

  • მგონია, რომ პოლიცია საკმარისად კარგად არ მუშაობს – სვანეთში დაკარგული ილია ფილფანის დედა

    მგონია, რომ პოლიცია საკმარისად კარგად არ მუშაობს – სვანეთში დაკარგული ილია ფილფანის დედა

    სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის დედა, ქსენია ფილფანი, რომელიც დუბაიში იმყოფება, ფორმულასთან” საუბარში ამბობს, რომ სამართალდამცველების მუშაობით უკმაყოფილოა.

    მისი თქმით, ამ დრომდე არ არის ამოღებული პოლიციის საგუშაგოსთან დამონტაჟებული ვიდეო კამერის ჩანაწერები, რომლის მეშვეობითაც ბავშვის გადაადგილების გარკვევა არის შესაძლებელი.

    “მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რაც შესაძლებელია. რაც შეეხება პოლიციას, მგონია, რომ საკმარისად კარგად არ მუშაობენ. რა ინფორმაციასაც მე ვიღებ, იმის მიხედვით, როგორც მუშაობენ, უბრალოდ წარმოუდგენელია. ჯერ კიდევ არ უნახავთ და არ მიუწოდებიათ ინფორმაცია იმ ვიდეოკამერების ჩანაწერების შესახებ, რომელთა მიხედვით უნდა გაირკვეს გაიარა თუ არა ბავშვმა ის გზა. ერთადერთი კამერაა პოლიციის საგუშაგოსთან და მე-7 დღეა ჯერ კიდევ არ შეუმოწმებიათ ეს ჩანაწერები. ასე არაფერი გამოვა. ჩემი ქმარი მაშველების კოორდინირებაშია ჩართული. მათთან ერთად ეძებს და ნაცვლად იმისა, ბავშვის ძებნა აცადონ, დაუსრულებლად იძახებენ განყოფილებაში. გუშინ იქ მთელი დღე გაატარა. არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ გამომძიებლის გვერდით იჯდა, რომელიც რაღაც საბუთებს ავსებდა. ვფიქრობ ეს მიუღებელია“, – განაცხადა ქსენია ფილფანმა.

    მისივე თქმით, მოზარდს არ უხსნებია, რომ რამეზე გაღიზიანებული ან განერვიულებელი იყო.

    ქსენია ფილფანი შვილთან საუბრებსაც იხსენებს და ამბობს, რომ ბავშვი მოწყენილი იყო, რაც დედის განმარტებით, ენის არ ცოდნის გამო ბავშვებთან კომუნიკაციის დამყარების სირთულეში გამოიხატებოდა.

    კომენტარი გააკეთა მოზარდის მამამაც, რომელმაც თქვა, რომ შვილთან დაკარგვიდან წინა დღეს იკამათა, გარდა ამისა, ჰქონდათ ცხოვრებისეული კონფლიქტები.

    13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა.

  • სერგეენკო იქნება, ბექა ოდიშარია თუ სხვა, ბიძინა ივანიშვილი იტყვის და გაქრებიან – ბოკერია

    სერგეენკო იქნება, ბექა ოდიშარია თუ სხვა, ბიძინა ივანიშვილი იტყვის და გაქრებიან – ბოკერია

    „ევროპული საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინირებული მოქმედება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საკვანძო საკითხია.

    „კრიტიკულ ფაზაში არის მოლაპარაკებები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის. ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია იყო და არის საკვანძო ოლქებში კოორდინირება შედგეს სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას შორის.

    თბილისში შეთანხმება ვფიქრობ, საკმარისია. ეს 8 ან 6-ადგილიანი უპირატესობა მაჟორიტარებში და სადღაც სხვაგან მეორე ტურები, ალბათ, უზრუნველყოფს საბოლოო ჯამში წარმატებას. უნდა გვესმოდეს, ისევ საპრეზიდენტო არჩევნების გამოცდილებით, როგორი ისტერიაც ჰქონდათ პირველი ტურის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“. ივანიშვილის რეჟიმის პირობებში გონივრულია, რომ არ გავრისკოთ ქვეყნისთვის ზიანის მიყენება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

    მისივე თქმით, ივანიშვილს უნდა ოპოზიციას ისე სათამაშოებივით მოეპყროს, როგორც საკუთარი გუნდის წევრებს.

    „ბიძინა ივანიშვილმა გვანახა, რომ დავით სერგეენკო გამორჩეული კაცია. ივანიშვილი მათ ისე ეპყრობა, როგორც სათამაშოებს და უნდა ჩვენც ასე მოგვეპყროს, მაგრამ ამას არ ვიღებთ. სერგეენკო დღეს არის და ხვალ არ იქნება. არიან მინისტრები, რომლებიც ქრებიან, ამ ხალხს ხომ წონა არ აქვს?

    ყველამ ვიცით, რომ როდესაც საკითხი მიდის პოლიტიკურ გადაწყვეტილებზე, იქ ამ ხალხს წონა აქვს ნული. სერგეენკო იქნება, ბექა ოდიშარია თუ სხვა, ბიძინა ივანიშვილი იტყვის და გაქრებიან, არ აქვს მნიშვნელობა რამე პოლიტიკური წონა თუ აქვთ. ისინი უბრალოდ გაქრებიან“, – განაცხადა ბოკერიამ.

    შეგახსენებთ, ოპოზიციამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისის 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან 6-ში საერთო კანდიდატები დაასახელა. ჯერჯერობით უცნობია, შეთანხმდებიან თუ არა რეგიონების მაჟორიტარებზეც.

  • სენატორი შაჰინისა და რიშის გზავნილებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და მოვისმინოთ – დეგნანი

    სენატორი შაჰინისა და რიშის გზავნილებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და მოვისმინოთ – დეგნანი

    ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აშშ-ს სენატის მიერ დღეს მიღებულ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს ეხმიანება და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, სენატორებისა და კონგრესმენების გზავნილებს სერიოზულად მივუდგეთ, ვინაიდან მათ საქართველოსთვის საუკეთესო ინტერესები ამოძრავებთ.

    „ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია მთლიანად წავიკითხოთ კანონპროექტი. მრავალი პოზიტიური შეფასებაა იმის თაობაზე, თუ რას მიაღწია საქართველომ და იმის შესახებ, თუ რისი ნახვა სურს აშშ-ს საქართველოს მხრიდან, დემოკრატიისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით.

    ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი გზავნილია. ვფიქრობ, რომ ყოველთვის როდესაც გზავნილს იღებთ სენატორი შაჰინისგან ან სენატორი რიშისგან, ან კონგრესის იმ წარმომადგენლებისგან, ვინც სიღრმისეულად ზრუნავს საქართველოს წარმატებაზე, მნიშვნელოვანია, რომ ამ გზავნილს სერიოზულად მოვეკიდოთ და მოვისმინოთ, თუ რას ამბობენ ისინი, ვინაიდან ეს ადამიანები იცნობენ საქართველოს და ზრუნავენ საქართველოს წარმატებაზე”, – განაცხადა დეგნანმა.

    აშშ-ს სენატმა 23 ივლისს მხარი დაუჭირა 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, რომელიც თავდაცვის ხარჯებისათვის მომავალ წელს ბიუჯეტიდან 740.5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.  ამავე დოკუმენტში სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა, 26 ივნისს ცვლილებების ინიცირება მოახდინა.

    ცვლილებები საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, 8 მარტის შეთახმებასა და გიორგი რურუას პატიმრობაში ყოფნას ეხებოდა.

    შესწორებაში აღნიშნული იყო, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის თანამშრომლობა იმ შემთხვევაში გაგრძელდებოდა, თუ საქართველოს მთავრობა დაპირებულ რეფორმებს განახორციელებდა.

    აშშ-ს თავდაცვის აქტის საბოლოო ვერსიაში ხსენებული ცვლილებები არ შევიდა. მიუხედავად ამისა, კონგრესში მაინც განიხილავენ საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ, რომელიც საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების 15%-ის გარკვეული პირობების დაკმაყოფილებამდე შეჩერებას ითვალისწინებს.

  • ბათუმში სამგზავრო მიკროავტობუსი ამოტრიალდა – დაშავებულია 7 ადამიანი

    ბათუმში სამგზავრო მიკროავტობუსი ამოტრიალდა – დაშავებულია 7 ადამიანი

    ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. მოგვიანებით კი სამარშრუტო ტაქსი ამობრუნდა და მუნიციპალურ ავტობუსს დაეჯახა.

    შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა

    სამარშრუტო ტაქსს და ავტობუსს მგზავრები გადაჰყავდა.

    ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

    შსს–ს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

  • კლუბები, ბარები და ფესტივალები ჯარიმების გაუქმებასა და სტატუსის შეცვლას მოითხოვენ

    კლუბები, ბარები და ფესტივალები ჯარიმების გაუქმებასა და სტატუსის შეცვლას მოითხოვენ

    კლუბები, ბარები და ფესტივალები საერთო განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, კორონავირუსის დროს დაწესებული კარანტინის დასრულების შემდეგ, ისინი ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრზე დაიბარეს და გააცნეს ის რეგულაციები, რომლის მიხედვითაც საქმიანობის გაგრძელება შესაძლებელი იქნებოდა.

    მათივე ცნობით, უწყების წარმომადგენლების პირობის თანახმად, ეს დადგენილება ძალაში უახლოეს პერიოდში უნდა შესულიყო და სანქციები მათ წინააღმდეგ გამოყენებული არ იქნებოდა. სწორედ ამ შეხვედრიდან გამომდინარე გადაწყდა ფესტივალებისა თუ საკლუბო ღონისძიებების დაორგანიზება, თუმცა ისინი მაინც დააჯარიმეს.

    ბარები, კლუბები და ფესტივალები 4 მოთხოვნას აყენებენ:

    •  მოიხსნას დაკისრებული ჯარიმები;
    • ჯადაცვის სამინსტრო გადავიდეს სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად თანამშრომლობის რეჟიმში;
    • ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დადგინდეს ადეკვატური რეგულაციები, რომლის მიხედვითაც საშუალება გვექნება განვახორციელოთ ღონისძიებები;
    •  სასწრაფოდ შეიცვალოს კლუბების და ფესტივალების განმარტება და გასართობი ბიზნესიდან გადავიდეს კულტურულ ღონისძიებებში.

    მათი განცხადებით, ეს ინდუსტრია საერთოდ ამოღებულა კულტურული ღონისძიებების ჩამონათვალიდან და მიენიჭა გასართობი ღონისძიების სტატუსი, რომელზეც ჯერჯერობით არანაირი რეგულაცია არ არსებობს. შესაბამისად მსგავსი სახის საქმიანობა თავშივე ითვლება კანონდარღვევად, მიუხედავად იმისა თუ რამდენად ეცადე გეზრუნა სტუმრის უსაფრთხოებაზე.

    “თვითონ ფაქტი რომ სახელმწიფო არ განიხილავს ამ ინდუსტრიას როგორც კულტურის ნაწილს და უბრალოდ გასართობ ღონისძიებათა სიაში გაჰყავს, კარგად გვაჩვენებს რომ მათ არ აქვთ გააზრებული ამ სცენის კულტურული მნიშვნელობა. ასეთი დამოკიდებულება კიდევ რეალურ საფრთხეს უქმნის ზოგადად ამ სცენის არსებობას, რომელიც ისედაც რთულ მდგომარეობაში იყო არსებული პანდემიის გამო.

    სწორედ ზემოთ აღნიშნული დადგენილებიდან გამომდინარე 17-18 ივლისის უიქენდზე ერთდროულად დაჯარიმდა თითქმის ყველა ღონისძიება, რაც ტარდებოდა თბილისის მასშტაბით”,– წერია მათ განცხადებაში.

    კლუბების, ბარების და ფესტივალების ცნობით, ხედავენ, როგორ ტარდება უპრობლემოდ სხვა ღონისძიებები, მაგალითად კი, მაგალითისთვის მოჰყვათ კიკვიძის პარკში გამართული კონცერტი და დენდროლოგიური პარკის გახსნა.

    “ვფიქრობთ რომ ამ სამსახურის და ადამიანების ასეთი უპასუხისმგებლო ქცევა განწირულ მდგომარეობაში აყენებს ისედაც დიდად დაზიანებულ ინდუსტრიას და საბოლოოდ მათი უთავბოლო, სელექციური და ქაოტური გადაწყვეტილებები გამოიწვევს მუსიკალური და გასართობი სფეროს სრულ ჩამოშლას და გაჩერებას. სამწუხაროდ, რადგან აღმოჩნდა რომ ამ საკითხისთვის აქამდე შესაბამისმა სტრუქტურებმა ვერ მოიცალეს და რეკომენდაციების დადგენა ვერ შეძლეს, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მათ საკუთარი ვერსია თუ როგორი უნდა იყოს ის რეგულაციები, რომლითაც ერთის მხრივ საშუალება გვექნება, განვახორციელოთ ჩვენი საქმიანობა, მეორეს მხრივ კი ვუზრუნველყოფთ სტუმრების უსაფრთხოებას და დაცულობას”. – წერია განცხადებაში.

     

  • შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი 27 ივლისს გაიმართება

    შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი 27 ივლისს გაიმართება

    გარდაცვლილ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი ორშაბათს, 27 ივლისს გაიმართება.

    პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ სხდომაზე დაკავებული 11 პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯება.

    გარდა ამისა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაკავებული სრულწლოვანი ბრალდებულების წინასასამართლო სხდომის თარიღი 1 თვით გახანგრძლივდა.

    ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. მართგან არცერთი ბრალს არ აღიარებს.

  • ყარაჯალარის დაკეტვა გახმაურებული საქმეების გადაფარვის იაფფასიანი მცდელობაა – ჯაფარიძე

    ყარაჯალარის დაკეტვა გახმაურებული საქმეების გადაფარვის იაფფასიანი მცდელობაა – ჯაფარიძე

    პარტია “გირჩის” ერთ–ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, გარდაბნის რაიონის სოფელი ყარაჯალარის დაკეტვა “გაქცეული კრიმინალური სიტუაციის და გახმაურებული საქმეების გადაფარვის იაფფასიანი მცდელობაა”.

    როგორც ჯაფარიძე “ფეისბუქზე” წერს, მთავრობა ყარაჯალას იმიტომ “მიადგა”, რომ “ყველა მთავრობის წარმოდგენით, ‘აზერბაიჯანელები მორჩილი ხალხია და არ იხმაურებენ ბევრს’.

    მისივე თქმით, ინფიცირებულები როგორც ყარაჯალაში, ისე თბილისშიც არიან, ამიტომ გაუგებარია, რატომ კეტავს მთავრობა ყოველთვის აზერბაიჯანელებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებს.

    “რა ხდებოდა მარნეულსა და ბოლნისში ისეთი რაც არ ხდებოდა თბილისში? რაც არ ხდებოდა საბურთალოზე? რა ხდება დღეს ყარაჯალარში ისეთი, რაც არ ხდება თბილისში? რაც არ ხდება საბურთალოზე?

    მარტო იქ არის ვირუსი? სხვაგან არსად? რატომ არ დაიკეტა თბილისი? ან თბილისის რომელიმე უბანი/უბნები? თბილისში არ გვყავს ინფიცირებულები?”,– წერს ჯაფარიძე.

    გირჩის ლიდერი აღნიშნავს, რომ დღეს სცადა გაერკვია, ლაბორატორიულად დადასტურებული რამდენი ინფიცირებულია თბილისში, თუმცა ვერ შეძლო.

    “მთავრობის ცხელ ხაზზე მითხრეს – ჩვენ არ გვაქვს ეგ ინფორმაციაო. ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე არ პასუხობენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრში მითხრეს ნახევარ საათში დაგირეკავთ და გეტყვითო. ნახევარ საათში დამირეკეს და ოფიციალური წერილით მოგვმართეთ და 10 დღეში გიპასუხებთო. 10 დღეში მოგწერთ თბილისში რამდენია ინფიცირებულიო.

    ალბათ ყარაჯალარშია ის ხალხი ვინც თვლა იცის”,– წერს ზურაბ ჯაფარიძე.

    ცნობისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში დღეს ჩაიკეტა. სოფელში კორონავირუსის 26 შემთხვევაა დადასტურებული.

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ჩაკეტვის მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სჯერა კორონავირუსის არსებობის, ამიტომ ტესტირებაზე უარს ამბობდნენ. მისი თქმით, მოსახლეობა COVID-19–ს გრიპს ან სურდოს ადარებს.

  • თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

    თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

    თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და მიმდინარეობს ერთ-ერთი ავტომობილის ჩხრეკა.

    სამართალდამცველებმა სავარაუდოდ ერთი პირი დააკავეს. შსს-ს მომხდარზე ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმელებმა თეთრი ფერის BMW-ს მარკის ავტომანქანიდან დიდი რაოდენობით ფული და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

  • ბაჩალიაშვილის მამა შსს-მ დაზარალებულად ცნო, შეიცვალა საქმეს კვალიფიკაციაც – ადვოკატი

    ბაჩალიაშვილის მამა შსს-მ დაზარალებულად ცნო, შეიცვალა საქმეს კვალიფიკაციაც – ადვოკატი

    თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის მამა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაზარალებულად ცნო. ასევე, შეიცვალა საქმის კვალიფიკაციაც და გამოძიებას უწყება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გააგრძელებენ.

    “დაზარალებულად ცნეს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, შეიცვალა 143 მუხლს დაემატა 115-ე მუხლის პირველი ნაწილი, თვითმკვლელობამდე მიყვანა, თავისუფელბის უკანონო აღკვეთა, – თქვა მიხეილ რამიშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტისა და სამხარაულის ბიუროს დასკვნას ელოდება.