Category: ახალი ამბები

  • შეიძლება ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა სცოდნოდა – ბაჩალიაშვილის დედა

    შეიძლება ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა სცოდნოდა – ბაჩალიაშვილის დედა

    23 წლის გარდაცვლილი გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს და ვარაუდობს, რომ თავის შვილს შესაძლოა, ისეთ ინფორმაციაზე ჰქონოდა წვდომა, რომელიც მას არ უნდა სცოდნოდა.

    „მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. წინა კვირასაც გამოცდა ჩააბარა და დეასთან ერთად ეძებდა მეორე სამსახურს და რატომ მოიკლავდა თავს?!

    არავინ არ მაყენებს საქმის კურსში. ძებნისასაც ვიხვეწებოდი, რომ გამაგებინეთ, მეც იქნებ რაღაცაში გამოგადგეთ და არაფერს აღარ გამოვრიცხავ უკვე.

    შეიძლება უშუალოდ სამსახურში არა, მაგრამ ეს ბავშვი იმდენად ნიჭიერი იყო, იქნებ სხვა რამეში შეაღწია და ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა სცოდნოდა“, – აცხადებს თეონა თამაზაშვილი ფორმულასთან ინტერვიუში.

    ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ პოლიციამ ბაჩალიაშვილის ლეპტოპი გვიან წაიღო გასახსნელად.

    „უკვე აღარ ვენდობი გამოძიებას, თავიდანაც თამუნას კომპიუტერზე ვეხვეწებოდი, წაიღეთ და გახსენით-მეთქი, მაგრამ არ მიჰქონდათ. არავინ არ მოსულა მიხეილ რამიშვილის გარდა, საერთოდ არც დაინტერესებულან“, – ამბობს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

    23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

  • მოაქციეს ალყაში, დაზიანების მიყენებისთანავე არაგვში ჩაახრჩვეს ბავშვი და გაატანეს მდინარეს – ნიკოლაძე

    მოაქციეს ალყაში, დაზიანების მიყენებისთანავე არაგვში ჩაახრჩვეს ბავშვი და გაატანეს მდინარეს – ნიკოლაძე

    გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე 19 წლის ფეხბურთელის მოკვლის ახალ ვერსიაზე საუბრობს. მისი თქმით, ჩვენებებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გიორგი შაქარაშვილი ალყაში მოაქციეს, სცემეს, დაახრჩვეს და წყალს გაატანეს.

    “იგივე ახვლედიანის ჩვენებამ, იგივე ამირხანაშვილის ბოლოდროინდელმა საგამოძიებო მოქმედებებმა, ცალსახად დაადასტურა, რომ 6 პირი, ვისზეც ოჯახი ამბობს, რომ არიან გიორგის განზრახ მკვლელობის ჩამდენები, ეს ნამდვილად ასეა. გამოკიდებული 5 ადამიანიდან 3 გამოჰყვა გამოქცეულ ბავშვებს. გამოჰყვნენ ხიდის მიმართულებით, ანუ გადმოკვეთეს ხიდი, ხოლო ორი მათგანი ხიდზე გადმოსვლამდე ჩავიდა ამავე მანქანების ჩამოსახვევში, ანუ წინიდან მოუჭრეს გზა გიორგი შაქარაშვილს და მოაქციეს ალყაში. დაზიანების მიყენებისთანავე, იქვე, მდინარე არაგვში ჩაახრჩეს ბავშვი და გაატანეს დინებას”. – ამბობს მირიან ნიკოლაძე.

    19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს, 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა ჯერჯერობით ამ მუხლით ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.

  • თუ “ქართული ოცნება” გადაწყვეტს, მზად ვარ, ხარაგაულის მერობისთვის ვიბრძოლო – ლურსმანაშვილი

    თუ “ქართული ოცნება” გადაწყვეტს, მზად ვარ, ხარაგაულის მერობისთვის ვიბრძოლო – ლურსმანაშვილი

    “ქართული ოცნების” დეპუტატის, კობა ლურსმანაშვილის თქმით, მზად არის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერობისთვის იბრძოლოს.

    მისი თქმით, კარგად იცის ხარაგაულის პრობლემები და აქტიურად მუშაობდა მათ გადასაჭრელად.

    “ამ ეტაპზე გუნდში მსჯელობა არ ყოფილა, მაგრამ თუ “ქართული ოცნება” გადაწყვეტს, მე მზად ვარ, ვიბრძოლო. ერთხელ უკვე ვიყავი ხარაგაულის გამგებელი, კარგად ვიცნობ მუნიციპალიტეტს და აქტიურად ვაგვარებდი პრობლემებს. მე გუნდური მოთამაშე ვარ და თუ გადაწყვეტენ ჩემი კანდიდატურა დაასახელონ, მე უარს არ ვიტყვი”, – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

    ხარაგაულში მერის პოსტი ვაკანტური რამდენიმე კვირის წინ გახდა, როცა არჩეულმა მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა დატოვა.

  • ცდილობენ, ილია II-ს ჩრდილი მიაყენონ, ისევე როგორც ილია ჭავჭავაძის შემთხვევაში ცდილობდნენ – მეუფე დანიელი

    ცდილობენ, ილია II-ს ჩრდილი მიაყენონ, ისევე როგორც ილია ჭავჭავაძის შემთხვევაში ცდილობდნენ – მეუფე დანიელი

    ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ “ანტიქრისტეს მოსვლის წინა პერიოდში” ვიმყოფებით.

    მან ქადაგებისას წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მისი თქმით, უფალი ბოლო ჟამს დედამიწაზე მოავლენს.

    „როგორც ელია თეზბიტელი იქნება ბოლო ჟამს მქადაგებელი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და დამცველი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, ასევე ის ქვეყანა, რომელსაც მიენიჭა მისი სიწმინდე მოწოდებულია, რომ იყოს ჭეშმარიტი დამცველი მართლმადიდებლობისა და სწორედ ამისთვის ამზადებს უფალი ამ ქვეყანას.

    ამიტომ დაუდგინა მფარველად ღვითისმშობელი და არ არის შემთხვევითი, რომ თანდათან ჩვენ ვხედავთ სწორედ ამ ჟამის მოახლოებას, მრავალი ნიშანია და მთავარი ნიშანი, როგორც უფალი სახარებაში ბრძანებს, არის გამრავლება ცრუ მოძღვრებათა და ცრუ წინასწარმეტყველებათა იმ სახით, ისეთი მასშტაბით, როცა თვით რჩეულნიც, რჩეული ქრისტიანული ერები და ქვეყნებიც კი ცდუნდებიან. აი, ეს არის უკვე სწორედ ანტიქრისტეს მოსვლის წინა პერიოდი და ჩვენ ბოლო საუკუნეებში ვხედავთ, რომ რჩეული ქრისტიანული ერები თანდათან კარგავენ სარწმუნოებას და მათში სულ უფრო და უფრო მატულობს ღვთის სარწმუნოების მოწინააღმდეგე მდევნელი ძალები“, – აღნიშნა მეუფე დანიელმა.

    მისივე თქმით, ილია ჭავჭავაძეს მე–19 საუკუნეში განსაკუთრებული როლი ჰქონდა საუკუნეში ანტიეროვნული და ანტიქრისტიანულ ფასეულობებთან ბრძოლაში. “აღიმართა ვითარცა სალი კლდე ამ ბოროტი მანქანების წინააღმდეგ”,– ამბობს მეუფე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ შემთხვევითი არ არის, რომ მას ილია ერქვა და არც ის არის შემთხვევითი, რომ მე-20 საუკუნეში მოგვევლინა პატრიარქი, იგივე სახელით. მეუფე დანიელი ამბობს, რომ ბოროტი ძალები ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ პატრიარქის ღვაწლს, ისევე როგორც ამას ილია ჭავჭავაძის შემთხვევაში აკეთებდნენ.

    “ბოროტი ძალა ცდილობს, რომ როგორმე ჩრდილი მიაყენონ ამ ღვაწლს, ისევე როგორც ცდილობდნენ ილიასთვის ჩრდილი მიეყენებინათ და ეს არის ცნობილი ბოროტი ძალის იარაღი სიკეთის მიმართ ცილისწამება. აბსურდია ის ცილისწამებები, რომელიც იყო ილია მართალის წინააღმდეგ, ჩვენი დიდი პატრიარქის წინააღმდეგ, რადგან მისმა საქმეებმა ჩვენი ერი გამოიყვანა იმ სულიერი უძლურებიდან, რომელშიც იყო ჩვენი ქვეყანა მე-19 და განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში და რომ ჩვენი ერი ფეხზე დადგა”,– თქვა მეუფე დანიელმა ქადაგებისას.

  • წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის ჩხრეკვისას 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

    წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის ჩხრეკვისას 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

    უწყების ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილიასთან ერთად დაკავებულია საკრებულოს აპარატის თანამშრომელიც. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.

    “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი დააკავეს”,– აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.

  • ეს ამბავი “ოცნების” ხელში სისტემური დეგრადაციის მაგალითია – უგულავა ღვინჯილიას დაკავებაზე

    ეს ამბავი “ოცნების” ხელში სისტემური დეგრადაციის მაგალითია – უგულავა ღვინჯილიას დაკავებაზე

    “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის კონტრაბანდის გამო დაკავებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს “ოცნების” ხელში სისტემური დეგრადაციის ერთი მაგალითია.

    მისი თქმით, “ივანიშვილ–გახარიას ოცნება” უნდა მოშორდეს და აქციზიც ადეკვატური გახდეს.

    “უკვე მერვე წელია “ოცნება” ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, სიგარეტზე აქციზს უკიდეგანოდ ზრდის. შედეგად მწეველთა რაოდენობა არ შემცირებულა, მხოლოდ უფრო დაბალი ხარისხის სიგარეტზე გადავიდნენ მწეველები, ანუ ჯანმრთელობისთვის უფრო საშიში გახდა მოწევა. სამაგიეროდ, მოგების მარჟა იმდენად გაიზარდა, რომ კონტრაბანდამ იმატა. გაივსო სამეგრელო კონტრაბანდული სიგარეტით. უკვე აღმოსავლეთის ბაზრებზეც მოიწევს.

    დღეს წალენჯიხის “ოცნების” საკრებულოს თავმჯდომარე კონტრაბანდისთვის დააკავეს. ეს უკვე კატასტროფაა. ამასთანავე, მთელმა სამეგრელომ იცის რომ “კრიმინალს გახარია ალაგებს” და კონტრაბანდული ფულიც მშვიდად “ოცნების” ყულაბაში ჩხრიალებს. მეისრეების დასჯა არაა საკმარისი. ივანიშვილ-გახარიას “ოცნება” უნდა მოშორდეს და აქციზიც ადეკვატური გახდეს, რომ კონტრაბანდას აზრი დაეკარგოს. ეს ამბავი ერთი მაგალითია ოცნების ხელში სისტემური დეგრადაციის. მალე ყველაფერი შეიცვლება”, – წერს უგულავა.

    ცნობისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას სამსახურეობრივი მანქანით დიდი ოდენობით კონტრაბანდული სიგარეტი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოჰქონდა. ფაქტს ადასტურებს წალენჯიხის გამგებელი.

  • ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე საავადმყოფოდან იზოლატორში გადაიყვანეს

    ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე საავადმყოფოდან იზოლატორში გადაიყვანეს

    ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

    უწყების განცხადებით, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას საფრთხე არ ემუქრება. უწყებისთვის ამ ეტაპზე უცნობია როდის ჩაინიშნება ოკუპირებულ ცხინვალში სასამართლო პროცესი.

    შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე 11 ივლისიდან ოკუპანტების ტყვეობაშია – მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ. მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნას ედავებიან. გახელაძე ფეხშია დაჭრილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია უცნობია.

  • წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს

    წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს

    წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია დააკავეს.

    “მთავარი არხის” ინფორმაციით, მას სამსახურეობრივი მანქანით დიდი ოდენობით კონტრაბანდული სიგარეტი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოჰქონდა. ფაქტს ადასტურებს წალენჯიხის გამგებელი.

    თემურ ღვინჯილია ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

  • მთავარია, არ იყოს ბევრი შემთხვევა, 10, 14 და 20 მართვადია – გამყრელიძე

    მთავარია, არ იყოს ბევრი შემთხვევა, 10, 14 და 20 მართვადია – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თუ არსებული კლასტერების იზოლირება დროუალად მოხერხდა, ინფიცირებულთა რაოდენობა დაიკლებს.

    „თუ მოვერიეთ და ჩავაქრეთ, რაც გვაქვს ახლა ყარაჯალარში, გაჩიანის მუნიციპალიტეტში, ლილოში, თუ მასიურად გამოვიკვლიეთ ეს ადამიანები და დროულად მოვახერხეთ ინფიცირებულების იზოლირება, რა თქმა უნდა, მერე დაიკლებს. იცით, რომ ინტენსიურ კვლევებს ვაწარმოებთ. გუშინ დაახლოებით 500-500 ბიოლოგიური სინჯი იქნა ორივეგან აღებული“, – განაცხადა გამყრელიძემ IPN–თან.

    მისივე თქმით, შემთხვევების ზრდა პროგნოზირებადი იყო და არსებული ვითარება ჯერჯერობით მართვადია.

    „ეს პროგნოზირებადი იყო. იცით, მეტია ფრენები, ურთიერთობები, ტვირთი უნდა შემოვიდეს ხომ ქვეყანაში და ერთ-ერთი ძირითადი წყარო სატვირთო ავტომობილების მძღოლებია. ეს ჩვეულებრივად არის შედეგი შემსუბუქების და მობილობის ზრდის, რომელიც პროგნოზირებადი იყო. მთავრია, რომ ჩვენ ამას ყველაფერს ვაკონტროლებთ, მართვის ქვეშ არის. მთავარია არ იყოს ბევრი შემთხვევა, 10 , 14 და 20 მართვადია, საყურადღებოა იმ თვალსაზრისით და ნიშანია იმის, რომ ინფექცია არის და ცირკულირებს ქვეყანაში“,- განაცხადა გამყრელიძემ.

    26 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსით 1131 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 920 გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.

  • ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე რუსთავში მაჟორიტარად კენჭისყრას აპირებს

    ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე რუსთავში მაჟორიტარად კენჭისყრას აპირებს

    ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ აპირებს რუსთავში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭი იყაროს. კობაიძე არ აკონკრეტებს, რომელიმე პარტიის სახელით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, თუ დამოუკიდებელ დეპუტატად.

    “ვაპირებ რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ჩემი თავის წარდგენას. ვიცი ბევრს არ გაგიხარდებათ, მაგრამ ვისაც გაუხარდება ჩემი მაჟორიტარობა იქნება გარანტი, რომ რუსთაველების პრობლემების მოსაგვარებლად შევძრავ მთელ პარლამენტს, სანამ კონკრეტული პრობლემების გადაჭრა არ მოხდება. ჩემი მეშვეობით პარლამენტში იქნება ტრიბუნა, რითაც ყველა რუსთაველს შეეძლება ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ნებისმიერი პრობლემის/იდეის გაჟღერება. მოკლედ არჩევანი თქვენზეა.

    P.S. თუ არადა ვიაროთ ერთ წრეზე….”,– წერს კობაიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

    ცნობისთვის, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე მრავალ გახმაურებულ საქმეშია ჩართული. მათ შორის, ის იცავს კანონიერი ქურდის, ლავასოღლის ინტერესებს. ასევე, არის გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული რაგბისტების ადვოკატი.