Category: ახალი ამბები

  • შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

    შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

    ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი დღეს, 27 ივლისს გაიმართება. პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.

    აღნიშნულ სხდომაზე დაკავებული 11 პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯება.

    ამასთან, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაკავებული სრულწლოვანი ბრალდებულების წინასასამართლო სხდომის თარიღი 1 თვით გახანგრძლივდა.

    ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

  • დააკავეს პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს დაეჯახა

    დააკავეს პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს დაეჯახა

    პროკურატურამ სოფელ არაგვისპირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

    პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ.ფ. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ არაგვისპირთან ვ.ფ. შეეჯახა ქვეითად მოსიარულე, არასრულწლოვან ლ.ზ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

  • საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1137 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 922-ს შეადგენს.

    ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

    კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში 6 439 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –326.

  • დავით ზურაბიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა

    დავით ზურაბიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა

    დავით ზურაბიშვილი რესპუბლიკურ პარტიას ტოვებს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება “ხანგრძლივი ფიქრის, განსჯისა და შინაგანი ბრძოლის შემდეგ” მიიღო. მისივე თქმით, სხვა პარტიაში შესვლას არ აპირებს.

    ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტსა და ძალთა განლაგებაში თავის თავს და ადგილს ვერ ხედავს.

    “გაცნობებთ, რომ ხანგრძლივი ფიქრის, განსჯის და შინაგანი ბრძოლის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება ჩამოვცილდე პრაქტიკულ პოლიტიკურ საქმიანობას და, შესაბამისად, დავტოვო რესპუბლიკური პარტია. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ პარტიის ხელმძღვანელობა ინფორმირებულია და საქმის კურსშია..

    აქვე აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე დაწვრილებით ლაპარაკს და ახსნა-განმარტებებს არ ვაპირებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში და ძალთა განლაგებაში ვერსად ვერ ვხედავ ჩემს თავს და ჩემს ადგილს.

    საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი მე 2007 წელს გავხდი და შეიძლება ითქვას, რომ როგორც პოლიტიკოსი, სწორედ ამ პარტიაში შევდექი. ბევრი მოგონება მაკავშირებს ამ პარტიასთან, მის ახლანდელ თუ ძველ წევრებთან და მადლობის გარდა მათ მიმართ არაფერი მეთქმის, მაგრამ, როგორც იტყვიან, არაფერია მარადიული მზისა ქვეშე.

    შეგნებულად არ ვხმარობ ისეთ გამოთქმას, როგორიცაა “პოლიტიკიდან წასვლა”, რადგან მართალია, აღარ ვარ დღეიდან პრაქტიკოსი პოლიტიკოსი, არ ვაპირებ არცერთ სხვა პარტიაში გადასვლას და არც კენჭისყრას ამ არჩევნებში, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური ყოფა ისეთია, რომ პოლიტიკიდან ვერსად წახვალ და ვერ გაიქცევი. უბრალოდ, ამიერიდან მე წარმოვადგენ მხოლოდ ჩემს თავს და არავის სხვას. ვერ ვიტყვი, რომ პარტიაში რამე შეზღუდვა მქონდა სიტყვის თავისუფლების მხრივ, მაგრამ რა თავისუფალი ატმოსფეროც უნდა იყოს, პარტიის წევრობა მაინც გარკვეულ გუნდურ ვალდებულებებს გაკისრებს.

    აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით ვრჩები ოპოზიციონერად და ხელისუფლების ოპონენტად. მიმაჩნია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს არა აქვს წინსვლის და განვითარების პერსპექტივა და ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პროდასავლური კოალიციური ხელისუფლებით. ამის თაობაზე და საერთოდ მიმდინარე პროცესებზე ვაპირებ ინდივიდუალურ რეჟიმში გამოვთქვა და დავწერო ხოლმე ჩემი სუბიექტური მოსაზრებები, როგორც დამკვირვებელმა და ანალიტიკოსმა. ამ მხრივ პასიური ნამდვილად არ ვიქნები და ყველას ვთხოვ, თუ რაიმე არ მოეწონებათ ჩემს აზრებში, პარტიას ნუღარ დაუწყებენ გინებას, შეუძლიათ პირდაპირ პერსონაზე გადმოვიდნენ.

    სულ ესაა რისი თქმაც მინდოდა.

    P. S. კიდევ ერთხელ შევნიშნავ, რომ პარტიიდან წასვლის მიზეზებზე ტყუილად არავინ მკითხოთ. რაც აქ მიწერია, იმაზე მეტს მაინც ვერაფერს ვიტყვი” – წერს ზურაბიშვილი.

  • თაკო ჩარკვიანი და გიორგი ვაშაძე “ძალა ერთობაშიას” ტოვებენ და ახალ ბლოკს ქმნიან

    თაკო ჩარკვიანი და გიორგი ვაშაძე “ძალა ერთობაშიას” ტოვებენ და ახალ ბლოკს ქმნიან

    თაკო ჩარკვიანმა და გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშია” დატოვეს. ვაშაძე ამ გადაწყვეტილებას “გამარჯვების ფორმულას” უწოდებს. მისი თქმით, “ქართული ოცნება” ხელისუფლებას სწრაფად უნდა ჩამოშორდეს და ქვეყანაში უნდა დამარცხდეს მთავარი პრობლემა – სიღარიბე.

    ჩარკვიანი ახალი ბლოკის შექმნას აანონსებს და ამბობს, რომ კარი ყველასთვის ღია იქნება. მისივე თქმით, მასში გაწევრიანება უკვე ბევრს უნდა.

    “დავაანონსებ ჩვენს გაერთიანებას, ბლოკს — გიორგი ვაშაძე და თამარ ჩარკვიანი. აქვე დავძენ, რომ ყველასთვის ღიაა კარი, რადგან ძალიან ბევრს უნდა. ამდენი მკვლელობებია, ასეთი სიღარიბეა, რაღაცა გამოსავალი სჭირდება ხალხს. ეს გამოსავალია სიახლე და სამართალი, რაც ამ ქვეყანას აკლია”,– აცხადებს ტვ პირველთან ჩარკვიანი.

    ჯერჯერობით უცნობია, რომელ პოლიტიკოსებთან ან პარტიებთან ითანამშრომლებს ჩარკვიანი–ვაშაძის ახალი ბლოკი.

    ბლოკის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე იქნება.

  • თბილისის 60-მდე ქუჩა, რომელსაც ხვალ ელექტროენერგია შეუწყდება

    თბილისის 60-მდე ქუჩა, რომელსაც ხვალ ელექტროენერგია შეუწყდება

    23 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

    ისნის რაიონი

    11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის მოედნის და შოთა ნადირაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

    14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მოსკოვის გამზირის და აბუსერიძე ტბელის ქუჩის მოსახლეობას.

    დიდუბის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილოვბრივ),  დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ფოთის, ყიფიანის და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას.

    ვაკის რაიონი

    18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის და სოფელი ახალდაბას მოსახლეობას.

    10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცხვედაძის ქუჩის მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსანდრე დიუმას, ყაველაშვილის, ცინცაძის, ვერცხლის, ავლევის, კოტე აფხაზის და ოქრომჭედლების ქუჩების მოსახლეობას.

    10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.

    ნაძალადევის რაიონი

    11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორნიკე  ერისთავის, ჭყონდიდელის და რაფიელ ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.

    14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნორიოს აღმართის, გუდამაყრის, კაპანაძის, მიჩურინის, მამარდაშვილის და ფარავნის ქუჩების  მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, ვასო გოძიაშვილის და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ანაკლიის, ანა პოლიტკოვსკაიას, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოს და ჯიქიას ქუჩების მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, დელისის, ნუცუბიძის, გაზაფხულის, გურიელის, კაპანელის, ინტენსიფიკაციის, ჟღენტის, პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას და იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.

    12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას  ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

    სამგორის რაიონი

    11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს მოსახლეობას.

    14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუამთის და საცხენისის ქუჩების მოსახლეობას.

    მთაწმინდის რაიონი

    11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურიის, ზანდუკელის, ძმები კაკაბაძეების და ბარნოვის ქუჩების მოსახლეობას.

    ჩუღურეთის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაქრაძის და იონა მეუნარგიას ქუჩების მოსახლეობას.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”.- აცხადებენ თელასში.

  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული მე-2 პაციენტი გარდაიცვალა

    ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული მე-2 პაციენტი გარდაიცვალა

    მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით, ლეტალური შედეგი გულთან დაკავშირებულმა თანმხლებმა დაავადებამ და მიოკარდიუმის განმეორებითმა ინფარქტმა გამოიწვია. ინფიცირებული კაცი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა.

    ოკუპირებულ ტერიტორიაზე კოვიდინფიცირების 55 შემთხვევაა აღწერილი, მათგან 37 გამოჯანმრთელდა და 2 გარდაიცვალა.

    საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე კორონავირუსის 1131 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 920 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.

  • ჩრდილოეთ კორეამ კორონავირუსის პირველი შესაძლო შემთხვევა დაადასტურა

    ჩრდილოეთ კორეამ კორონავირუსის პირველი შესაძლო შემთხვევა დაადასტურა

    ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში პირველი შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ სააგენტო KCNA კიმ ჩენ ინის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

    “შეიძლება ითქვას, რომ ვერაგი ვირუსი ჩვენს ქვეყანაშიც შემოვიდა””,– თქვა ჩრდ. კორეის ლიდერმა.

    აქამდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ამტკიცებდა, რომ ქვეყანამ კორონავირუსთან “ბრწყინვალე წარმატებას” მიაღწია და ქვეყანაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

  • კეკელიძეზე მშენებლობიდან მეუფე ანტონს $1 მლნ 350 ათასი აქვს აღებული – კომპანიის დამფუძნებელი

    კეკელიძეზე მშენებლობიდან მეუფე ანტონს $1 მლნ 350 ათასი აქვს აღებული – კომპანიის დამფუძნებელი

    სამშენებლო კომპანია “კეკელიძე 61″–ის დამფუძნებელი დემურ გიორხელიძე შესაძლო თაღლითურ სქემაში მონაწილეობაში სინოდის ერთ-ერთ წევრს, მეუფე ანტონსა და იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ადანაშაულებს.

    მისი ინფორმაციით, ამჟამად კორპუსი დაუსრულებულია, თუმცა ბინების გადაყიდვების გამო, მას ყადაღა ადევს, ამიტომ მათი გასხვისება შეუძლებელია.

    გიორხელიძის თქმით, მშენებლობიდან მეუფე ანტონიმ 1 მლნ 350 ათასი დოლარი აიღო, რომლის ნაწილი ეპარქიაშია გადარიცხული, ნაწილი კი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს ხელზე აქვს გამოტანილი.

    „იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანია ჩარეული, საქმეში ასევე ფულთან დაკავშირებით ჩარეულია მაღალი სასულიერო პირი, სინოდის წევრი. რამდენადაც ვიცი, საჩივარში საუბარია, მილიონ 350 ათას დოლარზე, რომელიც წაღებული აქვს ამ სასულიერო პირს. ჩვენ ერთადერთი თხოვნა გვაქვს, პრობლემებს მოვაგვარებთ, ამის პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ არ შემიძლია, მოვაგვარო ის უსამართლობები, რომელიც ხდება. არ შემიძლია მაღალჩინოსნებს დავავალო რაიმეს გამოძიება ან საჯარო რეესტრზე მქონდეს რაიმე ზეგავლენა. მოვითხოვ, რომ გამოძიება დასრულდეს”,– ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ პროკურატურას რამდენიმე წლის წინ მიმართა, თუმცა გამოძიება არ სრულდება, მეუფე ანტონი კი არავის დაუკითხავს.

    “ჯერ კიდევ 2014 ჯერ ამხანაგობას მიმართული აქვს საჩივრით მთავარი პროკურატურისთვის იმის გამო, რომ მილიონ 350 ათასი დოლარი მეუფე ანტონმა წაიღო ამხანაგობიდან. 2014 წლის შემდგომ, 2019 წლამდე, მისი მოწმის სახითაც გამოკითხვა არ განუხორციელებია სამართალდამცავ ორგანოს. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ საჩივრები და განცხადებები შეგვეტანა. ძიება ფინანსურ პოლიციაში მიდის, მაგრამ მეუფე ანტონის გამოკითხვა ვერ მოხერხდა”,– აცხადებს გიორხელიძე.

    მეუფე ანტონი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ წლების წინ ნამდვილად უდასტურებდა ამხანაგობის გარდაცვლილ თავმჯდომარეს, ნანა ესაკიას ხელმოწერით იმას, რომ იგი ამ თანხებს ვანის და ბაღდათის ეპარქიას სწირავდა.

    გამოძიება საქმეზე დაწყებულია კოდექსის 183-ე მუხლით, რაც თანხების მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.

  • საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მალხაზ ლეჟავა თავისუფალია — სუს-ი

    საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მალხაზ ლეჟავა თავისუფალია — სუს-ი

    25 ივლისს ოკუპანტების მიერ დაკავებული მალხაზ ლეჟავა გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, ლეჟავა ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება.

    “გუშინვე მოხდა ლეჟავას გათავისუფლება. იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინში იმყოფება, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.