Category: ახალი ამბები

  • “მითი, რომ მარტო მიშას შეუძლია ბიძინას დამარცხება – ქრება და მიშა მშრალზე რჩება“–ჩერგოლეიშვილი

    “მითი, რომ მარტო მიშას შეუძლია ბიძინას დამარცხება – ქრება და მიშა მშრალზე რჩება“–ჩერგოლეიშვილი

    ტაბულას მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქ სტატუსს უძღვნის მიხეილ სააკაშვილს და მის მოტივაციას, რომელიც ჩერგოლეიშვილის აზრით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ამოძრავებს. ჩერგოლეიშვილი თვლის, რომ სააკაშვილს ძალაუფლების გაყოფა არ სურს და უნდა ივანიშვილის გაშვების შემთხვევაში თვითონ მიიღოს ერთპიროვნული ძალაუფლება:

    “ერთადერთი მიზეზი, რითიც სააკაშვილი მხარდაჭერას ინარჩუნებს ისაა, რომ დიდი გამარჯვება მის ანგარიშზეა.

    ისაა გამარჯვების სიმბოლო.

    ვადაგასული სიმბოლო.

    მაგრამ, მაინც სიმბოლო.

    “მიშას შეუძლია ბიძინას დამარცხება” – ეს ასულდგმულებს მის მხარდამჭერს, რომელსაც არა მიშას თაყვანისცემის, არამედ ბიძინას დამარცხების ჟინი ამოძრავებთ არჩევნებიდან არჩევნებამდე.

    მიშა ძალიან კარგად ხვდება, რომ დღეს ბიძინას დამარცხება ძალიან იოლია.

    ძალიან იოლია, მაგრამ თვითონ არ ყოფნის.

    თუ მხოლოდ თვითონ არ დაამარცხებს, მაშინ ძალაუფლების გაყოფა მოუწევს.

    მას ძალაუფლების გაყოფა არ სურს.

    მას სურს ან ერთი კაცის ბატონობა, თუ ეს კაცი თვითონაა!

    ან – არაფერი!

    ხვდება, რომ დღეს თუ ბიძინა დამარცხდა და კოალიციური მთავრობა მოვიდა, მისი მეჯიქი ქრება.

    მითი, რომ მარტო მიშას შეუძლია ბიძინას დამარცხება – ქრება და მიშა მშრალზე რჩება.

    მშრალზე იმიტომ, რომ მას არ უნდა ლიბერალურ დემოკრატიაში პოლიტიკოსობა.

    სააკაშვილს სულთნობა უნდა.

    სააკაშვილი მთლიანად აცდენილია ხალხის დაკვეთას.

    სააკაშვილი მხოლოდ საკუთარ ახირებებზე ღელავს.

    ამიტომ, ქართველი ხალხის დაკვეთის შესრულებაზე უარს ამბობს და მზადაა გარისკოს.

    მისთვის გამარჯვება მხოლოდ აბსოლუტური ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა.

    არასოდეს არ ყოფილა ივანიშვილი მარცხთან ასე ახლოს.

    საპროტესტო ელექტორატმა კარგად უნდა გაიგოს, რომ სააკაშვილი ივანიშვილს აძლევს შანსს, რადგან თავად აბსოლუტური ძალაუფლებით მოსვლის შანსი არ აქვს.“– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

  • ლარი ევროსთან 4.29 თეთრით გაუფასურდა

    ლარი ევროსთან 4.29 თეთრით გაუფასურდა

    27 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0727 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0731 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.04 თეთრი შეადგინა.

    გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6034 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5605 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.29 თეთრი შეადგინა.

    გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4486 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.9549 ლარი ეღირება.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 28 ივლისიდან შევა ძალაში.

  • არ გვინდა “ნაცმოძრაობას” კარი დავუხუროთ, თუ ისინი შეიცვლიან პოზიციას, შემოგვიერთდნენ- უგულავა

    არ გვინდა “ნაცმოძრაობას” კარი დავუხუროთ, თუ ისინი შეიცვლიან პოზიციას, შემოგვიერთდნენ- უგულავა

    „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, თუ ისინი პოზიციას შეიცვლიან, რეგიონებში მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატებზე შეჯერდნენ.

    „არსებობს ასეთი ფორმულა, “თბილისში თანხმობა და რეგიონებში კონკურენცია”. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს გადაწყვეტილება მიიღო და რეგიონებში კონკურენცია იქნება, სწორი გადაწყვეტილება იქნება, რომ ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა ასევე სწრაფად დავასრულოთ ეს კონსულტაცია და საზოგადოებას შევთავაზოთ ერთიანი, მთავარი მაჟორიტარი, რომელიც ბუნებრივია, კონკურენციაში იქნება მათ შორის ჩვენს კოლეგებთან. ხაზს ვუსვამ, რომ ეს მათი გადაწყვეტილებაა და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ, როგორც მოცემულობას, ეს მათი უფლებაა. ამასთანავე, ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ თბილისის შეთანხმება არის უმნიშვნელოვანესი, განსაკუთრებით ასეთ პირობებში,ჩვენ ეს ვნახეთ კვლევებიდანაც და ამას ვხედავთ ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს უნდა დარჩეს საფუძველი საერთო ოპოზიციური თანხმობისა და კოორდინაციის

    ამავდროულად, ჩვენ არ გვინდა კარი დავუხუროთ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და თუ ისინი შეიცვლიან თავიანთ პოზიციას, უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში, ყველას გვესმის, რომ დრო ძალიან ცოტაა, ყველანი ვალდებული ვართ, შევასრულოთ ჩვენი ამომრჩევლის უპირობო მოთხოვნა, რომ შეჯერდეს მაქსიმალურად ყველგან ოპოზიცია. ამიტომ, მივმართავ ჩვენს კოლეგებსაც, თუ ისინი პოზიციას შეცვლიან, უახლოესი პერიოდის განმავლობაში შემოგვიერთდნენ და სწრაფად დავასრულოთ ეს პროცესი. თუ ეს მათი სურვილი არ იქნება, ყველა სხვა პარტიები, რომლებიც ერთიან ფორმატში ვთანამშრომლობთ, შევჯერდეთ და ასევე, უახლოეს დღეებში წარვადგინოთ გამსხვილებული მაჟორიტარები იმისთვის, რომ იყოს კონკურენცია. იმისთვის, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს არჩევანის მრავალფეროვნება. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა უგულავამ.

  • შაქარაშვილის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის ნაწილში, უახლოეს მომავალში დაუმძიმდეთ

    შაქარაშვილის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის ნაწილში, უახლოეს მომავალში დაუმძიმდეთ

    გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ბრალდებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის ნაწილში, უახლოეს მომავალში დაუმძიმდეთ, მათ შორის არასრულწლოვნებსაც. როგორც ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, ახალი ბრალდების წარდგენა საკმარისი მტკიცებულებების შეგროვებისთანავე მოხდება.

    „განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგაც უამრავი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. რაც შეეხება ბრალდების დამძიმებას, არ არის გამორიცხული, როგორც არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ. შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში ბრალდებულებს დაუმძიმდეთ ბრალდება. აღნიშნული იქნება მაშინვე, როგორც კი საკმარისი მტკიცებულებები იქნება“, – განაცხადა პროკურორმა და დასძინა, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს 109-ე, 143-ე, 225-ე მუხლების ნაწილში და ჯერჯერობით 109-3 მუხლი ცალკე გამოყოფილი არ არის.

    რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, რაზეც სასამართლომ დღეს იმსჯელა, როგორც პროკურორი აცხადებს, მოსამართლემ აღნიშნულ საკითხზე ბრალდებულებთან მიმართებაში ცალ-ცალკე იმსჯელა, თუმცა, როგორც პროკურორი განმარტავს, საქმეში ბრალდებულ 14-ვე პირს ჯგუფური დანაშაული აქვს ჩადენილი, ისინი მოქმედებდნენ ერთობლივად და მათი პატიმრობის დასაბუთებაც ერთიანი იყო.

    „სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და 11-ვე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა. რაც შეეხება საფუძვლებს და არგუმენტებს, რითაც ეს გადაწყვეტილება იყო განპირობებული, არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

    ბრალი არცერთ პირს არ უღიარებია. ერთ-ერთმა ბრალდებულმა განაცხადა, რომ ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს, თუმცა, რაში გამოიხატებოდა ეს ნაწილობრივ აღიარება, არ ვიცი. დამატებითი კითხვები დაისმება გამოძიების პროცესში. სასამართლო არ არის ის ადგილი, სადაც მოწმის გამოკითხვა გამოძიების ეტაპზე ხდება. გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანი იქნებოდა სრულყოფილი თანამშრომლობა, რასაც ადგილი დღემდე არ აქვს. შეუძლია მას ან მისმა ადვოკატებმა მოგვმართონ და პირველივე განცხადების შემთხვევაში შევალთ საპატიმრო დაწესებულებაში და ხელახლა გამოვკითხავთ. თუმცა, აღნიშნული პირის მიერ დანაშაულის ნაწილობრივ აღიარება არ არის ისეთი არსებითი გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას“, – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

    ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლემ 11-ვე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

  • სამართალდამცავი, რომელიც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა დღეს დაასახელა, გენინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

    სამართალდამცავი, რომელიც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა დღეს დაასახელა, გენინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

    ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, საუბარია იმ სამართალდამცველზე, რომელზეც თამარ ბაჩალიაშვილის მამა ამბობს, რომ მას ერთ-ერთმა პოლიციელმა დაურეკა და უთხრა, რომ მისი შვილი შარში იყო.

    ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფებოდნენ.

    თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, პირი, რომელიც მასთან მივიდა და შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ უთხრა, რომ „თამარი შარში იყო“, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილია.

    თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

  • სანამ ცოცხალი ვარ და ფეხზე ვარ, არ გავრჩერდები – თამარ ბაჩალიაშვილის მამა

    სანამ ცოცხალი ვარ და ფეხზე ვარ, არ გავრჩერდები – თამარ ბაჩალიაშვილის მამა

    “სანამ ცოცხალი ვარ და ფეხზე ვარ, არ გავრჩერდები “-  დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მამამ პროტესტის გამო ითხოვს, რომ საქმის გამოძიება სამხარეო პოლიციამ შეწყვიტოს და ის უფრო კომპეტენტურ უწყებას გადაეცეს. ამ თემაზე კომენტარი მან იმის შემდეგ გააკეთა, რაც ადვოკატთან მიხეილ რამიშვილთან ერთად ქვემო ქართლის პოლიციაში იმყოფებოდნენ.

    ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ აქციის მოწყობის გამო მას სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილე, ლადო ბაჭუაშვილი აშანტაჟებდა.

    ოჯახის წევრების თქმით, ეს მოხდა სამშაბათს, 22 ივლისს, აქციის დასრულების შემდეგ დაუკავშირდნენ შსს-დან და თავი წარუდგინეს საქმის გამომძიებლად და უთხრეს: “რა დროს აქციებია, როცა შენი შვილი შარშია”. ასევე ისინი მოუწოდებდნენ რომ აქციები შეეწყვიტათ და სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვას ჰპირდებოდნენ.

    “მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილი, მეორე დღეს ვრეკავ მეუბნება ახლა ვმუშაობ ზუსტად მაგაზეო, მე ვუთხარი რა იქნა კომპიუტერი, ცოტა ხანში გადავურეკო. იძახა ძალიან დიდი პრობლემის წინაშე იმყოფება შენი გოგოო და გათიშა ტელეფონი. სანამ მე ცოცხალი ვარ, ფეხზე დავდივარ, მაჩალიკაშვილს ხო ხედავთ არა, ცოცხალი თავით მე არ გავრჩერდები,” – თქვა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

  • გარდაბანში არ სჯერათ, რომ ეს ვირუსი არსებობს – თენგიზ ცერცვაძე

    გარდაბანში არ სჯერათ, რომ ეს ვირუსი არსებობს – თენგიზ ცერცვაძე

    “გარდაბანში არ სჯერათ, რომ ეს ვირუსი არსებობს”- ამის შესახებ,  ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ BMG-ც გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

    „გარდაბნის რაიონის ზოგიერთ სოფელში არის შედარებით მეტი შემთხვევა და ეს მოსალოდნელი იყო. რაც შეეხება ყარაჯალარს და კიდევ ორ სოფელს. ამ რაიონში სხვა პრობლემაა, გარდაბნის მოსახლეობას, ისე როგორც მარნეულსა და ბოლნისში იყო, არ სჯერათ, რომ ეს ვირუსი არსებობს. თქვენთვის, ცივილიზებული ადამიანისთვის დაურეჯერებელია, რომ ადამიანს ეს არ სჯერა, რომ ეს ვირუსი არსებობს. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს, 14 მილიონი ადამიანი ავად არის და 700 ათასამდე გარდაიცვალა. არ სჯერათ, ამიტომ უარს ამბობენ ტესტირებაზე, უარ ამბობენ საავადმყოფოში წამოსვლაზე და ა.შ. თუმცა ამ შემთხვევასიც ქვეყანამ და ექიმებმა მოახერხეს ოეხდინათ მყისიერი რეაგირება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

  • შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება

    შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება

    ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მაია ოშხარელმა მიიღო.დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.

    ადვოკატებმა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს. ისინი დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 5 000-დან 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

    პროკურატურამ კი, ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

    სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა სიტყვით ისარგებლეს. 11 პირიდან ბრალს 10 არ აღიარებს, მხოლოდ ერთი – ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე აღიარებს ბრალს ნაწილობრივ, მას მხოლოდ აგარაკის ეპიზოდში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ძალადობას ედავებიან.

    ცნობისთვის, დაკავებულებიდან ნაწილს სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ 126-ე, ნაწილს კი, 225-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

    რაც შეეხება კიდევ 6 დაკავებულს, რომლებიც არასრულწლოვნები არიან, მათი სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართება.

  • ვინ იყო ის სამართალდამცავი, რომელმაც ჯუმბერ ბაჩალიაშვილს უთხრა, რომ „თამარი შარში იყო“

    ვინ იყო ის სამართალდამცავი, რომელმაც ჯუმბერ ბაჩალიაშვილს უთხრა, რომ „თამარი შარში იყო“

    23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, პირი, რომელიც მასთან მივიდა და შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ უთხრა, რომ „თამარი შარში იყო“, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილია.

    „ერთმა მითხრა გაიხსნა კომპიუტერი და შენი შვილი დიდი პრობლემის წინაშეა, დიდ შარშიაო. მე მჭირდება ის პიროვნება, რატომ მითხრა კომპიუტერი გავხსენიო, მაგაზე ვმუშაობო ახლაო, შენი გოგო დიდი პრობლემის წინაშეაო. ლადო ბაჭულაშვილია, აგერ მუშაობს მოადგილედ“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

    ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

  • მას შემდეგ რაც თსუ-ს რექტორი პლაგიატში ვამხილე, ჩემზე შური იძია – იაგო კაჭკაჭიშვილი

    მას შემდეგ რაც თსუ-ს რექტორი პლაგიატში ვამხილე, ჩემზე შური იძია – იაგო კაჭკაჭიშვილი

    “მას შემდეგ, რაც, თსუ-ს რექტორი პლაგიატში ვამხილე, ჩემზე შური იძია “- ამის შესახებ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,იაგო კაჭკაჭიშვილი  სოციალურ ქსელში წერს. როგორც კაჭკაჭიშვილი აცხადებს,  მას შემდეგ, რაც, თსუ-ს რექტორი, გიორგი შარვაშიძე პლაგიატში ამხილა, მასზე შურისძიების რამდენიმე სერია მოაწყვეს.

    “დიდი ხნის განმავლობაში თავს ვიკავებდი, დამეწერა ამის შესახებ, არ მინდოდა, ზეწოლად აღქმულიყო ჩემი გამოხმაურება. მაგრამ ახლა გაჩუმება აღარ შეიძლება (ბოდიშს ვიხდი ცოტა გრძელი ტექსტისთვის).

    მას შემდეგ, რაც, თსუ რექტორის აშკარა პლაგიატთან დაკავშირებით, ხმამაღლა გამოვხატე პროტესტი, რექტორმა შურისძიების რამდენიმე სერია მოაწყო. ყველას არ ჩამოვთვლი, შორს წაგვიყვანს, ამჯერად ვიტყვი ამ სერიების ბოლო ეტაპზე: რექტორის ბრძანებით, თსუ-ში შეიქმნა ეთიკის კომისია, რომელსაც ჩემი სადოქტორო დისერტაციის (დავიცავი 2001 წელს) შესწავლა დაევალა.

    კომისია შეიქმნა საჩივრის საფუძველზე, რომელიც უნივერსიტეტში ამ წლის დასაწყისში შევიდა. ვინ არის მომჩივანი? ვინნე დათო ნადირაძე, რომელიც არც სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელია, არც – დოქტორის ხარისხის მქონე და არც – თსუ-ის თანამშრომელი. სამაგიეროდ, იყო (შეიძლება, ახლაც არის) გია შარვაშიძის მეუღლის ორგანიზაციის თანამშრომელი და მასთან (ოჯახთან) დაახლოებული პირი. ანუ, რბილად რომ ვთქვათ, იკვეთება ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები.

    ეთიკის კომისიამ თითქმის ოთხი (!) თვე იმუშავა და რამდენიმე დღის წინ დაწერა დასკვნა, სადაც წერია, რომ „იაგო კაჭკაჭიშვილს უფიქსირდება მეცნიერული კეთილსინდისიერების დარღვევა“.

    ახლა ვნახოთ, რაში მდგომარეობს ამ ბრალდების არსი:

    1. 2001 წლის იანვარში დავიცავი სადოქტორო დისერტაცია და, ამავე წელს, დაიბეჭდა ჩემი წიგნი „სოციალური მოქმედების თეორიები“, რომელიც არის დამხმარე სახელმძღვანელო მაგისტრანტებისთვის. ანუ, ჩემივე დისერტაცია წიგნად გამოვეცი, თუმცა, დამხმარე სახელმძღვანელოსთვის დამახასიათებელი მოდიფიკაციით, რაც გამოიხატა თავების შეჯამებით, დავალებების აღწერით და ა.შ. ცვლილების მიუხედავად, ბუნებრივია, წიგნმა გაიმეორა დისერტაციის არსებითი ნაწილი (85%). კომისიამ ჩათვალა, რომ ეს არის ავტოპლაგიატი, რადგან წიგნში არ მაქვს მითითებული, რომ ის ჩემივე დისერტაციის საფუძველზეა დაწერილი (თუმცა, დისერტაციაში შავით თეთრზე წერია, რომ ის შეიძლება გამოადგეთ მაგისტრანტებს და დოქტორამტებს სწავლის პროცესში, რაც ასეც ხდება უკვე თითქმის 20 წელია). 2001 წელს საქართველოს აკადემიური სივრცე და არც ერთი ფორმალური რეგულაცია არ იცნობდა „ავტოპლაგიატის“ ცნებას და არც მე მომსვლია თავში, წიგნში ჩამეწერა, რომ ის დისერტაციის საფუძველზეა დაწერილი. დღემდე ავტოპლაგიატის საკითხი საკმაოდ სადებატოა და ერთ-ერთი განმარტების თანახმად, თუ გამოუქვეყნებელი ნაშრომის გამოქვეყნება ხდება, ეს არ შეიძლება, შესაბამისი მითითების გარეშე, ჩაითვალოს გადაცდომად (მოგეხსენებათ, დისერტაცია ხელნაწერის უფლებით სარგებლობს და ის ოფიციალურად გამოქვეყნებულ დოკუმენტად არ ითვლება). ხვდებით ხომ ვითარების აბსურდულობას? რექტორმა სხვისი დაწერილი ნაშრომი პირწმინდად მიითვისა და პლაგიატი არ ჩამიდენიაო, ამტკიცებს და მე ჩემივე დისერტაციის გამოქვეყნება მეთვლება მეცნიერულ არაკეთილსინდისიერებად.

    2. ეთიკის კომისიის დასკვნაში წერია, რომ დისერტაცია შეიცავს კომპილაციის ნიშნებს, ანუ სხვა ავტორთა მოსაზრებების შეჯერებას. აქაც სრულ არაადეკვატურობასთან გვაქვს საქმე: ვინ არიან ეს „სხვა ავტორები“? მაქს ვებერი, ტალკოტ პარსონსი, ჯორჯ მიდი, ჰერბერტ ბლუმერი, ენტონი გიდენსი და ა.შ., რომლებიც სოციალური მოქმედების თეორიების კლასიკოსები და თანამედროვე ავტორები არიან. ჩემი დისერტაცია („სოციალური მოქმედების თეორიები“) შესრულებული იყო თეორიული სოციოლოგიის სფეროში და როგორ შემეძლო ზემოაღნიშნულ მეცნიერთა თეორიების განხილვის გარეშე დამეწერა ნაშრომი? ანუ, კომისია ჩემგამ ითხოვს, რომ მე თავად უნდა ვყოფილიყავი სოციალური მოქმედების ორიგინალური თეორიის შემქმნელი? და ესეც რომ ყოფილიყო, სხვა თეორიები არ უნდა განმეხილა? ჩემი დისერტაცია მონოგრაფიაა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში პირველად მოვუყარე თავი და კრიტიკულად განვიხილე თეორიები და ავტორები, რომელთა შესახებაც ჩემამდე საქართველოში ერთი წინადადებაც არ დაწერილა არათუ დისერტაციის, არამედ, სამეცნიერო სტატიის სახით. ყალბი თავმდბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ედუარდ კოდუამ (რომელიც ქართული სოციოლოგიის მეტრი იყო), ჩემს ნაშრომს უწოდა ახალი სიტყვა საქართველოს სოციალურ მეცნიერებებში და ეს თავის რეცენზიაშიც ჩაწერა. სწორედ ამ ნაშრომის საფუძველზე, 35 წლის ასაკში, გავხდი სოციოლოგიის მეცნიერებათა პირველი დოქტორი საქართველოში

    აი, ამ ორი თითიდან გამოწოვილი ბრალდების გამო, კომისიამ ჩათვალა, რომ მე მეცნიერულად არაკეთილსინდისიერად მოვიქეცი. აქვს ახლა ამას სხვა სახელი, „ანგარიშსწორების“ გარდა?

    კიდევ ერთი: ეთიკის კომისია, ჩვეულებრივ, ატარებს ინტერვიუებს როგორც მომჩივანთან, ისე ბრალდებულთან. მუშაობის თითქმის 4 თვის მანძილზე, კომისიას ჩემთან ინტრვიუ არ ჩაუტარებია.

    (აქვე დავძენ, რომ კომისიის ზოგიერთმა წევრმა ისეთი მონანიებისმაგვარი მესიჯები მომწერეს, რომ იკვეთება მათზე ზეწოლა. ეს მესიჯები შენახული მაქვს და მათი გასაჯაროების დროც დადგება).

    ამასობაში, ორი დღის წინ, სტუდია „მონიტორის“ სიუჟეტის მეშვეობით აღმოვაჩინე, რომ ცნობილი 34%-იანი პლაგიატის გარდა, გია შარვაშიძეს ჩემი კვლევიდან 14 ინფორმაციულ-ანალიტიკური ცხრილი მიუთვისებია და თავის დისერტაციაში უცვლელად გადაუტანია, ავტორის (ანუ, ჩემი) მითითების გარეშე. რა არის ეს, თუ არა სრულიად სამწუხარო აკადემიური განუკითხობა თსუ-ში რექტორის დირიჟორობით?

    ლაშა ბუღაძეს აქვს კარგი რომანი „პატარა ქვეყანა“, მე დავამატებდი – პატარა ადამიანების ქვეყანა!”- წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

    შეგახსენებთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი შარვაშიძეს სადისერტაციო ნაშრომზე პლაგიატი დაუდასტურდა. კაჭკაჭიშვილის ინფორმაციით, დასკვნა, რომ ამ ნაშრომში პლაგიატი დასტურდება, ეკუთვნის ილიას სახელწიფო უნივერსიტეტს — სულხან-საბას უნივერსიტეტის სამართალმემკვიდრეს. პროფესორი კაჭკაჭიშვილი ციტირებს ილიაუნის დასკვნას: „გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34 პროცენტს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას“.